ამნისტიის საფუძველზე შეიცვალა სასჯელი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განაჩენი
საქართველოს სახელით
საქმე №968აპ-25 თბილისი
ბ-ი გ., 968აპ-25 16 აპრილი, 2026 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),ნინო სანდოძე, ლევან თევზაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ გ. ბ-ის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 25 სექტემბრის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, გ. ბ-ს ბრალი დაედო: საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის მიმართ, 5 ეპიზოდი); სსკ-ის 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“, „დ“ ქვეპუნქტებით (სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის მიმართ, ოჯახის წევრის მიმართ). აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგით:
· 2023 წლის 3 ივლისს, დაახლოებით, 00:05 საათზე, ქ. ზ-ი, დ-ში მდებარე საცხოვრებელი ბინის შესასვლელ კართან გ. ბ-მა, გენდერული შეუწყნარებლობის ნიადაგზე, ხელი ჰკრა იქვე მდგომ, მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ნ. მ-ს, რის შედეგადაც, ეს უკანასკნელი დაეჯახა კიბის მოაჯირს და განიცადა ფიზიკური ტკივილი.
· 2023 წლის 20 აგვისტოს, დაახლოებით, 22:00 საათზე, ქ. ზ-ი, დ-ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში ყოფნისას, გ. ბ-მა, გენდერული შეუწყნარებლობის ნიადაგზე, მარჯვენა ხელი ყელის არეში ძლიერად მოუჭირა მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ნ. მ-ს. მომხდარის შედეგად, ნ. მ-მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
· 2023 წლის 23 აგვისტოს, დაახლოებით, 06:00 საათზე, ქ. ზ-ი, დ-ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში ყოფნისას, გ. ბ-მა, შეკამათებისას, გენდერული შეუწყნარებლობის ნიადაგზე, მარჯვენა ხელის მუშტი ერთხელ დაარტყა სახის არეში მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ნ. მ-ს, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.
· 2023 წლის 23 აგვისტოს, დაახლოებით, 06:00 საათზე, ქ. ზ-ი, დ-ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში ყოფნისას, გ. ბ-ი, გენდერული შეუწყნარებლობის ნიადაგზე, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ნ. მ-ს, კერძოდ, ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების შემდეგ ეძახდა, რომ გადააგდებდა მეოთხე სართულიდან. მომხდარის შედეგად, ნ. მ-ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების – სიცოცხლის მოსპობის – საფუძვლიანი შიში.
· 2023 წლის 27 სექტემბერს, დაახლოებით, 20:00 საათზე, ქ. ზ-ი, დ-ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში, გ. ბ-მა, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე, მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ ნ. მ-ს მუჭი დაარტყა მარცხენა ხელის მკლავზე, რის შემდეგაც ფეხი დაარტყა მუცლის არეში. გ. ბ-ის მიერ განხორციელებული ქმედებების შედეგად ნ. მ-მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
· 2023 წლის 28 სექტემბერს, დაახლოებით, 16:00 საათზე, ქ. ზ-ი, დ-ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში, გ. ბ-მა, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე, მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ ნ. მ-ს უკბინა მარჯვენა ხელის მკლავზე, მოქაჩა თმაში და ჰკრა ხელი, რის შედეგადაც, ნ. მ-ი შუბლით დაეჯახა კედელს. გ. ბ-ის მიერ განხორციელებული ქმედებების შედეგად ნ. მ-მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2. ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 29 მარტის განაჩენით გ. ბ-ი ნასამართლევი, ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2023 წლის 3 ივლისისა და იმავე წლის 28 სექტემბრის ეპიზოდები) და 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“, „დ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებებში; გ. ბ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2023 წლის 20 აგვისტოს, 23 აგვისტოსა და 27 სექტემბრის ეპიზოდები) და მიესაჯა 2-2 წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თანაბარ სასჯელთაგან ერთმა – საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2023 წლის 23 აგვისტოს ეპიზოდი) დანიშნულმა სასჯელმა – შთანთქა დანარჩენი სასჯელები და გ. ბ-ს, დანაშაულთა ერთობლიობით, განესაზღვრა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 20 თებერვლის განაჩენით დანიშნული 4 წლით პირობითი მსჯავრი. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს დაემატა წინა, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 20 თებერვლის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა – და გ. ბ-ს, დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ, მიესაჯა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც აეთვალა ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან – 2023 წლის 28 სექტემბრიდან; მასვე სასჯელის ვადაში მოხდილად ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო – 2023 წლის 23 აგვისტოდან იმავე წლის 5 სექტემბრის ჩათვლით.
3. განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მხარეებმა. ბრალდების მხარემ მოითხოვა გ. ბ-ის დამნაშავედ ცნობა ბრალდების სრული მოცულობით და მისთვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრა, ხოლო დაცვის მხარემ – გ. ბ-ის მიმართ სრულად გამამართლებელი განაჩენის დადგენა.
4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 25 სექტემბრის განაჩენით ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 29 მარტის განაჩენი დარჩა უცვლელად.
5. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
· 2023 წლის 20 აგვისტოს, დაახლოებით, 22:00 საათზე, ქ. ზ-ი, დ-ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში ყოფნისას, გ. ბ-მა მარჯვენა ხელი ყელის არეში ძლიერად მოუჭირა მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ნ. მ-ს. მომხდარის შედეგად, ნ. მ-მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
· 2023 წლის 23 აგვისტოს, დაახლოებით, 06:00 საათზე, ქ. ზ-ი, დ-ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში ყოფნისას, გ. ბ-მა, შეკამათებისას, მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ნ. მ-ს სახის არეში ერთხელ დაარტყა მარჯვენა ხელის მუშტი, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.
· 2023 წლის 27 სექტემბერს, დაახლოებით, 20:00 საათზე, ქ. ზ-ი, დ-ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში, გ. ბ-მა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე, მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ ნ. მ-ს მუჭი დაარტყა მარცხენა მკლავზე, რის შემდეგაც, ფეხი დაარტყა მუცლის არეში. გ. ბ-ის ქმედებების შედეგად, ნ. მ-მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 11 აგვისტოს განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა გ. ბ-მა, რომელიც ითხოვს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 20 თებერვლის განაჩენით დანიშნულ და ბოლო განაჩენით განსაზღვრულ სასჯელზე დამატებული სასჯელის ნაწილზე „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონით გათვალისწინებული შეღავათის გავრცელებას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა მიუთითებს, რომ, ვინაიდან საკასაციო საჩივარი განიხილება წარმოდგენილი საჩივრისა და შესაგებლის ფარგლებში, სასამართლო განიხილავს მხოლოდ გ. ბ-ის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის გავრცელების საკითხს და მიაჩნია, რომ, საქმის მასალების შესწავლისა და საკასაციო საჩივრის შემოწმების შედეგად, მსჯავრდებულ გ. ბ-ის საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა შეიცვალოს, შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საქმეში არსებული საკმარისი და უტყუარი მტკიცებულებებით, მათ შორის: მოწმე გ. ბ-ის ჩვენებით, სამედიცინო ექსპერტიზის №- და №-- დასკვნებით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმებით და ფოტოსურათებით, 2023 წლის 23 აგვისტოს №-- შემაკავებელი ორდერითა და ოქმით და საქმეში არსებული სხვა მასალებით გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება გ. ბ-ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2023 წლის 20 აგვიტოს, 23 აგვისტოსა და 27 სექტემბრის ეპიზოდები) გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენა.
3. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ კანონის პირველი−მე-4 მუხლების, მე-5 მუხლის მე-2 პუნქტისა და მე-6 მუხლის მოქმედება ვრცელდება იმ პირზე, რომელმაც შესაბამისი დანაშაული 2024 წლის 1 ივლისამდე ჩაიდინა და ამავე კანონის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტს, რომლის თანახმად, მსჯავრდებულის (მათ შორის, ძებნილი მსჯავრდებულის) მიმართ ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტიის აღსრულების მიზნით გადაწყვეტილებას სისხლის სამართლის საქმის სასამართლო განხილვის სტადიაზე იღებს შესაბამისი სასამართლო.
4. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ერთი მეექვსედით უნდა შეუმცირდეს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელი პირს, რომელზედაც არ ვრცელდება ამ კანონის პირველი−მე-3 მუხლებით გათვალისწინებული ამნისტია და რომელსაც ამ კანონის მე-7 მუხლით განსაზღვრული დანაშაული არ ჩაუდენია. ამავე მუხლის მე-5 პუნქტით – იმ პირზე, რომელმაც ჩაიდინა ოჯახური დანაშაული (გარდა ამ კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტით ან მე-7 მუხლით განსაზღვრული ოჯახური დანაშაულისა), ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია გავრცელდება, თუ თითოეული დაზარალებული ამ კანონის აღსრულებისას გამოძიების ორგანოს ან სასამართლოს წინაშე თანხმობას განაცხადებს, რომ აღნიშნულ პირზე გავრცელდეს იმავე პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია, და თუ ეს პირი თანახმაა, რომ მის მიმართ „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, ამ პირის მიერ ძალადობის განმეორების რისკის შეფასების გარეშე გამოიცეს დამცავი ორდერი იმ ვადით, რომლითაც მას ამნისტიის შედეგად შეუმცირდა სასჯელი, მაგრამ არაუმეტეს 9 თვისა.
5. ამდენად, იმისათვის, რათა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2023 წლის 20 აგვიტოს, 23 აგვისტოსა და 27 სექტემბრის ეპიზოდები) დანიშნულ სასჯელებზე გავრცელდეს ამნისტიით გათვალისწინებული შეღავათი, საჭიროა როგორც მსჯავრდებულის, ისე – დაზარალებულის თანხმობა. როგორც პირადი საქმის მასალებიდან ირკვევა, მსჯავრდებული გ. ბ-ი თანახმაა, მის მიმართ გამოიცეს დამცავი ორდერი, თუმცა მის მიერვე საქართველოს უზენაეს სასამართლოში გადმოგზავნილი განცხადებიდან ცხადი გახდა, მსჯავრდებულმა ვერ მოიპოვა დაზარალებულის თანხმობა. შესაბამისად, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას გ. ბ-ისათვის საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (3 ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულისათვის განსაზღვრულ სასჯელთა მიმართ გამოიყენოს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი შეღავათი.
6. ამასთან, გ. ბ-ისათვის ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 25 სექტემბრის განაჩენით დანიშნულ სასჯელს დაემატა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 20 თებერვლის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით (2 ეპიზოდი) და 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილით, განაჩენთა და დანაშაულთა ერთობლიობით შთანთქმის პრინციპით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-7 მუხლის 1-ელი პუნქტის თანახმად, ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტია არ ვრცელდება საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლით (გარდა ნარკოტიკების მოხმარებისათვის ადმინისტრაციულსახდელშეფარდებული პირის მიერ ცივი იარაღის ტარებისა) გათვალისწინებულ დანაშაულზე (ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 14 ნოემბრის განაჩენით გ. ბ-ისათვის საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელი სრულად შთანთქა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 20 თებერვლის განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა).
7. საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის 1-ელი პუნქტის შესაბამისად, ერთი მეექვსედით უნდა შეუმცირდეს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელი პირს, რომელზედაც არ ვრცელდება ამ კანონის 1-ელი-მე-3 მუხლებით გათვალისწინებული ამნისტია და რომელსაც ამ კანონის მე-7 მუხლით განსაზღვრული დანაშაული არ ჩაუდენია. ამდენად, საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით (2 ეპიზოდი), განაჩენთა და დანაშაულთა ერთობლიობით შთანთქმის პრინციპით დანიშნულ სასჯელზე უნდა გავრცელდეს ამნისტიით გათვალისწინებული შეღავათი სასჯელის ერთი მეექვსედით შემცირების თაობაზე, ამასთან, აღნიშნული შეღავათი უნდა გავრცელდეს ბოლო განაჩენით დანიშნულ 2 წლით თავისუფლების აღკვეთაზე დამატებულ სასჯელზე – 2 წლით თავისუფლების აღკვეთაზე (იხ. სუსგ: №111-25, №2191-24).
8. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულ გ. ბ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა შეიცვალოს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 307-ე მუხლით, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ გ. ბ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 25 სექტემბრის განაჩენი შეიცვალოს:
3. გ. ბ-ი ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2023 წლის 3 ივლისისა და იმავე წლის 28 სექტემბრის ეპიზოდები) და 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“, „დ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებებში;
4. გ. ბ-ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ და განესაზღვროს:
საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2023 წლის 20 აგვისტოს ეპიზოდი) – 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2023 წლის 23 აგვისტოს ეპიზოდი) – 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2023 წლის 27 სექტემბრის ეპიზოდი) – 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თანაბარი სასჯელებიდან ერთმა სასჯელმა შთანთქას სხვა თანაბარი სასჯელები და გ. ბ-ს, დანაშაულთა ერთობლიობით, განესაზღვროს 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა;
5. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 20 თებერვლის განაჩენით გ. ბ-ისათვის დანიშნული პირობითი მსჯავრი – 4 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა;
6. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ამ განაჩენით დანიშნულ სასჯელს – 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთას – დაემატოს წინა, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 20 თებერვლის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან – 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის 1-ელი პუნქტის საფუძველზე, შეუმცირდეს ერთი მეექვსედით;
7. გ. ბ-ს, დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობით, საბოლოოდ განესაზღვროს 3 (სამი) წლითა და 8 (რვა) თვით თავისუფლების აღკვეთა;
8. მსჯავრდებულ გ. ბ-ს სასჯელი აეთვალოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან – 2023 წლის 28 სექტემბრიდან; მასვე სასჯელის ვადაში მოხდილად ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო – 2023 წლის 23 აგვისტოდან იმავე წლის 5 სექტემბრის ჩათვლით;
9. მხედველობაში იქნეს მიღებული, რომ გ. ბ-ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა – გაუქმებულია; ასევე გაუქმებულია გ. ბ-ის მიმართ ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 24 აგვისტოს განჩინებით შერჩეული აღკვეთის ღონისძიება – გირაო; შესაბამისად, მოიხსნა ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 5 სექტემბრის №12/3-2023 განჩინებით ბ. ბ-ის (პ/ნ -), გ. ბ-ის (პ/ნ ----), ლ. ბ-ის (პ/ნ --) და ლ. ბ-ის (პ/ნ -) თანასაკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე (მდებარე ზ-ის სოფელ ზ-ი, საკადასტრო კოდით – --) დადებული ყადაღა;
10. განაჩენი საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: ნ. სანდოძე
ლ. თევზაძე