საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 210100124009068291
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №1021აპ-25 ქ. თბილისი
ი. შ. 1021აპ-25 16 თებერვალი, 2026 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),მამუკა ვასაძე, ლევან თევზაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 7 აგვისტოს განაჩენზე სიღნაღის რაიონული პროკურატურის სტაჟიორ-პროკურორ ბექა ნათელაურის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით შ. ი–ის, – პირადი ნომერი: ......, – მიერ ჩადენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
1.1. შ. ი–მა, გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა და 2024 წლის 12 მარტს, დაახლოებით 17:45 საათზე, ქ. ს–ში, ....ის ქუჩაზე, ქვეითად გადაადგილების დროს პირადად, მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდა 5,6 მმ კალიბრიან წრიული აალების ვაზნების გასასროლად ვარგის, კუსტარული წესით დამზადებულ, ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას მიკუთვნებულ რევოლვერს და 6 ცალ ქარხნული წესით დამზადებულ საბრძოლო მასალათა კატეგორიას მიკუთვნებულ 5,6 მმ კალიბრიან წრიული აალების ვაზნას. აღნიშნულში, იგი 2024 წლის 12 მარტს ამხილეს შსს კ–ს პოლიციის დეპარტამენტის ს–ს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა.
1.1.1. აღნიშნული ქმედებით შ. ი–მა ჩაიდინა – ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა, – დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსკ-ის)236-ე მუხლის მე-3 ნაწილით.
1.2. 2024 წლის 12 მარტს, დაახლოებით 17:45 საათზე, ქ. ს–ში, .... ქუჩაზე, ქვეითად გადაადგილების დროს, შ. ი–ი პირადად მართლსაწინააღმდეგოდ ატარებდა 5,6 მმ კალიბრიანი წრიული აალების ვაზნების გასასროლად ვარგის, ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას მიკუთნებულ, კუსტარული წესით დამზადებულ რევოლვერს და 6 ცალ ქარხნული წესით დამზადებულ საბრძოლო მასალათა კატეგორიას მიკუთვნებულ 5,6 მმ კალიბრიან წრიული აალების ვაზნას. აღნიშნულში იგი 2024 წლის 12 მარტს ამხილეს შსს კ–ს პოლიციის დეპარტამენტის ს–ს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა;
1.2.1. აღნიშნული ქმედებით შ. ი–მა ჩაიდინა – ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო ტარება, – დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით.
2. სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 18 სექტემბრის განაჩენით :
2.1. შ. ი–ი გამართლდა და ცნობილ იქნა უდანაშაულოდ საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ ბრალდებაში;
2.2. შ. ი–ი გამართლდა და ცნობილ იქნა უდანაშაულოდ საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებულ ბრალდებაში;
2.3. საქართველოს სსსკ-ის 92-ე მუხლის თანახმად, შ. ი–ს განემარტა ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება.
3. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა სიღნაღის რაიონული პროკურატურის პროკურორმა მიშიკო ჯანგულაშვილმა. აპელანტმა მოითხოვა შ. ი–ის დამნაშავედ ცნობა ბრალადშერაცხილი – საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული – დანაშაულების ჩადენაში და მკაცრი სასჯელის განსაზღვრა.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 7 აგვისტოს განაჩენით სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 18 სექტემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
5. აღნიშნული განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა სიღნაღის რაიონული პროკურატურის სტაჟიორ-პროკურორმა ბექა ნათელაურმა. კასატორი ითხოვს შ. ი–ის დამნაშავედ ცნობას მისთვის ბრალადშერაცხილი – საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული – დანაშაულების ჩადენაში და მკაცრი სასჯელის განსაზღვრას.
6. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, par.30, ECtHR, 25/12/2001); იმ გარემოებას, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no. 36755/06, par. 31, ECtHR,11/11/2011) და ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ.,Gorou v. Greece (No.2) no. 12686/03, paras. 37, 41, ECtHR, 20/03/2009).
7. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსსკ-ის) 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გაასაჩივრა ბრალდების მხარემ, რომელიც ითხოვს გამართლებულის – შ. ი–ის – დამნაშავედ ცნობას ბრალადწარდგენილი დანაშაულების ჩადენაში და მისთვის მკაცრი სასჯელის განსაზღვრას.
8. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ ბრალდების მხარემ სიღნაღის რაიონული სასამართლოს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა იმავე (იდენტურ) არგუმენტებზე დაყრდნობით, რომლებიც საკასაციო საჩივარშია ჩამოყალიბებული. სააპელაციო სასამართლოს განაჩენში მითითებულია იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე, რომლებმაც შ. ი–ის წარდგენილ ბრალდებებში გამართლება განაპირობა, რასაც საკასაციო სასამართლო ეთანხმება.
9. სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში (საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილი), საჩივარში კი აღნიშნული უნდა იყოს, მომჩივნის აზრით, რომელი სამართლებრივი საკითხი გადაწყდა უკანონოდ და რა ადასტურებს აღნიშნულს (საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტი), რაც გულისხმობს, რომ კასატორმა მხარემ სწორედ საკასაციო საჩივარში უნდა მიუთითოს კონკრეტული მოთხოვნაც და მისი სამართლებრივი და ფაქტობრივი არგუმენატაცია. ამდენად, კასატორმა, უშუალოდ საკასაციო საჩივარში მოთხოვნის მკაფიოდ ფორმულირებასთან ერთად უნდა მიუთითოს ის არგუმენტებიც, რომლებითაც დასტურდება კასატორის პოზიცია და, შესაბამისად, – გასაჩივრებული განაჩენის უკანონობა (იხ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2025 წლის 25 სექტემბრის №493აპ-25 განჩინება).
10. მოცემულ შემთხვევაში, კასატორი ბრალდების მხარე საკასაციო საჩივარში ერთი მხრივ, უთითებს სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებათა ჩამონათვალს (მათ შინაარსობრივ მხარეს) ყოველგვარი არგუმენტაციის/სამართლებრივი დასაბუთების და ფაქტობრივი ანალიზის გარეშე, იმავდროულად ასევე აპელირებს - დაცვის მხარის მიერ სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი ბალისტიკური და ბიოლოგიური ექსპერტიზების დასკვნების უდავოდ ცნობასა და დაცვის მხარის მიერ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს N2/2/1276 გადაწყვეტილების „გიორგი ქებურია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ არასწორად მითითებაზე (კასატორის მტკიცებით, აღნიშნული გადაწყვეტილება ეხება საგამოძიებო მოქმედების ( პირადი ჩხრეკა) ჩატარებას, „როდესაც პოლიციის თანამშრომლები დაგეგმილად მიდიან და ატარებენ საგამოძიებო მოქმედებას და არ ეხება სპონტანურ შემთხვევას, რაც ამ საქმეში არსებობდა“), აღნიშნავს, რომ ,,დაცვის მხარეს არცერთი მტკიცებულება არ წარმოუდგენია სასამართლოში. ბრალდებულის უდანაშაულობის დასტურად უთითებენ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე”, რის შემდეგაც ასკვნის, რომ გასაჩივრებული განაჩენი უკანონო და დაუსაბუთებელია.
11. საკასაციო სასამართლო უპირველეს ყოვლისა აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა და ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს.
11.1. უსაფუძვლობის გამო, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მტკიცებას, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება ეხება „მხოლოდ გეგმიურ საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებას და არა სპონტანურ შემთხვევებს“. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილების თანახმად, ,,ბრალდების მხარის ვალდებულებაა, გამოიყენოს კანონიერი საშუალებები იმისათვის, რომ გაამყაროს ჩხრეკა/ამოღების ფაქტისადმი სანდოობა“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 25 დეკემბრის N2/2/1276 წლის გადაწყვეტილება „გიორგი ქებურია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-105). „გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაშიც კი, როგორც წესი, გადაულახავ სირთულესთან არ არის დაკავშირებული ჩხრეკის დაფიქსირება თუნდაც მობილურ ტელეფონში არსებული ვიდეოკამერით, რომელიც დღესდღეობით ფაქტობრივად ყოველდღიური მოხმარების ნივთს წარმოადგენს” (იქვე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 25 დეკემბრის N2/2/1276 წლის გადაწყვეტილება „გიორგი ქებურია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-108). ,,თანამედროვე ტექნოლოგიური პროგრესი იძლევა შესაძლებლობას, რომ ჩხრეკის პროცესის ვიდეოგადაღებაც განხორციელდეს იმისათვის, რომ გამყარდეს ბრალდების პოზიცია. მტკიცებულების სანდოობისადმი მნიშვნელოვან ეჭვს ასევე აჩენს გარემოება, როდესაც პოლიციელთა უსაფრთხოების დაცვის პირობებში, არსებობდა ჩხრეკის ვიდეო გადაღების რეალური შესაძლებლობა და პოლიციელმა ის არ გამოიყენა“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 25 დეკემბრის N2/2/1276 წლის გადაწყვეტილება „გიორგი ქებურია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-107).
11.2. საკასაციო სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ გასაჩივრებული განაჩენის მოტივაცია არ მიემართება/გამომდინარეობს/არ არის დაფუძნებული საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 25 დეკემბრის N2/2/1276 გადაწყვეტილებაზე „გიორგი ქებურია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“.
11.3. იმავდროულად, საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ გასაჩივრებულ განაჩენში სააპელაციო სასამართლომ განმარტა/დაადგინა, რომ: ,,სასამართლო სხდომაზე, მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეული და გამოკვლევის გარეშე მიღებული მტკიცებულებების – როგორც მოწმეთა ჩვენებების, ასევე წერილობითი და ნივთიერი მტკიცებულებების და ამ მტკიცებულებებით დადგენილი გარემოებების, ურთიერთშეჯერებისა და ანალიზის საფუძველზე, უტყუარად ვერ იქნა დადასტურებული შ. ი–ის ბრალეულობა წარდგენილ ბრალდებაში. წარმოდგენილი მტკიცებულებები საკმარისობისა და დამაჯერებლობის თვალსაზრისით არ იძლევა კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებების დადგენილად მიჩნევისა და მისი სამართლებრივი შეფასების შესაძლებლობას”, ასევე აღნიშნა, რომ საგამოძიებო ორგანოს წარმომადგენლების მიერ (ვინც განახორციელეს შ. ი–ისგან ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის ამოღება და მისი ბრალდებულის სახით დაკავება) ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები არ განხორციელდა კანონის მოთხოვნათა დაცვით - იარაღის ამოღების შემდეგ მათ არ შეადგინეს არანაირი ოქმი/დოკუმენტი. სასამართლომ მიუთითა, რომ დარღვეული იქნა „ პოლიციის შესახებ“ საქართველო კანონის 22-ე მუხლის მე-9 და მე-10 პუნქტების, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014წლის 15 აგვისტოს N625 ბრძანების მე-12 მუხლის, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 238-ე და 248-ე მუხლების, საქართველოს სსსკ-ის 121-ე და 174-ე მუხლების დანაწესები. ამასთან, სასამართლომ განმარტა, რომ მოცემულ შემთხვევაში, დაცვის მხარის მიერ უდავოდ ცნობილი ექსპერტიზის დასკვნები დაუშვებელი მტკიცებულებებია საქართველოს სსსკ-ის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესიდან (ე.წ. „მოწამლული ხის ნაყოფი“) გამომდინარე.
12. აღნიშნულის მიუხედავად, კასატორი ბრალდების მხარე საკასაციო საჩივარში არ უთითებს: სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციის საწინააღმდეგო, არცერთ სამართლებრივ არგუმენტზე, რომელიც მიუთითებდა გასაჩივრებული განაჩენის უკანონობაზე; სადავოდ არ ხდის გასაჩივრებულ განაჩენში სასამართლოს მიერ მითითებული დასაბუთების კანონიერებას; საქართველოს არც სსსკ-ის მე-300 მუხლით დადგენილ განაჩენის უკანონობის განმსაზღვრელი რომელიმე გარემოების არსებობაზე და არ ასაბუთებს არც საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილ საკასაციო საჩივრის დასაშვეობის რომელიმე წინაპირობის არსებობას; გასაჩივრებულ განაჩენში მითითებულ რომელ არგუმენტებზე/კონკრეტულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განაჩენი უკანონოა და უნდა გაუქმდეს; მისი აზრით, რომელი სამართლებრივი საკითხი გადაწყდა უკანონოდ (გარდა ზოგადად შედეგის – ბრალდებულის უდანაშაულოდ ცნობისა) და რა გარემოებები ადასტურებს ამას. საჩივარში არ მოიძებნება არც ერთი სამართლებრივი საფუძველი, რომელიც გაამყარებდა მოთხოვნას განაჩენის გაუქმებასა და გამართლებულის დამნაშავედ ცნობის შესახებ.
13. სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ „ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში... დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-41-43).
14. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კასატორი დაასაბუთებს ამავე ნაწილით ამომწურავად განსაზღვრული, რომელიმე წინაპირობის/ების არსებობას. ამავე მუხლის მე-31 ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლოს ევალება, შეამოწმოს, დასაშვებია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილ მოთხოვნათა შესაბამისად და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საკასაციო საჩივარი აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, იგი ცნობილ უნდა იქნეს დასაშვებად.
15. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
16. მოცემულ შემთხვევაში, წარმოდგენილი მასალებით არ დგინდება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ზემოაღნიშნული რომელიმე წინაპირობის არსებობა, რის გამოც, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.
17. „საკასაციო ინსტანციის სასამართლოების მიერ დასაშვებობის კრიტერიუმის გამოყენება ემსახურება მართლმსაჯულების ჯეროვნად განხორციელების კანონიერ მიზანს (იხ. Tchaghiashvili v. Georgia, no. 19312/07, par. 34, ECtHR, 2/09/2014; Borisenko and Yerevanyan Bazalt Ltd v. Armenia, no. 18297/08, ECtHR, 14/04/2009; Kuparadze v. Georgia, no.30743/09, par. 76 ECtHR, 21/09/2017).
18. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი სიღნაღის რაიონული პროკურატურის სტაჟიორ-პროკურორ ბექა ნათელაურის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 7 აგვისტოს განაჩენზე, შ. –ის მიმართ;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: მ. ვასაძე
ლ. თევზაძე