შეიცვალა სასჯელი

სისხლის სამართლის 02.06.2026
საქმის ნომერი
2კ-53აპ.-26
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
02.06.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 080100125010743656

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განაჩენი

საქართველოს სახელით

საქმე №53აპ-26 ქ. თბილისი

ჟ. ჯ., №53აპ-26 2 ივნისი, 2026 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),ლალი ფაფიაშვილი, ლევან თევზაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის უფროსი პროკურორის, ვლადიმერ გეგუჩაძის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 23 სექტემბრის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ჯ. ჟ-მ ჩაიდინა ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. აღნიშნული გამოიხატა შემდეგით:

2024 წლის 24 ნოემბერს, დაახლოებით 22:40 საათზე, ... გამავალ ... საავტომობილო გზის მე-3 კმ-ზე, ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფი ჯ. ჟ., მის მიერ მართული ,,მერსედეს ბენცის" მოდელის, სახელმწიფო ნომრით − ... ავტომობილით ... მიმართულებით მოძრაობისას, გადაჭარბებული სიჩქარით შევიდა მოსახვევში, დაარღვია საგზაო მოძრაობის შესახებ საქართველოს კანონის 21.15, 33.1 და 33.2 მუხლების მოთხოვნები, გადავიდა საპირისპირო სამოძრაო ზოლში და შეეჯახა გ. ჭ-ს მიერ მართულ ,,მერსედეს ბენცის" მოდელის სახელმწიფო ნომრით − ... ავტომობილს. მომხდარი ავტო-საგზაო შემთხვევის შედეგად გ. ჭ---- ადგილზე გარდაიცვალა.

2. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 29 მაისის განაჩენით ჯ. ჟ., − დაბადებული 2--- წელს, − ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით. მასვე 3 (სამი) წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.

გაუქმდა ჯ. ჟ-ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება − პატიმრობა.

ჯ. ჟ-ს სასჯელის მოხდის ვადა აეთვალა − 2024 წლის 25 ნოემბრიდან.

3. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულ ჯ. ჟ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ნ. კ-მ და დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის უფროსმა პროკურორმა, ვლადიმერ გეგუჩაძემ.

ü დაცვის მხარემ სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის შეცვლა ჯ. ჟ-სათვის შეფარდებული სასჯელის ნაწილით, კერძოდ, მის მიმართ საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, დანიშნული სასჯელის 1/3-ის პირობით მსჯავრად ჩათვლა.

ü ბრალდების მხარემ სააპელაციო საჩივრით მოითხოვა ჯ. ჟ-სათვის შეფარდებული სასჯელის დამძიმება.

4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 23 სექტემბრის განაჩენით: მსჯავრდებულ ჯ. ჟ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. კ-ს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს უფროსი პროკურორის, ვლადიმერ გეგუჩაძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 29 მაისის განაჩენი შეიცვალა, კერძოდ:

ჯ. ჟ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე − 4 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა, განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო დარჩენილი − 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა, საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით მსჯავრად, იმავე გამოსაცდელი ვადით;

ჯ. ჟ-ს 3 (სამი) წლის ვადით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება;

გაუქმდა ჯ. ჟ-ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება − პატიმრობა.

ჯ. ჟ-ს სასჯელის მოხდის ვადა აეთვალა დაკავების დღიდან − 2024 წლის 25 ნოემბრიდან.

ჯ. ჟ-ს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევისა და პირობითი მსჯავრის გამოსაცდელი ვადის ათვლა უნდა დაეწყოს სპეციალური პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლების შემდეგ.

სპეციალური პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლების შემდეგ, სსკ-ის 65-ე მუხლის საფუძველზე, ჯ. ჟ-ს დაეკისრა მოვალეობა − პრობაციის სამსახურის ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, ხოლო სსკ-ის 66-ე მუხლის შესაბამისად, კონტროლი მის ყოფა-ქცევაზე და დახმარება დაევალა პრობაციის სამსახურს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 23 სექტემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ. პროკურორი საკასაციო საჩივრით მოითხოვს ჯ. ჟ-სათვის შეფარდებული სასჯელის დამძიმებას. მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი ქმედების სიმძიმის, დაზარალებული მხარის კანონიერი ინტერესისა და გარდაცვლილის სიცოცხლის ხელყოფით გამოწვეული მძიმე შედეგის გათვალისწინებით, ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ სააპელაციო პალატის მიერ ჯ. ჟ-ს მიმართ შეფარდებული სასჯელი, მით უფრო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საშეღავათო დანაწესის გამოყენება, აშკარად ლმობიერია, არ შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების მიღწევას. პროკურორს ასევე მიაჩნია, რომ სააპელაციო პალატამ საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული საშეღავათო წესი კანონდარღვევით გამოიყენა, ვინაიდან მსჯავრდებულს წაასწრეს დანაშაულის ჩადენისას.

6. მსჯავრდებულ ჯ. ჟ-ს ინტერესების დამცველი, ადვოკატი ხ. ხ. საკასაციო საჩივრის შესაგებლით მოითხოვს პროკურორის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობას, ვინაიდან იგი უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია.

7. მსჯავრდებულ ჯ. ჟ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ნ. კ-მ 2026 წლის 1 ივნისს წარმოადგინა საკუთარი მოსაზრება პროკურორის საკასაციო საჩივართან დაკავშირებით, რომლის თანახმად, ადვოკატი მოითხოვს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 23 სექტემბრის განაჩენის უცვლელად დატოვებას, ხოლო პროკურორის საკასაციო საჩივრის არდაკმაყოფილებას, ვინაიდან იგი დაუსაბუთებელია.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, წარმოდგენილი საჩივრის საფუძვლიანობა, გააანალიზა კასატორის საკვანძო არგუმენტები და მიაჩნია, რომ დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის უფროსი პროკურორის, ვლადიმერ გეგუჩაძის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:

2. საკასაციო სასამართლო, პირველ რიგში, აღნიშნავს: მხარეებს არ გაუხდიათ სადავოდ და სასამართლოსაც დადასტურებულად მიაჩნია, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, პრეიუდიციად მიჩნეული, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით, კერძოდ: ლ. ჭ-ს ჩვენებით, ა. წ-ს, გ. ჟ-ს, გ. გ-ს, კ. ქ-ს, ბ. მ-ს გამოკითხვის ოქმებით, დათვალიერებისა და ნიმუშის აღების ოქმებით, ბრალდებულის დაკავების ოქმით, ამოღების ოქმებით, ავტოტექნიკური ექსპერტიზის N.. დასკვნით, ავტო-ტრასოლოგიური ექსპერტიზის N... დასკვნით, სამედიცინო ექსპერტიზის N... დასკვნით, ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის N... დასკვნით, ინფორმაციის გამოთხოვის ოქმით, ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმებითა და საქმეში არსებული სხვა მასალებით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება ჯ. ჟ-ს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.

3. რაც შეეხება მსჯავრდებულ ჯ. ჟ-სათვის შეფარდებული სასჯელის სახესა და ზომას, საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, „სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს. „სასჯელი უნდა იყოს ქმედებით გამოწვევად საფრთხესთან გონივრულ პროპორციაში ... სასჯელის დაკისრება უნდა მოხდეს დანაშაულის ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის N1/4/592 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-38). მართლმსაჯულების განხორციელება და სასჯელის სამართლიანობა, პირველ რიგში, მსჯავრდებულისთვის ჩადენილი ქმედების და მისი პიროვნების ადეკვატური სასჯელის დანიშვნას გულისხმობს. სასჯელი არ უნდა იყოს არც ზედმეტად მკაცრი და არც ზედმეტად ლმობიერი იმისათვის, რომ მიღწეული იქნეს სასჯელის მიზნები (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 11 ივლისის N1/7/851 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე იმედა ხახუტაიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-7).

4. საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით – მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზნებია: სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.

5. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ რესოციალიზაციის მიზანი გულისხმობს სასჯელის მეშვეობით საზოგადოებაში საყოველთაოდ აღიარებული თანაცხოვრების წესებისადმი დამნაშავის შეგუებას, ამისათვის შესაბამისი პირობების შექმნის გზით, როგორც საპატიმრო დაწესებულებაში, ასევე, არასაპატიმრო სასჯელის შეფარდებისას, თავისუფლებაში ყოფნის პირობებში; ახალი დანაშაულის თავიდან აცილება კი ხორციელდება სპეციალური და ზოგადი პრევენციის ფარგლებში, სადაც სპეციალური პრევენცია მიმართულია რეციდივის წინააღმდეგ, რათა დამნაშავეს მოესპოს ახალი დანაშაულის ჩადენის შესაძლებლობა ან მოხდეს მათი მინიმალიზება. ზოგადი პრევენცია კი გულისხმობს დანაშაულის ჩადენის ყველა პოტენციური მსურველისათვის იმის დემონსტრირებას, თუ რა შეიძლება მათ ელოდეთ ანალოგიური ქმედების ჩადენის შემთხვევაში (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“). ერთის მხრივ, სასჯელის სახემ და ზომამ დაუსჯელობის განცდა არ უნდა გამოიწვიოს, ხოლო, მეორე მხრივ, მსჯავრდებულს და საზოგადოებას არ უნდა გაუჩინოს განცდა, რომ სასჯელის მიზანს ადამიანის პირადი დასჯა და ტანჯვა წარმოადგენს.

6. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული, რომლის ფარგლებშიც ჯ. ჟ-ს შეეფარდა სასჯელი, ისჯება თავისუფლების აღკვეთით 6-დან 9 წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით 3 წლამდე. გასაჩივრებული განაჩენით, ჯ. ჟ-ს სასჯელის სახით შეფარდებული აქვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-7 ნაწილის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალური ზომა − 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე − 4 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა, განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო დარჩენილი − 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა, საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით მსჯავრად, იმავე გამოსაცდელი ვადით. მასვე 3 (სამი) წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.

7. საკასაციო სასამართლო თავდაპირველად აღნიშნავს, რომ არ იზიარებს პროკურორის არგუმენტს, რომლის მიხედვით, მოცემულ საქმეში საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენება დაუშვებელი იყო იმ კანონისმიერი საფუძვლითაც, რომ მსჯავრდებულს დანაშაულის ჩადენისთანავე „წაასწრეს“. საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-7 ნაწილი გათვალისწინებული ქმედება − მძიმე კატეგორიის გაუფრთხილებელი დანაშაულია. სააპელაციო სასამართლომ საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკის შესაბამისად (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება N 51აპ-20 საქმეზე, &8), დასაბუთებულად მიუთითა, რომ გაუფრთხილებლობით ჩადენილი მძიმე კატეგორიის დანაშაულისათვის, რომლისთვისაც სსკ-ის 63-ე მუხლი განსაკუთრებულ საშეღავათო პირობებს აწესებს, არარელევანტურია სსკ-ის 50-ე მუხლის იმ დანაწესის გამოყენების შეზღუდვა სადაც საუბარია დანაშაულის ჩადენისას წასწრებაზე, მით უფრო, ისეთი სახის გაუფრთხილებელი დანაშაულისათვის, როგორიცაა საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედება. ამ შემთხვევაში საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული ზემოხსენებული შეზღუდვის გამოყენება (დანაშაულის ჩადენისას ან ჩადენისთანავე წასწრება) არ შეესაბამება სამართლიანობის ზოგად პრინციპებს და აუარესებს მსჯავრდებულის სამართლებრივ მდგომარეობას.

8. აღნიშნულზე დაყრდნობით, საკასაციო სასამართლო არ ეთანხმება პროკურორის მოსაზრებას, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენების შესაძლებლობა, გამოირიცხებოდა დანაშაულზე „წასწრების“ მოტივით, მაგრამ მითითებული არ ნიშნავს, რომ ამ საშეღავათო დანაწესის გამოყენება ყველა შემთხვევაში სავალდებულოა, თუნდაც ფორმალურად არსებობდეს მისი გამოყენების წინაპირობები. დასახელებული ნორმა სასამართლოს ანიჭებს უფლებამოსილებას, და არა ვალდებულებას, რომ სასჯელის ნაწილი განსაზღვროს რეალურად მოსახდელად, ხოლო დანარჩენი ნაწილი პირობითი მსჯავრით შეცვალოს. საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული შეღავათის გავრცელების მიზანშეწონილობა, უნდა შეფასდეს ყოველი საქმის ინდივიდუალური, ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე.

9. მსჯავრდებულ ჯ. ჟ-სათვის შეფარდებული სასჯელის სამართლიანობის შეფასებისას, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მის მიმართ 6 წლით თავისუფლების აღკვეთის გამოყენება, არის ის მინიმალური, მაგრამ პროპორციული სასჯელი, რომელიც ერთდროულად ითვალისწინებს მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებს, მის პიროვნებას, ჩადენილი ქმედების სიმძიმეს, საზოგადოებრივ საშიშროებასა და დამდგარ მძიმე შედეგს. მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალების შესწავლის შედეგად, უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნის აუცილებლობა არ იკვეთება, ვინაიდან მსჯავრდებულის მიმართ განსაზღვრული სანქციის მინიმუმი, მისი პიროვნებისა და პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებით, სრულად შეესაბამება სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო პრინციპებსა და ინდივიდუალიზაციის მოთხოვნას, თუმცა სასჯელის დამატებით შემსუბუქება პირობითი მსჯავრის ნაწილობრივ გამოყენებით, საკასაციო სასამართლოს არასამართლიანად მიაჩნია, შემდეგ გარემოებათა გამო:

10. სააპელაციო სასამართლომ სასჯელის შეფარდებისას, მართებულად გაითვალისწინა მსჯავრდებულის სასარგებლოდ არსებული გარემოებები, კერძოდ: ჯ. ჟ. წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა, მან აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, ითანამშრომლა გამოძიებასთან და სადავოდ არ გახადა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, მაგრამ, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ აღნიშნული გარემოებები, ჩადენილი ქმედების სიმძიმის, მისი საზოგადოებრივი საშიშროების, დანაშაულის ჩადენის ვითარებისა და დამდგარი მძიმე შედეგის სათანადო შეფასების გარეშე, საკმარისი არ არის დანიშნული სასჯელის ნაწილის პირობითი მსჯავრით შესაცვლელად.

11. საქმის მასალებით, მათ შორის − შემთხვევის ამსახველი ვიდეოჩანაწერით, დგინდება, რომ მსჯავრდებული სატრანსპორტო საშუალებას მართავდა ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ, იგი მოსახვევში შევიდა გადაჭარბებული სიჩქარითა და საგზაო მოძრაობის წესების უხეში დარღვევით, გადავიდა საპირისპირო სამოძრაო ზოლში და შეეჯახა შემხვედრ ავტომობილს, რასაც მოჰყვა მძიმე შედეგი − ადამიანის ადგილზე გარდაცვალება. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს იმ გარემოებასაც, რომ ჩადენილია მძიმე კატეგორიის დანაშაული. ამასთან, საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს არა მსჯავრდებულის ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ ყოფნაზე, როგორც პასუხისმგებლობის დამოუკიდებელ დამამძიმებელ გარემოებაზე, არამედ − დანაშაულის ჩადენის მთლიან ვითარებასა და კონტექსტზე. ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ სატრანსპორტო საშუალების მართვა, უკვე მოიცავს ჯ. ჟ-სათვის მსჯავრად შერაცხილი ქმედების მაკვალიფიცირებელ ნიშანს და, შესაბამისად, იგი დამოუკიდებლად ვერ იქნება გამოყენებული სასჯელის დამძიმების საფუძვლად. ამავე დროს, სააპელაციო პალატის შეფასება, რომ მსჯავრდებულის მიმართ, წარსულში არ იკვეთება ისეთი გარემოებები, რაც გარკვეულწილად, მას როგორც არაკეთილსინდისიერ მძღოლად დაახასიათებდა, არ შეესაბამება საქმის მასალებს, კერძოდ, ჯ. ჟ-ს ადმინისტრაციული შემოწმების მონაცემებით, დგინდება, რომ დანაშაულის ჩადენამდე − 2024 წლის 24 ნოემბრამდე, წლის განმავლობაში, მსჯავრდებულს უფიქსირდებოდა საგზაო მოძრაობის წესების დარღვევასთან დაკავშირებული სამი ადმინისტრაციული სამართალდარღვევა: 2024 წლის 21 ივლისს – სატრანსპორტო საშუალების მართვისას მობილური ტელეფონით სარგებლობა; 2024 წლის 28 აგვისტოს – მძღოლის მიერ ქვეითთა მიმართ მოძრაობის წესების დარღვევა და იმავე წლის 21 ოქტომბერს – ავტომანქანის გადაჭარბებული სიჩქარით მართვა. აღნიშნული ადმინისტრაციული სამართალდარღვევები, მათი ხასიათისა და ჩადენის დროის გათვალისწინებით, დამატებით მეტყველებს მსჯავრდებულის მიერ სატრანსპორტო საშუალების მართვისას, საგზაო მოძრაობის წესებისადმი ზერელე და დაუდევარ დამოკიდებულებაზე.

12. ამდენად, დანაშაულის ჩადენის ზემოჩამოთვლილი ფაქტობრივი გარემოებები და ვითარება, ერთობლივად მიუთითებს ქმედების საზოგადოებრივი საშიშროების მაღალ ხარისხზე. ასეთ პირობებში, დანიშნული მინიმალური სასჯელის დამატებით შემსუბუქება მისი ნაწილის პირობით მსჯავრად ჩათვლით, ვერ იქნება მიჩნეული მსჯავრდებულის პიროვნებისა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის პროპორციული.

13. აღნიშნულზე დაყრდნობით, სააპელაციო სასამართლოს განაჩენი უნდა შეიცვალოს სასჯელის ნაწილით, კერძოდ: ჯ. ჟ-ს საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით დანიშნული 6 წლით თავისუფლების აღკვეთა უნდა განესაზღვროს სრულად პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით 2 წლით თავისუფლების აღკვეთის პირობით მსჯავრად ჩათვლის ნაწილი − გაუქმდეს. სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების 3 წლით ჩამორთმევის ნაწილით, განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.

14. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის უფროსი პროკურორის, ვლადიმერ გეგუჩაძის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, ხოლო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 23 სექტემბრის განაჩენი უნდა შეიცვალოს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, 308-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის უფროსი პროკურორის, ვლადიმერ გეგუჩაძის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 23 სექტემბრის განაჩენი შეიცვალოს:

3. ჯ. ჟ. ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 6 (ექვსი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

4. ჯ. ჟ-ს 3 (სამი) წლით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.

5. ჯ. ჟ-ს სასჯელის მოხდის ვადა აეთვალოს − 2024 წლის 25 ნოემბრიდან.

6. ჯ. ჟ-ს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევის ვადა აეთვალოს სპეციალური პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლების შემდეგ.

7. ცნობად იქნეს მიღებული, რომ ჯ. ჟ-ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა, გაუქმებულია.

8. ნივთიერი მტკიცებულებები:

ჯ. ჟ-ს სისხლის ნიმუში და ა. წ-ს სისხლის ნიმუში – განადგურდეს;

მეხსიერების ბარათი; ,,მერსედეს ბენცის” მარკის ავტომანქანები და ,,აიფონის” ფირმის მობილური ტელეფონი, დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელებს ან მათი ნდობით აღჭურვილ პირებს;

ა. წ-ს სამედიცინო დოკუმენტაცია; ჯ. ჟ-ს სამედიცინო

დოკუმენტაცია; ლ. ჭ-ს სამედიცინო დოკუმენტაცია, სამხრე კამერისა და შემთხვევის ამსახველი ვიდეოჩანაწერები, რომლებიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ იქნეს საქმესთან ერთად, საქმის შენახვის ვადით.

9. განაჩენი საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: ლ. ფაფიაშვილი

ლ. თევზაძე