შეიცვალა კვალიფიკაცია

სისხლის სამართლის 02.04.2026
საქმის ნომერი
2კ-44აპ.-26
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
02.04.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 190100125011148468

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განაჩენი

საქართველოს სახელით

საქმე №44აპ-26 2 აპრილი, 2026 წელი

ს–ი ე., №44აპ-26 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის

საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, ლევან თევზაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 10 დეკემბრის განაჩენზე რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ – თეონა წოწკოლაურისა და მსჯავრდებულ ე. ს–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის – ნ. კ–მ–ის საკასაციო საჩივრები.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

1.1. ე. ს–ი (პირადი ნომერი: ...........) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსკ-ის) 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახში ძალადობა, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი), საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტითა (ოჯახში ძალადობა, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ორი პირის მიმართ) და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ – ოთხი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის, რაც გამოიხატა შემდეგით:

2024 წლის ნოემბრის შუა რიცხვებში, გ–ს რაიონის სოფელ ა–ში, დაახლოებით, 13:00-14:00 საათზე, საცხოვრებელ სახლში ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ე. ს–მა, დას – პ. ს–ას, ელექტროდენის გამანაწილებელი რამდენჯერმე ჩაარტყა თავის მარცხენა არეში, მარცხენა ყურისა და ლოყის მიდამოში, რა დროსაც, პ. ს–ამ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

2024 წლის ნოემბრის შუა რიცხვებში, გ–ს რაიონის სოფელ ა–ში, დაახლოებით, 13:00-14:00 საათზე, საცხოვრებელ სახლში ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ე. ს–მა, დას – პ. ს–ას, ელექტროდენის გამანაწილებელი რამდენჯერმე ჩაარტყა თავის მარცხენა არეში, მარცხენა ყურისა და ლოყის მიდამოში, რა დროსაც, პ. ს–ამ განიცადა ფიზიკური ტკივილი. ამავე კონფლიქტის მიმდინარეობისას, ე. ს–ი დაემუქრა პ. ს–ას სიცოცხლის მოსპობით, რაც პ. ს–ამ აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

2024 წლის 15 დეკემბერს, დაახლოებით, 22:00-23:00 საათზე, გ–ს რაიონის სოფელ ა–ში, საცხოვრებელ სახლში ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ე. ს–მა ხელის მუშტები ორჯერ დაარტყა ცხვირში მამიდას - თ. ს–ას (რომელთან ერთადაც ეწეოდა ერთიან საოჯახო მეურნეობას), რის შედეგადაც, თ. ს–ას ცხვირიდან წამოუვიდა სისხლი და განიცადა ფიზიკური ტკივილი. მასთან გასაშველებლად მისულ პ. ს–ას, ე. ს–მა, რამდენჯერმე დაარტყა მარჯვენა მუშტი თავის, მარჯვენა თვალბუდისა და წარბის არეში, ითრია თმით და სამჯერ მიარტყმევინა თავი კედელზე. პ. ს–ას გაუსკდა წარბი, წამოუვიდა სისხლი და განიცადა ფიზიკური ტკივილი.

2024 წლის 15 დეკემბერს, დაახლოებით, 22:00-23:00 საათზე, გ–ს რაიონის სოფელ ა–ში, საცხოვრებელ სახლში ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ე. ს–მა ხელის მუშტები ორჯერ დაარტყა ცხვირში მამიდას - თ. ს–ას (რომელთან ერთადაც ეწეოდა ერთიან საოჯახო მეურნეობას), რის შედეგადაც, თ. ს–ას ცხვირიდან წამოუვიდა სისხლი და განიცადა ფიზიკური ტკივილი. მასთან გასაშველებლად მისულ პ. ს–ას, ე. ს–მა, რამდენჯერმე დაარტყა მარჯვენა მუშტი თავის, მარჯვენა თვალბუდისა და წარბის არეში, ითრია თმით და სამჯერ მიარტყმევინა თავი კედელზე. პ. ს–ას გაუსკდა წარბი, წამოუვიდა სისხლი და განიცადა ფიზიკური ტკივილი. ამავე კონფლიქტის მიმდინარეობისას, ე. ს–მა თ. და პ. ს–ებს განუცხადა, რომ მათ დახოცავდა, დანით გამოჭრიდათ ყელს, რაც პ. ს–ამ აღიქვა რეალურად, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში და დატოვა საცხოვრებელი სახლი.

2024 წლის 15 დეკემბერს, დაახლოებით, 22:00-23:00 საათზე, გ–ს რაიონის სოფელ ა–ში, საცხოვრებელ სახლში ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ე. ს–მა ხელის მუშტები ორჯერ დაარტყა ცხვირში მამიდას - თ. ს–ას (რომელთან ერთადაც ეწეოდა ერთიან საოჯახო მეურნეობას), რის შედეგადაც, თ. ს–ას ცხვირიდან წამოუვიდა სისხლი და განიცადა ფიზიკური ტკივილი. მასთან გასაშველებლად მისულ პ. ს–ას, ე. ს–მა, რამდენჯერმე დაარტყა მარჯვენა მუშტი თავის, მარჯვენა თვალბუდისა და წარბის არეში, ითრია თმით და სამჯერ მიარტყმევინა თავი კედელზე. პ. ს–ას გაუსკდა წარბი, წამოუვიდა სისხლი და განიცადა ფიზიკური ტკივილი. ამავე კონფლიქტის მიმდინარეობისას, ე. ს–მა თაზაგიულ და პ. ს–ებს განუცხადა, რომ მათ დახოცავდა, დანით გამოჭრიდათ ყელს, რაც თ. ს–ამ აღიქვა რეალურად, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში და დატოვა საცხოვრებელი სახლი.

2025 წლის 31 იანვარს, გ–ს რაიონის სოფელ ყ–ში მყოფ პ. ს–ას, მობილური ტელეფონის ნომერზე: .........., ე. ს–მა გაუგზავნა ხმოვანი შეტყობინება, რა დროსაც, დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით (თავის მოჭრით). აღნიშნული მუქარა პ. ს–ამ აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

2.1. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 11 ივნისის განაჩენით:

ე. ს–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის (2024 წლის ნოემბრის ეპიზოდები);

ე. ს–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 წლით;

ე. ს–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის (2024 წლის 15 დეკემბრის ეპიზოდი პ. ს–ას მიმართ) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 6 თვით;

ე. ს–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის (2024 წლის 15 დეკემბრის ეპიზოდი თ. ს–ას მიმართ) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 6 თვით;

ე. ს–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის (2025 წლის 31 იანვრის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 წლით;

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ე. ს–ის მიმართ დანიშნულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ე. ს–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 წლით.

2.2. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 11 ივნისის განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრეს რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორმა თეონა წოწკოლაურმა და მსჯავრდებულ ე. ს–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ნ. კ–მ–მა. ბრალდების მხარემ მოითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა და ე. ს–ის დამნაშავედ ცნობა ბრალად წარდგენილი ყველა ქმედებისათვის. დაცვის მხარემ მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება, მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენა, ხოლო ალტერნატივის სახით – დანიშნული სასჯელის შემსუბუქება.

3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:

3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 10 დეკემბრის განაჩენით მხარეთა სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 11 ივნისის განაჩენი დარჩა უცვლელად.

3.2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 10 დეკემბრის განაჩენი საქართველოს უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრეს რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორმა თეონა წოწკოლაურმა და მსჯავრდებულ ე. ს–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა – ნ. კ–მ–მა. ბრალდების მხარემ მოითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა და ე. ს–ის დამნაშავედ ცნობა ბრალად წარდგენილი ყველა ქმედებისათვის. დაცვის მხარემ მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება, მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენა, ხოლო ალტერნატივის სახით – დანიშნული სასჯელის შემსუბუქება და ჰუმანური სასჯელის შეფარდება.

4. კასატორების არგუმენტები:

4.1. ბრალდების მხარის განმარტებით, ე. ს–ის მიერ პ. ს–ას მიმართ დანაშაულების ჩადენა დადასტურებულია დაზარალებულისა და თ. ს–ას ჩვენებებით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით, აგრეთვე, გამომძიებელ ნონა სიბაშვილის ჩვენებით.

4.2. დაცვის მხარის განმარტებით, დაზარალებულები სუბიექტურად, შეთანხმებულად და მიკერძოებულად აღწერენ მოვლენებს. მათი ჩვენებები არ შეესაბამება სიმართლეს. ადვოკატის მტკიცებით, ისინი მიზნად ისახავდნენ მსჯავრდებულის თავიდან მოშორებას, ვინაიდან არ სურთ მასთან ერთად ცხოვრება. გარდა ამისა, საქმეში არ მოიპოვება ექსპერტიზის დასკვნები დაზარალებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობის (ფიზიკური დაზიანებების) შესახებ. ამასთან, ადოკატის განმარტებით, მსჯავრდებულისათვის შეფარდებული სასჯელი უსამართლოა.

5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

5.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა სისხლის სამართლის საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრების საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო დაცვის მხარის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:

5.2. საკასაციო სასამართლო, უპირველეს ყოვლისა, აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდგომში საქართველოს სსსკ-ის) 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს ერთი მხრივ, ე. ს–ის საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის (2024 წლის ნოემბრის ეპიზოდები) უდანაშაულოდ ცნობის, ხოლო, მეორე მხრივ, ე. ს–ის საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2024 წლის 15 დეკემბრის ეპიზოდი პ. ს–ას მიმართ), საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა (2024 წლის 15 დეკემბრის ეპიზოდი თ. ს–ას მიმართ) და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2025 წლის 31 იანვრის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის მსჯავრდების სისწორე, აგრეთვე, მისთვის შეფარდებული სასჯელის სამართლიანობა.

5.3. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს ბრალდების მხარის პოზიციას და სრულად ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ე. ს–ის საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2024 წლის ნოემბრის ეპიზოდები) წარდგენილ ბრალდებებში გამართლების შესახებ და აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები არ არის საკმარისი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, ბრალდების ამ ეპიზოდებში, გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად, კერძოდ:

5.4. საკასაციო სასამართლო კვლავაც განმარტავს, რომ სისხლის სამართლის საქმეში მტკიცებულებები ფასდება დანაშაულის თითოეული ეპიზოდისათვის ცალ-ცალკე და წარმოდგენილი მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს უნდა აკმაყოფილებდეს არა დანაშაულთა ერთობლიობის გათვალისწინებით, არამედ თითოეული ქმედების ფარგლებში, ერთმანეთისგან დამოუკიდებლად. ამასთან, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობით, შესაძლებელი უნდა იყოს არა მხოლოდ ფაქტების უტყუარი დადასტურება, არამედ მტკიცება უნდა მიემართებოდეს მატერიალური სამართლის ნორმის თითოეულ ელემენტს და ბრალადწარდგენილ თითოეულ ეპიზოდთან მიმართებით, უნდა ქმნიდეს დანაშაულის სრულყოფილ შემადგენლობას (საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 21 მარტის №1155აპ-24 განაჩენი). იმავდროულად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი მტკიცებულებითი სტანდარტი ოჯახური დანაშაულის ბრალდების საქმეებზე ითვალისწინებს, ერთი მხრივ, ოჯახური დანაშაულების სპეციფიკურ კონტექსტსა და მსხვერპლთა დაცვის განსაკუთრებულ საჭიროებას, მეორე მხრივ კი, მოითხოვს დაცულ იქნეს სამართლიანი სასამართლოს უფლება და პირის მსჯავრდება დაეფუძნოს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობას (საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 15 ივლისის N455აპ-22 განჩინება).

5.5. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მართალია, დაზარალებულმა პ. ს–ამ სასამართლოში მოწმის სახით დაკითხვისას დაადასტურა 2024 წლის ნოემბერში, ე. ს–ის მიერ მის მიმართ ჩადენილი ძალადობა და მუქარა – განმარტა, თუ როგორ დაარტყა ე. ს–მა ელექტროგამანაწილებელი ყურის/თავის არეში და დაემუქრა მოკვლით, რა დროსაც განიცადა ტკივილი და შეეშინდა მუქარის აღსრულების, თუმცა, დაზარალებულის ჩვენება წარმოადგენს ერთადერთ მტკიცებულებას, რომელიც სისხლის სამართლის საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებით დადასტურებული არ არის და ვერ აკმაყოფილებს გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საჭირო მტკიცებულებით სტანდარტს.

5.6. ე. ს–ის მიმართ ბრალად წარდგენილი ზემოაღნიშნული ქმედებების დამადასტურებელ მტკიცებულებად ბრალდების მხარე საკასაციო საჩივარში მოიხმობს მოწმე თ. ს–ას ჩვენებას, რომლის თანახმად, 2024 წლის 15 ნოემბერს, როდესაც სამსახურიდან დაბრუნდა, ნახა, რომ პ. ს–ას თვალის ქვემოთ ჰქონდა ჩაშავებული და, როგორც პ–მა უთხრა, მისთვის დენის გამანაწილებელი დაურტყამს ე–ს. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, თ. ს–ა არ წარმოადგენს ფაქტის თვითმხილველ მოწმეს. მისი განმარტებით, მომხდარი ძალადობის შესახებ მისთვის ცნობილი გახდა პ. ს–ასაგან.

5.7. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ „სასამართლომ ინდივიდუალურად უნდა შეაფასოს ყველა მტკიცებულება და ერთმანეთისაგან გამიჯნოს რომელი ჩვენება, ან ჩვენების ნაწილი წარმოადგენს ირიბს და შემდეგ გადაწყვიტოს, რამდენად შესაძლებელია ამ ჩვენების გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 14 ივლისის განაჩენი, საქმე N97აპ-20). მოწმე თ. ს–ას ჩვენების ის ნაწილი, რომელიც შეეხება პ. ს–ას განმარტებას 2024 წლის 15 ნოემბერს მის მიმართ ჩადენილი ძალადობის შესახებ, წარმოადგენს ირიბ ჩვენებას, რადგან გადმოსცემს სხვა პირის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ ირიბი ჩვენების გამოყენება შეიცავს პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით მცდარი აღქმის შექმნის საფრთხეს და, ამდენად, შეიძლება დასაშვები იყოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში და არა მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესით (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ 22.01.2015, II-37,52). შესაბამისად, საკანონმდებლო რეგულაციის არარსებობის პირობებში ირიბი ჩვენებების გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისთვის დაუშვებელია. რაც შეეხება თ. ს–ას მიერ მითითებულ გარემოებას, რომელიც უკავშირდება პ. ს–ას თვალის ქვემოთ არსებულ ჩაშავებას, საკასაციო სასამართლო, მტკიცებულებათა არასაკმარისობის გამო, ვერ რწმუნდება, რომ ეს უკანასკნელი ე. ს–ის ქმედების შედეგია. ამასთან, თ. ს–ას ჩვენება არ შეიცავს ინფორმაციას პ. ს–ას მიმართ განხორციელებული მუქარისა და მისი ფსიქო-ემოციური მდგომარეობის შესახებ.

5.8. ანალოგიურად, გამომძიებელ ნ. ს–ს ჩვენებაც წარმოადგენს ირიბს, რადგან გადმოსცემს დაზარალებულ პ. ს–ას ნაამბობს. მართალია, მოწმემ მიუთითა, რომ პ. ს–ას წარბზე აღენიშნებოდა დაზიანება, თუმცა, ერთი მხრივ, დადასტურებული არ არის ხსენებული დაზიანების წარმომავლობა და მისი წარმოქმნის გარემოებები, ხოლო, მეორე მხრივ, გამომძიებელმა დაზარალებული პ. ს–ა იხილა 2025 წლის 1 თებერვალს, რა დროსაც, მის სახეზე, კერძოდ – წარბზე არსებული დაზიანება ვერ გახდება 2024 წლის ნოემბრის შუა რიცხვებში სავარაუდოდ ჩადენილი ძალადობის (თავის მარცხენა არეში, მარცხენა ყურისა და ლოყის მიდამოში ელექტროგამანაწილებლის დარტყმა) დამადასტურებელი მტკიცებულება, მით უფრო, რომ ბრალდების მხარე ე. ს–ს პ. ს–ასათვის წარბის არეში დაზიანების მიყენებას ედავება 2024 წლის 15 დეკემბერს მომხდარი კონფლიქტის ფარგლებში.

5.9. რაც შეეხება პროკურორის მიერ საკასაციო საჩივარში მითითებულ დაზარალებულის მონაწილეობით ჩატარებულ საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმს, რომელიც იმეორებს დაზარალებულის ჩვენებას, საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი და დაზარალებულის ჩვენება წარმოადგენს ერთი წყაროდან (დაზარალებულისაგან) მოპოვებულ ინფორმაციას და არ ქმნის გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობას.

5.10. სასამართლო ითვალისწინებს ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა განსაკუთრებულ მოწყვლადობას და იმ სირთულეებს, რაც უკავშირდება მტკიცებულებების შეგროვებას, როდესაც „ძალადობას ადგილი აქვს კერძო გარემოში“ (Volodina v Russia, no.41261/17, §82, ECtHR, 09/07/2019). აღნიშნულის მიუხედავად, მოქმედი კანონმდებლობა ადგენს ერთნაირ მტკიცებით სტანდარტს გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად დანაშაულის კატეგორიის მიუხედავად და არ ითვალისწინებს უფრო დაბალი მტკიცებითი სტანდარტის გამოყენებას ოჯახური დანაშაულის კატეგორიას მიკუთვნებულ საქმეებზე. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ მტკიცებულებები, რომლებიც საფუძვლად ედება გამამტყუნებელ განაჩენს, პირველ რიგში უნდა შეფასდეს მათი უტყუარობისა და საკმარისობის თვალსაზრისით. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის იმპერატიული დანაწესის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს და ყოველგვარი ეჭვი, რომელიც კანონის შესაბამისად ვერ დადასტურდება, ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს. საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი, ხოლო საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილისა და ამავე კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას, რაც საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის თანახმად, გულისხმობს მტკიცებულებათა ისეთ ერთობლიობას, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში.

5.11. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, წარმოდგენილ სისხლის სამართლის საქმეში სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით უტყუარად არ დადასტურდა ე. ს–ის მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2024 წლის ნოემბრის ეპიზოდები) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა, რის გამოც მტკიცებულებათა შეფასებისას წარმოშობილი ეჭვი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

5.12. საკასაციო სასამართლო ასევე არ იზიარებს დაცვის მხარის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა არ დასტურდება ე. ს–ის მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2024 წლის 15 დეკემბრის ეპიზოდი პ. ს–ას მიმართ), საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა (2024 წლის 15 დეკემბრის ეპიზოდი თ. ს–ას მიმართ) და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2025 წლის 31 იანვრის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა. საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას და აღნიშნავს, რომ გასაჩივრებული განაჩენი ე. ს–ის მსჯავრდების ნაწილში ეფუძნება კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეულ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს მსჯავრდებულის მიერ ზემოაღნიშნული ქმედებების ჩადენას, კერძოდ:

5.13. დაზარალებულ თ. ს–ას ჩვენებით, 2024 წლის 15 დეკემბერს, იმყოფებოდნენ სახლში, რა დროსაც, ე. ს–მა, მას და პ. ს–ას დაუწყო ჩხუბი. მოწმემ განმარტა, რომ ე–მა ცხვირში დაარტყა მუშტი, ხელი ორჯერ დაარტყა და ცხვირიდან სისხლი წამოუვიდა, იგრძნო ტკივილი. ამ დროს, ე–მა თავის დას – პ–საც დაარტყა წარბის არეში. ე. ს–ი მას და პ. ს–ას აყენებდა შეურაცხყოფას, თან ემუქრებოდა, რომ ორივეს მოკლავდა, რის გამოც განიცადეს შიში. 2025 წლის 31 იანვარს, ის და პ–ი ერთად ისხდნენ ქუჩაში, რა დროსაც, ე–მა დაურეკა პ–ს და ორივეს აყენებდა შეურაცხყოფას. პ–ს სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა, რის გამოც, შეეშინდათ. აღნიშნული მუქარა ესმოდა, რადგან ტელეფონი მაღალ ხმაზე იყო. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ დაზარალებულმა პ. ს–ამ ანალოგიურად აღწერა 2024 წლის 15 დეკემბერსა და 2025 წლის 31 იანვარს განვითარებული მოვლენები. მოწმის განმარტებით, 2024 წლის 15 დეკემბერს, ე–ი მთვრალი დაბრუნდა სახლში, მამიდას დაუყვირა და დაარტყა ცხვირის არეში. ამის შემდგომ, მასაც დაარტყა და წარბი გაუსკდა, სისხლი მოსდიოდა, კედელზეც მიარტყმევინა თავი. იმავდროულად, ორივეს მოკვლით ემუქრებოდა, რის გამოც, განიცადა შიში. 2025 წლის 31 იანვარს იმყოფებოდა ყ*ში, ქუჩაში, რა დროსაც, ე. ს–ი ტელეფონით დაემუქრა მოკვლით, რის გამოც განიცადა შიში. დაზარალებულთა ჩვენებები თანმიმდევრულად, დეტალურად და დამაჯერებლად აღწერს განვითარებულ მოვლენებს როგორც 2024 წლის 15 დეკემბრის ფიზიკური ძალადობისა და მუქარის, ისე – 2025 წლის 31 იანვრის მუქარის ფაქტებთან მიმართებით და არ შეიცავს წინააღმდეგობას საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებებთან მიმართებით. ორივე დაზარალებულმა დამაჯერებლად ისაუბრა ძალადობის შედეგად განცდილ ტკივილთან და მუქარის შედეგად განცდილ საფუძვლიან შიშთან მიმართებით. სისხლის სამართლის საქმის მასალებით არ ვლინდება რაიმე ფაქტობრივი გარემოება, რაც დაზარალებულთა ჩვენებების სანდოობას ეჭვქვეშ დააყენებს. შესაბამისად, დაცვის მხარის არგუმენტი დაზარალებულთა ჩვენებების არასანდოობის შესახებ საფუძველს მოკლებულია და არ არის გამყარებული საქმეში არსებული მტკიცებულებებით. დაზარალებულთა ჩვენებები 2025 წლის 31 იანვრის მუქარის ნაწილში გამყარებულია პ. ს–ას მობილური ტელეფონიდან გამოთხოვილი, ე. ს–ის კუთვნილი ტელეფონის ნომრიდან გაგზავნილი, მუქარის შემცველი ხმოვანი შეტყობინებით, რომელიც გამოკვლეულ იქნა სასამართლო სხდომაზე თარჯიმნის მონაწილეობით და რომლის თანახმადაც, ე. ს–ი თავის მოჭრით ემუქრება პ. ს–ას. რაც შეეხება დაცვის მხარის პრეტენზიას დაზარალებულთა სხეულზე დაზიანებების აღმნიშვნელი სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნების არარსებობის შესახებ, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ იმ პირობებში, როდესაც საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმდა დადასტურებულია ძალადობისა და მის შედეგად განცდილი ტკივილის ფაქტი, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის არარსებობას ვერ ექნება გადამწყვეტი მნიშვნელობა ქმედების საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლით კვალიფიკაციისათვის.

5.14. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლოს შეფასებით, სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებები სრულყოფილად და ობიექტურად შეაფასა, გასაჩივრებული განაჩენი ეფუძნება კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეულ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს მსჯავრდებულის მიერ მუქარისა და ძალადობის ჩადენის ფაქტებს.

5.15. იმავდროულად, საკასაციო სასამართლო არ ეთანხმება ე. ს–ის მიერ 2024 წლის 15 დეკემბერს პ. ს–ასა და თ. ს–ას მიმართ ჩადენილი მუქარის დანაშაულთა ერთობლიობით (ორ ეპიზოდად) კვალიფიკაციას და აღნიშნავს, რომ როგორც საქმეში არსებული მტკიცებულებებით, კერძოდ, დაზარალებულთა ჩვენებებით დგინდება, 2024 წლის 15 დეკემბერს მიმდინარე კონფლიქტის დროს, ე. ს–ი არა – ცალ-ცალკე, ახლად აღმოცენებული განზრახვითა და დამოუკიდებელი ქმედებებით, არამედ – ერთდროულად, ერთი ქმედებითა და ერთიანი განზრახვით დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით ორივე დაზარალებულს.

5.16. საგულისხმოა, რომ პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, 2024 წლის 15 დეკემბერს, კონფლიქტის მიმდინარეობისას, ე. ს–მა თაზაგიულ და პ. ს–ებს განუცხადა, რომ მათ დახოცავდა, დანით გამოჭრიდა ყელს, რაც სასამართლომაც დადგენილად მიიჩნია. მიუხედავად იმისა, რომ არც ბრალდების მხარეს და არც სასამართლოს დაუდგენია ე. ს–ის მიერ დაზარალებულთა მიმართ ცალ-ცალკე, დამოუკიდებელი ქმედებების (მუქარის) ჩადენა, მსჯავრდებულის ქმედება დანაშაულთა ერთობლიობით, ორ დამოუკიდებელ ეპიზოდად დაკვალიფიცირდა, რასაც საკასაციო სასამართლო არ იზიარებს და კვლავაც აღნიშნავს, რომ მართალია, საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლი მაკვალიფიცირებელ გარემოებად არ ითვალისწინებს ქმედების ჩადენას ორი ან მეტი პირის მიმართ (რასაც მოცემულ შემთხვევაში ჰქონდა ადგილი), თუმცა აღნიშნული არ შეიძლება განიმარტოს ისე, რომ პირის მიერ ჩადენილი ერთი ქმედება დაკვალიფიცირდეს რამდენიმე ეპიზოდად და თითოეული ეპიზოდისთვის დაენიშნოს ცალკე სასჯელი (საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 3 ოქტომბრის N522აპ-22 განაჩენი). ამდენად, ე. ს–ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით ორ ეპიზოდად (პ. ს–ასა და თ. ს–ას მიმართ 2024 წლის 15 დეკემბერს ჩადენილი მუქარა) წარდგენილი ბრალდება უნდა დაკვალიფიცირდეს ერთ ეპიზოდად – საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2024 წლის 15 დეკემბრის ეპიზოდი პ. ს–ასა და თ. ს–ას მიმართ).

5.17. რაც შეეხება ე. ს–ის მიმართ გამოსაყენებელ სასჯელის სახესა და ზომას, საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს კონკრეტული საქმის ინდივიდუალურ გარემოებებს: ჩადენილი ქმედებების სიმძიმესა და ხასიათს, საზოგადოებრივ საშიშროებას, ქმედებების განხორციელების ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, მსჯავრდებულის წარსულ ცხოვრებასა და მის პიროვნებას (გამოირჩევა დანაშაულის ჩადენისაკენ მიდრეკილებით, ახასიათებს სხვათა უფლებებისა და თავისუფლებებისადმი უპასუხისმგებლო დამოკიდებულება, ამასთან, მისთვის წარსულში დანიშნული სასჯელი არ აღმოჩნდა დამაფიქრებელი და ვერ უზრუნველყო ახალი დანაშაულების თავიდან აცილება), დანაშაულის რეციდივს (ე. ს–მა მსჯავრადშერაცხილი დანაშაულები ჩაიდინა რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 24 თებერვლის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის ნასამართლობის პირობებში), სასჯელის მიზნებს და საქართველოს სსკ-ის 39-ე, 53-ე, და 58-ე მუხლების მოთხოვნათა გათვალისწინებით: ე. ს–ისათვის საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის დანიშნული სასჯელი – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა სრულად აკმაყოფილებს სასჯელის პროპორციულობის პრინციპს და უნდა დარჩეს უცვლელად. რაც შეეხება საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2025 წლის 31 იანვრის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულისათვის დანიშნულ სასჯელს, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ შეიცავს დასაბუთებას, თუ რატომ მიიჩნია სასამართლომ მსჯავრდების ამ ეპიზოდში 2 წლით თავისუფლების აღკვეთა პროპორციულ სასჯელად, მაშინ როდესაც ანალოგიური ქმედებისათვის (2024 წლის 15 დეკემბრის მუქარის ორი ეპიზოდი) შეუფარდა 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ე. ს–ს საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2025 წლის 31 იანვრის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის შეფარდებული სასჯელი უნდა შეუმცირდეს და განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 6 თვით. ე. ს–ს საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2024 წლის 15 დეკემბრის ეპიზოდი პ. ს–ასა და თ. ს–ას მიმართ) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვისაც უნდა შეეფარდოს თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 6 თვით. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ ე. ს–მა ეს უკანასკნელი დანაშაული – 2024 წლის 15 დეკემბრის მუქარა – განახორციელა ორი დაზარალებულის მიმართ, რაც მნიშვნელოვნად ამაღლებს ქმედების საზოგადოებრივ საშიშროებასა და ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების ხარისხს, თუმცა, საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილისა (საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში) და საქართველოს სსსკ-ის 308-ე მუხლის მე-2 ნაწილის (საკასაციო სასამართლოს უფლება აქვს, მათ შორის, დანიშნოს უფრო მკაცრი სასჯელი, თუ ბრალდების მხარემ შეიტანა საკასაციო საჩივარი სწორედ ამ მოთხოვნით და თუ მას ასეთი პოზიცია ეკავა პირველი ინსტანციისა და სააპელაციო სასამართლოებში) მოთხოვნათა გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო, ბრალდების მხარის მოთხოვნის არარსებობის გამო (პროკურორის საკასაციო საჩივრის მოთხოვნას წარმოადგენს ე. ს–ის სრულად დამნაშავედ ცნობა წარდგენილ ბრალდებებში), მოკლებულია საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2024 წლის 15 დეკემბრის ეპიზოდი პ. ს–ასა და თ. ს–ას მიმართ) დანიშნული სასჯელის გამკაცრების შესაძლებლობას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ თეონა წოწკოლაურის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. მსჯავრდებულ ე. ს–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის – ნ. კ–მ–ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 10 დეკემბრის განაჩენში შევიდეს ცვლილება:

4. ე. ს–ი ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა (2024 წლის ნოემბრის ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2024 წლის ნოემბრის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებებში;

5. ე. ს–ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა (2024 წლის 15 დეკემბრის ეპიზოდი პ. ს–ას მიმართ) და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2024 წლის 15 დეკემბრის ეპიზოდი თ. ს–ას მიმართ) წარდგენილი ბრალდებები დაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2024 წლის 15 დეკემბრის ეპიზოდი პ. ს–ასა და თ. ს–ას მიმართ).

6. ე. ს–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა (2024 წლის 15 დეკემბრის ეპიზოდი პ. ს–ასა და თ. ს–ას მიმართ) და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2025 წლის 31 იანვრის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვოს:

საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით – თავისუფლების აღკვეთა 2 წლით;

საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2024 წლის 15 დეკემბრის ეპიზოდი პ. ს–ასა და თ. ს–ას მიმართ) – თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 6 თვით;

საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2025 წლის 31 იანვრის ეპიზოდი) – თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 6 თვით.

7. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ე. ს–ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით დანიშნულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქას ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ე. ს–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 წლით.

8. ე. ს–ს სასჯელის მოხდის ვადა აეთვალოს დაკავებიდან – 2025 წლის 1 თებერვლიდან. ცნობად იქნას მიღებული, რომ ე. ს–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა – გაუქმებულია;

9. ნივთიერი მტკიცებულება – ორი დისკი – შეინახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით;

10. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა გამოტანისთანავე;

11. განაჩენი საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნინო სანდოძე

მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი

ლევან თევზაძე