საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 27.05.2026
საქმის ნომერი
2კ-14აპ.-26
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
27.05.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100122006498075

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №14აპ-26 ქ. თბილისი

კ. ზ. 14აპ-26 27 მაისი, 2026 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),მამუკა ვასაძე, ლევან თევზაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 21 ნოემბრის განაჩენზე თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ – სოფიო ბარაბაძისა და მსჯავრდებულ ზ. კ–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის – ვ. თ–ის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით: ზ. კ–ეს, – პირადი ნომერი …….., – ბრალად ედებოდა: განზრახ მკვლელობის მცდელობა, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ, – დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსკ-ის) 111,19,109-ე მუხლის ,,კ“ ქვეპუნქტით;

1.1. ზ. კ–ის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში: 2022 წლის 16 ოქტომბერს, ღამის საათებში, თ–ში, მ–ს ქუჩის N..-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ურთიერთშელაპარაკებისას, ზ. კ–ემ, ოჯახის წევრს – ძმას – ზ. კ–ეს, მკვლელობის განზრახვით, საყოფაცხოვრებო დანით მიაყენა გულმკერდის მარცხენა წინა ზედაპირის შემავალი ჭრილობა, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ზ. კ–ე სასწრაფო დახმარების ბრიგადის მიერ გადაყვანილი იქნა სამედიცინო დაწესებულებაში, სადაც აღმოჩენილი სამედიცინო დახმარების შედეგად მოხერხდა მისი სიცოცხლის შენარჩუნება.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 12 ივლისის განაჩენით ზ. კ–ის მიმართ ბრალად წარდგენილი ქმედება, გათვალისწინებული – საქართველოს სსკ-ის 111,19,109-ე მუხლის ,,კ“ ქვეპუნქტით გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 111,117-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტზე;

2.1. ზ. კ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,117-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 10 წლით;

2.2. ზ. კ–ეს სასჯელის ვადა აეთვალა დაკავების დღიდან – 2022 წლის 16 ოქტომბრიდან.

3. სასამართლომ დაადგინა, რომ: 2022 წლის 16 ოქტომბერს, ღამის საათებში, თ–ში, მ–ს ქუჩის N..-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ურთიერთშელაპარაკებისას, ზ. კ–ემ, ოჯახის წევრს – ძმას – ზ. კ–ეს, საყოფაცხოვრებო დანით, გულმკერდის მარცხენა წინა ზედაპირზე მიაყენა შემავალი ჭრილობა, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. აღნიშნული ქმედებით ზ. კ–ემ მიიღო სიცოცხლისთვის სახიფათო, ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება.

4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა, კერძოდ:

4.1. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის პროკურორმა სოფიო ბარაბაძემ მოითხოვა ზ. კ–ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 111,19,109-ე მუხლის ,,კ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და მისთვის სამართლიანი სასჯელის განსაზღვრა;

4.2. დაცვის მხარემ მოითხოვა მსჯავრდებულის უდანაშაულოდ ცნობა.

5. სააპელაციო სასამართლოში დაცვის მხარემ წარადგინა სსიპ ,,ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ ამბულატორიული სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის 2025 წლის 26 ივნისის №...... დასკვნა, რომლის თანახმად, ზ. კ–ეს აღენიშნება ფსიქიკის დროებითი აშლილობა – სხვა დაზუსტებული დისოციაციური (კონვერსიული) აშლილობანი – ისტერიული მუტიზმი (კოდი – .....; დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაციის მე-10 გადასინჯვის მიხედვით). ამჟამად ზ. კ–ე დაავადებულია იმგვარი ფსიქიკური ავადმყოფობით, რომელიც ხელს უშლის სასჯელის მოხდას სასჯელაღსრულების სისტემის პირობებში. ზ. კ–ე საჭიროებს არანებაყოფლობით სტაციონარულ ფსიქიატრიულ დახმარებას შპს „....... ცენტრის“ პირობებში (.........) გამოჯანმრთელებამდე, ან მისი ფსიქიკური მდგომარეობის მნიშვნელოვნად გაუმჯობესებამდე, რის შემდეგაც სასჯელის მოხდა შეიძლება გაგრძელდეს საერთო წესით (ტ. N5; ს.ფ. 219-229).

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 21 ნოემბრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 12 ივლისის განაჩენი დარჩა უცვლელად;

6.1. იმავდროულად, დადგინდა, რომ: ,,ზ. კ–ემ დანიშნული სასჯელი მოიხადოს ......... ცენტრში“ (.........) გამოჯანმრთელებამდე, რის შემდეგაც მსჯავრდებულის მიერ სასჯელის მოხდა გაგრძელდეს საერთო წესით”.

7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 21 ნოემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა, კერძოდ:

7.1. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის პროკურორი სოფიო ბარაბაძე ითხოვს ზ. კ–ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 111,19,109-ე მუხლის ,,კ“ ქვეპუნქტით და მისთვის სამართლიანი სასჯელის განსაზღვრას;

7.2. მსჯავრდებულ ზ. კ–ის ინტერესების დამცველი ადვოკატი – ვ. თ–ე ითხოვს ზ. კ–ის უდანაშაულოდ ცნობას.

8. შპს “..... ცენტრის“ გენერალური დირექტორის 2026 წლის 10 მარტის წერილის თანახმად, ექიმ-ფსიქიატრთა კომისიის 2026 წლის 10 მარტის N....... დასკვნით, ზ. კ–ის ფსიქიკური მდგომარეობა, ჩატარებული მკურნალობის შედეგად მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა. ამჟამინდელი ფსიქიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, მის მიმართ არანებაყოფლობითი სტაციონარული ფსიქიატრიული დახმარების კრიტერიუმი ამოწურულია, რის გამოც იგი არ საჭიროებს არანებაყოფლობით სტაციონარულ ფსიქიატრიულ დახმარებას შპს “..... ცენტრში“. საქართველოს სსსკ-ის, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსისა და ,,ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, მსჯავრდებული ზ. კ–ე 2026 წლის 10 მარტს გაეწერა შპს “..... ცენტრიდან“ და გადაყვანილი იქნა პენიტენციურ დაწესებულებაში სასჯელის საერთო წესით შემდგომი მოხდის მიზნებისათვის (იხ. ტ. N5).

9. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსსკ-ის) 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კასატორი დაასაბუთებს ამავე ნაწილით ამომწურავად განსაზღვრული, რომელიმე წინაპირობის/ების არსებობას. ამავე მუხლის მე-31 ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლოს ევალება, შეამოწმოს, დასაშვებია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილ მოთხოვნათა შესაბამისად და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საკასაციო საჩივარი აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, იგი ცნობილ უნდა იქნეს დასაშვებად (იხ.: მაგალითად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს შემდეგი განჩინებები: 2025 წლის 20 ნოემბრის N751აპ-25, 2025 წლის 12 ნოემბრის N737აპ-25, 2025 წლის 28 ივლისის N193აპ-25).

9.1. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

10. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-6 ნაწილით – საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია საქმე განიხილოს ზეპირი მოსმენის გარეშე.

11. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, par. 30, ECtHR, 25/12/2001); იმ გარემოებას, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no. 36755/06, par. 31, ECtHR,11/11/2011) და ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ. Gorou v. Greece (No.2) no. 12686/03, paras. 37,41, ECtHR, 20/03/2009).

12. საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში.

12.1. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა. კერძოდ, ბრალდების მხარე ითხოვს ზ. კ–ის დამნაშავედ ცნობას ბრალად წარდგენილი კვალიფიკაციით და სამართლიანი სასჯელის შეფარდებას, ხოლო დაცვის მხარე – მის უდანაშაულოდ ცნობას.

12.2. ამდენად, მხარეებს შორის დავის საგანია მიაყენა თუ არა ზ. კ–ემ გულმკერდის ზედაპირის შემავალი ჭრილობა ზ. კ–ეს, ხოლო აღნიშნულის დადასტურების შემთხვევაში, იგი მოქმედებდა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების თუ მკვლელობის განზრახვით.

13. სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების გათვალისწინებით სასამართლო მოკლებულია დაცვის მხარე კასატორის მოთხოვნის – ზ. კ–ის უდანაშაულოდ ცნობის – დაკმაყოფილების შესაძლებლობას.

13.1. სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, მათ შორის, მოწმეთა ჩვენებებით დგინდება, რომ ზ. კ–ის მიერ სადავო დაზიანების მიღების დროს ოთახში იმყოფებოდნენ მხოლოდ მსჯავრდებული და დაზარალებული.

13.2. იმავდროულად, ფარული საგამოძიებო მოქმედების – ფარული აუდიოჩაწერა – შედეგად (რომელიც განხორციელდა ,, მდებარე ზ. კ–სა და ვ. ზ–ს საცხოვრებელ სახლში, ზ. კ–ის და ვ. ზ–ას და მათთან სახლში მყოფი პირების მიმართ) მოპოვებული ჩანაწერებით დასტურდება, რომ ფარული საგამოძიებო მოქმედების მონაწილე პირები საუბრობენ 2022 წლის 16 ოქტომბერს მომხდარ მოვლენებთან დაკავშირებით. მოსაუბრეები ცდილობენ იპოვონ გამოსავალი, როგორ აარიდონ პასუხისმგებლობა მსჯავრდებულს, მათ შორის, სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში უკვე გამოკითხულ მოწმეს (რომელიც ასევე საუბრის მონაწილეა) ურჩევენ უკვე მიცემული ინფორმაციის მსჯავრდებულის სასარგებლოდ შეცვლას, კერძოდ, ეუბნებიან თქვას: ,,განერვიულებული ვიყავი, საიდან რას ვლაპარაკობდი ვერ ვხვდებოდი“, ,,დამიყვირეს კიდევაც“, იმავე მოწმეს მოსაუბრე ქალი ასევე ეუბნება: ,,უნდა უჩივლო ვიდეოს გამო, – შენი ვიდეოთი გადაღების უფლება არ ჰქონდათ, მე იცი რა გამიკეთეს? – დამსვეს და მეუბნება, მიხსნის მაგ ვიდეოს და რას მეუბნება იცი? ეს კაციო სხვა რამეს ამბობსო“ (.......... 12:50). დაზარალებული ურჩევს, ზეწოლის გამო იჩივლოს, რადგან ასაკიანი, პენსიონერი კაცი ღამის საათებში წაიყვანეს და თქვას – ,,რას მაწერინებდნენ მეც არ ვიცი“ (50:57). ასევე საუბრობენ მსჯავრდებისათვის მტკიცებულებების საჭიროებაზე, – ,,ვინ დაუდასტურებს?, თქვენ როგორ უნდა დაუდასტუროთ?, თქვენს გარდა ვერავინ დაუდასტურებს, თქვენ სამნი“ (14:25). ,,გიჟის საბუთი მოითხოვე“ (17:15; 21:30). მოსაუბრის შეთავაზებაზე, რომ მან, როგორც ძმამ, მოითხოვოს მსჯავრდებულის ფსიქიატრიული შემოწმება, პასუხობს: ,,ხო, მაგრამ ეგრე მაშინ დარტყმაც გამოდის, მე ვიძახი, რომ საერთოდ არ დაურტყამს, – მე წავიქეცი. მე, რომ ვთქვა ავადმყოფია და ისაა, მერე ავადმყოფია და ე.ი. დაგარტყა“ (22:55), ასევე განიხილავენ საკითხს, როგორ ახსნან მსჯავრდებულის მიერ შემთხვევის ადგილის დატოვების ფაქტი შიშით (23:15). განმარტავენ, რომ ,,მოსაკლავია, განა დასაჭერია“ (18:02). გარდა ამისა, დაზარალებული მოსაუბრეს მიმართავს: ,,განა ერთხელ, ბიჭო. უყურე ერთი, ერთხელ გამომიდგა, მომისმინე, ამას უყურე, ერთხელ გამომიდგა აქ ჩაარჭო, პირდაპირ, გამოატარა. რავი, გავექეცი. უყურე, აი, ესენი სუყველაფერი რაღაცას მირტყავდა თავში. გავექეცი“ (20:30). მომხდართან დაკავშირებით მამაკაცის შეკითხვაზე, რატომ ისხდნენ მას შემდეგ, რაც თავად დასაძინებლად წავიდა, დაზარალებული პასუხობს, რომ ალკოჰოლურ სასმელს სვამდა, როდესაც მასთან ერთად მყოფმა (მსჯავრდებულმა) უთხრა, არ დაელია, ვინაიდან მას ,,მარტოს უნდოდა დაელია“, აღნიშნულზე დაზარალებულმა ,,მივცხე თავში, რატო არ უნდა დავლიო“, რის შემდეგაც მსჯავრდებულმა ,,არ აიღო“ (29:21), უცებ, მოულოდნელად ,,ჩამარჭო ამ ..., კიდევ კაი გულში არ მომხვდა, მომკლავდა და კანონთან დაასრულებდა ცხოვრებას, იქ მოკვდებოდა ისიც, ახლა რამე უშველეთ“, რაზეც მეორე მამაკაცი პასუხობს: ,,ვუშველით, გამოვიყვანთ“ (37:05). სასჯელის ზომაზე საუბრისას, მოსაუბრე მამაკაცი ამბობს: ,,ი–მ მითხრა, შენ თავზე აიღეო“, რაზეც დაზარალებული პასუხობს: ,,რა შენს თავზე აიღეო კაცო, მე ვიძახი თვითონა და თქვენც მაგას დამეთანხმებით, რომ მე თვითონ დავეცი ... მოსამართლესაც ვეუბნები და იმათაც“ (49:59). ჯანმრთელობის მდგომარეობასთან/მკურნალობასთან დაკავშირებით, სატელეფონო (როგორც ჩანაწერიდან ირკვევა, ,,........-ის“ ზარით) საუბრისას დაზარალებული (მოსაუბრე მას მიმართავს სახელით – ზ.) მოსაუბრეს უყვება, რომ კლინიკიდან არ უშვებდნენ, თუმცა ,,ესეთი ამბავის“ გამო ,,ძალათი“ წამოვიდა, მიუხედავად იმისა, რომ გააფრთხილეს სიცოცხლის მოსპობის რისკების შესახებ (.......... .mp3 – 05:10; 06:40). საუბარში ერთვება ჯერ ქალი: ,,ჩუმად დაარტყა“, შემდეგ მამაკაცი (ზ–ი): ,,ნუ ლაპარაკობთ მაინც ტელეფონზე, ისმენენ, ახლა ყველაფერს უსმენენ“, რაზეც ქალი პასუხობს: ,,ჩემ ტელეფონებს ვერანაირად ვერ მოუსმენენ ეგენი რა, ,,.........-ით“ არავის არავინ არ უსმენს, ზაურა ძია, მე არ ვიცი“ (04:25; ......... .mp3 –11:40). დაზარალებული განმარტავს: ,,ოდნავ რაღაცა და აქეთ მომხვედროდა, ხომ მკლავდა“, რაზეც მამაკაცი პასუხობს: ,,ძვალმა დაიჭირა“ (37:45). გარდა ამისა ტელეფონზე საუბრობს ორი ქალი, ერთი (რომელიც საუბრისას თანამოსაუბრეს მიმართავს სახელით – ვ–ო) ეუბნება მეორეს: ,,ჰო, მაგრამ რაც არ უნდა იყოს, ხომ არ ჩასვამს თავის ძმას, რაც არ უნდა ბოროტი იყოს, რაც არ უნდა ის იყოს” რაზეც მეორე პასუხობს: ,,ჰო, არ უნდა ჩასვას და იმანაც არ უნდა გაიმეტოს, რომ მოკვდეს ეს” (......... .mp3 – 21:14). თანამოსაუბრის ნათქვამზე: ,,ვ–, ახლა მაგას რომ უნდოდეს/ნდომოდა ზ–ს მოკვლა, დამიჯერე იმ დანას ბოლომდე შეურჭობდა. იმაზე არ გაჩერდებოდა”, რაზეც თანამოსაუბრე პასუხობს: ,,მომისმინე, რომ ჩაარჭო ამას დანა, ძვალზე შეხვდა და ძალა ვეღარ იმასა ქნა, დაატანა, ძვალი ვერ გახლიჩა, გაიგე, იმიტომ შეჩერდა” (21:41). იმავე დიალოგში მამაკაცი ჰყვება ადვოკატისგან მიღებულ ინფორმაციას, რომ თავად მსჯავრდებული არ ადასტურებს ძმის დაჭრას და განმარტავს, რომ დაზარალებულმა დაზიანება შემთხვევით – წაქცევისას – მიიღო. აღნიშნულ საუბარში ერთვება მოსაუბრე ქალი (რომელსაც მიმართავენ სახელით – ვ–) და მამაკაცს ეუბნება: ,,სანამ სასწრაფო მოვიდა, შენ რომ იძახდი, რომ მე ვიტყვიო, რომ წავიქეციო, ეტყობა, ზურამ გაიგო ეგ სიტყვები, ახლოს იყო სადღაც ეტყობა ... შენ, რომ სასწრაფომ წაგიყვანა, მაშინ წავიდა ეგეც, ეტყობა“ (18:37).

13.3. ამდენად, ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული აუდიოჩანაწერი ადასტურებს, რომ დაზარალებულმა და სისხლის სამართლის საქმეზე მოწმის სახით დაკითხულმა მოწმეებმა ერთმანეთთან და სხვა პირებთან წინასწარ ისაუბრეს/შეათანხმეს/დაგეგმეს არამხოლოდ ის, თუ რა შინაარსის ჩვენებები უნდა მიეცათ სასამართლოში, რათა მსჯავრდებულისათვის პასუხისმგებლობა აერიდებინათ, არამედ, ისიც, რომ ფარული საგამოძიებო მოქმედების დაწყებამდე, გამოკითხვისას დაფიქსირებული გარკვეული (მნიშვნელოვანი) ინფორმაცია სასამართლოში ჩვენების მიცემისას შეეცვალათ იმგვარად, რომ თავიდან აეცილებინათ, როგორც მსჯავრდებულის, ისე საკუთარი პასუხისმგებლობა.

14. საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ექსპერტიზის სამმართველოს 2022 წლის 1 დეკემბრის N..... დასკვნის თანახმად:

14.1. ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარმოდგენილ აუდიოგრამებსა და ვიდეოგრამაში არსებულ აუდიონაწილს მონტაჟის ნიშნები არ აღენიშნება;

14.2. ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარმოდგენილ სადავო ჩანაწერებში (ფაილი: ..........-20:30 სთ-დან 21:10 სთ-მდე; ფაილი: ........... -37:00 სთ-დან 38:25 სთ-მდე; ფაილი: ........-20:00 სთ-დან 25:55 სთ მდე; ფაილი: 002-part-1_19.10.2022_ 12.24.18-54:30 სთ-დან 56:00 სთ-მდე)“ მოსაუბრე დიქტორი მამაკაცის ხმა და ეტალონურ ფონოგრამაში (საგამოძიებო ექსპერიმენტის ვიდეოჩანაწერი) მოსაუბრე ზ. კ–ის ხმა ერთმანეთის იდენტურია.

15. ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული აუდიოჩანაწერების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს, როგორც დაცვის მხარის პოზიციას, ისე – დაზარალებულის გამოკითხვის ოქმს (რომელიც, საქართველოს სსსკ-ის 243-ე მუხლის საფუძველზე, მისი გარდაცვალების – ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად – გამო სასამართლო სხდომაზე გამოქვეყნდა) და მსჯავრდებულის ოჯახის წევრების – ზ. კ–ისა და ვ. ზ–ას – ჩვენებებს, იმის თაობაზე, რომ დაზარალებულს დაზიანება – გულმკერდის მარცხენა წინა ზედაპირის შემავალი ჭრილობა – მსჯავრდებულმა არ მიაყენა და იგი დაზარალებულმა შემთხვევით თავად მიიყენა (აუცურდა ფეხი და დაეცა დანაზე, რომელიც შეერჭო გულმკერდის არეში).

15.1. ფარული საგამოძიებო მოქმედების ფარგლებში მოპოვებული აუდიოჩანაწერების შინაარსის გათვალისწინებით არადამაჯერებელია დაზარალებულისა და აღნიშნული მოწმეების განმარტებები, თითქოს, დაზარალებულისათვის სადავო დაზიანება მსჯავრდებულს არ მიუყენებია.

15.2. საკასაციო სასამართლო, ერთი მხრივ, ითვალისწინებს საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის 24-ე ნაწილს (მოწმის ჩვენება არის – მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ), ხოლო, მეორე მხრივ, საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის დანაწესს (მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით. მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა) და იმ გარემოებას, რომ მოწმეების – ზ. კ–ისა და ვ. ზ–ას სასამართლოში (დაზარალებულ ზ. კ–ე სასამართლო სხდომაზე ვერ დაიკითხა (გარდაიცვალა)) შეცვლილი ჩვენებები (ზ. კ–ის და ვ. ზ–ას გამოკითხვისას მიწოდებული ინფორმაცია შეესაბამება ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებულ აუდიოჩანაწერებს, კერძოდ, ადასტურებდნენ, რომ შემთხვევის დროს შემთხვევის ადგილზე შესვლისას დაზარალებული იგინებოდა მსჯავრდებულის მისამართით და ამბობდა, რომ მსჯავრდებულმა დაარტყა დანა, რაც სასამართლო სხდომაზე აღარ დაადასტურეს) არ შეესაბამება ისეთ უტყუარ მტკიცებულებას, როგორიცაა აუდიოჩანაწერი, – რომელთან დაკავშირებითაც, საკასაციო სასმართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ ,,თავისუფალ გარემოში ფორმირებული ამ ტიპის მტკიცებულებები, როდესაც ჩანაწერების ფიგურანტები მოქმედებენ თავისუფალი ნებით, ყოველგვარი ზემოქმედებისა და მოსალოდნელი პასუხისმგებლობის საფრთხის გარეშე, სანდოობის კუთხით შეფასებისას, უპირობოდ მნიშვნელოვანია” (იხ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2025 წლის 10 მარტის №965აპ-24, 2024 წლის 10 ივნისის №109აპ-24, 2024 წლის 22 იანვრის №893აპ-23 განჩინებები).

15.3. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მტკიცებას ზ. კ–ის უდანაშაულობის შესახებ, იმაზე მითითებით, რომ მოწმეები, რომლებიც შემთხვევის მომენტში იმყოფებოდნენ იმავე სახლში, სასამართლოში შეცვლილ ჩვენებაში გარკვეულ ფაქტებს აღარ ადასტურებენ და ეთანხმება გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას, რომ ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებებით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, დასტურდება ზ. კ–ის მიერ ოჯახის წევრის – ძმა – ზ. კ–ისათვის დანით გულმკერდის მარცხენა წინა ზედაპირის შემავალი ჭრილობის მიყენება.

16. სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ით გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისთვის განსაზღვრული გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი არ გულისხმობს მტკიცებულებათა მხოლოდ რაოდენობრივ მახასიათებელს (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 27 ოქტომბრის N400აპ-21 განჩინება).

16.1. მოქმედი კანონმდებლობა არ განსაზღვრავს, რომელი სახის და რა რაოდენობის მტკიცებულებების არსებობის შემთხვევაში, დაიშვება გამამტყუნებელი განაჩენის დადგენა, მით უფრო, არ ადგენს, რომ გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ პირდაპირი სახის გამამტყუნებელ მტკიცებულებებს (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2022წლის 21 ივლისის N594აპ-22 განჩინება).

16.2. შესაბამისად, საკითხი იმის შესახებ, თუ რა სახის და რაოდენობის მამხილებელი მტკიცებულების ერთობლიობაა საკმარისი გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად, წყდება, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, საქმის ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით.

17. დაცვის მხარის პრეტენზიასთან დაკავშირებით, რომ ,,სასამართლომ მოიწვია და დაკითხა“ მხოლოდ ერთი ექსპერტი – კ. ც–ი (არ დაკითხა სხვა ექსპერტები), საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ:

17.1. შეჯიბრებით სამართალწარმოებაში (საქართველოს სსსკ-ის მე-9 მუხლი) მტკიცებულებათა მოპოვება და წარდგენა მხარეების კომპეტენციაა (საქართველოს სსსკ-ის 25-ე მუხლი), მხარე თავად განსაზღვრავს იმ მტკიცებულებათა წრეს, რომელთა წარდგენაც სასამართლოში საკუთარი პოზიციის დასასაბუთებლად მიაჩნია საჭიროდ (საქართველოს სსსკ-ის 83-ე მუხლი), შესაბამისად, სასამართლო დამოუკიდებლად არ ახდენს მოწმეთა მოწვევას, როგორც ამას უთითებს კასატორი;

17.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 11 ივლისის სასამართლო სხდომაზე პროკურორმა სოფიო ბარაბაძემ იშუამდგომლა დამატებითი მტკიცებულების სახით სსიპ ,,ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ სამედიცინო ექსპერტიზის 2023 წლის 6 ივლისის №.......... დასკვნის დართვისა და მისი ჩამტარებელი ექსპერტების: კ. ც–ს, ე. ჩ–სა და გ. ლ–ს დასაკითხ პირთა სიაში დამატების თაობაზე, რაც სასამართლომ დააკმაყოფილა. დაცვის მხარემ, კერძოდ, ადვოკატმა ა. შ–მა განმარტა, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებების დაუშვებლობაზე შუამდგომლობა არ აქვს და მიიჩნევს სადავოდ. იმავდროულად, არ დაუყენებია შუამდგომლობა აღნიშნული მოწმეების დაცვის მხარის დასაკითხ პირთა სიაში შეყვანის/დამატების თაობაზე. იმავე სასამართლო სხდომაზე დაკითხა ექსპერტი კ. ც–ი. იმავდროულად, პროკურორმა სოფიო ბარაბაძემ ბრალდების მხარის დასაკითხ პირთა სიიდან მოხსნა მოწმეები – ე. ჩ–ი და გ. ლ–ი (11:34:48; ტ. N3; ს.ფ. 171-178), შესაბამისად, სასამართლოში არ დაიკითხნენ აღნიშნული მოწმეები.

17.3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 10 აპრილის სასამართლო სხდომაზე მოსამართლის შეთავაზებაზე მხარეებმა წარმოადგინონ ახალი მტკიცებულებების თაობაზე შუამდგომლობა, მსჯავრდებულის ადვოკატმა ვ. თ–მ განმარტა, რომ მას აქვს ორი შუამდგომლობა: ერთი, რომელიც შეეხება მსჯავრდებულის მიმართ სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის დანიშვნას (რომელთან დაკავშირებითაც შუამდგომლობა წერილობით აქვს წარმოდგენილი) და მეორე, რომელიც, მიმდინარე სასამართლო სხდომაზე არ წარმოუდგენია (,,არ ჩამიბარებია“), თუმცა შეეხება მსჯავრდებულ ზ. კ–ის ძმის მიმართ ახალი კომისიური სამედიცინო ექსპერტიზის დანიშვნას, ვინაიდან დაზარალებულს ორჯერ ჩაუტარდა სამედიცინო ექსპერტიზა. პირველი ექსპერტიზით ვერ დადგინდა დაზარალებულის დაზიანების ხარისხი, ხოლო მეორედ ჩატარებული კომისიური სამედიცინო ექსპერტიზის კვლევაში ექსპერტებად მიიწვიეს სპეციალისტები – ბიოლოგები (და არა – კვალიფიციური ექსპერტები), რომლებმაც დაასკვნეს, რომ დაზარალებულის დაზიანება მიეკუთვნებოდა სხეულის დაზიანებათა მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისათვის სახიფათოს, რაც იმ პირობებში, როცა დაზარალებული კლინიკიდან გაეწერა მეორე დღეს და გავიდა სამსახურში, იწვევს ეჭვეს, რის გამოც დაცვის მხარეს საჭიროდ მიაჩნია ახალი კომისიური სამედიცინო ექსპერტიზის დანიშვნა (13:28:55). მხარეები და სასამართლო შეთანხმდნენ, რომ შუამდგომლობასთან დაკავშირებით იმსჯელებდნენ შემდეგ სხდომაზე (13:31:17);

17.3.1. შემდეგ – 2024 წლის 1 მაისის – სასამართლო სხდომაზე განიხილეს მხოლოდ მსჯავრდებულის მიმართ სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის დანიშვნას თაობაზე დაცვის მხარის შუამდგომლობა, რის შედეგაც მოსამართლემ განმარტა, რომ თუ მხარეებს სხვა შუამდგომლობა არ ჰქონდათ სასამართლო სხდომას გადადებდა, თუმცა შუამდგომლობის არსებობის შემთხვევაში, მხარეებს მიეცემოდათ შესაძლებლობა, შემდეგ სასამართლო სხდომაზე განეხილათ აღნიშნული (13:28:55);

17.3.2. შემდეგ – 2025 წლის 21 იანვრის, 25 თებერვალის, 30 ოქტომბრის – სასამართლო სხდომებზე ადვოკატის შუამდგომლობ/ები კვლავ მიემართებოდა მსჯავრდებულის მიმართ სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის დანიშვნას, მის საექსპერტო დაწესებულებაში მოთავსებას და სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნის სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულებად დართვას. 2025 წლის 30 ოქტომბერს სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზასთან დაკავშირებული საკითხების განხილვის შემდეგ, სასამართლო გადავიდა შესავალი სიტყვის ეტაპზე (14:27:55), ხოლო შემდეგ – 2025 წლის 21 ნოემბრის – სასამართლო სხდომაზე, მას შემდეგ რაც დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი ახალი ექსპერტიზის დასკვნის ფარგლებში დაიკითხა ფსიქიატრიული ექსპერტიზის დეპარტამენტის ექსპერტი – ქ. შ–ე, სასამართლო გადავიდა დასკვნითი სიტყვის ეტაპზე.

17.3.3. სასამართლო ითვალისწინებს, რომ დაცვის მხარეს საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის შესაბამისად, არ დაუყენებია შუამდგომლობა სსიპ ,,ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ სამედიცინო ექსპერტიზის 2023 წლის 6 ივლისის №......... დასკვნის ჩამტარებელი ექსპერტების დაკითხვის თაობაზე.

17.4. სსიპ ,,ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ სამედიცინო ექსპერტიზის 2023 წლის 6 ივლისის №....... დასკვნის თანახმად:

– ,,„.........ჰოსპიტალი თ–ს“ სტაციონარული პაციენტის №........... სამედიცინო ბარათისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის თანახმად, ზ. კ–ემ აღნიშნულ კლინიკას მიმართა 2022 წლის 16 ოქტომბერს, 01:06 სთ. (გაეწერა: 17.10.2022წ. 12:00სთ), სადაც დაესვა დიაგნოზი: გულმკერდის წინა კედლის ღია ჭრილობა, ტრავმული ჰემოთორაქსი. (ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობაში მითითებულია დიაგნოზი: გულმკერდის წინა კედლის ღია ჭრილობა. გულმკერდის მარჯვენა ნახევრის ღია ჭრილობა-შემავალი პლევრის ღრუში, მარჯვენამხრივი ტრავმული ჰემოთორაქსი);

– სამედიცინო დოკუმენტაციის თანახმად, გულმკერდის მარჯვენა ნახევარში, პარასტერნალურ ხაზზე, მე-4 ნეკნის პროექციაზე აღინიშნება განივი ჭრილობა, სწორი კიდეებით, შეხებისას სისხლმდენი, ზომით 2X0,5სმ-ზე. ჭრილობა გაფართოვდა 4სმ-მდე. არხი მიემართება გარედან შიგნით, წინიდან უკანა მიმართულებით და ვრცელდება ნეკნთაშუა სივრცისკენ.

– ექსპერტიზის №......... დასკვნის (02.11.2022-27.04.2023წ. ს.ს. ექსპერტი, კ. ც–ი) თანახმად, გამოძიების მიერ წარმოდგენილი მოქ. ზ. კ–ის კომპიუტერული ტომოგრაფიის ელექტრონული ჩანაწერი შესწავლილი იქნა სამედიცინო კორპორაცია „ე–ს“ დიაგნოსტიკური ცენტრის რადიოლოგიური ჯგუფის ხელმძღვანელ ნ. ს–ს მიერ, რომლის დასკვნითაც: განხილულ კ.ტ. კვლევის „DICOM“ ვერსიაზე (კ–ე ზ. 38 წ. - 16.10.2022) არსებულ გამოსახულებებზე ფიქსირდება დამუშავებული ჭრილობა მარჯვნივ პარასტერნალურ ხაზზე მე-3 ნეკნის დონეზე. ჭრილობის მიმართულება სტერნალური შესახრებისკენ, პლევრის ღრუში შემავლობის დადგენა კ.ტ. მონაცემებით ვერ ხერხდება. მარჯვენამხრივი ჰემოთორაქსი“;

– ექსპერტიზაზე წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტაცია შეისწავლა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ექსპერტმა თორაკოქირურგიაში, თსუ-ს პროფესორმა, გ. ლ–მა, რომლის მიერ მოწოდებული საკონსულტაციო დასკვნით, ისტორიის შესწავლის საფუძველზე რადიოლოგიური და ულტრასონოგრაფიული მონაცემებით (პლევრის ღრუში გამონაჟონი, მისი ხასიათი და დინამიკაში მცირედი მატება) ჭრილობა იყო პლევრის ღრუში შემავალი.

– გამომდინარე ზემოაღნიშნულიდან, დაზიანება განვითარებულია რაიმე მჩხვლეტავ-მჭრელი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისათვის სახიფათოს. დაზიანების განვითარება ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს“.

17.5. კასატორი ითხოვს სსიპ ,,ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ სამედიცინო ექსპერტიზის 2023 წლის 6 ივლისის №......... დასკვნის არ გაზიარებას, ვინაიდან პაციენტი ყოველგვარი ქირურგიული ჩარევის გამო მეორე დღეს გაეწერა კლინიკიდან.

17.5.1. სასამართლო ითვალისწინებს, რომ სსიპ ,,ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ სამედიცინო ექსპერტიზის 2023 წლის 6 ივლისის №.......... დასკვნა დაადასტურა ექსპერტმა კ. ც–მა და დამატებით განმარტა, რომ მის მიერ 2022 წლის 27 აპრილს გაცემული სამედიცინო ექსპერტიზის N......... დასკვნით ვერ დადგინდა სხეულის დაზიანების ხარისხი იქედან გამომდინარე, რომ ჭრილობის პლევრის ღრუში შემავლობის საკითხი ვერ გადაწყდა და საჭირო გახდა კვლევაში სათანადო დარგის სპეციალისტის მონაწილეობა (11:42:32). შესაბამისად, მოგვიანებით დაინიშნა ექსპერტიზა მოწვეული სპეციალისტების მონაწილეობით. აღნიშნულ საექსპერტო კვლევაში მონაწილეობა მიიღო მან – კ. ც–მა, სასამართლო სამედიცინო ექსპერტმა – ე. ჩ–მა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტორს ექსპერტმა თორაკოქირურგიაში – გ. ლ–მა. მათი, საერთო, შეჯერებული მოსაზრების საფუძველზე, გაცემული სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ზ. კ–ის ჭრილობა მიეკუთვნებოდა სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხს, – ამასთან, რომელიმე ექსპერტს თუ ექნებოდა განსხვავებული მოსაზრება, დასკვნაში აისახებოდა დამოუკიდებლად, შესაბამისი ექსპერტის ცალკე ხელმოწერით (11:50:46).

18. ზ. კ–ის ბრალადწარდგენილი – საქართველოს სსკ-ის 111,19,109-ე მუხლის ,,კ“ ქვეპუნქტით – კვალიფიკაციით მსჯავრდების შესახებ ბრალდების მხარე კასატორის მოთხოვნასთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებულ განაჩენში მიუთითა იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე, რომლებმაც ზ. კ–ის საქართველოს სსკ-ის 111,117-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით მსჯავრდება და შესაბამისი სასჯელი განაპირობა.

18.1. სასამართლო ითვალისწინებს, რომ სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, ვერ დასტურდება 2023 წლის 6 ივლისის სამედიცინო ექსპერტიზის №........... დასკვნით დადგენილი ზ. კ–ის დაზიანების – გულმკერდის მარჯვენა ნახევარში მიყენებული დაზიანება, ზომით: 2X0,5 სმ.-ზე – მიყენებისას მსჯავრდებულს ჰქონდა დაზარალებულის სიცოცხლის მოსპობის განზრახვა ან/და რეალურად არ ჰქონდა მისთვის დამატებითი დაზიანებების მიყენების შესაძლებლობა, იქამდე, ვიდრე ოთახში, სადაც დაზარალებულმა დაზიანება მიიღო ხმაურზე შევიდოდნენ სახლში მყოფი ოჯახის სხვა წევრები. კერძოდ, სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებით, ვერ დასტურდება, ჰქონდა თუ არა მსჯავრდებულს დამატებითი დაზიანების მიყენების შესაძლებლობა, – ხელისშემშლელი გარემოებების არარსებობის პირობებში თავად შემოიფარგლა მიყენებული დაზიანებით თუ სიცოცხლის მოსპობის განზრახვის პირობებში, ობიექტურად არ მიეცა აღნიშნულის შესაძლებლობა. ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებებით იკვეთება, რომ მსჯავრდებულის მხრიდან დაზარალებულის მიმართ ძალადობა არ იყო პირველი შემთხვევა, აღნიშნული თავისთავად ვერ ადასტურებს დაზარალებულის სიცოცხლის მოსპობის განზრახვის არსებობას და, ამავე დროს, არ გამორიცხავს, რომ მსჯავრდებულის განზრახვა (ყოველჯერზე, ასეთის არსებობის შემთხვევაში) მიმართული იყო მხოლოდ დაზარალებულის ჯანმრთელობის დაზიანებისკენ.

18.2. იმავდროულად, მოცემულ შემთხვევაში, სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი არცერთი მტკიცებულებით, მათ შორის, ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებებით, არ დასტურდება ზ. კ–ის მიერ ზ. კ–ის სიცოცხლის მოსპობის განზრახვა.

18.3. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის იმპერატიული დანაწესის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს და ყოველგვარი ეჭვი, რომელიც კანონის შესაბამისად ვერ დადასტურდება, ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს. სასამართლო ასევე ითვალისწინებს საქართველოს სსსკ-ის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილს, საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის (არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი), საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილსა და 82-ე მუხლის მე-3 ნაწილს.

19. „ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში... დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-41-43). მტკიცებულებათა ერთობლიობა კი საქმეში უნდა არსებობდეს თითოეულ ეპიზოდთან/მაკვალიფიცირებელ გარემოებასთან მიმართებით (იხ. მაგ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2026 წლის 3 აპრილის №185აპ-26, 2026 წლის 4 მარტის №1036აპ-25 განჩინებები).

20. „საქართველოს უზენაესი სასამართლო, ქვედა ინსტანციების სასამართლოებისგან განსხვავებით, საქმეს მთლიანად არ იხილავს... მისი განხილვის ფარგლები შეზღუდულია კონკრეტული სამართლებრივი საკითხებით“ (იხ. Kuparadze v. Georgia, no. 30743/09, paras. 41, 76, ECtHR, 21/09/2017) და „როდესაც სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, par. 175, ECtHR, 14/05/2020).

21. მოცემულ შემთხვევაში, არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე საფუძველი, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

22. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4, მე-6 ნაწილებით, 306-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ – სოფიო ბარაბაძისა და მსჯავრდებულ ზ. კ–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის – ვ. თ–ის საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 21 ნოემბრის განაჩენზე;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: მ. ვასაძე

ლ. თევზაძე