საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №1069აპ-25 14 აპრილი, 2026 წელი
მ-ე კ., №1069აპ-25 თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის
საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),ნინო სანდოძე, ლევან თევზაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 10 სექტემბრის განაჩენზე ხელვაჩაურის რაიონული პროკურატურის პროკურორ ვახტანგ სამადალაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. კ. მ-ეს ბრალად ედებოდა:
1.1.1. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსკ-ის) 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი).
1.1.2. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით.
1.1.3. ოჯახის ერთი წევრის მიერ სხვა წევრის მიმართ, ქმედების თავისუფლების უკანონო შეზღუდვა, ესე იგი, მისი ფიზიკური იძულება, არ შეასრულოს მოქმედება, რომლის შესრულება მისი უფლებაა და საკუთარ თავზე განიცადოს თავისი ნება-სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 111,150-ე მუხლის პირველი ნაწილით.
1.2. კ. მ-ის ქმედება გამოიხატა შემდეგით:
1.2.1. 2024 წლის 25 მაისს, დაახლოებით, 16:00 საათზე, ბ-ში, მ-ის ქუჩის №--ში, მდებარე საცხოვრებელ სახლში, კ. მ-ემ, არასრულწლოვანი შვილის – კ. მ-ის – თანდასწრებით, ხელის მკლავზე მოჭერით და ხელების ყელზე ძლიერად მოჭერით, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ოჯახის წევრს, წარსულში არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მ. ნ-ეს, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი.
1.2.2. 2024 წლის 25 მაისს, დაახლოებით, 16:00 საათზე, ბ-ში, მ-ის ქუჩის №--ში, მდებარე საცხოვრებელ სახლში, კ. მ-ე, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ოჯახის წევრს, წარსულში არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მ. ნ-ეს, კერძოდ, უთხრა, რომ დანით გამოჭრიდა ყელს, არ აცოცხლებდა და მოკლავდა, რა დროსაც მას გაუჩნდა მუქარის აღსრულების საფუძვლიანი შიში.
1.2.3. 2024 წლის 25 მაისს, დაახლოებით, 21:30 საათზე, ბ-ში, ი. ჭ-ის ქუჩის №--ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, კ. მ-ემ, არასრულწლოვანი შვილის –კ. მ-ის – თანდასწრებით, ორივე ხელით თმებზე ძლიერად მოქაჩვით და ფეხის დარტყმით საჯდომის არეში, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ოჯახის წევრს, წარსულში არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მ. ნ-ეს, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი.
1.2.4. 2024 წლის 25 მაისს, დაახლოებით, 21:30 საათზე, ბ-ში, ი. ჭ-ის ქუჩის №--ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, კ. მ-ემ, თავისი ოჯახის წევრი, წარსულში არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი მ. ნ-ე მარჯვენა ხელის გადაგრეხვით და მობილური ტელეფონის წართმევით ფიზიკურად აიძულა არ მოეხდინა ვიდეოჩაწერა, რა დროსაც დაზარალებულმა საკუთარ თავზე განიცადა თავისი ნება-სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
2.1. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 2 დეკემბრის განაჩენით:
კ. მ-ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებში;
კ. მ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,150-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 თვით;
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 29 მარტის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა წინა, ხელვაჩაურის სასამართლოს 2024 წლის 29 მარტის, განაჩენით დანიშნული ძირითადი სასჯელის მოუხდელი ნაწილი –თავისუფლების აღკვეთა 8 დღით და, საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, კ. მ-ეს სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 თვით და 8 დღით, რაც აეთვალა 2024 წლის 25 მაისიდან;
მსჯავრდებულ კ. მ-ეს სასჯელის ვადაში ჩაეთვალა დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის დრო – 2024 წლის 25 მაისიდან 2024 წლის 2 დეკემბრის ჩათვლით და იგი დაუყოვნებლივ გათავისუფლდა პატიმრობიდან, სასამართლო სხდომის დარბაზიდან.
2.2. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს განაჩენი გაასაჩივრეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა. ხელვაჩაურის რაიონული პროკურატურის პროკურორმა – ვახტანგ სამადალაშვილმა – სააპელაციო საჩივრით მოითხოვა კ. მ-ის დამნაშავედ ცნობა ბრალად წარდგენილი მუხლებით და მისთვის მკაცრი სასჯელის განსაზღვრა, ხოლო, ადვოკატმა ი. ა-ემ – კ. მ-ის სრულად უდანაშაულოდ ცნობა და გამართლება.
3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:
3.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 10 სექტემბრის განაჩენით:
ხელვაჩაურის რაიონული პროკურატურის პროკურორ ვახტანგ სამადალაშვილის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა;
მსჯავრდებულ კ. მ-ის ინტერესების დამცველი ადვოკატის, ი. ა-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა;
შეიცვალა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 2 დეკემბრის განაჩენი;
კ. მ-ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 111,150-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში;
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 2 დეკემბრის განაჩენი, კ. მ-ის საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში უდანაშაულოდ ცნობისა და გამართლების ნაწილში, დარჩა უცვლელად.
3.2. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ. ხელვაჩაურის რაიონული პროკურატურის პროკურორი – ვახტანგ სამადალაშვილი – საკასაციო საჩივრით ითხოვს კ. მ-ის დამნაშავედ ცნობას წარდგენილ ბრალდებებში და მისთვის მკაცრი სასჯელის განსაზღვრას. კასატორის პოზიციით, გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენი უკანონოა, რადგან, დაზარალებულების მიერ ჩვენების მიცემაზე უარის თქმის მიუხედავად, საქმეში არსებული მტკიცებულებები, ბრალადწარდგენილ ოთხივე ეპიზოდთან მიმართებით, ქმნის გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობას.
3.3. პროკურორის საკასაციო საჩივრის საპასუხოდ, კ. მ-ის ადვოკატმა – ი. ა-ემ – წარადგინა შესაგებელი, რომლითაც ითხოვს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების უცვლელად დატოვებას.
4. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
4.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსსკ-ის) 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ უთითებს და ასაბუთებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველს, რის გამოც, საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
4.2. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას კ. მ-ის გამართლების შესახებ და აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები არასაკმარისია, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად, შემდეგ გარემოებათა გამო:
4.3. საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის 24-ე ნაწილის თანახმად, მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ. მოცემულ საქმეზე დაზარალებულებმა – მ. ნ-ემ და კ. მ-ემ – ისარგებლეს კანონით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადეს ახლო ნათესავის – კ. მ-ის – წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე. შესაბამისად, რამდენადაც საპროცესო უფლებით სარგებლობა იძულებით, მუქარით, ძალადობით ან სხვაგვარი უკანონო ქმედებით არ განპირობებულა, შეუძლებელია აღნიშნული პირის მიერ გამოძიების ეტაპზე, გამოკითხვისას და ჩვენების ადგილზე შემოწმების მიზნით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტისას მიწოდებული ინფორმაციის გამოყენება და, მით უფრო – მათზე განაჩენის დაფუძნება.
4.4. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, განსახილველ სისხლის სამართლის საქმეში დაკითხულ მოწმეთა მიერ დაზარალებულის ემოციური მდგომარეობის შესახებ მიწოდებული ინფორმაცია შეიძლება ჩაითვალოს პირდაპირ მტკიცებულებად, თუმცა აღნიშნული მოწმეები არ ყოფილან კ. მ-ის მხრიდან დაზარალებულებზე ფიზიკური ძალადობის, მუქარისა და იძულების მომსწრენი, რის გამოც მათი ჩვენებები დანაშაულებრივი ქმედების აღწერის ნაწილში შეიცავს მხოლოდ ირიბ ინფორმაციას და მათი გამოყენებაც, პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით მცდარი აღქმის შექმნის საფრთხის გათვალისწინებით, „...დასაშვებია მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში და არა მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესით“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, II-52).
4.5. რაც შეეხება საქმეში წარმოდგენილ სხვა მტკიცებულებებს, კერძოდ, შემაკავებელ ორდერსა და შემაკავებელი ორდერის ოქმს, აღნიშნული დოკუმენტები შედგენილია დაზარალებულ მ. ნ-ის მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე. მოცემულ შემთხვევაში, იმ გარემოებიდან გამომდინარე, რომ დაზარალებული სასამართლოში არ დაკითხულა და ზემოაღნიშნულ დოკუმენტებში მითითებული ინფორმაცია არ დაუდასტურებია, შეუძლებელია ისინი მიჩნეულ იქნეს იმგვარ წონად მტკიცებულებად, რომელსაც, სხვა პირდაპირ მტკიცებულებათა არარსებობის პირობებში, გამამტყუნებელი განაჩენი დაეფუძნება.
4.6. მართალია, საქმეში წარმოდგენილი სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით დადასტურებულია, რომ მ. ნ-ეს აღენიშნებოდა სისხლნაჟღენთები და ნაკაწრები სახესა და სხეულზე, თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ დაზარალებულს სასამართლოს წინაშე არ განუცხადებია, რა ვითარებაში მიიღო აღნიშნული დაზიანებები, არსებული მტკიცებულებები (სხვა პირდაპირი მტკიცებულებების არარსებობის პირობებში) არ იძლევა უტყუარ საფუძველს დასკვნისთვის, რომ აღნიშნული დაზიანებები მას კ. მ-ემ მიაყენა.
4.7. ამასთან, მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში, კ. მ-ის ბრალეულობის უტყუარ მტკიცებულებად ვერ შეფასდება დანაშაულის შესახებ საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-სთვის მიწოდებული ინფორმაცია, რომელშიც მ. ნ-ე აცხადებს, რომ მას კ. მ-ემ ტელეფონი წაართვა და წაიღო. მართალია, პირადი ჩხრეკისა და დაკავების ოქმის თანახმად, კ. მ-ის პირადი ჩხრეკისას ამოღებულ იქნა მ. ნ-ის კუთვნილი მობილური ტელეფონი, თუმცა აღნიშნული ტელეფონის იძულებით დაუფლების ფაქტი, პირდაპირი მტკიცებულებების არარსებობის პირობებში, უტყუარად ვერ დგინდება.
4.8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი მტკიცებულებითი სტანდარტი ოჯახური დანაშაულის ბრალდების საქმეებზე ითვალისწინებს ოჯახური დანაშაულების სპეციფიკურ კონტექსტსა და მსხვერპლთა დაცვის განსაკუთრებულ საჭიროებას. ამასთან, მოითხოვს დაცული იქნეს სამართლიანი სასამართლოს უფლება და უტყუარობის კონსტიტუციური პრინციპი, რაც „მოითხოვს არა მხოლოდ იმას, რომ გამამტყუნებელი განაჩენი უტყუარ (სანდო, გაუყალბებელ) მტკიცებულებებს ეფუძნებოდეს, არამედ იმასაც, რომ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით ეჭვგარეშე დასტურდებოდეს პირის ბრალეულობა დანაშაულის ჩადენაში. იმ შემთხვევაში, თუ საქმეზე წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობა ობიექტური დამკვირვებლისთვის გონივრულ ეჭვს იწვევს პირის უდანაშაულობის თაობაზე, საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის იმპერატიული მოთხოვნაა, რომ აღნიშნული ეჭვი ბრალდებულის სასარგებლოდ გადაწყდეს (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 25 დეკემბრის №2/2/1276 გადაწყვეტილება გიორგი ქებურია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, II-77).
4.9. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 10 სექტემბრის განაჩენი კ. მ-ის უდანაშაულოდ ცნობისა და გამართლების ნაწილში კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანია. ამასთან, საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. საქმის მასალების შესწავლით ასევე არ დგინდება: გარემოება, რომლის გამოც, მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორი არ უთითებს სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრის განხილვის შედეგად, არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
4.10. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო დაუშვებლად ცნობს საქმეს სამართლებრივი საფუძვლების არარსებობის გამო, ამ შემთხვევაში, მცირე დასაბუთებამაც კი შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2006 წლის 18 ოქტომბრის გადაწყვეტილება Jaczkó v. Hungary, განაცხადი №40109/03, §29).
4.11. ამდენად, ვინაიდან არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
4.12. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ხელვაჩაურის რაიონული პროკურატურის პროკურორ ვახტანგ სამადალაშვილის საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნეს დაუშვებლად;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: ნ. სანდოძე
ლ. თევზაძე