საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 05.05.2026
საქმის ნომერი
2კ-175აპ.-26
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
05.05.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 330100125011830133

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №175აპ-26 5 მაისი, 2026 წელი

ჩ–ი უ., 175აპ-26 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),ლალი ფაფიაშვილი, ლევან თევზაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2026 წლის 28 იანვრის განაჩენზე თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ თამთა გახარიას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2025 წლის 5 დეკემბრის განაჩენით, უ. ჩ–ი, – დაბადებული ...., – ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ელი ნაწილით – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ჩაეთვალა პირობითად. მასვე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 521-ე მუხლის საფუძველზე, აეკრძალა იარაღის დამზადების, შეძენის, იარაღის (მათ შორის სამსახურებრივი საშტატო იარაღის) შენახვის, ტარებისა და გამოყენების უფლება – 1 წლით; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის 1-ელი ნაწილით – 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ჩაეთვალა პირობითად; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და, საბოლოოდ, განესაზღვრა – 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაითვალა პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა – 4 წელი.

2. სასამართლომ დაადგინა, რომ უ. ჩ–მა ჩაიდინა: ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი და სხვისი ნივთის დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, რაც გამოიხატა შემდეგით:

2.1. 2025 წლის 28 აგვისტოს, დაახლოებით, 15:00 საათზე, თ–ში, .... №...-ში მდებარე კორპუსის მე-... სართულზე არსებულ ბინაში, ნასვამმა უ. ჩ–მა, არარგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს – თ. ც–ს, ორჯერ დაარტყა გაშლილი ხელი სახის არეში, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

2.2. 2025 წლის 28 აგვისტოს, დაახლოებით, 14:55 საათზე, თ–ში, ... №..-ის მიმდებარედ, ნასვამმა უ. ჩ–მა, სამშენებლო მასალების ნარჩენების გამოყენებით, კერძოდ, აგურისა და ბლოკის ნატეხების დარტყმით, დააზიანა მ. ლ–ის საკუთრებაში არსებული – „Toyota Prius-ის“ მოდელის ავტომანქანის (სანომრე ნიშნით ...) წინა, მარცხენა კარის მინა, უკანა, მარჯვენა კარის მინა, საქარე მინა და მაცხენა ზედა საყრდენი, რის შედეგადაც დაზარალებულს მიადგა – 530 ლარის, მნიშვნელოვანი ზიანი.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2025 წლის 5 დეკემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორმა – თამთა გახარიამ, რომელიც ითხოვდა განაჩენის შეცვლასა და მსჯავრდებულის მიმართ სასჯელის გამკაცრებას.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2026 წლის 28 იანვრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2025 წლის 5 დეკემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2026 წლის 28 იანვრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორმა – თამთა გახარიამ, რომელიც ითხოვს განაჩენის შეცვლასა და უ. ჩ–ის მიმართ სასჯელის გამკაცრებას, ვინაიდან მიიჩნევს, რომ გამოყენებული სასჯელები დაუსაბუთებელია, რადგან მსჯავრდებულის ქმედებაში პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები არ იკვეთება. კასატორის მითითებით, თავისუფლების აღკვეთის სახით სასჯელის არსებობა ემსახურება სახელმწიფოს ლეგიტიმურ ინტერესს – დაიცვას საზოგადოება საფრთხისა და დანაშაულისაგან. სასჯელი განიხილება, როგორც სახელმწიფოს პასუხი დანაშაულზე და შესაძლებლობა განხორციელებულ ქმედებაზე კანონიემიერი რეაგირებისა. სამართლიანი სასჯელის დანიშვნით, სამართლიანობა აღდგება, როგორც სრულიად საზოგადოებისათვის, ასევე – კონკრეტულად დაზარალებულისათვის. სამართლიანობის აღდგენისას, საზოგადოება რწმუნდება, რომ სახელმწიფოს ეფექტურად შეუძლია დამნაშავისათვის შესაბამისი სასჯელის განსაზღვრა.

6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც, არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად, მოცემულ საქმეზე, სავარაუდოა, მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

8. ბრალდების მხარის მიერ სადავო სასჯელის სამართლიანობასთან დაკავშირებით, აღსანიშნავია, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით – მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.

9. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით: სამართლებრივ სახელმწიფოში კანონზომიერია მოლოდინი, რომ სასჯელი, თავისი შინაარსით, ფორმით, თვისებრივად და არსებითად გასცდება შურისძიების პრიმიტიულ სურვილს, რომელსაც არაფერი აქვს საერთო სამართალთან და რომელიც ობიექტურად ვერ შეუწყობს ხელს ვერც ადამიანების, საზოგადოების დაცულობას, ვერც დანაშაულის შემცირებას და ვერც დამნაშავე პირის რესოციალიზაციას, საბოლოოდ, ვერ შეუწყობს ხელს ვერც სამართლის პროგრესულ და მისი დანიშნულების შესაბამის განვითარებას და ვერც საზოგადოების წევრების ჰარმონიულ თანაარსებობას, შედეგად, ვერ უზრუნველყოფს იმ სამართლებრივ წესრიგს, რომლის დაცვისთვისაც უნდა გამოიყენებოდეს სახელმწიფოს იძულების უკიდურესი საშუალებები (იხ.: საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-43).

10. სააპელაციო სასამართლომ შეაფასა, როგორც სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო გარემოებები, ასევე – პირის ინდივიდუალური მახასიათებლები და პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებითა (აღიარა ჩადენილი დანაშაულები და უდავოდ გახადა ბრალდების მხარის მტკიცებულებები, რითაც ხელი შეუწყო სწრაფ მართლმსაჯულებას) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე და 53-ე მუხლების მოთხოვნებიდან გამომდინარე, უ. ჩ–ს განუსაზღვრა ჩადენილი დანაშაულების სანქციებით გათვალისწინებული, კანონიერი სასჯელები – თავისუფლების აღკვეთის სახით, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული აუცილებელი წინაპირობების (ჩადენილია განზრახი, ნაკლებად მძიმე დანაშაულები; მსჯავრდებული აღიარებს დანაშაულებს; იგი წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა) მხედველობაში მიღებით, ჩაუთვალა პირობით მსჯავრად, რომლის კიდევ უფრო გამკაცრების აუცილებლობა და თავისუფლების აღკვეთის პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად განსაზღვრა, მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო საჩივრის კვალდაკვალ, არ არის დასაბუთებული, რამეთუ, ერთი მხრივ, აღსანიშნავია, რომ დაზარალებულებს მსჯავრდებულის მიმართ პრეტენზია არ გააჩნიათ, რაც, ცხადია, ამცირებს ახალი დანაშაულის ჩადენის შესაძლო რისკს, ხოლო, მეორე მხრივ, სასჯელების პირობითად ჩათვლის მიზანი არ არის დამნაშავის სისხლისსამართლებრივი ზემოქმედებისაგან გათავისუფლება, არამედ – უ. ჩ–ისათვის შეფარდებული სასჯელები პირობადადებულია და სასჯელის პრევენციულ მიზანს, მათ შორის, უზრუნველყოფს სასამართლოს მიერ დადგენილი ხანგრძლივი გამოსაცდელი ვადა. საკასაციო საჩივარში განვითარებული ზოგადი მსჯელობა სასჯელის მიზნებსა და სასამართლოს მიერ სასჯელის შეფარდებისას გასათვალისწინებელი პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების თაობაზე, ვერ დაედება საფუძვლად უ. ჩ–ისათვის შეფარდებული კონკრეტული სასჯელის გამკაცრებას.

11. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

12. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ თამთა გახარიას საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: ლ. ფაფიაშვილი

ლ. თევზაძე