საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100115785512
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №1052აპ-25 თბილისი, ს-ი მ, 1052აპ-25 21 მაისი, 2026 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, ნინო სანდოძე –
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 29 სექტემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ თ. ჯ-ას ინტერესების დამცველის, ადვოკატ ბ. ბ-ას, მსჯავრდებულ მ. ს-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. ჩ-ისა და საქართველოს გენერალური პროკურატურის პროკურორების – ქეთევან ჩაჩავას, გიორგი მუჯირისა და არჩილ ტყეშელაშვილის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ბრალდების შესახებ დადგენილებების თანახმად:
1.1. მ. ს-ს ბრალად დაედო – წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, მის მართლზომიერ გამგებლობაში არსებული დიდი ოდენობით სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვა, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით. აღნიშნული ქმედება გამოიხატა შემდეგით:
2004 წლის 4 იანვრიდან 2013 წლის 17 ნოემბრამდე, მ. ს-ი იყო საქართველოს პრეზიდენტი და წარმოადგენდა სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირს. 2004 წლის იანვრიდან 2009 წლის აპრილამდე, საპრეზიდენტო საქმიანობის განხორციელების მიზნით, მ. ს-ის წარმომადგენლობითი ხარჯები ფინანსდებოდა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და სსიპ „სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტოს“ სახსრებით. 2009 წლის მარტში მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით ცნობილი გახდა მ. ს-ის მოწვევით, მასაჟისტ დ. შ-ის, ე.წ. „დოქტორ ...“-ის, საქართველოში ვიზიტის შესახებ, რომლის მომსახურებაც პრეზიდენტის წარმომადგენლობითი ხარჯებიდან ანაზღაურდა. ვინაიდან, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და სსიპ „სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტოს“ ხარჯები იყო საჯარო, საჭირო გახდა წარმომადგენლობითი ხარჯის არამიზნობრივად გამოყენების ფაქტების გამჟღავნების თავიდან აცილება. ამ მიზნით, მ. ს-მა, თითქოს საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მიერ დასაცავ პირთა უსაფრთხოების ამაღლებისა და დაცვის ხარისხის გაუმჯობესებისათვის საჭირო ღონისძიებების დასაფინანსებლად, სინამდვილეში კი – პირადი მოტივით, გამოიყენა რა სამსახურებრივი მდგომარეობა სახელმწიფოს კუთვნილი თანხის არამიზნობრივად გამოსაყენებლად, გადაწყვიტა პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან, მისადმი უშუალოდ დაქვემდებარებულ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურისათვის თანხის გამოყოფა, რაც სამსახურის უფროსების: ო. ქ-ისა და თ. ჯ-ას მონაწილეობით აღასრულა; კერძოდ, მ. ს-ის დავალებით, სამართლებრივი საფუძვლის ხელოვნურად შესაქმნელად, ზემოაღნიშნულმა პირებმა 2009-2013 წლებში „საიდუმლო“ გრიფის წერილებით მიმართეს საქართველოს პრეზიდენტს, თითქოს, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის საჭიროებისათვის თანხების გამოყოფის შესახებ.
აღნიშნულის საფუძველზე, მ. ს-ის 2009 წლის 24 აპრილის N027-ს, 2010 წლის 11 იანვრის N01-ს, 2010 წლის 5 აგვისტოს N062-ს, 2011 წლის 26 დეკემბრის N0100-ს, 2012 წლის 27 სექტემბრის N014-ს, 2012 წლის 17 ოქტომბრის N016-ს და 2012 წლის 26 დეკემბრის N017-ს „საიდუმლო“ გრიფის განკარგულებებით, პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს გამოეყო – 5 952 500 ლარი. გარდა ამისა, მ. ს-მა პირადი მოტივით, სახელმწიფოს კუთვნილი სახსრების გამოყენების მიზნით, თავისი 2011 წლის 4 იანვრის N09-ს, 2011 წლის 15 მარტის N060-ს, 2012 წლის 4 იანვრის N01-ს, 2012 წლის 2 თებერვლის N03-ს, 2012 წლის 19 მარტის N05-ს და 2013 წლის 4 იანვრის N01-ს „საიდუმლო“ გრიფის განკარგულებებით, სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს დაავალა ისეთი სახის ხარჯის ანაზღაურება, რომელთა დაფინანსებაც საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და სსიპ „სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტოს“ მიერ კანონიერად ვერ მოხერხდებოდა; კერძოდ, საქართველოს პრეზიდენტისა და მისი ოჯახის წევრების, ასევე მათი სტუმრების, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ მგზავრობა და ცხოვრება, ,,ვიპ“ მომსახურება, კოსმეტიკური პროცედურები, კვება, სწავლა, საჩუქრები და სუვენირების შეძენა, საყოფაცხოვრებო და სხვა ხარჯები. მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და სსიპ ,,საქართველოს სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტოს“ ბიუჯეტებიდან პრეზიდენტის წარმომადგენლობითი ხარჯებისათვის 2009-2012 წლებში დაიხარჯა 20 017 652,1 ლარი, მ. ს-ის დავალებითა და ორგანიზებით, საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელების – ო. ქ-ისა და თ. ჯ-ას მიერ 2009 წლის სექტემბრიდან 2013 წლის 25 თებერვლამდე, მ. ს-ის პირადი მიზნებისთვის დამატებით, არამიზნობრივად დაიხარჯა სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი – 9 024 367.34 ლარი; კერძოდ: სასტუმრო მომსახურებისათვის – 2 116 805.19 ლარი, სამგზავრო ბილეთების შესაძენად – 921 878.36 ლარი, მ. ს-ის შვილების სწავლის დასაფინანსებლად – 64 929 ლარი, საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ მ. ს-ის, მისი ოჯახის წევრებისა და სხვა პირების კვებითი მომსახურებისათვის – 1 425 725.8 ლარი, საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ ტრანსპორტით მომსახურებისათვის – 2 328 505.64 ლარი, კოსმეტიკური პროცედურებისა და მკურნალობისათვის – 721 827.81 ლარი, მედიკამენტების შესაძენად – 38 098.95 ლარი, კერძო საცხოვრებელი ფართის დაქირავებისათვის – 273 970.94 ლარი, ტანსაცმლის შესაძენად – 115 171.14 ლარი, საჩუქრებისა და სუვენირების შესაძენად – 237 683 ლარი, მ. ს-ის პირადი მზარეულის – ს. ქ. ლ-ას შრომის ანაზღაურებისათვის, მისი საცხოვრებელი ფართის ქირავნობისთვის, ე-ში მგზავრობისა და თარჯიმნის შრომის ანაზღაურებისთვის – 191 643 ლარი, სხვადასხვა ხარჯის ანაზღაურებისთვის – 588 128.73 ლარი; აღნიშნულ ხარჯთა ჩამოწერა, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსების – ო. ქ-ისა და თ. ჯ-იას ხელმძღვანელობით განხორციელდა საიდუმლო დოკუმენტებით, რომლებსაც „საიდუმლო“ გრიფი „სახელმწიფო საიდუმლოებას მიკუთვნებულ ცნობათა ნუსხის“ მოთხოვნათა დარღვევით მიენიჭა, ვინაიდან, არცერთი ზემოაღნიშნული დოკუმენტი არ შეიცავდა სახელმწიფო საიდუმლოებას მიკუთვნებულ ინფორმაციას. მ. ს-ის ქმედებით სახელმწიფოს მიადგა – 9 024 367.34 ლარის, დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი.
1.2. თ. ჯ-ას ბრალი დაედო, რომ ჩაიდინა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, მის მართლზომიერ გამგებლობაში არსებული დიდი ოდენობით სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვა, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით; აღნიშნული გამოიხატა შემდეგით:
2010 წლის 24 ივნისიდან 2013 წლის 25 თებერვლამდე, თ. ჯ-ია იყო საჯარო მოხელე, საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის (,,სდსს“) უფროსი. იგი უშუალოდ ექვემდებარებოდა საქართველოს პრეზიდენტს. 2004 წლის იანვრიდან 2009 წლის აპრილამდე, საპრეზიდენტო საქმიანობის მიზნით, მ. ს-ის წარმომადგენლობითი ხარჯები ფინანსდებოდა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და სსიპ „სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტოს“ სახსრებით. 2009 წლის მარტში, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით, ცნობილი გახდა მ. ს-ის მოწვევით, მასაჟისტ დ. შ-ის ე.წ. „დოქტორ ...“-ის საქართველოში ვიზიტის შესახებ, რომლისთვისაც გაწეული მომსახურება ანაზღაურდა პრეზიდენტის წარმომადგენლობით ხარჯთაგან.
ვინაიდან, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და სსიპ „სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტოს“ ხარჯები იყო საჯარო, საჭირო გახდა წარმომადგენლობითი ხარჯების არამიზნობრივად გამოყენების ფაქტების გამჟღავნების თავიდან აცილება. ამ მიზნით, მ. ს-მა, თითქოს საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მიერ დასაცავ პირთა უსაფრთხოების ამაღლებისა და დაცვის ხარისხის გაუმჯობესებისათვის საჭირო ღონისძიებათა დასაფინანსებლად, სინამდვილეში კი – პირადი მოტივით, სახელმწიფოს კუთვნილი თანხების არამიზნობრივად გამოსაყენებლად, გადაწყვიტა პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან უშუალოდ დაქვემდებარებული სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურისთვის თანხის გამოყოფა, რაც განახორციელა სამსახურის უფროსების – ო. ქ-ისა და თ. ჯ-იას მონაწილეობით; კერძოდ, მ. ს-ის დავალებით, არარსებული სამართლებრივი საფუძვლის ხელოვნურად შესაქმნელად, ზემოაღნიშნულმა პირებმა 2009-2013 წლებში „საიდუმლო“ გრიფის წერილებით მიმართეს საქართველოს პრეზიდენტს, თითქოს, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის საჭიროებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ. აღნიშნულის საფუძველზე, მ. ს-ის 2009 წლის 24 აპრილის N027-ს, 2010 წლის 11 იანვრის N01-ს, 2010 წლის 5 აგვისტოს N062-ს, 2011 წლის 26 დეკემბრის N0100-ს, 2012 წლის 27 სექტემბრის N014-ს, 2012 წლის 17 ოქტომბრის N016-ს და 2012 წლის 26 დეკემბრის 017-ს „საიდუმლო“ გრიფის განკარგულებებით, პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს გამოეყო – 5 952 500 ლარი. გარდა ამისა, მ. ს-მა პირადი მოტივით, სახელმწიფოს კუთვნილი სახსრების არამიზნობრივად გამოყენების მიზნით, თავისი 2011 წლის 4 იანვრის N09-ს, 2011 წლის 15 მარტის N060-ს, 2012 წლის 4 იანვრის N01-ს, 2012 წლის 2 თებერვლის N03-ს, 2012 წლის 19 მარტის N05-ს და 2013 წლის 4 იანვრის N01-ს „საიდუმლო“ გრიფის განკარგულებებით, სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს დაავალა ისეთი სახის ხარჯების ანაზღაურება, რომელთა დაფინანსებაც კანონიერად ვერ მოხერხდებოდა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და სსიპ „სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტოს“ მიერ; კერძოდ, საქართველოს პრეზიდენტისა და მისი ოჯახის წევრების, ასევე მათი სტუმრების, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე – ქვეყნის გარეთ მგზავრობა და ცხოვრება, ,,ვიპ“ მომსახურება, კოსმეტიკური პროცედურები, კვება, სწავლა, საჩუქრები და სუვენირების შეძენა, საყოფაცხოვრებო და სხვა ხარჯები.
მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და სსიპ ,,საქართველოს სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტოს“ ბიუჯეტებიდან პრეზიდენტის წარმომადგენლობითი ხარჯებისათვის 2009-2012 წლებში დაიხარჯა 20 017 652.1 ლარი, მ. ს-ის დავალებითა და ორგანიზებით, საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელების – ო. ქ-ისა და თ. ჯ-ას მიერ 2009 წლის სექტემბრიდან 2013 წლის 25 თებერვლამდე, მ. ს-ის პირადი მიზნებისთვის დამატებით, არამიზნობრივად დაიხარჯა სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი – 8 837 461.34 ლარი; კერძოდ: სასტუმრო მომსახურებისათვის – 2 074 612 ლარი, სამგზავრო ბილეთების შესაძენად – 916 085.42 ლარი, მ. ს-ის შვილების სწავლის დასაფინანსებლად – 57 504 ლარი, საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ მ. ს-ის, მისი ოჯახის წევრებისა და სხვა პირების კვებითი მომსახურებისათვის – 1 403 966 ლარი, საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ ტრანსპორტით მომსახურებისათვის – 2 280 196.44 ლარი, კოსმეტიკური პროცედურებისა და მკურნალობისათვის – 673 260 ლარი, მედიკამენტების შესაძენად – 37 191 ლარი, კერძო საცხოვრებელი ფართის დაქირავებისათვის – 273 970.94 ლარი, ტანსაცმლის შესაძენად – 115 171.14 ლარი, საჩუქრებისა და სუვენირების შესაძენად – 237 354 ლარი, მ. ს-ის პირადი მზარეულის – ს. ქ. ლ-ას შრომის ანაზღაურებისათვის, მისი საცხოვრებელი ფართის ქირავნობისთვის, ე-ში მგზავრობისა და თარჯიმნის შრომის ანაზღაურებისთვის – 191 643 ლარი, სხვადასხვა ხარჯის ანაზღაურებისთვის – 576 507.4 ლარი. აღნიშნული ხარჯების ჩამოწერა, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსების – ო. ქ-ისა და თ. ჯ-ას ხელმძღვანელობით შესრულდა საიდუმლო დოკუმენტებით, რომლებსაც „საიდუმლო“ გრიფი მიენიჭათ „სახელმწიფო საიდუმლოებას მიკუთვნებულ ცნობათა ნუსხის“ მოთხოვნათა დარღვევით (ვინაიდან არცერთი ზემოაღნიშნული დოკუმენტი არ შეიცავდა სახელმწიფო საიდუმლოებას მიკუთვნებულ ინფორმაციას). თ. ჯ-ას ქმედებით სახელმწიფოს მიადგა – 8 392 827 ლარის, დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 12 მარტის განაჩენით:
მ. ს-ს წარდგენილი ბრალდებიდან ამოერიცხა საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი, როგორც ზედმეტად წარდგენილი;
მ. ს-ი, დაბადებული .. წლის ... დეკემბერს, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 9 წლით თავისუფლების აღკვეთა; მასვე, 3 წლით ჩამოერთვა სახელმწიფო სამსახურში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება; საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, ამ განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 17 ნოემბრის განჩინებით განსაზღვრული სასჯელი – 6 წლით თავისუფლების აღკვეთა და 2 წლითა და 3 თვით ჩამორთმეული დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება სახელმწიფო სამსახურსა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოში და საბოლოოდ, მ. ს-ს მოსახდელად განესაზღვრა – 9 წლით თავისუფლების აღკვეთა; მასვე, 3 წლით ჩამოერთვა სახელმწიფო სამსახურში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება;
მ. ს-ს სასჯელის მოხდა დაეწყო განაჩენის მიღების მომენტიდან – 2025 წლის 12 მარტიდან; მასვე, სასჯელის მოხდაში ჩაეთვალა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 17 ნოემბრის განჩინებით განსაზღვრული სასჯელის მოხდის პერიოდი: 2021 წლის 1 ოქტომბრიდან – 2025 წლის 12 მარტამდე.
თ. ჯ-ს ქმედება დაკვალიფიცირებული საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებითა და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლის პირველ ნაწილზე;
თ. ჯ-ია, დაბადებული ... წლის ... ივნისს, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა – 300 000 ლარი; მასვე, 3 წლით ჩამოერთვა – სახელმწიფო სამსახურში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 29 სექტემბრის განაჩენით:
საქართველოს გენერალური პროკურატურის პროკურორების – ქეთევან ჩაჩავას, გიორგი მუჯირისა და არჩილ ტყეშელაშვილის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; მსჯავრდებულების – მ. ს-ისა და თ. ჯ-ას ინტერესების დამცველი ადვოკატების – გ. ჩ-ისა და ბ. ბ-ას სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა;
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 12 მარტის განაჩენი მსჯავრდებულების – მ. ს-ისა და თ. ჯ-იას მიმართ დარჩა უცვლელად.
4. მსჯავრდებულ თ. ჯ-იას ინტერესების დამცველი ადვოკატი – ბ. ბ-ია – ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენის გაუქმებას თ. ჯ-ას მიმართ და მის ნაცვლად, გამამართლებელი გადაწყვეტილების მიღებას.
4.1. საკასაციო საჩივრის მიხედვით, სასამართლომ არ უპასუხა შეკითხვას, თუ თავად ე. შ-ის ჩვენების გარეშე, როგორ დაადგინა – მან რა უთხრა ო. ქ-ეს. სასამართლომ არ გაიზიარა მოწმე გ. თ-ის ჩვენება, რომ პრეზიდენტთან დაკავშირებულ რიგ ხარჯს ოკუპანტი რ-ის ფედერაციისგან მომდინარე გაზრდილი საფრთხეები იწვევდა. როგორ შეიძლება თ. ჯ-ას შეერაცხოს დანაშაულის ჩადენის ის მოტივი, რომელიც მას სამსახურის უფროსად დანიშვნის დროს, როგორც დამკვიდრებული პრაქტიკა დახვდა. საქართველოს ბიუჯეტთან დაკავშირებული კანონმდებლობა საქართველოს პრეზიდენტს ანიჭებდა უფლებამოსილებას, პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან თანხები გამოეყო სდსს-სთვის იმ მიზნობრიობით, რაც განკარგულებებში აისახა. უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს მიერ განაწილებული საბიუჯეტო თანხების პრეზიდენტის განკარგულების შესაბამისად დახარჯვა, სახელმწიფოს ფუნქციონირების ნორმალური წესია და გაუგებარია, თ. ჯ-ია რატომ უნდა დაეჭვებულიყო. შესაბამისად, სასამართლოს მითითება, რომ სდსს-ს არ ჰქონდა განკარგულებაში მითითებული ხარჯის გაწევის უფლებამოსილება, დაუსაბუთებელია. თ. ჯ-ას ევალებოდა, რომ მისდამი დაქვემდებარებულ უწყებას, პრეზიდენტის განკარგულების საფუძველზე, ხარჯი იმგვარად გაეწია, რომ იგი პრეზიდენტის განკარგულებაში მოცემული ჩამონათვალის შესაბამისი ყოფილიყო, რაც ამ სამსახურმა პირნათლად შეასრულა. წარმოდგენილი ასეულობით ჩეკი, ე.წ. ინვოისები, ხარჯის დოკუმენტაცია, სრულად ესადაგება იმ კატეგორიზაციას, რაც პრეზიდენტის განკარგულებაშია გადმოცემული. დანაშაული მაშინ გამოიკვეთებოდა, თუ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილ თანხას დახარჯავდა საკუთარი შეხედულებისამებრ. თუ აღნიშნული სამსახური გამოყოფილი თანხის ხარჯვაზე უარს იტყოდა, იგი სამსახურეობირივი ხასიათის დანაშაულს ჩაიდენდა, სავალდებულო ქმედების შეუსრულებლობის ფორმით. ამასთან, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა არ დაეკისრება პირს, რომელიც უმაღლესი მთავარსარდალის სავალდებულო განკარგულებას ასრულებდა. კოსმეტიკურ პროცედურებთან დაკავშირებულ ხარჯებზე, დაცვის მხარე მიუთითებს, რომ ბოტოქსი, ცხიმებთან დაკავშირებული ჩარევა, სამედიცინო სფეროს თემატიკაა. ნებისმიერი მანიპულაცია ადამიანის ორგანიზმში სამედიცინო ჩარევას წარმოადგენს. ის, რომ ჟურნალში არ ტარდებოდა შესაბამისი პატაკები, არ ენიჭებოდა ინდივიდუალური ნომრები, აღნიშნული მხოლოდ ტექნიკური ნაწილია და მას სერიოზული მნიშვნელობა არ გააჩნია. აღსანიშნავია, რომ სდსს-ის გეგმიურად ყოველწლიურად ამოწმებდა აუდიტის სამსახური (ყოფილი კონტროლის პალატა); შესაბამისად, თუ აუდიტორებმა რაიმე უკანონო დააფიქსირეს, უნდა არსებობდეს შესაბამისი დასკვნებიც. საბოლოოდ, სდსს-ს 2011 და 2012 წლებში ერთი თეთრიც კი არ დაუხარჯავს პრეზიდენტის განკარგულების გარეშე და შესაბამისად, მას არაკანონიერი ქმედება არ ჩაუდენია. მ. თ-მ დაკითხვის დროს განაცხადა, რომ სდსს-ს მიერ პრეზიდენტის განკარგულების შესრულება იყო სავალდებულო და არ არსებობდა სამართლებრივი შესაძლებლობა მასზე უარის თქმისა. გაუგებარია, რით გამოიხატა თ. ჯ-ას მხრიდან უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება. იგი ხარჯების მიზნობრიობას არ განსაზღვრავდა.
4.2. განაჩენში დაუსაბუთებელია ჯარიმის ოდენობაც, რომელიც სასჯელის მიზნებთან არათანაზომიერად მაღალია და უზარმაზარი ტვირთია პენსიაზე მყოფი გენერლისთვის.
5. მსჯავრდებულ მ. ს-ის ინტერესების დამცველი ადვოკატი – გ. ჩ-ძე საკასაციო საჩივრით ითხოვს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენის გაუქმებასა და მ. ს-ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანას;
5.1. საკასაციო საჩივრის მიხედვით, ო. ქ-ის ირიბი ჩვენების გაზიარება, პირველწყაროს დაკითხვის გარეშე, დაუსაბუთებელია. სასამართლომ არ გაიზიარა მოწმე გ. თ-ის ჩვენება, რომელიც მიუთითებდა, რომ პრეზიდენტთან დაკავშირებული რიგ ხარჯთა არსებობის მიზეზს, ოკუპანტი რ-ის ფედერაციისგან მომდინარე გაზრდილი საფრთხე ქმნიდა. სასამართლოს არ გაუთვალისწინებია ის ფაქტიც, რომ თ. ჯ-ას თანამდებობაზე დანიშვნისას, უკვე დამკვიდრებული პრაქტიკა დახვდა. სასამართლო შეეცადა, ვულგარულად წარმოეჩინა სახელმწიფოს მიერ გაწეული ხარჯი. სამართლებრივ ნორმათა ანალიზი, ისევე როგორც მათი სიტყვასიტყვითი განმარტებაც, ცხადჰყოფს, რომ უმაღლეს მთავარსარდალს გააჩნდა სამართლებრივი უფლებამოსილება, სამხედრო დაწესებულებისათვის მიეცა განკარგულება, ისევე როგორც პრეზიდენტს ჰქონდა სრული უფლება, სარეზერვო ფონდიდან კონკრეტული უწყებისათვის გამოეყო თანხა. ბუნებრივია, განკარგულების გამოცემის წინაპირობა იყო ინფორმაცია – პრეზიდენტის, მისი ოჯახის წევრების, პრეზიდენტთან დაახლოებული პირების მიმართ შესაძლო ხელყოფის რისკზე. ბრალდების მხარე არც კი შეეცადა აღნიშნული ინფორმაციის მოძიებას. სასამართლო აცხადებს, რომ ს-ის გარემოცვისთვის, ოჯახის წევრებისთვის იხარჯებოდა თანხა, თუმცა დაცვის მხარე სვამს შეკითხვას – დ. ტ-პი, ჰ. კ-ნი, ჯ. მ-ნი, ვ. ო-ნი და სხვები, მის გარემოცვას წარმოადგენდნენ თუ – ნათესავებს. ამასთან, სასამართლოს არ მიუთითებია ნორმაზე, რომელიც არაპროტოკოლური, არაოფიციალური ღონისძიების დაფინანსების აკრძალვაზე მიუთითებდა. დაცვის მხარე მიუთითებს მ. თ-ის ჩვენებაზე, რომელმაც განაცხადა, რომ სდსს-ს მიერ პრეზიდენტის განკარგულების შესრულება იყო სავალდებულო და არ არსებობდა სამართლებრივი შესაძლებლობა, არ შეესრულებინა იგი. მოცემულ საქმეში არ იკვეთება გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი პირის დამნაშავედ ცნობისათვის.
6. კასატორები – საქართველოს გენერალური პროკურატურის პროკურორები ქეთევან ჩაჩავა, გიორგი მუჯირი და არჩილ ტყეშელაშვილი – საკასაციო საჩივრით ითხოვენ: თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენში ცვლილებას, თ. ჯ-ას ქმედების საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,დ“ ქვეპუნქტებით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით დაკვალიფიცირებასა და მისთვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრას; მ. ს-ის ქმედების კვალიფიკაციას საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,დ“ ქვეპუნქტებითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და მისთვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრას.
6.1. საკასაციო საჩივრის მიხედვით, თ. ჯ-ას ქმედების შეფასება სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებად, სამართლებრივად არასწორი, გაუმართლებელი და დაუსაბუთებელია. ამავდროულად, სასამართლომ გამოიყენა სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რომელიც არ შეესაბამება მსჯავრდებულის ქმედებასა და მის პიროვნებას. როგორც საქმის მასალებით იკვეთება, დღის წესრიგში დადგა ისეთი ტიპის ხარჯების საზოგადოებისათვის დამალვის საკითხი, რომლის გაჟონვაც ფართო საზოგადოებისათვის მ. ს-ს არ სურდა. ამდენად, საჭირო იყო კორუფციული სისტემის შექმნა, რომლითაც მ. ს-ი მისი განცხრომის მოთხოვნილებებს დაიკმაყოფილებდა. სქემის სათავეში მოექცა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური. ეს იყო იმგვარი საბიუჯეტო ორგანიზაცია, რომლის ფუნქციებშიც საბიუჯეტო თანხის საიდუმლო ფორმით ხარჯვის შესაძლებლობა შედიოდა და რომელიც პრეზიდენტის უშუალო კონტროლის ქვეშ იყო. კორუფციული გეგმის შესაბამისად, მ. ს-მა მიიღო გადაწყვეტილება, პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურისათვის თანხის გამოყოფის თაობაზე. ხაზგასასმელია, რომ ფუფუნების ხარჯების გაუხმაურებლობის ამოცანა აისახა აღნიშნულ გადაწყვეტილებებზე და მან, მოცემული მიზნით, ,,საიდუმლო“ გრიფის განკარგულებები გამოსცა. ბრალდების მხარე საკასაციო საჩივარში დეტალურად აღწერს განკარგულების მიღების პროცედურებსა და დანაშაულებრივი სისტემის დამადასტურებელ მტკიცებულებებს. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის პრეზიდენტის დაცვის თანამშრომლებმა მოწმედ დაკითხვის დროს მიუთითეს, რომ მათ თანხა დავალების გარეშე არ გაუხარჯავთ და ყველა შემთხვევაში, სამსახურის უფროსის სახელზე ადგენდნენ ,,საიდუმლო“ გრიფის პატაკებს. შესაბამისად, ყველა ხარჯის შესახებ ინფორმირებული იყო სამსახურის უფროსი და ხარჯვის პროცესი არ შეჩერებულა. გარდა იმისა, რომ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის გაწეული ხარჯი არ უნდა გადაეხადა არცერთ უწყებას, ისინი უკანონოდ, სახელმწიფო საიდუმლოებადაც არ უნდა მიჩნეულიყო. ხარჯთან დაკავშირებული ინფორმაციის სახელმწიფო საიდუმლოებად მიჩნევისას, მიღებულია უკანონო გადაწყვეტილება და აღნიშნულის მიზეზს მხოლოდ ამგვარი ინფორმაციის საზოგადოებისათვის დამალვა წარმოადგენს. აუდიტორთა დასკვნების თანახმად, 2009 წლის 1 მაისიდან 2013 წლის 25 თებერვლის ჩათვლით, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან არამიზნობრივად გაიხარჯა – 9 024 367.34 ლარი, ხოლო მაშინ, როდესაც სამსახურის ხელმძღვანელი იყო თ. ჯ-ია, 2010 წლის 25 ივნისიდან 2013 წლის 25 თებერვლის ჩათვლით – 8 392 827 ლარი. საქართველოს კანონმდებლობა არ იცნობს გამონაკლისს ან/და პრივილეგიას საქართველოს პრეზიდენტისათვის საბიუჯეტო სახსრების ხარჯვაზე. მ. ს-ისა და თ. ჯ-ას გამოცდილება და პროფესია გვაძლევს მტკიცების საფუძველს, რომ საბიუჯეტო სახსრების კეთილსინდისიერად ხარჯვის პრინციპი მათთვის კარგად ცნობილი იყო. უდავოდ დადგენილია, საბიუჯეტო სახსრების განკარგვის უფლება ჰქონდა მხარჯავი დაწესებულების სახელმწიფო დაცვის სპეციალურ უფროსს – თ. ჯ-ს, რომელმაც კორუფციულ სქემაში მისთვის განკუთვნილი როლის შესაბამისად იმოქმედა. თ. ჯ-მ სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით, მართლზომიერ მფლობელობასა და გამგებლობაში არსებული სახელმწიფო ბიუჯეტის დიდი ოდენობით თანხა გაფლანგა, რითიც ჩაიდინა სახელმწიფოს საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაული და არა – სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებით სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების არსებითი დარღვევა. რამდენადაც მაღალია თანამდებობა, მით მეტად მნიშვნელოვანია პასუსხისმგებლობაც. კორუფცია საშიშროებას უქმნის დემოკრატიული ინსტიტუტების სტაბილურობას. შესაბამისად, მსგავსი დანაშაულისათვის ლმობიერი სასჯელის გამოყენება დაუშვებელია.
7. მსჯავრდებულ თ. ჯ-ას ინტერესების დამცველის, ადვოკატ ბ. ბ-ასა და მსჯავრდებულ მ. ს-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. ჩ-ის საკასაციო საჩივრებზე საქართველოს გენერალური პროკურატურის პროკურორებმა – ქეთევან ჩაჩავამ, გიორგი მუჯირმა და არჩილ ტყეშელაშვილმა წარმოადგინეს შესაგებელი, რომლითაც მოითხოვეს დაცვის მხარის საკასაციო საჩივრების დაუკმაყოფილებლობა, როგორც – უსაფუძვლოსა და დაუსაბუთებლისა.
8. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
9. შესაბამისად, საკასაციო პალატა მხარეთა საჩივრებს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა თანახმად განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია ისინი.
10. მ. ს-ს ბრალად ედებოდა ქმედება, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებითა და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, წარდგენილი ბრალდებიდან ამოერიცხა საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი, როგორც ზედმეტად წარდგენილი და მ. ს-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის; რაც შეეხება თ. ჯ-ას, მისი ქმედება დაკვალიფიცირებული საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებითა და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, ქვედა ინსტანციის სასამართლოს განაჩენით, გადაკვალიფიცირებულია საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლის პირველ ნაწილზე.
11. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრებით, პროკურატურა ითხოვს მ. ს-ისა და თ. ჯ-ას დამნაშავედ ცნობას ბრალადწარდგენილი ქმედებების შესაბამისად, ხოლო დაცვის მხარე ითხოვს, გამამტყუნებელი განაჩენის ნაცვლად, მსჯავრდებულთა მიმართ გამამართლებელი გადაწყვეტილების მიღებას.
12. მ. ს-ან მიმართებით, თბილისის სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ:
2004 წლის 4 იანვრიდან 2013 წლის 17 ნოემბრამდე, მ. ს-ი იყო საქართველოს პრეზიდენტი და წარმოადგენდა სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირს.
2004 წლის იანვრიდან 2009 წლის აპრილამდე, საპრეზიდენტო საქმიანობის მიზნით, მ. ს-ის წარმომადგენლობითი ხარჯები ფინანსდებოდა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და სსიპ „სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტოს“ სახსრებით.
2009 წლის მარტში მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით ცნობილი გახდა მ. ს-ის მოწვევით მასაჟისტ დ. შ-ის, ე.წ. „დოქტორ ....“-ის, საქართველოში ვიზიტის შესახებ. მისი მომსახურება ანაზღაურდა პრეზიდენტის წარმომადგენლობითი ხარჯიდან. ვინაიდან, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და სსიპ „სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტოს“ ხარჯები იყო საჯარო, საჭირო გახდა წარმომადგენლობითი ხარჯების არამიზნობრივად გამოყენების ფაქტების გამჟღავნების თავიდან აცილება. ამ მიზნით, მ. ს-მა, თითქოს საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მიერ დასაცავ პირთა უსაფრთხოების ამაღლებისა და დაცვის ხარისხის გაუმჯობესებისათვის საჭირო ღონისძიებების დასაფინანსებლად, სინამდვილეში კი – პირადი მოტივით, გამოიყენა რა სამსახურებრივი მდგომარეობა სახელმწიფოს კუთვნილ თანხათა არამიზნობრივად გამოსაყენებლად, გადაწყვიტა პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან მის უშუალო დაქვემდებარებაში მყოფი სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურისათვის თანხების გამოყოფა.
კერძოდ, მ. ს-ის დავალებით, სამართლებრივი საფუძვლის ხელოვნურად შესაქმნელად, ო. ქ-მ და თ. ჯ-ამ 2009-2013 წლებში „საიდუმლო“ გრიფის წერილებით მიმართეს საქართველოს პრეზიდენტს, თითქოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის საჭიროებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ. მათ საფუძველზე, მ. ს-ის 2009 წლის 24 აპრილის N027-ს, 2010 წლის 11 იანვრის N01-ს, 2010 წლის 5 აგვისტოს N062-ს, 2011 წლის 26 დეკემბრის N0100-ს, 2012 წლის 27 სექტემბრის N014-ს, 2012 წლის 17 ოქტომბრის N016-ს და 2012 წლის 26 დეკემბრის N017-ს „საიდუმლო” გრიფის განკარგულებებით, პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს გამოეყო – 5 952 500 ლარი. გარდა ამისა, მ. ს-მა პირადი მოტივით, სახელმწიფოს კუთვნილი სახსრების გამოყენების მიზნით, თავისი 2011 წლის 4 იანვრის N09-ს, 2011 წლის 15 მარტის N060-ს, 2012 წლის 4 იანვრის N01-ს, 2012 წლის 2 თებერვლის N03-ს, 2012 წლის 19 მარტის N05-სა და 2013 წლის 4 იანვრის N01-ს „საიდუმლო“ გრიფის განკარგულებებით, სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს დაავალა ისეთი სახის ხარჯების ანაზღაურება, რომელთა დაფინანსებაც კანონიერად ვერ მოხერხდებოდა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და სსიპ „სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტოს“ მიერ; კერძოდ, საქართველოს პრეზიდენტისა და მისი ოჯახის წევრების, ასევე მათი სტუმრების, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე – ქვეყნის გარეთ მგზავრობა და ცხოვრება, ,,ვიპ“ მომსახურება, კოსმეტიკური პროცედურები, კვება, სწავლა, საჩუქრები და სუვენირების შეძენა, საყოფაცხოვრებო და სხვა ხარჯები.
მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და სსიპ ,,საქართველოს სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტოს“ ბიუჯეტებიდან პრეზიდენტის წარმომადგენლობითი ხარჯებისათვის 2009-2012 წლებში დაიხარჯა – 20 017 652,1 ლარი, მ. ს-ის დავალებითა და ორგანიზებით, საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ბიუჯეტიდან (რომელსაც აღნიშნულ პერიოდში ხელმძღვანელობდნენ – ო. ქ-ძე და თ. ჯ-ია) 2009 წლის სექტემბრიდან 2013 წლის 25 თებერვლამდე, მ. ს-ის პირადი მიზნებისთვის დამატებით, არამიზნობრივად დაიხარჯა სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი – 9 024 367.34 ლარი; კერძოდ: სასტუმრო მომსახურებისათვის – 2 116 805.19 ლარი, სამგზავრო ბილეთების შესაძენად – 921 878.36 ლარი, მ. ს-ის შვილების სწავლის დასაფინანსებლად – 64 929 ლარი, საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ მ. ს-ის, მისი ოჯახის წევრებისა და სხვა პირების კვებითი მომსახურებისათვის – 1 425 725.8 ლარი, საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ, ტრანსპორტით მომსახურებისათვის – 2 328 505.64 ლარი, კოსმეტიკური პროცედურებისა და მკურნალობისათვის – 721 827.81 ლარი, მედიკამენტების შესაძენად – 38 098.95 ლარი, კერძო საცხოვრებელი ფართის დაქირავებისათვის – 273 970.94 ლარი, ტანსაცმლის შესაძენად – 115 171.14 ლარი, საჩუქრებისა და სუვენირების შესაძენად – 237 683 ლარი, მ. ს-ის პირადი მზარეულის – ს. ქ. ლ-ას შრომის ანაზღაურებისათვის, მისი საცხოვრებელი ფართის ქირავნობისთვის, ე-ში მგზავრობისა და თარჯიმნის შრომის ანაზღაურებისთვის – 191 643 ლარი, სხვადასხვა ხარჯის ანაზღაურებისთვის – 588 128.73 ლარი.
აღნიშნული ხარჯები სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსების – ო. ქ-ისა და თ. ჯ-ას ხელმძღვანელობით საიდუმლო დოკუმენტებით ჩამოიწერა, რომლებსაც მიენიჭათ გრიფი „საიდუმლო,” „სახელმწიფო საიდუმლოებას მიკუთვნებულ ცნობათა ნუსხის“ მოთხოვნათა დარღვევით, ვინაიდან, არცერთი ზემოაღნიშნული დოკუმენტი, არ შეიცავდა სახელმწიფო საიდუმლოებას მიკუთვნებულ ინფორმაციას.
მ. ს-ის ქმედებით სახელმწიფოს მიადგა – 9 024 367.34 ლარის დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი.
13. თბილისის სააპელაციო სასამართლომ თ. ჯ-ან მიმართებით, დადგენილად მიიჩნია, რომ:
2010 წლის 24 ივნისიდან 2013 წლის 25 თებერვლამდე, თ. ჯ-ია იყო საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი, უშუალოდ ექვემდებარებოდა საქართველოს პრეზიდენტს და წარმოადგენდა საჯარო მოხელეს. მის სამსახურებრივ მოვალეობაში შედიოდა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელობა და მისი საქმიანობის ორგანიზება, ასევე – კანონით დადგენილი წესით, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ფულადი სახსრებისა (სამსახურის საბიუჯეტო თანხების) და მატერიალურ ფასეულობათა მიზნობრივი განკარგვა.
თ. ჯ-ამ მ. ს-ის უპირატესობის მინიჭებითა და მისთვის გამორჩენის მიღების მიზნით, ბოროტად გამოიყენა სამსახურებრივი მდგომარეობა და განზრახ არ შეასრულა სამსახურებრივად მასზე დაკისრებული მოვალეობანი – მიზნობრივად განეკარგა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის საბიუჯეტო თანხები და მატერიალურად პასუხისმგებელი ყოფილიყო მასზე, რითაც არსებითად დაარღვია სახელმწიფოსა და საზოგადოების კანონიერი ინტერესი, კერძოდ: 2004 წლის იანვრიდან 2009 წლის აპრილამდე, საპრეზიდენტო საქმიანობის მიზნით, მ. ს-ის წარმომადგენლობითი ხარჯები ფინანსდებოდა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და სსიპ „სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტოს“ სახსრებით. 2009 წლის მარტში, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით, ცნობილი გახდა მ. ს-ის მოწვევით მასაჟისტ დ. შ-ის, ე.წ. „დოქტორ ....“-ის საქართველოში ვიზიტის შესახებ, რომლისთვისაც გაწეული მომსახურება ანაზღაურდა პრეზიდენტის წარმომადგენლობითი ხარჯებიდან. ვინაიდან საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და სსიპ „სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტოს“ ხარჯები იყო საჯარო, საჭირო გახდა წარმომადგენლობითი ხარჯების არამიზნობრივად გამოყენების ფაქტების გამჟღავნების თავიდან აცილება. ამ მიზნით, მ. ს-მა, თითქოს საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მიერ დასაცავ პირთა უსაფრთხოების ამაღლებისა და დაცვის ხარისხის გაუმჯობესებისათვის საჭირო ღონისძიებების დასაფინანსებლად, სინამდვილეში კი – პირადი მოტივით, სახელმწიფოს კუთვნილი თანხების არამიზნობრივად გამოსაყენებლად, გადაწყვიტა პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან უშუალოდ დაქვემდებარებული სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურისთვის თანხების გამოყოფა.
მ. ს-ის დავალებით, არარსებული სამართლებრივი საფუძვლის ხელოვნურად შესაქმნელად, თ. ჯ-მ 2010-2013 წლებში, „საიდუმლო“ გრიფის წერილებით მიმართა საქართველოს პრეზიდენტს, თითქოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური დამატებით საჭიროებდა თანხის გამოყოფას. აღნიშნული ფაქტის საფუძველზე, მ. ს-ის 2010 წლის 5 აგვისტოს N062-ს, 2011 წლის 26 დეკემბრის N0100-ს, 2012 წლის 27 სექტემბრის N014-ს, 2012 წლის 17 ოქტომბრის N016-ს და 2012 წლის 26 დეკემბრის 017-ს „საიდუმლო“ გრიფის განკარგულებებით, პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს გამოეყო – 5 952 500 ლარი. გარდა ამისა, მ. ს-მა პირადი მოტივით, სახელმწიფოს კუთვნილი სახსრების არამიზნობრივად გამოყენების მიზნით, თავისივე 2011 წლის 4 იანვრის N09-ს, 2011 წლის 15 მარტის N060-ს, 2012 წლის 4 იანვრის N01-ს, 2012 წლის 2 თებერვლის N03-ს, 2012 წლის 19 მარტის N05-სა და 2013 წლის 4 იანვრის N01-ს „საიდუმლო“ გრიფის განკარგულებებით, სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს დაავალა ანაზღაურება ისეთი სახის ხარჯებისა, რომელთა დაფინანსებაც კანონიერად ვერ მოხერხდებოდა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და სსიპ „სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტოს“ მიერ; კერძოდ, საქართველოს პრეზიდენტისა და მისი ოჯახის წევრების, ასევე – მათი სტუმრების, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე – ქვეყნის გარეთ მგზავრობა და ცხოვრება, ,,ვიპ“ მომსახურება, კოსმეტიკური პროცედურები, კვება, სწავლა, საჩუქრები და სუვენირების შეძენა, საყოფაცხოვრებო და სხვა ხარჯები.
მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და სსიპ ,,საქართველოს სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტოს“ ბიუჯეტებიდან პრეზიდენტის წარმომადგენლობითი ხარჯებისათვის 2009-2012 წლებში დაიხარჯა – 20 017 652.1 ლარი, მ. ს-ის დავალებითა და ორგანიზებით, საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ბიუჯეტიდან (რომელსაც 2010 წლის 24 ივნისიდან 2013 წლის 25 თებერვლამდე ხელმძღვანელობდა თ. ჯ-ია), 2010 წლის ივნისიდან 2013 წლის 25 თებერვლამდე, მ. ს-ის პირადი მიზნებისთვის დამატებით, არამიზნობრივად დაიხარჯა სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი – 8 837 461.34 ლარი; კერძოდ: სასტუმრო მომსახურებისათვის – 2 074 612 ლარი, სამგზავრო ბილეთების შესაძენად – 916 085.42 ლარი, მ. ს-ის შვილების სწავლის დასაფინანსებლად – 57 504 ლარი, საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ მ. ს-ის, მისი ოჯახის წევრებისა და სხვა პირების კვებითი მომსახურებისათვის – 1 403 966 ლარი, საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ ტრანსპორტით მომსახურებისათვის – 2 280 196.44 ლარი, კოსმეტიკური პროცედურებისა და მკურნალობისათვის – 673 260 ლარი, მედიკამენტების შესაძენად – 37 191 ლარი, კერძო საცხოვრებელი ფართის დაქირავებისათვის – 273 970.94 ლარი, ტანსაცმლის შესაძენად – 115 171.14 ლარი, საჩუქრებისა და სუვენირების შესაძენად – 237 354 ლარი, მ. ს-ის პირადი მზარეულის – ს. ქ-ონ ლ-ას შრომის ანაზღაურებისათვის, მისი საცხოვრებელი ფართის ქირავნობისთვის, ე-ში მგზავრობისა და თარჯიმნის შრომის ანაზღაურებისთვის – 191 643 ლარი, სხვადასხვა ხარჯის ანაზღაურებისთვის – 576 507.4 ლარი.
ზემოაღნიშნული ხარჯები ჩამოიწერა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის, თ. ჯ-ას ხელმძღვანელობით, საიდუმლო დოკუმენტებით. მათ „საიდუმლო“ გრიფი „სახელმწიფო საიდუმლოებას მიკუთვნებულ ცნობათა ნუსხის“ მოთხოვნათა დარღვევით მიენიჭათ, ვინაიდან, არცერთი ზემოაღნიშნული დოკუმენტი არ შეიცავდა სახელმწიფო საიდუმლოებას მიკუთვნებულ ინფორმაციას.
ამდენად, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსმა, თ. ჯ-ამ, მ. ს-ის (პრეზიდენტისთვის) უპირატესობის მინიჭებითა და გამორჩენის მიღებით, ბოროტად გამოიყენა სამსახურებრივი მდგომარეობა და განზრახ არ შეასრულა მასზე დაკისრებული მოვალეობანი, მიზნობრივად განეკარგა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის საბიუჯეტო თანხები და მატერიალურად პასუხისმგებელი ყოფილიყო მასზე, რითაც არსებითად დაარღვია სახელმწიფოსა და საზოგადოების კანონიერი ინტერესი.
14. საკასაციო პალატა სრულად ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, რომლებიც გამყარებულია შესაბამის უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობით და რომლითაც დადგენილია მ. ს-ის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, მის მართლზომიერ გამგებლობაში არსებული დიდი ოდენობით სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვის, ხოლო თ. ჯ-ას მიერ – სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება საჯარო ინტერესის საწინააღმდეგოდ სხვისთვის გამორჩენისა და უპირატესობის მიღების მიზნით, რამაც სახელმწიფოსა და საზოგადოების კანონიერი ინტერესების არსებითი დარღვევა გამოიწვია.
15. მოცემულ შემთხვევაში, გასათვალისწინებელია, რომ ბრალდების არსი ფაქტობრივად მოიცავს ორ ძირითად საკვანძო საკითხს, მათგან პირველი არის ხარჯების გაწევა იმ ორგანიზაციის მიერ, რომელსაც პრეზიდენტის საქმიანობის დროს წამოჭრილი მსგავსი მატერიალური საჭიროებები არ უნდა დაეფინანსებინა და – მეორე, რომ ხსენებული ხარჯი არ განეკუთვნებოდა სახელმწიფო საიდუმლოებას.
16. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ზემოხსნებულ საკითხებთან დაკავშირებით, სააპელაციო სასამართლოს თავის გადაწყვეტილებაში დეტალურად აქვს მიმოხილული, როგორც ზეპირი, ისე – წერილობითი ფორმის მტკიცებულებანი, მათ შორის, ვრცლად განხილულია, თუ უშუალოდ რაში გამოიხატა სამართლებრივი საფუძვლის გარეშე გაწეული სხვადასხვა სახის ხარჯი (მაგალითად, არაოფიციალურ მოგზაურობებზე, ძვირადღირებულ კურორტებსა და დასვენებაზე, მ. ს-ის ოჯახის წევრების მოგაზურობასა და სასტუმროს მომსახურებაზე, მ. ს-ის შვილების სწავლებაზე, მ. ს-ის, მისი ოჯახის წევრებისა და მათი სტუმრების კვებით მომსახურებაზე, მ. ს-ისა და მისი ოჯახის წევრებისათვის ტანსაცმლის შეძენაზე, მ. ს-ის, ასევე მისი თანმხლები პირების საზღვარგარეთის ქვეყნებში ვიზიტებისას სასტუმროს მომსახურებაზე, მ. ს-ის პირად სტუმრებზე მოგზაურობის, სასტუმროს, საჩუქრებისა და სხვა პირად საჭიროებაზე, მ. ს-ის მიერ ტრანსპორტის მომსახურებაზე, კოსმეტოლოგიურ მომსახურებაზე, მ. ს-ის მოწვეული ესპანელი მზარეულისა და მისი თარჯიმნის მომსახურებაზე, საჩუქრებზე). საკასაციო პალატა მოცემულ მტკიცებულებებს განჩინებაში სრული ფორმით აღარ მიმოიხილავს და მათ მხოლოდ დანაშაულის კვალიფიკაციისათვის ძირითადი ფაქტობრივი გარემოებების ჭრილში შეეხება. წარმოდგენილ საქმის მასალებს საკასაციო სასამართლო გაეცნო სრულად.
17. ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკის თანახმად, ,,როდესაც საკასაციო სასამართლო, შესაბამის სამართლებრივ საფუძვლებზე დაყრდნობით, უარს აცხადებს საქმის განხილვაზე, კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები შეიძლება მცირე დასაბუთებით დაკმაყოფილდეს“ (,,მარინი ალბანეთის წინააღმდეგ,“ (Marini v. Albania), N3738/02, 18/12/2007, §106); საკასაციო პალატა უთითებს, რომ ზემოხსენებული ,,მცირე დასაბუთება“ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-33 ნაწილთან ერთობლივად უნდა განიმარტოს და საბოლოოდ, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ განჩინება უნდა შეიცავდეს კასატორის მიერ მითითებული დასაშვებობის საფუძვლების არგუმენტირებულ უარყოფას. ამავდროულად, სასამართლო არ არის ვალდებული, მხარეს მის მიერ წამოჭრილ ყველა საკითხზე უპასუხოს, არამედ მნიშვნელოვანია, რომ სასამართლომ დასაბუთებული პასუხი გასცეს საქმესთან დაკავშირებულ მთავარ და ძირითად საკითხებს (იხ. საქმე „ვან დე ჰიურკი ნიდერლანდების წინააღმდეგ,“ (Van de Hurk v. Netherlands), N16034/90, 19/04/1991, §61).
18. საქმეში წარმოდგენილი მასალებით ნათლად იკვეთება – როგორც მ. ს-ის, ისე – თ. ჯ-ას დანაშაულებრივ ქმედებათა ქრონოლოგიური ჯაჭვი, კერძოდ, თუ როგორ შედგა და აღსრულდა გეგმა – თანხების გამოყოფასა და დოკუმენტებისათვის ,,საიდუმლო“ გრიფის მინიჭებასთან დაკავშირებით, კერძოდ:
19. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა ო. ქ-ძე, რომელმაც განმარტა, რომ მის უფლება-მოვალეობაში შედიოდა პრეზიდენტისა და სხვა უმაღლესი თანამდებობის პირების დაცვა. სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს ჰქონდა საკუთარი ბიუჯეტი, რომლის განკარგვაზე პასუხისმგებელი იყო სამსახურის უფროსი. მისი თანამშრომლების სამივლინებო ხარჯებს იხდიდა სამსახური. დასაცავ პირთა ხარჯებს კი ანაზღაურებდა ის სტრუქტურა, რომელშიც მუშაობდა დასაცავი პირი; მაგალითად, პრეზიდენტის ადმინისტრაცია – პრეზიდენტის შემთხვევაში. მოწმის განმარტებით, 2009 წლის მარტში, მას დაუკავშირდა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის იმჟამინდელი უფროსი – ე. შ-ძე, რომელმაც შეატყობინა მასაჟისტ დოქტორ დ-ის სახელმწიფოს ბიუჯეტის ხარჯზე ვიზიტთან დაკავშირებული საზოგადოების მღელვარებისა და შექმნილი აჟიოტაჟის შესახებ. მისგანვე გაიგო გადაწყვეტილება, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხარჯი, უნდა გადატანილიყო სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში. მოწმის თქმით, ვინაიდან კანონით აკრძალული იყო მისდამი დაქვემდებარებაში არსებული სამსახურისათვის დამატებითი ფუნქციის დაკისრება, მან პროტესტი გამოხატა, თუმცა, ე. შ-მ აცნობა, რომ ეს საკითხი გადაწყვეტილი იყო საქართველოს პრეზიდენტის მიერ და უნდა შესრულებულიყო. 2009 წლის 24 აპრილის განკარგულებითა და 2010 წლის 11 იანვრის განკარგულებით, პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან თანხების გამოყოფასთან დაკავშირებით, ო. ქ-მ განმარტა, რომ დავალება საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსის – ე. შ-ის მეშვეობით მიიღო. აღნიშნულის შესახებ აცნობა საფინანსო განყოფილებას და შემუშავდა წერილი, რომლითაც გაიგზავნა მოთხოვნა – უსაფრთხოების ღონისძიების ამაღლების მიზნით, თანხების გამოყოფის თაობაზე. მის მიერ ეროვნული უშიშროების საბჭოში, საბჭოს მდივნის – ე. ტ-ის სახელზე გაიგზავნა წერილი ამ თანხის გახარჯვის ნორმატიული საფუძველის მოთხოვნით. ამის შემდეგ მოუვიდა განკარგულება, თანხის გამოყოფის თაობაზე და წერილი – თანხის გახარჯვაზე. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის დავალება შეთანხმებული იყო პრეზიდენტთან. იგი ამის თაობაზე ესაუბრა ე. შ-ს. მოწმემ თავის დაზღვევის მიზნით, წერილი გააგზავნა პრეზიდენტის სათათბირო ორგანოში, ეროვნული უშიშროების საბჭოში. წერილში მოთხოვნილი იყო ნორმატიული აქტი თანხის გახარჯვაზე, რაზეც პასუხად მიიღო პრეზიდენტის განკარგულება, თუმცა, ეს არ იყო ნორმატიული აქტი. სამსახურის ფუნქციებში საქართველოს იმჟამინდელი პრეზიდენტისათვის ფაქტობრივად გაწეული ხარჯები სამსახურის მიზნების შესრულებას არ ემსახურებოდა. მოწმის განმარტებით, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის საბიუჯეტო თანხა ხელზე გადაეცემოდათ საქართველოს პრეზიდენტის დაცვისა თუ უწყების სხვა თანამშრომლებს და მ. ს-ის მითითებით, მისი და მისი გარემოცვის პირადი დანახარჯები ანაზღაურდებოდა.
20. მოცემულმა მოწმემ აგრეთვე ისაუბრა პრეზიდენტის ,,გასაიდუმლოებული“ განკარგულებებით გამოყოფილი თანხის გახარჯვის სქემაზე:
21. საფინანსო განყოფილებაში პრეზიდენტის დაცვის თანამშრომლები იღებდნენ თანხას, მისი გახარჯვის შემდეგ კი დგებოდა გრიფით „საიდუმლო“ პატაკი – თანხის ჩამოწერის თაობაზე. მ. ს-ი იღებდა გადაწყვეტილებას, თუ რაში უნდა გახარჯულიყო თანხა და გადახდას ავალებდა იმ დაცვის წევრს, რომელიც მას ახლდა. ხარჯის გადახდის შემდეგ, დაცვის თანამშრომლები სამსახურში წარმოადგენდნენ ხარჯის გაწევის დამადასტურებელ დოკუმენტებს, რის შემდეგაც, მათ საფუძველზე, თანხა ჩამოიწერებოდა ხარჯებში. ამ პროცესში დოკუმენტებს ადგენდნენ „საიდუმლო“ გრიფის ფორმით, რათა ეს ხარჯები არ გამოჩენილიყო. მოწმე ო. ქ-ძის განმარტებით, რეალურად დასაცავ პირთა უსაფრთხოების ამაღლებას ეს თანხები არ ხმარდებოდა და პრეზიდენტის გარდა, სხვა დასაცავ პირებს თანხები არ მოხმარებია. დაცვის სამსახურს 2009 წლამდე მსგავსი ხარჯი არ გაუწევია და ამ ხარჯებს 2008 წლის ომთან შეხება არ ჰქონდა. ეს ხარჯები არც სახელმწიფო საიდუმლო ინფორმაციას შეიცავდა, თუმცა „საიდუმლო“ გრიფი მაინც ენიჭებოდა. მაგალითისათვის, შიშველი სხეულით შესრულებული ნახატის ყიდვა, ღირებულებით – 6000 ფუნტი სტერლინგი, არ იყო უსაფრთხოების ღონისძიება და არც გადაუდებელი ხარჯი.
22. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსის ო. ქ-ის მოადგილე – მ. თ-ძე, რომლის ჩვენებაც შეესაბამება ზემოხსენებულ, მოწმე ო. ქ-ის ჩვენებას, კერძოდ:
23. იგი სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში 2004 წლიდან იყო სამსახურის უფროსის მოადგილე. ბიუჯეტის კლასიფიკაციაში, „სხვა საქონელი და მომსახურების“ მუხლში იყო ქვეპუნქტი, რომელშიც შედიოდა ფარული ხარჯებიც; მოცემული, როგორც წესი, ოპერატიული სამსახურისთვის იყო განკუთვნილი. 2009 წლის აპრილში, მათ სამსახურში მიიღეს პრეზიდენტის გრიფით „საიდუმლო“ განკარგულება, რომელშიც ეწერა პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან – 500 000 ლარის გამოყოფის შესახებ. დაკითხვის დროს მოწმეს წარედგინა აღნიშნული განკარგულება, რასთან დაკავშირებითაც, განმარტა, რომ ეს ხუთასი ათასი ლარი მიეკუთვნა „საქონლისა და მომსახურების“ მუხლს და იხარჯებოდა საქართველოს იმჟამინდელი პრეზიდენტის დავალებით.
24. მისივე განმარტებით, მასაჟისტ დოქტორ დ-ს სახელმწიფოს ბიუჯეტის ხარჯზე ვიზიტთან დაკავშირებული საზოგადოების მღელვარების გამო, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ (საქართველოს იმჟამინდელი პრეზიდენტის დავალებით) გადაწყვიტა პრეზიდენტის გარკვეული ხარჯი არ გამოაშკარავებულიყო. აღნიშნული საკითხის გადაწყვეტამდე სატელეფონო საუბარი შედგა ო. ქ-სა და საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის იმჟამინდელ უფროსს – ე. შ-ს შორის. პრეზიდენტის დაცვის სამმართველოს უფროსი წარმოადგენდა პატაკს სამსახურის უფროსის სახელზე, რომ დაგეგმილი იყო მივლინება და ევალებოდათ ამ მივლინების დაფინანსება. ბუღალტერია ამ თანხებს გასცემდა მინდობილ პირზე, როგორც წესი, დაცვის თანამშრომელზე საქვეანგარიშოდ, რის შემდგომაც, პატაკზე დართული შესაბამისი ხარჯვის დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენის საფუძველზე, ისინი ბუღალტრულად ჩამოიწერებოდა.
25. მოწმის განმარტებით, ეს პატაკები იყო გრიფით „საიდუმლო.“ მისი აზრით, ისინი არ წარმოადგენდნენ საიდუმლოებას. მაგალითად, დასაცავი პირის შვილის სწავლის ხარჯები არ უნდა ყოფილიყო საიდუმლო, იგი არ ემსახურებოდა დასაცავ პირთა უსაფრთხოების ამაღლებას. აღნიშნული განკარგულება სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურისთვის დამატებითი ფუნქციის დაკისრება იყო და კანონს ეწინააღმდეგებოდა. მ. თ-ის განმარტებით, საბიუჯეტო ორგანიზაციაში თანხის სწორად ხარჯვაზე პასუხისმგებელი პირი იყო სამსახურის უფროსი.
26. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა – კ. ბ-ი, რომელიც უშუალოდ მიუთითებს მ. ს-ან მისი კომუნიკაციის შინაარსსა და მიღებული დავალების არსს, კერძოდ, მოწმემ განმარტა, რომ იგი 2009-2011 წლებში იყო ფინანსთა მინისტრი და მის უფლებამოსილებაში შედიოდა ქვეყნის ფისკალური პოლიტიკის დაგეგმვა. მხარჯავი დაწესებულების მიერ თანხის ხარჯვაზე პასუხისმგებელი იყო თავად ამ სუბიექტის ხელმძღვანელი პირი. ზოგადად, სარეზერვო ფონდიდან თანხა გამოიყოფოდა გაუთვალისწინებელი ხარჯებისათვის, რაც არ ხვდებოდა ბიუჯეტის პროექტში. მაგალითად, სტიქიით მიყენებული ზიანის ანაზღაურება. პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოსაყოფად ფინანსთა სამინისტროში უნდა წარმოდგენილიყო პრეზიდენტის განკარგულება, რომლის რევიზია ფინანსთა სამინისტროს ფუნქცია არ იყო და ეს მოთხოვნა ავტომატურად კმაყოფილდებოდა. კ. ბ-ის განმარტებით, პირადად პრეზიდენტმა დაავალა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ბიუჯეტის გაზრდა. დასახელდა გასაზრდელი თანხა და შეთანხმდნენ, თუმცა, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის წარმომადგენელს ჰქონდა წუხილი ხარჯვის სამართლებრივ საფუძველთან დაკავშირებით. მათი თქმით, უნდა მიღებულიყო დამატებითი ნორმატიული აქტი, თუ როგორ დახარჯავდა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური ამ მიზნით თანხას. როგორც დავალებიდან იცოდა, განკარგულება თანხის ხარჯვასთან დაკავშირებით, უნდა მიეღო პრეზიდენტს. პრეზიდენტმა თვითონ განმარტა, რომ თანხა უნდა გადასულიყო სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში, ხოლო „განკარგულებას მე გამოვცემო.“ ამ შეხვედრამდე რამდენიმე კვირით ადრე, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, მ. ს-მა უთხრა: „არ მინდა, რასაც დავხარჯავ, მთელმა ქვეყანამ გაიგოს. ჩემი სარეზერვო ფონდიდან აღარ გამოვა ამ ხარჯების დაფინანსება, ხომ იცი, რომ ყველა არასამთავრობო ორგანიზაცია ამ ფონდის ხარჯების გამჭვირვალობას ითხოვს;“ ამიტომ, აჯობებს 2011 წელს პირდაპირ სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს გავუზარდოთ ბიუჯეტიო. თანხის დასახარჯად საჭირო განკარგულებას მე გამოვცემო.
27. კ. ბ-ს წარედგინა 2011 წლის 4 იანვრის „საიდუმლო“ გრიფის, №01-ს განკარგულება, რომლის თანახმად, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მიერ პრეზიდენტის ხარჯები უნდა დაფინანსებულიყო წლიური სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონით ამ უწყებისთვის გათვალისწინებული ასიგნებებიდან. მან დაადასტურა, რომ 2011 წლის ბიუჯეტის გაზრდის შემდეგ, ეს უნდა ყოფილიყო ის დოკუმენტი, რომელიც პრეზიდენტს უნდა გამოეცა. მოწმემ არაერთხელ დაადასტურა უშუალოდ მ. ს-ან დავალების მიღება – სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ბიუჯეტის გაზრდასთან დაკავშირებით.
28. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა თ. ჯ-იას ყოფილი მოადგილე – გ. ბ-ი, რომელმაც განმარტა, რომ როდესაც ის დაინიშნა უფროსის მოადგილის თანამდებობაზე, სამსახურში დახვდა პრაქტიკა, რომლის მიხედვითაც, აღნიშნული სამსახური გასწევდა საქართველოს პრეზიდენტის დავალებით ისეთ პირად ხარჯებს, რომლებიც არ შედიოდა სამსახურის კომპეტენციაში. აღნიშნული ხარჯისა და მისი სამართლებრივი საფუძვლის თაობაზე ინფორმაცია მას მოახსენა საფინანსო სამსახურის ხელმძღვანელმა – ო. ხ-მა. პირველად მაშინ გაეცნო საქართველოს პრეზიდენტის „საიდუმლო“ გრიფის განკარგულებას, რომლითაც სამსახურს დავალებული ჰქონდა დასაცავ პირთა დაცვის ღონისძიებების ეფექტურობის გაზრდის მიზნით, წარმომადგენლობითი და ყველა ტიპის მომსახურების ხარჯის გადახდა. მოწმის განმარტებით, ამგვარი ხარჯების შესახებ ინფორმაციის გაცნობისას მიიჩნია, რომ სამართლებრივი საფუძველი მას არ გააჩნდა და ჩათვალა უკანონოდ, თუმცა საქართველოს პრეზიდენტის განკარგულების ნახვის შემდეგ მიიჩნია, რომ ეს, შესაძლებელია, ყოფილიყო ამ ტიპის ხარჯის ფორმალურსამართლებრივი საფუძველი. მოწმე გ. ბ-მა ისაუბრა განკარგულების მიღების პროცედურაზეც. პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან თ. ჯ-ას ატყობინებდნენ, რომ თანხა უნდა გამოყოფილიყო პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურისათვის. განკარგულების გამოცემა ფორმალურად მათი მხრიდან უნდა ინიცირებულიყო. იგი, ო. ხ-ან ერთად, შეიმუშავებდა განკარგულების პროექტს, რომელსაც გადააგზავნიდა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში და ეროვნული უშიშროების საბჭოში, ხოლო უკვე ხელმოწერილი განკარგულება კი უბრუნდებოდა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურსა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს. ფაქტი, რომ განკარგულება გამოიცემოდა მ. ს-ის მიერ და მისი მეთვალყურეობით, ამაში დაეჭვების საფუძველი არ არსებობდა. იგი ესაუბრა პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსს და განკარგულების მიღებაზე ყველა საქმის კურსში იყო.
29. მოწმე გ. ბ-მა გაიხსენა კ. ბ-ან შეხვედრა. მინისტრმა უთხრა, რომ გაიზრდებოდა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ბიუჯეტი 3 მილიონით და ეს თანხა უნდა ყოფილიყო მ. ს-ისა და მისი ოჯახის ხარჯებისათვის. მას იკითხა, თუ რას ნიშნავდა პირადი ხარჯები, რადგან ეს არ შეესაბამებოდა კანონს. არსებობდა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ კანონი, რომელშიც ეწერა, რომ არავის ჰქონდა აღნიშნული სამსახურისათვის დამატებითი ფუნქციის მინიჭების უფლებამოსილება. ამის შესახებ იკამათეს. საბოლოოდ, კ. ბ-მა უთხრა, რომ მიღებული იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება და ასე უნდა გაკეთებულიყო. მან უარი თქვა წერილის გაგზავნასა და ბიუჯეტის პროექტის ცვლილებაზე. მაშინ თ. ჯ-ამ გადაწყვიტა, რომ თავად გაეგზავნა ბიუჯეტის გაზრდის მოთხოვნა – „ჩვენი გულისთვის, უხერხულობა იქმნებაო.“
30. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა ვ. ლ-ძე, რომელმაც განმატა, რომ 2009 წლიდან 2013 წლის ბოლომდე იკავებდა პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის თანამდებობას და განსაზღვრულ პერიოდში იყო პრეზიდენტის თანაშემწე იურიდიულ საკითხებში. ამ პერიოდში, მას ჰქონდა პრეზიდენტის ხელმოწერის ნიმუში – იგივე ფაქსიმილიე, რომლის დასმაც ყოველთვის თანხმდებოდა პრეზიდენტთან. მოწმეს დაკითხვისას წარედგინა პრეზიდენტის განკარგულებები, რომლებთან დაკავშირებითაც განმარტა, რომ მასზე ფაქსიმილიეს დასმა პირადად, პრეზიდენტთან იყო შეთანხმებული.
31. სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა მოწმე გ. ჟ-მა განმარტა, რომ 2006 წლიდან 2010 წლის სექტემბრამდე იყო პრეზიდენტის პირადი დაცვის სამმართველოს ცვლის უფროსი. ამ პერიოდში სამსახურის ხელმძღვანელი იყო ო. ქ-ძე, შემდეგ – თ. ჯ-ია. 2009 წლიდან შეხება ჰქონდა ფინანსურ საკითხებთანაც, კერძოდ, უზრუნველყოფდნენ პრეზიდენტისა და მისი ოჯახის წევრების ხარჯების გაწევას. აღნიშნულის თაობაზე მისთვის ცნობილი გახდა ო. ქ-სა და თ. ჯ-ან. მათგან დაცვის თანამშრომლებს ჰქონდათ მითითება, რომ პრეზიდენტის ყველა ხარჯი ანაზღაურებულიყო სამსახურის ბუღალტერიიდან მიღებული თანხებიდან. შესაბამისად, მის მიერ ძირითადად ხდებოდა კოსმეტოლოგიური პროცედურების ხარჯის, ს. რ-ისა და ე. ს-ის ავიაბილეთების თანხის, მათი კვებისა და საჩუქრების ხარჯების გაწევის უზრუნველყოფა. შესაბამის თანხას გადასცემდნენ ეკონომიკურ დეპარტამენტში, რის თაობაზეც სამსახურის უფროსის სახელზე დგებოდა პატაკები. როგორც წესი, პატაკი მას ხვდებოდა გამზადებული. დაკითხვისას მოწმეს წარედგინა სამსახურის უფროსის სახელზე მისი ხელმოწერით შედგენილი 11 პატაკი, ხარჯის გაწევის დამადასტურებელ დოკუმენტებთან ერთად, რომლებზეც დაადასტურა, რომ დოკუმენტებზე არსებული ხელმოწერები მას ეკუთვნის და ეს ხარჯები ნამდვილად გაწეული იყო.
32. სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა მოწმე რ. ლ-მა განმარტა, რომ 2009 წლიდან 2012 წლის ჩათვლით იყო პრეზიდენტის პირადი დაცვის ცვლის უფროსი. ამ პერიოდში სამსახურის ხელმძღვანელი იყო ო. ქ-ძე, შემდეგ – თ. ჯ-ია. მის სამსახურებრივ უფლება-მოვალეობებში შედიოდა პრეზიდენტისა და მისი ოჯახის წევრების უსაფრთხოების დაცვა. 2009 წლიდან უზრუნველყოფდნენ პრეზიდენტის, მისი ოჯახის წევრების და სტუმრების ხარჯების გაწევას. აღნიშნულის თაობაზე, მისთვის ცნობილი გახდა სამსახურის უფროსისაგან, ხოლო საფინანსო სამსახურის უფროსმა – ო. ხ-მა გააცნო შესაბამისი განკარგულება. ხდებოდა ტრანსპორტის, სასტუმროს, კვებისა და საჩუქრების ხარჯების გაწევის უზრუნველყოფა. მას შესაბამის თანხას გადასცემდნენ ეკონომიკურ დეპარტამენტში. თანხის გახარჯვის შემდეგ დგებოდა საიდუმლო პატაკები – სამსახურის უფროსის სახელზე. როგორც წესი, პატაკი მას გამზადებული ხვდებოდა. თანხა შეიძლება მომსახურების გაწევის დროს ადგილზე გადაეხადათ ან თუ გადახდა საჩქარო არ იყო, ეკონომიკურ სამსახურში წარადგენდნენ ჩეკს/ქვითარს, რომლის საფუძველზეც, გამოიწერებოდა შესაბამისი თანხა. დაკითხვისას, მოწმეს წარედგინა ხარჯის გაწევის პატაკები, რომლებზეც დაადასტურა, რომ დოკუმენტებზე არსებული ხელმოწერები მას ეკუთვნის და ეს ხარჯები ნამდვილად გაწეული იყო.
33. მოწმე მ. შ-მა განმარტა, რომ მის უფლება-მოვალეობებში შედიოდა პრეზიდენტის დაცვის უზრუნველყოფა. 2011 წლიდან შეხება ჰქონდა ეკონომიკურ დეპარტამენტთანაც. სალაროდან მისცემდნენ თანხას, იყიდიდა სამგზავრო ბილეთს ან სხვა, რაც იყო საჭირო და ქვითრებთან, ჩეკებსა და დოკუმენტაციასთან ერთად, აბარებდა უკან, რის საფუძველზეც, სწორდებოდა ანგარიში. დაკითხვისას მოწმეს წარედგინა სამსახურის უფროსის სახელზე მისი ხელმოწერით შედგენილი 27 პატაკი, ხარჯის გაწევის დამადასტურებელ დოკუმენტებთან ერთად, რასთან დაკავშირებითაც მან დაადასტურა, რომ დოკუმენტებზე არსებული ხელმოწერები მას ეკუთვნის და ეს ხარჯები ნამდვილად გაწეული იყო.
34. მოწმე გ. დ-მ განმარტა, რომ 2005-2010 წლებში მუშაობდა სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში პრეზიდენტის დაცვის სამმართველოს დაცვის ოფიცრის პოზიციაზე. 2009 წელს, მისი სამმართველოს უფროსი იყო თ. ჯ-ია. მის უფლება-მოვალეობებში შედიოდა პრეზიდენტის ოჯახის წევრების უსაფრთხოების უზრუნველყოფა. მოწმეს დაკითხვისას წარედგინა 2009 წლის 2 სექტემბრისა და 16 ივლისის თ. ჯ-იას პატაკები და მასზე დართული ბანკის სალაროს შემოსავლის ორდერები, რომლებიც შეეხებოდა მის მიერ გ. ზ-ის სახელობის სკოლაში ე. ს-ის სწავლების ღირებულების გადახდას. აღნიშნული დოკუმენტების თაობაზე მოწმემ განაცხადა, რომ თანხა ნამდვილად მან გადაიხადა; იგი აიღო საფინანსო სამსახურში – ო. ხ-ან. თანხის გადახდის დავალება მიიღო – თ. ჯ-ან.
35. მოწმე ვ. ვ-მ დაადასტურა, რომ 2010 წლიდან მუშაობდა სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში პრეზიდენტის პირად მცველად. იგი სალაროდან წინასწარ იღებდა ნაღდ ფულს, რომლის დახარჯვის შემდგომ იწერებოდა პატაკი თანხის ჩამოწერაზე, რომელსაც დაურთავდა ხარჯის ამსახველ დოკუმენტებს. სამსახურის უფროსის სახელზე დგებოდა პატაკი, ტექსტს პირადად არ ადგენდა, გამზადებული ხვდებოდა და აწერდა ხელს. როგორც იხსენებს, პატაკი იყო „საიდუმლო“ გრიფის. მას გადახდილი აქვს პრეზიდენტისა და მისი ოჯახის წევრების კვების მომსახურების თანხები, პრეზიდენტის სტუმრების ავიაბილეთების შეძენისა და სასტუმროში ცხოვრების ხარჯები, ასევე მათთვის შეძენილი აქვს ოქროს სამკაულები. დაკითხვისას მოწმეს წარედგინა ხარჯის გაწევის ამსახველი დოკუმენტაცია და 26 პატაკი, რასთან დაკავშირებითაც, დაადასტურა, რომ დოკუმენტებზე არსებული ხელმოწერები მას ეკუთვნის და ეს ხარჯები ნამდვილად გაწეულია.
36. მოწმე ა. ჯ-მა დაადასტურა, რომ 2004 წლიდან 2011 წლის სექტემბრამდე მუშაობდა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის პრეზიდენტის დაცვის დანაყოფში. თანხა იხარჯებოდა შემდეგნაირად: მიდიოდა საფინანსო განყოფილებაში, სადაც იღებდა თანხას და გადახდის შემდეგ აბრუნებდა ინვოისებს, ჩეკებსა და ქვითრებს. ხარჯის ჩამოწერისათვის ადგენდნენ „საიდუმლო“ გრიფის პატაკს. ყოფილა შემთხვევა, როდესაც პრეზიდენტი პირადად უთითებდა, თუ რა ხარჯისთვის უნდა გადაეხადა თანხა. მოწმეს წარედგინა 2010 წლის 21 ივლისის პატაკი 16 968 ლარის ჩამოწერის თაობაზე, რაც დაადასტურა და მიუთითა, რომ თანხა გადაიხადა პრეზიდენტის დავალებით. მაგალითად, მას შეძენილი აქვს ს. ნ-ის ავიაბილეთი. დაკითხვისას მას წარედგინა აღნიშნული ხარჯის გაწევასთან დაკავშირებით შედგენილი პატაკები, რაზეც განაცხადა, რომ დოკუმენტებზე არსებული ხელმოწერა მას ეკუთვნის და ეს ხარჯები ნამდვილად გაწეულია.
37. მოწმე დ. ა-მა დაადასტურა, რომ მუშაობდა პრეზიდენტის პირადი დაცვის სამსახურში და უშუალოდ იცავდა პრეზიდენტს. 2010 წლიდან ავალებდნენ პრეზიდენტის ხარჯების გადახდას. თანხის გადახდის შემდეგ ადგენდა პატაკს – გამოყოფილი თანხის გახარჯვის თაობაზე. საფინანსო სამსახურიდან გამოიყოფოდა თანხა, რომელსაც აძლევდა ბუღალტერი, შემდეგ მიდიოდა და იხდიდა. ზოგჯერ პრეზიდენტსაც უთქვამს, რომ გადაეხადათ თანხა. დაკითხვისას მოწმეს წარედგინა ხარჯის გაწევის აღმნიშვნელი პატაკები, რაც დაადასტურა.
38. სასამართლოში ანალოგიური ჩვენებები მისცა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის სხვა არაერთმა თანამშრომელმა, მათ შორის: ბ. ა-მა, შ. წ-მა, რ. ჯ-მა, ს. ღ-მ, შ. გ-მა. მათი განმარტებით, არცერთ მათგანს თანხა არ გაუხარჯავს დავალების გარეშე; ყველა შემთხვევაში, სამსახურის უფროსის სახელზე ადგენდნენ „საიდუმლო“ გრიფის პატაკებს. გაწეულ ხარჯთან დაკავშირებით ინფორმირებული იყო უშუალოდ სამსახურის უფროსი.
39. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მთავარი ბუღალტრის – ქ. გ-ის ჩვენებით დადგენილია, რომ საქმეში არსებულ ხარჯებთან შეხება ჰქონდა 2012 წლის 1 თებერვლიდან. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის წარმომადგენლობითი ხარჯი იყო მცირე და გაიწეოდა ღიად, ხოლო განკარგულების საფუძველზე გაცემული ხარჯი – ფარულად. პატაკს ედებოდა სამი რეზოლუცია: სამსახურის ხელმძღვანელის, კურატორი მოადგილისა და ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსის. თანხა გაიცემოდა სამსახურის უფროსის რეზოლუციით. მის ხარჯვაზე პასუხისმგებელი იყო სამსახურის უფროსი. ხარჯი მიემართებოდა მხოლოდ პრეზიდენტს. მოწმის განმარტებით, როცა სამსახურში კონტრდაზვერვის თანამშრომლები საქმესთან დაკავშირებით საიდუმლო დოკუმენტების შესწავლისა და ამოღების მიზნით შევიდნენ, სამსახურის იმჟამინდელმა უფროსმა – თ. ჯ-მ შესთავაზა საიდუმლო დოკუმენტაციის სხვა ადგილას გადატანა/შენახვა, რასაც მოწმე არ დაეთანხმა.
40. მოწმის სახით დაკითხულმა, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილმა თანამშრომელმა – თ. ს-მ – განმარტა, რომ 2004 წლის მარტიდან 2016 წლის თებერვლამდე მუშაობდა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში კვებისა და ღონისძიებების უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელად. დაახლოებით, 2009 წლამდე, ღონისძიებების ხარჯები ძირითადად ანაზღაურდებოდა პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან. იმ დროისათვის, როგორც ადმინისტრაციის უფროსის მოადგილისგან ჰქონდა ინფორმაცია, გამოიცა პრეზიდენტის განკარგულება, რომლის საფუძველზეც, ხარჯები, რომლებიც არ იქნებოდა ოფიციალური, დაფარავდა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური. ოფიციალური ვიზიტისას, რომლებიც პროტოკოლით იყო გათვალისწინებული, იღებდა ოფიციალურ წერილს, რომელშიც მითითებული იყო, კონკრეტულად ვინ ჩამოდიოდა, რის საფუძველზეც პრეზიდენტის ადმინისტრაცია ამ თანხას იხდიდა. რაც შეეხება არაოფიციალურ ხარჯს, რომელსაც არ ანაზღაურებდა პრეზიდენტის ადმინისტრაცია, ასეთ დროს თანხას იხდიდნენ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან. მაშინდელმა ადმინისტრაციის უფროსმა – დ. ტ-მა უთხრა, რომ ჩამოდიოდა ესპანელი მზარეული, რომელიც მოწმეს დაექვემდებარებოდა. ამის შემდეგ, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის საფინანსო სამსახურის უფროსმა – ო. ხ-მა აუხსნა, რომ მზარეულის ხელფასი და სხვა ხარჯები გაიცემოდა დაცვის სპეციალური სამსახურიდან. ვინაიდან მზარეულს პირადად ვერ გადასცემდნენ ამ თანხას, ხსენებულ თანხას მისცემდნენ თ. ს-ს, რომელიც თავად გადასცემდა მზარეულს.
41. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის ყოფილი მოადგილისა და პროტოკოლის სამსახურის ყოფილი უფროსის – ზ. დ-ის ჩვენებით დასტურდება, რომ 2009-2013 წლებში მუშაობდა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში. მის უფლებამოსილებაში შედიოდა პრეზიდენტის ვიზიტების დაგეგმვა და უცხო ქვეყნის მაღალი პირების ვიზიტების დაგეგმვა. ხარჯი, რომელიც ხვდებოდა პროტოკოლის სამსახურში, არ მიეკუთვნებოდა სახელმწიფო საიდუმლოებას. განსახილველ საქმეში არსებული პრეზიდენტის განკარგულების გამოცემაზე შეიტყო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის – ე. შ-ის ან დ. ტ-ან. მან გაიგო, რომ არსებობდა პრეზიდენტის განკარგულება, რომლის მიხედვითაც, გარკვეული ხარჯები ანაზღაურდებოდა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მიერ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ბიუჯეტიდან ანაზღაურდებოდა ის ხარჯები, რომლებიც იყო რეგლამენტირებული პრეზიდენტის კონკრეტული ვიზიტისათვის გამოცემული განკარგულების მიხედვით, ეს შეიცავდა მგზავრობას, კავშირგაბმულობას, სასტუმროს, კვებასა და წარმომადგენლობით ხარჯებსაც. სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს უნდა გადაეხადა ხარჯები იმ ღონისძიებებისა, რომლებიც არ იყო რეგლამენტირებული და არ ანაზღაურდებოდა პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხრიდან.
42. მოწმემ განმარტა, რომ საპროტოკოლო ღონისძიება წინასწარ დაგეგმილია, ჩასმულია პროგრამაში და გაწერილია ორივე მხარის მიერ. არასაპროტოკოლო ღონისძიება არაოფიციალური შეხვედრებია. პრეზიდენტის განკარგულებით, გაწერილი იყო საპროტოკოლო ხარჯები, რომელსაც პრეზიდენტის ადმინისტრაცია ანაზღაურებდა. ანაზღაურება, იმ ხარჯებისა, რომლებიც სცდებოდა პრეზიდენტის განკარგულებას და პროგრამით გათვალისწინებულ შეხვედრებს, ანაზღაურდებოდა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მიერ. ვიზიტები, რომლებიც არ ანაზღაურდებოდა პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ, ანაზღაურდებოდა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მიერ. როდესაც იყო ისეთი მატერიალური დანახარჯი, რომელიც არ ჩანდა პროგრამასა ან განკარგულებაში, ის ეუბნებოდა ადმინისტრაციის ხელმძღვანელს. შემდეგ მას ჰქონდა კომუნიკაცია სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის წარმომადგენელთან და ამგვარად იხდიდნენ თანხას. მას ხელი აქვს მოწერილი დოკუმენტზე, რომლის თანახმად, პრეზიდენტის დავალებით შეძენილია სამკაულები, რომლებიც სტუმრისთვის გადასაცემად მისცეს პრეზიდენტს. პრეზიდენტისაგან იღებდნენ კონკრეტულ დავალებებს, თუ რა სახის საჩუქარი უნდა ყოფილიყო. თუ ეს საჩუქარი ან ის პირი, ვისთვისაც უნდა გადაეცა საჩუქარი, არ იყო პროგრამაში და ეს ღონისძიებაც არ იყო ოფიციალური, ატყობინებდა ადმინისტრაციის უფროსს; მისგან მიღებული დავალების შესაბამისად, ასეთი საჩუქრის ყიდვაზე ატყობინებდა სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს და ისინი ყიდულობდნენ საჩუქარს.
43. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პროტოკოლის სამსახურის ყოფილი უფროსის – გ. მ-ას ჩვენებით დასტურდება, რომ 2009-2013 წლებში მუშაობდა აღნიშნულ თანამდებობაზე. განსხვავება ოფიციალურ და არაოფიციალურ ვიზიტს შორის იყო შემდეგი: თუ იყო სამუშაო ვიზიტი, პროტოკოლური ვიზიტი და არაოფიციალური ვიზიტი, ასეთ დროს იყო მიწვევა და ხარჯები ანაზღაურდებოდა ბიუჯეტიდან, ხოლო თუ არ იყო მიწვევა, ეს იყო კერძო ვიზიტი და ასეთ დროს ხარჯიც არ ანაზღაურდებოდა ბიუჯეტიდან, რადგან არ იყო ასეთი ხარჯის ანაზღაურების სამართლებრივი საფუძველი.
44. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი მთავარი ბუღალტრის – დ. ლ-ს ჩვენებით დადასტურდა, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციის ძირითადი ხარჯი იყო: სტუმრების დახვედრა, მივლინებები, ადმინისტრაციის ხარჯები, ავტომანქანების შენახვის ხარჯი და ა.შ.. წარმომადგენლობითი ხარჯები იყო: პრეზიდენტის სტუმრების ხარჯი, საჩუქრები, სარესტორნო მომსახურება, სასტუმრო მომსახურება, ავტომანქანით მომსახურება და სხვა. წარმომადგენლობითი ხარჯები გაიწეოდა შემდეგნაირად: პროტოკოლის სამსახურის მიერ იწერებოდა წერილი პრეზიდენტის ღონისძიების შესახებ, დგებოდა გეგმა, ფორმდებოდა ხელშეკრულება და იწყებოდა შესრულება. შესყიდვების სამმართველო უზრუნველყოფდა ხელშეკრულების გაფორმებას მომსახურების მომწოდებელთან. ამ პროცედურის გავლის შემდეგ ხდებოდა ხარჯის დაფინანსება ადმინისტრაციის ბიუჯეტიდან. კვების ხარჯს ქვეყნის შიგნით ანაზღაურებდნენ მოხსენებითი ბარათის საფუძველზე. პრეზიდენტის კერძო სტუმრის ხარჯი სამსახურს არ გადაუხდია. სამსახურის მიერ საბიუჯეტო თანხის ხარჯვის ამსახველი დოკუმენტაცია საიდუმლო არ ყოფილა და საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან მუდმივად ითხოვდნენ ამგვარი საჯარო ხარჯების შესახებ ინფორმაციას.
45. სასამართლოში მოწმის სახით დაიკითხა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის მთავარი სამმართველოს უფროსი – მ. ლ-ძე. მის დაქვემდებარებაში მყოფი სამმართველოს ფუნქცია იყო სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის კონტროლი, მათ შორის – საიდუმლოებასთან დაკავშირებული უწყების მონიტორინგი – საიდუმლო საქმიანობის თაობაზე. მონიტორინგი მოიცავდა როგორც ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებათა, ისე – სამართლებრივ და მეთოდურ-ორგანიზაციულ მიმართულებებს. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის საიდუმლოებასთან დაკავშირებული საქმიანობის ნებართვა გაგრძელდა 2013 წელს, აღნიშნული უწყებიდან მიღებული წერილის თანახმად. ამისთვის საჭირო იყო პროცედურების გავლა, რაც გულისხმობდა უწყების შემოწმებას. ეს ხდებოდა წინასწარ შედგენილი გეგმის საფუძველზე და იმ ერთეულებში, სადაც მიმდინარეობდა საიდუმლო საქმისწარმოება და არსებობდა გრიფით „საიდუმლო“ დოკუმენტები. საიდუმლო დოკუმენტი, რომელიც შეიცავს გრიფით „საიდუმლო“ ინფორმაციას, უნდა იყოს სავალდებულო წესით რეგისტრირებული სარეგისტრაციო ჟურნალში. ამ დოკუმენტზე თუ კეთდება ვიზირება, თანამშრომელთან მიდის საიდუმლო კანცელარიის გავლით. მიმღებმა უნდა მოაწეროს ხელი და დოკუმენტის მიღების შემდეგ ხდება პასუხისმგებელი. თუ მიმღები დამოუკიდებელი ერთეულია, იმ ერთეულში უნდა მოხდეს ამ დოკუმენტის რეგისტრაცია და იქ გაგრძელდეს კონტროლი. ყველა ნაბიჯი უნდა იყოს აღწერილი და ჟურნალში დაფიქსირებული. დოკუმენტებს ენიჭებათ ინდივიდუალური, ერთჯერადი ნომერი. საიდუმლო დოკუმენტი სავალდებულო წესით ექვემდებარება რეგისტრაციას და რაიმე გამონაკლისი არ არსებობს.
46. წერილი სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან მიიღეს 2012 წლის დეკემბერში, ხოლო მიწერილობა და შემოწმების გეგმა სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს ჩაჰბარდა 2013 წლის თებერვალში. ფინანსურ-ეკონომიკური დანაყოფის შემოწმება დაიწყო 2013 წლის 25 თებერვალს. პირველივე დღეს მოულოდნელი სიტუაცია დახვდათ, კერძოდ, მოიკითხეს ჟურნალები და ვერ ნახეს; ე.წ. „ბაინდერებში“ იყო საიდუმლო გრიფ-მინიჭებული პატაკები. ამ პატაკებზე იყო დართული ხარჯის გადახდისა და თანხების ჩამოწერის დოკუმენტაცია და ისინი იყო დაურეგისტრირებელი. არ არსებობდა ჟურნალი, რომელშიც უნდა ყოფილიყო ისინი რეგისტრირებული. დოკუმენტები შედგებოდა რამდენიმე ნაწილისაგან, კერძოდ, პატაკი თანხის გამოყოფაზე, შემდეგ იყო ხარჯვის ამსახველი დოკუმენტები: ქვითარი, ინვოისი და ა.შ.. მითითებული იყო, რომ ოპერატიული ხარჯებისთვის გამოყოფილი თანხა გაიხარჯა, თუმცა იმ ხარჯში ოპერატიული/ფარული ხარჯი არაფერი იყო. ეს იყო საზღვარგარეთ ვიზიტზე დახარჯული, სწავლის საფასურზე, იყო წვეულებებზე, შიდა ვიზიტებზე, ოქროს სამკაულების შეძენასა და სხვა მსგავს ღონისძიებებზე გახარჯული თანხები. დაცვის თანამშრომლების მიერ შედგენილი პატაკები იყო ხელმძღვანელის სახელზე შესრულებული და ვიზირებები შესრულებულია რეზოლუციით. პატაკზე თანდართული დოკუმენტები იყო ხარჯის ამსახველი ქვითრები, ჩეკები, ინვოისები, აქტები, ფაქტურები, ზედნადებები; მაგალითისთვის რესტორანში გადახდილი ქვითრები, ავიაბილეთის ასლები, შეძენილი ოქროს ნაკეთობის ქვითრები, მარკეტში შეძენილი პროდუქტების ქვითრები და სხვა. მან თავი ვალდებულად ჩათვალა, ამ ხარჯებზე პატაკის დაწერა, რადგან ეს აშკარად არ იყო ოპერატიული მიზნებისთვის გახარჯული თანხები. თუ ეს ხარჯი იყო ოპერატიული მიზნისათვის, მაშინ ამ ხარჯის ჩამოწერასაც სხვა წესი აქვს. ოპერატიული ხარჯი არის ოპერატიული საქმიანობის პროცესში, ოპერატიული მიზნებისათვის არსებული ხარჯი. რაც შეეხება, ფარულ ხარჯს, ეს ისეთი ხარჯია, რომლის გამჟღავნებაც ზიანის მომტანი იქნება სახელმწიფოსთვის. წარმოდგენილი პატაკები არ შეიცავდა ფარული ან ოპერატიული ხარჯის ნიშნებს.
47. ვინაიდან, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის საიდუმლოების რეჟიმის შემოწმებისას, გამოვლინდა შესაძლო დანაშაულებრივი ქმედება, 2013 წლის 26 თებერვალს მ. ლ-მ პატაკით მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის უფროსს და მოითხოვა რეაგირება, რადგან შემოწმების პროცესში დაფიქსირდა 2009-2012 წლებში სამსახურის ფარული ხარჯებისათვის განკუთვნილი საბიუჯეტო სახსრების ხარჯვა არამიზნობრივად და ოპერატიულად დაუსაბუთებელი საფუძვლით. პატაკის საფუძველზე იმავე დღეს საგამოძიებო ორგანოში დაიწყო გამოძიება.
48. 2013 წლის 5 მარტს ამოღებული დოკუმენტაცია გაიგზავნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის სამმართველოში, რათა გაცემულიყო დასკვნა, თუ რამდენად შეიცავდნენ დოკუმენტები საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 21 იანვრის №42 განკარგულებით დამტკიცებულ „სახელმწიფო საიდუმლოებას მიკუთვნებულ ცნობათა ნუსხით“ გათვალისწინებულ მონაცემებს. 2013 წლის 2 აპრილის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის დასკვნის (იხ. №15/9-4309-ს წერილი) თანახმად, აღნიშნული „ფარული ხარჯები“ არ შეიცავდა სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ მონაცემებს.
49. აღნიშნულ საკითხზე მოწმე მ. ლ-მ სასამართლოში დაკითხვისას განაცხადა, რომ 2013 წლის 5 მარტს, წერილით საგამოძიებო ორგანომ მიმართა შსს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის სამმართველოს და ფარული ხარჯების ამსახველი დოკუმენტები წარუდგინა. საგამოძიებო ორგანომ მოითხოვა დასკვნის გაცემა, თუ რამდენად შეიცავდა წარმოდგენილი დოკუმენტი სახელმწიფო საიდუმლოებას. სამსახურის მიერ მომზადდა ნუსხა – ჩამონათვალი ამ დოკუმენტების, რომლებიც არ შეიცავდა სახელმწიფო საიდუმლოებას და მომზადდა დოკუმენტების ჩამონათვალი, რომელიც შეიცავდა ამგვარ მონაცემებს.
50. გადაწყვეტილების სამართლებრივ საფუძველთან დაკავშირებით, მ. ლ-მ განმარტა, რომ „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, სახელმწიფო საიდუმლოებად არ მიიჩნევა ინფორმაცია პრივილეგიების, კომპენსაციებისა და შეღავათების შესახებ, რომელსაც სახელმწიფო ანიჭებს თანამდებობის პირებს. ეს დოკუმენტები შეიცავდა ცნობებს პრივილეგიების შესახებ. ამ პრივილეგიების მიმღები პირები ვერ იქნებოდნენ ოპერატიულად ხელშემწყობი პირები, ასევე ოჯახის წევრები ვერ იქნებოდნენ აგენტები, ან – ხელშემწყობი პირები. იქ იყო საჯარო მოხელეებსა და ცნობად სახეებზე გაწეული ხარჯიც. ხარჯის შინაარსიდან გამომდინარე, ის ვერ იქნებოდა ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებზე გახარჯული. მაგალითად, გ. უ-ას გასახდომ პროცედურებზე თუ გაფორმდა ხელშეკრულება, ამ პატაკებში საერთოდ არ უნდა ყოფილიყო იგი მოქცეული, მას უნდა ჰქონოდა გრიფი განსაკუთრებული მნიშვნელობის, აქ კი ლეგალური დოკუმენტები არსებობდა, რომელიც მიუთითებდა, რომ ხარჯი არ იყო ოპერატიული მიზნებისთვის გაწეული და არც ხარჯის შინაარსიდან გამომდინარეობდა ფარული ხარჯების კატეგორია.
51. დამატებით მოწმე მ. ლ-მ აღნიშნა, რომ პრეზიდენტის განკარგულების საიდუმლო რეჟიმი არ მოითხოვს ხარჯის საიდუმლო ფორმით გადახდას. დოკუმენტის საიდუმლოება ავტომატურად არ გულისხმობს ამ დოკუმენტიდან გამომდინარე ყველა დოკუმენტი იყოს გრიფით „საიდუმლო“. ასეთი ქმედების ამსახველ დოკუმენტაციაში თუ არაფერია საიდუმლო, მაშინ იგი არ საჭიროებს „საიდუმლო“ გრიფის მინიჭებას.
52. 2013 წლის 15 აპრილის №15/25/1-40-ს წერილით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მიერ სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს ეცნობა, რომ ხარჯებისა და მასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის შესწავლით (საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ეკონომიკური დეპარტამენტიდან ამოღებული ,,საიდუმლო“ გრიფის დოკუმენტები და მათზე დართული მასალა) გამოვლინდა, რომ ისინი არ შეიცავდნენ სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ მონაცემებს და მოთხოვნილი იყო შესაბამისი ბრძანების გამოცემა „საიდუმლო“ გრიფის მოხსნის მიზნით. მოცემული მასალა ვრცლად მიმოხილულია აღნიშნულ წერილში.
53. 2013 წლის 15 აპრილს, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის (მ/შ) №356 ბრძანებით გაუქმდა გადაწყვეტილებები ინფორმაციის სახელმწიფო საიდუმლოებად მიჩნევის შესახებ და საიდუმლო ,,გრიფი“ მოეხსნა კონკრეტულ დოკუმენტებს (რეკვიზიტები მოხსენიებულია სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში). ბრძანების სამართლებრივი საფუძველია „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის 1-ელი ნაწილი. აღნიშნული ნორმის 2012 წლის 28 ივნისს მოქმედი რედაქციის შესაბამისად, ეს მუხლი შეეხებოდა ინფორმაციის სახელმწიფო საიდუმლოებად მიჩნევის შესახებ უკანონო გადაწყვეტილების გაუქმებას. მისი პირველი ნაწილის თანახმად, ინფორმაციის სახელმწიფო საიდუმლოებად მიჩნევის შესახებ უკანონო გადაწყვეტილების საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გაუქმებისა და ინფორმაციის საიდუმლოობის ხარისხის შეცვლის უფლება ჰქონდა ინფორმაციის დასაიდუმლოების უფლებამოსილების მქონე თანამდებობის პირს/ადმინისტრაციულ ორგანოს, როგორც საკუთარი ინიციატივით, ისე – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოტივირებული მითითებით.
54. სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულმა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის ყოფილმა მოადგილემ – დ. ბ-მა დაადასტურა, რომ 2013 წლის 15 აპრილის ბრძანებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის რეკომენდაციის საფუძველზე, „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის თანახმად, განასაიდუმლოვა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან ამოღებული დოკუმენტაცია – პატაკები და მათი დანართები.
55. სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულმა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის საქმისწარმოების განყოფილების ყოფილმა უფროსმა – ნ. შ-მ განმარტა, რომ 2009-2013 წლებში, აღნიშნულ თანამდებობაზე მუშაობისას, მის ძირითად უფლება-მოვალეობებს წარმოადგენდა პრეზიდენტის დაცვის სამმართველოს საქმისწარმოება. ამ პერიოდში პრეზიდენტის დაცვის სამმართველოს უფროსი იყო თ. ჯ-ია და უშუალოდ მისგან იღებდა დავალებებს. მასთან შესულ დოკუმენტს გრიფი საიდუმლო უკვე მინიჭებული ჰქონდა და თვითონ არ აფასებდა მის შინაარსს. ვინაიდან, თ. ჯ-ა იყო ხელმძღვანელი, იგი წყვეტდა, თუ რომელი დოკუმენტი უნდა ყოფილიყო საიდუმლო და რომელი – არა. მოწმეს დაკითხვისას წარედგინა საიდუმლო პატაკი, ხარჯის გაწევასთან დაკავშირებით, რის თაობაზეც განმარტა, რომ ასეთი პატაკი არასდროს უნახავს და მასთან რომ მისულიყო, აუცილებლად დაარეგისტრირებდა. აღნიშნულ პატაკს არ აქვს რეგისტრაციის ბეჭედი და ნომერი, შესაბამისად, აღრიცხული არ არის.
56. სამეზე გამოკვლეულია მ. ს-ის მიერ 2009 წლის 24 აპრილიდან 2012 წლის 26 დეკემბრის ჩათვლით გამოცემული ,,საიდუმლო“ გრიფის განკარგულებები – საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურისათვის თანხების გამოყოფის თაობაზე, რომლებიც დეტალურად ასასხულია სააპელაციო სასამართლოს განაჩენში. ხსენებული განკარგულებების თანახმად, სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს დაევალა კონკრეტული ხარჯები დაფინანსებულიყო წლიდან წლამდე ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონით, ამ უწყებისთვის გათვალისწინებული ასიგნებიდან.
57. 2015 წლის 15 აპრილს გაცემული, აუდიტორთა 2013 წლის 16 აგვისტოს დასკვნის დამატების თანახმად, 2009 წლის 1 მაისიდან ამავე წლის 1 სექტემბრამდე, პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი ასიგნებების საერთო მოცულობიდან – 186 906 ლარის ხარჯი არ შეესაბამება განკარგულებით პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან ასიგნების გამოყოფის საფუძველს; იგი არ გახარჯულა განსაკუთრებულ შემთხვევებში დასაცავი პირის წარმომადგენლობითი და სხვა გადაუდებელი ხარჯის დასაფინანსებლად და არამიზნობრივი ხარჯია. საბოლოოდ, აუდიტორთა დასკვნების თანახმად, 2009 წლის 1 მაისიდან 2013 წლის 25 თებერვლის ჩათვლით, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან არამიზნობრივად გაიხარჯა – 9 024 367.34 ლარი, ხოლო იმ პერიოდში, როდესაც სამსახურის ხელმძღვანელი იყო თ. ჯ-ია – 2010 წლის 25 ივნისიდან 2013 წლის 25 თებერვლის ჩათვლით, აღნიშნული უწყებიდან ზემოაღნიშნული ფორმით არამიზნობრივად გახარჯულმა თანხამ შეადგინა – 8 392 827 ლარი.
58. დასკვნის ირგვლივ, სასამართლოში დაიკითხა მთავარი აუდიტორი – ნ. ვ-ა, რომელმაც ჩვენების მიცემისას დაადასტურა აუდიტორთა ჯგუფის მიერ გაცემული დასკვნის სისწორე.
59. სასამართლოში მოწმის სახით დაიკითხა გ. ც-ა, რომელიც მუშაობდა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის სამედიცინო განყოფილებაში. მისი განმარტებით, ისინი დასაცავ პირებს უწევდნენ სამედიცინო მომსახურებას, თუმცა დასაცავ პირებს არ უწევდნენ კოსმეტოლოგიურ მომსახურებას, რადგან ეს სამედიცინო მომსახურებაში არ შედიოდა.
60. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა დაცვის მოწმე – გ. კ-ძე, რომელიც 2005 წლიდან მუშაობდა ფინანსთა სამინისტროში. მისი განმარტებით, პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან თანხა გამოიყოფოდა უშუალოდ პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, რომელშიც მითითებული იყო თანხის ოდენობა და მიზნობრიობა. ამ განკარგულების რევიზიას ფინანსთა სამინისტრო არ ახდენდა. ზოგადად, სარეზერვო ფონდიდან თანხა გამოიყოფოდა გაუთვალისწინებელი ხარჯისათვის, რაც არ ხვდებოდა ბიუჯეტის პროექტში. „გაუთვალისწინებელ ხარჯში“ იგულისხმებოდა, როგორც შემთხვევით წარმოშობილი საჭიროებისათვის განკუთვნილი ხარჯი, ისე – საბიუჯეტო კანონმდებლობაში გაუთვალისწინებელი გადასახდელები და კონკრეტული წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული გადასახდელების კონკრეტული ოდენობის ზემოთ გაწეული გადასახდელი.
61. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა დაცვის მხარის მოწმე, საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე – გ. თ-ძე. მოწმემ აღნიშნა, რომ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მიერ პრეზიდენტთან დაკავშირებული ხარჯები გაიწეოდა რ-დან მომდინარე საფრთხეების თავიდან ასაცილებლად. საქართველოს ხელისუფლებას მისმა მეგობარმა სახელმწიფოებმა მიაწოდეს ინფორმაცია, რომ არსებობდა რ-ის ფედერაციის მხრიდან საქართველოს პრეზიდენტის ხელყოფის რისკი, რომლის თავიდან ასაცილებლადაც, უსაფრთხოების სამსახურებთან კონსულტაციის, მათ შორის, საქართველოს უცხოელ პარტნიორებთან კონსულტაციის გზით, მიღებული იყო გადაწყვეტილება, რომ პრეზიდენტთან, მის ოჯახსა და თანმხლებ პირებთან დაკავშირებული ხარჯები ყოფილიყო საიდუმლო.
62. თავად მ. ს-მა და თ. ჯ-ამ უარყვეს წარდგენილი ბრალდებები და განმარტეს, რომ ისინი უდანაშაულოები არიან, ხოლო მათ მიმართ წარმოებული სისხლის სამართლის საქმე – პოლიტიკურად მოტივირებულია.
63. ამდენად, როგორც წარმოდგენილი მტკიცებულებებით იკვეთება, მ. ს-ისა და თ. ჯ-ს მსჯავრადშერაცხილი ქმედებების ჩადენის დროს დასაქმებული პირები, რომლებიც უშუალოდ, სხვადასხვა ფორმით დაკავშირებულნი იყვნენ თანხების გახარჯვასა თუ ,,საიდუმლო“ გრიფის დოკუმენტებთან, თანხვდენილად აღწერენ ფაქტობრივ გარემოებებს, რომლებიც მ. ს-ან მიმართებით – გაფლანგვის, ხოლო თ. ჯ-ან მიმართებით – სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების შემადგენლობას ქმნის. მოცემულ პირებში იგულისხმება მათ შორის, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსი, მისი მოადგილე, ყოფილი ფინანსთა მინისტრი, აგრეთვე პირები, რომლებიც უშუალოდ პრეზიდენტის დაცვის უზრუნველყოფაში მონაწილეობდნენ. მოცემული მასალებით სრულად იდენტიფიცირებადია, როგორც თანხის გაცემის, ისე მისი ხარჯვის პროცედურული ნაწილი. მაგალითად, კ. ბ-მა, რომელიც 2009-2011 წლებში იყო ფინანსთა მინისტრი, მიუთითა, რომ პრეზიდენტმა დაავალა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ბიუჯეტის გაზრდა. დასახელდა გასაზრდელი თანხა და შეთანხმდნენ, თუმცა, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის წარმომადგენელს ჰქონდა წუხილი, ხარჯვის სამართლებრივ საფუძველთან დაკავშირებით. პრეზიდენტმა მ. ს-მა უთხრა: „არ მინდა, რასაც დავხარჯავ, მთელმა ქვეყანამ გაიგოს. ჩემი სარეზერვო ფონდიდან აღარ გამოვა ამ ხარჯების დაფინანსება, ხომ იცი, რომ ყველა არასამთავრობო ორგანიზაცია ამ ფონდის ხარჯების გამჭვირვალობას ითხოვს.“ ამიტომ, აჯობებს, 2011 წელს პირდაპირ სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს გავუზარდოთ ბიუჯეტიო. თანხის დასახარჯად საჭირო განკარგულებას მე გამოვცემო. მოწმე ა. ჯ-მა დაადასტურა, რომ 2004 წლიდან 2011 წლის სექტემბრამდე მუშაობდა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის პრეზიდენტის დაცვის დანაყოფში. თანხის ხარჯვა ხდებოდა შემდეგნაირად: მიდიოდა საფინანსო განყოფილებაში, სადაც იღებდა თანხას და გადახდის შემდეგ აბრუნებდა ინვოისებს, ჩეკებსა და ქვითრებს. ხარჯის ჩამოწერაზე ადგენდნენ გრიფით „საიდუმლო“ პატაკს. ყოფილა შემთხვევა, როდესაც პრეზიდენტი პირადად უთითებდა, თუ რა ხარჯისთვის უნდა გადაეხადა თანხა. მოწმე დ. ა-მა დაადასტურა, რომ მუშაობდა პრეზიდენტის პირადი დაცვის სამსახურში და უშუალოდ იცავდა პრეზიდენტს. ზოგჯერ პრეზიდენტსაც უთქვამს, რომ გადაეხადათ თანხა.
64. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის ობიექტური შემადგენლობა გამოიხატება სხვისი ნივთის ან ქონებრივი უფლების მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვაში. გაფლანგვისათვის დამახასიათებელია ის, რომ დამნაშავე უფლებამოსილია, ჰქონდეს ქონება მართლზომიერ მფლობელობასა ან გამგებლობაში. დამნაშავე ქონების მართლზომიერ მფლობელობას ან გამგებლობას ახორციელებს შემდეგ შემთხვევაში: სამსახურებრივი მოვალეობის, სახელშეკრულებო ურთიერთობისა, თუ სპეციალური დავალების სახით. რაც შეეხება, ქმედების სუბიექტურ შემადგენლობას, იგი გამოიხატება პირდაპირ განზრახვაში. დამნაშავეს გაცნობიერებული აქვს, რომ ფლანგავს სხვის ქონებას და ითვალისწინებს, რომ თავისი მოქმედებით ზიანს აყენებს მესაკუთრეს და სურს, ამ ზიანის მიყენება. აღნიშნული დანაშაულის ერთ-ერთი დამამძიმებელი გარემოებაა გაფლანგვა – წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ. ამ ქვეპუნქტით, რომ დაკვალიფიცირდეს ქმედება, გამოკვეთილი უნდა იყოს, სულ მცირე, ორი ამსრულებელი, ესე იგი, სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლით გათვალისწინებული სპეციალური სუბიექტი (რომელსაც მართლზომიერ მფლობელობასა ან გამგებლობაში აქვს სხვისი ნივთი ან ქონებრივი უფლება). ასევე აუცილებელია, სულ მცირე, ორი სპეციალური სუბიექტი უშუალოდ აღასრულებდეს გაფლანგვის ობიექტურ შემადგენლობას. თუკი მხოლოდ ერთი ჩადის მას, ხოლო მეორე არა, აღნიშნული დამამძიმებელი გარემოება ვერ გამოიკვეთება. ხსენებული დანაშაულის დამატებითი დამამძიმებელი გარემოებებია – გაფლანგვა, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებითა და დიდი ოდენობით.
65. რაც შეეხება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლს, იგი სამოხელეო დანაშაულია. მისი ამსრულებელია სპეციალური სუბიექტი, მოხელე ან მასთან გათანაბრებული პირი ან სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირი. მოხელე არის პირი, რომელიც ინიშნება ან აირჩევა სახაზინო დაწესებულების საშტატო თანამდებობაზე. სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ობიექტურ მხარეს ახასიათებს სავალდებულო ნიშნები: 1) მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება საჯარო ინტერესის საწინააღმდეგოდ; 2) ფიზიკური ან იურიდიული პირის უფლების, საზოგადოების ან სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების არსებითი დარღვევა; 3) ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის მიზეზობრივი კავშირის არსებობა. სუბიექტური შემადგენლობისათვის აუცილებელია კანონში მითითებული მიზნის არსებობა. ამდენად, გამოკვეთილია გამიზვნითი დელიქტი, რომელშიც მიზანი ქმედების ნიშანია, რადგან აფუძნებს უმართლობას. სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებად ჩაითვლება მოხელის ისეთი ქმედება, რომელიც მისი სამსახურებრივი უფლებამოსილებიდან გამომდინარეობს და დაკავებული თანამდებობის საფუძველზე, მის უფლება-მოვალეობათა შესრულებას უკავშირდება. მოხელის სამსახურებრივი უფლებამოსილების ფარგლები განსაზღვრულია სათანადო ნორმატიული აქტებით. ეს შეიძლება იყოს დებულება, წესდება ან სხვა აქტი. იმისათვის, რომ დადგინდეს, არის თუ არა სახელმწიფო მოხელის ქმედება დანაშაული, საჭიროა განისაზღვროს მოხელის უფლებამოსილება, მისი მოცულობა და შინაარსი. ეს კი მოწესრიგებულია სხვა ნორმატიული აქტებით. მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისას, იგი არ სცილდება თავისი უფლებამოსილების ფარგლებს, არამედ მოქმედებს მის ფარგლებში, მაგრამ საჯარო ინტერესის საწინააღმდეგოდ. აღნიშნული დანაშაულის სუბიექტური შემადგენლობისთვის აუცილებელია სათანადო მიზნის არსებობა. ეს მიზანია დამნაშავის მიერ თავისთვის ან სხვისთვის რაიმე გამორჩენის ან უპირატესობის მიღება.
66. მოცემულ შემთხვევაში, მ. ს-ს გააჩნდა გეგმა, რომელიც მოიცავდა არამიზნობრივი ხარჯების ფაქტის გასაიდუმლოებას. მოცემული გეგმის რეალიზების პირდაპირი გზა უკავშირდებოდა სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს, ვინაიდან ხსენებული სამსახური წარმოადგენდა მის უშუალო დაქვემდებარებაში მყოფ აღმასრულებელი ხელისუფლების სპეციალური დანიშნულების გასამხედროვებული დაწესებულებას და აღნიშნული სამსახურის უფლებამოსილებაში შედიოდა გარკვეული ინფორმაციის გასაიდუმლოება, კერძოდ, საქართველოს ,,საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით (1996 წლის – N 27-28/4 კანონი, დანაშაულის ჩადენის დროს მოქმედი რედაქცია), სახელმწიფო საიდუმლოებას შესაძლოა მიეკუთვნებოდეს ცნობები – ,,სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად განსაზღვრული სახელმწიფოს უმაღლეს თანამდებობის პირთა დაცვის რეჟიმის შესახებ. ,,სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური ახორციელებს სახელმწიფო ხელისუფლების შტოების, აგრეთვე მათი თანამდებობის პირთა ფიზიკურ დაცვას – მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისაგან ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დასაცავი პირი, მათ შორის არის საქართველოს პრეზიდენტი.
67. ზემოხსენებულ საკანონმდებლო ჩარჩოებში მოქცევისა და შედგენილი სქემისათვის შესაფერისი უწყების შერჩევის შემდეგ, აუცილებელი გახდა დაფინანსების წყაროს მოძიება. იმის გამო, რომ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის წლიური ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნება უკვე განაწილებული იყო, სამსახურის ამოცანების შესრულება და დამატებითი ხარჯის გაწევა გამოიწვევდა სამსახურის პარალიზებას – მის მიერ ფუნქცია-ამოცანების შესრულებისას დანაკლისის სახით; შესაბამისად, საჭირო გახდა დაფინანსების გამოყოფა საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან; ამასთან, სახელმწიფო ფონდიდანაც თანხების გამოყოფა რომ კანონის ჩარჩოებში მოქცეულიყო, მ. ს-მა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსებს – ო. ქ-სა და შემდგომში, თ. ჯ-ას დაავალა, თითქოს საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მიერ დასაცავ პირთა უსაფრთხოების ამაღლებისათვის საჭირო ღონისძიებებისა და განსაკუთრებულ შემთხვევებში, დასაცავ პირთა წარმომადგენლობითი ხარჯების დასაფინანსებლად, სინამდვილეში კი პირადი მოტივით – სახელმწიფოს კუთვნილი თანხების არამიზნობრივად გამოსაყენებლად (ფორმალური სამართლებრივი საფუძვლის შექმნით) მიემართა პრეზიდენტის ადმინისტრაციისთვის და ეროვნული უშიშროების საბჭოსთვის – პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან თანხების გამოყოფის შესახებ. ო. ქ-ისა და თ. ჯ-ას ფორმალური მიმართვის საფუძველზე, მ. ს-მა კორუფციული სქემის შესაბამისად, მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურისათვის თანხების გამოყოფის თაობაზე და ამ მიზნით, მან გრიფით „საიდუმლო“ კონკრეტული განკარგულებები გამოსცა, რომლებიც დეტალურად აღწერილია ქვემდგომი ინტსანციის სასამართლოს განაჩენებში.
68. მოცემული განკარგულებებით, სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან ჯამურად გამოეყო – 5 952 500 ლარი. განკარგულებით განსაზღვრულ მიზნობრიობად მითითებულია: „დასაცავ პირთა უსაფრთხოების ამაღლებისათვის საჭირო ღონისძიებებისა და განსაკუთრებულ შემთხვევებში, დასაცავ პირთა წარმომადგენლობითი და სხვა გადაუდებელი ხარჯების დაფინანსება“. 2010 წლის 5 აგვისტოსა და შემდგომ გამოცემულ განკარგულებებში დაზუსტდა მიზნობრიობა და მიეთითა: „დასაცავ პირთა უსაფრთხოების ამაღლებისა და დაცვის ხარისხის გაუმჯობესებისათვის საჭირო ღონისძიებების (ავტომანქანებისა და სპეციალური ტექნიკის შეძენა, დასაცავ პირთა ფარული, წარმომადგენლობითი, საქართველოს პრეზიდენტისა და მისი ოჯახის წევრების, ასევე, მათი სტუმრების, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე – ქვეყნის გარეთ მგზავრობისა და ცხოვრების, ,,ვიპ“ მომსახურების, მკურნალობის, კვების, სწავლის, საჩუქრებისა და სუვენირების შეძენის, საყოფაცხოვრებო და სხვა ხარჯების ანაზღაურება) დაფინანსება“.
69. მოწმე კ. ბ-ის ჩვენება, მისთვის პრეზიდენტ მ. ს-ის მიერ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურისთვის ბიუჯეტის გაზრდასთან დაკავშირებით დავალების მიცემის თაობაზე, დადასტურებულია მ. ს-ის მიერ გამოცემული გრიფით „საიდუმლო“ განკარგულებებით, რომლებითაც, სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს დაევალა ხარჯები წლიდან წლამდე დაეფინანსებინა ,,წლიური ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით ამ უწყებისთვის გათვალისწინებული ასიგნებიდან. პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურისთვის თანხები გამოიყოფოდა პრეზიდენტის „საიდუმლო“ გრიფის განკარგულებებით. მიზანი – ხარჯი ყოფილიყო გასაიდუმლოებული, ემსახურებოდა იმ ფაქტს, რომ თავიდან ყოფილიყო აცილებული საზოგადოებრივი მონიტორინგი, ინფორმაციის ხელმისაწვდომობა და მისგან მომდინარე საზოგადოების მწვავე რეაქცია.
70. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც უტყუარად დადასტურდა თუ როგორ განხორციელდა მ. ს-ის ,,საიდუმლო“ გრიფის განკარგულებებით საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურისათვის, ასევე – მ. ს-ის გრიფით ,,საიდუმლო“ განკარგულებებით სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხების მ. ს-ისა და მისი გარემოცვისათვის არამიზნობრივად ხარჯვა, საკასაციო პალატამ უკვე მიმოიხილა, თუმცა, დამატებით მათ კვლავ მოიშველიებს მოცემული პოზიციის დასაბუთებისათვის, კერძოდ:
71. ო. ქ-ის ჩვენებით დადგინდა, რომ 2009 წლისა და 2010 წლის პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან გრიფით ,,საიდუმლო“ განკარგულებებით გამოყოფილი თანხა იხარჯებოდა შემდეგნაირად: საფინანსო განყოფილებაში პრეზიდენტის დაცვის თანამშრომლები იღებდნენ თანხას, მისი გახარჯვის შემდეგ კი დგებოდა გრიფით „საიდუმლო“ პატაკი თანხის ჩამოწერის თაობაზე. პრეზიდენტი მ. ს-ი გადაწყვეტდა, თუ რისთვის უნდა გახარჯულიყო თანხა და გადახდას ავალებდა იმ დაცვის წევრს, რომელიც მას ახლდა. ხარჯის გადახდის შემდეგ კი დაცვის თანამშრომლები სამსახურში წარმოადგენდნენ ჩეკებს, ინვოისებსა და ხარჯის გაწევის დამადასტურებელ დოკუმენტებს, რის შემდეგაც, ხდებოდა წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე თანხის ჩამოწერა ხარჯებში. ამ პროცესში დოკუმენტებს ადგენდნენ „საიდუმლო“ გრიფის ფორმით, რათა ეს ხარჯები არ გამოჩენილიყო. მოწმე ო. ქ-ის განმარტებით, რეალურად დასაცავ პირთა უსაფრთხოების ამაღლებას ეს თანხა არ ხმარდებოდა და პრეზიდენტის გარდა სხვა დასაცავ პირებს თანხა არ მოხმარებია.
72. ო. ქ-ის ჩვენება თანხვდენილია მ. თ-ის ჩვენებასთან.
73. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის პრეზიდენტის დაცვის სამსახურის თანამშრომლებმა აღწერეს მათი სამსახურისთვის 2009 წლიდან ახალი ფუნქციის დამატების თაობაზე, ეს ფუნქცია იყო პირადი ხასიათის და უკავშირდებოდა უკანონო ხარჯებს. ისინი პრეზიდენტის მითითებით იხდიდნენ საჩუქრების, ავიაბილეთების, გამაჯანსაღებელი პროცედურების, სწავლების, სასტუმროს, კვებისა და სხვადასხვა ,,ვიპ“ მომსახურების ხარჯებს, რის შემდეგაც საფინანსო სამსახურში დგებოდა „საიდუმლო“ გრიფის პატაკი, რომელიც, თანდართულ საბუთებთან ერთად (მაგალითად, ინვოისი, სალაროს ჩეკი) მოწმდებოდა, ედებოდა ხელმძღვანელი პირების რეზოლუციები და ამ ფორმით ჩამოიწერებოდა თანხა. მოწმე გ. ჟ-მა განმარტა, რომ მის მიერ ძირითადად ხდებოდა კოსმეტოლოგიური პროცედურების ხარჯის, ს. რ-ისა და ე. ს-ის ავიაბილეთების თანხის, მათი კვებისა და საჩუქრების ხარჯების გაწევის უზრუნველყოფა. მას შესაბამის თანხას გადასცემდნენ ეკონომიკურ დეპარტამენტში, რის თაობაზეც დგებოდა პატაკები. მოწმე რ. ლ-მა განმარტა, რომ მას შესაბამის თანხას გადასცემდნენ ეკონომიკურ დეპარტამენტში. მის მიერ ხორციელდებოდა ძირითადად პრეზიდენტის, მისი ოჯახის წევრების და სტუმრების ხარჯების გაწევა. მოწმე მ. შ-მა განმარტა, რომ მისი უშუალო უფროსის, ვ. კ-ის დავალებით მიდიოდა ეკონომიკურ დეპარტამენტში, სადაც გამზადებული ხვდებოდა საიდუმლო პატაკი – თანხის გამოყოფის თაობაზე. სალაროდან მისცემდნენ თანხას, იყიდიდა სამგზავრო ბილეთს, საჩუქარს, იხდიდა სასტუმროს თანხას და ქვითრებთან, ჩეკებსა და დოკუმენტაციასთან ერთად, აბარებდა უკან. მოწმე გ. დ-ს დაკითხვისას წარედგინა 2009 წლის 2 სექტემბრისა და 16 ივლისის თ. ჯ-ას პატაკები და მასზე დართული ბანკის სალაროს შემოსავლის ორდერები, რომლებიც შეეხებოდა მის მიერ გ. ზ-ის სახელობის სკოლაში ე. ს-ის სწავლების ღირებულების გადახდას. აღნიშნული დოკუმენტების თაობაზე, მოწმემ განაცხადა, რომ თანხა ნამდვილად მან გადაიხადა. ეს თანხა აიღო საფინანსო სამსახურში – ო. ხ-ან. თანხის გადახდის დავალება მიიღო მისი უშუალო უფროსისაგან – თ. ჯ-ან. მოწმე ვ. ვ-მ დაადასტურა, რომ სალაროდან წინასწარ იღებდა ნაღდ ფულს, რომლის დახარჯვის შემდგომ იწერებოდა პატაკი – თანხის ჩამოწერაზე, რომელსაც დაურთავდა ხარჯის ამსახველ დოკუმენტებს. მას გადახდილი აქვს პრეზიდენტისა და მისი ოჯახის წევრების კვების მომსახურების თანხები, პრეზიდენტის სტუმრების ავიაბილეთების შეძენისა და სასტუმროში ცხოვრების ხარჯი, ასევე მათთვის შეძენილი აქვს ოქროს სამკაულები. მოწმე ა. ჯ-მა დაადასტურა, რომ იგი ადგენდა პატაკებს იმ ხარჯების თაობაზე, რასაც იხდიდა პრეზიდენტისა და ხანდახან – მისი უშუალო უფროსის დავალებით. იგი მიდიოდა საფინანსო განყოფილებაში, იღებდა თანხას და გადახდის შემდეგ აბრუნებდა ინვოისებს, ჩეკებსა და ქვითრებს. ხარჯის ჩამოწერაზე ადგენდნენ „საიდუმლო“ გრიფის პატაკს. მოწმე დ. ა-მა დაადასტურა, რომ უწყების ეკონომიკურ დეპარტამენტში ეცნობოდა, თუ სად იყო თანხა გადასახდელი, ხოლო თანხის გადახდის შემდეგ ადგენდა პატაკს გამოყოფილი თანხის გახარჯვის თაობაზე. პატაკი იწერებოდა სამსახურის უფროსის სახელზე. სასამართლოში ანალოგიური ჩვენებები მისცა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის სხვა, არაერთმა თანამშრომელმა.
74. პრეზიდენტის დაცვის სამსახურის თანამშრომლების მიერ სასამართლოსთვის მიწოდებული ინფორმაცია, საფინანსო სამსახურიდან პრეზიდენტის საიდუმლო განკარგულების საფუძველზე თანხის გაცემასთან დაკავშირებით, დადასტურებულია სამსახურის ბუღალტრის – ქ. გ-ის – ჩვენებით. მისი მითითებით, როდესაც იყო საზღვარგარეთ მივლინება, დაცვის თანამშრომელზე წინასწარ გამოიყოფოდა თანხა და ხარჯის გაწევის შემდეგ „საიდუმლო“ გრიფის პატაკით ჩამოიწერებოდა ხარჯებში. რეალურად სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის წარმომადგენლობითი ხარჯი იყო მცირე და გაიწეოდა ღიად, ხოლო პრეზიდენტის განკარგულების საფუძველზე გაცემული ხარჯი – ფარულად. ნებისმიერი თანხის ხარჯვაზე პასუხისმგებელი იყო სამსახურის უფროსი. პრეზიდენტის განკარგულებით გამოყოფილი ხარჯი მიემართებოდა მხოლოდ პრეზიდენტს და არა – სხვა დასაცავ პირებს.
75. სააპელაციო პალატის შეფასებას – ხარჯების გამიჯვნასთან მიმართებით, საკასაციო პალატაც ეთანხმება და იზიარებს. ფუნქციურია ისეთი ხარჯი, რომელიც თანამდებობის პირს (მოცემულ შემთხვევაში – პრეზიდენტს) ესაჭიროება თავისი თანამდებობრივი ფუნქციების შესასრულებლად და სამსახურებრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად, ხოლო პირად ხარჯებს მიეკუთვნება ისეთი ხარჯები, რომლებიც არ არის დაკავშირებული თანამდებობის პირის მიერ თავისი ფუნქციების განხორციელებასთან და საჭიროა კერძო (პირადი, ოჯახური, საყოფაცხოვრებო, დასვენებისა და სხვა მსგავსი) ინტერესების დასაკმაყოფილებლად.
76. საქართველოს პრეზიდენტის სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, მისი ფუნქციური ხარჯების ასანაზღაურებლად, საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილებათა განხორციელების ხელშეწყობის მიზნით, შექმნილი იყო საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია და მისი დაფინანსებისათვის აუცილებელი სახსრები გამოიყოფოდა სახელმწიფო ბიუჯეტიდან. საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 30 ივნისის №562 ბრძანებულებით დამტკიცებული საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის დებულების თანახმად, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია, საქართველოს პრეზიდენტის კონსტიტუციურ უფლებამოსილებათა განხორციელებაში ხელის შეწყობის მიზნით, თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფდა საქართველოს პრეზიდენტის საქმიანობასთან დაკავშირებულ საპროტოკოლო ღონისძიებათა განხორციელებასა და კოორდინაციას, რაც ადმინისტრაციის ერთ-ერთი ძირითადი ამოცანა და ფუნქცია იყო. ადმინისტრაციის სტრუქტურულ ერთეულებში შედიოდა პროტოკოლისა და საგარეო ურთიერთობების სამსახური, რომლის ამოცანა იყო საქართველოს პრეზიდენტისა და მისი მეუღლის ოფიციალური ვიზიტების, მიღებების მომზადებისა და ორგანიზების მიზნით საჭირო ღონისძიებების განხორციელება, სხვა საპრეზიდენტო ღონისძიებების ორგანიზებაში მონაწილეობა და მათი განხორციელების კოორდინაცია.
77. გარდა ზემოაღნიშნული სამსახურისა, საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 24 ნოემბრის №702 ბრძანებულებით შეიქმნა სსიპ ,,საქართველოს სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტო“. საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის მიერ 2007 წლის 11 იანვარს №1-1/34 ბრძანებით დამტკიცდა საჯარო სამართლის იურიდიული პირის, საქართველოს სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტოს წესდება, რომლის თანახმად, სააგენტოს საქმიანობის მიზნები იყო: სამთავრობო რეზიდენციებში, საქართველოს პრეზიდენტის, პრეზიდენტის ადმინისტრაციის, ასევე ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირთა უზრუნველყოფა მათი საქმიანობისათვის საჭირო, საერთაშორისო სტანდარტების შესატყვისი პირობებით, ასევე – საზღვარგარეთიდან ჩამოსული სამთავრობო დელეგაციებისა და უმაღლესი დონის სტუმრების მომსახურება (საჭიროების შემთხვევაში). საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და სსიპ ,,საქართველოს სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტოს“ ბიუჯეტებიდან იმჟამინდელი პრეზიდენტის წარმომადგენლობითი ხარჯებისათვის 2009-2012 წლებში დაიხარჯა – 20 017 652.1 ლარი. აღნიშნული თანხა იხარჯებოდა ღიად, განსხვავებით – სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში ფარულად დახარჯული თანხებისა.
78. პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტოს ბიუჯეტიდან, საქართველოს პრეზიდენტის მიერ პროტოკოლითა და მის გარეშე თანხების კანონის შესაბამისად ხარჯვასთან დაკავშირებით, სასამართლოში მოწმის სახით დაიკითხნენ პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის ყოფილი მოადგილე – ზ. დ-ი და სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორის ყოფილი მოადგილე – რ. მ-ი.
79. ზ. დ-ის ჩვენებით დადგინდა, რომ ქვეყნის შიგნით დაგეგმილ საპროტოკოლო ღონისძიებებს აფინანსებდა პრეზიდენტის ადმინისტრაცია; რაც შეეხება, პრეზიდენტის სტუმარს, საპროტოკოლო შეხვედრებისას, პრეზიდენტის ადმინისტრაცია იხდიდა, როგორც ტრანსპორტის, ისე – კვების, სასტუმროში განთავსებისა და ასევე, ყველა იმ ხარჯს, რაც აუცილებელი იყო ღონისძიების ჩასატარებლად. ქვეყნის გარეთ მივლინების შემთხვევაში, პრეზიდენტის ადმინისტრაცია იხდიდა პრეზიდენტის მგზავრობის, კვების, სასტუმროს, კავშირგაბმულობისა და სხვა წარმომადგენლობით ხარჯებს. პრეზიდენტის ადმინისტრაციის პროტოკოლის სამსახურის მიერ გაწეული ხარჯები არ შედიოდა სახელმწიფო საიდუმლოებათა ჩამონათვალის ნუსხაში. მას ხელი აქვს მოწერილი დოკუმენტზე, რომლის თანახმად, პრეზიდენტის დავალებით, შეძენილია სამკაულები, რომლებიც მიაწოდეს პრეზიდენტს სტუმრისთვის გადასაცემად. თუ ეს საჩუქარი ან ის პირი, ვისთვისაც უნდა გადაეცა საჩუქარი, არ იყო პროგრამაში და ეს ღონისძიებაც არ იყო ოფიციალური, ატყობინებდა ადმინისტრაციის უფროსს, მისგან მიღებული დავალების შესაბამისად, ასეთი საჩუქრის ყიდვაზე ატყობინებდა სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს და ისინი ყიდულობდნენ.
80. რ. მ-ის ჩვენებით დადასტურდა, რომ სააგენტოში მისი საკურატორო სფერო იყო ფინანსები. პრეზიდენტისა და მისი სტუმრების კვების ხარჯებთან დაკავშირებული ინფორმაცია მათ სამსახურში არ იყო საიდუმლო და რამდენჯერმე ეს ინფორმაცია მიუწოდებიათ დაინტერესებული არასამთავრობო ორგანიზაციებისათვის. ფინანსური კუთხით, ესპანელ მზარეულთან მათ სამსახურს შეხება არ ჰქონია. არაოფიციალურ ღონისძიებებს სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტო არ აფინანსებდა.
81. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილმა თანამშრომელმა – თ. ს-მ განმარტა, რომ 2009 წელს ადმინისტრაციის უფროსის მოადგილისგან შეიტყო, რომ ხარჯებს, რასაც არ გასწევდა პრეზიდენტის ადმინისტრაცია, საიდუმლო პატაკის საფუძველზე უნდა დაეფარა სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს, კერძოდ, მას დაცვის სამსახურის საფინანსო სამსახურიდან უნდა აეღო თანხა, და კონკრეტული დოკუმენტების საფუძველზე, გადაეხადა ღონისძიებაში. ოფიციალური ვიზიტების შემთხვევაში, თანხები ანაზღაურდებოდა პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ, რაც შეეხება არაოფიციალურ ვიზიტებს, ასეთ დროს თანხას იხდიდნენ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან. მოწმის განნმარტებით, მის სამსახურში 2010 წლის 3 სექტემბრიდან 2011 წლის 30 ივნისის ჩათვლით, მიწვეული იყო ესპანელი მზარეული ს. ქ. ლ-სა, რომლის ხელფასსა და საცხოვრებელი სახლის დაქირავების თანხას, იგი სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის საფინანსო სამსახურიდან საიდუმლო პატაკის საფუძველზე იღებდა.
82. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი მთავარი ბუღალტრის – დ. ლ-ას ჩვენებით დადასტურდა, რომ პრეზიდენტის კერძო სტუმრის ხარჯი სამსახურს არ გადაუხდია. სამსახურის მიერ საბიუჯეტო თანხის ხარჯვის ამსახველი დოკუმენტაცია საიდუმლო არ ყოფილა.
83. წარმოდგენილი მასალებით როგორც იკვეთება, საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მიერ 2009 წლის 1 სექტემბრიდან 2013 წლის 26 თებერვლამდე პერიოდში საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის ცალკეული დოკუმენტების კანონშეუსაბამოდ დასაიდუმლოება და აღნიშნული დოკუმენტებით შესრულებული სამეურნეო ოპერაციების, როგორც „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ღონისძიებებად მიჩნევა და მათი აღრიცხვა „სხვა დანარჩენ საქონელსა და მომსახურებაზე გაწეული დანარჩენი ხარჯის“ კატეგორიაში, ჩადენილია საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 25 აგვისტოს N672 ბრძანებით დამტკიცებული, საქართველოს საბიუჯეტო კლასიფიკაციის მოთხოვნების დარღვევით.
84. მოწმეები ცალსახად მიუთითებენ, რომ ბრალად წარდგენილის მსგავსი ხარჯების გადახდა იმ საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ არ ხდებოდა, რომლებსაც ევალებოდათ პრეზიდენტის საქმიანობის დროს წამოჭრილი მატერიალური საჭიროებების დაფინანსება. ამასთან, მათ მიერ ოფიციალურად გაწეული ხარჯი არასდროს წარმოადგენდა სახელმწიფო საიდუმლოებას, რაც დადასტურდა 2009-2012 წლებში საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და სსიპ ,,საქართველოს სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტოს“ ბიუჯეტებიდან ყოველგვარი ,,საიდუმლო“ გრიფის განკარგულებისა და პატაკების გარეშე გახარჯული თანხებით, კერძოდ, აღნიშნულ პერიოდში პრეზიდენტის ფუნქციური ხარჯებისთვის გაღებულია – 20 017 652.1 ლარი, განსხვავებით, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ბიუჯეტიდან პრეზიდენტის გრიფი ,,საიდუმლო“ განკარგულების საფუძველზე, სამართლებრივი საფუძვლების გარეშე, 2009 წლის სექტემბრიდან 2013 წლის 25 თებერვლის ჩათვლით გაწეული – 9 024 367.34 ლარის ოდენობით არამიზნობრივი ხარჯისა.
85. მ. ს-ის მიერ მისი პირადი ინტერესების დაკმაყოფილებისათვის დასახარჯი ხარჯების გასაიდუმლოება არ ემსახურებოდა დასაცავი პირის უსაფრთხოების ზომების ამაღლების მიზანს. პრეზიდენტის მიერ საიდუმლო განკარგულების გამოცემა იყო ერთგვარი ფარი კორუფციული ხარჯებისთვის ფორმალურად/მოჩვენებითად ოფიციალური სახის მიცემისა. მოწმე ქ. გ-ის ჩვენებით პრეზიდენტის განკარგულებით გამოყოფილი ხარჯი მიემართებოდა მხოლოდ პრეზიდენტს და არა – სხვა დასაცავ პირებს. მოწმე გ. ც-ამ (რომელიც მუშაობდა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის სამედიცინო განყოფილებაში), განმარტა, რომ ისინი დასაცავ პირებს უწევდნენ სამედიცინო მომსახურებას, თუმცა დასაცავ პირებს არ უწევდნენ კოსმეტოლოგიურ მომსახურებას, რადგან ეს სამედიცინო მომსახურებაში არ შედიოდა. აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტის შვილების სწავლის საფასურიც კი, სახელმწიფო ბიუჯეტიდან იფარებოდა. ამასთან, ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია საქმეში მოხსენიებული პირებისთვის (მაგალითად, ს. ნ-ძე) სხვადასხვა საჩუქრის გადაცემა, მიჩნეული იყოს უსაფრთხოების ამაღლებისა და დაცვის ხარისხის გაუმჯობესებად. მით უფრო, იმ პირობებში, რომ როგორც წარმოდგენილი მასალებით გამოიკვეთა, პრეზიდენტის კონკრეტული ხარჯები იყო ღია ფორმის. დაცვის მხარე ვერ მიუთითებს ხარჯთა მსგავსი დიფერენციაციის მიზეზს სამართლებრივად გამართული არგუმენტით. იგი აღნიშნავს, რომ სასამართლომ უსაფუძვლოდ არ გაიზიარა მოწმე გ. თ-ის ჩვენება, რომელიც მიუთითებდა, რომ პრეზიდენტთან დაკავშირებული რიგი ხარჯების არსებობის მიზეზს ქმნიდა ოკუპანტი რ-ის ფედერაციისგან მომდინარე გაზრდილი საფრთხე. თუმცა, დაცვის მხარე ვერ ასაბუთებს, თუ რა კავშირში იყო და როგორც უზრუნველყოფდა რიგი დანახარჯის დასაიდუმლოება დაცვის ხარიხს. მოწმე ო. ქ-მ განმარტა, რომ დაცვის სამსახურს 2009 წლამდე მსგავსი ხარჯი არ გაუწევია და აღნიშნული 2008 წლის ომს არ შეეხებოდა.
86. მ. ს-მა, 2009 წლის სექტემბრიდან 2013 წლის 26 თებერვლამდე, პირადი ინტერესების დაკმაყოფილების მიზნით, გაფლანგა სახელმწიფოს კუთვნილი – 9 024 367.34, დიდი ოდებობით საბიუჯეტო თანხა, ამ მიზნით, მან შექმნა სქემა, რომლის მთავარი ამოცანა იყო ხარჯვის ფარულობა, რათა თავიდან აეცილებინა საზოგადოებისგან მოსალოდნელი მწვავე რეაქცია, რისი ნათელი მაგალითიც იყო პრეზიდენტ ს-ის მიერ მოწვეული მასაჟისტ დ. შ-ის ,,დოქტორ დ-ს“ საქართველოში ვიზიტი, რამაც საზოგადოებაში მღელვარება გამოიწვია; სწორედ ამ მოტივით გადაწყვიტა მან პირადი ინტერესების დაკმაყოფილების მიზნით გასაწევი ხარჯები, არ ყოფილიყო საჯარო და გახადა გრიფით ,,საიდუმლო“, რომლის გაწევა დაავალა სახელმწიფო დაცვის სპეციალრ სამსახურს. თავის მხრივ, თ. ჯ-მ, რომელიც 2010 წლის 24 ივნისიდან 2013 წლის 25 თებერვლამდე ხელმძღვანელობდა სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს, მ. ს-ის უპირატესობის მინიჭებითა და მისთვის გამორჩენის მიღების მიზნით, ბოროტად გამოიყენა სამსახურებრივი მდგომარეობა და განზრახ არ შეასრულა სამსახურებრივად მასზე დაკისრებული მოვალეობები, მიზნობრივად განეკარგა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის საბიუჯეტო თანხები და მატერიალურად პასუხისმგებელი ყოფილიყო მასზე, რითაც არსებითად დაარღვია სახელმწიფოსა და საზოგადოების კანონიერი ინტერესი.
87. საქმეზე გამოკვლეული უტყუარი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2009 წლის აპრილიდან 2013 წლის 25 თებერვლამდე, მ. ს-ის მიერ გაფლანგულია, პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ბიუჯეტიდან დიდი ოდენობით თანხები, რომლებიც ეკუთვნოდა სახელმწიფოს ბიუჯეტს.
88. 2010 წლის 1 იანვრამდე მოქმედი „საქართველოს საბიუჯეტო სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან სახსრები გამოიყოფოდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ისეთი საგანგებო შემთხვევებისათვის, როგორებიცაა: ბუნებრივი და სხვა სახის კატასტროფები, აგრეთვე – სხვა გაუთვალისწინებელი სახელმწიფო გადასახდელების დასაფინანსებლად, ხოლო 2010 წლის 1 იანვრის შემდეგ მოქმედი ,,საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის“ 28-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან სახსრები გამოიყოფოდა – სახელმწიფო ბიუჯეტით გაუთვალისწინებელი გადასახდელების დასაფინანსებლად. მ. ს-ის მიერ კორუფციული სქემისათვის სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შერჩევის კრიტერიუმი განპირობებული იყო სამსახურის მიერ მისი ფუნქცია-მოვალეობების შესრულების სპეციფიკა, კერძოდ, სამსახური მისთვის დაკისრებული ფუნქციების ფარგლებში მოვალე იყო ჩაეტარებინა ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები და უზრუნველყო სახელმწიფო საიდუმლოების დაცვა. შესაბამისად, სამსახურის უფლებამოსილებაში შედიოდა ფარული ხარჯის გაწევაც. დანაშაულის ჩადენის პერიოდში იმის გამო, რომ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის წლიური ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნება უკვე განაწილებული იყო სამსახურის ამოცანების შესასრულებლად და დამატებითი ხარჯის გაწევა გამოიწვევდა ფუნქცია-ამოცანების შესრულებისას დანაკლისს, კორუფციული სქემის შექმნისთვის, თავდაპირველად გადაწყდა დაფინანსების გამოყოფა საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან, რასაც ადასტურებს საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 24 აპრილის №027-ს, 2010 წლის 11 იანვრის №01-ს, 2010 წლის 5 აგვისტოს №062-ს, 2011 წლის 26 დეკემბრის N0100-ს, 2012 წლის 27 სექტემბრის №014-ს, 2012 წლის 17 ოქტომბრის №016-ს, 2012 წლის 26 დეკემბრის №017-ს მ. ს-ის განკარგულებები; აღნიშნული განკარგულებებით გამოყოფილი თანხების მიზნობრიობაში მითითებული იყო – „დასაცავ პირთა უსაფრთხოების ამაღლებისა და დაცვის ხარისხის გაუმჯობესებისათვის საჭირო ღონისძიებების დასაფინანსებლად“. 2010 წლის 5 აგვისტოსა და შემდგომ გამოცემულ განკარგულებებში, დაზუსტდა მიზნობრიობა და განისაზღვრა: „დასაცავ პირთა უსაფრთხოების ამაღლებისა და დაცვის ხარისხის გაუმჯობესებისათვის საჭირო ღონისძიებების (ავტომანქანებისა და სპეციალური ტექნიკის შეძენა, დასაცავ პირთა ფარული, წარმომადგენლობითი, საქართველოს პრეზიდენტისა და მისი ოჯახის წევრების, ასევე, მათი სტუმრების, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ მგზავრობისა და ცხოვრების, ,,ვიპ“ მომსახურების, მკურნალობის, კვების, სწავლის, საჩუქრებისა და სუვენირების შეძენის, საყოფაცხოვრებო და სხვა ხარჯების ანაზღაურება) დაფინანსება“. ხსენებული განკარგულებებით სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან ჯამურად გამოეყო – 5 952 500 ლარი. საქმეზე გამოკვლეული პრეზიდენტის მიერ გაწეული ხარჯების ანალიზით დადასტურდა, რომ საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებებით პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურისთვის გამოყოფილი – 5 952 500 ლარი დახარჯულია არა – ბუნებრივი, თუ სხვა სახის კატასტროფების ან ბიუჯეტით გაუთვალისწინებელი სხვა გადასახადების დასაფინანსებლად, არამედ – საბიუჯეტო კანონთან შეუსაბამო სულ სხვა მიზნით, კერძოდ, პრეზიდენტის პირადი ინტერესების დასაკმაყოფილებლად, რაც ააშკარავებს პრეზიდენტის განკარგულებების კანონშეუსაბამო ხასიათს. რაც შეეხება სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურისთვის გაზრდილი წლიური ბიუჯეტიდან თანხის ხარჯვას, პალატა განმარტავს, რომ 2011-2012-2013 წლებში გამოცემული „საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების დაფინანსების შესახებ“ – საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 04 იანვრის N09–ს განკარგულება, საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 04 იანვრის N01-ს განკარგულება და საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 04 იანვრის N01-ს განკარგულება არის კანონშეუსაბამო, კერძოდ, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, პრეზიდენტის განკარგულება წარმოადგენს ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტს, ერთჯერადია და იგი უნდა შეესაბამებოდეს ნორმატიულ აქტს. ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი მიიღება (გამოიცემა) მხოლოდ ნორმატიული აქტის საფუძველზე და მის მიერ დადგენილ ფარგლებში. ზემოთ მითითებული პრეზიდენტის განკარგულებები გამოცემულია „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის ზემოაღნიშნული ნორმების დარღვევით და იგი გამოიყენებოდა არა – ერთჯერადად, არამედ მთელი წლის განმავლობაში. პრეზიდენტის ზემოთ მითითებული განკარგულებებით განსაზღვრული ღონისძიებების დაფინანსება წლიური საბიუჯეტო კანონებით სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურისათვის გათვალისწინებული ასიგნებებიდან, ეწინააღმდეგება საქართველოს 2011-2012-2013 წლების სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონების მოთხოვნებს, ვინაიდან, ზემოთ მითითებული კანონები წარმოადგენენ ნორმატიულ აქტებს და მათში გათვალისწინებული ასიგნებების სხვა მიზნებისა და ღონისძიებებისათვის გამოყენება შესაძლებელი იყო მხოლოდ აღნიშნულ კანონებში შესაბამისი ცვლილებების შემთხვევაში, რაც არ გამოკვეთილა.
89. ამდენად, პრეზიდენტს ჰქონდა ფაქტობრივი და სამართლებრივი შესაძლებლობა ზემოაღნიშნული თანხები მართლზომიერად განეკარგა, თუმცა მან სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ასიგნებებში მოქცეული საბიუჯეტო თანხები გახარჯა არა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ფუნქციებისა და ამოცანების შესაბამისად, არამედ პირადი ინტერესებისა და მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად, რაც სრულიად შეუსაბამოა კანონთან.
90. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამართლის სუბიექტის აღჭურვა კონკრეტული უფლებამოსილებით, რათქმაუნდა ავტომატურად არ გულისხმობს იმას, რომ იგი მას თვითნებურად უნდა იყენებდეს; მ. ს-ის მიერ თანხების მიქცევა კანონით გათვალისწინებული მოთხოვნიდან განსხვავებული მიზნობრიობით, აქცევს მას კანონშეუსაბამო და არამიზნობრივ ხარჯად.
91. საქმეში წარმოდგენილი მასალებით, უტყუარად დადასტურებულია მ. ს-ის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, მის მართლზომიერ გამგებლობაში არსებული დიდი ოდენობით, სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვა. ამასთან, გამოკვეთილია ამ დანაშაულის დამამძიმებელი ორივე გარემოება: როგორც, ,,სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენება,“ ისე ,,დიდი ოდენობა;“ კერძოდ, გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ როგორც პრეზიდენტის საპრეზიდენტო ფონდი, ასევე სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური პრეზიდენტის უშუალო დაქვემდებარებაში იყო, რის გამოც, პრეზიდენტს ჰქონდა ფაქტობრივი და სამართლებრივი შესაძლებლობა განეხორციელებინა ამ უწყებების კუთვნილი თანხების მართლზომიერი განკარგვის უფლებამოსილება, რაც შეეხება, დიდ ოდენობას გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ 2009 წლის აპრილიდან 2013 წლის 25 თებერვლის ჩათვლით, სახელმწიფო ბიუჯეტიდან გაფლანგულია – 9 024 367.34 ლარის სახელმწიფო-საბიუჯეტო თანხები, რაც საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის შენიშვნის პირველი ნაწილის თანახმად, წარმოადგენს დიდ ოდენობას.
92. ბრალდების მხარე ამტკიცებს, რომ მ. ს-ის მიერ გაფლანგვა ჩადენილია – წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ, ასევე თ. ჯ-ას ქმედება მოიცავს არა – სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას, არამედ – გაფლანგვას; აღნიშნულთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს და განმარტავს, რომ მ. ს-ის ქმედება არ მოიცავს წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ გაფლანგვის ჩადენის ნიშნებს და მოცემული გამოიკვეთებოდა იმ შემთხვევაში, თუ მ. ს-ი და თ. ჯ-ია ერთობლივად, წინასწარი შეთანხმებით გაფლანგავდნენ მათ მართლზომიერ გამგებლობაში არსებულ თანხებს. მოცემულ შემთხვევაში, მართალია, საქმეში ორი სუბიექტია, მაგრამ მათგან მხოლოდ მ. ს-ი ფლანგავდა თანხებს; თ. ჯ-ია კი არ მონაწილეობდა უშუალოდ ხარჯვის პროცესში, რის გამოც, იგი გაფლანგვის თანაამსრულებლად ვერ განიხილება. იგი თავის სამსახურებრივ უფლებამოსილებას იყენებდა ბოროტად და საჯარო ინტერესების საწინააღმდეგოდ, უპირატესობას ანიჭებდა მ. ს-ს, რომელიც გამორჩენას იღებდა აღწერილი თანხების ხარჯზე. ყოველივე აღნიშნული არსებითად არღვევდა სახელმწიფოსა და საზოგადოების კანონიერ ინტერესებს, რის გამოც, თ. ჯ-ას ქმედება ვერ დაკვალიფიცირდება გაფლანგვად. თ. ჯ-ას, როგორც მხარჯავი დაწესებულების უფროსს, ევალებოდა კანონიერად და მიზნობრივად განეკარგა სამსახურის საბიუჯეტო თანხები და მატერიალურად პასუხისმგებელი ყოფილიყო მასზე, უნდა უზრუნველეყო მისდამი დაქვემდებარებული უწყების კანონშესაბამისი საქმიანობა, რაც მან არ შეასრულა, საჯარო ინტერესის საწინააღმდეგოდ, ბოროტად გამოიყენა თავისი უფლებამოსილება, უპირატესობა მიანიჭა მ. ს-ს, რითაც ჩაიდინა სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით). თ. ჯ-იას მხრიდან, მ. ს-ის უპირატესობის მინიჭება გამოიხატა – სხვა დასაცავ პირებთან შედარებით, მის მკვეთრად პრივილეგირებულ მდგომარეობაში ჩაყენებით, გამორჩენის მიღება გამოიხატა – სახელმწიფო სახსრების ხარჯზე პირადი სურვილების დაკმაყოფილებაში, რაც მ. ს-ს საკუთარი სახსრებიდან უნდა გადაეხადა. ასეთ შემთხვევას წარმოადგენდა მაგალითად, შვილების სწავლების საფასურის გადახდა, საზღვარგარეთის ქვეყნებში კოსმეტიკურ პროცედურების ჩატარება, რაც როგორც ზევით აღინიშნა, არ იყო დაკავშირებული სამედიცინო მომსახურებასთან, პირადი სტუმრებისათვის, მგზავრობის, სასტუმროსა და საჩუქრების თანხის გადახდა. აღნიშნულით, მ. ს-მა დაზოგა ის თანხები, რომლებიც მისი უშუალო გადასახდელი იყო, რითაც გარკვეული გამორჩენა მიიღო. თ. ჯ-ამ კი იმოქმედა საჯარო ინტერესის წინააღმდეგ, რადგან მას, როგორც საჯარო მოხელეს, უპირველეს ყოვლისა, უნდა ემოქმედა საჯარო ინტერესების შესაბამისად და არა – ერთი კონკრეტული პირის ინტერესების მიხედვით, მიუხედავად ამ კონკრეტული პირის სამართლებრივი სტატუსისა. მოხელე საჯარო ინტერესების შესაბამისად მხოლოდ მაშინ მოქმედებს, როცა იგი თავის უფლებამოსილებას მართლზომიერად ახორციელებს. თ. ჯ-ას მიერ თავისი უფლებამოსილების მართლსაწინააღმდეგოდ განხორციელების შედეგად, არსებითად დაირღვა სახელმწიფოსა და საზოგადოების კანონიერი ინტერესები, სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების არსებითი დარღვევა გამოიხატა, ერთის მხრივ, სახელმწიფო ბიუჯეტისათვის დიდი ოდენობით მატერიალური ზიანის მიყენებით, ასევე – კონკრეტული სახელმწიფო უწყებებისა და ინსტიტუტებისათვის რეპუტაციული ზიანის მიყენებით.
93. აქვე საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას, რომ მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსკ-ის 37-ე მუხლის წინაპირობები. მოცემული მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, „სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა არ დაეკისრება იმას, ვინც სავალდებულო განკარგულების შესრულებისას დააზიანა სამართლებრივი სიკეთე“ (მოცემულ შემთხვევაში, მატერიალური ზიანი მიაყენა ბიუჯეტს). ამ დროს მნიშვნელოვანია, არამხოლოდ ამ განკარგულების შესრულების სავალდებულობა, არამედ ისიც, რომ მისმა შემსრულებელმა არ უნდა იცოდეს განკარგულების მართლსაწინააღმდეგო ბუნების შესახებ. ამდენად, ხელმძღვანელის განკარგულება ერთდროულად უნდა იყოს სავალდებულო და მართლზომიერიც, რათა იგი დაექვემდებაროს შესრულებას. წინააღმდეგ შემთხვევაში, უკანონო განკარგულების შესრულების ვალდებულება არ არსებობს. განკარგულების შესრულების ვალდებულება არ ნიშნავს იმას, რომ ქვემდგომმა უნდა შეასრულოს ზემდგომის ნებისმიერი განკარგულება, თუნდაც იგი კანონსაწინააღმდეგო იყოს. მისი შესრულება სავალდებულოა მხოლოდ მაშინ, როდესაც იგი მართლზომიერია. როგორც მ. ს-ის, ისე თ. ჯ-ს პროფესია და მათ შორის, ზოგადად წარსული გამოცდილება, ცალსახად მიუთითებს იმ ფაქტზე, რომ მათთვის საბიუჯეტო სახსრების კეთილსინდისიერი ხარჯვის რეჟიმი კარგად იყო ცნობილი. ამდენად, ამ ნაწილში დაცვის მხარის არგუმენტები სამართლებრივად დაუსაბუთებელია და მას საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს.
94. დაცვის მხარე საკასაციო საჩივარში, აგრეთვე მიუთითებს შერჩევით მართლმსაჯულებაზე და არგუმენტად უთითებს იმას, რომ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელი პირებიდან მხოლოდ თ. ჯ-ია ,,ამოიღეს მიზანში.“ აღნიშნულ არგუმენტზე სააპელაციო სასამართლომ უპასუხა დაცვის მხარეს და მიუთითა იმ განაჩენსა და მის შინაარსზე, რომლითაც ო. ქ-ძე ცნობილია დამნაშავედ; რაც შეეხება ა. ჩ-ის ხელმძღვანელობის პერიოდს, აღნიშნულზე ჯერ კიდევ მიმდინარეობს გამოძიება და სამართლებრივი რეაგირების გარეშე არც ეს პერიოდია დატოვებული (გამოძიების კვლავ მიმდინარეობასთან მიმართებით, ბრალდების მხარე მიუთითებს საკასაციო სასამართლოში წარმოდგენილ შესაგებელშიც).
95. ამდენად, საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებებით, უტყუარად დადასტურდა მ. ს-ის მიერ საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, მის მართლზომიერ გამგებლობაში არსებული დიდი ოდენობით სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვა, ხოლო თ. ჯ-ას მიერ საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით (მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება საჯარო ინტერესის საწინააღმდეგოდ სხვისთვის გამორჩენის და უპირატესობის მიღების მიზნით, რამაც სახელმწიფოსა და საზოგადოების კანონიერი ინტერესების არსებითი დარღვევა გამოიწვია) დანაშაულთა ჩადენა.
96. რაც შეეხება მსჯავრდებულთათვის დანიშნულ სასჯელს, საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებებზე, რომელთა მიხედვითაც: „სასჯელი არ უნდა იყოს არც ზედმეტად მკაცრი და არც ზედმეტად ლმობიერი იმისათვის, რომ მიღწეული იქნეს სასჯელის მიზნები“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილება N1/7/851 „საქართველოს მოქალაქე იმედა ხახუტაიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-7); ,,აუცილებელია, სასჯელი ადეკვატურად შეესატყვისებოდეს საზოგადოებრივი საშიშროების შემცველი ქმედების სიმძიმეს. იმ პირობებში, როდესაც სასჯელის სიმკაცრე აშკარად აჭარბებს ჩადენილი ქმედების საზოგადოებრივი საშიშროების ხარისხს, ეჭვქვეშ დგება დაწესებული სასჯელისა და მისი ლეგიტიმური მიზნების პროპორციული დამოკიდებულება“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 2 აგვისტოს გადაწყვეტილება N1/6/770 საქმეზე: ,,საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ,“ II-13).
97. საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სასჯელის სახედ და ზომად განსაზღვრულია – 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთა, ასევე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევა – 3 წლამდე, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სასჯელის სახედ და ზომად განსაზღვრულია – ჯარიმა ან შინაპატიმრობა 6 თვიდან 2 წლამდე ვადით ან 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთა, ასევე – თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევა – 3 წლამდე.
98. ქვეყნის პრეზიდენტმა, რომელიც უნდა ყოფილიყო ქვეყნის ერთიანობისა და მთლიანობის სიმბოლო/დამცველი (რომელსაც თავის მხრივ, უნდა უზრუნველყო სახელმწიფო ორგანოთა კონსტიტუციის შესაბამისად ფუნქციონირება), თავად ჩაიდინა დანაშაული და ამასთან, სახელმწიფოს მილიონობით ლარის ზიანი მიაყენა. ჩადენილი ქმედების სახე, მისი ჩამდენი პირის სტატუსი და მოვალეობათა დარღვევის ზომა, თავის მხრივ, უპირობოდ დიდ საფრთხეს უქმნის საერთო საზოგადოებრივ ღირებულებებს და არყევს სახელმწიფოს სტაბილურობას.
99. რაც შეეხება თ. ჯ-იას, იგი არ ხელმძღვანელობდა საჯარო ინტერესებით, არამედ – პირადი ინტერესებისათვის პრიორიტეტის მინიჭებით, სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს მიაყენა, როგორც მატერიალური, ასევე – რეპუტაციული სახის ზიანი (შესაბამისად, მოცემული გარემოება ასახულია ჯარიმის კონკრეტულ ოდენობაში).
100. მოცემულ გარემოებებში, საკასაციო სასამართლოს სააპელაციო სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი მ. ს-ის საბოლოოდ დანიშნული – 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, ასევე – 3 წლით სახელმწიფო სამსახურში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლების ჩამორთმევა, ხოლო თ. ჯ-ის დანიშნული, ჯარიმა – 300 000 ლარი, ასევე – 3 წლით სახელმწიფო სამსახურში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლების ჩამორთმევა, სამართლიანია და მისი შეცვლის სამართლებრივი წინაპირობები წარმოდგენილი საქმის ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, არ იკვეთება. დაცვის მხარის მიერ მითითებული გარემოები ვერ შეამსუბუქებს თ. ჯ-ას მიმართ დანიშნულ (არასაპატიმრო სახის) სასჯელს.
101.ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრების დასაშვებობის რომელიმე საფუძველი და ,,იმის გათვალისწინებით, რომ მომჩივნის რელევანტური არგუმენტები განიხილა ქვედა, ორი ინსტანციის სასამართლომ, მომჩივნის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა ვერ იქნება მიჩნეული დაუსაბუთებლად და სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლებაზე დაწესებულ არაპროპორციულ შეზღუდვად“ (იხ. Tortladze v. Georgia, ,,თორთლაძე საქართველოს წინააღმდეგ,“ N42371/08, 18/03/2021, §77).
102.საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ თ. ჯ-იას ინტერესების დამცველის, ადვოკატ ბ. ბ-იას, მსჯავრდებულ მ. ს-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. ჩ-ისა და საქართველოს გენერალური პროკურატურის პროკურორების – ქეთევან ჩაჩავას, გიორგი მუჯირისა და არჩილ ტყეშელაშვილის საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 29 სექტემბრის განაჩენზე;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე – ლ. თევზაძე
მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი
ნ. სანდოძე