საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 23.04.2026
საქმის ნომერი
2კ-1131აპ.-25
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
23.04.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№1131აპ-25 თბილისი

ვ-ე ბ., №1131აპ-25 23 აპრილი, 2026 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),ნინო სანდოძე, ლევან თევზაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 11 ნოემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ ბ. ვ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი. მ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 8 იანვრის განაჩენით ბ. ვ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მიესაჯა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 10 ივნისის განაჩენით (საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით) დანიშნული პირობითი მსჯავრი. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, ამ განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა 2022 წლის 10 ივნისის განაჩენით დანიშნული ძირითადი და დამატებითი (ჯარიმა 5000 ლარი) სასჯელის მოუხდელი ნაწილი და ბ. ვ-ეს, საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, განესაზღვრა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც აეთვალა დაკავებიდან – 2024 წლის 11 აპრილიდან.

2. განაჩენით დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ ბ. ვ-ემ ჩაიდინა ყაჩაღობა, ე. ი. თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, არაერთგზის. აღნიშნული ქმედება გამოიხატა შემდეგით:

· თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 10 ივნისის განაჩენით, ბ. ვ-ე ცნობილია დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის. მიუხედავად აღნიშნულისა, მან კვლავ არაერთგზის ჩაიდინა საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაული, კერძოდ, 2024 წლის 10 აპრილს, დაახლოებით, 19:40 საათზე, თ-ში, ბ-ის ქუჩის №--ის მიმდებარე ტერიტორიაზე, კომპანია “ი-ში“ ტაქსის მძღოლად დასაქმებული რ. გ-ი გადაადგილდებოდა თავის მფლობელობაში არსებული „ტოიოტა პრიუსის“ მარკის ავტომობილით (სახელმწიფო ნომრით – ---) და ასრულდება სამსახურეობრივ მოვალეობას. მას შემდეგ, რაც მან მგზავრი მიიყვანა აღნიშნულ მისამართზე და უკან ბრუნდებოდა, მის მანქანაში წინა, მარჯვენა სავარძელზე დაჯდომითა და დანის დემონსტრირებით, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ბ. ვ-ე, ფულადი თანხის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, თავს დაესხა რ. გ-ს და სიცოცხლისათვის საშიში ძალადობის მუქარით, კერძოდ, დანის დემონსტრირებითა და, ასევე, დანის ყელის მარცხენა მხარეს დასმით, შემდეგ – მუშტის სახის არეში დარტყმით დაუფლა რ. გ-ის კუთვნილ ფულად თანხას – 160 (ას სამოც) ლარს, რითაც დაზარალებულს მიაყენა ქონებრივი, ფიზიკური და მორალური ზიანი.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 11 ნოემბრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 8 იანვრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 11 ნოემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ბ. ვ-ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ი. მ-მა. კასატორმა მოითხოვა საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით მსჯავრდებულის უდანაშაულოდ ცნობა და მის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანა, ასევე – მსჯავრდებულის ქმედების დაკვალიფიცირება საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ელი ნაწილით და, ამ მუხლის სანქციით გათვალისწინებული მაქსიმალური ვადით (1 წლით თავისუფლების აღკვეთა) პატიმრობაში უკვე ყოფნის გამო, პატიმრობიდან დაუყოვნებლივ გათავისუფლება.

4. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

5. საკასაციო პალატა გაეცნო წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს, სააპელაციო სასამართლოს განაჩენსა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის წინაპირობებს. სააპელაციო სასამართლომ კანონის მოთხოვნათა დაცვით, სრულყოფილად გამოიკვლია მსჯავრდებულის ქმედების სამართლებრივი შეფასებისათვის რელევანტური ყველა ფაქტობრივი ასპექტი. ასევე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ქმედების კვალიფიკაციასთან ფაქტებისა და გარემოებების მისადაგებისას, არ გამოვლენილა ისეთი სამართლებრივი პრობლემა, რაც განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკისაგან ან თუნდაც, სავარაუდოს გახდიდა არსებული პრაქტიკის გადახედვის საჭიროებას (მაგ. იხ. სუსგ №382აპ-22, №243აპ-20).

6. უპირველეს ყოვლისა, უნდა აღინიშნოს, რომ საკასაციო სასამართლო არ იზიარებს დაცვის მხარის პოზიციას საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გამამტყუნებელი განაჩენის უკანონობის თაობაზე, ვინაიდან მიაჩნია, რომ კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეული, ურთიერთშეჯერებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით, გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება ბ. ვ-ის მიერ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.

7. სააპელაციო სასამართლოს განაჩენში მითითებულია იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე, რომლებმაც ბ. ვ-ის საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლით მსჯავრდება განაპირობა. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ, შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებამდე, სრულად და ობიექტურად შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები და დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარს გასცა ამომწურავი და დასაბუთებული პასუხი.

8. სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გამამტყუნებელი განაჩენი სრულად აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილ მტკიცებით სტანდარტს, ეფუძნება ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს მსჯავრდებულის მიერ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას, საპირისპიროს მტკიცება კი არ გამომდინარეობს კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეულ, ურთიერთშეჯერებულ მტკიცებულებათა ერთობლიობისაგან: დაზარალებულ რ. გ-ის, მოწმეების ჩვენებებიდან, ფოტოსურათით ამოცნობის ოქმების, ავტომანქანის დათვალიერების ოქმის, ოდოროლოგიური ექსპერტიზის №-, ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზის №-, სამედიცინო ექსპერტიზის №- დასკვნათა და სხვა მასალათაგან, რომლებიც ქმნის უტყუარ და საკმარის ერთობლიობას გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად. ამასთან, ვერც დაცვის მხარე უთითებს რაიმე დამაჯერებელ მოტივს და არც საქმის მასალებით დადგენილა, რატომ უნდა ემხილათ ჩაუდენელი დანაშაულისათვის ბ. ვ-ე.

9. განსაკუთრებით საყურადღებოა დაზარალებულ რ. გ-ის მიერ სასამართლოსთვის მიცემული დეტალური და თანმიმდევრული ჩვენება, რომელიც სრულად შეესაბამება საქმეში წარმოდგენილ სხვა მტკიცებულებებს, რომლებიც ასევე უტყუარად ადასტურებენ მსჯავრდებულის მიერ ყაჩაღობის ჩადენას. რ. გ-მა რეალურად აღიქვა მოსალოდნელი საფრთხე, ამიტომ დაჰყვა თავდამსხმელის ნებას და მას არ გაუწია ფიზიკური წინააღმდეგობა. დაზარალებულმა დამაჯერებლად აღწერა როგორც თავდასხმის დეტალები, ისე – თავდამსხმელი. ასევე, 2024 წლის 11 აპრილის ფოტოსურათით ამოცნობის ოქმითაც დასტურდება, რომ რ. გ-მა, კონკრეტულ ინდივიდუალურ ნიშნებზე მითითებით – ასაკით, თმით, შუბლით, წარბებით, თვალებით, ტუჩებით, წვერით და სახის მოყვანილობით – ამოიცნო ბ. ვ-ე. ბ. ვ-ე ფოტოსურათით ამოიცნეს ასევე მოწმეებმა: ე. ი. და ფ. მ-მა. დაზარალებული და მოწმეები ერთმნიშვნელოვნად და კატეგორიულად მიუთითბდნენ ბრალდებულზე, როგორც რ. გ-ზე ყაჩაღური თავდასხმის ჩამდენ პირზე. სასამართლო განხილვის დროს დაზარალებულმა და მოწმეებმა დაადასტურეს მათ მიერ და მათი მონაწილეობით ჩატარებული ზემოაღნიშნული საგამოძიებო მოქმედებების სისწორე და კანონთან შესაბამისობა.

10. დაზარალებულ რ. გ-ის, მოწმეების – ფ. მ-სა და გ. გ-ის – ჩვენებები და მათი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებები შინაარსობრივად არ შეიცავს არსებითი ხასიათის წინააღმდეგობებს და, სისხლის სამართლის საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებებთან მიმართებით, შეესაბამება როგორც ერთმანეთს, ისე – ფოტოსურათით ამოცნობის ოქმებს, სასამართლო-სამედიცინო, ოდოროლოგიური და ბიოლოგიური ექსპერტიზების დასკვნებს, სასამართლოში წარმოდგენილ სხვა წერილობით მტკიცებულებებთან. შესაბამისად, არ არსებობს მათი საეჭვოდ მიჩნევის საფუძველი. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული მოწმეების ჩვენებები არ შეიცავს საეჭვო განმარტებებს, რაც კითხვის ნიშნებს გააჩენდა მათ სანდოობასთან დაკავშირებით. საქმეში არსებული მტკიცებულებებიდან გამომდინარე, არ იკვეთება რაიმე საეჭვო გარემოება, რაც მიანიშნებდა დაზარალებულისა და მოწმეების მიკერძოებასა და პირად დაინტერესებაზე ბრალდებულების საწინააღმდეგოდ. მეტიც, როგორც დაზარალებულმა სასამართლოს განუმარტა, მისთვის მიყენებული ზიანი იყო, დაახლოებით, 200 ლარი, თუმცა ბ. ვ-ის ახლობლებმა აუნაზღაურეს 500 ლარი და მასთან პრეტენზია არ გააჩნია.

11. გარდა ამისა, სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის N- დასკვნით დასტურდება, რომ 2024 წლის 11 აპრილს, პირადი შემოწმებისას, მოქალაქე რ. გ-ს სხეულზე გარეგნულად აღენიშნებოდა დაზიანება ნაკაწრის სახით. დაზიანება, განვითარებული რაიმე მახვილი საგნის წვეტის, ლესილი კიდის ან მკვეთრად გამოხატული კიდის მქონე მკვრივი, ბლაგვი საგნის შემხები ზემოქმედების შედეგად, მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად და ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ 2024 წლის 10 აპრილის თარიღს.

12. ოდოროლოგიური ექსპერტიზის -- დასკვნის მიხედვით, სისხლის სამართლის №- საქმეზე, 2024 წლის 10 აპრილს თ-ში, ბ-ის ქუჩის №--ის მიმდებარე ტერიტორიაზე, რ. გ-ზე განხორციელებული ყაჩაღური თავდასხმის ფაქტთან დაკავშირებით, ოდოროლოგიურ ექსპერტიზაზე წარმოდგენილი, რ. გ-ის მფლობელობაში არსებული ა/მანქანა „ტოიოტადან“ ამოღებული სუნის კვალის ნიმუში იდენტურია ბრალდებულ ბ. ვ-ისაგან აღებული სუნის ნიმუშის.

13. ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზის N- დასკვნის თანახმად, გენეტიკური კვლევითა და სტატისტიკური ანალიზით დადგინდა: პაკეტში წარწერით: „...1 (ერთი) ც. ტყავის საფულე ამოღებული ე/წ ბარდაჩოკის ქვეშ არსებული სათავსოდან...“ მოთავსებულ საფულის შიდა და გარე ზედაპირებზე (ობ. -) არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის ბ. ვ-ეს (ობ. N-; პაკეტში, წარწერით: „...ნერწყვის ნიმუში აღებული პირის ღრუდან 2 ცალ სტერილურ ჩხირზე ბრალდებულ ბ. ბ.ის ძე ვ-ისგან პ/ნ --.“).

14. ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემული საქმის ყველა საგამოძიებო მოქმედება ჩატარებულია საპროცესო ნორმების სრული დაცვით და ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებათა მოპოვებისა თუ გამოკვლევისას არსებითი საპროცესო დარღვევა არ გამოვლენილა. დაზარალებულისა და მოწმეების მიერ მითითებული ის ფაქტობრივი გარემოებები, რომლებსაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს მტკიცების საგნის ძირითად და არსებით საკითხებთან დაკავშირებით, არსებითად არ ეწინააღმდეგება არც ერთმანეთს და არც – საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებს. სასამართლოს შეფასებით, მსჯავრდებულ ბ. ვ-ის ქმედება შეიცავს ყაჩაღობის შემადგენლობის ყველა ნიშანს. შესაბამისად, ქვედა ინსტანციების სასამართლოებმა იურიდიულად სწორად დააკვალიფიცირეს მისი ქმედება საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და, უტყუარ, ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, დაადგინეს გამამტყუნებელი განაჩენი, ხოლო დაცვის მხარემ ვერ წარმოადგინა ისეთი მტკიცებულება, რომელიც საეჭვოდ გახდიდა მსჯავრდებულის მიერ მისთვის მსჯავრადშერაცხილი დანაშაულის ჩადენას. ამრიგად, არ არსებობს ბ. ვ-ის გამართლების ან მისი ქმედების საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ელი ნაწილით დაკვალიფიცირების საფუძველი.

15. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009). შესაბამისად, სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტაციის გამეორება, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეში წარმოდგენილია სწორედ ისეთი მტკიცებულებების ერთობლიობა, რაც აკმაყოფილებს როგორც ეროვნული კანონმდებლობის მოთხოვნებს გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად, ისე – სამართლიანი სასამართლოს უფლებასა და, ბრალეულობის მტკიცების საგანთან მიმართებით, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიდგომას.

16. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მომჩივნების მიერ წარმოდგენილ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხების გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no. 36755/06, §31, ECtHR,11/11/2011). იმის გათვალისწინებით, რომ მომჩივნის რელევანტური არგუმენტები განიხილა ქვედა ორი ინსტანციის სასამართლომ, მომჩივნის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა ვერ იქნება მიჩნეული სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლებაზე დაწესებულ არაპროპორციულ შეზღუდვად (Tortladze v. Georgia; no.42371/08, §77, ECtHR, 18/03/2021).

17. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში, არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე საფუძველი, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

18. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დაუშვებლად იქნას ცნობილი მსჯავრდებულ ბ. ვ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი. მ-ის საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: ნ. სანდოძე

ლ. თევზაძე