დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 02.04.2026
საქმის ნომერი
32აგ.-2025
დავის ტიპი
საზედამხედველო
თარიღი
02.04.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საქმე №32აგ-25 თბილისი

ჯ-ი მ., 32აგ-25 2 აპრილი, 2026 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),ნინო სანდოძე, ლევან თევზაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ მ. ჯ-ის საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 19 ნოემბრის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 23 ივნისის განაჩენით:

მ. ჯ-ი - ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე მუხლის პირველი ნაწილით (2016 წლის 10 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) და განესაზღვრა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სისხლისსამართლებრივი დევნის ხანდაზმულობის გამო, მ. ჯ-ი გათავისუფლდა დანიშნული სასჯელისგან.

მ. ჯ-ი ცნობილი იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1511-ე მუხლის პირველი ნაწილით – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა; სსკ-ის 1571-ე მუხლის პირველი ნაწილით – 6 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და მ. ჯ-ს, საბოლოოდ, განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც აეთვალა დაკავების დღიდან – 2021 წლის 11 ოქტომბრიდან.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 25 ივლისის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 23 ივნისის განაჩენი დარჩა უცვლელად.

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 15 მარტის განაჩენით მსჯავრდებულ მ. ჯ-ისა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. კ-ის საკასაციო საჩივრები, ასევე, თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს უფროსი პროკურორის – მარიამ ბერძენიშვილის – საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 25 ივლისის განაჩენი შეიცვალა: მ. ჯ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 157-ე მუხლის პირველი ნაწილით (2016 წლის 10 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) და 1511-ე მუხლის პირველი ნაწილით – 2-2 წლით, 1571-ე მუხლის პირველი ნაწილით კი – 6 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და მ. ჯ-ს, საბოლოოდ, განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც აეთვალა დაკავების დღიდან – 2021 წლის 11 ოქტომბრიდან.

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 11 დეკემბრის განაჩენით მ. ჯ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 366-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ განესაზღვრა 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნული სასჯელიდან ნაწილს – 6 თვით თავისუფლების აღკვეთას – დაემატა წინა, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 15 მარტის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – 2 წლითა და 10 თვით თავისუფლების აღკვეთა და მ. ჯ-ს, საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, განესაზღვრა 3 წლითა და 4 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც აეთვალა განაჩენის მიღების დღიდან.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 26 მარტის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 11 დეკემბრის განაჩენში შევიდა შემდეგი ცვლილება: მ. ჯ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 366-ე მუხლის მეორე ნაწილით და განესაზღვრა 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, შეუმცირდა 1/6-ით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 1 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა წინა, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 15 მარტის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – 1 წლითა და 10 თვით თავისუფლების აღკვეთა და მ. ჯ-ს, განაჩენთა ერთობლიობით, საბოლოოდ, განესაზღვრა 3 წლითა და 1 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც აეთვალა 2024 წლის 11 დეკემბრიდან.

6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 24 ოქტომბრის განჩინებით მსჯავრდებულ მ. ჯ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ რ. ა-ის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი.

7. 2025 წლის 11 ნოემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა მსჯავრდებულმა მ. ჯ-მა, რომელმაც მოითხოვა შუამდგომლობის დასაშვებად ცნობა და მის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანა, ასევე – შუამდგომლობაში მითითებული მტკიცებულებების დაუშვებლად ცნობა.

8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 19 ნოემბრის განჩინებით მსჯავრდებულ მ. ჯ-ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის, მის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენისა და შუამდგომლობაში მითითებული მტკიცებულებების დაუშვებლად ცნობის თაობაზე დაუშვებლად იქნა ცნობილი.

9. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა მ. ჯ-მა, რომელსაც მიაჩნია, რომ გასაჩივრებული განჩინება ვერ პასუხობს საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის „ბ“ და „ზ“ პუნქტების მოთხოვნებს და ითხოვს სამართლიანი გადაწყვეტილების მიღებას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და დაასკვნა, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი ამომწურავად განსაზღვრავს კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს განაჩენის ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადასინჯვის საფუძვლებს და ადგენს, რომ კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს განაჩენის გადასინჯვა დაიშვება მხოლოდ საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლში მითითებული საფუძვლების არსებობის შემთხვევაში.

3. ამდენად, საკასაციო სასამართლო, პირველ რიგში, ამოწმებს საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლის/საფუძვლების არსებობას კანონიერ ძალაში შესული განაჩენის გადასინჯვისათვის. განსახილველ შემთხვევაში სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის „ბ“ პუნქტის შესაბამისად, განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება იმ შემთხვევაში, თუ არსებობს გარემოება, რომელიც მოწმობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის დამდგენი სასამართლოს უკანონო შემადგენლობას ან იმ მტკიცებულების დაუშვებლობას, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს; ამავე მუხლის „ზ“ პუნქტის თანახმად კი – წარდგენილია ახალი ფაქტი ან მტკიცებულება, რომელიც გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს არ იყო ცნობილი და, თავისთავად თუ სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად, ამტკიცებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას ან მის მიერ იმ დანაშაულზე უფრო მსუბუქი ან უფრო მძიმე დანაშაულის ჩადენას, რომლისთვისაც მას მსჯავრი დაედო, აგრეთვე ამტკიცებს გამართლებულის ბრალეულობას ან დანაშაულის იმ პირის მიერ ჩადენას, რომლის მიმართაც სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყვეტილი იყო.

4. საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ მსჯავრდებულ მ. ჯ-ის ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო შუამდგომლობაში მოყვანილი არგუმენტები არ არის შუამდგომლობის დასაშვებად ცნობისა და განაჩენის გადასინჯვის საფუძველი. მსჯავრდებულის მიერ შუამდგომლობაში მითითებული გარემოებები ცნობილი იყო განაჩენის გამომტანი ყველა ინსტანციის სასამართლოსათვის და ისინი ვერ ჩაითვლება ახლად გამოვლენილ გარემოებებად. რაიმე სხვა, ახალი გარემოება, რაც საქმის განხილვის დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი და რაც შუამდგომლობის დასაშვებად ცნობის საფუძველს შექმნიდა, მსჯავრდებულს არ წარმოუდგენია.

5. სასამართლო კვლავაც მიუთითებს, რომ ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო სასამართლოს განაჩენის გადასინჯვის საფუძველია ისეთი ახალი გარემოება, რომელიც განაჩენის დადგენისას ობიექტურად არ იყო ცნობილი და რომელსაც შეუძლია გავლენის მოხდენა პირის მიმართ მიღებული გადაწყვეტილების შედეგზე; ამასთან, მხარეს არ წარმოუდგენია სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენი, რომლითაც დადგინდებოდა იმ მტკიცებულებ(ებ)ის სიყალბე, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს; არც ისეთი გარემოების არსებობა დგინდება, რომლითაც დადასტურდებოდა იმ მტკიცებულებ(ებ)ის დაუშვებლობა, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს. გაურკვეველია, თუ რაში მდგომარეობს მსჯავრდებულის მიერ მითითებული ახალი მტკიცებულების ან ფაქტის არსებობა, ასევე – რა ახალი გარემოებით დადგინდა, რომ მტკიცებულება/მტკიცებულებენი, რომელიც (რომლებიც) საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს, არის დაუშვებელი ან ყალბი. მხარეს სასამართლოსთვის არ მიუწვდია იმ შინაარსის ახალი არგუმენტები თუ დოკუმენტები, მათ შორის, განაჩენი, რომლებიც დაადასტურებდნენ იმ მტკიცებულებათა დაუშვებლობას, რომლებიც საქართველოს უზენაესმა სასამართლომ, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, საკმარისად მიიჩნია მ. ჯ-ის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად.

6. ამასთან, საქმის სამივე ინსტანციის სასამართლოში განხილვისას, დაცვის მხარის ძირითადი არგუმენტები ეფუძნებოდა სწორედ შუამდგომლობაში მითითებულ გარემოებებს, რაც საქმის განხილვის თითოეულ ეტაპზე, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, შეფასდა როგორც დასაშვებობის, ასევე – უტყუარობისა და რელევანტურობის თვალსაზრისით და მათი ურთიერთშეჯერების შედეგად გამოტანილ იქნა სათანადო დასკვნები.

7. ამდენად, ვინაიდან სახეზე არ არის განაჩენის გადასინჯვისათვის კანონმდებლის მიერ სავალდებულოდ დადგენილი ზემოთ ჩამოთვლილი რომელიმე პირობა (არსებობს გარემოება, რომელიც მოწმობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის დამდგენი სასამართლოს უკანონო შემადგენლობას ან იმ მტკიცებულების დაუშვებლობას, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს, ასევე – არ არის წარმოდგენილი ისეთი ახალი ფაქტი ან მტკიცებულება, რომელიც, თავისთავად თუ სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად, ამტკიცებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას ან მის მიერ იმ დანაშაულზე უფრო მსუბუქი ან უფრო მძიმე დანაშაულის ჩადენას, რომლისთვისაც მას მსჯავრი დაედო), იმ მტკიცებულებებისა და გარემოებების შეფასება კი, რომლებიც საქმის არსებითი განხილვისას წარმოდგენილი იყო და რომლებზეც აპელირებდნენ მხარეები, ასევე, სააპელაციო თუ საკასაციო საჩივრის ძირითად მოთხოვნას აფუძნებდნენ სწორედ დასახელებულ გარემოებებზე (რაც სასამართლოს მიერ შეფასებულია კანონის შესაბამისად და მათზე ნამსჯელია დეტალურად), ვერ გახდება ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო შეტანილი შუამდგომლობის დასაშვებად მიჩნევის საფუძველი.

8. ამრიგად, ვინაიდან საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლში განაჩენის ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადასინჯვის საფუძვლები ამომწურავად არის განსაზღვრული, დაუშვებელია, საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლის არარსებობის პირობებში, კანონიერ ძალაში შესული განაჩენის გადასინჯვა იმ საკითხის ხელახალი შეფასების მიზნით, რომლებიც საქართველოს სსსკ-ის თანახმად ფასდება, შესაბამისად, საქმის არსებითი განხილვის დროს, სააპელაციო ან/და საკასაციო წარმოების ფარგლებში (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება N46აგ-19, II-10).

9. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ 2025 წლის 19 ნოემბრის განჩინებით მართებულად ცნო დაუშვებლად მსჯავრდებულ მ. ჯ-ის შუამდგომლობა, ვინაიდან საკასაციო საჩივრით არ დასტურდება საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლში ჩამოთვლილი რომელიმე საფუძვლის არსებობა.

10. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან კასატორი არ უთითებს ისეთ გარემოებაზე, რაც დააკმაყოფილებდა საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლით დადგენილ რომელიმე მოთხოვნას, სასამართლო მოკლებულია საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების შესაძლებლობას. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მსჯავრდებულ მ. ჯ-ის შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის თაობაზე კანონიერია, დასაბუთებულია და არ არსებობს მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი, რის გამოც, იგი უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ მ. ჯ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 19 ნოემბრის განჩინება ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო მსჯავრდებულ მ. ჯ-ის შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის თაობაზე დარჩეს უცვლელად;

3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: ნ. სანდოძე

ლ. თევზაძე