საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 15.06.2026
საქმის ნომერი
2კ-1112აპ.-25
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
15.06.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100124009267021

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №1112აპ-25 თბილისი გ-ი ბ, 1112აპ-25 15 ივნისი, 2026 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, ნინო სანდოძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 24 ოქტომბრის განაჩენზე მსჯავრდებულ ბ. გ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 24 მარტის განაჩენით:

ბ. გ-ი, დაბადებული ... წლის ... მაისს, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა – 6 წლით, რაც, ,,ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, 1/6-ით შეუმცირდა და განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა – 5 წლით, რომელიც აეთვალა განაჩენის გამოტანის დღიდან – 2025 წლის 24 მარტიდან.

ე. ნ-ძე, დაბადებული ... წლის ... თებერვალს, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა – 6 წლით, რაც, ,,ამნისტიის შესახებ’’ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, 1/5-ით შეუმცირდა და განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა – 4 წლით, 9 თვითა და 18 დღით, რომელიც აეთვალა განაჩენის გამოტანის დღიდან – 2025 წლის 24 მარტიდან.

2. განაჩენის თანახმად, ბ. გ-სა და ე. ნ-ს მსჯავრად დაედოთ თაღლითობა, ესე იგი, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ და დიდი ოდენობით, – რაც გამოიხატა შემდეგით:

ბ. გ-მა და ე. ნ-მ განიზრახეს რა, რომ მოტყუებით, ჯგუფურად დაუფლებოდნენ თ. შ-ის კუთვნილ თანხას, აღნიშნულის აღსასრულებლად, მათ 2020 წლის ოქტომბერში ი-ის რესპუბლიკის მოქალაქის ე. ა-ის კუთვნილი ბინა (მდებარე: თ-ში, შ. ნ-ის ქუჩის N..-ში, ბ კორპუსში, ბინა N...-ში), ორი წლით მიაგირავეს თ. შ-ს, მესაკუთრის ინფორმირების გარეშე 21 421 ლარის სანაცვლოდ, სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების გაფორმების პირობით. ბ. გ-ი და ე. ნ-ძე მოქმედებდნენ რა დანაშაულებრივი განზრახვით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჯგუფურად, მოტყუებით დაეუფლნენ დაზარალებულის კუთვნილ 21 421 ლარს, არ შეასრულეს დანაპირები და არ გააფორმეს სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, თითქოსდა, მათ კუთვნილ დაგირავებულ ბინაზე, რითაც დაზარალებულს მიაყენეს დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 24 ოქტომბრის განაჩენით მსჯავრდებულების: ბ. გ-ისა და ე. ნ-ის ინტერესების დამცველი ადვოკატების სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 24 მარტის განაჩენი დარჩა უცვლელად.

4. კასატორი – მსჯავრდებული ბ. გ-ი – ითხოვს სააპელაციო სასამართლოს განაჩენის ცვლილებას, კერძოდ, კასატორი აღნიშნავს, რომ სასჯელის მოხდა მას დაეწყო განაჩენის მიღების დღიდან და არა აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობიდან. იგი ითხოვს მოცემული საკითხის ცვლილებას. აღნიშნავს, რომ სხვა ეპიზოდი მისი საქმიდან სპეციალურად გამოიყო, რათა სასჯელის წლები გასზრდოდა. პირველ ინსტანციაში სასამართლოს მტკიცებულებებით არ უხელმძღვანელია და მოცემულ საქმეზე დარღვეულია არაერთი ნორმა. მოსამართლის მიერ დანიშნულმა სახაზინო ადვოკატმა დ. თ-მა იგი მოატყუა; შესაბამისად, მან 20 ნოემბერს ხსენებული ადვოკატი აიცილა და საკუთარ ინტერესებს თავად დაიცავს.

5. ბრალდების მხარეს დაცვის მხარის საკასაციო საჩივარზე შესაგებელი არ წარმოუდგენია.

6. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

7. შესაბამისად, საკასაციო პალატა მხარის საჩივარს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა თანახმად განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია იგი.

8. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ასაჩივრებს მხოლოდ მსჯავრდებული ბ. გ-ი. საკასაციო სასამართლო, უპასუხებს მის მიერ საჩივარში დასახელებულ არგუმენტებს.

9. სააპელაციო სასამართლოში წარდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს ბ. გ-ის მიერ მსჯავრადშერაცხილი ქმედების ჩადენას, კერძოდ, დაზარალებულ თ. შ-ის, მისი მეუღლის – ს. შ-ისა და დ. შ-ის ჩვენებებით დასტურდება, რომ ბ. გ-მა და ე. ნ-მ დაარწმუნეს ისინი, რომ ბინა, რომელიც თ. შ-ს მიაგირავეს, იყო მათი საკუთრება, რაც რეალურად სიმართლე არ აღმოჩნდა. ბ. გ-მა და ე. ნ-მ შ-ს განუმარტეს, რომ ბინის დაგირავების მიზეზი იყო ოჯახის წევრის მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობა, რის გამოც, ესაჭიროებოდათ თანხა. მსჯავრდებულებმა დაზარალებული დაარწმუნეს, რომ მათ მიერ დასაგირავებელი ბინა დატვირთული ჰქონდათ იპოთეკით, რომელსაც დაფარავდნენ ოთხ თვეში და სწორედ ამის გამო მაშინვე ვერ გადაუფორმებდნენ ბინას. აქედან გამომდინარე, თავდაპირველად გაუფორმებდნენ სესხის ხელშეკრულებას, ხოლო მოგვიანებით, როდესაც ბინა გადავიდოდა მსჯავრდებულების საკუთრებაში, გაუფორმებდნენ იპოთეკისა და ახალი სესხის ხელშეკრულებას. თუმცა დაზარალებულებთან სესხის ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, მსჯავრდებულება არ შეასრულეს ნაკისრი ვალდებულება და მოტყუებით დაეუფლნენ დაზარალებულ, თ. შ-ის 21 421 ლარის დიდი ოდენობით თანხას.

10. დაზარალებულთა ჩვენებები თანხვდენილია საქმეზე წარმოდგენილ სესხის ხელშეკრულებასთან (დადებული ნოტარიუსთან), რომლითაც უტყუარად დასტურდება, რომ სესხის ხელშეკრულება გაფორმდა ბ. გ-ნ. ასევე საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდება, რომ თ-ში, შ. ნ-ის ქუჩის N..-ში, N...-ე სართულზე, ბინა ..., ბლოკი ბ, არ იყო მსჯავრდებულების საკუთრება და რეალურად ეკუთვნოდა ე. ა-ის. საგულისხმოა, რომ დაზარალებულმა თ. შ-მა და ს. შ-მა მათთან ჩატარებული ფოტოსურათით ამოცნობის დროს, ამოიცნეს მათ შორის, ბ. გ-ი. მათ ჩვენებებსა და ამოცნობის ოქმებში დაადასტურეს, რომ ბ. გ-ს ნოტარიუსთან გაუფორმეს სესხის ხელშეკურლელება და გადასცეს თანხა, ხოლო ე. ნ-ან არკვევდნენ ბინასთან დაკავშირებულ საკითხს, კერძოდ, უშუალოდ ე. ნ-მ აჩვენა მათ კომუნალური გადასახადის დამადასტურებელი ქვითრები, რომლებიც ამ უკანასკნელის სახელზე მოდიოდა. ასევე უშუალოდ მან გადასცა ბინის გასაღები და ლიფტის ე.წ. ,,ჩიპი“.

11. ბ. გ-მა და ე. ნ-მ გამოიყენეს სწორედ მათთვის ბრალად წარდგენილი ქმედებისათვის დამახასიათებელი ხერხი, – დაარწმუნეს დაზარალებული, რომ დასაგირავებელი ბინა იყო მათი საკუთრება, რომელიც ჰქონდათ იპოთეკით დატვირთული, ამიტომ, თავდაპირველად გაუფორმეს სესხის ხელშეკრულება და დაჰპირდნენ, რომ მას შემდეგ, როდესაც ბინა გადავიდოდა მათ, მსჯავრდებულების საკუთრებაში, გაუფორმებდნენ ახალი სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებას. განზრახვის მიღწევის შემდეგ კი არ შეასრულეს ნაკისრი ვალდებულება და მოტყუებით დაეუფლნენ დაზარალებულის დიდი ოდენობით ფულად თანხას.

12. ამდენად, საქმეზე დაკითხულ მოწმეთა ჩვენებებით, სესხის ხელშეკრულებითა და ფოტოსურათით ამოცნობის ოქმებით ცალსახად დასტურდება, რომ ბინის დაგირავებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებაში ჩართული იყო მათ შორის ბ. გ-ი. ნოტარიუსთან ბ. გ-სა და თ. შ-ს შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება და შემდეგ, მას დაზარალებულმა გადასცა თანხა.

13. ამდენად, საქმეზე უტყუარად დასტურდება ბ. გ-ის აქტიური ქმედებები თ. შ-ის დიდი ოდენობით ფულადი თანხის თაღლითურად დაუფლების მიზნით.

14. რაც შეეხება, მსჯავრდებულის პრეტენზიას აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული პატიმრობის ვადის გაუთვალისწინებლობაზე მოცემულ საქმეში, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ სისხლის სამართლის საქმეში, რომელშიც ბ. გ-ი ბრალდებულად იქნა ცნობილი (საქართველოს სსკ-ის საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებით, გამოძიების N004071123002), 2024 წლის 5 აპრილის განჩინებით, დაკმაყოფილდა პროკურორის შუამდგომლობა და მას განესაზღვრა მხოლოდ წინასასამართლო სხდომის თარიღი. ამავე განჩინების სამოტივაციო ნაწილის მიხედვით, ბ. გ-ს სხვა სისხლის სამართლის საქმეზე უკვე შეფარდებული ჰქონდა პატიმრობა.

15. ზემოხსენებული სხვა საქმე, რომელზეც მსჯავრდებული საკასაციო საჩივარში აპელირებს, სისხლის სამართლის საქმის გამოყოფის შესახებ დადგენილების მიხედვით (07.11.2023), შეეხება სხვა დაზარალებულებს, სხვა ბინებსა და დროის სხვა ეპიზოდებს; ამდენად, სააპელაციო სასამართლოს განაჩენის ის ნაწილი, რომლითაც ბ. გ-ს სასჯელის მოხდა ეწყება განაჩენის მიღების დღიდან სამართლებრივად მართებულია. საკასაციო სასამართლო დამატებით უთითებს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 286-ე მუხლის შესაბამისად, ,,თუ მსჯავრდებულის მიმართ რამდენიმე აღუსრულებელი განაჩენი არსებობს, სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის/დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსის შუამდგომლობის საფუძველზე სასჯელის მოხდის ადგილის მიხედვით პირველი ინსტანციის სასამართლოს ზეპირი მოსმენის გარეშე გამოაქვს განჩინება მსჯავრდებულისთვის სასჯელის ყველა აღნიშნული განაჩენის მიხედვით განსაზღვრის შესახებ.“

16. რაც შეეხება ბ. გ-ის დანიშნულ სასჯელს, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის შინაარსიდან გამომდინარე, სასჯელის დანიშვნის სტადიაზე მოსამართლე თანაბრად აფასებს, როგორც პასუხისმგებლობის დამამძიმებელ, ისე – შემამსუბუქებელ გარემოებებს. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ საბოლოოდ დანიშნული სასჯელი პასუხობდეს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით დადგენილ მიზნებს.

17. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს ჩადენილი ქმედების სახეს, მოვალეობათა დარღვევის ზომასა და მიყენებული ზიანის ოდენობას, ამავდროულად, საკასაციო პალატა ყურადღების მიღმა არ ტოვებს ფაქტსაც, რომ ბ. გ-ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია და მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ დანიშნული თავისუფლების აღკვეთა მისი მინიმალური ზომით (გავრცელებული ამნისტიის ჩათვლით), სამართლიანია და მისი შეცვლის საფუძველი არ არსებობს.

18. აგრეთვე, საკასაციო სასამართლო სამართლებრივად მოკლებულია შესაძლებლობას დააკმაყოფილოს ბ. გ-ის მიერ დამატებითი ფორმით წარმოდგენილი შუამდგომლობა, რომელიც შეეხება თანდართული მასალების დასაშვებ მტკიცებულებად ცნობასა და მათი საკასაციო სასამართლოში გამოკვლევის მოთხოვნას.

19. ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტის შესაბამისად, ,,როდესაც საკასაციო სასამართლო უარს აცხადებს საქმის განხილვაზე იმ საფუძვლით, რომ არ არსებობს საქმის განხილვის სამართლებრივი საფუძვლები, კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები შეიძლება დაკმაყოფილდეს მცირე დასაბუთებით“ (,,ყუფარაძე საქართველოს წინააღმდეგ“ (Kuparadze v. Georgia), N30743/09, 21/09/2017, §76); სხვა საქმეში ევროპულმა სასამართლომ აგრეთვე მიუთითა: ,,იმის გათვალისწინებით, რომ მომჩივნის რელევანტური არგუმენტები განიხილა ქვედა, ორი ინსტანციის სასამართლომ, მომჩივნის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა ვერ იქნება მიჩნეული დაუსაბუთებლად და სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლებაზე დაწესებულ არაპროპორციულ შეზღუდვად“ (Tortladze v. Georgia, ,,თორთლაძე საქართველოს წინააღმდეგ,“ N42371/08, 18/03/2021, §77).

20. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ ბ. გ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 24 ოქტომბრის განაჩენზე;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე – ლ. თევზაძე

მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი

ნ. სანდოძე