საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 30.06.2026
საქმის ნომერი
2კ-73აპ.-26
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
30.06.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010100124008694847

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №73აპ-26 ქ. თბილისი

დ-ნი ა, 73აპ-26 30 ივნისი, 2026 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, ნინო სანდოძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 28 ოქტომბრის განაჩენზე ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ დემეტრე ზუბაშვილისა და მსჯავრდებულ ა. დ-ის ინტერესების დამცველი ადვოკატების - პ. ბ-ისა და მ. მ-ის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

1.1. ა. დ-ს, - დაბადებულს .. წლის ... სექტემბერს, - ბრალად ედება ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ბინაში უკანონო შეღწევით, დიდი ოდენობით; მარიხუანის უკანონო შეძენა, შენახვა, რაც გამოიხატა შემდეგში:

· 2023 წლის 30 სექტემბერს, შუადღის საათებში, ქ. ბ-ში, ... ქუჩის N...-ში, ბინა N....-ში, უკანონო შეღწევით, ა. დ-ნი, ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დაეუფლა ა. კ-ის კუთვნილ ბეჭედს, ი. ჩ-ის კუთვნილ ოქროს ნივთებსა და ფულად თანხას, რის შედეგადაც, ა. კ-ეს მიადგა 16000 ლარის, ხოლო ი. ჩ-ეს - 10 900 ლარის დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი.

· ა. დ-მა, გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში უკანონოდ შეიძინა და ინახავდა ნარკოტიკულ საშუალება - 18,34 გრამი გამომშრალი მარიხუანა, რაც 2023 წლის 16 ნოემბერს, 12:50 საათიდან 13:55 საათამდე დროის პერიოდში, ქ. ბ-ში, ლ. ა-ის ქუჩის N..., ბინა ....-ში მდებარე მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად ამოიღეს პოლიციის თანამშრომლებმა.

2. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 12 სექტემბრის განაჩენით:

2.1. ა. დ-ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტზე.

2.2. ა. დ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და მე-3 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტებით - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, 2731-ე მუხლის მე-2 ნაწილით - ჯარიმა 4000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ, ა. დ-ს, სასჯელის ზომად განესაზღვრა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2023 წლის 29 დეკემბრიდან.

2.3. მასვე ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად 5 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის, საადვოკატო საქმიანობის, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმიანობის, საჯარო სამსახურში საქმიანობის, პასიური საარჩევნო და იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვის და ტარების უფლებები, ხოლო 10 წლით - საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.

3. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი:

· 2023 წლის 30 სექტემბერს, შუადღის საათებში, ქ. ბ-ში, ... ქუჩის N..-ში, ბინა N...-ში უკანონო შეღწევით ა. დ-ნი, ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დაეუფლა ა. კ-ის კუთვნილ ბეჭედს, ი. ჩ-ის კუთვნილ ოქროს ნივთებსა და ფულად თანხას, რის შედეგადაც ა. კ-ესა და ი. ჩ-ეს მიადგათ მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.

· ა. დ-მა, გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, უკანონოდ შეიძინა და ინახავდა 18,34 გრამ ნარკოტიკულ საშუალება გამომშრალ მარიხუანას, რაც 2023 წლის 16 ნოემბერს, 12:50 საათიდან 13:55 საათამდე დროის პერიოდში, ქ. ბ-ში, ლ. ა-ის ქუჩის N..., ბინა ...-ში მდებარე მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად ამოიღეს პოლიციის თანამშრომლებმა.

4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 28 ოქტომბრის განაჩენით:

4.1. ბრალდებისა და დაცვის მხარეების სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 12 სექტემბრის განაჩენში შევიდა ცვლილება, კერძოდ:

4.2. ა. დ-ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტზე.

4.3. ა. დ-ნი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და მე-3 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტებით - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ,,ამნისტიის შესახებ’’ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, შეუმცირდა 1/6-ით და განესაზღვრა 3 წლითა და 4 თვით თავისუფლების აღკვეთა, 2731-ე მუხლის მე-2 ნაწილით - ჯარიმა 4000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ, ა. დ-ს, სასჯელის ზომად განესაზღვრა 3 წლითა და 4 თვით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2023 წლის 29 დეკემბრიდან.

4.4. მასვე ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის შესაბამისად, 5 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის, საადვოკატო საქმიანობის, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმიანობის, საჯარო სამსახურში საქმიანობის, პასიური საარჩევნო და იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვის და ტარების უფლებები, ხოლო 10 წლით - საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.

5. კასატორმა - ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორმა დემეტრე ზუბაშვილმა საკასაციო საჩივრით მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 28 ოქტომბრის განაჩენის გაუქმება, ა. დ-ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ’’ და მე-4 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტებით, 2731-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და უმკაცრესი სასჯელის შეფარდება.

5.1. კასატორმა - მსჯავრდებულ ა. დ-ის ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა - პ. ბ-მ და მ. მ-მ საკასაციო საჩივრით მოითხოვეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 28 ოქტომბრის განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ: ა. დ-ის გამართლება საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და მე-3 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში.

6. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

6.1. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მხარის საჩივარს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა ფარგლებში განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია იგი.

7. მოცემულ შემთხვევაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს დაცვისა და ბრალდების მხარეებმა, კერძოდ, დაცვის მხარე ითხოვს საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და მე-3 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში ა. დ-ის გაართლებას, ხოლო ბრალდების მხარე - მის დამნაშავედ ცნობას სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ’’ და მე-4 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტებით და უმკაცრესი სასჯელის განსაზღვრას.

8. ამდენად, მხარეებს შორის დავის საგანი არ არის საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულში ა. დ-ის მსჯავრდება. შესაბამისად, არ არსებობს აღნიშნულ ნაწილში გასაჩივრებული განაჩენის გადასინჯვის საფუძველი.

9. საკასაციო სასამართლო ეთანხმება გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ არის საკმარისი ა. დ-ის, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ’’ და მე-4 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტებით დამნაშავედ ცნობისა და შესაბამისად, კვალიფიკაციის შეცვლისათვის.

10. საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის შენიშვნის პირველი ნაწილის თანახმად, კოდექსის ამ თავში (იგულისხმება დანაშაული საკუთრების წინააღმდეგ) დიდ ოდენობად ითვლება ნივთის (ნივთების) ღირებულება 10 000 ლარს ზევით.

11. საკასაციო სასამართლო უთითებს, რომ ,,დიდი ოდენობა“ წარმოადგენს ქურდობის ერთ-ერთ მაკვალიფიცირებელ ნაწილს, რაც გულისხმობს იმას, რომ პირის ზემოხსენებული ქვეპუნქტით დასჯისათვის გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტით უნდა დასტურდებოდეს არამხოლოდ ქურდობის შემადგენლობა, არამედ მისი ყოველი მაკვალიფიცირებელი გარემოებაც. როდესაც საკასაციო სასამართლო მსჯელობს ზიანის კონკრეტულ მოცულობაზე და მას აფასებს, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები კუმულატიურად უნდა იყოს: აშკარა, დამაჯერებელი და ერთმანეთთან შეთანხმებული. თუ წარმოდგენილი მტკიცებულება არ აკონკრეტებს ნივთის (ნივთების) ღირებულებას, არის ზოგადი ხასიათის, დაახლოებითი ფასით გამოხატული, არაზუსტად გამოთვლილი, უნდა შეივსოს სხვა, უტყუარი სახის მტკიცებულებით (მაგალითად, ექსპერტიზის დასკვნით, კომპეტენტური ორგანოს მიერ გაცემული შესაბამისი ცნობით), რომელიც ღიად არ დატოვებს მნიშვნელოვანი სახის კითხვებს ზიანის კონკრეტულ მოცულობასთან მიმართებით.

12. ამ შემთხვევაში, მართალია, ორივე მოწმე ერთობლივად უთითებს, რომ ზიანის

ოდენობა ა. კ-ის ნაწილში 16000 ლარი, ხოლო ი. ჩ-ის ნაწილში - 10900 ლარი მაინც არის და ჩამოთვლის ოქროს სხვადასხვა ნაკეთობას, თუმცა, გასათვალისწინებელია, რომ ეს ფასი არის მიახლოებითი, ვინაიდან, სხვა რაიმე სახის მტკიცებულება ამ ნივთების ცალკეული ფორმით შეფასების მხრივ საქმეში არ წარმოდგენილა. მოწმე, შესაძლოა, ასახელებდეს ზიანის კონკრეტულ მოცულობას, მაგრამ შესაფასებელია სწორედ ის საკითხი, თუ რას ეყრდნობა მოწმის ხსნებული გამოთვლა. ესე იგი, სასამართლოს ინტერესის საგანს წარმოადგენს ის გარემოება, თუ რა კონკრეტულ ფაქტებზე დაყრდნობით დაასკვნა მოწმემ, რომ ზიანი შეადგენს სწორედ მის მიერ დასახელებულ ოდენობას და არა მასზე მეტს, ან - ნაკლებს.

13. ამდენად, განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს შემდეგ გარემოებებს: მოპარული ნივთები ამოღებული არ ყოფილა; სასამართლოსათვის უცნობია ცალკეულ ნაკეთობათა ხარისხი, კონკრეტული სინჯი, წონა, მათი ცვეთა, შესაბამისი დროის გათვალისწინებით და ნაკლის შესაძლო არსებობის საკითხი; ნაკეთობათა ფასთან დაკავშირებული სხვა, უტყუარი სახის მტკიცებულება საქმეში წარმოდგენილი არ არის.

14. ყველა ზემოხსენებული გარემოება კი ერთობლივად პირდაპირ უკავშირდება - კონკრეტული ნივთის ზუსტ ფასს, ხოლო, საბოლოოდ, ნაკეთობათა ჯამურ ღირებულებას.

15. რაც შეეხება დაზარალებულ ი. ჩ-ის მიერ ჩვენების მიცემისას მითითებულ გარემოებას, რომ, საჭიროების შემთხვევაში, იგი ოქროს ნივთებს აბარებდა ლომბარდში, ყველაში ერთად მას აძლევდნენ 3800 ლარს და განუმარტავდნენ, რომ ეს იყო ამ ოქროს ნივთების ნამდვილი ღირებულების მესამედი, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქმეში არ არის წარმოდგენილი ლომბარდში ნივთების ჩაბარების დამადასტურებელი ქვითარი.

16. მაშასადამე, მოცემულ შემთხვევაში, დიდი ოდენობის დამადასტურებელი მტკიცებულებები (მოწმეთა ჩვენებები) არ შეეხება ცალ-ცალკე ნივთთა კონკრეტულ ღირებულებას, ხოლო ზოგადი ფორმით დასახელებული ჯამური თანხა, აშკარა ფორმით გამოთვლისა და სხვა მტკიცებულებით გამყარების გარეშე, არასაკმარისია ხსენებული მაკვალიფიცირებელი გარემოებით პირის მსჯავრდებისათვის.

17. უტყუარობის კონსტიტუციური პრინციპი მოითხოვს არა მხოლოდ იმას, რომ გამამტყუნებელი განაჩენი უტყუარ (სანდო, გაუყალბებელ) მტკიცებულებებს ეფუძნებოდეს, არამედ იმასაც, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით ეჭვგარეშე დასტურდებოდეს პირის ბრალეულობა დანაშაულის ჩადენაში (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 25 დეკემბრის N2/2/1276 გადაწყვეტილება „გიორგი ქებურია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-77). „ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში... დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-41-43).

18. ამდენად, სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებების გათვალისწინებით, სასამართლო მოკლებულია ბრალდების მხარის მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივ საფუძველს.

19. უსაფუძვლოა დაცვის მოთხოვნა ა. დ-ის უდანაშაულოდ ცნობის შესახებ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, ვინაიდან სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები (მათ შორის: დაზარალებულების - ა. კ-ისა და ი. ჩ-ის ჩვენებები, მოწმეების - პ. კ-ის, გ. ქ-ის, ი. თ-ისა და სხვათა ჩვენებები, გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათი, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, ბინის ჩხრეკის ოქმი, საქართველოს შს სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ტრასოლოგიური ექსპერტიზის N... დასკვნა, დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის N.... დასკვნა, ოდოროლოგიური ექსპერტიზის N... დასკვნა და სხვა მტკიცებულებები) გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს ა. დ-ის მიერ მისთვის მსჯავრადშერაცხილი დანაშაულის ჩადენას.

20. საკასაციო სასამართლო სასჯელის სამართლიანობასთან მიმართებით აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრული სასჯელის ზომა შეესაბამება სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს. სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა სასჯელის დანიშვნის როგორც ზოგადსავალდებულო გარემოებები და პირის ინდივიდუალური მახასიათებლები, ასევე - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობანი და მსჯავრდებულ ა. დ-ს განუსაზღვრა სამართლიანი სასჯელი, რომლის შეცვლის საფუძველი არ არსებობს.

21. „ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს შიდასახელმწიფოებრივ სასამართლოებს საკმარისი სიზუსტით აჩვენონ თავიანთი გადაწყვეტილებების მიზეზები (იხ. Taxquet v. Belgium [GC],no. 926/05, par. 91, ECtHR,16/11/2010, Nikolay Genov v. Bulgaria, no.7202/09, par. 27, ECtHR,13/07/2017). გადაწყვეტილების მიზეზების წარმოდგენის ვალდებულების მოცულობა განსხვავდება გადაწყვეტილების ბუნების მიხედვით და უნდა განისაზღვროს საქმის გარემოებებიდან გამომდინარე“ (Rostomashvili v. Georgia, no.13185/07, par. 55, ECtHR, 8/11/2018; იხ. Ruiz Torija v. Spain, no. 18390/91, par. 29, ECtHR, 9/12/1994; Moreira Ferreira v. Portugal (no. 2) [GC], no.19867/12, par. 84, ECtHR,11/07/2017). „როდესაც საკასაციო სასამართლო დაუშვებლად ცნობს საქმეს სამართლებრივი საფუძვლების არარსებობის გამო, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები" (Kuparadze v. Georgia, no. 30743/09, par. 76, ECtHR, 21/09/2017; იხ. Jaczkó v. Hungary, no. 40109/03, par. 29, ECtHR 18/07/2006; ).

22. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი მოთხოვნა, საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

23. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ დემეტრე ზუბაშვილისა და მსჯავრდებულ ა. დ-ის ინტერესების დამცველი ადვოკატების - პ. ბ-ისა და მ. მ-ის საკასაციო საჩივრები ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 28 ოქტომბრის განაჩენზე;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. თევზაძე

მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი

ნ. სანდოძე