საკასაციო საჩივარი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 190100124009817416
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №1093აპ-25 ქ. თბილისი
დ. ე.1093აპ-25 14 მაისი, 2026 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),მამუკა ვასაძე, ლევან თევზაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 29 ოქტომბრის განაჩენზე ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ თინათინ სტურუას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით, – ე. დ–ეს, პირადი ნომერი: .........., – ბრალად ედებოდა თაღლითობა, ესე იგი, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, დიდი ოდენობით – დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსკ-ის) 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.
ე. დ–ის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
2023 წლის 12 ივლისს, ქ. ბ–ში მდებარე შპს „ბ.... .... კლინიკასთან“ გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, შპს „........... ჯგუფის“ დირექტორი ე. დ–ე მოტყუებით დაეუფლა ხსენებული კლინიკის კუთვნილ დიდი ოდენობით ფულად თანხას, კერძოდ, შპს „...........ჯგუფის“ დირექტორი ე. დ–ე მოტყუებით დაპირდა კლინიკის ხელმძღვანელებს - გ. ს–ეს და ლ. ჩ–ს, რომ მიაწოდებდა 51 402 აშშ დოლარის ღირებულების სამედიცინო მოწყობილობას – ჟანგბადის პენდანტებს და დაამონტაჟებდა კლინიკაში, თუმცა აღნიშნული არ შეასრულა და კლინიკის თანხა მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა. ე. დ–ის ქმედების შედეგად შპს ,,ბ.... ....კლინიკას’’ მიადგა 106 381 ლარის დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი.
2. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 3 ივლისის განაჩენით:
2.1. ე. დ–ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში;
2.2. ე. დ–ეს განემარტა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსსკ-ის) 92-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების უფლება.
3. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამართველოს პროკურორმა თინათინ სტურუამ. აპელანტმა მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და ე. დ–ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და მკაცრი სასჯელის – თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა, პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით.
3.1. ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი წარადგინა გამართლებულ ე. დ–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ქ. ვ–ემ და მოითხოვა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 3 ივლისის განაჩენის უცვლელად დატოვება.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 29 ოქტომბრის განაჩენით, ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 3 ივლისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 29 ოქტომბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ. ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორი თინათინ სტურუა საკასაციო საჩივრით ითხოვს ე. დ–ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და მკაცრი სასჯელის – თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრას, პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით.
5.1. ბრალდების მხარის საკასაციო საჩივარზე შესაგებელი წარმოადგინა გამართლებულ ე. დ–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ქ. ვ–ემ, რომელიც ითხოვს საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობას და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 29 ოქტომბრის განაჩენის უცვლელად დატოვებას.
6. სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსსკ-ის) 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კასატორი დაასაბუთებს ამავე ნაწილით ამომწურავად განსაზღვრული, რომელიმე წინაპირობის/ების არსებობას. ამავე მუხლის მე-31 ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლოს ევალება, შეამოწმოს, დასაშვებია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილ მოთხოვნათა შესაბამისად და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საკასაციო საჩივარი აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, იგი ცნობილ უნდა იქნეს დასაშვებად (იხ.: მაგალითად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს შემდეგი განჩინებები: 2025 წლის 20 ნოემბრის N751აპ-25, 2025 წლის 12 ნოემბრის N737აპ-25, 2025 წლის 28 ივლისის N193აპ-25).
6.1. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
6.2. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-6 ნაწილით – საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია საქმე განიხილოს ზეპირი მოსმენის გარეშე.
7. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, par.30, ECtHR, 25/12/2001); იმ გარემოებას, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no. 36755/06, par. 31, ECtHR,11/11/2011) და ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ.,Gorou v. Greece (No.2) no. 12686/03, paras. 37, 41, ECtHR, 20/03/2009).
8. საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გაასაჩივრა ბრალდების მხარემ, რომელიც ითხოვს გამართლებულ ე. დ–ის დამნაშავედ ცნობას ბრალადწარდგენილი დანაშაულის ჩადენაში და მკაცრი სასჯელის განსაზღვრას.
9. უტყუარობის კონსტიტუციური პრინციპი მოითხოვს არა მხოლოდ იმას, რომ გამამტყუნებელი განაჩენი უტყუარ (სანდო, გაუყალბებელ) მტკიცებულებებს ეფუძნებოდეს, არამედ იმასაც, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით ეჭვგარეშე დასტურდებოდეს პირის ბრალეულობა დანაშაულის ჩადენაში (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 25 დეკემბრის N 2/2/1276 გადაწყვეტილება „გიორგი ქებურია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-77). ამასთან, მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით უნდა დასტურდებოდეს დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-41-43).
10. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ თაღლითობის თავისებურება გამოხატულია მისი ჩადენის ხერხში, – „ქონებრივი სარგებლის მიღება (ქონების დაუფლება ან ქონებაზე უფლების მოპოვება) უნდა განხორციელდეს მოტყუებით. შესაბამისად, არ არის საკმარისი მხოლოდ მატერიალური სარგებლის მიღება, აუცილებელია დადგინდეს მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზანი და დანაშაულის სპეციალური ხერხით – დაზარალებულის მოტყუებით/ნდობის ბოროტად გამოყენებით – ჩადენა. მოტყუება, გულისხმობს ჭეშმარიტების განზრახ დამახინჯებას ან გარკვეულ გარემოებათა განზრახ დაფარვას ქონების მესაკუთრის შეცდომაში შეყვანის მიზნით (მაგალითად, წინასწარი შეცნობით ცრუ მონაცემების შეტყობინება ან იურიდიული მნიშვნელობის ფაქტების დაფარვა, რომლის შეტყობინება სავალდებულო იყო დაზარალებულისათვის)...“ ,,ქმედების სსკ-ის 180-ე მუხლით კვალიფიკაციისთვის აუცილებელია რეალობის დამახინჯებულად მიწოდების მტკიცება“ (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს შემდეგი განაჩენები: 2020 წლის 5 მარტის №698აპ-19, 2023 წლის 16 მაისის №37აპ-23).
11. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის მტკიცებას, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები (მათ შორის: გ. ს–ის ჩვენება, მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილი ლ. ჩ–ის გამოკითხვის ოქმი, შპს „ბ–ს .... კლინიკიდან ამოღებული შპს „ბ.... ....კლინიკასა და შპს „...........ჯგუფს“ შორის დადებული ხელშეკრულება, შპს “ბ–ს .... კლინიკიდან ამოღებული შპს „...........ჯგუფისთვის“ თანხის ჩარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტები) საკმარისია ე. დ–ის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად.
12. მხარეთა შორის დავის საგანს არ წარმოადგენს, რომ 2023 წლის 12 ივლისს შპს „...........ჯგუფის“ დირექტორ ე. დ–ესა და შპს „ბ–ს ....კლინიკის“ დირექტორ გ. ს–ეს შორის გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც, შპს „...........ჯგუფმა“ აიღო ვალდებულება, რომ შპს „ბ.... ....კლინიკას“ მიაწვდიდა და დაუმონტაჟებდა: 98 550 ევროს ღირებულების სამედიცინო ვინილს (რაც მიეწოდა კლინიკას და მის მიმართ დაზარალებულ კომპანიას პრეტენზია არ აქვს), 11 562 აშშ დოლარის ღირებულების საოპერაციო ოთახის კარებს (რაც მიეწოდა კლინიკას და მის მიმართ დაზარალებულ კომპანიას პრეტენზია არ აქვს), 51 402 აშშ-ს დოლარის ღირებულების სამედიცინო ჟანგბადის პენდანტებს – რისი მიწოდებაც დროულად ვერ უზრუნველყო ე. დ–ის კომპანიამ.
13. დაზარალებულმა გ. ს–ემ მიუთითა, რომ სამედიცინო ვინილის და საოპერაციო ოთახის კარების მიწოდება ე. დ–ის მიერ შესრულდა 2024 წლის თებერვალში, პროკურატურაში საჩივრის წარდგენამდე (25.04.24 წელი), ხოლო დარჩენილი ნაწილი – ჟანგბადის პენდანტები – მიწოდებულ იქნა საჩივრის წარდგენის შემდეგ, კერძოდ, ნაწილი – 50 ცალი ჟანგბადის პენდანტი 2024 წლის ივნისის დასაწყისში, ხოლო დარჩენილი 69 – 2024 წლის სექტემბერში. დაზარალებულმა ცალსახად განმარტა, რომ ე. დ–ის მიერ ხელშეკრულებით განსაზღვრული ინვენტარი მიწოდებულ იქნა კლინიკისათვის, თუმცა ვადის დარღვევით, რამაც გამოიწვია კლინიკის ფინანსური ზარალი, კერძოდ, კლინიკა ნაცვლად 2023 წლის თებერვლისა, გაიხსნა 2024 წლის ოქტომბრის თვეში.
14. სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ ე. დ–ემ ხელშეკრულებით გათვალისწინებული (ხელშეკრულების თანახმად, ნასყიდობის საგანს წარმოადგენდა: სამედიცინო ვინილი, სამედიცინო ჟანგბადის პენდანტები, საოპერაციო კარები) ვალდებულებებიდან შეასრულა სამედიცინო ვინილისა და საოპერაციო ოთახის კარების მიწოდება (რომელთა ღირებულება იყო 98 550 ევრო და 11 562 აშშ დოლარი), ხოლო ჟანგბადის პენდანტების (ღირებულება 51 400 აშშ დოლარი) მიწოდება ვერ უზრუნველყო ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად (მიაწოდა დაგვიანებით).
15. იმავდროულად, წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება, რომ ხელშეკრულების დადებისას ე. დ–ეს განზრახული ჰქონდა, დაზარალებულის კუთვნილი თანხების დაუფლება მოტყუებით. ე. დ–ემ საბოლოო სიტყვაში განმარტა, რომ გ. ს–ემ, დაახლოებით, სამჯერ სთხოვა ჟანგბადის პენდანტების მიწოდების გადადება, რადგან მუშებმა ვერ დაასრულეს კლინიკის სარემონტო სამუშაოები (რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 3 ივლისის სხდომის ოქმი 16:23:41-16:24:04), ხელშეკრულებაშიც არის შესაბამისი პუნქტი, რომელიც კლინიკას ავალდებულებდა ობიექტი მოეყვანა ისეთ მდგომარეობაში, რომ შესაძლებელი ყოფილიყო სამონტაჟო სამუშაოებოს შესრულება (იხ.: რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 3 ივლისის სხდომის ოქმი 16:18:4816:23:40), ჟანგბადის პენდანტების შესაძენად თანხის ავანსი გადარიცხული ჰქონდა 2024 წლის 16 აპრილს გამოძიების დაწყებამდე (21.05.24 წლამდე) და დაზარალებულის მიერ პროკურატურაში საჩივრის წარდგენამდე (25.04.24 წლამდე)(იხ.: რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 3 ივლისის სხდომის ოქმი 16:23:41-16:24:04), მას ჰქონდა კომპანიის შესაბამისი წერილები თუ რა პერიოდში შეძლებდნენ ჟანგბადის პენდანტების მიწოდებას, დაგვიანების შესახებაც გზავნიდნენ წერილებს, რაც ასევე წარუდგინა გამომძიებელს, ჟანგბადის პენდანტების მიწოდება მოხდა სამ ეტაპად(იხ.: რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 3 ივლისის სხდომის ოქმი 16:18:4816:23:40). ჟანგბადის პენდანტების დაგვიანების პერიოდში მან აღნიშნულ კლინიკასთან კიდევ სამი პროექტი განახორციელა – კომპიუტერული ტომოგრაფის მილაკების შეცვლა, UPC-ების და ავტოკლავის მიწოდება, რომლის ღირებულებაც შეადგენდა 150 000 ლარს. ჟანგბადის პენდანტების შემთხვევაში თავიდან გ. ს–ე ითხოვდა მიწოდების გადადებას, შემდეგ კი, როდესაც მიმართა კომპანიას, – მათ ჰქონდათ შეფერხება, რამაც გამოიწვია ვალდებულების დაგვიანებით შესრულება (იხ.: რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 3 ივლისის სხდომის ოქმი 16:18:4816:23:40).
15.1. ე. დ–ე გამოძიების დაწყებიდან, საქმის სასამართლო განხილვის ყველა ეტაპზე ერთგვაროვნად უთითებდა ჟანგბადის პენდანტების მიწოდების დაგვიანების მიზეზებზე. კერძოდ, ე. დ–ემ პირველივე გამოკითხვის ოქმში დეტალურად ისაუბრა ჟანგბადის პენდანტების მიწოდების ვადის დარღვევის მიზეზებზე და საბოლოო სიტყვის იდენტურად განმარტა, რომ გ. ს–ემ სთხოვა კლინიკაში მიმდინარე სარემონტო სამუშაოების გამო ჟანგბადის პენდანტები მოგვიანებით მიეწოდებინა კლინიკისათვის. აღნიშნული თხოვნის შესაბამისად, თ–ში კომპანიისათვის შეკვეთის მიცემის ვადამაც გადაიწია, რამაც გამოიწვია საწარმოო ციკლის გადაწევა (იხ.: ტ.1, ს.ფ.29-32).
15.1.1. სასამართლო ითვალისწინებს, რომ ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა/მიუთითებდა ე. დ–ის აღნიშნული განმარტებების სიმართლესთან შეუსაბამობას ან/და რაც სასამართლოს მისცემდა მითითებული განმარტებების სარწმუნოობაში დაეჭვების სამართლებრივ საფუძველს.
16. შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ ე. დ–ემ ხელშეკრულებით დადგენილ ვადებში ვერ მოახდინა ჟანგბადის პენდანტების შპს „ბ–ს ..... კლინიკისათვის“ მიწოდება, სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით საქართველოს სსსკ-ით დადგენილი მტკიცებითი სტანდარტით ვერ დასტურდება ე. დ–ის მიერ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.
17. სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის იმპერატიულ დანაწესის, საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის, მე-13 მუხლის მე-2 ნაწილისა და 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნების გათვალისწინებით, „ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში... დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-41-43).
18. იმავდროულად, დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილ საბანკო ქვითართან (რომლითაც დგინდება, რომ შპს „...........ჯგუფის“ მიერ ჟანგბადის პენდანტების შეძენის მიზნით სს ,,.... ბანკიდან“ თ–ი ბანკის ,,.........” მეშვეობით კომპანია „G........“-ისთვის 2024 წლის 16 აპრილს გადაირიცხა თანხა), 2024 წლის 16 მაისის „G..........“-ის წერილთან (რომლის თანახმად, შპს „.... ბიზნეს“-ის (ს–ო) მიერ კომპანიისთვის - G...-სათვის შეკვეთილი ერთეულები ვერ შევა საწარმოო გეგმაში მათ შემადგენლობაში შეტანილი რამდენიმე ცვლილების გამო; მას შემდეგ, რაც გარკვეულ იქნა დეტალები, წარმოების პროცესი დაიწყო, მიწოდების თარიღმა გადაიწია და მიწოდების თარიღად განისაზღვრა 28.06.2024 წელი), 2024 წლის 6 ივნისის „G.............“-ის წერილთან (რომლის მიხედვიდაც, შპს „...........ჯგუფის“ მიერ გაკეთებული შეკვეთის ნაწილი მიწოდებულია 10 დღის წინ (საუბარია 50 ჟანგბადის პენდანტზე), დარჩენილი ნაწილის მიწოდება იგეგმება 16.06.24 წელს) და 2024 წლის 15 აგვისტოს სს „...........“-ის წერილთან (რომლის თანახმად, შპს „.... ბიზნეს“-ის (ს–ო) მხრიდან კომპანიისათვის - G..-სათვის გაკეთებულ შეკვეთაზე შპს „... ბიზნეს“-ს 04.08.2024 წლის მდგომარეობით რაიმე დავალიანება არ გააჩნია. წარმოების პროცესში საიმპორტო მასალების დაგვიანების გამო პროდუქციის თ–ში გადაცემა დაგეგმილია 19.08.2024 წელს) მიმართებით, სასამართლო ითვალისწინებს, რომ მოცემული დოკუმენტები ე. დ–ემ წარუდგინა დაცვის მხარეს გამოკითხვის შემდეგ (ანალოგიურად წარუდგინა ბრალდების მხარეს), რაც დაცვის მხარემ დაათვალიერა და დაურთო დათვალიერების ოქმს (იხ.: ტ.1, ს.ფ. 194-213).
19. გამოძიების ეტაპზე მხარეებმა საქართველოს სსსკ-ის 83-ე მუხლით დადგენილი წესით, გაუცვალეს ერთმანეთს სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები (მათ შორის ზემოაღნიშნული თ-ი კომპანიისათვის პენდანტების თანხის გადარიცხვის დამადასტურებელი საბანკო ქვითარი, “.....“-ის 2024 წლის 16 მაისის, 6 ივნისის, 15 აგვისტოს წერილები (ნოტარიულად დამოწმებული თარგმანით) იხ.: ტ.1, ს.ფ. 214-217), წინასასამართლო სხდომაზე მხარეებს არ დაუყენებიათ შუამდგომლობა მტკიცებულების/მტკიცებულებათა დაუშვებლად ცნობის შესახებ და შესაბამისად, როგორც ბრალდების მხარის, ასევე დაცვის მხარის მტკიცებულებები ცნობილ იქნა დასაშვებად (იხ.: რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 4 სექტემბრის წინასასამართლო სხდომის ოქმი ტ. 1, ს.ფ. 221-225).
20. სასამართლო ითვალისწინებს, რომ აღნიშნული მტკიცებულებების (თ–ი კომპანიისათვის პენდანტების თანხის გადარიცხვის დამადასტურებელი საბანკო ქვითარი, სს “.....“-ის 2024 წლის 16 მაისის, 6 ივნისის, 15 აგვისტოს წერილები (ნოტარიულად დამოწმებული თარგმანით)) მოპოვება და სისხლის სამართლის საქმეზე დართვა განხორციელდა საქართველოს სსსკ-ით დადგენილი წესების არსებითი დარღვევით. კერძოდ, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს სსსკ-ის 119-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, „საქმისათვის მნიშვნელობის მქონე საგანი, დოკუმენტი, ნივთიერება ან ინფორმაციის შემცველი სხვა ობიექტი შეიძლება ამოღებულ იქნეს, თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ ის ინახება გარკვეულ ადგილზე, გარკვეულ პირთან და მისი ძებნა საჭირო არ არის“ (თუ არ არსებობს საქართველოს სსსკ-ის 136-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევა), – დაცვის/ბრალდების მხარის მიერ არ მოხდა ე. დ–ისაგან მის მიერ ნებაყოფლობით წარდგენილი სისხლის სამართლის საქმისათვის მნიშვნელოვანი ზემოაღნიშნული დოკუმენტების ამოღება.
20.1. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ მოქმედი საქართველოს სსსკ-ი არ ითვალისწინებს დოკუმენტის წარმოდგენას, როგორც საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებას/მტკიცებულების დამაგრების ხერხს/საშუალებას (იხ. მაგალითისთვის, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2026 წლის 12 თებერვლის N781აპ-25 განაჩენი; საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2026 წლის 8 აპრილის N916აპ-25 განჩინება). ჟანგბადის პენდანტების ღირებულების გადარიცხვის დამადასტურებელი ქვითრისა და “.....“-ის წერილების ნოტარიულად დამოწმებული თარგმანების სისხლის სამართლის საქმეზე დამაგრება უნდა განხორციელებულიყო საქართველოს სსსკ-ის 120-ე მუხლით დადგენილი წესით, ე. დ–ისაგან მისი ამოღების გზით. შესაბამისად, განსახილველ შემთხვევაში, უგულებელყოფილია მტკიცებულების მოპოვების საქართველოს სსსკ-ით დადგენილი წესი.
21. ზემოაღნიშნულის მიუხედავად, მოცემულ შემთხვევაში, საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა ისეთი მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, ასევე არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლის არსებობა. შესაბამისად, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
22. „საკასაციო ინსტანციის სასამართლოების მიერ დასაშვებობის კრიტერიუმის გამოყენება ემსახურება მართლმსაჯულების ჯეროვნად განხორციელების კანონიერ მიზანს (იხ.: Tchaghiashvili v. Georgia, no. 19312/07, par. 34, ECtHR, 2/09/2014; Borisenko and Yerevanyan Bazalt Ltd v. Armenia, no. 18297/08, ECtHR, 14/04/2009; Kuparadze v. Georgia, no.30743/09, par. 76 ECtHR, 21/09/2017).
23. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ თინათინ სტურუას საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 29 ოქტომბრის განაჩენზე ე. დ–ის მიმართ;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: მ. ვასაძე
ლ. თევზაძე