საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 25.05.2026
საქმის ნომერი
2კ-1113აპ.-25
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
25.05.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 210100124010033514

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №1113აპ-25 ქ. თბილისი

ი. ხ. 1113აპ-25 25 მაისი, 2026 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),მამუკა ვასაძე, ლევან თევზაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 14 ნოემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ ხ. ი–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის ა. ტ–ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით: ხ. ი–ს, – პირადი ნომერი: ............, – ბრალად ედებოდა:

1.1. ნარკოტიკული საშუალების უკანონო შენახვა, – დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსკ-ის) 260-ე მუხლის პირველი ნაწილით.

1.1.1. ხ. ი–ის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

2024 წლის 14 ნოემბერს, დღის საათებში, ს–ს რაიონის სოფელ ს–ში, ე.წ. „მ–ის“ დასახლებაში ქვეითად გადაადგილების დროს ხ. ი–ი პირადად უკანონოდ ინახავდა მის მიერ შპს „გ და გ“-ს თ–ს სერვის ცენტრში კანონიერად მიღებული ნარკოტიკული საშუალება „ბუპრენორფინის“ ნაწილს, კერძოდ, 0,00824 გრამ ნარკოტიკულ საშუალება „ბუპრენორფინს“, რომელიც ამოღებულ იქნა შსს ს–ს რაიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ ჩატარებული ხ. ი–ის პირადი ჩხრეკის შედეგად.

1.2. განზრახი დანაშაულის ჩადენისათვის ნასამართლევი პირის მიერ ცივი იარაღის ტარება, – დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილით.

1.2.1. ხ. ი–ის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

2024 წლის 14 ნოემბერს, საღამოს საათებში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 25 მაისის განაჩენით განზრახი დანაშაულისთვის ნასამართლევი ხ. ი–ი, ს–ს რაიონის სოფელ ს–ში, ე.წ. “მ–ს“ დასახლებაში, ქვეითად გადაადგილებისას, პირადად ატარებდა ქარხნული წესით დამზადებულ, ცივ იარაღთა კატეგორიას მიკუთვნებულ, მჩხვლეტავ-მჭრელ საკეც დანას, რომელიც ამოღებულ იქნა შსს ს–ს რაიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ ხ. ი–ის პირადი ჩხრეკისას.

1.3. ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი იმის მიერ, ვინც ორჯერ ან მეტჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის, – დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით.

1.3.1. ხ. ი–ის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

2024 წლის 10 აგვისტოს, საღამოს საათებში, სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისთვის ორჯერ ნასამართლევი ხ. ი–ი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა ს–ს რაიონის სოფელ ს–ში გაყვანილ სს „ს–ს“ კუთვნილ სატელეფონო კაბელებს, რითაც დაზარალებულს მიადგა 1 945.9 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.

1.4. დიდი ოდენობით მარიხუანას უკანონო შეძენა, შენახვა, – დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის მე-4 ნაწილით.

1.4.1. ხ. ი–ის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

ს–ს რაიონის სოფელ ს–ში მდებარე საცხოვრებელ სახლში ხ. ი–ი უკანონოდ ინახავდა მის მიერვე უკანონოდ შეძენილ დიდი ოდენობით 74.16 გრამ ნარკოტიკულ საშუალება გამომშრალ მარიხუანას, რომელიც ამოიღეს მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად.

2. სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 14 აპრილის განაჩენით:

2.1. ხ. ი–ის მიმართ წარდგენილი ბრალდება, საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებზე;

2.2. ხ. ი–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 6 წლით თავისუფლების აღკვეთა;

2.3. ხ. ი–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – ჯარიმა 2 000 ლარი;

2.4. „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, მსჯავრდებულ ხ. ი–ს 10 წლით ჩამოერთვა – საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება; 5 წლით – საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, საჯარო სამსახურში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება და იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება; სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება;

2.5. ხ. ი–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა;

2.6. „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, მსჯავრდებულ ხ. ი–ს 10 წლით ჩამოერთვა – საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება; 5 წლით – საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, საჯარო სამსახურში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება და იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება; სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება;

2.7. ხ. ი–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა;

2.8. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილით დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას ხ. ი–ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში დანიშნულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ხ. ი–ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის მე-4 ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის დანიშნული ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ ხ. ი–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 6 წლით თავისუფლების აღკვეთა;

2.9. „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, მსჯავრდებულ ხ. ი–ს 10 წლით ჩამოერთვა – საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება; 5 წლით – საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, საჯარო სამსახურში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება და იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება და სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება;

2.10. საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილით, ხ. ი–ს სასჯელის მოხდის ვადად ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდის ვადა აეთვალა დაკავებიდან – 2025 წლის 18 თებერვლიდან.

3. სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 14 აპრილის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ. მსჯავრდებულ ხ. ი–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ა. ტ–მა მოითხოვა ხ. ი–ის უდანაშაულოდ ცნობა და გამართლება მსჯავრადშერაცხილ დანაშაულებში.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 14 ნოემბრის განაჩენით სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 14 აპრილის განაჩენი დარჩა უცვლელად.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 14 ნოემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ხ. ი–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ა. ტ–მა.

5.1. 2026 წლის 23 თებერვალს საქართველოს უზენაეს სასამართლოს განცხადებით მომართა მსჯავრდებულმა ხ. ი–მა.

5.2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსსკ-ის) 302-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი შეიტანება განაჩენის გამომტან სასამართლოში მისი გამოცხადებიდან 1 თვის ვადაში. საქართველოს სსსკ-ი არ ითვალისწინებს საკასაციო სასამართლოში დამატებითი მტკიცებულების წარმოდგენის შესაძლებლობას (იხ.: მაგალითისთვის, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2026 წლის 20 იანვრის N754აპ-25), ასევე არ ითვალისწინებს დამატებითი საკასაციო საჩივრის წარმოდგენის შესაძლებლობას სააპელაციო სასამართლოს განაჩენის საკასაციო გასაჩივრების ვადის გასვლის შემდგომ.

5.2.1. სასამართლო ითვალისწინებს, რომ ხ. ი–ის მიერ საქართველოს უზენაეს სასამართლოში განცხადება წარმოდგენილია 2026 წლის 23 თებერვალს, სააპელაციო სასამართლოს განაჩენის საკასაციო წესით გასაჩივრების ვადის გასვლის შემდეგ, რის გამოც სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას განიხილოს მოცემული განცხადების ფარგლებში მსჯავრდებულ ხ. ი–ის მიერ მითითებული საკითხები.

5.3. იმავდროულად, საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ ხ. ი–ი სამართალწარმოების ყველა ეტაპზე წარმოდგენილი იყო ადვოკატით. მოცემულ შემთხვევაშიც, ადვოკატმა ა. ტ–მა საქართველოს სსსკ-ის 302-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ ვადაში წარმოადგინა საკასაციო საჩივარი.

6. სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კასატორი დაასაბუთებს ამავე ნაწილით ამომწურავად განსაზღვრული, რომელიმე წინაპირობის/ების არსებობას. ამავე მუხლის მე-31 ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლოს ევალება, შეამოწმოს, დასაშვებია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილ მოთხოვნათა შესაბამისად და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საკასაციო საჩივარი აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, იგი ცნობილ უნდა იქნეს დასაშვებად (იხ.: მაგალითად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს შემდეგი განჩინებები: 2025 წლის 20 ნოემბრის N751აპ-25, 2025 წლის 12 ნოემბრის N737აპ-25, 2025 წლის 28 ივლისის N193აპ-25).

6.1. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

6.2. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია საქმე განიხილოს ზეპირი მოსმენის გარეშე.

7. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, par.30, ECtHR, 25/12/2001); ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ.Gorou v. Greece (No.2) no. 12686/03, paras. 37, 41, ECtHR, 20/03/2009).

8. საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში, კასატორი ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 14 ნოემბრის გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებას და ხ. ი–ის უდანაშაულოდ ცნობას.

8.1. საკასაციო სასამართლო, ერთი მხრივ, ითვალისწინებს, რომ კასატორმა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოთხოვნის მკაფიოდ ფორმულირებასთან ერთად უნდა დაასაბუთოს თავისი მოთხოვნა. ანალოგიურად, საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილიც საკასაციო საჩივრის დასაშვებობას უკავშირებს ამავე ნაწილში მითითებული საფუძვლების დასაბუთებას რაც გულისხმობს, რომ მკაფიოდ უნდა იყოს იდენტიფიცირებული საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში მითითებული რომელი საფუძვლით ასაჩივრებს და კონკრეტულად რითი ასაბუთებს კასატორი საკუთარ პოზიციას. ამდენად, კასატორმა უნდა განსაზღვროს არა მხოლოდ განაჩენის გასაჩივრების კონკრეტული საფუძველი, არამედ მკაფიოდ მიუთითოს ის არგუმენტებიც, რომლებიც ადასტურებენ კასატორის პოზიციას და შესაბამისად - გასაჩივრებული განაჩენის უკანონობას (იხ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2024 წლის 15 თებერვლის N933აპ-23 განჩინება).

8.2. მოცემულ შემთხვევაში, კასატორი ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 14 ნოემბრის გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებას და ხ. ი–ის უდანაშაულოდ ცნობას.

8.2.1. კასატორი უთითებს, რომ სისხლის სამართლის საქმეში არ არის წარმოდგენილი „ერთმანეთთან შეთანხმებული აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებათა ერთობლიობა“, რითაც დადასტურდებოდა, რომ ხ. ი–მა ჩაიდინა დანაშაული. სააპელაციო სასამართლომ უტყუარობის და რელევანტურობის თვალსაზრისით არ შეაფასა არსებითი განხილვის დროს გამოკვლეული მტკიცებულებები, დაეყრდნო დაზარალებულის და დაინტერესებული და მიკერძოებული მოწმეების, პოლიციის თანამშრომლების მიერ მიწოდებულ მხოლოდ ზოგად ინფორმაციას.

8.2.2. გასაჩივრებული განაჩენით ხ. ი–ი მსჯავრდებულია საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით, საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის მე-4 ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილით.

8.2.3. მიუხედავად იმისა, რომ კასატორი საკასაციო საჩივარში მოთხოვნის ნაწილში ითხოვს ხ. ი–ის სრულად გამართლებას, საჩივრის სამოტივაციო/დასაბუთების ნაწილში სადავოდ არ ხდის ხ. ი–ის საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებულ მსჯავრდებას. კასატორის მსჯელობა სრულად მიემართება ხ. ი–ისათვის საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ მსჯავრდებას. კერძოდ, კასატორის მტკიცებით, „ს–ის“ კაბელების ქურდობის ეპიზოდში ამოღებული ნივთმტკიცება – კაბელები – არ არის იდენტიფიცირებული არც ამოცნობით და არც შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნით ან რაიმე სხვა მოქმედებებით, როგორც „ს–ის“ კაბელები, ხოლო პირადი ჩხრეკის ამსახველი ვიდეოფირი სრულად არ ასახავს საგამოძიებო მოქმედების მიმდინარეობას.

8.2.4. კასატორი საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებულ მსჯავრდებაში ხ. ი–ის უდანაშაულოდ ცნობის შესახებ თავისი პოზიციის დასაბუთებისათვის არ უთითებს სისხლის სამართლის საქმეში არსებულ არც ერთ მტკიცებულებაზე, არც ერთ არგუმენტს. შესაბამისად ამ ნაწილში მოთხოვნა დაუსაბუთებელია.

9. სასამართლო ითვალისწინებს, რომ სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები (მათ შორის, მოწმეთა: გ. ჩ–ს, თ. ა–ს, შ. ყ–ს ჩვენებები, 2024 წლის 14 ნოემბრის პირადი ჩხრეკის ოქმი და საგამოძიებო მოქმედების ჩატარების ამსახველი ვიდეოჩანაწერი, 2024 წლის 15 ნოემბრის ქიმიური ექსპერტიზის N.......... დასკვნა, 2024 წლის 18 ნოემბრის N........ ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა და სხვა მტკიცებულებები) გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებენ ხ. ი–ის მიერ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენას.

10. დაუსაბუთებელია კასატორის პოზიცია, რომ ხ. ი–ის პირადი ჩხრეკის ამსახველი ვიდეოფირი სრულად არ ასახავს მსჯავრდებულთან ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებას.

10.1. 2024 წლის 14 ნოემბრის ხ. ი–ის პირადი ჩხრეკის ამსახველი ვიდეოჩანაწერით დგინდება, რომ პოლიციის თანამშრომლებს ჰყავთ შეჩერებული ხ. ი–ი, რომელიც განმარტავს, რომ პირადი მოხმარების მიზნით ქურთუკის მარცხენა ჯიბეში აქვს ნარკოტიკული საშუალება და იღებს თეთრი ფერის ქაღალდში შეხვეულ ნივთიერებას, ხოლო მარჯვენა ჯიბიდან – მინის ე.წ. ქილას, რომელშიც, მისივე განმარტებით, არის წყალში გახსნილი ნარკოტიკული საშუალება (ქიმიური ექსპერტიზის N.......... დასკვნით ხ. ი–ის მიერ წარმოდგენილი ნარკოტიკული საშუალებები შეიცავს 0.00824 გრამ ნარკოტიკული საშუალება „ბუპრენორფინს“), ხოლო გარეთა ქურთუკის მარჯვენა ჯიბიდან – დასაკეც დანას (რაც ტრასოლოგიური ექსპერტიზის N.......... დასკვნით მიეკუთვნება ცივ იარაღთა კატეგორიას). ხ. ი–ი განმარტავს, რომ ნარკოტიკული საშუალება აქვს პირადი მოხმარებისათვის, ხოლო დანას იყენებს თავად.

10.1.1. ვიდეოჩანაწერი სრულად ასახავს ხ. ი–ის მიერ წარმოდგენილი ნარკოტიკული საშუალებებისა და დანის კანონით დადგენილი წესით დალუქვასა და ხ. ი–ის მიერ შესაბამის პაკეტებზე ხელმოწერას.

10.1.2. არსებით სასამართლო სხდომაზე დაიკითხნენ ხ. ი–ის პირადი ჩხრეკის ჩამტარებელი პირები – გ. ჩ–ი, თ. ა–ი და შ. ყ–ი.

10.2. ქიმიური ექსპერტიზის დასკვნით დგინდება, რომ ექსპერტიზაზე წარდგენილი, ხ. ი–ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული და დალუქული, თეთრი ფერის ქაღალდში მოთავსებული მოთეთრო ფერის ფხვნილი დალუქული ლუქის ნომრით ......, ხოლო მინის ე.წ. სამედიცინო ქილა დალუქული ლუქის ნომრით ......, პაკეტების (ლუქის ნომრებით .......... და ........) მთლიანობა არ იყო დარღვეული (...... პაკეტში მოთავსებული მოთეთრო ფერის ნივთიერება შეიცავდა ნარკოტიკულ საშუალება „ბუპრენორფინს“, წონით – 0,00741 გრამს, ხოლო ......... პაკეტში მოთავსებული მინის ფლაკონში არსებული მოთეთრო ხსნარი, ნარკოტიკულ საშუალება „ბუპრენორფინს“, წონით – 0,00083 გრამს).

10.3. ანალოგიურად, დაილუქა ხ. ი–ის მიერ წარდგენილი დანა (ლუქის ნომრით ........). ტრასოლოგიური ექსპერტიზის N......... დასკვნით დასტურდება, რომ ექსპერტიზაზე წარდგენილი პაკეტის (ლუქის ნომრით .........) შეფუთვისა და დალუქვის მთლიანობა დარღვეული არ ყოფილა, ექსპერტიზაზე წარდგენილი საკეცი დანა დამზადებულია ქარხნული წესით, არის მჩხვლეტავ-მჭრელი და მიეკუთვნება ცივ იარაღთა კატეგორიას.

11. უსაფუძვლოა კასატორის მოთხოვნა ხ. ი–ის უდანაშაულოდ ცნობის შესახებ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, იმ გარემოებაზე მითითებით, რომ სისხლის სამართლის საქმეში არ არის წარმოდგენილი სს „ს–ს ის“ კუთვნილი სატელეფონო კაბელების ამოცნობის ოქმი, ვინაიდან სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები (მათ შორის: დაზარალებულის წარმომადგენლის გ. ბ–ს ჩვენება, მოწმეთა: ლ. ს–ს, ნ. გ–ს, გ. უ–ს, თ. მ–ს ჩვენებები, 2024 წლის 20 აგვისტოს პატაკი, 2024 წლის 20 აგვისტოს შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, 2024 წლის 20 აგვისტოს ამოღების ოქმი და სხვა მტკიცებულებები) გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებენ ხ. ი–ის მიერ მისთვის მსჯავრადშერაცხილი დანაშაულის ჩადენას.

11.1. დაზარალებულის წარმომადგენელმა გ. ბ–მა და მოწმე ლ. ს–მა დაადასტურეს 2024 წლის აგვისტოში სს „ს–ს ის“ 130 მეტრი სპილენძის კაბელის ქურდობის ფაქტი (რაც დასტურდება ასევე 2024 წლის 20 აგვისტოს შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით), რომლის ზიანმაც შეადგინა 1945,90 ლარი (იხ.: სს „ს–ს“ წერილი და კაბელის აღდგენის ხარჯთაღრიცხვა ტ.3, ს.ფ. 305-306).

11.2. მოწმე ნ. გ–მა დაადასტურა, რომ 2024 წლის 11 აგვისტოს მასთან მივიდა ხ. ი–ი და მიიტანა მუყაოს ყუთში მოთავსებული სპილენძი, „პროუდი“, რომელიც ჩააბარა 440-450 ლარად. ფერადი ლითონის ჩაბარებისას აწარმოებენ აღრიცხვის ჟურნალს, სადაც უთითებენ სახელს, გვარს, პირად ნომერს, მისამართს და აკეთებენ ხელმოწერას. მოცემული ჟურნალი ჩაბარებულ სპილენძის „პროუდებთან“ ერთად ამოიღეს საგამოძიებო ორგანოს წარმომადგენლებმა. შემდეგ ჟურნალიდან გადაიღეს ასლები, ჟურნალი კი ხელწერილით დაუტოვეს.

11.3. ფერადი ლითონის მიღება-ჩაბარების აღრიცხვის ჟურნალის თანახმად, ხ. ი–მა 2024 წლის 11 აგვისტოს ჩააბარა სპილენძის გამომწვარი „პროუდი“, 26 კგ.

11.4. იმავდროულად, სასამართლო ითვალისწინებს, რომ სისხლის სამართლის საქმეში არ არის წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება (პირდაპირი/გარემოებითი), რაც მიუთითებდა მოწმე ნ. გ–ის დაინტერესებაზე, მიკერძოებულ დამოკიდებულებაზე მსჯავრდებულის მიმართ, სასამართლოს მისცემდა მისი ჩვენების ან/და ფერადი ლითონების მიღება-ჩაბარების ჟურნალის ჩანაწერის არგაზიარების სამართლებრივ საფუძველს, დაადასტურებდა ამოღებული სპილენძის კაბელების ხ. ი–ის ან/და მისი ოჯახისადმი კუთვნილებას.

11.5. შესაბამისად, სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულია ხ. ი–ის მიერ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.

12. იმავდროულად, სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ საქმის არსებითი განხილვისას სასამართლოს გადაწყვეტილება გამოაქვს იმ მტკიცებულებების საფუძველზე, რომლებიც მოიპოვეს და წარმოადგინეს მხარეებმა. საქართველოს სსსკ-ის მე-9 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებისთანავე ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე და დაცვის მხარეს ენიჭება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით, როგორც წარმოდგენილი მტკიცებულების გამოკვლევის, ასევე მტკიცებულების დამოუკიდებლად ან სასამართლოს მეშვეობით მოპოვების და წარმოდგენის უფლება (იხ. უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 9 ივლისის განაჩენი N669აპ-20, II-56; უზენაესი სასამართლოს შემდეგი განჩინებები: 2021 წლის 8 იანვრის N951აპ-20; 2021 წლის 4 იანვრის N925აპ-20; 2020 წლის 17 ივლისის N30აპ-20). მხარეები წყვეტენ, რა მტკიცებულებებს და არგუმენტებს წარუდგენენ სასამართლოს და რა საკითხებზე იდავებენ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 29 სექტემბრის N3/1/608,609 გადაწყვეტილება საქართველოს უზენაესი სასამართლოს კონსტიტუციურ წარდგინებაზე, II-15).

12.1. მოცემულ შემთხვევაში სისხლის სამართლის საქმის მასალებით არ დგინდება, რომ დაცვის მხარეს არ მიეცა შესაძლებლობა/ხელი შეეშალა დაცვის უფლების განხორციელებაში, მათ შორის, მტკიცებულებების მოპოვებაში, სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებების გამოკვლევაში, დაცვის მხარის მიერ მოპოვებული მტკიცებულების პროცესის მწარმოებელი ორგანოსათვის წარდგენაში. აღნიშნულის მიუხედავად, დაცვის მხარის მიერ სამართალწარმოებისას არ იქნა წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება/დასაბუთებული არგუმენტი, რაც დაადასტურებდა/მიუთითებდა საკასაციო საჩივარში მითითებული პრეტენზიების/ პოზიციის საფუძვლიანობას და სასამართლოს მისცემდა საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების შესაძლებლობას.

13. „ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს შიდასახელმწიფოებრივ სასამართლოებს საკმარისი სიზუსტით აჩვენონ თავიანთი გადაწყვეტილებების მიზეზები (იხ. Taxquet v. Belgium [GC],no. 926/05, par. 91, ECtHR,16/11/2010, Nikolay Genov v. Bulgaria, no.7202/09, par. 27, ECtHR,13/07/2017). გადაწყვეტილების მიზეზების წარმოდგენის ვალდებულების მოცულობა განსხვავდება გადაწყვეტილების ბუნების მიხედვით და უნდა განისაზღვროს საქმის გარემოებებიდან გამომდინარე“ (Rostomashvili v. Georgia, no.13185/07, par. 55, ECtHR, 8/11/2018; იხ. Ruiz Torija v. Spain, no. 18390/91, par. 29, ECtHR, 9/12/1994; Moreira Ferreira v. Portugal (no. 2) [GC], no.19867/12, par. 84, ECtHR,11/07/2017).

14. „როდესაც საკასაციო სასამართლო დაუშვებლად ცნობს საქმეს სამართლებრივი საფუძვლების არარსებობის გამო, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები" (Kuparadze v. Georgia, no. 30743/09, par. 76, ECtHR, 21/09/2017; იხ. Jaczkó v. Hungary, no. 40109/03, par. 29, ECtHR 18/07/2006; ).

15. მოცემულ შემთხვევაში, არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის არც ერთი საფუძვლის არსებობა, რის გამოც, საკასაციო სასამართლო მოკლებულია საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.

16. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 და მე-6 ნაწილებით, საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ ხ. ი–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის ა. ტ–ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 14 ნოემბრის განაჩენზე;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: მ. ვასაძე

ლ. თევზაძე