დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 15.06.2026
საქმის ნომერი
2კ-31-I-26
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
15.06.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

№31I-26 15 ივნისი, 2026 წელი

ს. მ., №31I-26 თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის

საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, ლევან თევზაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – მ. ს-ასა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ. თ-ას საკასაციო საჩივრები თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2026 წლის 29 მაისის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. მ. ს-ას მიმართ რ-ის ფ-აში განხორციელებული სისხლისსამართლებრივი პროცედურები და ფაქტობრივი გარემოებები:

1.1. რ-ის ფ-ის ქ. მ-ის პ-ის რაიონული სასამართლოს მოსამართლის 2019 წლის 28 მარტის განჩინებით მ. ს-ას მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებულ იქნა პატიმრობა რ-ის ფ-ის სისხლის სამართლის კოდექსის 30-ე მუხლის მე-3 ნაწილით და 290-ე მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის შესაძლო ჩადენისათვის (ქრთამის მიღების მცდელობა, ჩადენილი დამამძიმებელ გარემოებებში), რაც გამოიხატა შემდეგით:

1.2. 2017 წლის 27 დეკემბრიდან 2018 წლის 29 მარტამდე პერიოდში, რ-ის ფ-ის ტერიტორიაზე, შუამავლების - ა. ქ-ს, გ. ა-ის და ზ. ფ-ას დახმარებით, მ-ის საგამოძიებო განყოფილების გამომძიებელმა მ. ს-ამ აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის - შინა პატიმრობით შეცვლის სანაცვლოდ ა. ს-ს მოსთხოვა ქრთამი 150000000 რუსული რუბლის ოდენობით (დაახლოებით 5900000 ლარი). 2018 წლის 29 მარტს ზ.ფ-ა დაკავებულ იქნა ა.ს-ისგან ქრთამის მიღების დროს.

1.3. 2019 წლის 12 მარტის დადგენილებით, მ. ს-ას მიმართ გამოცხადდა საერთაშორისო ძებნა.

2. მ. ს-ას მიმართ საქართველოში განხორციელებული პროცედურები:

2.1. 2022 წლის 19 აგვისტოს საქართველოს გენერალურ პროკურატურაში მიღებულ იქნა მ.ს-ას ექსტრადიციის თაობაზე რ-ის ფ-ის კომპეტენტური ორგანოების შუამდგომლობა და შესაბამისი თანდართული დოკუმენტები;

2.2. 2025 წლის 20 ოქტომბერს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა საქართველოს ტერიტორიაზე დააკავეს რ-ის ფ-ის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი მ. ს-ა;

2.3. 2025 წლის 21 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მოსამართლის განჩინებით, მ. ს-ას შეეფარდა საექსტრადიციო პატიმრობა 3 თვის ვადით;

2.4. 2025 წლის 28 ოქტომბერს თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის მოსამართლის განჩინებით, დაუშვებლად იქნა ცნობილი მ. ს-ასა და მისი ადვოკატის საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინების გაუქმების თაობაზე;

2.5. 2026 წლის 16 იანვარს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მოსამართლის განჩინებით, მ. ს-ას მიმართ შეფარდებული საექსტრადიციო პატიმრობის ვადა გაგრძელდა 3 თვით, 6 თვემდე - 2026 წლის 21 აპრილამდე;

2.6. 2026 წლის 21 იანვარს და 13 თებერვალს თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის მოსამართლის განჩინებებით, დაუშვებლად იქნა ცნობილი მ.ს-ას და მისი ადვოკატის საჩივრები მ. ს-ას მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეცვლასთან დაკავშირებით;

2.7. 2026 წლის 2 თებერვალს საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ რ-ის ფ-იდან გამოთხოვილ იქნა დამატებითი გარანტიები მ. ს-ას რ-ის ფ-აში ექსტრადიციასთან დაკავშირებით. აღნიშნული გარანტიები საქართველოს გენერალურ პროკურატურაში წარმოდგენილ იქნა 2026 წლის 31 მარტს;

2.8. 2026 წლის 17 აპრილს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მოსამართლის განჩინებით, მ. ს-ას მიმართ შეფარდებული საექსტრადიციო პატიმრობის ვადა გაგრძელდა 3 თვით, 9 თვემდე - 2026 წლის 21 ივლისამდე;

2.9. 2026 წლის 29 აპრილს თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის მოსამართლის განჩინებით, დაუშვებლად იქნა ცნობილი მ.ს-ასა და მისი ადვოკატის საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინების გაუქმების თაობაზე;

2.10. ამჟამად მ.ს-ა მოთავსებულია სპეციალური პენიტენციური სამსახურის №- პენიტენციურ დაწესებულებაში.

2.11. 2026 წლის 29 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიას შუამდგომლობით მიმართა საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორმა ნანიკო ზაზუნაშვილმა და მოითხოვა დასაშვებად იქნეს ცნობილი მ. ს-ას რ-ის ფ-აში ექსტრადიცია მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების მიზნით, რ-ის ფ-ის ქ.მ-ის პ-ის რაიონული სასამართლოს მოსამართლის 2019 წლის 28 მარტის განჩინებაში მითითებული რ-ის ფ-ის სისხლის სამართლის კოდექსის 30-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 290-ე მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის (ქრთამის მიღების მცდელობა, ჩადენილი დამამძიმებელ გარემოებებში) შესაძლო ჩადენისათვის.

2.12. სასამართლო სხდომაზე პროკურორმა ნანიკო ზაზუნაშვილმა მხარი დაუჭირა შუამდგომლობას და მოითხოვა მისი დაკმაყოფილება. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირი – მ. ს-ა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატი –დ. თ-ა არ დაეთანხმნენ პროკურორის შუამდგომლობას.

2.13. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2026 წლის 29 მაისის განჩინებით საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორ ნანიკო ზაზუნაშვილის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და დასაშვებად იქნა ცნობილი მ. ს-ას რ-ის ფ-აში ექსტრადიცია, მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების მიზნით რ-ის ფ-ის ქ. მ-ის პ-ის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 28 მარტის განჩინებაში მითითებული, რ-ის ფ-ის სისხლის სამართლის კოდექსის 30-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 290-ე მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის (ქრთამის მიღების მცდელობა, ჩადენილი დამამძიმებელ გარემოებებში) შესაძლო ჩადენისათვის.

2.14. 2026 წლის 1 ივნისს, ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – მ. ს-ას ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა დ. თ-ამ საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2026 წლის 29 მაისის განჩინების გაუქმება. განჩინება ასევე გაასაჩივრა ექსტრადიციას დაქვემდებარებულმა პირმა მ. ს-ამ.

3. კასატორების პოზიცია:

3.1. კასატორების პოზიციით, გასაჩივრებული განჩინება უკანონოა, რადგან მ. ს-ა საქართველოს ტერიტორიაზე შემოვიდა და იმყოფებოდა ოფიციალურად, რაც ადასტურებს, რომ მისთვის არ იყო ცნობილი სისხლისსამართლებრივი დევნის თაობაზე. იგი საქართველოში იმყოფება არა მიმალვის, არამედ თავშესაფრის მოპოვების მიზნით, რადგან მას თავის ქვეყანაში დევნიან, ხოლო მისი ოჯახის წევრებს ემუქრებათ საფრთხე. შესაბამისად, ვინაიდან არსებობს, მ. ს-ას მიმართ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 და მე-6 მუხლების დარღვევის საფრთხე უნდა გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2026 წლის 29 მაისის განჩინება. ამასთან თავად მ. ს-ა მიუთითებს, რომ საქმის მასალებში განთავსებულია მისი აღიარებითი ჩვენება, რაც ფალსიფიცირებულია, რადგან ხელმოწერა მას არ ეკუთვნის. მისი ექსტრადიციის შემთხვევაში აღნიშნული გამოყენებული იქნება მასზე ზეწოლის განსახორციელებად.

4. პოზიცია საკასაციო საჩივარზე:

4.1. დაცვის მხარის საკასაციო საჩივარზე საქართველოს გენერალური პროკურატურის სამმართველოს პროკურორმა ნანიკო ზაზაუნაშვილმა წარმოადგინა პოზიცია და მოითხოვა მ. ს-ას მიმართ გამოტანილი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2026 წლის 29 მაისის განჩინების უცვლელად დატოვება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. სასამართლომ შეისწავლა წარმოდგენილი საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრების საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრების მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

2. სასამართლო სრულად იზიარებს გასაჩივრებული განჩინების მოტივაციას და მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ექსტრადიციის დამაბრკოლებელი გარემოებები, კერძოდ: დაცულია ორმაგი დანაშაულებრიობის, პარალელური წარმოების აკრძალვისა და ორმაგი დასჯის აკრძალვის პრინციპები, ხანდაზმულობის ვადა, მოქალაქეობისა და ლტოლვილობის შესახებ წესები და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნები.

3. რ-ის ფ-ის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი მ. ს-ა საქართველოს სამართალდამცავმა ორგანოებმა დააკავეს 2025 წლის 20 ოქტომბერს. წარმოდგენილი საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ როგორც დაკავებისას, ისე საექსტრადიციო პატიმრობაში ყოფნის პერიოდში მის მიმართ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და საერთაშორისო ხელშეკრულებებით საქართველოს მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულებები არ დარღვეულა.

4. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან მიღებული მონაცემებით დასტურდება, რომ მ. ს-ა არ ითვლება საქართველოს მოქალაქედ. ამასთან, ხსენებული პირი არ ითვლება აგრეთვე საქართველოში მუდმივად მცხოვრებ მოქალაქეობის არმქონე პირად, ვინაიდან იგი არის რ-ის ფ-ის მოქალაქე.

5. ლტოლვილთა სტატუსის შესახებ 1951 წლის ჟენევის კონვენციის 33-ე მუხლისა და სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ექსტრადიცია არ დაიშვება, თუ პირს მიცემული აქვს პოლიტიკური თავშესაფარი ან თუ იგი საქართველოში საერთაშორისო დაცვის მქონე პირია. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, მ.ს-ას უარი ეთქვა საერთაშორისო დაცვის მინიჭებაზე.

6. სასამართლო აღნიშნავს, რომ შუამდგომლობაში მითითებული მ. ს-ას მიერ სავარაუდოდ ჩადენილი ქმედება, საქართველოს იურისდიქციის ქვეშ ჩადენის შემთხვევაშიც, დასჯადი იქნებოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით 1 წელზე მეტი ვადით. შესაბამისად, დაცულია ორმაგი დასჯადობის პრინციპის სასჯელთან მიმართებით დადგენილი მოთხოვნები.

7. ექსტრადიციის დასაშვებობის შუამდგომლობაში მითითებული ქმედების საქართველოს იურისდიქციის ფარგლებში ჩადენის შემთხვევაში იგი დასჯადი იქნებოდა შემდეგნაირად:

8. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (ქრთამის აღება, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით), რისთვისაც სასჯელის სახედ და ზომად განსაზღვრულია თავისუფლების აღკვეთა 11-დან 15 წლამდე ვადით.

9. ამდენად, მოცემულ საქმეში მ. ს-ას რ-ის ფ-აში ექსტრადიცია მოითხოვება ისეთი ქმედების ჩადენისათვის, რომელიც დასჯადია როგორც საქართველოს, ისე რ-ის ფ-ის სისხლის სამართლის კანონმდებლობით და ამავდროულად, სასჯელის სახით, სულ მცირე, 1 წლით თავისუფლების აღკვეთაა გათვალისწინებული.

10. გარდა ამისა, გასული არ არის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილი ხანდაზმულობის ვადა, რომელიც პირს ათავისუფლებს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან ან სასჯელის მოხდისგან.

11. დანაშაულებრივ ქმედებებს, რომელთა ჩადენისთვისაც მოითხოვება მ. ს-ას ექსტრადიცია, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-12 მუხლის თანახმად, შეესაბამება განსაკუთრებით მძიმე დანაშაულთა კატეგორიას, ხოლო 71-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტების მიხედვით, პირი თავისუფლებდა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან 30 წელში განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენიდან. ხანდაზმულობის ვადა გამოიანგარიშება დანაშაულის ჩადენის დღიდან პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებამდე. ამასთან, ხანდაზმულობის ვადის დინება შეჩერდება, თუ დამნაშავე დაემალა გამოძიებას ან სასამართლოს. მ. ს-ა სისხლისსამრთლებრივ პასუხისგებაში მიეცა 2019 წელს, ხოლო დანაშაულებრივი ქმედება განხორციელდა 2017 წელს. შესაბამისად, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი დევნის ხანდაზმულობის ვადა მითითებულ დანაშაულთან მიმართებით გასული არ არის.

12. მოცემულ შემთხვევაში, შუამდგომლობაში მითითებულ დანაშაულებრივ ქმედებასთან დაკავშირებით, ექსტრადიციას დაქვემდებარებულ პირთან მიმართებით არ მიმდინარეობდა და არც მიმდინარეობს სამართალწარმოება, გარდა საექსტრადიციო პროცედურებისა. ამდენად, ექსტრადიციის შემთხვევაში არ დაირღვევა „Non bis in idem“-ის პრინციპი.

13. დაცვის მხარის მიერ საკასაციო საჩივარში მითითებული გარემობა, რომ აღიარებით ჩვენებაზე მისი ხელმოწერა გაყალბებულია, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საკასაციო სასამართლო არ იხილავს პირის ბრალეულობის საკითხს და ამოწმებს საქართველოს კანონმდებლობითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ექსტრადიციის დამაბრკოლებელი გარემოებების არსებობას (მაგ.იხ.საქმე №2I-17).

14. დაცის მხარის მტკიცებით, ექსტრადიციის შემთხვევაში არსებობს მ. ს-ას მიმართ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 და მე-6 მუხლებით გათვალისწინებული უფლებების დარღვევის საფრთხე.

15. ექსტრადიციის გადაწყვეტილებამ გამონაკლის შემთხვევაში შესაძლებელია მართლაც წარმოშვას საკითხი ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის საფუძველზე, როდესაც მიმღებ სახელმწიფოში პირი დგას მართლმსაჯულების განხორციელებაზე აშკარა უარის თქმის საფრთხის წინაშე. მაგრამ ,,მართლმსაჯულების განხორციელებაზე აშკარა უარი“ გულისხმობს დარღვევებს, რომლებიც იმდენად ფუნდამენტური ხასიათისაა (იხ. Sejdovic v. Italy [GC], ECtHR, no. 56581/00, § 84; Stoichkov Stoichkov v. Bulgaria, ECtHR, no. 9808/02, 25/03/2005, §56; Drozd and Janousek v. France and Spain, ECtHR, 26/06/1992, § 110), რომ შეიძლება გამოიწვიოს მე-6 მუხლით დაცული უფლების ან მისი არსის გაუქმება. ასეთად, Othman (Abu Qatada) v. the United Kingdom (ECtHR, N8139/09, 17/01/2012, § 259) გადაწყვეტილებაში ჩამოყალიბებული მიდგომის თანახმად, ევროპული სასამართლო მიიჩნევს:

- in absentia მსჯავრდებას, როდესაც არ არსებობს საქმის ხელახლა არსებითად განხილვის შესაძლებლობა;

- სასამართლო პროცესი, რომელიც შემაჯამებელი ხასიათისაა და განხორციელდა დაცვის უფლებების სრული უგულებელყოფით;

- პატიმრობა დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის და მის მიერ პატიმრობის კანონიერების განხილვის გარეშე;

- ადვოკატის ხელმისაწვდომობაზე განზრახი და სისტემატური უარი, განსაკუთრებით უცხო ქვეყანაში დაპატიმრებული პირის მიმართ.

16. ექსტრადიციის შემთხვევაში მართლმსაჯულების განხორციელებაზე აშკარა უარის თქმის საფრთხის რეალურობის მტკიცების ვალდებულება ეკისრება კასატორს, რომელმაც უნდა წარმოადგინოს აღნიშნული საფრთხის დამადასტურებელი კონკრეტული და სარწმუნო მტკიცებულებები (Othman (Abu Qatada) v. the United Kingdom, ECtHR, no8139/09, 17/01/ 2012, § 261).

17. ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტის თანახმად, მომთხოვნ სახელმწიფოში არსებული სიტუაციის ზოგადი აღწერა და უფლებების პოტენციურად დარღვევის შესახებ განცხადება არ არის საკმარისი. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის მიმართ უფლებების დარღვევის საფრთხე დადასტურებული უნდა იყოს კონკრეტული მტკიცებულებებით (იხ.Mamatkulov and Askarov v. Turkey, ECtHR, no46827/99, 46951/99, 04/02/2005, §72-73; K. v. Russia, ECtHR, no 69235/11, 23/05/2013, §58), რომლებიც ადასტურებს, რომ ექსტრადიციას დაქვემდებარებულ პირთან დაკავშირებული კონკრეტული გარემოებებიდან გამომდინარე, პირს ექსტრადიციის შემთხვევაში ემუქრება კონვენციით გათვალისწინებული უფლებების დარღვევის საფრთხე (იხ. Shamayev and Others v. Georgia and Russia, ECtHR, no36378/02, 12/04/2005, §352). მოცემულ შემთხვევაში დაცვის მხარემ ზოგადად მიუთითა რ-ის ფ-აში ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის უფლებების დარღვევის საფრთხეზე.

18. პირის ექსტრადიციამ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლით დადგენილი უფლების დარღვევა შეიძლება გამოიწვიოს,.. როდესაც არსებობს საფუძველი რწმენისთვის, რომ პირი, ... შესაძლოა დადგეს მე-3 მუხლით აკრძალული მოპყრობის საფრთხის წინაშე. კონკრეტულ ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვასთან დაკავშირებული ზოგადი პრობლემა არ შეიძლება გახდეს ექსტრადიციაზე უარის თქმის საფუძველი (K v Russia, ECtHR, no 69235/11, 23/05/2011, § 66). ასევე, ზოგადად ქვეყანაში არსებული ძალადობრივი მდგომარეობა თავისთავად არ არღვევს კონვენციის მე-3 მუხლს პირის ამ ქვეყანაში ექსტრადიციის შემთხვევაში (იხ. H.L.R. v. France, ECtHR, 29/04/1997, § 41), გამონაკლისია „განსაკუთრებით უკიდურესი შემთხვევები“ (T.K. and S.R. v. Russia, no28492/15 და 49975/15, 19/11/2019, § 79, იხ.Sufi and Elmi v. the United Kingdom, nos. 8319/07, 11449/07, §§ 216, 218, 28/06/2011). ევროპული სასამართლოს განმარტებით, „სასამართლოს არ შეუძლია გამოიტანოს დასკვნა, რომ რუსეთში არსებული ზოგადი მდგომარეობა იმდენად სერიოზულია რომ .. პირის გადაცემა თავისთავად წარმოადგენს კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევას“ (იხ. Zarmaev v Belgium, ECtHR, no 35/10, 27/02/2014).

19. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ რ-ის ფ-ის გენერალურმა პროკურატურამ საქართველოს წარმოუდგინა გარანტია, რომ ,,ექსტრადიციის შესახებ მოთხოვნა არ ისახავს მიზნად მ.ს-ას პოლიტიკური მოტივით დევნას მისი რასობრივი კუთვნილების, აღმსარებლობის, ეროვნების ან პოლიტიკურ შეხედულებებთან დაკავშირებით“ და რომ ექსტრადიციის შემთხვევაში მ.ს-ა უზრუნველყოფილი იქნება დაცვის ყველა უფლებით, მათ შორის ადვოკატის მომსახურებით სარგებლობის შესაძლებლობით. იგი არ დაექვემდებარება წამებას, სასტიკ, არაადამიანურ, დამამცირებელ მოპყრობას ან დასჯას (ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-3 და მე-6 მუხლები)“. ამასთან, საქართველოს გენერალური პროკურატურის მოთხოვნის საფუძველზე, რ-ის ფ-ის გენერალურმა პროკურატურამ საქართველოს გენერალურ პროკურატურას წარმოუდგინა დეტალური გარანტიები მ. ს-ას უფლებების სათანადო დაცვასთან დაკავშირებით. ამასთან, ექსტრადიციას დაქვემდებარებულ პირს საქართველოს პროკურატურისთვის არ მიუწოდებია რაიმე კონკრეტული სახის ინფორმაცია, რაც მის მიმართ რ-ის ფ-აში არსებული სისხლის სამართლის პროცესის წარმოებისას სამართლიანი სასამართლოს უფლების „აშკარა“ დარღვევის დასაბუთებულ ვარაუდს წარმოქმნიდა.

20. გარდა აღნიშნულისა, თავის მხრივ, საქართველოს პროკურატურამ მ. ს-ას შესახებ ინფორმაცია მოიძია ინტერნეტის ყველაზე მოხმარებად საძიებო სისტემებში (---). მ. ს-ას მიმართ დევნის მანიშნებელი ინფორმაცია არ იძებნება ინტერნეტის ღია წყაროებში. ინტერნეტის ღია წყაროებში ინფორმაციის მოძიება ერთ-ერთი მზარდად გამოყენებადი მეთოდია პირის მიმართ უცხო სახელმწიფოში დევნის დასადასტურებლად.

21. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, მომთხოვნი სახელმწიფოს მიერ წარმოდგენილი გარანტია, ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტების შესაბამისად, გაცემულია კომპეტენტური ორგანოს მიერ, დაკავშირებულია საპროკურორო ორგანოების კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან და მათთვის სავალდებულო ხასიათი აქვს. წარმოდგენილი გარანტიები არ არის ზოგადი და ბუნდოვანი (იხ.Klein v. Russia, ECtHR, no24268/08, §55; Chahal v. The United Kingdom, ECtHR, no22414/93, §105), ატარებს კონკრეტულ ხასიათს, პირდაპირ ეხება კასატორის კონვენციური უფლებების დაცვას. გარანტიები მოიცავს სიცოცხლის და წამებისგან დაცვის, ადვოკატის ხელმისაწვდომობის, დაცვის უფლების პატივისცემის (იხ. T.K. and S.R. v. Russia,ECtHR, no28492/15, 49975/15, 19/11/2019, §102, 103; Othman ( Abu Qatada) v UK, ECtHR, no8139/09, 17/01/2012, §194) და სამართლიანი სასამართლოს ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის ვალდებულებებს.

22. ევროპული სასამართლოს თანახმად, „ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით ქვეყანაში არსებული ზოგადი მდგომარეობა არ გამორიცხავს მისგან გარანტიების მიღებას (იხ. Othman (Abu Qatada) v. the United Kingdom, no. 8139/09, § 194, 188, 17/01/2012) და მხოლოდ იშვიათ შემთხვევებში მიუთითებს, რომ აღნიშნულ გარანტიებს არანაირი წონა არ შეიძლება მიენიჭოთ. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო აფასებს გაცემული გარანტიების ხარისხს - რამდენად არის მიღებული გარანტიები საკმარისი, რომ თავიდან იქნეს აცილებული არასათანადო მოპყრობის საფრთხე (იხ. Saadi v. Italy [GC], no. 37201/06, § 148, ECHR 2008; Othman ( Abu Qatada) v UK, ECtHR, no.8139/09, 17/01/2012, §186; T.K. and S.R. v. Russia, no. 28492/15, 49975/15, 19/11/, 2019, § 99).

23. სასამართლო ითვალისწინებს, რომ ევროპული სასამართლო „განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს იმ გარემოებას, რომ გარანტიები მომდინარეობს კონვენციის წევრი ქვეყნისგან, რომელსაც ნაკისრი აქვს ვალდებულება, პატივი სცეს კონვენციით გარანტირებულ უფლებებს, მათ შორის წამების, არაჰუმანური და დამამცირებელი მოპყრობის აკრძალვას (Zarmayev v Belgium, ECtHR, no 35/10, 27/02/2014, §113; Gasayev v Spain, ECtHR, no 48514/06, 17/02/2009; Chentiev and Ibragimov v Slovakia, ECtHR, no 21022/08; 51946/08, 14/09/2010) და ექვემდებარება საერთაშორისო აქტებით გარანტირებული უფლების დაცვის მონიტორინგს საერთაშორისო ინსტრუმენტების (როგორც ევროპის საბჭოს, ასევე გაეროს ფარგლებში) მეშვეობით.

24. „სასამართლო არ ივიწყებს არც ექსტრადიციის ფუნდამენტური მიზნის მნიშვნელობას, რაც გულისხმობს გაქცეული დამნაშავეების მიერ მართლმსაჯულებისგან თავის არიდების პრევენციას და არც სასიკეთო მიზანს ყველა სახელმწიფოსთვის, როდესაც დანაშაული უფრო დიდ საერთაშორისო დონეზე გადადის“ (Trabelsi v Belgium, ECtHR, no140/10, 04/09/2014, § 11; Soering v UK, ECtHR, 07/07/1989, §86).

25. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2026 წლის 29 მაისის განჩინება, რომლითაც დასაშვებად იქნა ცნობილი მ. ს-ას რ-ის ფ-აში ექსტრადიცია, მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების მიზნით, დანაშაულებრივი ქმედებისათვის, რომელიც აღწერილია რ-ის ფ-ის ქ. მ-ის პ-ის რაიონული სასამართლოს მოსამართლის 2019 წლის 28 მარტის განჩინებაში აღწერილი რ-ის ფ-ის სისხლის სამართლის კოდექსის 30-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 290-ე მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის შესაძლო ჩადენისათვის (ქრთამის მიღების მცდელობა, ჩადენილი დამამძიმებელ გარემოებებში) – კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – მ. ს-ასა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ. თ-ას საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2026 წლის 29 მაისის განჩინება დარჩეს უცვლელად;

3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნინო სანდოძე

მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი

ლევან თევზაძე