საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 23.03.2026
საქმის ნომერი
2კ-1037აპ.-25
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
23.03.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრების დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №1037აპ-25 თბილისი

ლ–ი ა., 1037აპ-25 23 მარტი, 2026 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),ნინო სანდოძე, ლევან თევზაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 17 სექტემბრის განაჩენზე დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ კობა სირაძისა და მსჯავრდებულ ა. ლ–ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. დ–ის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 29 დეემბრის განაჩენით ა. ლ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 342-ე მუხლის 1-ელი ნაწილით (2005 წლის 30 სექტემბერს მოქმედი რედაქცია) და მიესაჯა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა; მასვე, საქართველოს სსკ-ის 41-ე-42-ე მუხლების შესაბამისად, დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა – 5000 ლარი.

2. აღნიშნული განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 17 სექტემბრის განაჩენით შეიცვალა: ა. ლ–ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის 1-ელი ნაწილით (2005 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) და მიესაჯა 1 წლითა და 4 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-6 მუხლის საფუძველზე, შეუმცირდა 1/4-ით და, ა. ლ–ს, საბოლოოდ, განესაზღვრა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც აეთვალა ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან – 2024 წლის 13 ოქტომბრიდან; მასვე, საქართველოს სსკ-ის 41-42-ე მუხლების შესაბამისად, დამატებითი სასჯელის სახით დაენიშნა ჯარიმა – 5000 ლარი.

3. სასამართლომ დაადგინა, რომ ა. ლ–მა ჩაიდინა სამსახურებრივი გულგრილობა, ე. ი. მოხელის მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობა, მისადმი დაუდევარი დამოკიდებულების გამო, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების არსებითი დარღვევა გამოიწვია და რაც გამოიხატა შემდეგით:

· საქართველოს იუსტიციის მინისტრის № ბრძანებით ა. ლ–ი დანიშნული იყო საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №.. საერთო და მკაცრი რეჟიმის დაწესებულების დირექტორის თანამდებობაზე და ითვლებოდა მოხელედ.

· 2005 წლის 30 სექტემბერს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №.. საერთო და მკაცრი რეჟიმის დაწესებულების ტერიტორიაზე, ე.წ „საკუჭნაოს“ შენობაში, ნახეს იმავე დაწესებულების პატიმრის – ზ. ც–ის – გვამი თვითმკვლელობის ნიშნებით. საქართველოს სისხლის სართლის საპროცესო კოდექსის თანახმად, დათვალიერების დასრულებამდე შემთხვევის ადგილი უნდა იყოს დაცული. ა. ლ–ს, როგორც დაწესებულების დირექტორს და პასუხისმგებელ პირს, ევალებოდა, გაეცა შესაბამისი განკარგულებები და უზრუნველეყო შემთხვევის ადგილის დაცვა, რათა არ მომხდარიყო საქმისათვის მნიშვნელოვანი მტკიცებულებების განადგურება.

· ა. ლ–ი გულგრილად მოეკიდა მასზე დაკისრებულ მოვალეობას, არ მისცა დაწესებულების თანამშრომლებს შესაბამისი მითითებები და არ უზრუნველყო შემთხვევის ადგილის დაცვა. ამის გამო, დაწესებულების პატიმრები თავისუფლად გადაადგილდებოდნენ შემთხვევის ადგილზე და შეუძლებელი გახდა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებების მოპოვება. შედეგად, ვერ მოხერხდა საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტების დადგენა და არსებითად დაირღვა სახელმწიფოს კანონიერი ინტერესები.

4. განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა. პროკურორი კობა სირაძე საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენში ცვლილების შეტანასა და მსჯავრდებულ ა. ლ–ისათვის საქართველოს სსკ-ის 342-ე მუხლის 1-ელი ნაწილით უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრას, ხოლო ადვოკატი გ. დ–ი – სამართლიანი და კანონიერი გადაწყვეტილების მიღებას: გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებას, ა. ლ–ის უდანაშაულოდ ცნობას და მის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენას.

5. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და დაასკვნა, რომ ისინი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც, არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

6. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება რომელიმე ზემოაღნიშნული საფუძველი. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და არც საკასაციო პალატის მიერაა მოსალოდნელი ამ საქმეზე პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

7. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მითითებას, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული მტკიცებულებები არასწორად შეაფასა და გამოიტანა უკანონო და დაუსაბუთებელი განაჩენი, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში მითითებულია იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ა. ლ–ის მიერ მისთვის ბრალადშერაცხილი ქმედების ჩადენა.

8. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ საქართველოს იუსტიციის მინისტრის № ბრძანების -ით ა. ლ–ი დანიშნული იყო საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №.. საერთო და მკაცრი რეჟიმის დაწესებულების დირექტორის თანამდებობაზე და ითვლებოდა მოხელედ. შესაბამისად, მას ევალებოდა დაწესებულების კონტროლი და მართვა. დადგენილია ის გარემოებაც, რომ „დაწესებულების პასუხისმგებელი მორიგეების სექტემბრის თვის მორიგეობის გრაფიკით“ შემთხვევის დღეს, 2005 წლის 30 სექტემბერს, ა. ლ–ი დაწესებულებაში იყო პასუხისმგებელი მორიგე. ამდენად, მას, როგორც დაწესებულების დირექტორს და პასუხისმგებელ პირს, ამასთან, პასუხისმგებელ მორიგესაც, ევალებოდა შესაბამისი განკარგულებების გაცემა და შემთხვევის ადგილის დაცვის უზრუნველყოფა, რათა არ განადგურებულიყო საქმისთვის მნიშვნელოვანი მტკიცებულებები.

9. საქმის განხილვისას დაკითხული მოწმეების (გამომძიებელი ა. ზ–ე, მე-.. დაწესებულების თანამშრომლები: გ. ს–ე, თ. წ–ა, ლ. ჭ–ა, ა. კ–ი, პ. კ–ი, გ. ა–ი, რ. შ–ე, გ.ღ–ე, ბ. ჯ–ა, რ. მ–ე) ნაწილმა სასამართლოს განუცხადა, რომ არ ახსოვდა, შემთხვევის ადგილი იყო თუ არა, ალბათ, დაცული იქნებოდა, ნაწილმა კი განმარტა, რომ ა. ლ–ის მითითებით შემთხვევის ადგილი დაცული იყო. თავად ა. ლ–ის ჩვენებითაც – სიტყვიერი განკარგულება გასცა შემთხვევის ადგილის დაცვის თაობაზე, მიუხედავად იმისა, რომ ამის გაკეთება არც იყო საჭირო, რადგან თანამშრომლებმა შესანიშნავად იცოდნენ თავიანთი მოვალეობები. თუმცა ვერც ა. ლ–მა და ვერც მოწმეებმა ვერ გაიხსენეს, თუ ვის, რომელ თანამშრომელს მისცა კონკრეტული დავალება და ვინ იცავდა შემთხვევის ადგილს.

10. ამ კუთხით განსაკუთრებით საყურადღებოა მოწმე ა. ზ–ს ჩვენება, რომელმაც სასამართლოს მიაწოდა ინფორმაცია, რომ, როდესაც პროკურორ ოლეგ გრძელიძესთან ერთად მივიდა ხ–ს მე-.. დაწესებულებაში, ზ.ც–ის გვამი ჩამოხსნილი და გადატანილი იყო ექიმის ოთახში; შემთხვევის ადგილს არც ვინმე იცავდა და არც ლენტით იყო შემოსაზღვრული.

11. შემთხვევის ადგილიდან ამოღებული თოკი, რომლითაც მოხდა სუიციდი, ზ. ც–ის პირადი ნივთები, ასევე – სკამები, სიგარეტი, რომელიც ჯიბეში ედო გარდაცვლილს, და ერთი ცალი ტყავის ფეხსაცმელი, რომელიც მასვე ეცვა, გამომძიებელ ა. ზ–ეს წარუდგინა დირექტორის მოადგილე ზ. გ–მა, რომელმაც სასამართლოს განუცხადა, რომ იმ დღეს, 2005 წლის 30 სექტემბერს, მორიგეობის შემდეგ, ნაშუადღევს, სახლში წავიდა დასასვენებლად. 22:00 საათიდან 23:00 საათამდე დროის ინტერვალში დაურეკეს და აცნობეს, რომ პატიმარმა თავი ჩამოიხრჩო. მალევე მივიდა კოლონიაში, სადაც სამედიცინო ნაწილში ნახა გვამი. უკვე მისული იყო პროკურორი და საგამოძიებო ნაწილი. ამის შემდეგ გვამი გადაასვენეს ქ–ში. მოწმემ წარუდგინა გამოძიებას მიცვალებულის ნივთები. როგორც იცის, პატიმრებმა ნახეს ზ. ც–ე ჩამომხრჩვალი და ამის შემდეგ მოხდა სამედიცინო ნაწილში გვამის გადატანა; შემთხვევის ადგილიდან ნივთები ვინ გამოიტანა, არ იცის. ამ ამბის შეტყობინების შემდეგ, როდესაც სამსახურში დაბრუნდა და თავის კაბინეტში შევიდა, იქ დახვდა ზ. ც–ს პირადი ნივთები: ორი ცალი სკამი, თოკი, სიგარეტი და ერთი აბი წამალი, ერთი ცალი ტყავის ფეხსაცმელი. ეს ნივთები არ იყო დალუქული. ნივთები გამომძიებელს გადასცა დირექტორის ოთახში. იქ ასევე იმყოფებოდა პროკურორიც. ნივთებსა და შემთხვევის ადგილთან ბევრი ადამიანის შემხებლობის გამო, აზრი არ ჰქონდა მათგან კვლების ამოღებას.

12. საქართველოს სსსკ-ის 333-ე მუხლის პირველი და მესამე პუნქტების (2005 წლის სექტემბრის მდგომარეობით) მიხედვით, „შემთხვევის ადგილის დათვალიერება ტარდება იქ, სადაც მოხდა დანაშაული ან აღმოჩენილია მისი კვალი. დათვალიერების დამთავრებამდე შემთხვევის ადგილი დაცული უნდა იყოს“. „პირმა, რომელიც დათვალიერებას ატარებს, შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ანაბეჭდები, საგნები და დოკუმენტები უნდა შეფუთოს და დალუქოს...“. დადგენილია, რომ ნივთიერი მტკიცებულებები შემთხვევის ადგილზე არ ყოფილა, უფრო მეტიც, საიდან აღმოჩნდა ზ. გ–ის კაბინეტში, არავინ იცის.

13. იმ გარემოებებმა, რომ შემთხვევის ადგილი არ ყოფილა დაცული, ნივთიერი მტკიცებულებებიდან კვლები არ ამოუღიათ და რომ იმთავითვე გაჟღერდა ვერსია ზ. ც–ის მიერ თავის მოკვლის შესახებ, გარდაცვლილის ოჯახს გაუჩინა ეჭვი თანასაკნელების მიერ მათი შვილის მოკვლის თაობაზე. ისინი აცხადებდნენ, რომ ზ–ი კეთილსინდისიერი, უწყინარი პიროვნება იყო და თავს არ მოიკლავდა; არ ეთანხმებოდნენ მე-.. დაწესებულების თანამშრომლებისა და, მათ შორის, ა. ლ–ის მიერ გაჟღერებულ ინფორმაციას, რომ ხ–ს დაწესებულებაში გადმოყვანამდე, ზ. ც–ეს რუსთავის დაწესებულებაშიც ჰქონდა სუიციდის მცდელობა. თუმცა საქმეში წარმოდგენილი ს.ა.დ. რ–ს №.. დაწესებულების დირექტორის – დ. ხ–ს წერილის თანახმად, ზ. ც–ე ქ. რ–ს დაწესებულებაში სასჯელს იხდიდა 1999 წლის 20 თებერვლიდან 2004 წლის 13 იანვრამდე და ამ პერიოდში მის მიერ თვითმკვლელობის მცდელობის ფაქტს ადგილი არ ჰქონია; მსჯავრდებულ ზ. ც–ის სამედიცინო ბარათი დაწესებულების სამედიცინო ნაწილში არ ინახება.

14. ზ. ც–ის ოჯახის წევრებმა არაერთი საჩივრით მიმართეს გამოძიების ორგანოებს და სასამართლოს, მათ შორის – სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს, მათი შვილის გარდაცვალების გამო, საქმის გამოძიების პროცესში ჩადენილი დარღვევების შესახებ. ისინი ამტკიცებდნენ, რომ ოფიციალურმა პირებმა მათი შვილის სიკვდილი თავიდანვე თვითმკვლელობად დააკვალიფიცირეს; რომ ციხის ადმინისტრაციამ მტკიცებულებები გაანადგურა – დირექტორის მოადგილეს გამოტანილი ჰქონდა საკუჭნაოდან სკამები, თოკი და ფეხსაცმელები; რომ არ ამოიღეს თითის ანაბეჭდები არც სკამებიდან, არც საკუჭნაოს კარიდან და ა.შ..

15. სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2011 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილებით საქმეზე – „ც–ე საქართველოს წინააღმდეგ“ –დადგინდა კონვენციის მე-2 მუხლის დარღვევა. ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ მომჩივნის შვილის სიკვდილის საქმის გამოძიება არ იყო დამოუკიდებელი, ობიექტური ან ეფექტური. აღნიშნული გადაწყვეტილების 79-ე პუნქტში მითითებულია, რომ „სხვადასხვა საგამოძიებო ღონისძიებების განხორციელების გარემოებების უფრო დეტალური ანალიზი ავლენს რამდენიმე სერიოზულ დარღვევას. უფრო კონკრეტულად კი ადგილი, სადაც აღმოჩენილი იქნა ზ. ც–ის სხეული, არ იქნა დალუქული გამომძიებლის მისვლამდე, რაც ეწინააღმდეგება სსსკ-ის 333-ე მუხლის მოთხოვნას და 335-ე მუხლის მოთხოვნას“.

16. საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო პალატის შეფასებას, რომ „არსებითი ზიანის“ ცნებაში იგულისხმება არა მხოლოდ მატერიალური ზიანის მიყენება. შეიძლება დაირღვას მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებები და თავისუფლებები ან ეს დარღვევა გამოიხატოს ხელისუფლების ორგანოების საქმიანობისათვის ხელის შეშლაში. პალატა მიიჩნევს, რომ ა. ლ–ს, როგორც დაწესებულების დირექტორს და პასუხისმგებელ პირს, ევალებოდა, უზრუნველეყო შემთხვევის ადგილის და, შესაბამისად, საქმისათვის მნიშვნელოვანი მტკიცებულებების დაცვა. დაცვა. იმის გამო, რომ მსჯავრდებულს თავისი ეს მოვალეობა არ შეუსრულებია, აღნიშნულით ხელი შეეშალა გამოძიების ორგანოების საქმიანობას, რითიც დაირღვა სახელმწიფოს კანონიერი ინტერესები.

17. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობით (მოწმეების: ა. ზ–ის, ზ. გ–ის, კ. ბ-ის, ზ. ლ-სა და სხვათა ჩვენებები, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, იუტიციის მინისტრის № ბრძანება, ხ–ს №.. საერთო და მკაცრი რეჟიმის დაწესებულების მუშაკთა 2005 წლის სექტემბრის თვის მორიგეობის გრაფიკი და და საქმეში არსებული სხვა მასალები) უტყუარადაა დადგენილი, რომ ა. ლ–მა ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 342-ე მუხლის 1-ელი ნაწილით (დანაშაულის ჩადენის დროს მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაული. შესაბამისად, არ არსებობს მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებისა და გამამართლებელი განაჩენის გამოტანის საფუძველი.

18. რაც შეეხება მსჯავრდებულისათვის განსაზღვრულ სასჯელს, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ იგი შეფარდებულია მსჯავრდებულის პიროვნული მახასიათებლების, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი (ნასამართლობის არარსებობა, ასაკი (70 წელს გადაცილებული), დაკავების ადგილზე თავისი ნება-სურვილით გამოცხადება) და დამამძიმებელი გარემოებების, მის მიერ ჩადენილი ქმედების სიმძიმისა და ხასიათის გათვალისწინებით, ასევე – საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად, უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის 1-ელი ნაწილით განსაზღვრული სასჯელის მიზნების მიღწევას და მისი დამძიმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ დაასაბუთა ა. ლ–ის მიმართ გამოყენებული სასჯელის კანონიერება და სამართლიანობა.

19. სასამართლო ითვალისწინებს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხების გაცემას. აღნიშნული ზედა ინსტანციის სასამართლოებს უფლებას აძლევს, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: ჰირვისაარი ფინეთის წინააღმდეგ (Hirvisaari v. Finland, ECtHR, N49684/99, §30, 25/12/2001)). მოკლე მსჯელობა საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ – ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: გოროუ საბერძნეთის წინააღმდეგ (Gorou v. Greece (No. 2) ECtHR, N 12686/03, §37, §41, 20/03/2009)).

20. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

21. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ კობა სირაძისა და მსჯავრდებულ ა. ლ–ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. დ–ის საკასაციო საჩივრები;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: ნ. სანდოძე

ლ. თევზაძე