საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 01.04.2026
საქმის ნომერი
2კ-1079აპ.-25
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
01.04.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№1079აპ-25 თბილისი

ჩ. ვ., 1079აპ-25 1 აპრილი, 2026 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),ნინო სანდოძე, ლევან თევზაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 31 ოქტომბრის განაჩენზე თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ზურა ბაიდოშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 11 სექტემბრის განაჩენით ვ. ჩ-ე - ნასამართლევი, ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „ე“ ქვეპუნქტებით – 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც, საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით, სსკ-ის 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილით – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც, საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და ვ. ჩ-ეს, საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც, საქართველოს სსკ-ის 63-ე-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 3 წელი.

2. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 31 ოქტომბრის განაჩენით დარჩა უცვლელად.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ვ. ჩ-ემ ჩაიდინა: ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარ შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ და არაერთგზის (დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით); ოჯახის წევრის მიმართ დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა (დანაშაული, გათვალისწინებული სსკ-ის 111,3811-ე მუხლის 1-ელი ნაწილით). აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგით:

· თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 13 დეკემბრის განაჩენით ვ. ჩ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი), რაც უცვლელად დარჩა 2023 წლის 31 მაისის თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენით.

· 2023 წლის ზაფხულში თ-ში, ს-ოს ე-ის -თა ქუჩის N-, ბინა --ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ოჯახური კონფლიქტის დროს, ვ. ჩ-ემ იძალადა 2014 წელს დაბადებული შვილის – ლ. ჩ-ის – მიმართ, კერძოდ, ხელი ჩაარტყა თავისა და ბეჭის არეში, რის გამოც, ლ. ჩ-ემ ფიზიკური ტკივილი განიცადა.

· თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მიერ 2023 წლის 13 ოქტომბერს ვ. ჩ-ის მიმართ გამოცემულ იქნა დამცავი ორდერი ცხრა თვის ვადით, რომლითაც ვ. ჩ-ეს აეკრძალა მსხვერპლთან – არასრულწლოვან ლ. ჩ-ესთან – ყოველგვარი სახის კომუნიკაცია, მათ შორის, პირადად, მის მუდმივ საცხოვრებელ სახლსა და სკოლასთან მიახლოება, სადაც არასრულწლოვანი იმყოფება. მიუხედავად იმისა, რომ ვ. ჩ-ე გაფრთხილებული იყო დამცავი ორდერის მოთხოვნებისა და ვალდებულებების დარღვევის შემთხვევაში მოსალოდნელი პასუხისმგებლობის შესახებ, დამცავი ორდერით გათვალისწინებული აკრძალვის პერიოდში, 2023 წლის დეკემბრის თვეში, რამდენჯერმე მივიდა მსხვერპლის – ლ. ჩ-ის – სასწავლო და სავარჯიშო მისამართზე: თ-ში, ვ-ის - მიკრორაიონის N- კორპუსის მიმდებარედ, N--ე საჯარო სკოლის სტადიონთან და დაელაპარაკა ლ. ჩ-ეს. აღნიშნულით ვ. ჩ-ემ დაარღვია დამცავი ორდერის მოთხოვნები.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 31 ოქტომბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით პროკურორი ზურა ბაიდოშვილი ითხოვს განაჩენში ცვლილების შეტანას, სასჯელის დამძიმების კუთხით, და ვ. ჩ-ისათვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრას, რაც დაკავშირებული იქნება თავისუფლების აღკვეთის პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდასთან.

5. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც, არ უნდა დაიშვას განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი დასაშვებად მიიჩნევა, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

6. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება რომელიმე ზემოაღნიშნული საფუძველი.

7. განსახილველ შემთხვევაში, კასატორი ასაჩივრებს მხოლოდ მსჯავრდებულისათვის შეფარდებულ სასჯელს. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სასჯელის მიზანი არ არის პირის დასჯა და მისი სამართლიანობა ვლინდება მსჯავრდებულის რესოციალიზაციისა და ახალი დანაშაულის თავიდან აცილების მიზნებთან შესაბამისობასა და პროპორციულობაში. სასჯელის პროპორციულობა გულისხმობს მის გამოყენებას მნიშვნელოვნად ინდივიდუალიზებული სახით, დანაშაულის სიმძიმის, დამნაშავის ბრალისა და დანაშაულის შედეგად გამოწვეული ზიანის გათვალისწინებით. საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის 1-ელი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, „სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“.

9. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის 1-ელი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს, დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს. სასჯელის მიზანი კი მიიღწევა მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს, საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ: დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.

10. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილი სასჯელის სახით ითვალისწინებს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას, ვადით – ორასიდან ოთხას საათამდე ან ერთიდან სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ; სსკ-ის 3811-ე მუხლის 1-ელი ნაწილი კი – ჯარიმას ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას, ვადით – ას ოთხმოციდან ორას ორმოც საათამდე, ანდა ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

11. საკასაციო პალატის შეფასებით, სააპელაციო სასამართლომ მსჯავრდებულ ვ. ჩ-ეს, მისი პიროვნული მახასიათებლების, ასევე – პასუხისმგებლობის დამამძიმებელი და შემამსუბუქებელი (დანაშაულის აღიარება და გულწრფელი მონანიება, მტკიცებულებათა ნაწილის უდავოდ ცნობით სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებისათვის ხელშეწყობა) გარემოებების, აგრეთვე საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლით დადგენილი სასჯელის პირობითად ჩათვლისათვის აუცილებელი წინაპირობების გათვალისწინებით, განუსაზღვრა კანონით დადგენილი სასჯელის ყველაზე მკაცრი სახე – თავისუფლების აღკვეთა (რაც ჩაუთვალა პირობით მსჯავრად), რომელიც, თანმდევი შედეგებიდან გამომდინარე, არ არის აშკარად ლმობიერი, შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის 1-ელი ნაწილით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებსა და სასჯელის მიზნებს. ამასთან, სააპელაციო პალატამ მიუთითა შერჩეული სასჯელის მიზანშეწონილობაზე.

12. საკასაციო სასამართლო კვლავაც იმეორებს, რომ „სასჯელი, ერთი მხრივ, უნდა იყოს ქმედებით გამოწვევად საფრთხეებთან გონივრულ პროპორციაში, ხოლო, მეორე მხრივ, ....ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის დაკისრება მოხდეს დანაშაულის ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-38). შესაბამისად, სასჯელის მიზნის რეალიზაციას სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდაუვალობა განაპირობებს. მთავარია, არა დამნაშავის მკაცრად დასჯა, არამედ ის, რომ დანაშაულის შემთხვევა არ დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება იყოს დამნაშავის პიროვნების, მის მიერ ჩადენილი ქმედების, მისი შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების ადეკვატური. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ ვ. ჩ-ისათვის განსაზღვრული სასჯელი კანონიერია, სამართლიანია და მისი დამძიმების საფუძველი არ არსებობს.

13. ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული მოთხოვნები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ პროკურორის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

14. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ზურა ბაიდოშვილის საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: ლ. თევზაძე

ნ. სანდოძე