საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 200100125011737722
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №58აპ-26 ქ. თბილისი
ბ-ი ზ, 58აპ-26 17 ივნისი, 2026 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, ნინო სანდოძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 15 დეკემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ ზ. ბ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი. ო-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თელავის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 18 სექტემბრის განაჩენით:
1.1. ზ. ბ-ი, - დაბადებული ... წლის ... სექტემბერს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლის მე-2 ნაწილით (2025 წლის 11 ივლისის ეპიზოდი) - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 160-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2025 წლის 11 ივლისის ეპიზოდი) - ჯარიმა 2000 ლარი, 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - ჯარიმა 2000 ლარი. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, სსკ-ის 120-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა სხვა სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით, ზ. ბ-ს, საბოლოოდ სასჯელის ზომად განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა 3 წელი. მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა 2025 წლის 12 ივლისიდან იმავე წლის 10 სექტემბრის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის დრო.
1.2. გაუქმდა ზ. ბ-ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო.
2. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ზ. ბ-მა ჩაიდინა ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია, ჩადენილი ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შეუწყნარებლობის გამო; ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შეუწყნარებლობის გამო ბინაში მფლობელის ნების საწინააღმდეგოდ უკანონო შესვლა, რომელიც არღვევს ბინის ხელშეუხებლობას; ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შეუწყნარებლობის გამო სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, რაც გამოიხატა შემდეგში:
· 2025 წლის 11 ივლისს, ღამის საათებში, ქალაქ თ-ში, კ. დ-ის ქუჩის №..-ში მდებარე მ. კ-ოს საცხოვრებელ სახლში, ზ. ბ-მა, ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შეუწყნარებლობის გამო, ვინაიდან მ. კ-ოს მიმართ გააჩნდა მესაკუთრული დამოკიდებულება და თვლიდა, რომ მასთან უნდა ჰქონოდა სასიყვარულო ურთიერთობა, დანით სხეულის სხვადასხვა არეში მიაყენა ჭრილობები, რომლებიც მიეკუთვნება დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით.
· 2025 წლის 11 ივლისს, ღამის საათებში, ზ. ბ-ი, ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შეუწყნარებლობის გამო, ვინაიდან მ. კ-ოს მიმართ გააჩნდა მესაკუთრული დამოკიდებულება და თვლიდა, რომ მასთან უნდა ჰქონოდა სასიყვარულო ურთიერთობა, მისი თანხმობის გარეშე და მისი ნების საწინააღმდეგოდ. უკანონოდ შევიდა ქალაქ თ-ში, კ. დ-ის ქუჩის №..-ში მდებარე მ. კ-ოს საცხოვრებელ სახლში, რითაც ზ. ბ-მა დაარღვია ბინის ხელშეუხებლობა.
· 2025 წლის 11 ივლისს, ღამის საათებში, ქალაქ თ-ში, კ. დ-ის ქუჩის №..-ში მდებარე მ. კ-ოს საცხოვრებელ სახლში, ზ. ბ-ი, ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შეუწყნარებლობის გამო, ვინაიდან მ. კ-ოს მიმართ გააჩნდა მესაკუთრული დამოკიდებულება და თვლიდა, რომ მასთან უნდა ჰქონოდა სასიყვარულო ურთიერთობა, დანის გამოყენებით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მას, რის შედეგადაც მ. კ-ოს გაუჩნდა მუქარის აღსრულების საფუძვლიანი შიში.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 15 დეკემბრის განაჩენით:
3.1. ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. თელავის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 18 სექტემბრის განაჩენში შევიდა ცვლილება, კერძოდ:
3.2. ზ. ბ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლის მე-2 ნაწილით - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, 160-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით 1 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, სსკ-ის 120-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა დანარჩენი სასჯელები და საბოლოოდ, ზ. ბ-ს დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის ზომად განესაზღვრა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო დაკავების დღიდან - 2025 წლის 15 დეკემბრიდან. მასვე, სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე პატიმრობაში ყოფნის დრო - 2025 წლის 12 ივლისიდან იმავე წლის 10 სექტემბრის ჩათვლით.
3.3. ზ. ბ-ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია.
4. კასატორმა - მსჯავრდებულ ზ. ბ-ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ი. ო-მა საკასაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 15 დეკემბრის განაჩენის გაუქმება და თელავის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 18 სექტემბრის განაჩენის უცვლელად დატოვება.
4.1. თელავის რაიონული პროკურორის მოადგილე მაია გუგეშაშვილმა შესაგებლით მოითხოვა დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 15 დეკემბრის განაჩენის უცვლელად დატოვება.
5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
5.1. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მხარის საჩივარს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა ფარგლებში განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია იგი.
6. მსჯავრდებულ ზ. ბ-ის მიერ მისთვის მსჯავრადშერაცხილი ქმედებების ჩადენა დადგენილია ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: თავად მსჯავრდებულის ნაწილობრივ აღიარებითი ჩვენებით, მოწმეების - ი. ბ-ის, ვ. კ-ის, ფ. კ-ის, პ. კ-ოს, ზ. ბ-ის, მ. კ-ოს, ი. დ-ის გამოკითხვის ოქმებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმითა და ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებები, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, ზ. ბ-ის ტანსაცმლის ამოღების ოქმით, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის №.. დასკვნითა და სხვა მტკიცებულებებით, რასაც სადავოდ არც კასატორი ხდის.
7. დაცვის მხარე სადავოდ ხდის მსჯავრდებულის მიერ მსჯავრადშერაცხილი დანაშაულების ჩადენას ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შეუწყნარებლობის გამო.
8. საკასაციო სასამართლო, სააპელაციო სასამართლოს მსგავსად მიუთითებს, რომ საქმის მასალებით დადასტურებულია ზ. ბ-ის მიერ ბრალადშერაცხილი დანაშაულების ჩადენა რამდენიმე დამამძიმებელი გარემოების თანხლებით, კერძოდ, სამივე ეპიზოდში სახეზეა ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შეუწყნარებლობის მოტივი. ყურადსაღებია დაზარალებულ მ. კ-ოს გამოკითხვის ოქმი, რომელშიც მან მიუთითა, რომ მას შემდეგ, რაც გაიგო, რომ ზ. ბ-ს ჰყავდა მეუღლე და შვილები, მასთან ურთიერთობა აღარ უნდოდა, რის შესახებაც უთხრა ზ-ს, თუმცა იგი ვერ ანებებდა თავს. შეუნიშნავს, რომ იგი ჩუმად ადევნებდა თვალს და შორიდან უთვალთვალებდა, აკონტროლებდა, თუ სად გადაადგილდებოდა, თუმცა მასთან ახლოს არ მიდიოდა. ზ. ბ-ი ცდილობდა მასთან დაკონტაქტებას, მაგრამ დაზარალებული მის ზარებს და შეტყობინებებს არ პასუხობდა, ბოლოს კი დაბლოკა. იგი სხვადასხვა ნომრიდან მაინც აწუხებდა, რის გამოც გადაწყვიტა, რომ უცხო ნომრებისთვის არ ეპასუხა. მ. კ-ოს გადმოცემით, შემთხვევის დღეს მის სახლში მისულმა ზ. ბ-მა უთხრა, რომ უყვარდა და რადგან დაზარალებულს არ უნდოდა მასთან ყოფნა, ამის გამო მოკლავდა. იგი ემუქრებოდა, თუ ჩემი არ ხარ, მოგკლავო, აფრთხილებდა, რომ ან მისი იქნებოდა, ან - არავისი.
9. გასათვალისწინებელია მოწმე პ. კ-ოს გამოკითხვის ოქმი, რომლის მიხედვით, იგი დაზარალებულ მ. კ-ოს შვილი. დედამისს დაახლოებით ერთი წელია ჰყავს მეგობარი მამაკაცი, ზ. ბ-ი, რომელთანაც რა ტიპის მეგობრობა აკავშირებს დედას, ზუსტად არ იცის, რადგან მისთვის ამის შესახებ არასოდეს უთქვამს. თუმცა ზ-ი კვირაში 3-4-ჯერ მაინც სტუმრობდა მათ საცხოვრებელ სახლში. ბოლო პერიოდში დედამისსა და ზ-ს ჰქონდათ დაძაბული ურთიერთობა და რაღაც პერიოდი საერთოდ შეწყვიტეს კონტაქტი, რადგან, როგორც დედამ უთხრა, დაიღალა ზ-ის ქცევებით. ამის შემდეგ გავიდა, დაახლოებით, 4-5 თვე, რა პერიოდშიც ორჯერ დაინახა, რომ ზ-ბი იყო მათ საცხოვრებელ სახლთან და გარედან იყურებოდა, თუმცა ის მათთან სახლში არ მისულა. ასევე იცის, რომ როდესაც დედამისი ცდილობდა ზ-ან ურთიერთობის შეწყვეტას, იგი თავს არ ანებებდა.
10. აღსანიშნავია, რომ არცერთი მოწმე არ მიუთითებს ზ. ბ-ის მხრიდან მ. კ-ოს სახლში სარემონტო სამუშაოების წარმოების თაობაზე, რაზეც აპელირებს დაცვის მხარე.
11. „ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, ქალისა და მამაკაცის თანასწორობა არის ადამიანის უფლებათა ნაწილი, რომელიც გულისხმობს ქალისა და მამაკაცის თანასწორ უფლება-მოვალეობას, პასუხისმგებლობას და პირად თუ საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში თანასწორუფლებიან მონაწილეობას. მოცემულ შემთხვევაში, ცალსახაა, რომ ზ. ბ-მა დაარღვია ამგვარი თანასწორობა მ. კ-ან მიმართებით, ვერ შეეგუა რა მის უარს ურთიერთობის შემდგომი გაგრძელების თაობაზე. იგი სწორედ ამ ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით მივიდა დაზარალებულთან სახლში 2025 წლის 11 ივლისს და ჩაიდინა არაერთი ძალადობრივი დანაშაული.
12. კიდევ ერთი დამამძიმებელი გარემოება, რომლის თანხლებითაც ზ. ბ-მა ჩაიდინა მ. კ-ოს მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება და სიცოცხლის მოსპობის მუქარა, უკავშირდება მისი მხრიდან იარაღის სახით დანის გამოყენებას. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ ზ. ბ-ი სწორედ დანის გამოყენებით აყენებდა დაზიანებებს მ. კ-ოს და ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით. ზ. ბ-ის კუთვნილი ავტომანქანის ჩხრეკის ოქმის თანახმად, ამოღებულ იქნა მძღოლისათვის განკუთვნილი სავარძლის ქვეშ არსებული მოშავო ფერის ტარისა და პირის მქონე საკეცი დანა მასზე არსებული მოწითალო ფერის სისხლისმაგვარი ლაქებით. საქართველოს შს სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ცივი იარაღის ექსპერტიზის № დასკვნით დასტურდება, რომ ექსპერტიზაზე წარდგენილი დანა არის მჭრელი და მიეკუთვნება ცივ იარაღთა კატეგორიას.
13. სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა როგორც სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო გარემოებები, ასევე - პირის ინდივიდუალური მახასიათებლები, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი (აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, ბრალდების მხარის მტკიცებულებები გახადა უდავოდ, რითაც ხელი შეუწყო სწრაფ მართლმსაჯულებას) და დამამძიმებელი(ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შეუწყნარებლობის გამო დანაშაულის ჩადენა) გარემოებები და საქართველოს სსკ-ის 39-ე, 53-ე მუხლების მოთხოვნათა გათვალისწინებითა და ამავე კოდექსის 531-ე მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად, ზ. ბ-ს შეუფარდა კანონიერი და სამართლიანი სასჯელი.
14. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მსჯავრდებულის ქმედებების სიმძიმე სრულად გადაწონის მისთვის პირობითი მსჯავრის გამოყენების მიზანშეწონილობას. სასჯელის დანიშვნისას სათანადოდ უნდა შეფასდეს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, რასაც მხოლოდ დანაშაულის ფორმალურად და არასრულად აღიარება და მტკიცებულებების პრეიუდიციად მიჩნევა არ განსაზღვრავს. როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, ზ. ბ-მა, მართალია, მონაწილეობა მიიღო ცალკეულ საგამოძიებო მოქმედებებში და მისი დახმარებით მოხდა დანაშაულის ჩადენის დროს მის მიერ გამოყენებული ნივთების მიკვლევა და ამოღება, თუმცა იგი შეეცადა, მომხდარი ფაქტი წარმოეჩინა განსხვავებულ ჭრილში, რაც, მისი აზრით, შეამსუბუქებდა მის სამართლებრივ მდგომარეობას და მ. კ-ოს სახლში მისვლისა და ფიზიკური დაზიანების ფაქტი დაუკავშირა მასთან სარემონტო სამუშაოების საფასურის ნიადაგზე წარმოშობილ კონფლიქტს, რაც არ დადასტურდა მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილი მტკიცებულებებით. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მტკიცებულებების უდავოდ მიჩნევა არ გულისხმობს მხოლოდ მათ გამოკვლევაზე უარის თქმას, არამედ ნიშნავს მათ შინაარსზე დათანხმებას, რასაც, მოცემულ შემთხვევაში, არ აქვს ადგილი. ქმედებების განხორციელების ხერხის, სახის, ინტენსივობის, დამდგარი შედეგის შეფასებისას გამოვლენილმა დამამძიმებელმა გარემოებებმა ასახვა უნდა ჰპოვოს როგორც სასჯელის სახესა და ზომაში, ისე სასჯელის მოხდის წესში. ამ კუთხით ხაზგასასმელია ზ. ბ-ის ქმედებები 2025 წლის 11 ივლისს და დამდგარი შედეგები, კერძოდ, იგი უკანონოდ შევიდა ქ. თ-ში, კ. დ-ის ქუჩის №...-ში მდებარე მ. კ-ოს საცხოვრებელ სახლში, ეცვა ხელთათმანები და ხელში ეჭირა დანა, რომლითაც დაემუქრა მას სიცოცხლის მოსპობით, ყელში უჭერდა ხელებს, წააქცია და რამდენჯერმე დაარტყა დანის პირი სხეულისა და სახის არეში. როგორც დაზარალებულმა განმარტა გამოკითხვისას, თითქმის უკვე დარწმუნებული იყო, რომ მას ვერაფერი შეაჩერებდა და ზ-ი აუცილებლად მოკლავდა.
15. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის №... დასკვნის თანახმად, მ. კ-ო მიღებულ ტრავმასთან დაკავშირებით თ-ის რაიონულ საავადმყოფოში მკურნალობდა 11.07.2025წ-დან 16.07.2025წმდე დიაგნოზით: მრავლობითი ტრავმები დაუზუსტებელი. თავის ტვინის შერყევა, თავის მრავლობითი ღია ჭრილობები (მარჯვენა ლოყის, ნიკაპის, შუბლ-საფეთქლის არეში). კისრის სხვა ნაწილების ღია ჭრილობა (მარცხნივ საუღლე ვენის საპროექციოდ). მარცხენა მხრის ღია ჭრილობა, მარცხნივ წინამხრის სხვა ნაწილების ღია ჭრილობა, მარცხენა ბარძაყის ღია ჭრილობა, ქუთუთოსა და პერიოკულარული მიდამოს სხვა ზედაპირული ტრავმები (კანქვეშა ჰემატომა მარცხნივ). ჭრილობები მიყენებულია რაიმე მჭრელი ზედაპირის მქონე საგნის მოქმედებით, ხოლო სისხლნაჟღენთები (ჰემატომები) მიყენებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლის ნიშნით.
16. ამდენად, საკასაციო სასამართლოს შეფასებით, სააპელაციო სასამართლოს მიერ თითოეული დანაშაულისათვის დანიშნული სასჯელი სრულად შეესაბამება ზ. ბ-ის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათსა და სიმძიმეს, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების სახეს, ხერხს, მართლსაწინააღმდეგო შედეგს და მის პიროვნებას.
17. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მომჩივნების მიერ წარმოდგენილ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no. 36755/06, §31, ECtHR,11/11/2011). იმის გათვალისწინებით, რომ მომჩივნის რელევანტური არგუმენტები განიხილა ქვედა ორი ინსტანციის სასამართლომ, მომჩივნის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა ვერ იქნება მიჩნეული სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლებაზე დაწესებულ არაპროპორციულ შეზღუდვად (Tortladze v. Georgia; no.42371/08, §77, ECtHR, 18/03/2021).
18. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი მოთხოვნა, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
19. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ ზ. ბ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი. ო-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 15 დეკემბრის განაჩენზე;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. თევზაძე
მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი
ნ. სანდოძე