საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #140100122005652686
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №940აპ-25 ქ. თბილისი
ც. ც. 940აპ-25 21 აპრილი, 2026 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, ლევან თევზაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 26 სექტემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ ც. ც–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის ვ. კ–ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით: ც. ც–ეს – პირადი ნომერი .........., – ბრალად ედებოდა ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა, იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე და მძიმე დაზიანება გამოიწვია – დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსკ-ის) 276-ე მუხლის მე-4 ნაწილით.
ც. ც–ის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
2019 წლის 29 აპრილს, დაახლოებით 18:45 საათზე, ......ის საავტომობილო გზაზე, გ–ს რაიონის სოფელ ტ–ის მონაკვეთზე მოძრაობის დროს, „NISSAN TIDA“ ავტომობილის (სახელმწიფო ნომრით – .....) მძღოლმა ც. ც–ემ დაარღვია „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის 1-ელი პუნქტის მოთხოვნა - მარცხნივ მოხვევის მიზნით გაუჩერებლად დაიწყო საპირისპირო მოძრაობის ზოლის გადაკვეთა, რითაც დაბრკოლება შეუქმნა საპირისპირო მოძრაობის ზოლში მოძრავ „OPEL ASTRA“-ს ავტომობილს (სახელმწიფო ნომრით .....), რომელსაც მართავდა ბ. უ–ი და შეეჯახა. აღნიშნული ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, „NISSAN TIDA“-ს ავტომობილის მგზავრმა – გ. ც–ემ – მიიღო ჯანმრთელობის მძიმე (სიცოცხლისთვის სახიფათო) დაზიანება, იმავე ავტომობილის მგზავრმა თ. კ–ემ – ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება, „OPEL ASTRA“-ს მძღოლმა ბ. უ–მა და მისმა მგზავრმა მ. კ–მა მიიღეს ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანებები.
2. გორის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 1 აპრილის განაჩენით:
2.1. ც. ც–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა – 5 000 ლარი;
2.2. საქართველოს სსკ-ის 43-ე მუხლის საფუძველზე, ც. ც–ეს 6 თვით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.
3. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ. დაცვის მხარე ითხოვდა გორის რაიონული სასამართლოს განაჩენის გაუქმებას, ც. ც–ის უდანაშაულოდ ცნობას და გამართლებას.
3.1. დაცვის მხარე სააპელაციო საჩივრით ასევე ითხოვდა მოწმეთა: ბ. უ–ის, ლ. ი–ისა და ზ. ო–ის ჩვენებების დაუშვებლად ცნობას; ბენზინგასამართ სადგურზე არსებული გარესამეთვალყურეო კამერის დათვალიერების ოქმის დაუშვებლად ცნობას; 2019 წლის 16 ივნისის მიმართვის წერილის (...........), კომპლექსური, ტრასოლოგიური, ავტოტექნიკური ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ 2019 წლის 3 ივნისის დადგენილების, 2019 წლის 20 ივნისის მომართვის წერილისა (..........) და 2019 წლის 20 ივნისის სატრანსპორტო, ტრასოლოგიური და ავტოტექნიკური ექსპერტიზის N.... დასკვნის დაუშვებლად ცნობას.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 26 სექტემბრის განაჩენით გორის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 1 აპრილის განაჩენი დარჩა უცვლელად.
5. აღნიშნული განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ც. ც–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ვ. კ–მა.
5.1. კასატორი ითხოვს: მოწმეთა: ბ. უ–ის, ლ. ი–ისა და ზ. ო–ის ჩვენებების დაუშვებლად ცნობას; ბენზინგასამართ სადგურზე არსებული გარესამეთვალყურეო კამერის დათვალიერების 2019 წლის 3 მაისის (15:05 საათიდან-15:55 საათამდე) ოქმის დაუშვებლად ცნობას (თანდართული ნ. დ–ის ხელწერილით); 2019 წლის 16 ივნისის მიმართვის წერილის (........), კომპლექსური ტრასოლოგიური, ავტოტექნიკური ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ 2019 წლის 3 ივნისის დადგენილების, 2019 წლის 20 ივნისის მომართვის წერილისა (..........) და 2019 წლის 20 ივნისის სატრანსპორტო, ტრასოლოგიური და ავტოტექნიკური ექსპერტიზის N....დასკვნის დაუშვებლად ცნობას; თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 26 სექტემბრის განაჩენის გაუქმებას, ც. ც–ის უდანაშაულოდ ცნობას და გამართლებას.
6. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, par.30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ.,Gorou v. Greece (No.2) no. 12686/03, paras. 37, 41, ECtHR, 20/03/2009).
7. საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში.
7.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 26 სექტემბრის განაჩენი გაასაჩივრა დაცვის მხარემ. კასატორი ითხოვს ც. ც–ის უდანაშაულოდ ცნობას და გამართლებას, ასევე - წინამდებარე განჩინების 5.1. პუნქტში მითითებული მტკიცებულებების დაუშვებლად ცნობას.
8. „საქართველოს უზენაესი სასამართლოს განხილვის ფარგლები შეზღუდულია კონკრეტული სამართლებრივი საკითხებით“ (იხ. Kuparadze v. Georgia, no. 30743/09, paras. 41, 76, ECtHR, 21/09/2017).
9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს კომპეტენცია მკაფიოდ არის განსაზღვრული საქართველოს სსსკ-ის XXVI თავით. საქართველოს სსსკ-ის 219-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, მტკიცებულებათა დასაშვებობის საკითხის განხილვა წინასასამართლო სხდომის კომპეტენციაა. საკასაციო სასამართლო საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს აფასებს საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის შესაბამისად. აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორის მოთხოვნა საკასაციო საჩივარში მითითებული მტკიცებულებების დაუშვებლად ცნობის შესახებ სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია.
9.1. სასამართლო, იმავდროულად, ითვალისწინებს, რომ დაცვის მხარეს გამოძიების ეტაპზე, საქართველოს სსსკ-ის 83-ე მუხლით დადგენილი წესით, გაეცვალა სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები (მათ შორის, ის მტკიცებულებები, რომელთა დაუშვებლად ცნობასაც ითხოვს). წინასასამართლო სხდომაზე დაცვის მხარემ დააყენა შუამდგომლობა მათ შორის, წინამდებარე განჩინების 5.1. პუნქტში მითითებული იმ მტკიცებულებების დაუშვებლად ცნობის შესახებ, რომელთა დაუშვებლად ცნობასაც ითხოვს საკასაციო საჩივრითაც, რაც არ დაკმაყოფილდა (იხ.: გორის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 16 მაისის წინასასამართლო სხდომის ამონაწერი (ტ.3, ს.ფ. 130-133)).
10. უსაფუძვლოა, ასევე, კასატორის მოთხოვნა ც. ც–ის უდანაშაულოდ ცნობის შესახებ, ვინაიდან სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით (მათ შორის: 2019 წლის 29 აპრილის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2020 წლის 21 იანვრის სატრანსპორტო ტექნიკურ-ტრასოლოგიური ექსპერტიზის N........ დასკვნით, მოწმეთა: ზ. თ–ის (ექსპერტი), ს. ჟ–ის (გამომძიებელი), ლ. ი–ის, ზ. ო–ის ჩვენებებით, მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილი მოწმეთა (ბ. უ–ის, ს. კ–ის, ხ. უ–ის, მ. კ–ის) გამოკითხვის ოქმებით და ასევე უდავოდ ცნობილი სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებით) გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება ც. ც–ის მიერ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.
11. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2020 წლის 21 იანვრის სატრანსპორტო ტექნიკურ-ტრასოლოგიური ექსპერტიზის N...... დასკვნით დგინდება, რომ:
11.1. გამოსაკვლევად წარდგენილ ავტომობილ „NISSAN TIDA“-ს სახელმწიფო ნომრით .......ს წინა მარჯვენა ნაწილზე ყველა მექანიკური დაზიანება მიღებული აქვს კონკრეტული შეჯახების შედეგად. საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის წინ ავტომობილის საჭის მექანიზმი, სამუხრუჭე სისტემა და სავალი ნაწილები, რომლებიც მთლიანად დაკომპლექტებულია კონსტრუქციული დეტალებით, იყო მექანიკურად გამართულ მდგომარეობაში;
11.2. გამოსაკვლევად წარდგენილ ავტომობილ „OPEL ASTRA“-ს სახელმწიფო ნომრით ........-ს წინა ნაწილზე ყველა მექანიკური დაზიანება მიღებული აქვს კონკრეტული შეჯახების შედეგად. საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის წინ ავტომობილის საჭის მექანიზმი, სამუხრუჭე სისტემა და სავალი ნაწილები, რომლებიც მთლიანად დაკომპლექტებულია კონსტრუქციული დეტალებით, იყო მექანიკურად გამართულ მდგომარეობაში;
11.3. მოცემულ შემთხვევაში შექმნილ საგზაო სიტუაციაში, საქმეში არსებული მასალებიდან გამომდინარე, ავტომობილ „NISSAN TIDA“-ს, სახელმწიფო ნომრით ........, მძღოლის ც. ც–ის მოქმედება არ შეესაბამება „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის 1-ელი პუნქტის (მძღოლმა, რომელსაც განზრახული აქვს რომელიმე მანევრის შესრულება, ეს მანევრი უნდა დაიწყოს მხოლოდ მას შემდეგ, რაც დარწმუნდება, რომ არ შეუქმნის საფრთხეს მის საპირისპირო მიმართულებით მოძრავ საგზაო მოძრაობის მონაწილეებს) მოთხოვნებს, რამაც განაპირობა კონკრეტული საგზაო შემთხვევა (შეჯახება).
11.4. მოცემულ შემთხვევაში შექმნილ საგზაო სიტუაციაში, საქმეში არსებული მასალებიდან გამომდინარე, „OPEL ASTRA“-ს, სახელმწიფო ნომრით ......, მძღოლს ბ. უ–ს, ტექნიკური თვალსაზრისით, საგზაოსატრანსპორტო შემთხვევის თავიდან აცილება არ შეეძლო და მის მოქმედებაში „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა უგულვებელყოფა, რამაც განაპირობა კონკრეტული შემთხვევა (შეჯახება), არ აღინიშნება.
12. არსებით სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას, ექსპერტმა ზ. თ–ემ დაადასტურა მის მიერ გაცემული ექსპერტიზის დასკვნის სისწორე. ექსპერტმა დამატებით განმარტა, რომ კვლევისას გამოიყენა სისხლის სამართლის საქმის მასალები, მათ შორის – შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი თანდართული სქემით (ნახაზი) და დაზიანებული ავტოსატრანსპორტო საშუალებანი (იხ.: გორის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 16 სექტემბრის სხდომის ოქმი 16:54:52-16:55:07), მასთან საექსპერტო კვლევისთვის ვიდეოჩანაწერი წარდგენილი არ ყოფილა (იხ.: გორის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 16 სექტემბრის სხდომის ოქმი 17:00:09-17:00:25), შემთხვევის ადგილის სქემის მიხედვით ექსპერტიზის ფარგლებში შექმნა მომხდარი შემთხვევის მასშტაბური სქემა (იხ.: გორის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 16 სექტემბრის სხდომის ოქმი 17:00:31-17:02:50). გამოძიების დადგენილებაში აღწერილია, რომ ავტომობილი „NISSAN TIDA“ საგზაო შემთხვევამდე – მიმართულების შეცვლამდე მოძრაობდა, დაახლოებით, 10კმ/სთ სიჩქარით, ხოლო ავტომობილი „OPEL ASTRA“ - 70 კმ/სთ სიჩქარით. შესაბამისი ფორმულებით გამოითვალა ავტომობილების დაშორების მანძილი იმ მომენტში, როდესაც „NISSAN TIDA“-მ დაიწყო საპირისპირო ზოლში გადასვლა და შექმნა დაბრკოლება და მანძილი, რომელიც საჭირო იქნებოდა 70 კმ/სთ სიჩქარით მოძრავი ავტომობილის სრული გაჩერებისათვის. შესაბამისად, დაშორების მანძილი ავტომობილებს შორის, როდესაც „NISSAN TIDA“ გადავიდა საპირისპირო ზოლში შეადგენდა დაახლოებით 37 მეტრს, ხოლო გაჩერებისათვის 70კმ/სთ სიჩქარით მოძრავი „OPEL ASTRA“-ს ავტომობილისათვის საჭირო იყო, დაახლოებით 57 მეტრი მანძილი. მანძილთა შედარება აჩვენებს, რომ მანქანებს შორის დაშორების მანძილი ნაკლებია ავტომობილ „OPEL ASTRA“-ს სრული გაჩერებისათვის საჭირო მანძილზე, შესაბამისად, „OPEL ASTRA“-ს მძღოლს ავტომობილის გაჩერება არ შეეძლო და შეჯახება გარდაუვლად მოხდებოდა (იხ.: გორის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 16 სექტემბრის სხდომის ოქმი 16:56:29-16:57:45), ჩატარებული გამოთვლები ან თუნდაც მასშტაბური სქემა, რომელიც შედგა, არის დაახლოებით 5-10%-იანი ცდომილებით, რაც გავლენას არ ახდენს ექსპერტიზის შედეგზე (იხ.: გორის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 16 სექტემბრის სხდომის ოქმი 16:57:50-17:00:09). ავტომობილების დაცილების მანძილი განსაზღვრულია - 37 მეტრი, დაახლოებით 70-80 კმ/სთ სიჩქარით მოძრავი ავტომობილი სანამ გაჩერებას დაიწყებს გადის 30 მეტრ მანძილს,- სანამ მუხრუჭი კვალს დატოვებს, მანამდე 30 მეტრი უნდა გაიაროს, შემდეგ მძღოლის რეაქცია, მუხრუჭის დაწოლა და ა.შ. აქედან გამომდინარე, 5-10%-იანი ცდომილება შედეგზე გავლენას არ ახდენს. 37 მეტრი არის დაცილების მანძილი. მუხრუჭის კვალით ხდება ექსპერტიზა, მუხრუჭის კვალი წყდება დაჯახებისას, მანქანის სრულად გაჩერებამდე (იხ.: გორის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 16 სექტემბრის სხდომის ოქმი17:13:20-17:17:40). მანევრი უნდა იყოს უსაფრთხო, თუნდაც გადაადგილება, თუნდაც მოხვევა. ამ შემთხვევაში, ავტომობილის მოძრაობის დროს დაცილება იქნებოდა 3,5-4 წამი. ეს ისეთი დროა, რომ შემხვედრ ავტომობილს შესაძლებლობა ექნებოდა გაეტარებინა ეს ავტომობილი. ამ შემთხვევაში სამუხრუჭე კვალი 8 მეტრი რომ დატოვა გულისხმობს, რომ უფრო ადრე მოხდა ყველაფერი. შესაძლებელია, ყოფილიყო 37 მეტრზე ნაკლებიც, იქიდან გამომდინარე, რომ მძღოლის რეაქციისთვის აღებულია 1.2 წამი, მაგრამ შესაძლოა რეაქცია უკვე გაკეთებული ჰქონდა მძღოლს (იხ.: გორის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 16 სექტემბრის სხდომის ოქმი 17:17:50-17:19:05). შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმს დართულ სქემაში უზუსტობა იყო გზის სავალი ნაწილის სიგანე, თითოეული მიმართულებით გზის სიგანე რა იყო და იყო თუ არა გამყოფი ზოლი (იხ.: გორის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 16 სექტემბრის სხდომის ოქმი 17:02:50-17:02:50). დაცვის მხარის კითხვაზე (რამდენად სწორად იყო სქემაზე ასახული ავტომობილ „OPEL ASTRA“-ს საბოლოო გაჩერების ადგილის დაშორება გზიდან) ექსპერტმა მიუთითა, რომ საბოლოო განლაგება მას სქემაზე არ აუსახავს, რადგან ექსპერტიზის ჩატარებისას მისთვის გადამწყვეტია სამუხრუჭე კვალი, - სადაც სამუხრუჭე კვალი მთავრდება არის შეჯახების ადგილი, რის შემდეგაც ავტომობილები აგრძელებენ გადაადგილებას. მისი მასშტაბური ნახაზი აგებულია შეჯახების მომენტში განლაგებაზე, ამ განლაგებით რა დრო მოანდომა „NISSAN TIDA“-მ გზის გადაკეტვას და ამ დროში რა მანძილით იყო დაშორებული ავტომობილი „OPEL ASTRA“ შეჯახების ადგილიდან (იხ.: გორის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 16 სექტემბრის სხდომის ოქმი 17:02:50-17:09:40). მასშტაბური სქემიდან განისაზღვრა გადაადგილების მანძილი, რა მანძილი გაიარა მარცხნივ მოხვევიდან შეჯახების მომენტამდე „NISSAN TIDA“-მ და გამოთვალა 70 კმ/სთ სიჩქარით მოძრავი ავტომობილი „OPEL ASTRA“ ამ დროში რა მანძილით იქნებოდა დაშორებული (იხ.: გორის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 16 სექტემბრის სხდომის ოქმი 17:09:49-17:12:30). გაჩერების დრო დამოკიდებულია იმაზე, თუ რა სიჩქარით მოძრაობს ავტომობილი. სიჩქარის გამოსათვლელად გამოიყენება სამუხრუჭე კვალი. კვალი თუ არ არის სრულყოფილი, მაშინ ავტომობილების დაზიანების ხარისხის მიხედვითაც განისაზღვრება ავტომობილის სიჩქარე. „OPEL ASTRA“-ზე არსებული დაზიანებებიდან გამომდინარე შეიძლება ჩაითვალოს, რომ სიჩქარე იყო 70 კმ/სთ. ექსპერტიზის ფარგლებში არ გამოვლენილა რაიმე თვალშისაცემი სხვაობა, რაც „OPEL ASTRA“-ს სხვა სიჩქარეზე მიუთითებდა და ამის შესაბამისად გაიცა დასკვნა (იხ.: გორის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 16 სექტემბრის სხდომის ოქმი 17:13:20 – 17:17:50).
13. უსაფუძვლოა კასატორის მოთხოვნა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2020 წლის 21 იანვრის სატრანსპორტო ტექნიკურ-ტრასოლოგიური ექსპერტიზის N........ დასკვნის გაუზიარებლობის შესახებ, იმ გარემოებაზე მითითებით, რომ კვლევა ჩატარდა შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმს დართული ნახაზის გამოყენებით. ნახაზი და ამავე ოქმს დართული ფოტოსურათები კი წინააღმდეგობრივია (ნახაზი მიუთითებს, რომ ავტოავარია მოხდა საავტომობილო გზაზე, ფოტოსურათები კი ადასტურებს, რომ ავტოავარია მოხდა არა გზაზე, არამედ ე.წ. ხრეშზე). საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ:
13.1. უსაფუძვლოა კასატორის მსჯელობა, რომ სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმს დართული, ფოტოსურათები ადასტურებენ, რომ ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა არა გზაზე, არამედ ე.წ. ხრეშზე. სასამართლო ითვალისწინებს მოწმეთა: ლ. ი–ისა და ზ. ო–ის ჩვენებებს (დაადასტურეს, რომ ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა საავტომობილო გზაზე), ასევე - ექსპერტ ზ. თ–ის ჩვენებას (ექსპერტიზით დადგინდა, რომ ავტოავარია მოხდა საავტომობილო გზაზე, ც. ც–ის მოძრაობის საპირისპირო ზოლში, შეჯახების შემდეგ კი ავტომობილები გადაადგილდნენ (იხ.: გორის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 16 სექტემბრის სხდომის ოქმი 16:57:50-17:00:09)).
13.2. არსებით სასამართლო სხდომაზე ექსპერტ ზ. თ–ის დაკითხვისას დაცვის მხარის კვლევის საგანს არ წარმოადგენდა (არ დაუსვამს კითხვები) შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმს დართულ ნახაზსა და ფოტოსურათებს შორის წინააღმდეგობის საკითხი (მათ შორის, ასეთის არსებობის შემთხვევაში, წინააღმდეგობის მიზეზი და მისი გავლენა ექსპერტიზის შედეგზე), სხდომის ოქმებით არ დგინდება, რომ დაცვის მხარეს შეეზღუდა ექსპერტის დაკითხვის უფლება - დაცვის მხარეს ჰქონდა შესაძლებლობა დაესვა შეკითხვები მისთვის საინტერესო ყველა საკითხზე.
14. უსაფუძვლოა, ასევე, კასატორის პოზიცია, რომ შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმს დართული ავტოსაგზაო შემთხვევის ნახაზზე არასწორადაა დატანილი ავტომანქანა „OPEL ASTRA“-ს გზიდან დაშორების მონაცემები („OPEL ASTRA“-ს ავტომობილის უკანა მარჯვენა თვლის დაშორება გზის გვერდულიდან - 50 სმ, „OPEL ASTRA“-ს ავტომობილის წინა მარჯვენა თვლის დაშორება გვერდულიდან 140 სმ და „OPEL ASTRA“-ს ავტომობილის წინა მარჯვენა ბამპერის დაშორება გზის გვერდულიდან 110 სმ).
14.1. გამომძიებელ ს. ჟ–ის ჩვენებით დგინდება, რომ:
14.1.1. შემთხვევის ადგილი დაათვალიერა ექსპერტ-კრიმინალისტების მონაწილეობით, შეადგინა ავტოსაგზაო შემთხვევის სქემა, აწარმოა აზომვითი სამუშაოები (იხ.: გორის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 16 სექტემბრის სხდომის ოქმი 17:24:10-17:28:16), სწორია ნახაზზე მითითებული მანძილები, მას არ გაუზომია ბამპერიდან გზის გვერდულამდე მანძილი, 110 სმ არის შეჯახების ადგილიდან გზის კიდემდე მანძილი და არა მანქანის ბამპერიდან გზის კიდემდე (იხ.: გორის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 16 სექტემბრის სხდომის ოქმი 17:34:30-17:48:26).
14.2. ექსპერტმა ზ. თ–ემ დაცვის მხარის კითხვაზე (რამდენად სწორად იყო სქემაზე ასახული ავტომობილ „OPEL ASTRA“-ს საბოლოო გაჩერების ადგილის დაშორება გზიდან) მიუთითა, რომ საბოლოო განლაგება მას სქემაზე არ აუსახავს, რადგან ექსპერტიზის ჩატარებისას მისთვის გადამწყვეტია სამუხრუჭე კვალი. სადაც სამუხრუჭე კვალი მთავრდება, - არის შეჯახების ადგილი, რის შემდეგაც ავტომობილები აგრძელებენ გადაადგილებას. მისი მასშტაბური ნახაზი აგებულია შეჯახების მომენტში განლაგებაზე, - ამ განლაგებით რა დრო მოანდომა „NISSAN TIDA“-მ გზის გადაკეტვას და ამ დროში რა მანძილით იყო დაშორებული ავტომობილი „OPEL ASTRA“ შეჯახების ადგილიდან (იხ.: გორის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 16 სექტემბრის სხდომის ოქმი17:02:50-17:09:40).
15. ლ. ი–ისა და ზ. ო–ის ჩვენებების წინააღმდეგობრივი ხასიათის შესახებ კასატორის მტკიცებასთან მიმართებით, სასამართლო ითვალისწინებს, რომ „მოწმეთა ჩვენებების შინაარსზე გავლენას ახდენს სუბიექტური და ობიექტური ხასიათის მრავალი ფაქტორი, რომელთა გაუთვალისწინებლობამ, შესაძლოა, მცდარ დასკვნებამდე მიგვიყვანოს, როგორც თვით ამ მტკიცებულებების რელევანტურობის, ასევე – საქმის ფაქტობრივ გარემოებათა თაობაზე. ამიტომ ასეთი მტკიცებულებების შეფასებისას უნდა იქნეს გათვალისწინებული: უშუალოდ რა ფაქტორები ახდენს ზეგავლენას მოწმის მიერ იმ გარემოებათა აღქმაზე, რომლებიც მტკიცების მთავარ საგანს წარმოადგენს, და როგორია სხვადასხვა მოწმის ჩვენებების თანხვედრა აღნიშნულ გარემოებებთან დაკავშირებით. ამასთან, მოწმეთა ჩვენებებს შორის ურთიერთშესაბამისობის არსებობის დასადგენად სავსებით საკმარისია მათ შორის შინაარსობრივი თანხვედრა იმ ზომით, რომ ისინი ერთგვაროვნად წარმოგვიდგენდნენ საქმისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობის მქონე ერთსა და იმავე გარემოებებს“ (იხ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 1 აპრილის N763აპ-19 განჩინება).
15.1. მოწმე ზ. ო–ის ჩვენებით დგინდება, რომ 2019 წლის 29 აპრილს გამომძიებელ ლ. ი–ესთან ერთად, სამსახურეობრივი ავტომობილით მოძრაობდა სოფელ ტ–იდან ქალაქ გ-ს მიმართულებით. მათ წინ (დაახლოებით 15-20 მეტრში) მიდიოდა თეთრი ფერის „OPEL”-ის ავტომობილი (მინი ფურგონი). ამ ავტომობილიდან დაახლოებით 15-20 მეტრის მანძილით უფრო წინ, ანუ გ-ს მხარეს მოძრაობდა „NISSAN TIDA“-ს ავტომობილი. სოფლის გასასვლელთან მდებარე ავტოგასამართ სადგურთან მიახლოებისას წინ მიმავალმა „NISSAN TIDA“-ს ავტომობილმა ჩართო ციმციმა და გადაუხვია მათგან მარცხენა მხარეს, - დააპირა საპირისპირო მოძრაობის ზოლის გადაკვეთა და ბენზინგასამართი სადგურის მიმართულებით შესვლა, რა დროსაც აღნიშნულ ავტომობილს დაეჯახა, დაახლოებით 10 მეტრამდე, შეიძლება ამდენიც არ იყო, მოძრავი მუქი ფერის „OPEL ASTRA“-ს ავტომობილი. როგორც შეატყო ავტომობილი ცოტა გაცურდა, შეიძლება რეაგირება მოახდინა, დაამუხრუჭა ან „რაღაცა“, მაგრამ მიუხედავად ამისა შეჯახება მოხდა. შეჯახების შემდეგ, როგორც ახსოვს, ორივე ავტომობილმა შეიცვალა მიმართულება: „NISSAN TIDA“-ს ავტომობილი გაჩერდა ჩრდილო აღმოსავლეთის მიმართულებით, ოდნავ გადახრილი ბენზინგასამართი სადგურისკენ, მანქანა „OPEL ASTRA“ დატრიალდა და თითქმის გ-ს მიმართულებით გაჩერდა. მოძრაობის სიჩქარესთან მიმართებით მიუთითა, რომ თავად მოძრაობდნენ 50კმ/სთ სიჩქარით და დაახლოებით იმავე სიჩქარით მოძრაობდა „NISSAN TIDA“-ს ავტომობილი, როგორც ახსოვს „OPEL“-ი (რომელიც მათ წინ იყო) და „NISSAN TIDA“ ერთი სიჩქარით მოძრაობდნენ, მათ შორის მანძილი არ ირღვეოდა. შეჯახების შემდეგ გააჩერეს ავტომობილი გვერდულზე, რომელ მხარესაც მოძრაობდნენ. „NISSAN TIDA“-ს ავტომობილიდან გადმოვიდა ც. ც–ე, მეორე მანქანიდან - ბ. უ–ი. თვალყურს ადევნებდა, რომ ავტომობილები არ გადაადგილებულიყვნენ და ხელი არ შეშლოდა გამოძიებას. ავტომობილები არავის არ გაუნძრევია (იხ.: გორის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 24 ოქტომბრის სხდომის ოქმი 16:28:26 – 16:35:01). მოწმის განმარტებით, მოძრაობისას ხედავდა „NISSAN TIDA“-ს ავტომობილს, რადგან მათი მანქანა მაღალია და ჩანს როგორც წინ, ასევე მის წინ მიმავალი მანქანაც. საწინააღმდეგო ზოლში მიმავალი მანქანისათვის ყურადღება არ მიუქცევია, უბრალოდ ც. ც–ის მანქანამ იმდენად სწრაფად და შეუჩერებლად გადაჭრა გზა, რომ ამან მიიქცია ყურადღება. საპირისპირო ზოლში ავტომობილი პირველად დაინახა გადახვევის მომენტში, რადგან „NISSAN TIDA“-მ საკმაოდ უეცრად და მალე გადაუხვია, იფიქრა მეორე მხრიდან ნეტა არაფერი მოდიოდესო. 10 ან 7 მეტრში დაინახა „OPEL ASTRA“-ს ავტომობილი (იხ.: გორის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 24 ოქტომბრის სხდომის ოქმი 16:35:02-16:36:45). საპირისპირო ზოლში მოძრავი შემხვედრი ავტომობილის სიჩქარის განსაზღვრა ძნელია, - როდესაც მოძრაობენ ყურადღება ძირითადად გადატანილი აქვთ მათ ზოლში მოძრავ ავტომობილზე. თუ ყურადღებას გადაიტანდა სხვა მიმართულებაზე, მაშინ შეძლებდა. ამ კონკრეტულ სიტუაციაში ვერ განსაზღვრავდა საპირისპირო ზოლში მოძრავი ავტომობილის სიჩქარეს (იხ.: გორის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 24 ოქტომბრის სხდომის ოქმი 16:41:40-16:42:20).
15.2. მოწმე ლ. ი–ის ჩვენებით დგინდება, რომ 2019 წლის 29 აპრილს, ზ. ო–ესთან ერთად, სამსახურებრივი ავტომობილით მოძრაობდა სოფელ ტ–იდან გ-ს მიმართულებით. ტ–ს რომ გასცდნენ, იმ მონაკვეთში, სადაც გზის მარცხენა მხარეს არის ბენზინგასამართი სადგური, შეესწრნენ ავტოავარიას, - „NISSAN TIDA“ -ს ავტომობილი და „OPEL ASTRA“-ს ავტომობილი შეეჯახნენ ერთმანეთს (იხ.: გორის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 24 ოქტომბრის სხდომის ოქმი 16:47:38-16:48:30), წინ მიდიოდა თეთრი ფერის ფურგონი და იმის წინ „NISSAN TIDA“-ს ავტომობილი. მისი ავტომობილი მაღალია და გზა კარგად ჩანს. „NISSAN TIDA“-მ უეცრად ჩაჭრა ბენზინგასამართ სადგურთან, მეორე მხრიდან მოდიოდა „OPEL ASTRA“-ს ავტომობილი და შეეჯახნენ ერთმანეთს. „NISSAN TIDA“-მ მუხრუჭის გარეშე გადაჭრა გზა, დაინახა გზის ჩაჭრისა და შეჯახების მომენტი (იხ.: გორის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 24 ოქტომბრის სხდომის ოქმი 16:48:35 – 16:50:10), არ ახსოვს ციმციმა ჰქონდა თუ არა ჩართული, ჩართული რომ ჰქონოდა ალბათ დაამახსოვრდებოდა. გამოკითხვის ოქმში როგორ ჰქონდა მითითებული არ ახსოვს, თუმცა ამ ეტაპზე ნამდვილად ვერ იხსენებს (იხ.: გორის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 24 ოქტომბრის სხდომის ოქმი 16:50:15-16:50:16). საპირისპირო მოძრავ ზოლში მოდიოდა „OPEL ASTRA“, რომელიც გზის გადაჭრის მომენტში მიუახლოვდა და შეეჯახა, წამებში მოხდა ყველაფერი. დაჯახებისას დაინახა „OPEL ASTRA“-ს ავტომობილი (იხ.: გორის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 24 ოქტომბრის სხდომის ოქმი 16:50:17-16:51:00). იმის თქმა არ შეუძლია „OPEL ASTRA“-სა და „NISSAN TIDA“-ს შორის მანევრის მომენტში ზუსტად რა მანძილი იყო. შეიძლება იყო 20 ან შეიძლება 40, „ახლო იყო“. შეიძლება ყოფილიყო 20 მეტრი. მანევრის დაწყებისას - დაახლოებით 20-25 მეტრი, ამაზე მეტიც შეიძლება. თავად მოძრაობდა 50-60 კმ/სთ სიჩქარით. ანალოგიურად, სხვებიც დაახლოებით ამ სიჩქარით მოძრაობდნენ. შეჯახების შედეგად იქვე დაცილდნენ მანქანები, ორივე ავტომობილი იქ ეგდო. საგზაო მოძრაობის მიმართულებები – საით გაჩერდნენ არ ახსოვს. თითქოს შემოტრიალდნენ, „დეტალებს ზუსტად ვერ იტყვის“. მალევე მოვიდა პოლიცია და მოახდინეს შესაბამისი რეაგირება (იხ.: გორის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 24 ოქტომბრის სხდომის ოქმი 16:51:06-16:54:40), პოლიციის მოსვლამდე არავის არ შეუცვლია ავტომობილთა მდებარეობა (იხ.: გორის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 24 ოქტომბრის სხდომის ოქმი 16:54:44 – 16:55:15).
15.3. სასამართლო ითვალისწინებს, რომ შემთხვევიდან მოწმეების სასამართლოში დაკითხვამდე გასული დროის ხანგრძლივობის (ავტოავარია მოხდა 2019 წლის 29 აპრილს, ლ. ი–ე და ზ. ო–ე კი სასამართლოში დაიკითხნენ 2024 წლის 24 ოქტომბერს) გათვალისწინებით, მოწმეებს შესაძლოა არ ახსოვდეთ შემთხვევის ცალკეული გარემოებები, თუმცა, საქმისთვის მნიშვნელოვან დეტალებთან(ავტოავარიამდე ც. ც–ის მოძრაობა, საპირისპირო მოძრაობის ზოლში გადასვლა, შეჯახების ადგილი და მიზეზი) დაკავშირებით მათი ჩვენებები თანმიმდევრული და ურთიერთთანხვდენილია.
15.4. უსაფუძვლოა კასატორის მტკიცება მოწმეთა: ზ. ო–ისა და ლ. ი–ის გამოკითხვის ოქმებსა და სასამართლოში მიცემულ ჩვენებებს შორის არსებითი წინააღმდეგობების და საქართველოს სსსკ-ის 75-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მათი დაუშვებლად ცნობის შესახებ.
15.4.1. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ი არ ითვალისწინებს საკასაციო სასამართლოს უფლებას დაუშვებლად ცნოს სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი რომელიმე მტკიცებულება. იმავდროულად, მოწმეთა გამოკითხვის ოქმებსა და სასამართლოში მიცემულ ჩვენებებს შორის არსებული წინააღმდეგობების (ავტომობილ „OPEL ASTRA“-ს მოძრაობის სიჩქარე ავტოავარიამდე, ც. ც–ის მიერ ციმციმას ჩართვის დრო, ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ მანქანათა საბოლოო განლაგება) შესახებ კასატორის მითითებასთან მიმართებით, სასამართლო ითვალისწინებს, რომ მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ (საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის 24-ე პუნქტი). მოცემულ შემთხვევაში, დაცვის მხარეს ზ. ო–ისა და ლ. ი–ისათვის სასამართლოში დაკითხვისას არ დაუსვამს კითხვები მითითებულ საკითხებთან დაკავშირებით გამოკითხვის ოქმსა და სასამართლოში მიცემულ ჩვენებებს შორის წინააღმდეგობის შესახებ (საქართველოს სსსკ-ის 243-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად არ გამოუქვეყნებია მოცემულ მოწმეთა გამოკითხვის ოქმები).
15.4.2. ამასთან, ავტოავარიამდე ავტომობილ „OPEL ASTRA“-ს მოძრაობის სიჩქარესთან მიმართებით, ექსპერტ ზ. თ–ის ჩვენებით დგინდება, რომ ავტომობილის სიჩქარის გამოთვლა ხდება სამუხრუჭე კვალით, როდესაც სამუხრუჭე კვალი არ არის სრულყოფილი, ავტომობილის სიჩქარე განისაზღვრება ავტომობილის დაზიანების ხარისხის მიხედვით. „OPEL ASTRA“-ზე არსებული დაზიანებებიდან გამომდინარე, შეიძლება ჩაითვალოს, რომ სიჩქარე იყო 70 კმ/სთ, ექსპერტიზის ფარგლებში არ გამოვლენილა რაიმე თვალშისაცემი სხვაობა რაც სხვა სიჩქარეზე მიუთითებდა და ამის შესაბამისად გაიცა ექსპერტიზის დასკვნა (იხ.: გორის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 16 სექტემბრის სხდომის ოქმი 17:13:20-17:17:50).
15.4.3. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ ბ. უ–ი 2019 წლის 30 აპრილისა და 2019 წლის 20 მაისის მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილ გამოკითხვის ოქმებში უთითებს, რომ მოძრაობდა 70კმ/სთ სიჩქარით. ანალოგიურად, ხ. უ–ი 2019 წლის 1 მაისის გამოკითხვის ოქმში, ხოლო მ. კ–ი 2019 წლის 5 მაისის გამოკითხვის ოქმში უთითებენ, რომ ბ. უ–ი მოძრაობდა დაახლოებით 70კმ/სთ სიჩქარით.
16. კასატორის მტკიცება, რომ ც. ც–ემ კანონმდებლობის სრული დაცვით შეასრულა ყველა მანევრი, ისე რომ საფრთხე არ შეუქმნია არც მის ზოლში და არც საპირირისპირო მოძრაობის ზოლში არსებული არცერთი მანქანისათვის, საპირისპირო მოძრაობის ზოლიდან სრულად იყო გადასული, როდესაც მას დაეჯახა დიდი სიჩქარით (100-110 კმ/სთ) მომავალი ბ. უ–ი, არ გამომდინარეობს სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი, მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეული ან/და მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილი მტკიცებულებებიდან.
17. ბ. უ–ის გამოკითხვის ოქმებში მითითებულ ინფორმაციებს შორის არსებითი წინააღმდეგობის შესახებ კასატორის მტკიცებასთან მიმართებით, სასამართლო ითვალისწინებს საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის დანაწესს (გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება, მათ შორის, ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან), მტკიცებულებების უდავოდ ცნობის მნიშვნელობას, იმ გარემოებას, რომ დაცვის მხარემ უარი განაცხადა ბრალდების მხარის მიერ დასაკითხად წარმოდგენილი ბ. უ–ის დაკითხვაზე და უდავოდ ცნო მოწმის გამოკითხვის ყველა ოქმი.
17.1. ბ. უ–ი 30.04.2019 წლის გამოკითხვის ოქმში უთითებს, რომ ც. ც–ემ ჩართო მოხვევის მაჩვენებელი ციმციმა და დაიწყო დაახლოებით 10კმ/სთ სიჩქარით მოძრაობა; ხოლო 20.05.2019 წლის გამოკითხვის ოქმში, - რომ ც. ც–ე მოძრაობდა 30კმ/სთ სიჩქარით, ჩართული ჰქონდა მარცხნივ მოხვევის მაჩვენებელი ციმციმა, არ გაჩერებულა და ისე შევიდა საპირისპირო მოძრაობის ზოლში; 24.02.2020 წლის გამოკითხვის ოქმში ცვლის შემთხვევის ადგილს და უთითებს, რომ შემთხვევა მოხდა შპს „.... გრუპთან“. სასამართლო ითვალისწინებს რომ აღნიშნული ორივე გამოკითხვის ოქმი დაცვის მხარის მიერ ცნობილია უდავოდ. ამასთან, დაცვის მხარე მითითებული გამოკითხვის ოქმების შინაარს წარმოაჩენს ინტერპრეტირებულად. კერძოდ, ბ. უ–ი საკუთარი მოძრაობის სიჩქარედ უთითებდა 70 კმ/სთ (განსხვავებული ინფორმაციას არ შეიცავს არცერთი გამოკითხვის ოქმი). იმავდროულად, ბ. უ–ი 2019 წლის 30 აპრილის გამოკითხვის ოქმში უთითებდა, რომ ავტომობილ „NISSAN TIDA“-ს მძღოლმა ჩართო მარცხნივ მოხვევის მაჩვენებელი ციმციმა და დაახლოებით 10 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობა დაიწყო საავტომობილო გზის აღმოსავლეთ გვერდულისკენ (იხ.: ტ.1, ს.ფ. 77), ხოლო 2019 წლის 20 მაისის გამოკითხვის ოქმში მიუთითა, რომ ქალაქ გ-ს მიმართულებით მოძრაობის ზოლში დაახლოებით 30 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობდა ც. ც–ე, რომელსაც ჩართული ჰქონდა ციმციმა და მისთვის მოულოდნელად, ისე რომ ავტომობილი თავის ზოლში არ გაუჩერებია, გადაკვეთა საავტომობილო გზის გამყოფი წყვეტილი ზოლი (იხ.: ტ.1, ს.ფ. 163-164). შესაბამისად, ბ. უ–ი 2019 წლის 20 მაისის გამოკითხვის ოქმში აღარ უთითებს ც. ც–ე რა სიჩქარით მოძრაობდა საპირისპირო ზოლში გადასვლისას. რაც შეეხება დაცვის მხარის მითითებას, ბ. უ–ის მიერ შემთხვევის ადგილის შეცვლის შესახებ, სასამართლო ითვალისწინებს, რომ სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები (შპს „.... გრუპის“ დირექტორ ნ. დ–ის ხელწერილი და 2019 წლის 3 მაისის (15:05-15:55 საათის) დათვალიერების ოქმი (იხ.: ტ.1, ს.ფ. 133-138)) ადასტურებენ, რომ შპს „...გრუპი“ და ბენზინგასამართი სადგური „ზ....“ ერთი და იგივე ლოკაციებია(აღნიშნულის საწინააღმდეგო მტკიცებულება დაცვის მხარის მიერ არ იყო წარმოდგენილი სამართალწარმოების მიმდინარეობისას).
18. უსაფუძვლოა კასატორის მტკიცება, რომ ვინაიდან მოწმე ს. კ–ე მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილ 2019 წლის 5 ივნისის გამოკითხვის ოქმში უთითებს, რომ მას არ გაუგია დამუხრუჭების ხმა და გაიგონა მხოლოდ შეჯახების ხმა, შემთხვევის ადგილზე არ არსებობდა მუხრუჭის კვლები. სასამართლო ითვალისწინებს, რომ შემთხვევის ადგილზე მუხრუჭის კვლების არსებობა დასტურდება შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმითა და მასზე დართული სქემით, რომლის სისწორესა და ნამდვილობაში ეჭვის შეტანის საფუძველი სასამართლოს არ აქვს და არც კასატორი განმარტავს, მუხრუჭის კვლები ( მათი არარსებობის შემთხვევაში) რატომ უნდა მიეთითებინა ან/და როგორ უნდა განესაზღვრა მათი განლაგება გამომძიებელ ს. ჟ–ს შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმსა და თანდართულ სქემაში.
19. ამასთან, სასამართლო ითვალისწინებს, რომ აღნიშნული საკითხი (დამუხრუჭებისას ყველა ავტომობილი გამოსცემს თუ არა ხმას, მოცემულ შემთხვევაში ავტომობილები „NISSAN TIDA“ და „OPEL ASTRA“ შეჯახებამდე მძღოლის მიერ მუხრუჭის გამოყენების შემთხვევაში თუ გამოსცემდა ხმას, რაც უნდა/შეეძლო გაეგო მოწმეს) არ იქნა გამოკველული მხარეთა მიერ, მათ შორის აღნიშნულის შესახებ კითხვები არ დაუსვამს არც დაცვის მხარეს ექსპერტებისთვის სასამართლოში დაკითხვისას(იხ.: ექსპერტთა: ზ. თ–ისა (გორის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 16 სექტემბრის სხდომის ოქმი) და გ. თ-ს (გორის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 17 სექტემბრის სხდომის ოქმი) ჩვენებები). შესაბამისად, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების, მათ შორის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის გათვალისწინებით, კასატორის აღნიშნული მტკიცება წარმოადგენს მხოლოდ მის დაუსაბუთებელ მოსაზრებას, რის გამოც არ არსებობს მისი გაზიარების სამართლებრივი საფუძველი.
20. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის მე-9 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებისთანავე ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე და დაცვის მხარეს ენიჭება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით, როგორც წარმოდგენილი მტკიცებულების გამოკვლევის, ასევე მტკიცებულების დამოუკიდებლად ან სასამართლოს მეშვეობით მოპოვების და წარმოდგენის უფლება (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 9 ივლისის განაჩენი N669აპ-20, II-56, ასევე საქართველოს უზენაესი სასამართლოს შემდეგი განჩინებები: 2021 წლის 8 იანვრის N951აპ-20; 2021 წლის 4 იანვრის N925აპ-20; 2020 წლის 17 ივლისის N30აპ-20). მხარეები წყვეტენ, რა მტკიცებულებებს და არგუმენტებს წარუდგენენ სასამართლოს და რა საკითხებზე იდავებენ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 29 სექტემბრის N3/1/608,609 გადაწყვეტილება, საქართველოს უზენაესი სასამართლოს კონსტიტუციურ წარდგინებაზე, II-15).
20.1. დაცვის მხარეს გამოძიების ეტაპზე, საქართველოს სსსკ-ის 83-ე მუხლით დადგენილი წესით, გაეცვალა სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები და ჰქონდა შესაძლებლობა ჩაეტარებინა ალტერნატიული ექსპერტიზა, ასევე არსებითი სასამართლო განხილვისას ექსპერტებისათვის დაესვა შეკითხვები და გამოეკვლია ყველა ის საკითხი, რომელსაც სადავოდ მიიჩნევს საკასაციო საჩივარში. სისხლის სამართლის საქმის მასალებით არ დგინდება და არც კასატორი უთითებს, რომ აღნიშნული უფლება დაცვის მხარეს შეეზღუდა ბრალდების მხარის/სასამართლოს მიერ.
21. ექსპერტმა გ. თ–მ არსებით სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას დაადასტურა, რომ საექსპერტო კვლევისას გამოიყენა ავტოსაგზაო შემთხვევის ამსახველი ვიდეოჩანაწერი (საქმის მასალებთან ერთად, რომელიც ვიდეოფირთან წინააღმდეგობაში არ მოდიოდა) და ექსპერტიზის ფარგლებში განსაზღვრული შეჯახების ზუსტი დრო, ასევე დრო რომელიც ბ. უ–ს ჰქონდა რეაგირებისათვის სწორედ ვიდეოჩანაწერიდან განსაზღვრა (იხ.: გორის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 17 სექტემბრის სხდომის ოქმი 16:36:35-16:36:52; 16:41:40-16:45:35). წინასასამართლო სხდომაზე მოცემული ვიდეოჩანაწერი დაუშვებლად იქნა ცნობილი (იხ.: გორის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 16 მაისის წინასასამართლო სხდომის ამონაწერი (ტ.3, ს.ფ. 130-133)). შესაბამისად, ც. ც–ის მიერ მისთვის მსჯავრადშერაცხილი დანაშაულის ჩადენის საკითხის განხილვისას, სასამართლო არ იყენებს აღნიშნულ ექსპერტიზის დასკვნას.
22. გასაჩივრებული განაჩენით, ც. ც–ისათვის დამატებით სასჯელად სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევის საფუძვლად, თბილისის სააპელაციო სასამართლო უთითებს საქართველოს სსკ-ის 43-ე მუხლზე. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ ვინაიდან საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-4 ნაწილი დამატებითი სასჯელის სახით ითვალისწინებს თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევას, დამატებით საქართველოს სსკ-ის 43-ე მუხლზე მითითება არასწორია (იხ.: მაგალითად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2024 წლის 18 მარტის N1106აპ-23 განჩინება).
23. დღეის მდგომარეობით, ც. ც–ეს დამატებითი სასჯელი - სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევა - 6 თვით - სრულად აქვს მოხდილი, რის გამოც სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას უკვე მოხდილ სასჯელზე გაავრცელოს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მოქმედება (იხ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს შემდეგი განაჩენები: 2024 წლის 4 დეკემბრის N1218აპ-24; 2024 წლის 23 ოქტომბრის N1022აპ-24; 2024 წლის 21 ნოემბრის N1331-24).
24. სასამართლო აქტის დასაბუთების ვალდებულება არ მოითხოვს მომჩივნების მიერ წარმოდგენილ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no. 36755/06, par. 31, ECtHR,11/11/2011). სამართალწარმოების მხარეები უნდა ელოდნენ კონკრეტულ და მკაფიო პასუხებს იმ არგუმენტებზე, რომლებიც გადამწყვეტია სამართალწარმოების შედეგებისთვის (იხ. Lobzhanidze and Peradze v. Georgia, no. 21447/11, no35839/11, paras. 65, 66; ECtHR, 27/02/2020).
25. „როდესაც სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, par.175, ECtHR, 14/05/2020).
26. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 26 სექტემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ ც. ც–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის ვ. კ–ის საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი
ლ. თევზაძე