დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 26.03.2026
საქმის ნომერი
30აგ.-2025
დავის ტიპი
საზედამხედველო
თარიღი
26.03.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 020142225702268054

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საქმე №30აგ-25 თბილისი

გ. გ., 30აგ-25 26 მარტი, 2026 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),ლალი ფაფიაშვილი, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ გ. გ-ს საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 12 ნოემბრის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 13 ოქტომბრის განაჩენით:

გ. გ. ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ბრალდებაში;

გ. გ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (რ. კ-ს ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა – 1 წლით;

გ. გ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (მ. ჩ-ს ეპიზოდი, მობილური ტელეფონის მეშვეობით) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა – 1 წლით;

გ. გ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (მ. ჩ-ს ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა – 1 წლით;

გ. გ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა – 1 წლითა და 6 თვით.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, გ. გ-ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა – 1 წლითა და 6 თვით.

გ. გ-ს მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა – გაუქმდა და სასჯელი აეთვალა ფაქტობრივი დაკავების დღიდან – 2020 წლის 23 ივნისიდან.

2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 5 თებერვლის განაჩენით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 13 ოქტომბრის განაჩენში შევიდა ცვლილება:

გ. გ. ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში;

გ. გ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (3 ეპიზოდი), სსკ-ის 2381-ე მუხლის მეორე ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (რ-ნ კ-ს ეპიზოდი) – თავისუფლების აღკვეთა 1 წლით;

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (მ. ჩ-ს ეპიზოდი, მობილური ტელეფონის მეშვეობით) – თავისუფლების აღკვეთა 1 წლით;

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (მ. ჩ-ს ეპიზოდი) – თავისუფლების აღკვეთა 1 წლით;

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381-ე მუხლის მეორე ნაწილით – თავისუფლების აღკვეთა 3 წლით;

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, გ. გ-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა – 3 წლით;

გ. გ.ს სასჯელი აეთვალა ფაქტობრივი დაკავების დღიდან – 2020 წლის 23 ივნისიდან.

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 12 ივლისის განჩინებით მსჯავრდებულ გ. გ-ს საკასაციო საჩივარი არ იქნა დაშვებული განსახილველად.

4. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 22 მარტის განაჩენით:

გ. გ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით, სსკ-ის 364-ე მუხლის პირველი ნაწილითა და სსკ-ის 364-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით – თავისუფლების აღკვეთა 1 წლით.

საქართველოს სსკ-ის 364-ე მუხლის პირველი ნაწილით – თავისუფლების აღკვეთა 1 წლით.

საქართველოს სსკ-ის 364-ე მუხლის მე-2 ნაწილით – თავისუფლების აღკვეთა 2 წლით.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და დანაშაულთა ერთობლიობით, გ. გ.ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა – 2 წლით.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-4 და მე-3 ნაწილების თანახმად, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 5 თებერვლის განაჩენით დანიშნულ სასჯელს, 3 წლით თავისუფლების აღკვეთას სრულად დაემატა ამ განაჩენით დანიშნული სასჯელი – თავისუფლების აღკვეთა 2 წლით და საბოლოოდ, გ. გ.ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა – 5 წლით.

გ. გ-ს სასჯელი აეთვალა – 2022 წლის 22 მარტიდან. მასვე, სასჯელის მოხდად ჩაეთვალა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 5 თებერვლის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოხდილი ნაწილი, 2020 წლის 23 ივნისიდან 2022 წლის 22 მარტის ჩათვლით.

5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 7 ოქტომბრის განაჩენით მსჯავრდებულ გ. გ-ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 22 მარტის განაჩენი დარჩა უცვლელად.

6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 19 დეკემბრის განჩინებით მსჯავრდებულ გ. გ-ს საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი.

7. 2025 წლის 7 ნოემბერს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას შუამდგომლობით მიმართა მსჯავრდებულმა გ. გ.მ, რომელმაც ითხოვა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლის „ბ“ და ,,ზ“ ქვეპუნქტებზე მითითებით, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 13 ოქტომბრისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 5 თებერვლის განაჩენების, ასევე − 2022 წლის 22 მარტისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 7 ოქტომბრის განაჩენების გადასინჯვა, შემდეგი მოტივებით: საჩივრის ავტორის შუამდგომლობით, იგი სსკ-ის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილით გასამართლებულია იმ ხიშტ-დანის ქუჩაში ტარებისათვის, რომელიც რეალურად მისგან არავის ამოუღია. აღნიშნული დანა 2020 წლის 23 ივნისს მისი უკანონოდ დაკავების დროს, ჩხრეკის შედეგად ამოიღო ბ-ს პოლიციამ. საქმეში არსებული შემაკავებელი ორდერი და მათი ოქმები მის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტს გამორიცხავს და, პირიქით, ადასტურებს მის უდანაშაულობას, როგორც სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით, ისე − სსკ-ის 2381 -ე მუხლის მე-2 ნაწილით. ყველა განაჩენი ეფუძნება ვარაუდს, რაც საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ განაჩენის გადასინჯვის საფუძველია, ვინაიდან განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. რაც შეეხება საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის ,,ზ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით განაჩენის გადასინჯვას, ახალ გარემოებას წარმოადგენს 10.06.2022 წ. მოსამართლე მ. ჩ-ს წერილი, რომელიც გაცემულია 13.10.2020 წლის და 05.02.2021 წლის განაჩენების გამოტანის შემდეგ. ასევე უსაფუძვლოა მის მიმართ საქართველოს სსკ-ის 364-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით მსჯავრდების განაჩენები, ვინაიდან კვალიფიკაცია არასწორია. მისი ქმედებები, საქართველოს სსკ-ის 364-ე მუხლის ნაცვლად, საქართველოს სსკ-ის 365-ე მუხლით უნდა დაკვალიფიცირებულიყო, რის გამოც, უნდა გამართლდეს.

8. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 12 ნოემბრის განჩინებით გ. გ-ს შუამდგომლობა, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 13 ოქტომბრისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 5 თებერვლის განაჩენების, ასევე ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 22 მარტისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 7 ოქტომბრის განაჩენების გადასინჯვის შესახებ, ცნობილ იქნა დაუშვებლად.

9. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა გ. გ.მ. კასატორი საკასაციო საჩივრით მოითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას და სააპელაციო სასამართლოსათვის მითითებას, რომ განსახილველად დაუშვას მისი შუამდგომლობა, იმავე საფუძვლებით, რომლებზეც უთითებდა შუამდგომლობაში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და დაასკვნა, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლში მითითებულია ის საფუძვლები, თუ რა შემთხვევაშია შესაძლებელი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვა, კერძოდ, განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ:

ა) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია, რომ ყალბია მტკიცებულება, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს;

ბ) არსებობს გარემოება, რომელიც მოწმობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის დამდგენი სასამართლოს უკანონო შემადგენლობას ან იმ მტკიცებულების დაუშვებლობას, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს;

გ) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია, რომ მოსამართლემ, პროკურორმა, გამომძიებელმა, ნაფიცმა მსაჯულმა ან ნაფიცი მსაჯულის მიმართ სხვა პირმა ამ საქმესთან დაკავშირებით ჩაიდინა დანაშაული;

დ) არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი;

ე) არსებობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება (განჩინება), რომელმაც დაადგინა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის ან მისი ოქმების დარღვევა ამ საქმესთან დაკავშირებით და გადასასინჯი განაჩენი ამ დარღვევას ეფუძნება;

ე1) არსებობს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა კომიტეტის, ქალთა წინააღმდეგ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის კომიტეტის, წამების წინააღმდეგ კომიტეტის ან რასობრივი დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტის გადაწყვეტილება, რომლითაც ამ საქმესთან დაკავშირებით დადგენილ იქნა კომიტეტის დამაარსებელი კონვენციის დარღვევა, და გადასასინჯი განაჩენი ამ დარღვევას ეფუძნება;

ვ) ახალი კანონი აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას იმ ქმედებისათვის, რომლის ჩადენისთვისაც პირს გადასასინჯი განაჩენით მსჯავრი დაედო;

ზ) წარმოდგენილია ახალი ფაქტი ან მტკიცებულება, რომელიც გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს არ იყო ცნობილი და თავისთავად, თუ სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად ამტკიცებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას ან მის მიერ იმ დანაშაულზე უფრო მსუბუქი ან უფრო მძიმე დანაშაულის ჩადენას, რომლისთვისაც მას მსჯავრი დაედო, აგრეთვე ამტკიცებს გამართლებულის ბრალეულობას ან დანაშაულის იმ პირის მიერ ჩადენას, რომლის მიმართაც სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყვეტილი იყო;

ზ1) წარდგენილია პროკურორის დადგენილება მსჯავრდებულის მიმართ სისხლის სამართლის საქმის წარმოების პროცესში მისი უფლების არსებითი დარღვევის შესახებ, რომელიც გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს ცნობილი არ იყო და თავისთავად ან/და სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად ამტკიცებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას ან მის მიერ იმ დანაშაულზე უფრო მსუბუქი დანაშაულის ჩადენას, რომლისთვისაც მას მსჯავრი დაედო;

თ) არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინება, რომელმაც უკანონოდ ცნო ის ფარული საგამოძიებო მოქმედება, რომლის შედეგად მოპოვებული მტკიცებულება საფუძვლად დაედო განაჩენს.

3. მსჯავრდებული გ. გ. ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, განაჩენების გადასინჯვის საფუძვლად მიიჩნევს საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის ,,ბ“ და ,,ზ“ ქვეპუნქტებს, რომელთა მიხედვით, განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ: არსებობს გარემოება, რომელიც მოწმობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის დამდგენი სასამართლოს უკანონო შემადგენლობას ან იმ მტკიცებულების დაუშვებლობას, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს; წარდგენილია ახალი ფაქტი ან მტკიცებულება, რომელიც გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს არ იყო ცნობილი და თავისთავად თუ სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად ამტკიცებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას ან მის მიერ იმ დანაშაულზე უფრო მსუბუქი ან უფრო მძიმე დანაშაულის ჩადენას, რომლისთვისაც მას მსჯავრი დაედო, აგრეთვე ამტკიცებს გამართლებულის ბრალეულობას ან დანაშაულის იმ პირის მიერ ჩადენას, რომლის მიმართაც სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყვეტილი იყო.

4. საკასაციო სასამართლო სრულად ეთანხმება სააპელაციო პალატის დასაბუთებას და აღნიშნავს, რომ, მოცემულ შემთხვევაში, სასამართლომ საქმის გარემოებები, საქმეში არსებული მასალების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე, სამართლებრივად სწორად შეაფასა და მართებულად ცნო დაუშვებლად მსჯავრდებულ გ. გ-ს შუამდგომლობა, ვინაიდან შუამდგომლობასა და საკასაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ წარმოადგენს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლით, მათ შორის, „ბ“, „ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ახლად გამოვლენილ გარემოებას, რაც შეიძლება გახდეს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის გადასინჯვის საფუძველი. განსახილველ შემთხვევაში, კასატორს არ წარმოუდგენია რაიმე ახალი გარემოება, ფაქტი ან მტკიცებულება, რომელიც გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს არ იყო ცნობილი მხარეების ან სასამართლოსათვის და დაადასტურებდა იმ მტკიცებულების დაუშვებლობას, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს, აგრეთვე სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად დაამტკიცებდა მსჯავრდებულის უდანაშაულობას ან მის მიერ იმ დანაშაულზე უფრო მსუბუქი ან უფრო მძიმე დანაშაულის ჩადენას, რომლისთვისაც მას მსჯავრი დაედო. გარდა ამისა, გ. გ-ს მსჯავრდების საქმეში არსებული მტკიცებულებები შეაფასა სამივე ინსტანციის სასამართლომ და მათი ხელმეორედ შეფასება სცილდება ახლად გამოვლენილ გარემოებათა საფუძვლით სასამართლოს კომპეტენციის ფარგლებს.

5. საკასაციო სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ მსჯავრდებულმა გ. გ.მ შუამდგომლობაში მითითებულ საკითხებთან დაკავშირებით, იმავე საფუძვლითა და არგუმენტაციით, უკვე მრავალჯერ მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის მოთხოვნით და მსჯავრდებულს, როგორც ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს, ისე – საკასაციო სასამართლოს არაერთი განჩინებით განემარტა, რომ მის მიერ მითითებული გარემოებები არ წარმოადგენდა კანონიერ ძალაში შესული განაჩენის გადასინჯვის საფუძველს, ხოლო რაიმე ახალი გარემოება შუამდგომლობის ავტორს, კვლავ არ წარმოუდგენია.

6. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მსჯავრდებულ გ. გ-ს შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის თაობაზე კანონიერი და დასაბუთებულია, რომლის გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რის გამოც, იგი უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ გ. გ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 12 ნოემბრის განჩინება დარჩეს უცვლელად;

3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: ლ. ფაფიაშვილი

მ. გაბინაშვილი