განაჩენი შეიცვალა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100124009120417
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განაჩენი
საქართველოს სახელით
საქმე №985აპ-25 ქ. თბილისი
ნ-ი ე., 985აპ-25 21 აპრილი, 2026 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, ლევან თევზაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნინო ციხისელისა და მსჯავრდებულ ე. ნ–ის ინტერესების დამცველი ადვოკატების – თ. ნ–ისა და გ. გ–ის საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 30 სექტემბრის განაჩენზე.
I. ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით: ე. ნ–ს, – პირადი ნომერი ........., – ბრალად ედებოდა თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, დიდი ოდენობით – დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსკ-ის) 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.
ე. ნ–ის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
2023 წლის იანვარში მოქალაქეები და-ძმა მ. და ბ. კ–ი, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული კ– გამგზავრებასთან დაკავშირებული განცხადებით დაინტერესების გამო, შეხვდნენ ე. ნ–ს თ–, ლ– არსებული ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე. შეხვედრისას ე. ნ–მა დაარწმუნა მ. კ–, რომ მას და მის ორ შვილს, ი. რ–სა და ლ. რ–ს, ფულადი თანხის გადახდის სანაცვლოდ, 2023 წლის აპრილში კ– ლეგალურად გაამგზავრებდა და დაასაქმებდა. აღნიშნულში დარწმუნებულმა მ. კ–მ 2023 წლის იანვარ-თებერვალში პირადი საბანკო ანგარიშიდან ე. ნ–ს ეტაპობრივად გადაურიცხა ჯამში 5800 აშშ დოლარი, რაც ე. ნ–ის მტკიცებით, წარმოადგენდა მ. კ–სა და მისი ორი შვილის სავიზო მოსაკრებლისა და მოსაწვევის თანხას. ამის შემდეგ, 2023 წლის თებერვალში, ე. ნ–მა მ. კ– კვლავ დაარწმუნა, რომ საჭირო იყო განმცხადებლების მიერ „თითის ანაბეჭდების აღების საფასურის“ გადახდა, რაც სამივე პირისთვის თითქოს შეადგენდა 2100 აშშ დოლარს. აღნიშნული თანხაც ე. ნ–მა წინასწარ გამოსტყუა მ. კ–ს – თანხა იმავე გზით ჩაარიცხინა და განაგრძო დანაშაულებრივი საქმიანობა. 2023 წლის 20 მარტს, ე. ნ–მა, კვლავ მოსთხოვა მ. კ–ს 3600 აშშ დოლარის გადარიცხვა, „სავიზო ისტორიის გაკეთებისთვის“, რასაც თითქოსდა საკონსულოდან ითხოვდნენ და მითითებული თანხა კვლავ ჩაარიცხინა პირად საბანკო ანგარიშზე. 2023 წლის აგვისტო-სექტემბერში ე. ნ–მა კვლავ დაარწმუნა მ. კ– ვიზების დამზადებასთან დაკავშირებული გამოგონილი ფაქტებით და წინასწარ ჩაარიცხინა 20 000 აშშ დოლარი.
ე. ნ–ი მოქმედებდა ერთიანი მიზნითა და საერთო დანაშაულებრივი განზრახვით, გამოგონილი ფაქტების დარწმუნებით, წინასწარ ჩაარიცხინა მ. კ–ს ფულადი თანხები თავის პირად საბანკო ანგარიშზე, არ უზრუნველყო განმცხადებლების კ– გამგზავრება და დასაქმება, არც თანხის დაბრუნება და კომუნიკაციაც გაწყვიტა დაზარალებულთან. ე. ნ–ის ქმედებით მ. კ–ს მიადგა 81 810 ლარის დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 9 დეკემბრის განაჩენით:
2.1. ე. ნ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 6 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე შეუმცირდა 1/6-ით და განესაზღვრა – 5 წლითა და 5 თვით თავისუფლების აღკვეთა;
2.2. ე. ნ–ს სასჯელის მოხდის ვადა აეთვალა დაკავებიდან - 2024 წლის 27 მარტიდან.
3. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა:
3.1. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გიორგი ცეცხლაძემ მოითხოვა ცვლილება თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 9 დეკემბრის განაჩენში სასჯელის დამძიმების კუთხით და ე. ნ–ისათვის მაქსიმალური ვადით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით;
3.2. მსჯავრდებულმა ე. ნ–მა მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება, უდანაშაულოდ ცნობა და გამართლება.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 30 სექტემბრის განაჩენით:
4.1. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ გიორგი ცეცხლაძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა;
4.2. მსჯავრდებულ ე. ნ–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა;
4.3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 9 დეკემბრის განაჩენში შევიდა ცვლილება:
4.3.1. ე. ნ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 6 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, შეუმცირდა 1/6-ით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 5 წლითა და 5 თვით თავისუფლების აღკვეთა;
4.3.2. ე. ნ–ს სასჯელის მოხდის ვადა აეთვალა დაკავებიდან - 2024 წლის 27 მარტიდან;
4.3.3. ე. ნ–ს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსსკ-ის) 1657-ე მუხლის თანახმად, აეკრძალა საქართველოდან გასვლა 16 წლით, რომლის ვადა აეთვლება თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის მოხდის მომენტიდან.
5. აღნიშნული განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა:
5.1. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორი ნინო ციხისელი ითხოვს ცვლილებას გასაჩივრებულ განაჩენში და ე. ნ–ისათვის მაქსიმალური ვადით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრას პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად;
5.2. მსჯავრდებულ ე. ნ–ის ინტერესების დამცველი ადვოკატები თ. ნ–ე და გ. გ–ე ითხოვენ ე. ნ–ის უდანაშაულოდ ცნობას და გამართლებას.
II. ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
1. სასამართლო ითვალისწინებს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-71 მუხლსა და საქართველოს სსსკ-ის 273-ე მუხლს; ასევე – ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, par. 30, ECtHR, 25/12/2001).
1.1. ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ. Gorou v. Greece (No.2) no. 12686/03, paras. 37, 41, ECtHR, 20/03/2009). დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no. 36755/06, par. 31, ECtHR,11/11/2011).
2. საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა. ბრალდების მხარე ითხოვს ე. ნ–ისათვის მკაცრი სასჯელის – მაქსიმალური ვადით თავისუფლების აღკვეთის – განსაზღვრას, ხოლო დაცვის მხარე – უდანაშაულოდ ცნობას და გამართლებას.
3. სისხლის სამართლის საქმის მასალების და წარმოდგენილი საჩივრების საფუძვლიანობის შესწავლის შედეგად, არ დგინდება თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნინო ციხისელის (ე. ნ–ისათვის მაქსიმალური ვადით თავისუფლების აღკვეთის პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით განსაზღვრა) და მსჯავრდებულ ე. ნ–ის ინტერესების დამცველი ადვოკატების – თ. ნ–ისა და გ. გ–ის (ე. ნ–ის უდანაშაულოდ ცნობა) საკასაციო საჩივრების დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძვლები. იმავდროულად, საქართველოს კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებების გათვალისწინებით, ცვლილება უნდა შევიდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 30 სექტემბრის განაჩენში.
4. სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების დასაბუთების ვალდებულება არ მოითხოვს მომჩივნების მიერ წარმოდგენილ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no. 36755/06, par. 31, ECtHR,11/11/2011), სამართალწარმოების მხარეები უნდა ელოდნენ კონკრეტულ და მკაფიო პასუხებს იმ არგუმენტებზე, რომლებიც გადამწყვეტია სამართალწარმოების შედეგებისთვის (იხ.Tchankotadze v. Georgia, no. 15256/05, par. 103, ECtHR,21/06/2016; Deryan v. Turkey, no. 41721/04, par. 33, ECtHR, 21/07/2015).
5. დაცვის მხარემ თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენის გაუქმების და ე. ნ–ის უდანაშაულოდ ცნობის მოთხოვნით სააპელაციო სასამართლოს საჩივრით მიმართა იმავე (იდენტურ) არგუმენტებზე დაყრდნობით, რომლებიც საკასაციო საჩივარშია ჩამოყალიბებული. გასაჩივრებულ განაჩენში მითითებულია იმ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე, რომლებმაც ე. ნ–ის საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მსჯავრდება განაპირობა.
6. სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი დაზარალებულ მ. კ–ს და მოწმეთა: ბ. კ–სა და ი. რ–ის ჩვენებებით დგინდება, რომ ე. ნ–ი ინტერნეტში გამოქვეყნებული განცხადებით, კ– წასვლის სურვილის მქონე პირებს პირდებოდა დახმარებას. მ. კ– და ბ. კ– პირადად შეხვდნენ ე. ნ–ს, რომელიც დაპირდათ კ– ვიზის მიღებაში დახმარებას თითოეული პირის მიერ 10 000 დოლარის გადახდის სანაცვლოდ (თანხის გადახდა უნდა მომხდარიყო კ– ჩასვლისა და მუშაობის დაწყებიდან 1 წლის განმავლობაში) ე. ნ–ი იღებდა პასუხისმგებლობას, რომ მ. კ– და მისი ოჯახის წევრები მიიღებდნენ კ– ვიზას.
7. სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული წერილობითი მტკიცებულებებით – მ. კ–ს მობილური ტელეფონიდან გამოთხოვილი მ. კ–სა და ე. ნ–ის მიმოწერებით, დასტურდება, რომ კ– ვიზასთან დაკავშირებული ყველა საკითხი თანხმდებოდა ე. ნ–თან, რომელიც ჩართული იყო კ– გამგზავრებასთან დაკავშირებულ ყველა საკითხში, ეხმარებოდა დაზარალებულს სავიზო მომსახურების ცენტრის პორტალზე რეგისტრაციაშიც. შესაბამისად, სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით (მოწმეთა ჩვენებებით, მ. კ–ს, ე. ნ–სა და ე–ს (დაუდგენელი პირი, შემდეგში – „ე–ი“) შორის განხორციელებული ელექტრონული კომუნიკაციით) არ დასტურდება დაცვის მხარის მტკიცება, რომ ე. ნ–ი იყო მხოლოდ შუამავალი ე–სა და დაზარალებულს შორის.
8. ასევე, უსაფუძვლოა კასატორი დაცვის მხარის მტკიცება, რომ სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება ე. ნ–ის ქმედებაში საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობის სავალდებულო ელემენტის – მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დიდი ოდენობით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით – არსებობა.
8.1. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ მ. კ–მ ე. ნ–ს ჩაურიცხა 2 100 აშშ დოლარი (ორჯერ 1 050 აშშ დოლარი) – თითის ანაბეჭდების აღების საფასური (თანხის ჩარიცხვის მიზნობრიობა დასტურდება მიმოწერებით (იხ.: ტ.6, ს.ფ. 5-12)). მიმოწერით დგინდება, რომ პირადად ე. ნ–ი ახდენდა დაზარალებულისა და მისი ოჯახის წევრების თითის ანაბეჭდების ასაღებად შესაბამის საიტზე ელექტრონულ რეგისტრაციას და მისთვის ობიექტურად უნდა ყოფილიყო ცნობილი, რომ აღნიშნული პროცედურა იყო უფასო. ამასთან, დაცვის მხარეს არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა, რომ მ. კ–ს მიერ ჩარიცხული თანხა – 2 100 აშშ დოლარი – ე. ნ–ის მიერ გამოყენებული/გადახდილი იქნა დაზარალებულთა თითის ანაბეჭდების ასაღებად.
8.2. საქართველოს სსსკ-ის 243-ე მუხლის საფუძველზე გამოქვეყნებული მოწმე ქ– მ.-ის (კ– სავიზო განაცხადის ცენტრის ხელმძღვანელი) გამოკითხვის ოქმით დგინდება, რომ კ– ვიზაზე ონლაინ განაცხადის შევსებისას გადასახდელი არის მხოლოდ 185 კ–დოლარი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ პირს შემდგომში მოუწევს თითის ანაბეჭდების აღება – დამატებით რაიმე გადასახადის გადახდა აღარ უწევს. შესაბამისად, სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი არც ერთი მტკიცებულებით არ დგინდება, რომ სავიზო განაცხადის შეტანა უკავშირდებოდა/ითვალისწინებდა განმცხადებლების თითის ანაბეჭდების აღების გადასახადს; აღნიშნული გადასახადი შეადგენდა, მოცემულ შემთხვევაში, 2 100 აშშ დოლარს; ამ მიზნით მ. კ–სთვის მოთხოვნილი თანხა და მ. კ–ს მიერ ამავე მიზნით ე. ნ–ისათვის საბანკო გადარიცხვით ჩარიცხული თანხა – 2 100 დოლარი, ე. ნ–ის მიერ შეტანილი იქნა/გადახდილ იქნა საკონსულოს ან სავიზო განაცხადის ცენტრის ანგარიშზე ამ დანიშნულებით.
8.3. დაზარალებულ მ. კ–ს მობილური ტელეფონიდან გამოთხოვილი მ. კ–სა და ე. ნ–ს შორის მიმოწერებით დგინდება, რომ ე. ნ–ი მ. კ–ს სთავაზობს სავიზო მომსახურების თანხა – 20 000 დოლარი – მას ჩაურიცხოს და არწმუნებს, რომ საკითხის დადებითად გადაწყვეტამდე (ვიზის მიღებამდე) აღნიშნულ თანხას არ გადაურიცხავს ე–ს (იხ.: მაგალითად.: ტ.6, ს.ფ. 202-203), თუმცა არღვევს აღნიშნულ პირობას, თანხის ნაწილი – 5 000 აშშ დოლარი – გამოაქვს თავად, ხოლო ნაწილს – 15 000 აშშ დოლარს, – მ. კ–ს ნებართვის გარეშე, ურიცხავს ე–ს (იხ.: 2024 წლის 22 მარტის ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმი და საბანკო ამონაწერები - ტ. 4, ს.ფ. 7-84).
9. უსაფუძვლოა კასატორი დაცვის მხარის მტკიცება, რომ მ. კ–ს მიერ ჩარიცხული თანხები ე. ნ–მა სრულად გადაურიცხა ე–ს. სს „ს–ნ“ გამოთხოვილი მ. კ–ს სახელზე რეგისტრირებული საბანკო ანგარიშებისა და სს „ს–ნ“ გამოთხოვილი ე. ნ–ის სახელზე რეგისტრირებული საბანკო ანგარიშებიდან ტრანზაქციების შესახებ დეტალური ინფორმაციით, მათ შორის სვიფტ ამონაწერებითა და საერთაშორისო გზავნილების შესახებ ინფორმაციით დგინდება, რომ ე. ნ–ის ანგარიშზე მ. კ–ს მიერ ჩაირიცხა საერთო ჯამში 31 500 აშშ დოლარი, ე. ნ–მა 15 030 აშშ დოლარი გადარიცხა ტ....-, კერძოდ 5 015 აშშ დოლარი გადარიცხა ს. გ–ის ანგარიშზე, ხოლო 10 015 აშშ დოლარი გადარიცხა ე. გ–ის ანგარიშზე, 15 900 აშშ დოლარი კი თავად ე. ნ–მა გამოიტანა.
9.1. სს „ს–ნ“ გამოთხოვილი ინფორმაციით დგინდება, რომ ე. ნ–ს, დაზარალებულის მიერ ფულადი თანხის ჩარიცხვის დღეს ან მომდევნო დღეს, თავად გამოჰქონდა მ. კ–ს მიერ გადარიცხული თანხების ნაწილი, რომელსაც შემდეგში არც საბანკო ანგარიშზე აღარ ანთავსებდა და არც ე–თან რიცხავდა (სხვა შემთხვევებისგან განსხვავებით).
9.1.1. სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი არც ერთი მტკიცებულებით არ დასტურდება დაცვის მხარის მტკიცება, რომ ე. ნ–მა მ. კ–ს მიერ ჩარიცხული თანხა სრულად გადაურიცხა ე. გ–ს. აღნიშნულის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება (მაგალითად, ე. ნ–ის მიერ გამოტანილი თანხების (15 900 აშშ დოლარი) ე–თან გადარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტები) არ წარმოუდგენია არც დაცვის მხარეს.
10. უსაფუძვლოა კასატორი დაცვის მხარის მოთხოვნა ე. ნ–ის უდანაშაულოდ ცნობის შესახებ, ვინაიდან სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით (მათ შორის: დაზარალებულ მ. კ–ს, მოწმეთა: ბ. კ–ს, ი. რ–ის ჩვენებებით, საქართველოს სსსკ-ის 243-ე მუხლის საფუძველზე გამოქვეყნებული მოწმე ქ– მ.-ის გამოკითხვის ოქმით, სს „ს–ნ“ გამოთხოვილი მ. კ–ს სახელზე რეგისტრირებულ საბანკო ანგარიშზე განხორციელებული ტრანზაქციების შესახებ ამონაწერით (2023 წლის 1 იანვრიდან 2023 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით), სს „ს–ნ“ გამოთხოვილი ე. ნ–ის სახელზე რეგისტრირებულ საბანკო ანგარიშზე განხორციელებული ტრანზაქციების შესახებ ამონაწერით (2023 წლის 1 იანვრიდან 2024 წლის 1 მარტის ჩათვლით), დაზარალებულ მ. კ–ს ტელეფონიდან გამოთხოვილი ინფორმაციით (მ. კ–სა და ე. ნ–ის მიმოწერები, მეილიდან და სოციალური ქსელებიდან გამოთხოვილი ინფორმაციით) და სხვა მტკიცებულებებით) გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება ე. ნ–ის მიერ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას დააკმაყოფილის კასატორი დაცვის მხარის მოთხოვნა.
11. ასევე უსაფუძვლოა ბრალდების მხარე კასატორის მოთხოვნა ე. ნ–ისათვის გასაჩივრებული განაჩენით განსაზღვრული სასჯელის გამკაცრების შესახებ. კასატორი სასჯელის უსამართლობის მტკიცებისთვის უთითებს, რომ: ე. ნ–მა ბოროტად ისარგებლა დაზარალებულის ნდობით და მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა დიდი ოდენობით ფულად თანხებს, საქმის განხილვის არცერთ ეტაპზე არ გასჩენია გულწრფელი სინანულის განცდა, დაზარალებულისათვის მიყენებული ზიანი არ არის ანაზღაურებული და დაზარალებულს აქვს პრეტენზია მსჯავრდებულის მიმართ. კასატორი ასევე უთითებს დანაშაულის სიმძიმეზე, ხასიათზე და მსჯავრდებულის პიროვნულ მახასიათებლებზე. კასატორის მტკიცებით, მინიმალურთან მიახლოებული ხანგრძლივობით თავისუფლების აღკვეთა, ვერ უზრუნველყოფს პრევენციისა და რესოციალიზაციის მიზნებს.
12. საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილი სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს – ჯარიმას ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ექვსიდან ცხრა წლამდე.
13. საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.
14. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ „სასჯელის დაკისრება, თავისი ბუნებით, არ არის უფლება, რომელიც შეიძლება/უნდა დაკმაყოფილდეს ადამიანების მოთხოვნების, სურვილების შესაბამისად. სასჯელის სიმძიმე ყოველთვის ვერ იქნება დაზარალებულის გამოხატული ემოციის პროპორციული. სასჯელი უნდა იყოს რეალურად ჩადენილი ქმედების თანაზომიერი, დაფუძნებული როგორც ქმედების საზოგადოებრივ საშიშროებაზე, ისე დანაშაულის ყველა ინდივიდუალური გარემოების გათვალისწინებაზე“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 30 სექტემბრის N 1/8/594 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ხათუნა შუბითიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ" II-23).
14.1. საკასაციო სასამართლოს მყარად დადგენილი პრაქტიკის თანახმად, ზიანის ანაზღაურება (რაზეც ასევე უთითებს კასატორი ბრალდების მხარე საკასაციო საჩივარში) წარმოადგენს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებას და სასჯელზე გავლენას ახდენს შემსუბუქების თვალსაზრისით, ხოლო საწინააღმდეგო მოცემულობა არ შეიძლება შეფასდეს პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებად ან/და სასჯელის გამკაცრების საფუძვლად (მაგალითისთვის, იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2022 წლის 28 ივნისის №449აპ-22 განაჩენი; საქართველოს უზენაესი სასამართლოს შემდეგი განჩინებები: 2022 წლის 3 ივნისის №388აპ-22; 2024 წლის 10 ივლისის №36აპ-24, 2024 წლის 17 ივლისის №500აპ-22).
14.2. სასამართლო კვლავაც განმარტავს, რომ დაზარალებულს უფლება აქვს, ზიანის ანაზღაურება მოითხოვოს სამოქალაქო სამართალწარმოების წესით (იხ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს შემდეგი განჩინებები: 2021 წლის 25 მარტის №51აპ-19; 2021 წლის 12 ოქტომბრის №389აპ-21; 2024 წლის 16 ივლისის 504აპ-24; 2024 წლის 1 აგვისტოს №854აპ-24; 2024 წლის 14 ნოემბრის №845აპ-24 განაჩენი), გამარტივებული წარმოების წესით (იხ.: საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, თავი XXXIV3).
15. უსაფუძვლოა კასატორის მტკიცება დანაშაულის სიმძიმესა და ხასიათზე მითითებით დანიშნული სასჯელის გამკაცრების შესახებ. სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ადგენს სწორედ მოტყუებით დაზარალებულის კუთვნილი დიდი ოდენობით ნივთის მართლსაწინააღმდეგო დაუფლებისათვის. შესაბამისად, აღნიშნული წარმოადგენს დანაშაულის შემადგენლობის/მაკვალიფიცირებელ ნიშანს. ამასთან, გასაჩივრებული განაჩენით ე. ნ–ს განესაზღვრა საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის სანქციით გათვალისწინებული ყველაზე მკაცრი სასჯელი – თავისუფლების აღკვეთა. იმავდროულად, სასამართლო ითვალისწინებს, რომ ვინაიდან „თავისუფლების აღკვეთის საპირწონე არის შეზღუდული თავისუფლება, ის უნდა გამოიყენებოდეს მხოლოდ მაშინ და მხოლოდ იმ ხანგრძლივობით, როდესაც და რამდენადაც ეს უკიდურესად აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში” (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-29).
16. სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები, წარმოდგენილი მტკიცებულებები, დანაშაულის ჩადენის გარემოებები, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინაარმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და მსჯავრდებულის ინდივიდუალური მახასიათებლები ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა.
17. ბრალდების მხარეს სასამართლოსათვის არ წარუდგენია რაიმე მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა დანიშნული სასჯელის ზომის უსამართლობას, პრევენციის ან რესოციალიზაციის მიზნებთან შეუსაბამობას.
18. ე. ნ–ისთვის განსაზღვრული სასჯელი არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას, შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებს, სასჯელის მიზნებს (სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია).
19. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „აშკარად მკაცრი და არაგონივრული სასჯელი ზედმეტად შორდება სასჯელის ლეგიტიმურ მიზნებს, ხდება თვითმიზანი და ადამიანის ობიექტივიზაციის საფუძველი“(საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 2 აგვისტოს №1/6/770 გადაწყვეტილება „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-13).
20. იმავდროულად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 30 სექტემბრის განაჩენით ე. ნ–ს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 1657-ე მუხლის თანახმად, 16 წლით აეკრძალა საქართველოდან გასვლა.
21. გასაჩივრებული განაჩენის დადგენისას საქართველოს სსსკ-ის 1653-ე მუხლის პირველი ნაწილი (2025 წლის 16 ოქტომბრამდე მოქმედი რედაქცია) ადგენდა სასამართლოს ვალდებულებას, მათ შორის საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში მსჯავრდებული პირისათვის, სასჯელის განსაზღვრასთან ერთად დაეკისრებინა დაზარალებულისათვის კომპენსაციის გადახდის ვალდებულება, თუ დაზარალებული წერილობით არ აცხადებდა უარს კომპენსაციის გადახდაზე.
21.1. საქართველოს სსსკ-ის 1655-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დაზარალებულისთვის კომპენსაციის გადახდის უზრუნველყოფის ერთერთ ღონისძიებას წარმოადგენდა/წარმოადგენს მსჯავრდებულისთვის საქართველოდან გასვლის აკრძალვა. ამასთან, ქვემდგომი ინსტანციების სასამართლოების მიერ განაჩენების დადგენისას მოქმედი საქართველოს სსსკ-ის 1657-ის მუხლის მე-2 ნაწილის (2025 წლის 16 ოქტომბრამდე მოქმედი რედაქცია) თანახმად, მსჯავრდებულს საქართველოდან გასვლა ეკრძალებოდა 16 წლის ვადით.
21.2. „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს 2025 წლის 3 სექტემბრის კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, იმ სისხლის სამართლის საქმეზე, რომელიც ამ კანონის ამოქმედების მომენტისთვის სასამართლოს გადაცემული აქვს და რომელსაც პირველი ან მეორე ინსტანციის სასამართლო განიხილავს, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 1654-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ პირებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით დაზარალებულის კომპენსაციის გადახდის ვალდებულება არ ეკისრებათ, თუმცა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 1653-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ მსჯავრდებულს – საქართველოდან გასვლა აეკრძალება.
21.3. 2025 წლის 16 ოქტომბერს საქართველოს კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებებით შეიცვალა საქართველოს სსსკ-ით გათვალისწინებული – მსჯავრდებულების მიერ დაზარალებულისთვის კომპენსაციის გადახდის უზრუნველყოფის ღონისძიების (საქართველოდან გასვლის აკრძალვის) ვადა. კერძოდ:
21.4. 2025 წლის 16 ოქტომბერს საქართველოს კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებებით (აღნიშნული ცვლილებით, მათ შორის, გაუქმდა საქართველოს სსსკ-ის 1657-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილები, რომლებიც ადგენდა მსჯავრდებულისთვის საქართველოდან გასვლის აკრძალვის ხანგრძლივობას და აღნიშნული ვადის გამოანგარიშების წესს), მათ შორის საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულში მსჯავრდებულს, დაზარალებულისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების უზრუნველყოფის მიზნით, ქვეყნიდან გასვლა აეკრძალა უვადოდ, დაზარალებულისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებამდე ან დაზარალებულის მიერ ზიანის ანაზღაურებაზე უარის თქმამდე/შემთხვევაში (გასაჩივრებული განაჩენის დადგენისას მოქმედი კანონმდებლობით და განაჩენით განსაზღვრული საქართველოდან გასვლის 16 წლით აკრძალვის ნაცვლად).
21.5. „სააღსრულებო წარმოებათა“ შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს 2025 წლის 16 ოქტომბრის კანონით, „სააღსრულებო წარმოებათა“ შესახებ საქართველოს კანონს დაემატა 283-ე მუხლი, რომლის თანახმად, სისხლის სამართლის საქმეზე კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენით შესაბამისი პირისთვის დაზარალებულის კომპენსაციის გადახდის ვალდებულების დაკისრებასთან დაკავშირებით სააღსრულებო წარმოების დაწყების შემთხვევაში, დანაშაულით მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ მოთხოვნის დაკმაყოფილებამდე, საქართველოს სსსკ-ის 1653-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ მსჯავრდებულს (მათ შორის საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით), რომელიც საქართველოს მოქალაქეა ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირია, ეკრძალება საქართველოდან გასვლა.
21.6. „დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს 2025 წლის 16 ოქტომბრის კანონით „დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონის 4413-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით –„მსჯავრდებულისთვის საქართველოდან გასვლის აკრძალვის ღონისძიების შესრულება შეწყდება, თუ იგი გადაიხდის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებულ დაზარალებულის კომპენსაციას, მსჯავრდებული აანაზღაურებს დაზარალებულისთვის მიყენებულ ზიანს ან დაზარალებული წერილობით უარს განაცხადებს მისთვის დაზარალებულის კომპენსაციის გადახდაზე/მისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებაზე“.
21.7. შესაბამისად, მოქმედი კანონმდებლობით, საქართველოს სსსკ-ის 1653-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ მსჯავრდებულს (მათ შორის საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით) ქვეყნის დატოვება ეკრძალება უვადოდ – დაზარალებულისათვის მიყენებული ზიანის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სრულად ანაზღაურებამდე (გარდა იმ შემთხვევისა როდესაც დაზარალებული კომპენსაციის გადახდაზე/მისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებაზე განაცხადებს უარს).
21.8. საქართველოს სსსკ-ის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სისხლის სამართლის პროცესში გამოიყენება ის საპროცესო ნორმა, რომელიც მოქმედებს გამოძიებისა და სასამართლო განხილვის დროს.
21.8.1. შესაბამისად, ცვლილება უნდა შევიდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 30 სექტემბრის განაჩენის სარეზოლუციო ნაწილში და გაუქმდეს მითითება ე. ნ–ისთვის საქართველოდან გასვლის 16 წლით აკრძალვაზე.
22. სასამართლო ითვალისწინებს „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს 2025 წლის 16 ოქტომბრის კანონის განმარტებით ბარათს, რომლის თანახმად, დაზარალებული პირებისთვის მიყენებული ქონებრივი ზიანის სწრაფი და ეფექტური ანაზღაურებისთვის მსჯავრდებულს საქართველოდან გასვლის აკრძალვა დაეკისრება „სასამართლოს მიერ გამამტყუნებელ განაჩენში მითითების გარეშე“. იმავდროულად, სასამართლო ითვალისწინებს საქართველოს სსსკ-ის XVII1 თავს (რომელიც განსაზღვრავს დაზარალებულის კომპენსაციის გადახდის საფუძველს, დაზარალებულის კომპენსაციის გადახდის ვალდებულების დაკისრებას, დაზარალებულის კომპენსაციის გადახდის უზრუნველყოფის ღონისძიებებს – ქონებაზე ყადაღის დადებას და მსჯავრდებულისთვის საქართველოდან გასვლის აკრძალვას, მსჯავრდებულისთვის საქართველოდან გასვლის აკრძალვის გაუქმებას), ასევე იმ გარემოებას, რომ საქართველოს სსსკ-ის 1653-ე მუხლის პირველი ნაწილი ცალსახად მიუთითებს გამამტყუნებელი განაჩენით პირისთვის კომპენსაციის გადახდის ვალდებულების დაკისრებაზე.
22.1. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაშიც, დაზარალებულისთვის კომპენსაციის გადახდის უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს სსსკ-ის 1655-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე ე. ნ–ს უნდა აეკრძალოს საქართველოდან გასვლა საქართველოს სსსკ-ის 1658-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პირობების დადგომამდე.
22.2. „დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონის (დღეს მოქმედი რედაქცია) 4411-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსითა და „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მსჯავრდებულისთვის საქართველოდან გასვლის აკრძალვის ღონისძიების შესრულებას უზრუნველყოფს პრობაციის ბიურო მსჯავრდებულის საცხოვრებელი ან სამუშაო ადგილის მიხედვით.
22.3. საქართველოს სსსკ-ის 1657-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, მსჯავრდებულისთვის საქართველოდან გასვლის აკრძალვის აღსრულების მონიტორინგს ელექტრონული ზედამხედველობის საშუალების გამოყენებით ახორციელებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო.
23. შესაბამისად, საქართველოს სსსკ-ის 1657-ე მუხლის მე-4 ნაწილისა და 278-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ე. ნ–ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნტით მსჯავრდების შესახებ ეცნობოთ სააღსრულებო ბიუროსა და დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ბიუროს.
24. სასამართლო ითვალისწინებს, რომ ე. ნ–ის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის გამოყენებაზე ნამსჯელია თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 30 სექტემბრის განაჩენში.
III. ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 307-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ გიორგი ცეცხლაძის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. მსჯავრდებულ ე. ნ–ის ინტერესების დაცველი ადვოკატების – თ. ნ–ისა და გ. გ–ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
3. შევიდეს ცვლილება თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 30 სექტემბრის განაჩენში;
4. ე. ნ–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა – 6 წლითა და 6 თვით, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, შეუმცირდეს 1/6-ით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა – 5 წლითა და 5 თვით;
5. ე. ნ–ს სასჯელის მოხდის ვადა აეთვალოს დაკავებიდან - 2024 წლის 27 მარტიდან;
6. ცნობად იქნეს მიღებული, რომ ე. ნ–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია;
7. განაჩენი ნივთიერი მტკიცებულებების ნაწილში დარჩეს უცვლელად;
8. განაჩენი საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი
ლ. თევზაძე