საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 330100125011722759
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №11აპ-26 1 აპრილი, 2026 წელი
ბ–ე გ., №11აპ-26 თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის
საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, ლევან თევზაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 2 დეკემბრის განაჩენზე, მსჯავრდებულ გ. ბ–ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ბ. გ–ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. გ. ბ–ე (პირადი ნომერი: ...........) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსკ-ის) 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილით (შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, რაც გამოიხატა შემდეგით:
1.2. 2025 წლის 26 ივნისს, ღამის საათებში, თ–ში, კ–ს ქუჩა N..-ში, საცხოვრებელ სახლში, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა გ. ბ–ემ ბებიას- ფ. ბ–ეს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, რის გამოც მის მიმართ 30 დღის ვადით გამოწერილ იქნა შემაკავებელი ორდერი N..... და აეკრძალა ფ. ბ–ესთან, საცხოვრებელ სახლთან მიახლოება და კონტაქტი. მიუხედავად ამისა, 2025 წლის 29 ივნისს, ღამის საათებში, თ–ში, კ–ს ქუჩა N..-ში მდებარე სახლში ფ. ბ–ესთან მივიდა გ. ბ–ე ნასვამ მდგომარეობაში და მოსთხოვა ალკოჰოლური სასმელი, რა დროსაც მან დაარღვია 2025 წლის 26 ივნისს გამოწერილი შემაკავებელი ორდერით აკრძალული ქმედება.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
2.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 26 სექტემბრის განაჩენით, გ. ბ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა სრულად შთანთქა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 17 დეკემბრის განაჩენითა და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 28 ოქტომბრის განჩინებით განსაზღვრული დამატებითი სასჯელის მოუხდელი ნაწილი - ჯარიმა 5000 ლარი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით გ. ბ–ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლით.
2.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 26 სექტემბრის განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა მსჯავრდებულ გ. ბ–ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ბ. გ–ემ, რომელმაც სააპელაციო საჩივრით მოითხოვა მსჯავრდებულის მიმართ დანიშნული სასჯელის ნაწილის საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე პირობითად ჩათვლა.
3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:
3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 2 დეკემბრის განაჩენით, დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 26 სექტემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
3.2. 2025 წლის 29 დეკემბერს, მსჯავრდებულ გ. ბ–ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ბ. გ–ემ საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 2 დეკემბრის განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ, გ. ბ–ის მიმართ დანიშნული სასჯელის ნაწილის საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე პირობითად ჩათვლა.
4. კასატორის არგუმენტები:
4.1. კასატორის პოზიციით, დანიშნული სასჯელი არის ზედმეტად მკაცრი, ვინაიდან გ. ბ–ემ ითანამშრომლა გამოძიებასთან, აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, ხელი შეუწყო მტკიცებულებების მოპოვებას, მონაწილეობა მიიღო ყველა საგამოძიებო მოქმედებაში და უდავო გახადა მტკიცებულებები. დაცვის მხარეს სასჯელის დანიშვნისას გასათვალისწინებელ გარემოებად მიაჩნია, რომ დაზარალებულს მის მიმართ პრეტენზია არ აქვს და ითხოვა საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენება.
5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
5.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ მიუთითებს და ვერ ასაბუთებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ვერცერთ საფუძველს, რის გამოც იგი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
5.2. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის პოზიციას დანიშნული სასჯელის ნაწილის პირობით ჩათვლასთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში მითითებულია იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც სასამართლომ არ გაიზიარა დაცვის მხარის პოზიცია და უცვლელად დატოვა გ. ბ–ისათვის განსაზღვრული სასჯელი, რასაც საკასაციო სასამართლოც იზიარებს.
5.3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.
5.4. საქართველოს სსკ-ის 531-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დანაშაულის ჩადენა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ არის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება ამ კოდექსით გათვალისწინებული ყველა შესაბამისი დანაშაულისათვის. ამავე მუხლის მე-3-4 ნაწილების შესაბამისად, ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დამამძიმებელი გარემოების არსებობისას დანაშაულის ჩადენის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა, სულ მცირე, 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას.
5.5. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, გაითვალისწინა ჩადენილი დანაშაულის მოტივი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე და ხერხი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ასევე ის ფაქტი, რომ გ. ბ–ემ დანაშაული ჩაიდინა ოჯახის წევრის მიმართ და ყოველივე ზემოაღნიშნულისა და საქართველოს სსკ-ის 39-ე, 53-ე, 531-ე და 59-ე მუხლების მოთხოვნათა გათვალისწინებით, მას კანონიერი და სამართლიანი სასჯელი განუსაზღვრა. მოცემულ შემთხვევაში, გ. ბ–ის მიმართ განსაზღვრული სასჯელი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის სანქციის ფარგლებშია და საბოლოო სასჯელის განსაზღვრის წესი სრულად შეესაბამება როგორც საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მოთხოვნებს, ისე – საქმის ინდივიდუალურ გარემოებებს (ჩადენილი დანაშაულის ხასიათსა და მსჯავრდებულის პიროვნებას).
5.6. ამასთან, საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილზე, რომლის თანახმად, ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას სასამართლო უფლებამოსილია, განაჩენით დაადგინოს სასჯელის ნაწილის მოხდა, ხოლო დანარჩენი ნაწილის პირობით მსჯავრად ჩათვლა, თუ ბრალდებული (მსჯავრდებული) აღიარებს დანაშაულს (თუ პირს არ წაასწრეს დანაშაულის ჩადენისას ან ჩადენისთანავე), ასახელებს დანაშაულის ჩადენაში თანამონაწილეებს და თანამშრომლობს გამოძიებასთან. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ გ. ბ–ე დაკავებულ იქნა მსხვერპლის საცხოვრებელ მისამართზე თ–ში, კ–ს ქუჩა N..-ში, სადაც მიახლოება აკრძალული ჰქონდა შემაკავებელი ორდერის საფუძველზე. შესაბამისად, სახეზე არ არის საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული შეღავათის გამოყენების ერთ-ერთი წინაპირობა დანაშაულზე წასწრების დაუშვებლობის სახით. რისი გათვალისწინებითაც არ არსებობს საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით მისთვის დანიშნული სასჯელის ნაწილის პირობით ჩათვლის საფუძველი.
5.7. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland, no.49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no.12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009).
5.8. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v Georgia, no.12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).
5.9. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ გ. ბ–ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ბ. გ–ის საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნინო სანდოძე
მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი
ლევან თევზაძე