საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 22.06.2026
საქმის ნომერი
2კ-261აპ.-26
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
22.06.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №261აპ-26 23 ივნისი, 2026 წელი

შ. დ., №261აპ-26 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის

საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, ლევან თევზაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2026 წლის 27 თებერვლის განაჩენზე თბილისის დიდუბე-ჩიღურეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ ანჟელა გეთიასა და მსჯავრდებულ დ. შ-ის ინტერესების დამცველი ადვოკატის – ლ. ა-ის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

1.1. დ. შ-ე ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში - საქართველოს სსკ-ის) 2731-ე მუხლის მე-2 ნაწილითა (2025 წლის 1 მაისამდე მოქმედი რედაქცია – მარიხუანის უკანონო შეძენა, შენახვა) და საქართველოს სსკ-ის 19,2731-ე მუხლის მე-8 ნაწილით (2025 წლის 1 მაისამდე მოქმედი რედაქცია – მარიხუანის უკანონო გასაღების მცდელობა) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის, რაც გამოიხატა შემდეგით:

დ. შ-ემ, დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, გასაღების მიზნით, სოციალურ ქსელ „ტ-ში“ რეგისტრირებული ინტერნეტ მომხმარებლისაგან, უკანონოდ შეიძინა და შეინახა ოთხ ცალად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება – გამომშრალი მარიხუანა, საერთო წონით – 8,93 გრამი, რომელიც 2025 წლის 13 მარტს ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს, დ. შ-ის მითითებით, ქ. თ-ში, ვ-ის მე-- მიკრორაიონის, მე-- კვარტალში მდებარე მე-9, მე-10 და მე-13 კორპუსების მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ოთხი ლოკაციიდან ამოიღეს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დ-ის მთავარი სამმართველოს მე-- სამმართველოს თანამშრომლებმა.

დ. შ-ემ, დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, გასაღების მიზნით, სოციალურ ქსელ „ტ-ში“ რეგისტრირებული ინტერნეტმომხმარებლისაგან, უკანონოდ შეიძინა და შეინახა ოთხ ცალად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება – გამომშრალი მარიხუანა, საერთო წონით – 8,93 გრამი, რომელიც ფულადი თანხის ანაზღაურების სანაცვლოდ, გასაღების მიზნით, უნდა განეთავსებინა სხვადასხვა ლოკაციაზე. დ. შ-ემ, შეთანხმებისამებრ, ქ. თ-ში, ვ-ის მე-- მიკრორაიონის, მე-- კვარტალში მდებარე მე-9, მე-10 და მე-13 კორპუსების მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ოთხ ლოკაციაზე განათავსა ზემოაღნიშნული ნარკოტიკული საშუალებები, თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ მის მიერ ყველა მოქმედება იქნა შესრულებული მარიხუანას უკანონო გასაღების მიზნით, იგი ბოლომდე ვერ მიიყვანა, რადგან 2025 წლის 13 მარტს ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს, დ. შ-ის მითითებით, ოთხივე ლოკაციიდან ამოიღეს შსს-ის თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დ-ის მთავარი სამმართველოს მე-- სამმართველოს თანამშრომლებმა.

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

2.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა, საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2025 წლის 24 დეკემბრის განაჩენით:

დ. შ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის მე-2 ნაწილით (2025 წლის 1 მაისამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა – 2000 ლარი;

დ. შ-ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 19,2731-ე მუხლის მე-8 ნაწილიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 18,2731-ე მუხლის მე-8 ნაწილზე.

დ. შ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 18,2731-ე მუხლის მე-8 ნაწილით (2025 წლის 1 მაისამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 წლით;

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და დავითი შერვაშიძეს დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 წლით;

დ. შ-ეს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამოერთვა ამ კანონით გათვალისწინებული უფლებები.

2.2. სასამართლომ დაადგინა, რომ დ. შ-ემ, დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, უკანონოდ შეიძინა და შეინახა ოთხ ცალად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება გამომშრალი მარიხუანა, საერთო წონით – 8,93 გრამი და ქ. თ-ში, ვ-ის მე-- მიკრორაიონის, მე-- კვარტალში მდებარე მე-9, მე-10 და მე-13 კორპუსების მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ოთხ ლოკაციაზე განათავსა, რითაც შექმნა ნარკოტიკული საშულების გასაღების პირობები. დ. შ-ემ დანაშაულებრივი განზრახვა სისრულეში ვერ მოიყვანა, ვინაიდან 2025 წლის 13 მარტს ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს, დ. შ-ის მითითებით, ქ. თ-ში, ვ-ის მე-- მიკრორაიონის, მე-- კვარტალში მდებარე მე-9, მე-10 და მე-13 კორპუსების მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ოთხი ლოკაციიდან, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დ-ის მთავარი სამმართველოს მე-- სამმართველოს თანამშრომლებმა ამოიღეს დ. შ-ის მიერ განთავსებული ოთხ ცალად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება – გამომშრალი მარიხუანა.

2.3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა, საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2025 წლის 24 დეკემბრის განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრეს თბილისის დიდუბე-ჩიღურეთის რაიონული პროკურატურის პროკურორმა – ანჟელა გეთიამ და მსჯავრდებულ დ. შ-ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა – ლ. ა-მა. ბრალდების მხარემ მოითხოვა დ. შ-ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის მე-2 ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 19,2731-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის, აგრეთვე, მისთვის მკაცრი სასჯელის შეფარდება. დაცვის მხარემ მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და დ. შ-ის უდანაშაულოდ ცნობა.

3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:

3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2026 წლის 27 თებერვლის განაჩენით მხარეთა სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა, საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2025 წლის 24 დეკემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

3.2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2026 წლის 27 თებერვლის განაჩენი საქართველოს უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრეს თბილისის დიდუბე-ჩიღურეთის რაიონული პროკურატურის პროკურორმა – ანჟელა გეთიამ და მსჯავრდებულ დ. შ-ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა – ლ. ა-მა. ბრალდების მხარემ მოითხოვა დ. შ-ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის მე-2 ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 19,2731-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის, აგრეთვე, მისთვის უფრო მკაცრი სასჯელის შეფარდება. დაცვის მხარემ მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და დ. შ-ის უდანაშაულოდ ცნობა.

4. კასატორების არგუმენტები:

4.1. ადვოკატის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ არ იმსჯელა დაცვის მხარის არგუმენტებზე, მტკიცებულებები შეაფასა არაობიექტურად (პოლიციის თანამშრომელთა ჩვენებებს მიანიჭა უპირატესობა დაცვის მხარის მოწმეებთან მიმართებით, მაშინ როდესაც, ეს უკანასკნელნი ბრალდების მხარემ უდავოდ მიიჩნია), ამასთან, ეჭვი გადაწყვიტა მსჯავრდებულის საუარესოდ, მაშინ როდესაც საქმეში არსებული მტკიცებულებები არ იყო ურთიერთშეთანხმებული, შეიცავდა არსებით წინააღმდეგობასა და არ გამორიცხავდა ალტერნატიულ ვერსიას. გარდა ამისა, ადვოკატი ყურადღებას ამახვილებს რიგი საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებების, მათ შორის, ჩხრეკის, დაკავების კანონმდებლობის დარღვევით ჩატარების შესახებ, კერძოდ, ადვოკატის მტკიცებით, ოპერატიული ინფორმაციის მიღებიდან ჩხრეკამდე გასულია ერთ საათამდე დრო, ხოლო ვერსია იმის შესახებ, რომ დ. შ-ე ოპერტიულ ინფორმაციაში მითითებულ ტერიტორიაზე ერთი საათი სეირნობდა – არადამაჯერებელია. დაცვის მხარე მიიჩნევს, რომ ჩხრეკისას დაიარღვა საპროცესო კოდექსი, ხოლო კანონდარღვევით ჩატარებული ჩხრეკის შედეგად მოპოვებული მტკიცებულება (მობილური) და მის საფუძველზე მოპოვებული სხვა მტკიცებულება, მათ შორის, ვიდეომასალა – დაუშვებელია. ადვოკატის მტკიცებით, ვიდეოჩანაწერის წარმომავლობისა და ავთენტიკურობის დაუდგენლობა განაპირობებს ჩხრეკისა და მისი შედეგების უკანონობას. დაცვის მხარე აგრეთვე დაუშვებლად მიიჩნევს საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის მტკიცებულებად გამოყენებას, რადგან ბრალდებულმა უარყო გამოძიების ეტაპზე დაფიქსირებული ინფორმაცია, ამასთან, არ მომხდარა ექსპერიმენტის ვიდეოფიქსაცია და ექსპერიმენტში მონაწილეობა ვერ იქნებოდა ნებაყოფლობითი, რადგან ბრალდებული პოლიციის კონტროლის ქვეშ იყო. გარდა ამისა, ბრალდებულის მიერ მიწოდებული ინფორმაცია მიღებულია კონსტიტუციური გარანტიების – თვითინკრიმინაციისაგან დაცვის უფლების დარღვევით, ზეწოლის, მოტყუებისა და დაპირების გზით. დაცვის მხარის განმარტებით, განაჩენი ემყარება მხოლოდ პოლიციელთა ჩვენებებს.

4.2. ბრალდების მხარის განმარტებით, მსჯავრდებულის ქმედებაში გამოკვეთილია ნარკოტიკული საშუალების გასაღების მცდელობა და არა მისი მომზადება. პროკურორის მტკიცებით, დ. შ-ეს გადაღებული ფოტოსურათები, შესაბამისი ლოკაციის მითითებით, უნდა გადაეგზავნა არა ნარკოტიკული საშუალების შემძენთან, არამედ ე.წ. „დამკვეთთან“ – „ტ-ში“ რეგისტრირებულ ინტერნეტმომხმარებელთან, რომელთანაც ჰქონდა შეთანხმება თანხის სანაცვლოდ ნარკოტიკული საშუალებების სხვადასხვა ლოკაციაზე განთავსების შესახებ და რომელიც, თავის მხრივ, ფოტოებს გადაუგზავნიდა ნარკოტიკული საშუალების შემძენს. იმავდროულად, ბრალდების მხარე დადასტურებულად მიიჩნევს დ. შ-ის მიერ „დამკვეთისათვის“ ფოტოსურათების გადაგზავნას, იმ გარემოებაზე დაყრდნობით, რომ მას ფოტოსურათები უკვე წაშლილი ჰქონდა. გარდა ამისა, ბრალდების მხარის განმარტებით, დანიშნული სასჯელი არის აშკარად ლმობიერი, არ შეესაბამება ჩადენილი ქმედების ხასიათსა და საშიშროებას. სასჯელის დანიშვნისას გათვალისწინებული უნდა ყოფილიყო ქმედების საზოგადოებრივი საშიშროება, განზრახვის ხარისხი და ქმედების რეალიზაციის სიახლოვე (ქმედება არ შემოიფარგლა აბსტრაქტული განზრახვით, არამედ მსჯავრდებულმა გადადგა კონკრეტული ნაბიჯები გასაღების მიზნით), ასევე, სასამართლომ გადაჭარბებული მნიშვნელობა მიანიჭა შემამსუბუქებელ გარემოებებს, უგულებელყო ნარკოდანაშაულის სპეციფიკა, სახელმწიფოს მკაცრი პოლიტიკა ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ, ზოგადი პრევენციის უზრუნველყოფის ინტერესი და სასჯელის მიზნები.

5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

5.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და მიაჩნია, რომ ისინი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორები ვერ ასაბუთებენ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ვერცერთ საფუძველს, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

5.2. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს დაცვის მხარის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებებით არ დასტურდება დ. შ-ის მიერ მისთვის მსჯავრადშერაცხილი დანაშაულის ჩადენა. საკასაციო პალატა სრულად ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას და აღნიშნავს, რომ გასაჩივრებული გამამტყუნებელი განაჩენი ეფუძნება კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეულ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს მსჯავრდებულის მიერ მისთვის მსჯავრადშერაცხილი ქმედებების ჩადენას, კერძოდ:

5.3. საგამოძებო ექსპერიმენტის ოქმის თანახმად, 2025 წლის 14 მარტს, გამომძიებელ გიორგი დგვარელის მიერ, დეტექტივ ჯ. წ-ას მონაწილეობით მოწმე დ. შ-ესთან ჩატარდა საგამოძიებო ექსპერიმენტი. დ. შ-ის მითითებით მივიდნენ ქ. თ-ში, ვ-ის დასახლების მე-- მიკრორაიონის მე-- კვარტალში. დ. შ-ემ მიუთითა მე-10 კორპუსზე, კერძოდ, მე-10 კორპუსის მე-3 სადარბაზოზე, სადაც კიბის საფეხურების კიდეზე გადებულია ფიცარი. დ. შ-ის განმარტებით ფიცრის ქვეშ იდო ოთხ „წონაკად“ დაფასოებული მარიხუანა, რომლის ლოკაცია მას გაუგზავნა ტ- მომხმარებელმა. მისი განმარტებით, სწორედ მითითებული ადგილიდან აიღო მარიხუანა ლოკაციებზე დასალაგებლად. ამის შემდეგ, დ. შ-ის მითითებით, გაემართნენ იმავე კორპუსის მე-2 სადარბაზოს მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ სკვერში, სადაც მოწმემ მიუთითა სკამის ქვემოთ ნიადაგის ზედაპირზე, სადაც განთავსებულია შავი ფერის „წონაკი“, წებოვან ლენტში მოთავსებული მასა. დ. შ-ის განმარტებით არის მის მიერ დადებული მარიხუანა; დ. შ-ის მითითებით, გაემართნენ იმავე კორპუსის მე-6 სადარბაზოს მიმდებარე ტერიტორიაზე, მან მიუთითა ავტოფარეხის მიმდებარე ბალახიანი ნიადაგის ზედაპირზე, სადაც განთავსებულია შავი ფერის „წონაკი“, წებოვან ლენტში მოთავსებული მასა, რაც დ. შ-ის განმარტებით, არის მის მიერ დადებული მარიხუანა; დ. შ-ის მითითებით გაემართნენ ვ-ის მე-- მიკრორაიონის მე-- კვარტალში მდებარე მე-9 კორპუსის მე-5 სადარბაზოს მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც ბალახიანი ნიადაგის ზედაპირზე განთავსებულია შავი ფერის „წონაკი“, წებოვან ლენტში მოთავსებული მასა, რაც დ. შ-ის განმარტებით, არის მის მიერ დადებული მარიხუანა; დ. შ-ის მითითებით ასევე მივიდნენ ვ-ის მე-- მიკრორაიონის მე-- კვარტალში მდებარე მე-13 კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც დ. შ-ემ მიუთითა ნიადაგის ზედაპირზე განთავსებულ ლითონის კონსტრუქციაზე, რომელზეც ქვედა მხრიდან, მაგნიტის გამოყენებით, დამაგრებულია ერთი ცალი „წონაკი“, შავი და მოლურჯო ფერის წებოვან ლენტში მოთავსებული მასა, რაც დ. შ-ის განმარტებით არის მის მიერ დადებული მარიხუანა.

5.4. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს დაცვის მხარის პოზიციას საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის მტკიცებულებად გამოყენების დაუშვებლობის შესახებ და აღნიშნავს, რომ მსჯავრდებულის მითითებით ნარკოტიკული საშუალებების აღმოჩენის ნაწილში საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის გაზიარება არ ეწინააღმდეგება საქართველოს სსსკ-ის 247-ე მუხლის პირველი ნაწილის გამოყენების/განმარტების თვალსაზრისით არსებულ სასამართლო პრაქტიკას. კერძოდ, საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ როდესაც ბრალდებული უარყოფს გამოძიების სტადიაზე მიცემულ აღიარებით ჩვენებებს, ანდა იყენებს სსსკ-ის 247-ე მუხლის პირველი ნაწილით მინიჭებულ უფლებას, ამ შემთხვევაში დაუშვებელია იმ ინფორმაციის გამოყენება რომელიც პირმა (ბრალდებულმა/მსჯავრდებულმა) მიაწოდა გამომძიებლებს საგამოძიებო ექსპერიმენტის მიმდინარეობისას ადგილზე შემოწმებული ჩვენების სახით. მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ დაუშვებელია მთლიანად საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის და მასში ასახული სხვა მონაცემების და ფაქტების გამოყენება. შესაბამისად, როდესაც ბრალდებული/მსჯავრდებული საგამოძიებო ექსპერიმენტის მიმდინარეობისას ვითარებას აღადგენს იმ ხერხების დემონსტრირებით, რაც მის მიერ გამოყენებული იყო შერაცხული ქმედების ჩასადენად და ახდენს ქმედების ჩადენის ვითარების აღდგენას, ეს ჩვენებად ვერ იქნება მიჩნეული, რის გამოც, მის მიმართ არ ვრცელდება საქართველოს სსსკ-ის 247-ე მუხლით გათვალისწინებული შეზღუდვა. ამასთან, ბრალდებულის მიერ საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს ქმედების ჩადენის ვითარების აღდგენის ამსახველი ოქმი, რომელიც შედგენილ იქნა საგამოძიებო მოქმედების ჩატარებისას, მისი შინაარსიდან გამომდინარე, წარმოადგენს პირდაპირ მტკიცებულებას, რომელიც სასამართლოს მიერ შეიძლება გამოყენებულ იქნეს გამამტყუნებელი ან გამამართლებელი განაჩენის დადგენისა და დასაბუთებისათვის (იხ., მაგ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 28 აპრილის N561აპ-15, 2016 წლის 30 დეკემბრის N424აპ-16, 2020 წლის 20 მარტის N738აპ-19 განაჩენები). განსახილველ შემთხვევაში, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით დასტურდება, რომ თავად დ. შ-ემ მიუთითა ის ადგილები, სადაც რეალურად განთავსებული იყო ნარკოტიკული საშუალებები და სწორედ მსჯავრდებულის მითითებით მოხდა ნარკოტიკების აღმოჩენა. შესაბამისად, დაცვის მხარის პოზიცია საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის ამ ნაწილის მტკიცებულებად გამოყენების დაუშვებლობის შესახებ, საფუძველს მოკლებულია.

5.5. საკასაციო სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ 2025 წლის 14 მარტს, ქ. თ-ში, ვ-ის მე-- მიკრორაიონის, მე-- კვარტალში მდებარე მე-9, მე-10 და მე-13 კორპუსების მიმდებარე ტერიტორიებზე არსებულ ოთხ ლოკაციაზე ჩატარებული ამოღების ოქმებით დგინდება, რომ დ. შ-ის მითითებით, თითოეული ლოკაციიდან ამოღებულ იქნა თითო ე.წ. „წონაკი“ – წებოვან ლენტში მოთავსებული მასა.

5.6. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ექსპერტიზის სამმართველოს 2025 წლის 17 მარტის ქიმიური ექსპერტიზის - დასკვნის თანახმად: ექსპერტიზაზე წარმოდგენილი, პაკეტში - მოთავსებული შავი ფერის წებოვანი ლენტის ნაჭრებით გადახვეულ უფერო, გამჭვირვალე პოლიეთილენის ჩამკეტიან პაკეტში მოთავსებული მომწვანო ფერის მცენარეული მასა, სპეციფიკური სუნით, გამომშრალ მდგომარეობაში, წონით – 2,85 გრამი, წარმოადგენს ნარკოტიკულ საშუალება გამომშრალ მარიხუანას (ობიექტი N1); პაკეტში - მოთავსებული შავი ფერის წებოვანი ლენტის ნაჭრით გადახვეულ უფერო, გამჭვირვალე პოლიეთილენის ჩამკეტიან პაკეტში მოთავსებული მომწვანო ფერის მცენარეული მასა, სპეციფიკური სუნით, გამომშრალ მდგომარეობაში, წონით – 1,85 გრამი, წარმოადგენს ნარკოტიკულ საშუალება გამომშრალ მარიხუანას (ობიექტი N2); პაკეტში - მოთავსებული შავი და ლურჯი ფერის წებოვანი ლენტის ნაჭრებით გადახვეულ უფერო, გამჭვირვალე პოლიეთილენის ჩამკეტიან პაკეტში მოთავსებული მომწვანო ფერის მცენარეული მასა, სპეციფიკურ სუნით, გამომშრალ მდგომარეობაში, წონით –1,83 გრამი, წარმოადგენს ნარკოტიკულ საშუალება გამომშრალ მარიხუანას (ობიექტი N3); პაკეტში - მოთავსებული შავი ფერის წებოვანი ლენტის ნაჭრით გადახვეულ უფერო, გამჭვირვალე პოლიეთილენის ჩამკეტიან პაკეტში მოთავსებული მომწვანო ფერის მცენარეული მასა, სპეციფიკური სუნით, გამომშრალ მდგომარეობაში, წონით – 2,4 გრამი, წარმოადგენს ნარკოტიკულ საშუალება გამომშრალ მარიხუანას (ობიექტი N4). N1, N2, N3, N4 ობიექტებში ნარკოტიკული საშუალება გამომშრალი მარიხუანას საერთო წონა შეადგენს – 8,93 გრამს. ექსპერტმა ლ. მ-მა ჩვენების მიცემისას დაადასტურა მის მიერ გაცემული დასკვნის სისწორე.

5.7. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ ნარკოტიკული საშუალებები აღმოჩენილ და ამოღებულ იქნა სწორედ დ. შ-ის მითითებით, ასევე, ითვალისწინებს ამოღებული ნარკოტიკული საშუალებების შეფუთვის მდგომარეობას (ოთხ მსგავს პაკეტად დაფასოებული), თითოეულის განთავსების ადგილმდებარეობას (თ-ში, ვ-ის მე-- მიკრორაიონის, მე-- კვარტალში მდებარე მე-9, მე-10 და მე-13 კორპუსების მიმდებარე ტერიტორიებზე არსებულ ოთხ სხვადასხვა ლოკაციაზე) და საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების, მათ შორის მოწმე პოლიციის თანამშრომლების ჩვენებების ანალიზისა და ურთიერთშეჯერების შედეგად, დადასტურებულად მიაჩნია დ. შ-ის მიერ მარიხუანის შეძენა, შენახვა და გასაღების მიზნით მისი სხვადასხვა ადგილზე განთავსება. იმავდროულად, სისხლის სამართლის საქმის მასალების შესწავლის შედეგად, საკასაციო სასამართლოს შეფასებით, საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებების ჩატარებისას გამოკვეთილი არ არის კანონის არსებითი დარღვევა, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

5.8. საკასაციო სასამართლო ასევე არ იზიარებს ბრალდების მხარის პოზიციას დ. შ-ის ქმედების ნარკოტიკული საშუალების გასაღების მცდელობად კვალიფიკაციის შესახებ და აღნიშნავს, რომ პროკურორის მსჯელობა მსჯავრდებულის მიერ მარიხუანის ადგილმდებარეობების ამსახველი ფოტოსურათების ადრესატისათვის გადაგზავნის შესახებ, არის ვარაუდი და არ გამომდინარეობს საქმეში არსებული მტკიცებულებებიდან. ამდენად, საქმეში არსებული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ დ. შ-ემ მარიხუანის სხვადასხვა ადგილზე განთავსებით განზრახ შექმნა პირობები მის გასასაღებლად და მას არ განუხორციელებია ისეთი ქმედება, რომელიც უშუალოდ მიმართული იყო დანაშაულის ჩასადენად.

5.9. რაც შეეხება დ. შ-ისათვის დანიშნულ სასჯელს, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის მე-2 ნაწილითა (2025 წლის 1 მაისამდე მოქმედი რედაქცია) და საქართველოს სსკ-ის 18,2731-ე მუხლის მე-8 ნაწილით (2025 წლის 1 მაისამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულებისათვის სასჯელის დანიშვნისას სრულად შეაფასა კონკრეტული საქმის ინდივიდუალური გარემოებები, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, ჩადენილი ქმედებების ხასიათი და სიმძიმე, საზოგადოებრივი საშიშროება, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობანი და საქართველოს სსკ-ის 39-ე, 53-ე და 59-ე მუხლების მოთხოვნათა გათვალისწინებით, თითოეული მსჯავრადშერაცხილი დანაშაულის ჩადენისთვის და შემდგომ, საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, დ. შ-ეს შეუფარდა კანონიერი და სამართლიანი, მუხლების სანქციის შესაბამისი სასჯელი, რომელიც აკმაყოფილებს სასჯელის პროპორციულობის მოთხოვნას, უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების მიღწევას და არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას.

5.10. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის მე-8 ნაწილი (2025 წლის 1 მაისამდე მოქმედი რედაქცია) დამთავრებული დანაშაულისთვისაც კი (მარიხუანის უკანონო გასაღება) ითვალისწინებს სამიდან რვა წლამდე თავისუფლების აღკვეთას. ამდენად, პროკურორის მითითება განზრახვის ხარისხისა და ქმედების რეალიზაციის სიახლოვის მხედველობაში მიღებით სასჯელის დამძიმებაზე სრულიად უსაფუძვლოა. იმ პირობებში, როდესაც გამოკვეთილი არ არის დამამძიმებელი გარემოებები, ხსენებული დანაშაულის მომზადებისთვის, სანქციით გათვალისწინებული მინიმალური სასჯელის – სამი წლით თავისუფლების აღკვეთის შეფარდება ვერ შეფასდება არაპროპორციულ და აშკარად ლმობიერ სასჯელად.

5.11. რაც შეეხება ზოგადი პრევენციის მიზნის მიღწევას, საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ „ზოგადი პრევენციის მიზნის უგულებელყოფა არ შეიძლება, მეტიც, მას ნამდვილად აქვს საზოგადოებაში მაგალითის დატვირთვა და პოზიტიური როლი კრიმინალური ქმედების შემცირებისა და საზოგადოების მშვიდი, ჰარმონიული განვითარებისთვის. თუმცა სახელმწიფოს იძულების ღონისძიების გამოყენებისას უნდა ჰქონდეს ზოგადი პრევენციის ზემოაღნიშნული პოზიტიური შედეგების გამოწვევის პასიური მოლოდინი, სახელმწიფომ არ შეიძლება პირი დასაჯოს მხოლოდ იმის გამო, რომ სხვამ არ ჩაიდინოს იგივე ქმედება. არ შეიძლება პირის დასჯის მიზანი იყოს მხოლოდ და მხოლოდ სხვა პირების „დაშინება“, გაფრთხილება და ამ გზით სხვების მიერ იმავე დანაშულის ჩადენის რისკების მინიმალიზება. მხოლოდ ზოგადი პრევენცია ვერ იქნება საკმარისი და თვითკმარი პირის მიმართ ნებისმიერი სასჯელის გამოყენებისთვის, რადგან ასეთი მიდგომით ადამიანი გადაიქცევა სახელმწიფოს ხელში საზოგადოების „დაშინების იარაღად“, იძულების ღონისძიების გამოყენების მუქარის შიშველ ობიექტად, რაც გამორიცხულია და დაუშვებელი სამართლებრივ სახელმწიფოში“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-52).

5.12. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009).

5.13. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ, როდესაც საკასაციო სასამართლო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლების არარსებობის გამო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).

5.14. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი თბილისის დიდუბე-ჩიღურეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ ანჟელა გეთიასა და მსჯავრდებულ დ. შ-ის ინტერესების დამცველი ადვოკატის – ლ. ა-ის საკასაციო საჩივრები;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნინო სანდოძე

მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი

ლევან თევზაძე