საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 07.05.2026
საქმის ნომერი
2კ-37აპ.-26
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
07.05.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 190100122005422570

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №37აპ-26 ქ. თბილისი

კ. ე. 37აპ-26 7 მაისი, 2026 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),მამუკა ვასაძე, ლევან თევზაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 15 დეკემბრის განაჩენზე რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ სალომე ქემაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით კ. კ–ის, – პირადი ნომერი ......., – მიერ ჩადენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

1.1. 2021 წლის ივლისის დასაწყისში, გ–ს რაიონის სოფელ ქ–ში, კ. კ–მა შელაპარაკებისას იძალადა დის – ა. ყ–ას – მიმართ, კერძოდ, ა. ყ–ამ უსაყვედურა თუ რატომ წვავდა გარდაცვლილი დედის ნივთებს, რის გამოც კ. კ–მა ხის საანგარიშო დაარტყა ა. ყ–ას კისრის მარცხენა არეში, შეიყვანა სამზარეულოში და ჰკრა ხელი, რა დროსაც ა. ყ–ა ორივე ხელით დაეცა იატაკზე. კ. კ–ის ძალადობრივი ქმედებებით ა. ყ–ამ განიცადა ფიზიკური ტკივილი;

1.1.1. აღნიშნული ქმედებით კ. კ–მა ჩაიდინა – ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსკ-ის) 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, – დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.

1.2. 2021 წლის ივლისის დასაწყისში, გ–ს რაიონის სოფელ ქ–ში, კ. კ–მა დანის დემონსტრირებით დას – ა. ყ–ას – უთხრა, რომ მოკლავდა, კერძოდ, ა. ყ–ამ უსაყვედურა თუ რატომ წვავდა გარდაცვლილი დედის ნივთებს, რის გამოც კ. კ–მა ძალადობა განახორციელა მის მიმართ, შეიყვანა სამზარეულოში, ხელში დანა აიღო და უთხრა, რომ რადგან პოლიციაში აპირებდა ჩივილს, მოკლავდა. ა. ყ–ამ სიცოცხლის მოსპობის მუქარა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში;

1.2.1. აღნიშნული ქმედებით კ. კ–მა ჩაიდინა – სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ, – დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით.

2. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 27 მაისის განაჩენით კ. კ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

2.1. საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით – თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 6 თვით, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე, გაუნახევრდა და განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 9 თვით;

2.2. საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით – თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 6 თვით, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე, გაუნახევრდა და განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 9 თვით;

2.3. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, ერთმა სასჯელმა შთანთქა მეორე და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, კ. კ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 9 თვით;

2.4. კ. კ–ს სასჯელის ვადა აეთვალა განაჩენის გამოცხადების დღიდან და სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა დაკავებაში ყოფნის პერიოდი – 2021 წლის 26 დეკემბრიდან, 28 დეკემბრის ჩათვლით.

3. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს დაცვისა და ბრალდების მხარეებმა, კერძოდ:

3.1. მსჯავრდებულ კ. კ–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ნ. გ–ემ მოითხოვა კ. კ–ის უდანაშაულოდ ცნობა;

3.2. რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორმა სალომე ქემაშვილმა მოითხოვა სასჯელის გამკაცრება.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 15 დეკემბრის განაჩენით რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 27 მაისის განაჩენში შევიდა ცვლილება:

4.1. კ. კ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

4.2. საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით – თავისუფლების აღკვეთა 1 წლით, 1 თვითა და 22 დღით, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 27 სექტემბრის კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, გაუნახევრდა და განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 6 თვითა და 26 დღით;

4.3. საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით – თავისუფლების აღკვეთა 1 წლით, 1 თვითა და 22 დღით, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 27 სექტემბრის კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, გაუნახევრდა და განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 6 თვითა და 26 დღით;

4.4. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დანაშაულთა ერთობლიობით, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნულმა სასჯელმა, შთანთქა მეორე თანაბარი სასჯელი და საბოლოოდ, კ. კ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 6 თვითა და 26 დღით;

4.5. მსჯავრდებულ კ. კ–ს სასჯელის ვადა აეთვალა 2025 წლის 27 მაისიდან (პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ განაჩენის გამოცხადების დღიდან). მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის პერიოდი – 2021 წლის 26 დეკემბრიდან, 28 დეკემბრის ჩათვლით.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 15 დეკემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორმა სალომე ქემაშვილმა. კასატორი ითხოვს მსჯავრდებულ კ. კ–ის მიმართ დანიშნული სასჯელის გამკაცრებას – ,,იგი დამნაშავედ ცნოთ წარდგენილ ბრალდებაში და განუსაზღვროთ შესაბამისი მკაცრი, სამართლიანი და კანონიერი სასჯელი”.

6. სასამართლო ითვალისწინებს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-71 მუხლს; ასევე – ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, par. 30, ECtHR, 25/12/2001).

7. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში – „საქართველოს სსსკ-ის“) 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება გასაჩივრებულია მხოლოდ სასჯელის ნაწილში, მხოლოდ ბრალდების მხარის მიერ.

7.1. შესაბამისად, დავის საგანი არ არის მსჯავრდებულ კ. კ–ის მიერ მსჯავრადშერაცხილი დანაშაულების ჩადენა. მოცემულ შემთხვევაში, დავის საგანია მხოლოდ შეფარდებული სასჯელის კანონიერება.

7.2. კერძოდ, სასჯელის გამკაცრების მოთხოვნის დასაბუთებისთვის კასატორი უთითებს მხოლოდ შემდეგ გარემოებებზე: დანაშაულის განზრახი ხასიათი, დანაშაულის ოჯახის წევრის მიმართ ჩადენა და მსჯავრდებულის მიერ დაზარალებულისათვის მცირე მოტივით სისტემატურად სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენება.

8. საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს: საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ოთხმოციდან ას ორმოცდაათ საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ორ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ, ხოლო საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილი – ჯარიმას ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ას სამოცდაათიდან ორას საათამდე ან გამასწორებელ სამუშაოს ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას სამ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

9. სასამართლო ითვალისწინებს, რომ კ. კ–ი მსჯავრდებულია (მისთვის ბრალადწარდგენილი) სწორედ, ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი განზრახი – საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული – დანაშაულების ჩადენაში. შესაბამისად, დანაშაულის ოჯახის წევრის მიმართ ჩადენა წარმოადგენს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობის ნიშანს/მაკვალიფიცირებელ გარემოებას და მისი დამატებით გათვალისწინება სასჯელის ზომის განსაზღვრისას დაუშვებელია საქართველოს სსკ-ის 531-ე მუხლის მე-4 ნაწილის დანაწესიდან გამომდინარე.

10. რაც შეეხება მსჯავრდებულის მიერ დაზარალებულისათვის მცირე მოტივით სისტემატურად სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების საფუძვლით სასჯელის გამკაცრების მოთხოვნას, საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით ასევე დასჯადია ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ტანჯვა. აღნიშნულის მიუხედავად, ბრალდების შესახებ დადგენილებით, ბრალდების მხარე კ. კ–ს არ ედავება აღნიშნულს (იხ. პირის ბრალდების შესახებ დადგენილება, ტ. №1, ს.ფ. 60-62). შესაბამისად, სასჯელის გამკაცრების მოთხოვნა კასატორის მიერ, იმ გარემოებაზე მითითებით/საფუძველზე, რაც წარმოადგენს საქართველოს სსკ-ის კერძო ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულს და რისთვისაც პირს ბრალი არ ჰქონდა წარდგენილი, – დაუშვებელია.

11. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კასატორი დაასაბუთებს ამავე ნაწილით ამომწურავად განსაზღვრული, რომელიმე შემდეგი წინაპირობის/ების არსებობას:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

12. იმავდროულად, საქართველოს სსსკ-ის მე-300 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო წესით შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი, თუ „გამოყენებულია სასჯელის ისეთი სახე ან ზომა რომელიც აშკარად არ შეესაბამება მსჯავრდებულის ქმედების ხასიათსა და პიროვნებას“ (საქართველოს სსსკ-ის მე-300 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი). შესაბამისად, კანონმდებელი არ ითვალისწინებს მხოლოდ მიზანშეწონილობის კრიტერიუმიდან გამომდინარე სასჯელის გადასინჯვის უფლებამოსილებას (იხ. მაგ., საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2025 წლის 2 ოქტომბრის განჩინება №401აპ-25).

13. ამასთან, კასატორმა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოთხოვნის მკაფიოდ ფორმულირებასთან ერთად უნდა დაასაბუთოს თავისი მოთხოვნა. ანალოგიურად, საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილიც საკასაციო საჩივრის დასაშვებობას უკავშირებს ამავე ნაწილში მითითებული საფუძვლების დასაბუთებას, რაც გულისხმობს, რომ მკაფიოდ უნდა იყოს იდენტიფიცირებული საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში მითითებული, რომელი საფუძვლით ასაჩივრებს და კონკრეტულად რითი ასაბუთებს კასატორი საკუთარ პოზიციას. ამდენად, კასატორმა უნდა განსაზღვროს არა მხოლოდ განაჩენის გასაჩივრების კონკრეტული საფუძველი, არამედ მკაფიოდ მიუთითოს ის არგუმენტებიც, რომლებიც ადასტურებენ კასატორის პოზიციას და შესაბამისად – გასაჩივრებული განაჩენის უკანონობას (მაგალითად, იხ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2024 წლის 15 თებერვლის N933აპ-23 განჩინება).

14. მოცემულ შემთხვევაში, გასაჩივრებული განაჩენით განსაზღვრული სასჯელები არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას, შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებს და სასჯელის მიზნებს (სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია).

15. სააპელაციო სასამართლომ, დანაშაულის ხასიათის (ოჯახური დანაშაული) და კატეგორიის, ასევე – ძალადობის ხასიათისა და ინტენსივობის გათვალისწინებით კ. კ–ს განუსაზღვრა საქართველოს სსკ-ის შესაბამისი მუხლებით განსაზღვრული ალტერნატიული სასჯელებიდან ყველაზე მკაცრი სახის სასჯელი – თავისუფლების აღკვეთა, ამასთან, არამინიმალური ხანგრძლივობით.

16. ბრალდების მხარეს სასამართლოსათვის არ წარუდგენია რაიმე მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა სასჯელის უსამართლობას, პრევენციის ან რესოციალიზაციის მიზნებთან შეუსაბამობას, რის საფუძველზეც, შესაძლებელი იქნებოდა მსჯავრდებულისათვის სასჯელის გამკაცრება.

17. შესაბამისად, წარმოდგენილი მასალებით არ დგინდება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ზემოაღნიშნული რომელიმე წინაპირობის არსებობა, რის გამოც, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.

18. „საკასაციო ინსტანციის სასამართლოების მიერ დასაშვებობის კრიტერიუმის გამოყენება ემსახურება მართლმსაჯულების ჯეროვნად განხორციელების კანონიერ მიზანს (იხ. Tchaghiashvili v. Georgia, no. 19312/07, par. 34, ECtHR, 2/09/2014; Borisenko and Yerevanyan Bazalt Ltd v. Armenia, no. 18297/08, ECtHR, 14/04/2009; Kuparadze v. Georgia, no.30743/09, par. 76 ECtHR, 21/09/2017).

19. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ სალომე ქემაშვილის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 15 დეკემბრის განაჩენზე, კ. კ–ის მიმართ;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: მ. ვასაძე

ლ. თევზაძე