საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 04.05.2026
საქმის ნომერი
2კ-22აპ.-26
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
04.05.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100125011711890

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №22აპ-26 ქ. თბილისი

ნ. გ. 22აპ-26 4 მაისი, 2026 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),მამუკა ვასაძე, ლევან თევზაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 8 დეკემბრის განაჩენზე თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ თამთა გახარიას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით: გ. ნ–ეს, - პირადი ნომრით: ......, - ბრალად ედებოდა:

1.1. ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსკ-ის) 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, – დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი).

გ. ნ–ის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

2025 წლის 25 ივნისს, დაახლოებით 21:30 საათიდან 22:00 საათამდე დროის მონაკვეთში, ქ. თ–ში, ... ქუჩის N..-ის მიმდებარედ, გ. ნ–ემ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე წარმოშობილი კონფლიქტისას გ. მ–ს ფეხი სამჯერ დაარტყა უკანა ტანისა და წელის არეში, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

2025 წლის 25 ივნისს, დაახლოებით 22:00 საათზე, ქ. თ–ში, ... ქუჩის N..-ის მიმდებარედ გ. ნ–ემ მ. ა–ს ორჯერ დაარტყა მუშტი სახეში, რის შედეგადაც, ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

1.2. სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში – დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით.

გ. ნ–ის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

2025 წლის 25 ივნისს, დაახლოებით 22:00 საათზე, ქ. თ–ში, ..... ქუჩის N..-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ, გ. ნ–ე მ. ბ–ას დანის დემონსტრირებით დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, კერძოდ, უთხრა რომ მოკლავდა, რაც ამ უკანასკნელმა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 22 ოქტომბრის განაჩენით:

2.1. გ. ნ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (დაზარალებულ გ. მ–ის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა – 6 თვით;

2.2. გ. ნ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (დაზარალებულ მ. ა–ის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა – 6 თვით;

2.3. გ. ნ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა – 6 თვით;

2.4. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (დაზარალებულ გ. მ–ის ეპიზოდი) დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა სხვა თანაბარი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, გ. ნ–ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა – 6 თვით;

2.5. გ. ნ–ეს სასჯელის ვადა აეთვალა დაკავებიდან – 2025 წლის 25 ივნისიდან.

3. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორმა თამთა გახარიამ. აპელანტმა მოითხოვა ცვლილება გასაჩივრებულ განაჩენში სასჯელის დამძიმების კუთხით და გ. ნ–ისათვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრა.

3.1. ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი წარადგინეს მსჯავრდებულმა გ. ნ–ემ და მისმა ინტერესების დამცველმა ადვოკატმა მ. ბ–ემ. დაცვის მხარემ მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 22 ოქტომბრის განაჩენის უცვლელად დატოვება.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 8 დეკემბრის განაჩენით ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 22 ოქტომბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 8 დეკემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორმა თამთა გახარიამ. კასატორი ითხოვს გ. ნ–ის მიმართ უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრას.

6. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, par. 30, ECtHR, 25/12/2001).

7. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსსკ-ის) 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო საჩივრით კასატორი ითხოვს მსჯავრდებულ გ. ნ–ისათვის განსაზღვრული სასჯელების გამკაცრებას.

8. სასჯელის გამკაცრების შესახებ კასატორის მოთხოვნა დაუსაბუთებელია, ვინაიდან კასატორი ყოველგვარი დასაბუთების გარეშე, მხოლოდ საქართველოს სსკ-ის 39-ე და 53-ე მუხლებზე, სასჯელის მიზნებზე ზოგადად და აბსტრაქტულად მითითებით, მიიჩნევს, რომ სასამართლომ გ. ნ–ეს განუსაზღვრა შეუსაბამოდ მსუბუქი და არათანაზომიერი სასჯელი, რის გამოც ითხოვს სასჯელის გამკაცრებას.

8.1. სასჯელის გამკაცრების მოთხოვნის დასაბუთებისათვის კასატორი არ უთითებს წინამდებარე სისხლის სამართლის საქმეში არსებულ არცერთ კონკრეტულ ფაქტობრივ/სამართლებრივ გარემოებაზე, რაც ქვემდგომი ინსტანციების სასამართლოების მიერ, არ იყო/არასწორად იყო შეფასებული/გათვალისწინებული სასჯელის სახის/ზომის განსაზღვრისას და თავისთავად ან სხვა გარემოებებთან ერთობლიობაში ადასტურებს სასჯელის უკანონობას.

9. საქართველოს სსსკ-ის მე-300 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო წესით შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი, მათ შორის, იმ შემთხვევაშიც, თუ „გამოყენებულია სასჯელის ისეთი სახე ან ზომა, რომელიც აშკარად არ შეესაბამება მსჯავრდებულის ქმედების ხასიათსა და პიროვნებას“ (საქართველოს სსსკ-ის მე-300 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი). შესაბამისად, კანონმდებელი არ ითვალისწინებს მხოლოდ მიზანშეწონილობის კრიტერიუმიდან გამომდინარე სასჯელის გადასინჯვის უფლებამოსილებას (იხ. მაგ., საქართველოს უზენაესი სასამართლოს შემდეგი განჩინებები: 2026 წლის 26 იანვრის N 987აპ-25, 2025 წლის 12 ნოემბრის N680აპ-25, 2025 წლის 2 ოქტომბრის N 401აპ-25).

10. საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილი სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს: ჯარიმას ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ან შინაპატიმრობას ვადით ექვსი თვიდან ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ, ხოლო საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილი – ჯარიმას ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ან გამასწორებელ სამუშაოს ვადით ერთ წლამდე ან შინაპატიმრობას ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

11. სასამართლო ითვალისწინებს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით განსაზღვრულ სასჯელის მიზნებს და საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, დანაშაულის ხასიათს, მსჯავრდებულის დამოკიდებულებას ჩადენილი დანაშაულებისადმი (აღიარა) და მტკიცებულებების უდავოდ ცნობას, იმ გარემოებას, რომ იგი ნასამართლობის არმქონე პირია, ჩადენილია განზრახი ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულები, კასატორი არ უთითებს ისეთ მტკიცებულებაზე/გარემოებაზე, რაც არ წარმოადგენდა პირველი და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოების შეფასების საგანს/უკანონოდ იქნა შეფასებული გასაჩივრებული განაჩენის დამდგენი სასამართლოს მიერ და მიუთითებს სასჯელის უკანონობაზე, ადასტურებს სასჯელის უსამართლობას, პრევენციის ან რესოციალიზაციის მიზნებთან შეუსაბამობას.

11.1. იმავდროულად, სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ გასაჩივრებული განაჩენით გ. ნ–ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საქართველოს სსკ-ის შესაბამისი მუხლებით განსაზღვრული ალტერნატიული სასჯელებიდან ყველაზე მკაცრი სასჯელი – თავისუფლების აღკვეთა 6 თვით, ბრალდების მხარეს კი სასამართლოსათვის არ წარუდგენია მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა სასჯელის უსამართლობას, პრევენციის ან რესოციალიზაციის მიზნებთან შეუსაბამობას, რის საფუძველზეც, შესაძლებელი იქნებოდა მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელის გამკაცრება.

12. „საკასაციო ინსტანციის სასამართლოების მიერ დასაშვებობის კრიტერიუმის გამოყენება ემსახურება მართლმსაჯულების ჯეროვნად განხორციელების კანონიერ მიზანს“ (იხ. Tchaghiashvili v. Georgia, no. 19312/07, par. 34, ECtHR, 2/09/2014; Borisenko and Yerevanyan Bazalt Ltd v. Armenia, no. 18297/08, ECtHR,14/04/2009, Kuparadze v. Georgia, no.30743/09, par.76, ECtHR, 21/09/2017).

13. იმის გათვალისწინებით, რომ მომჩივნის რელევანტური არგუმენტები განიხილა ქვედა ორი ინსტანციის სასამართლომ, მომჩივნის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა ვერ იქნება მიჩნეული სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლებაზე დაწესებულ არაპროპორციულ შეზღუდვად (Tortladze v. Georgia, no.42371/08, par. 77, ECtHR, 18/03/2021).

14. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ თამთა გახარიას საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 8 დეკემბრის განაჩენზე გ. ნ–ის მიმართ;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: მ. ვასაძე

ლ. თევზაძე