საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 330100123007504936
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №9აპ-26 24 მარტი, 2026 წელი
ე–ი გ., №9აპ-26 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის
საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, ლევან თევზაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 21 ოქტომბრის განაჩენზე მსჯავრდებულ გ. ე–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის – ლ. ბ–ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. გ. ე–ი (პირადი ნომერი: ...........) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსკ-ის) 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-5 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (ნარკოტიკული საშაულების უკანონო შეძენა, შენახვა, ჩადენილი არაერთგზის და ნარკოტიკული საშაულების უკანონო გასაღება, ჩადენილი იმის მიერ, ვისაც წინათ ჩადენილი აქვს საქართველოს სსკ-ის XXXIII თავით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული – სამი ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (ნარკოტიკული საშაულების უკანონო შეძენა, შენახვა, ჩადენილი არაერთგზის) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის, რაც გამოიხატა შემდეგით:
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 14 სექტემბრის განაჩენით, გ. ე–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც, საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუწესდა 2 წელი. მასვე, საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე, დამატებით სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა – 2000 ლარი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 18 დეკემბრის განაჩენით, გ. ე–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა – 1000 ლარი. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს დაემატა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 14 სექტემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი (თავისუფლების აღკვეთა 1 წლით, 11 თვითა და 27 დღით, აგრეთვე, დამატებითი სასჯელის მოუხდელი ნაწილი – ჯარიმა 1000 ლარი) და განაჩენთა ერთობლიობით, გ. ე–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა – 1000 ლარი, ასევე, თავისუფლების აღკვეთა 1 წლით, 11 თვითა და 27 დღით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუწესდა 2 წელი და დამატებით სასჯელად ჯარიმა – 1000 ლარი.
ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენისა და შენახვისათვის ნასამართლევმა გ. ე–მა, 2023 წლის 7 აპრილს, ქ. თ–ში, კ–ს ქუჩის №.. კორპუსში მდებარე №.. ბინაში, 300 ლარის სანაცვლოდ, ს. ა–ზე უკანონოდ გაასაღა მის მიერ მანამდე უკანონოდ შეძენილი და შენახული 0,9645 გრამი ნივთიერება, რომელიც შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება – „ალფა-პვპ“-ს (α-PVP), რაც 2023 წლის 7 აპრილს, შსს-ის ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ამოიღეს ს. ა–ისაგან.
ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენისა და შენახვისათვის ნასამართლევმა გ. ე–მა, 2023 წლის 10 აპრილს, ქ. თ–ში, კ–ს ქუჩის №.. კორპუსში მდებარე №.. ბინაში, 300 ლარის სანაცვლოდ, ს. ა–ზე უკანონოდ გაასაღა მის მიერ მანამდე უკანონოდ შეძენილი და შენახული 1,2642 გრამი ნივთიერება, რომელიც შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება – „ალფა-პვპ“-ს (α-PVP), რაც 2023 წლის 10 აპრილს, შსს-ის ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ამოიღეს ს. ა–ისაგან.
ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენისა და შენახვისათვის ნასამართლევმა გ. ე–მა, 2023 წლის 11 აპრილს, ქ. თ–ში, კ–ს ქუჩის №.. კორპუსში მდებარე №.. ბინაში, 150 ლარის სანაცვლოდ, ს. ა–ზე უკანონოდ გაასაღა მის მიერ მანამდე უკანონოდ შეძენილი და შენახული 0,5221 გრამი ნივთიერება, რომელიც შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება – „ალფა-პვპ“-ს (α-PVP), რაც 2023 წლის 11 აპრილს, შსს-ის ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ამოიღეს ს. ა–ისაგან.
ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენისა და შენახვისათვის ნასამართლევი გ. ე–ი, 2023 წლის 17 მაისს, ქ. თ–ში, კ–ს ქუჩის №.. კორპუსში მდებარე №.. ბინაში, უკანონოდ ინახავდა მის მიერ გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში შეძენილ 0,171531 გრამ ნივთიერებას, რომელიც შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება „ალფა-პვპ-ს“ (α-PVP), რაც 2023 წლის 17 მაისს საქართველოს შსს-ის ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ამოიღეს ზემოაღნიშნული საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
2.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 9 თებერვლის განაჩენით:
გ. ე–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2023 წლის 7 აპრილის, 2023 წლის 10 აპრილის, 2023 წლის 11 აპრილისა და 2023 წლის 17 მაისის ეპიზოდები) და ამავე კოდექსის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (2023 წლის 7 აპრილის, 2023 წლის 10 აპრილისა და 2023 წლის 11 აპრილის ეპიზოდები) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2023 წლის 7 აპრილის ეპიზოდი) – 6 წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2023 წლის 10 აპრილის ეპიზოდი) – 6 წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2023 წლის 11 აპრილის ეპიზოდი) – 6 წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2023 წლის 17 მაისის ეპიზოდი) – 6 წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (2023 წლის 7 აპრილის ეპიზოდი) – 13 წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (2023 წლის 10 აპრილის ეპიზოდი) – 13 წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (2023 წლის 11 აპრილის ეპიზოდი) – 13 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და დანაშაულთა ერთობლიობით გ. ე–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 13 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა 2018 წლის 18 დეკემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – ჯარიმა 2000 ლარი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, გ. ე–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 13 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა;
გ. ე–ს, როგორც ნარკოტიკული საშუალების გამსაღებელს, „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, 5 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; 15 წლით – საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 20 წლით – საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე, აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.
2.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 9 თებერვლის განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა მსჯავრდებულმა გ. ე–მა. დაცვის მხარემ მოითხოვა გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენა. სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას, მსჯავრდებულმა გ. ე–მა და მისმა ინტერესების დამცველმა ადვოკატმა – ლ. ბ–მა დააზუსტეს სააპელაციო საჩივარი და მოითხოვეს გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ, მსჯავრდებულის გამართლება საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებში.
3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:
3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 21 ოქტომბრის განაჩენით, დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 9 თებერვლის განაჩენში, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის შესაბამისად, შევიდა ცვლილება:
გ. ე–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2023 წლის 7 აპრილის, 2023 წლის 10 აპრილის, 2023 წლის 11 აპრილისა და 2023 წლის 17 მაისის ეპიზოდები) და ამავე კოდექსის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (2023 წლის 7 აპრილის, 2023 წლის 10 აპრილისა და 2023 წლის 11 აპრილის ეპიზოდები) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2023 წლის 7 აპრილის ეპიზოდი) – 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე შეუმცირდა 1/6-ით და განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2023 წლის 10 აპრილის ეპიზოდი) – 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე შეუმცირდა 1/6-ით და განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2023 წლის 11 აპრილის ეპიზოდი) – 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე შეუმცირდა 1/6-ით და განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2023 წლის 17 მაისის ეპიზოდი) – 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე შეუმცირდა 1/6-ით და განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (2023 წლის 7 აპრილის ეპიზოდი) – 13 წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (2023 წლის 10 აპრილის ეპიზოდი) – 13 წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (2023 წლის 11 აპრილის ეპიზოდი) – 13 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და დანაშაულთა ერთობლიობით გ. ე–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 13 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა 2018 წლის 18 დეკემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – ჯარიმა 2000 ლარი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, გ. ე–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 13 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა;
გ. ე–ს, როგორც ნარკოტიკული საშუალების გამსაღებელს, „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, 5 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; 15 წლით – საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; საჯარო სამსახურში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 20 წლით – საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე, აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.
3.2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 21 ოქტომბრის განაჩენი საქართველოს უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრა მსჯავრდებულ გ. ე–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა – ლ. ბ–მა. დაცვის მხარემ მოითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა და მსჯავრდებულის უდანაშაულოდ ცნობა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (სამი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის.
4. კასატორის არგუმენტები:
4.1. დაცვის მხარის განმარტებით, გასაჩივრებული განაჩენი უკანონოა, რადგან საქმეში არსებული მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა არ დასტურდება მსჯავრდებულის მიერ ნარკოტიკული საშუალებების უკანონოდ გასაღება. ადვოკატის მტკიცებით, ფარულ ჩანაწერებში არ ჩანს ერთი მხრივ – თანხის, ხოლო, მეორე მხრივ – ნარკოტიკის – გადაცემის ფაქტი; ბრალდების მხარეს გ. ე–ისაგან არ ამოუღია გადაცემული თანხა; ს. ა–ის ჩვენება არადამაჯერებელია და ეწინააღმდეგება მის გამოკითხვის ოქმს; დაცვის მხარის მტკიცებით, თავად ს. ა–ს მიჰქონდა გ. ე–თან ნარკოტიკული საშუალებები, ერთობლივად იძენდნენ და ინაწილებდნენ; ამასთან, ფარული აუდიო-ვიდეო ჩანაწერი წინააღმდეგობრივია მის ბეჭდურ ვერსიასთან, ასევე, ს. ა–ის ჩვენებასთან; აღნიშნული ჩანაწერები დაუშვებელი მტკიცებულებაა, ვინაიდან უცხოენოვანი დიალოგი ნათარგმნი არ არის თარჯიმნის მიერ, რაც შეუძლებელს ხდის საუბრის შინაარსის მთლიანობის აღქმას; ს. ა–ისაგან ნარკოტიკების ამოღებაში მონაწილეობა მიიღეს დაინტერესებულმა პირებმა ნეიტრალური პირის დასწრებისა და ვიდეოგადაღების გარეშე; კასატორი თანხის გადაცემის ჰიპოთეტურად დაშვების პირობებში, გ. ე–ისა და ს. ა–ის ახლო, ყოველდღიური ურთიერთობისა და მათ მიერ ნარკოტიკების მოხმარების გათვალისწინებით, მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას, რომელიც შეეხება პირის ქმედების კვალიფიკაციას ნარკოტიკული საშუალების შეძენაში დახმარებით.
5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
5.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსსკ) 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ ასაბუთებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ვერცერთ საფუძველს, რის გამოც, საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
5.2. საკასაციო სასამართლო, უპირველეს ყოვლისა, აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში, სადავო გარემოებას არ წარმოადგენს მსჯავრდებულის მიერ ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა, შენახვა. შესაბამისად, სასამართლოს შეფასების საგანია გ. ე–ის მსჯავრდების სისწორე საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (სამი ეპიზოდი).
5.3. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს დაცვის მხარის პოზიციას, სრულად ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას გ. ე–ის საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის დამნაშავედ ცნობის შესახებ და აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილი, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებებით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, უტყუარად დასტურდება მსჯავრდებულის მიერ მისთვის მსჯავრადშერაცხილი ქმედებების ჩადენა, კერძოდ:
5.4. მოწმე ს. ა–ის ჩვენებით დასტურდება 2023 წლის 7 აპრილს, 10 აპრილსა და 11 აპრილს, გ. ე–ისათვის ნარკოტიკული საშუალების შესაძენად, საგამოძიებო ორგანოს მიერ გამოყოფილი თანხის (ორ შემთხვევაში – 300 ლარის, ხოლო ერთ შემთხვევაში – 150 ლარის) გადაცემის ფაქტი, ასევე, აღნიშნული თანხის სანაცვლოდ გ. ე–ის მიერ 2023 წლის 7 აპრილს – ოთხი შეკვრა, 2023 წლის 10 აპრილს – ხუთი შეკვრა და 2023 წლის 11 აპრილს – ორი შეკვრა ნარკოტიკული საშუალების გადაცემის ფაქტი.
5.5. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ. შესაბამისად, შეფასებას ექვემდებარება მოწმის მიერ სწორედ სასამართლოს წინაშე გაჟღერებული ინფორმაცია. აღსანიშნავია, რომ ს. ა–ის ჩვენება სრულად, თანმიმდევრულად და დამაჯერებლად აღწერს განვითარებულ მოვლენებს, არ შეიცავს წინააღმდეგობებს სისხლის სამართლის საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებებთან მიმართებით და დადასტურებულია საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით, კერძოდ: ფულადი თანხის გადაცემის შესახებ ოქმებით, ს. ა–ისაგან ნარკოტიკული საშუალებების ამოღების ოქმებით, ქიმიური ექსპერტიზის დასკვნებითა და ექსპერტთა ჩვენებებით, რომლითაც დადგინდა ამოღებული ნარკოტიკული საშუალებების სახეობა და ოდენობა (კერძოდ, სამივე შემთხვევაში, ს. ა–ისაგან ამოღებული ნივთიერება წარმოადგენს ნარკოტიკულ საშუალება „ალფა-პვპ-ს“: საერთო წონა – 0,9645 გრამი, „ალფა-პვპ-ს“ (α-PVP) შემცველობა – 0,3985 გრამი; საერთო წონა – 1,2642 გრამი, „ალფა პვპ-ს“ (α-PVP) შემცველობა – 0,8540 გრამი; საერთო წონა – 0,5221 გრამი, „ალფა-პვპ-ს“ (α-PVP) შემცველობა – 0,2295 გრამი), აგრეთვე, საპროცესო/საგამოძიებო მოქმედებების ჩამტარებელი გამომძიებლების ჩვენებებით.
5.6. საკასაციო სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებულ მასალას (ფარული აუდიო-ვიდეო ჩანაწერი და აღნიშნული ჩანაწერის გაშიფრული კრებსი), რომელიც დეტალურად ასახავს 2023 წლის 7, 10 და 11 აპრილს, გ. ე–ისა და ს. ა–ის შეხვედრას, მათი საუბრის შინაარსსა და ნარკოტიკული საშუალებების გადაცემის მთელ პროცესს. კერძოდ, ვიდეოჩანაწერებით დასტურდება, თუ როგორ გადასცემს ს. ა–ი გ. ე–ს თანხას მისსავე საცხოვრებელ სახლში, ხოლო, გ. ე–ი თანხის სანაცვლოდ – ნარკოტიკულ საშუალებას. საგულისხმოა ასევე მოწმესა და მსჯავრდებულს შორის წარმართული კომუნიკაციის შინაარსიც, რომელიც ცალსახად მიემართება თანხის სანაცვლოდ ნარკოტიკის გადაცემას. კერძოდ, დიალოგი შეეხება ნარკოტიკთან დაკავშირებულ დეტალებს, მის რაოდენობასა და გადასაცემი თანხის ოდენობას. ჩანაწერებით დასტურდება, რომ მსჯავრდებული სრულიად ნებაყოფლობით და ამასთან, მომზადებული გადასცემს ნარკოტიკს ფულადი თანხის სანაცვლოდ.
5.7. ფონოსკოპიური, აგრეთვე, ჰაბიტოსკოპიური და ფოტო-ვიდეო-ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნებითა და ექსპერტთა ჩვენებებით დადასტურებულია, რომ ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარდგენილ ჩანაწერებს/ვიდეოგრამებს მონტაჟის/რედაქტირების ნიშნები არ აღენიშნება. სადავო ფონოგრამებში მოსაუბრე დიქტორი მამაკაცის ხმა და ეტალონურ ფონოგრამაში (ხმის ნიმუში) მოსაუბრე გ. ე–ის ხმა ერთმანეთის იდენტურია. ამასთან, დადგინდა, რომ ექსპერტიზაზე წარდგენილ დისკებზე არსებულ ვიდეოგრამებზე და საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ჰაბიტოსკოპიურ მონაცემთა ერთიან ბაზაში რიცხულ, .. წლის ... დაბადებული, გ. ა–ს ძე ე–ს სახელზე შევსებულ ელექტრონულ საინფორმაციო ბარათზე არსებულ გამოსახულებაზე დაფიქსირებულია ერთი და იმავე პიროვნების იერსახის გამოსახულება.
5.8. ხსენებული მტკიცებულებებიდან გამომდინარე, უსაფუძვლოა ადვოკატის მტკიცება იმის შესახებ, რომ ფარულ ჩანაწერებში, თითქოს, არ ჩანს თანხისა და ნარკოტიკის გადაცემის ფაქტი და რომ ს. ა–ი თავად გადასცემდა ნარკოტიკულ საშუალებებს გ. ე–ს. აღნიშნული პოზიცია ეწინააღმდეგება საქმეში არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას. ამასთან, ზემოაღნიშნული მტკიცებულებების არსებობის პირობებში, საქმის შედეგისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ვერ მიენიჭება იმ გარემოებას, ამოიღეს თუ არა გადაცემული თანხა მსჯავრდებულისაგან. რაც შეეხება ადვოკატის პოზიციას ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული მასალის დაუშვებლად ცნობასთან დაკავშირებით მათი ქართულენოვანი თარგმანის არარსებობის გამო, საკასაციო სასამართლო ვერც ამ ნაწილში გაიზიარებს ამ არგუმენტს, რადგან ერთი მხრივ, დიალოგი, ძირითადად, მიმდინარეობს ქართულ ენაზე, ხოლო, მეორე მხრივ, სისხლის სამართლის საქმეში მოიპოვება ფარული ვიდეო და აუდიო ჩაწერის დამუშავების შედეგად გაფორმებული ქართულენოვანი კრებსი, რომელიც სრულად ასახავს გ. ე–ისა და ს. ა–ის კომუნიკაციის შინაარსს.
5.9. საკასაციო სასამართლო ასევე ყურადღებას მიაქცევს კასატორის პრეტენზიას იმის შესახებ, რომ თითქოს, ს. ა–ისაგან ნარკოტიკების ამოღებაში მონაწილეობა მიიღეს დაინტერესებულმა პირებმა ნეიტრალური პირის დასწრებისა და ვიდეოგადაღების გარეშე. სასამართლო აღნიშნავს, რომ ჩხრეკის/ამოღების სანდოობის გამამყარებელი ნეიტრალური მტკიცებულების მოპოვების ვალდებულება მიემართება უკანონო საგნის/ნივთის/ნივთიერების ბრალდებულისაგან და არა – ფარული აგნტისაგან ამოღების შემთხვევებს. რაც შეეხება კასატორის მიერ მითითებულ უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას, საკსაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ ერთი პირის მიერ ნარკოტიკული საშუალების შეძენა, შენახვისა და ამავე ნარკოტიკის მეორე პირისათვის გადაცემის ფაქტის სამართლებრივი შეფასებისას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ყოველი საქმის კონტექსტსა და მისთვის დამახასიათებელ ინდივიდუალურ ფაქტობრივ გარემოებებს. სწორედ ამ გარემოებების დეტალური შესწავლა და ანალიზი განაპირობებს ქმედების სწორ კვალიფიკაციას. ერთ კონკრეტულ საქმეში პირის ქმედების ნარკოტიკული საშუალების შეძენაში დახმარებით კვალიფიკაცია გარდაუვლად არ განაპირობებს იმავე კვალიფიკაციას სხვა საქმეში, თუ არ არსებობს ფაქტობრივ გარემოებათა აბსოლუტური სიზუსტით თანხვდენა. საგულისხმოა, რომ დაცვის მხარის მიერ საკასაციო საჩივარში მოხმობილი უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა მიემართება განსახილველი საქმისაგან მნიშვნელოვნად განსხვავებულ შემთხვევას, რომლის ინდივიდუალურმა ფაქტობრივმა გარემოებებმა მიიყვანა საკასაციო სასამართლო პირის ქმედების საქართველოს სსკ-ის 25,260-ე მუხლის პირველი ნაწილით დაკვალიფიცირებამდე.
5.10. ამდენად, ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლოს შეფასებით, სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებები სრულყოფილად, ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა. გასაჩივრებული განაჩენი ეფუძნება კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად შეფასებულ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს მსჯავრდებულის მიერ მისთვის მსჯავრადშერაცხილი ქმედებების ჩადენას. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას სრულად შეაფასა კონკრეტული საქმის ინდივიდუალური გარემოებები, სასჯელის დანიშვნისას გასათვალისწინებელი გარემოებები – ჩადენილი ქმედებების ხასიათი, სიმძიმე, საზოგადოებრივი საშიშროება, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მსჯავრდებულის პიროვნება, სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობანი და საქართველოს სსკ-ის 39-ე, 53-ე და 59-ე მუხლების მოთხოვნათა გათვალისწინებით, მსჯავრდებულს შეუფარდა კანონიერი და სამართლიანი, მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელი, რომელიც აკმაყოფილებს პროპორციულობის მოთხოვნას, უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების მიღწევას და არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას.
5.11. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009).
5.12. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ, როდესაც საკასაციო სასამართლო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლების არარსებობის გამო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).
5.13. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ გ. ე–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის – ლ. ბ–ის საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნინო სანდოძე
მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი
ლევან თევზაძე