საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 11.05.2026
საქმის ნომერი
2კ-232აპ.-26
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
11.05.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 080100125011195464

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№232აპ-26 ქ. თბილისი

ა–ი გ., 232აპ-26 11 მაისი, 2026 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),ლალი ფაფიაშვილი, ლევან თევზაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2026 წლის 29 იანვრის განაჩენზე მსჯავრდებულ გ. ა–ისა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატების – რ. ჭ–ისა და ც. ბ–ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 3 ნოემბრის განაჩენით, გ. ა–ი, – დაბადებული .... – ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით – 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც 2024 წლის 17 სექტემბრის „ამნისტიის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე, გაუნახევრდა და განესაზღვრა – 9 თვით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,1511-ე მუხლის 1-ელი ნაწილით – 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ელი ნაწილით – 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ელი ნაწილით შეფარდებულმა სასჯელმა შთანთქა თანაბარი და ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ, გ. ა–ს განესაზღვრა – 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. ასევე, 2024 წლის 17 სექტემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, მის მიმართ გამოიცა დამცავი ორდერი – 9 თვით.

2. სასამართლომ დაადგინა, რომ გ. ა–მა გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, ჩაიდინა სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც, იმას, ვისაც, ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ოჯახის წევრის მიმართ; გენდერული დისკრიმინაციის მოტივით – ოჯახის წევრის მიმართ ადევნება, ესე იგი, პირადად, არასასურველი კომუნიკაციის დამყარება ტელეფონით და სხვა საშუალებით, რომელიც სისტემატურად ხორციელდება და იწვევს პირის ფსიქიკურ ტანჯვას და ძალადობის გამოყენების საფუძვლიან შიშს, რაც ცხოვრების წესის მნიშვნელოვნად შეცვლას აიძულებს და შეცვლის საჭიროებას უქმნის; გენდერული დისკრიმინაციის მოტივით – ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგით:

2.1 2024 წლის 27 მარტს, დაახლოებით, 23:30 საათზე ქ. ქ–ში, ..... გამზირის №....-ში არსებულ საცხოვრებელ ბინაში, გ. ა–ი, რომელსაც აქვს მესაკუთრული დამოკიდებულება მისი ყოფილი მეუღლის – მ. ჯ–ის, მიმართ, ეჭვიანობის ნიადაგზე დაემუქრა მას მოკვლით, კერძოდ, უთხრა, რომ არ აცოცხლებდა და სახლიდან მის გვამს გაიტანდნენ. მ. ჯ–ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

2.2. 2023 წლის ივლისის თვიდან 2025 წლის 15 თებერვლამდე, გ. ა–ი არასასურველ კომუნიკაციას ამყარებდა ქ. ქ–ში, ..... გამზირის №....-ში მცხოვრებ, ყოფილ მეუღლესთან – მ. ჯ–თან. გ. ა–ს ჰქონდა მესაკუთრული დამოკიდებულება მისი ყოფილი მეუღლის მიმართ, რის გამოც, ეჭვიანობის ნიადაგზე, აკონტროლებდა მას, ეუბნებოდა, რომ მიუხედავად განქორწინებისა, არ ჰქონდა დამოუკიდებელი ცხოვრების უფლება, აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, აკითხავდა სამსახურში, უკონტროლებდა შეხვედრებს და ემუქრებოდა, რომ სხვა მამაკაცთან შეხვედრის შემთხვევაში, არ გაახარებდა და მოკლავდა. გ. ა–ის ქმედებების გამო მ. ჯ–ი განიცდიდა ტანჯვასა და ძალადობის შიშს, ასევე შეექმნა სოციალური ქსელების გაუქმების, სამსახურისა და საცხოვრებელი სახლის შეცვლის საჭიროება.

2.3. 2025 წლის 15 თებერვალს, ღამით, ქ. ქ–ში, ..... გამზირის №....-ში მდებარე საცხოვრებელი ბინის ეზოში, გ. ა–მა ეჭვიანობის ნიადაგზე, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ყოფილ მეუღლეს – მ. ჯ–ს: მოჰქაჩა თმა, წააქცია, ხელი მოუჭირა სახეზე და ორჯერ ჩაარტყა წიხლი მუცელში. ძალადობრივი ქმედებების შედეგად მ. ჯ–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანებები.

3. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 3 ნოემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა გ. ა–მა და მისმა ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა – რ. ჭ–მა და ც. ბ–მა, რომლებიც ითხოვდნენ განაჩენის შეცვლას, შეფარდებული სასჯელების შემსუბუქებასა და დამცავი ორდერის გაუქმებას.

4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2026 წლის 29 იანვრის განაჩენით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 3 ნოემბრის განაჩენი შეიცვალა, გაუქმდა გ. ა–ის მიმართ გამოცემული დამცავი ორდერი, სასჯელის ნაწილში კი განაჩენი დარჩა უცვლელად.

5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2026 წლის 29 იანვრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა გ. ა–მა და მისმა ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა – რ. ჭ–მა და ც. ბ–მა, რომლებიც ითხოვენ გ. ა–ის მიმართ არასაპატიმრო სასჯელის განსაზღვრას, შემდეგ მოტივებზე მითითებით: გ. ა–ი წარსულში არასდროს ყოფილა ნასამართლევი, არის კანონმორჩილი მოქალაქე, აღიარა და მოინანია ჩადენილი ქმედებები, დაზარალებულთან ჰყავს ორი საერთო შვილი, რომლებსაც მატერალურად უზრუნველყოფს. იმავდროულად, სასამართლოს წარედგინა მტკიცებულება იმისა, რომ დაზარალებულმა ისარგებლა, როგორც ხანმოკლე, ასევე – ხანგრძლივი პაემნით და შვილებთან ერთად მოინახულა პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი მსჯარდებული, მ. ჯ–სა და გ. ა–ს ჰქონდათ ასევე სატელეფონო კომუნიკაცია, რაც ცხადყოფს, რომ მათ შორის კონფლიქტი ამოწურულია და, პირიქით, ისინი ცდილობენ ერთმანეთთან ცივილურ ურთიერთობას.

6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც, არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

8. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ სასჯელთან დაკავშირებული კონსტიტუციური შეზღუდვის არსი არის პროპორციული სასჯელის დაკისრება მნიშვნელოვნად ინდივიდუალიზებული სახით, რა დროსაც მხედველობაში მიიღება დანაშაულის სიმძიმე, დამნაშავის ბრალი და დანაშაულის შედეგად გამოწვეული ზიანი (კონკრეტული დაზარალებულისთვის თუ საზოგადოებისთვის), დამნაშავის პერსონალური მახასიათებლები და საქმის კონკრეტული გარემოებები იმისთვის, რათა განისაზღვროს, როგორი სასჯელი იქნება შესაბამისი პირის რეაბილიტაციისა და საზოგადოების დაცვისთვის ამ კონკრეტული დამნაშავის შეკავების გზით. მხოლოდ ამგვარ პირობებში შეასრულებს სასჯელი თავის მიზნებს (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-97).

9. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის 1-ელი ნაწილის თანახმად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ: დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით – მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის 1-ელი ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.

10. სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა, როგორც სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო გარემოებები, ასევე – პირის ინდივიდუალური მახასიათებლები, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე, 53-ე მუხლების მოთხოვნათა გათვალისწინებით, გ. ა–ს განუსაზღვრა კანონიერი და სამართლიანი სასჯელი, ხოლო გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 531-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების მიხედვით, დანაშაულის ჩადენა შეუწყნარებლობის მოტივით (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,1511-ე მუხლის 1-ელი ნაწილითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ელი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულებთან მიმართებით) და ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1511-ე მუხლის 1-ელ ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულთან მიმართებით) არის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ყველა შესაბამისი დანაშაულისათვის, ხოლო ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დამამძიმებელი გარემოების არსებობისას დანაშაულის ჩადენის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა, სულ მცირე, 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას, გ. ა–ის ქმედებებში გამოკვეთილი პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებებიდან გამომდინარე, მისთვის შეფარდებული სასჯელის ზომის შემცირებას არ აქვს კანონიერი გამართლება, ხოლო არასაპატიმრო სასჯელის გამოყენება, ჩადენილ დანაშაულთა და პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებათა სიმრავლის მხედველობაში მიღებით, მოცემულ შემთხვევაში, არ არის მიზანშეწონილი.

11. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

12. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ გ. ა–ისა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატების – რ. ჭ–ისა და ც. ბ–ის საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: ლ. ფაფიაშვილი

~

ლ. თევზაძე