განაჩენი შეიცვალა

სისხლის სამართლის 02.04.2026
საქმის ნომერი
2კ-1050აპ.-25
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
02.04.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 020100124009144054

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განაჩენი

საქართველოს სახელით

საქმე №1050აპ-25 ქ. თბილისი

თ. გ., 1050აპ-25 2 აპრილი, 2026 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),ლალი ფაფიაშვილი, ლევან თევზაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ გ. თ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ს. ჯ-სა და ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორ მაია ჯაბუას საკასაციო საჩივრები ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 27 ივნისის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 21 მარტის განაჩენით, გ. თ., – დაბადებული ...., – ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11-ე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა – 3000 ლარი.

2. სასამართლომ დაადგინა, რომ გ. თ-მ ჩაიდინა სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგით:

2.1. 2023 წლის დეკემბრის დასაწყისში (ზუსტი თარიღი დაუდგენელია), ...., შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებისათვის არსებულ ორგანიზაცია ... ყოფნის დროს, არასრულწლოვან – 2011 წლის 29 ივლისს დაბადებულ, შეზღუდული შესაძლებლობების (მსუბუქი გონებრივი ჩამორჩენილობის) მქონე პირზე – გ. უ., გაბრაზებულმა გ. თ-მ, სახის არეში (ცხვირში), დაარტყა ბავშვს ტელეფონი, რის შედეგადაც, გ. უ. განიცადა ფიზიკური ტკივილი.

3. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 21 მარტის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს, ერთი მხრივ, მსჯავრდებულ გ. თ-ს ინტერესების დაცველმა, ადვოკატმა ს. ჯ-მ, რომელიც ითხოვდა გამამტყუნებელი განაჩენის ნაცვლად, გამამართლებელი განაჩენის დადგენას, ხოლო, მეორე მხრივ, ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორმა – მაია ჯაბუამ, რომელიც ითხოვდა განაჩენის შეცვლასა და გ. თ-ს მიმართ შეფარდებული სასჯელის გამკაცრებას.

4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 27 ივნისის განაჩენით ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 21 მარტის განაჩენი დარჩა უცვლელად.

5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 27 ივნისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს, როგორც მსჯავრდებულ გ. თ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა – ს. ჯ-მ, ასევე – ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორმა – მაია ჯაბუამ.

6. კასატორი – დაცვის მხარე – თავისი საკასაციო საჩივრით ითხოვს, გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და, მის ნაცვლად, გამამართლებელი განაჩენის დადგენას, ვინაიდან მიიჩნევს, რომ გ. თ-ს მსჯავრდება დაუსაბუთებელი და უკანონოა, სასამართლომ არასრულფასოვნად შეაფასა მტკიცებულებები, რომლებიც არასრულყოფილად არის ასახული განაჩენში. გადაწყვეტილების მიღებისას, სათანადოდ არ არის შეფასებული, რომ გ. და ნ. უ. უჭირთ დროსა და სივრცეში ორიენტირება და, იმავდროულად, ორივე ბავშვი მიდრეკილია ტყუილებისადმი, რაც საეჭვოს ხდის მათ მონათხრობს. დაზარალებულ გ. უ. არ მოსწონდა გ. თ-ს შენიშვნები, რის გამოც, შესაძლოა, მოიგონა ძალადობის ამბავი. მიუხედავად ამისა, სასამართლომ, ერთი მხრივ, უპირობოდ გაითვალისწინა ბრალდების მხარის მოწმეთა ურთიერთსაწინააღმდეგო განმარტებები, ხოლო, მეორე მხრივ, დაუსაბუთებლად უარყო დაცვის მხარის მტკიცებულებები, რომლებიც გ. თ-ს უდანაშაულობას ცხადყოფდა. სასამართლომ არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის მოთხოვნა, ჩაეტარებინა ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზა, იმის დასადგენად, რამდენად სწორად შეეძლოთ გ. და ნ. უ. აღექვათ, დაემახსოვრებინათ და აღედგინათ საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებები, ისევე, როგორც – დაუშვებლად ეცნო მათი ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენებები, რაც ასევე სადავოდ არის გამხდარი წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით.

7. კასატორი – ბრალდების მხარე – თავისი საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენის შეცვლასა და გ. თ-ს მიმართ შეფარდებული სასჯელის გამკაცრებას, რამეთუ მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულისათვის დაკისრებული ჯარიმა ვერ უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით განსაზღვრულ სასჯელის მიზნებს – სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას. კასატორის მითითებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით – მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს. იმ პირობებში კი, როდესაც გ. თ-მ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე არასრულწლოვნის მიმართ ჩაიდინა განზრახი დანაშაული, არ შერიგებია დაზარალებულს და ასეთი რამ არც უცდია, მის მიმართ გამოყენებული ჯარიმა – აშკარად უსამართლოა.

8. მსჯავრდებულ გ. თ-ს ინტერესების დამცველი, ადვოკატი – ს. ჯ., საკასაციო შესაგებლით ითხოვს ბრალდების მხარის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობას, ხოლო დაცვის მხარის საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები და წარმოდგენილი საჩივრების საფუძვლიანობა, გააანალიზა კასატორების საკვანძო არგუმენტები და მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ გ. თ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ს. ჯ-ს საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორ მაია ჯაბუას საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 27 ივნისის განაჩენი უნდა შეიცვალოს სასჯელის დამძიმების კუთხით, შემდეგ გარემოებათა გამო:

2. პირველ რიგში აღსანიშნავია, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით: რამდენადაც ბავშვები განსაკუთრებით მოწყვლადები არიან, მათ, კონვენციის მე-3 და მე-8 მუხლების დარღვევისას, სახელმწიფო ღონისძიებები ძალადობისაგან ეფექტურად უნდა იცავდეს, რათა აღიკვეთოს არასათანადო მოპყრობა, რომლის თაობაზეც ხელისუფლების ორგანოებმა იცოდნენ ან უნდა სცოდნოდათ. აღნიშნული ღონისძიებები არა მხოლოდ გონივრულ ნაბიჯებს უნდა მოიცავდეს, არამედ, იმავდროულად, ეფექტურად აფერხებდეს სერიოზულ პიროვნულ ხელყოფას. მსგავსი ღონისძიებები მიზნად უნდა ისახავდეს და ემსახურებოდეს ადამიანის ღირსების პატივისცემას ბავშვის საუკეთესო ინტერესების დასაცავად (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე M.G.C. v. Romania, 15/03/2016, no. 61495/11, § 56-57).

3. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება დაცვის მხარის მტკიცებას, რომ სასამართლოში წარმოდგენილი სამხილებით უტყუარად ვერ დგინდება გ. თ-ს ბრალეულობა და მიიჩნევს, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაში ნათლად და მკაფიოდ არის მითითებული იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც, უტყუარად დასტურდება მის მიერ წინასწარი შეცნობით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვზე ფიზიკური ძალადობის ფაქტი, რომლის საწინააღმდეგოს მტკიცება არ გამომდინარეობს სასამართლოში კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეული, ურთიერთშეჯერებული და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობიდან.

4. სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ არასრულელოვანი დაზარალებულის – გ. უ. ჩვენება აკმაყოფილებს მტკიცებულების უტყუარობის სტანდარტს, რამეთუ, ერთი მხრივ, ვერც დაცვის მხარე უთითებს და არც საქმის მასალებით გამორკვეულა რაიმე სარწმუნო მოტივი, რატომ უნდა ემხილა ცრუდ პატარა, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვს, მის წინააღმდეგ ჩადენილ ძალადობრივ დანაშაულში გ. თ., რომლის მიმართაც, რაიმე დამაჯერებელი პირადი მოტივის არსებობა, სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, არ დადგენილა; მეორე მხრივ, დაზარალებულის მონათხრობი – რომ მას შემდეგ, რაც დედას შესჩივლა ბავშვთა დღის ცენტრში არასათანადო კვების გამო, გაბრაზებულმა გ. თ-მ ცხვირში ჩაარტყა ტელეფონი, რაც ეტკინა – დასტურდება ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი სხვა, არაერთი სამხილით, კერძოდ: დაზარალებული ბავშვის დამ – ნ. უ., სასამართლოში დაკითხვისას აღნიშნა, რომ ბავშვთა დღის ცენტრში ყოფნისას, დირექტორის მეუღლემ – გ. თ-მ, მის ძმას – გ. უ., ცხვირში ჩაარტყა ტელეფონი, რაც მოგვიანებით უთხრეს მშობლებს; თავის მხრივ, დაზარალებულის მამამ – გ. უ., დაადასტურა მისი შვილების მონათხრობი და სასამართლოში ჩვენების მიცემისას აღნიშნა, რომ 2023 წლის დეკემბერში, მისმა ვაჟმა – გ. უ., უარი თქვა ბავშვთა დღის ცენტრში წასვლაზე, რადგან, ბავშვის თქმით, გ. თ-მ ცხვირში ჩაარტყა ტელეფონი. გამოჰკითხა ქალიშვილს, რომელმაც დაუდასტურა მის ძმაზე ძალადობის ფაქტი; სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს .. სერვისცენტრის 2023 წლის 22 დეკემბრის წერილით დგინდება, რომ არასრულწლოვან გ. უ. აქვს შეზღუდული შესაძლებლობის ბავშვის სტატუსი, დიაგნოზით – მსუბუქი გონებრივი ჩამორჩენილობა; სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს მეურვეობა-მზრუნველობისა და მხარდაჭერის სერვისების დეპარტამენტის ... რეგიონული ცენტრის ბავშვზე ზრუნვისა და დაცვის განყოფილების ფსიქოლოგის – ს. ა. 2023 წლის 15 დეკემბრის მოხსენებითი ბარათით ირკვევა, რომ 2023 წლის 14 დეკემბერს, მ. ე. ერთად, უ. ოჯახში ვიზიტისას, არასრულწლოვანმა – გ. უ. უთხრათ, რომ „დღის ცენტრში ყოფნა არ მოსწონს, დღეში სამჯერ უნდა აჭმევდნენ და ერთხელ ჭამენ-ხოლმე, თან ურტყამენ და ცუდად ექცევიან. გ. (გ.) თ. (დირექტორის მეუღლე) სცემს, ეუბნება რომ დებილია, ცუდად რომ იქცევა ურტყამს, ხან ზურგში, ხან პანღურს. ბოლოს ტელეფონი ესროლა პირში“. ამავე მოხსენებითი ბარათის მიხედვით, ვინაიდან იმ ეტაპზე, ნ. უ-გან ვერ მიიღეს პასუხი, რომელიც არც უარყოფდა და არც ადასტურებდა ძმის მონათხრობს, განახორციელეს ვიზიტი ფაქტის კიდევ ერთ შემსწრე არასრულელოვან ლ. ს., რომელმაც გაიხსენა ზუსტად ის ბოლო ეპიზოდი, რაც გ. უ. უამბოთ: „გ-ს ტელეფონი ესროლა გ-მ (გ. თ-მ) პირში“. იმავდროულად, თავის მხრივაც, უამბოთ, რომ „ცუდად ექცევიან დღის ცენტრში, ხშირად ურტყამენ, დებილს ეძახიან და აიძულებენ სულ ჩუმად იჯდეს“: სასამართლოში მოწმის სახით დაკითხული ზემოხსენებული ფსიქოლოგის – ს. ა. ჩვენებით დადგინდა, რომ იგი პირადად შეხვდა და-ძმა უ. და გაესაუბრა მათ. გ. უ. უთხრა, რომ დღის ცენტრი არ მოსწონდა, რადგან იქ ცუდად ექცეოდნენ, ცუდ სიტყვებს ეუბნებოდნენ, გ. თ-მ კი ტელეფონი ესროლა სახეში, რამაც ტკივილი განცდევინა. იმავდროულად, ზემოაღნიშნული მოწმის ჩვენება მეტად მნიშვნელოვანია დაცვის მხარის საკასაციო საჩივრის საკვანძო არგუმენტების კვალდაკვალ, რამდენადაც მან დაადასტურა, რომ გ. და ნ. უ. დიაგნოზია – მსუბუქი გონებრივი ჩამორჩენილობა, მაგრამ ამ ბავშვებს შეუძლიათ თავს გადახდენილი მოვლენების აღწერა; მოწმის სახით დაკითხულმა სოციალურმა მუშაკმა – მ. ე., სასამართლოში ასევე განმარტა, რომ მას შემდეგ, რაც გ. უ. ფსიქოლოგთან გასაუბრებისას მიუთითა გ. თ-ს ძალადობაზე, გამოიკითხნენ სხვა ბავშვებიც, მათ შორის, ნ. უ. და ლ. ს., რომელმაც დაადასტურა გ. უ. მონათხრობი. შესაბამისად, ბრალდების მხარემ, რომელსაც პროცესუალურად ეკისრება ბრალდების მტკიცების ტვირთი, სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დაადასტურა გ. თ-ს მიერ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე არასრულელოვან გ. უ. ფიზიკური ძალადობის ფაქტი. საპირწონედ ვერ გამოდგება არასრულწლოვანი მოწმის – ლ. ს-ს გამოკითხვის ოქმი, რომელზეც აპელირებს დაცვის მხარე და რომელიც ეწინააღმდეება, როგორც თვითმხილველი მოწმეების – გ. და . უ. ჩვენებებს, ასევე – ფსიქოლოგ ს. ა-ა და სოციალური მუშაკის – მ. ე. მონათხრობს, რომ მას შემდეგ, რაც გ.უ-გან შეიტყვეს მასზე ძალადობის შესახებ, გამოჰკითხეს ლ. ს., რომელმაც პირადი გასაუბრებისას ზედმიწევნით დაადასტურა დაზარალებული ბავშვის ისტორია, რომლის გარემოებები – რა ფორმის ძალადობას შეესწრო, ასევე სად, როგორ და რა საგანი ესროლა გ. თ-მ გ. უ. – შეუძლებელია, სცოდნოდა თუ არა პირადად შესწრების გამო, თუმცა მოგვიანებით, გამოძიების დროს, გამოკითხვისას, ლ. ს-ს თქმით, ის რაც სოციალურ მუშაკსა და ფსიქოლოგს უამბო, იყო ტყუილი, რაც, ცხადია, საეჭვოს ხდის, მისი გამოკითხვის ოქმის შინაარსს, რომელიც სასამართლომ მიიღო გამოკვლევის გარეშე, მაგრამ სხვა მტკიცებულებების მსგავსად შეაფასა მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით; ისევე, როგორც – მოწმე ზ. ქ. ჩვენება, რომელიც სპეციალურ მასწავლებლად მუშაობდა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებისათვის არსებულ ორგანიზაციაში, რომელშიც არსებული არაჯანსაღი გარემოს მხილების გამო გახდა სწორედ ძალადობის მსხვერპლი – შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვი და, მით უფრო, ამ ორგანიზაციის დირექტირის – თ. ც. ჩვენება, რომელმაც სასამართლოში თავად დაადასტურა, რომ მის მეუღლეს – მსჯავრდებულ გ. თ-ს, რომელსაც არ ჰქონდა მართვის მოწმობა, ანდობდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების ავტომობილით ტრანსპორტირებას და ამაში პრობლემას საერთოდ ვერ ხედავდა, რაც ცხადია, საქმისადმი მის უკიდურეს უპასუხისმგებლობასა და კანონის მიმართ უპატივცემულობაზე მიუთითებს. გარდა ზემოაღნიშნული მოწმეების ჩვენებების არასანდოობისა და არადამაჯერებლობისა, ასევე აღსანიშნავია, რომ ზ. ქ. და თ. ც. მონათხრობი, ისევე, როგორც მოწმეების – ჯ. და ა. ძ. ჩვენებები, რომლებიც, თავის მხრივ, დადებითად ახასიათებენ მსჯავრდებულს, გ. -სათვის მსჯავრადშერაცხილ ქმედებას არ შესწრებიან და, შესაბამისად, მის ბრალეულობას ვერც დაადასტურებენ და ვერც უარყოფენ; რაც შეეხაბე თავად გ. თ-ს, მან გამოიყენა კანონით მისთვის მინიჭებული დუმილის უფლება და სასამართლოსათვის ჩვენება არ მიუცია. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გ. თ. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11-ე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის კანონიერად არის მსჯავრდადებული.

7. იმავდროულად, აღსანიშნავია, რომ დაცვის მხარის არგუმენტებს, მათ შორის, სადავოდ გამხდარ სასამართლოს შუალედურ გადაწყვეტილებებთან მიმართებით, რომლებზეც საუბარია საკასაციო საჩივარშიც, ამომწურავი და დასაბუთებული პასუხები აქვს გაცემული ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებებში. ზემდგომი ინსტანციის სასამართლოებს შეუძლიათ, დაეთანხმონ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001; Gorou v. Greece (No. 2) no.12686/03, §37, §41, ECtHR,20/03/2009). საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებები, მათ შორის, არასრულწლოვანი დაზარალებულისა და მოწმის მიმართ იძულებითი ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის ჩატარების, ისევე, როგორც – მათი ჩვენებების დაუშვებლად ცნობის თაობაზე, კანონიერია და დასაბუთებული და მათი შეცვლის რაიმე წინაპირობა, განსახილველ შემთხვევაში, არ არის გამოკვეთილი.

8. ბრალდების მხარის მიერ სადავო სასჯელთან მიმართებით, აღსანიშნავია, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით – მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის 1-ელი ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

9. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით: სასჯელთან დაკავშირებული კონსტიტუციური შეზღუდვის არსი არის პროპორციული სასჯელის დაკისრება მნიშვნელოვნად ინდივიდუალიზებული სახით, რა დროსაც მხედველობაში მიიღება დანაშაულის სიმძიმე, დამნაშავის ბრალი და დანაშაულის შედეგად გამოწვეული ზიანი (კონკრეტული დაზარალებულისთვის თუ საზოგადოებისთვის), დამნაშავის პერსონალური მახასიათებლები და საქმის კონკრეტული გარემოებები იმისთვის, რათა განისაზღვროს, როგორი სასჯელი იქნება შესაბამისი პირის რეაბილიტაციისა და საზოგადოების დაცვისთვის ამ კონკრეტული დამნაშავის შეკავების გზით. მხოლოდ ამგვარ პირობებში შეასრულებს სასჯელი თავის მიზნებს (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-97). სამართლებრივ სახელმწიფოში კანონზომიერია მოლოდინი, რომ სასჯელი, თავისი შინაარსით, ფორმით, თვისებრივად და არსებითად გასცდება შურისძიების პრიმიტიულ სურვილს, რომელსაც არაფერი აქვს საერთო სამართალთან და რომელიც ობიექტურად ვერ შეუწყობს ხელს ვერც ადამიანების, საზოგადოების დაცულობას, ვერც დანაშაულის შემცირებას და ვერც დამნაშავე პირის რესოციალიზაციას, საბოლოოდ, ვერ შეუწყობს ხელს ვერც სამართლის პროგრესულ და მისი დანიშნულების შესაბამის განვითარებას და ვერც საზოგადოების წევრების ჰარმონიულ თანაარსებობას, შედეგად, ვერ უზრუნველყოფს იმ სამართლებრივ წესრიგს, რომლის დაცვისთვისაც უნდა გამოიყენებოდეს სახელმწიფოს იძულების უკიდურესი საშუალებები (იხ.: საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-43).

10. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო აფასებს, როგორც სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო გარემოებებს, ასევე – მსჯავრდებულის ინდივიდუალურ მახასიათებლებს და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე და 53-ე მუხლების მოთხოვნათა გათვალისწინებით, ჩადენილი დანაშაულის გარემოებების, საშიშროების ხასიათის, ხარისხისა და დამნაშავის პიროვნების მხედველობაში მიღებით, ასევე – დანაშაულის ჩადენის ადგილიდან გამომდინარე, მიიჩნევს, რომ გ. თ-ს სასჯელის სახით შეფარდებულ ჯარიმასთან ერთობლივად, სასჯელის მიზნების უზრუნველსაყოფად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 43-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დამატებითი სასჯელის სახით უნდა ჩამოერთვას: საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებაში, სკოლისგარეშე საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულებაში (მათ შორის, სკოლისგარეშე სახელოვნებო და სასპორტო დაწესებულებაში) საქმიანობის უფლება, არასრულწლოვანთათვის ნებისმიერი სახის საგანმანათლებლო, სასწავლო სააღმზრდელო მომსახურების გაწევის უფლება და აღნიშნული მომსახურების გამწევ დაწესებულებაში საქმიანობის უფლება – მაქსიმალური ვადით, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის 1-ელი პუნქტის საფუძველზე, უნდა შეუმცირდეს ერთი მეექვსედით.

11. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამოდინარე, მსჯავრდებულ გ. თ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ს. ჯ-ს საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორ მაია ჯაბუას საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 27 ივნისის განაჩენი უნდა შეიცვალოს მსჯავრდებულ გ. თ-ს სასჯელის დამძიმების კუთხით.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის 1-ელი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მსჯავრდებულ გ. თ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ს. ჯ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორ მაია ჯაბუას საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 27 ივნისის განაჩენში შევიდეს შემდეგი ცვლილება:

4. გ. თ-ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 43-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დამატებითი სასჯელის სახით ჩამოერთვას: საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებაში, სკოლისგარეშე საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულებაში (მათ შორის, სკოლისგარეშე სახელოვნებო და სასპორტო დაწესებულებაში) საქმიანობის უფლება, არასრულწლოვანთათვის ნებისმიერი სახის საგანმანათლებლო/სასწავლო/სააღმზრდელო მომსახურების გაწევის უფლება და აღნიშნული მომსახურების გამწევ დაწესებულებაში საქმიანობის უფლება – 3 წლით, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის 1-ელი პუნქტის საფუძველზე, შეუმცირდეს ერთი მეექვსედით და განესაზღვროს – 2 წელი და 6 თვე;

5. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 25-ე მუხლის შესაბამისად, არასრულწლოვან დაზარალებულსა და მის კანონიერ წარმომადგენელს ეცნობოთ საქმის სასამართლოში განხილვის შედეგები და განემარტოთ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ზიანის ანაზღაურებისა და კომპენსაციის მოთხოვნის უფლება;

6. სხვა, მათ შორის ჯარიმის ნაწილში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 27 ივნისის განაჩენი დარჩეს უცვლელად;

7. განაჩენი საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: ლ. ფაფიაშვილი

ლ. თევზაძე