საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 330100123008284144
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№222აპ-26 ქ. თბილისი
დ–ი ი., 222აპ-26 11 მაისი, 2026 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),ლალი ფაფიაშვილი, ლევან თევზაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2026 წლის 26 იანვრის განაჩენზე მსჯავრდებულ ი. დ–ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ა. ბ–ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 22 ივლისის განაჩენით, ი. დ–ი, – დაბადებული .... – ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის 1-ელი ნაწილით (2023 წლის 21 აგვისტოს ეპიზოდი) – 3 წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით (2023 წლის 21 აგვისტოს ეპიზოდი) – 12 წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის 1-ელი ნაწილით (2023 წლის 7 სექტემბრის ეპიზოდი) – 3 წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით (2023 წლის 7 სექტემბრის ეპიზოდი) – 12 წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის 1-ელი ნაწილით (2023 წლის 8 სექტემბრის ეპიზოდი) – 3 წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით (2023 წლის 8 სექტემბრის ეპიზოდი) – 12 წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით (2023 წლის 7 სექტემბრის ეპიზოდი) შეფარდებულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა სხვა თანაბარი და ნაკლებად მკაცრი სასჯელები და, საბოლოოდ, ი. დ–ს განესაზღვრა – 12 წლით თავისუფლების აღკვეთა. მასვე, ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, შესაბამისი ვადით ჩამოერთვა ამავე კანონით გათვალისწინებული უფლებები.
2. სასამართლომ დაადგინა, რომ ი. დ–მა ჩაიდინა: ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა და ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღება (3 ეპიზოდი), რაც გამოიხატა შემდეგით:
2.1. 2023 წლის 21 აგვისტოს, ქ. მ–ში, .... ქუჩაზე, ი. დ–მა, მის მიერ უკანონოდ შეძენილი და შენახული ნარკოტიკული საშუალება – 0,0881 გრამი „ჰეროინის“ შემცველი ნივთიერება, უკანონოდ მიასაღა ს. ს–ს, რაც იმავე დღეს ამოიღეს საქართველოს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა.
2.2. 2023 წლის 7 სექტემბერს, ქ. მ–ში, ... ქუჩის №..-ის მიმდებარედ, ი. დ–მა, მის მიერ უკანონოდ შეძენილი და შენახული ნარკოტიკული საშუალება – 0,1755 გრამი „ჰეროინის“ შემცველი ნივთიერება, უკანონოდ მიასაღა ს. ს–ს, რაც იმავე დღეს ამოიღეს საქართველოს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა.
2.3. 2023 წლის 8 სექტემბერს, ქ. მ–ში, .... ქუჩის №..-ის მიმდებარედ, ი. დ–მა, მის მიერ უკანონოდ შეძენილი და შენახული ნარკოტიკული საშუალება – 0,0959 გრამი „ჰეროინის“ შემცველი ნივთიერება, უკანონოდ მიასაღა ს. ს–ს, რაც იმავე დღეს ამოიღეს საქართველოს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 22 ივლისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ი. დ–ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა – ა. ბ–მა, რომელიც სააპელაციო სასამართლოში ითხოვდა ი. დ–ის მიმართ სასჯელის შემსუბუქებას.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2026 წლის 26 იანვრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 22 ივლისის განაჩენი შეიცვალა: ი. დ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის 1-ელი ნაწილით (2023 წლის 21 აგვისტოს ეპიზოდი) – 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლისგანაც, 2024 წლის 17 სექტემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის 1-ელი მუხლის საფუძველზე, გათავისუფლდა; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით (2023 წლის 21 აგვისტოს ეპიზოდი) – 12 წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის 1-ელი ნაწილით (2023 წლის 7 სექტემბრის ეპიზოდი) – 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლისგანაც, 2024 წლის 17 სექტემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის 1-ელი მუხლის საფუძველზე, გათავისუფლდა; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით (2023 წლის 7 სექტემბრის ეპიზოდი) – 12 წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის 1-ელი ნაწილით (2023 წლის 8 სექტემბრის ეპიზოდი) – 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლისგანაც, 2024 წლის 17 სექტემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის 1-ელი მუხლის საფუძველზე, გათავისუფლდა; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით (2023 წლის 8 სექტემბრის ეპიზოდი) – 12 წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, ერთმა თანაბარმა სასჯელმა შთანთქა სხვა თანაბარი სასჯელები და, საბოლოოდ, ი. დ–ს განესაზღვრა – 12 წლით თავისუფლების აღკვეთა. მასვე, ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, შესაბამისი ვადით ჩამოერთვა ამავე კანონით გათვალისწინებული უფლებები.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2026 წლის 26 იანვრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ი. დ–ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა – ა. ბ–მა, რომელიც ითხოვს განაჩენის შეცვლასა და ი. დ–ისათვის 12-ის ნაცვლად, 10 წლით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრას, ვინაიდან მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილება სასჯელის ნაწილში უკანონო, დაუსაბუთებელი და უსამართლოა, რამეთუ სააპელაციო სასამართლოში მსჯავრდებულმა აღიარა ჩადენილი დანაშაული და, შესაბამისად, გამოკვეთილი იყო მის მიმართ მინიმალური სასჯელის შეფარდების საფუძველი.
6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც, არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
8. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ სასჯელთან დაკავშირებული კონსტიტუციური შეზღუდვის არსი არის პროპორციული სასჯელის დაკისრება მნიშვნელოვნად ინდივიდუალიზებული სახით, რა დროსაც მხედველობაში მიიღება დანაშაულის სიმძიმე, დამნაშავის ბრალი და დანაშაულის შედეგად გამოწვეული ზიანი (კონკრეტული დაზარალებულისთვის თუ საზოგადოებისთვის), დამნაშავის პერსონალური მახასიათებლები და საქმის კონკრეტული გარემოებები იმისთვის, რათა განისაზღვროს, როგორი სასჯელი იქნება შესაბამისი პირის რეაბილიტაციისა და საზოგადოების დაცვისთვის ამ კონკრეტული დამნაშავის შეკავების გზით. მხოლოდ ამგვარ პირობებში შეასრულებს სასჯელი თავის მიზნებს (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-97).
9. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის 1-ელი ნაწილის თანახმად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ: დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით – მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის 1-ელი ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
10. სააპელაციო სასამართლომ შეაფასა, როგორც სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო გარემოებები, ასევე – პირის ინდივიდუალური მახასიათებლები და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე და 53-ე მუხლების მოთხოვნებიდან გამომდინარე, ი. დ–ს განუსაზღვრა ჩადენილი დანაშაულის სანქციით გათვალისწინებული, კანონიერი და სამართლიანი სასჯელი – თორმეტი წლით თავისუფლების აღკვეთა, მაშინ, როდესაც მისთვის მსჯავრადშერაცხილი ქმედება ისჯებოდა თავისუფლების აღკვეთით ვადით – ათიდან თხუთმეტ წლამდე, რომლის კიდევ უფრო შემსუბუქება და მინიმუმადე შემცირება, ი. დ–ის ქმედებით, თავისუფალ ბრუნვაში მოხვედრილი ნარკოტიკული საშუალების სახეობიდან (,,ჰეროინი“ მკაცრად შეზღუდული ნარკოტიკული საშუალებაა) და მსჯავრდებულის ქმედებაში გამოკვეთილ, დანაშაულთა სიმრავლიდან გამომდინარე, არ არის მიზანშეწონილი.
11. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
12. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ ი. დ–ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ა. ბ–ის საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: ლ. ფაფიაშვილი
ლ. თევზაძე