საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010100121004945819
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №118აპ-26 ქ. თბილისი
ა. რ.118აპ-26 29 მაისი, 2026 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),მამუკა ვასაძე, ლევან თევზაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2026 წლის 22 იანვრის განაჩენზე ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ანი ბორჩაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით: რ. ა–ს, - დაბადებული .... წელს, ი–ს მოქალაქე, პირადი ნომერი: .... - ბრალად ედებოდა, გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსკ-ის) 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, – დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.
1.1. რ. ა–ის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
2021 წლის 28 ივნისს, საღამოს საათებში, ქალაქ ბ–ში, შ–ს ქუჩის №....-ში განთავსებულ სასტუმრო „ვ–ს“ ...-ე ნომერში, გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ეჭვიანობის ნიადაგზე, სტერეტიპული დამოკიდებულების გამო, რომ იყო მამაკაცი, შესაბამისად, ოჯახის უფროსი, ქალის დაქვემდებარებული როლის, მასზე უპირატესი მდგომარეობის და მესაკუთრული დამოკიდებულების მოტივით ტ. ა–ის უცნობ მამაკაცთან კომუნიკაციით გაღიზიანებულმა რ. ა–მა მხრის არეში ხელის დარტყმით ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა თავისი ოჯახის წევრს, მეუღლეს – ტ. ა–ს, რის გამოც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
2. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 8 სექტემბრის განაჩენით:
2.1. რ. ა–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტისა და მე-8 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე გაუნახევრდა და საბოლოოდ განესაზღვრა – 3 წლით თავისუფლების აღკვეთა;
2.2. მსჯავრდებულ რ. ა–ს სასჯელის მოხდის ვადა აეთვლება დაკავებიდან.
3. სასამართლომ დაადგინა:
2021 წლის 28 ივნისს, საღამოს საათებში, ქალაქ ბ–ში, შ–ს ქუჩის №....-ში განთავსებულ სასტუმრო „ვ–ს“ ნომერში, ტ. ა–ის უცნობ მამაკაცთან კომუნიკაციით გაღიზიანებულმა რ. ა–მა მხრის არეში ხელის დარტყმით ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა თავისი ოჯახის წევრს, მეუღლეს – ტ. ა–ს, რის გამოც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
4. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 8 სექტემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ოლღა მერებაშვილმა. აპელანტმა მოითხოვა ცვლილება გასაჩივრებულ განაჩენში და რ. ა–ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის – თავისუფლების აღკვეთა – მაქსიმალური ხანგრძლივობით განსაზღვრა, პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით.
5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2026 წლის 22 იანვრის განაჩენით ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 8 სექტემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2026 წლის 22 იანვრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ანი ბორჩაშვილმა.
7. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსსკ-ის) 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კასატორი დაასაბუთებს ამავე ნაწილით ამომწურავად განსაზღვრული, რომელიმე წინაპირობის/ების არსებობას. ამავე მუხლის მე-31 ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლოს ევალება, შეამოწმოს დასაშვებია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილ მოთხოვნათა შესაბამისად და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საკასაციო საჩივარი აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, იგი ცნობილ უნდა იქნეს დასაშვებად (იხ.: მაგალითად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს შემდეგი განჩინებები: 2025 წლის 20 ნოემბრის N751აპ-25, 2025 წლის 12 ნოემბრის N737აპ-25, 2025 წლის 28 ივლისის N193აპ-25).
7.1. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7.2. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია საქმე განიხილოს ზეპირი მოსმენის გარეშე.
8. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, par.30, ECtHR, 25/12/2001); ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ.Gorou v. Greece (No.2) no. 12686/03, paras. 37, 41, ECtHR, 20/03/2009).
9. საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში.
9.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2026 წლის 22 იანვრის განაჩენი გაასაჩივრა მხოლოდ ბრალდების მხარემ (დაცვის მხარის საკასაციო საჩივარი წარმოდგენილი არ არის).
9.2. კასატორი ითხოვს რ. ა–ის დამნაშავედ ცნობას მისთვის ბრალადწარდგენილი დანაშაულის (ბრალადწარდგენილი – ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შეუწყნარებლობა – მოტივით) ჩადენაში და მისთვის გასაჩივრებული განაჩენით განსაზღვრული სასჯელის გამკაცრებას – გენდერული დისკრიმინაციის მოტივის გათვალისწინება, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის – თავისუფლების აღკვეთა – მაქსიმალური ხანგრძლივობით გამოყენებას პენიტენციურ დაწესებულებაში სრულად მოხდით.
10. სასამართლო ითვალისწინებს, რომ რ. ა–ის მსჯავრდება ეფუძნება სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილ შემდეგ მტკიცებულებებს: 2021 წლის 28 ივნისის N...... შეტყობინებას, 2021 წლის 28 ივნისის N....... შემაკავებელ ორდერს, მოწმეთა: გ. ა–ს, ნ. ბ–სა და მ. შ–ს ჩვენებებს, საქართველოს სსსკ-ის 243-ე მუხლის საფუძველზე გამოქვეყნებულ დაზარალებულ ტ. ა–ს გამოკითხვის ოქმს.
11. უსაფუძვლოა კასატორის მტკიცება, რომ სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება რ. ა–ს მიერ ფიზიკური ძალადობის ჩადენა გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით (ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შეუწყნარებლობის მოტივით). სასამართლო ითვალისწინებს, რომ კასატორის მიერ მითითებული მოწმეების: ნ. ბ–სა (გამომძიებელი) და მ. შ–ის (შეტყობინების ინიციატორი) ჩვენებები დაზარალებულ ტ. ა–ის მიმართ ჩადენილი ძალადობის მოტივთან მიმართებით, არის ირიბი, რადგან ისინი ინციდენტის – რ. ა–ის მიერ ტ. ა–ის მიმართ ძალადობის – შემსწრენი არ არიან. ისინი ასევე არ შესწრებიან ქ. ბ-ს ბ-ში მომხდარ კონფლიქტს რ. ა–სა და ტ. ა–ს შორის (რაც შემდგომში გახდა ფიზიკური ძალადობის მიზეზი) და მომხდარის შესახებ გადმოცემით იციან დაზარალებულისაგან.
11.1. იმავდროულად, სასამართლო ითვალისწინებს, რომ მოწმე გ. ა–ს ჩვენება, 2021 წლის 28 ივნისის N..... შეტყობინება და 2021 წლის 28 ივნისის N..... შემაკავებელი ორდერი არ შეიცავს ინფორმაციას რ. ა–ის მიერ ფიზიკური ძალადობის გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით (ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შეუწყნარებლობის მოტივით) ჩადენის შესახებ.
12. რ. ა–ის მიერ ფიზიკური ძალადობის გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენის დასადასტურებლად, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილია ერთადერთი პირდაპირი მამხილებელი მტკიცებულება – საქართველოს სსსკ-ის 243-ე მუხლის საფუძველზე გამოქვეყნებული დაზარალებულ ტ. ა–ის 2021 წლის 28 ივნისის გამოკითხვის ოქმი.
12.1. საქართველოს სსსკ-ის 243-ე მუხლის პირველ ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად მხოლოდ აღნიშნული მტკიცებულება (გამოქვეყნებული გამოკითხვის ოქმი) დაედოს.
12.2. კონვენციის მე-6 მუხლის მე-3 პარაგრაფის ,,დ’’ პუნქტი განამტკიცებს პრინციპს, რომ სანამ ბრალდებულს მსჯავრი დაედება, მის წინააღმდეგ ყველა მტკიცებულება წარმოდგენილი უნდა იქნეს მისი თანდასწრებით საჯარო განხილვის დროს, რათა უზრუნველყოფილ იქნეს შეჯიბრებითობის პრინციპი (იხ.: Al-Khawaja and Tahery v UK [GC], nos. 26766/05, 22228/06, paras. 119-147, ECtHR, 15/12/2011 2011; Schatschachwili v Germany [GC], no. 9154/10, par. 103, ECtHR, 15/12/2015; Seton v. UK, no. 55287/10, par. 75, ECtHR, 31/03/2016), mutatis mutandis, მაგისტრატი მოსამართლის წინაშე მოწმის დაკითხვისას მიღებული ჩვენებაც კი „არ შეიძლება ჩაითვალოს მომჩივნის უფლების ჩამნაცვლებლად დაკითხოს ეს მოწმე საქმის განმხილველი მოსამართლის თანდასწრებით, რომელიც საბოლოოდ განიხილავს მისი დამნაშავეობის საკითხს“ (Khavshabova v. Georgia, no. 26134/19, par.52, ECtHR, 29/09/2023). სასამართლო ასევე ითვალისწინებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიდგომას, რომ ვინაიდან დაზარალებული არის იემენის მოქალაქე „აშკარა იყო, რომ ისინი ს-ში ტურისტები იყვნენ და ჩვენების მიცემის შემდეგ მალე დატოვებდნენ ქვეყანას... საპროცესო კანონმდებლობა - სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 114-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი ითვალისწინებს მაგისრატი მოსამართლის წინაშე მოწმის დაკითხვის შესაძლებლობას. ნორმალურ ვითარებაში სასამართლო ასეთ პროცედურას განიხილავდა ძლიერ პროცედურულ გარანტიად ბრალდებულისთვის, რომელსაც არ შეუძლია მოწმეების დაკითხვა უშუალოდ სასამართლო პროცესის დროს. თუმცა არავითარი ახსნა-განმარტება არ გაკეთებულა იმასთან დაკავშირებით თუ რატომ არ იქნა ეს პროცედურული გარანტიები გამოყენებული ხსენებულ სამ მოწმესთან დაკავშირებით. თავიანთი ქმედებით, საგამოძიებო ორგანოებმა აიღეს მოსალოდნელი რისკი, რომელიც მოგვიანებით დადგა, რომ ბრალდებული ვერ შეძლებდა შემდგომში შესაბამისი მოწმეებისათვის შეკითხვების დასმას სამართალწარმოების ვერც ერთ ეტაპზე“(Khachapuridze and Khachidze v. Georgia, nos. 59464/21, 13079/22, par. 129, ECtHR, 29/08/2024).
12.3. მოცემულ შემთხვევაში, რ. ა–ის მიერ მისთვის მსჯავრადშერაცხილი დანაშაულის ბრალადწარდგენილი – გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის (ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შეუწყნარებლობის მოტივით) – მოტივით ჩადენის დამადასტურებელ ერთადერთ მტკიცებულებას წარმოადგენს დაზარალებულ ტ. ა–ის 2021 წლის 28 ივნისის გამოკითხვის ოქმი, რომელიც არსებით სასამართლო სხდომაზე იქნა გამოქვეყნებული საქართველოს სსსკ-ით დადგენილი მოთხოვნების დაცვით. დაზარალებული არ იქნა დაკითხული არც მაგისტრატი მოსამართლის წინაშე და არც არსებითი განხილვისას – დისტანციურად (იხ.: Khachapuridze and Khachidze v. Georgia, nos. 59464/21, 13079/22, par. 129, ECtHR, 29/08/2024). შესაბამისად, სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით არ დასტურდება რ. ა–ის მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის გენდერული დისკრიმინაციის მოტივით (ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შეუწყნარებლობის მოტივით) ჩადენა.
12.4. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის იმპერატიულ დანაწესს, საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის, საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილისა და საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს.
13. გასაჩივრებული განაჩენით განსაზღვრული სასჯელის გამკაცრების თაობაზე კასატორის მოთხოვნასთან მიმართებით, საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ:
13.1. კასატორი სასჯელის გამკაცრების მოთხოვნას უკავშირებს საქართველოს სსკ-ის 531-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ სასჯელის დამამძიმებელ გარემოებას – დანაშაულის ჩადენას ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შეუწყნარებლობის გამო.
13.2. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ ვინაიდან სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით არ დასტურდება რ. ა–ის მიერ დანაშაულის ჩადენა ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შეუწყნარებლობის გამო, არ არსებობს საქართველოს სსკ-ის 531-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით სასჯელის გამკაცრების საფუძველი. შესაბამისად, კასატორის მოთხოვნა გენდერული ნიშნით (ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შეუწყნარებლობის გამო) სასჯელის გამკაცრების შესახებ უსაფუძვლოა.
14. გასაჩივრებული განაჩენით განსაზღვრული სასჯელის კანონიერებასთან მიმართებით სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს: საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ოთხმოციდან ას ორმოცდაათ საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ორ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
15. გასაჩივრებული განაჩენით რ. ა–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საქართველოს სსკ-ის შესაბამისი მუხლით განსაზღვრული ალტერნატიული სასჯელებიდან ყველაზე მკაცრი სასჯელი – თავისუფლების აღკვეთა – მინიმალური ხანგრძლივობით.
15.1. სასამართლო ითვალისწინებს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით განსაზღვრულ სასჯელის მიზნებს და საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, დანაშაულის ხასიათს, იმ გარემოებას, რომ ჩადენილია განზრახი ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაული, კასატორი არ უთითებს ისეთ მტკიცებულებაზე/გარემოებაზე, რაც არ წარმოადგენდა პირველი და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოების შეფასების საგანს და მიუთითებს სასჯელის უკანონობაზე, ადასტურებს სასჯელის უსამართლობას, პრევენციის ან რესოციალიზაციის მიზნებთან შეუსაბამობას და რის საფუძველზეც, შესაძლებელი იქნებოდა მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელის გამკაცრება.
16. „საკასაციო ინსტანციის სასამართლოების მიერ დასაშვებობის კრიტერიუმის გამოყენება ემსახურება მართლმსაჯულების ჯეროვნად განხორციელების კანონიერ მიზანს“ (იხ. Tchaghiashvili v. Georgia, no. 19312/07, par. 34, ECtHR, 2/09/2014; Borisenko and Yerevanyan Bazalt Ltd v. Armenia, no. 18297/08, ECtHR,14/04/2009, Kuparadze v. Georgia, no.30743/09, par.76, ECtHR, 21/09/2017).
17. იმის გათვალისწინებით, რომ მომჩივნის რელევანტური არგუმენტები განიხილა ქვედა ორი ინსტანციის სასამართლომ, მომჩივნის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა ვერ იქნება მიჩნეული სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლებაზე დაწესებულ არაპროპორციულ შეზღუდვად (Tortladze v. Georgia, no.42371/08, par. 77, ECtHR, 18/03/2021).
18. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-13 მუხლით, საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით, საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ანი ბორჩაშვილის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2026 წლის 22 იანვრის განაჩენზე რ. ა–ის მიმართ;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: მ. ვასაძე
ლ. თევზაძე