საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 08.07.2026
საქმის ნომერი
2კ-3აპ.-26
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
08.07.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100122006050283

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №3აპ-26 ქ. თბილისი

მ-ი კ, 3აპ-26 8 ივლისი, 2026 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლაშა ქოჩიაშვილი (თავმჯდომარე),ამირან ძაბუნიძე, თამარ ზამბახიძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 30 სექტემბრის განაჩენზე თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ გია შაიშმელაშვილისა და მსჯავრდებულ კ. მ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ტ. კ-ის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 30 დეკემბრის განაჩენით:

1.1. კ. მ-ი, - დაბადებული ... წლის ... აგვისტოს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით (1999 წლის რედაქცია, 2022 წლის 21 ივნისამდე მდგომარეობით) და მიესაჯა 14 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2022 წლის 3 აპრილიდან.

1.2. მასვე საქართველოს სსკ-ის 521-ე მუხლის თანახმად, 5 წლით აეკრძალა იარაღის დამზადების, შეძენის, იარაღის (მათ შორის, სამსახურებრივი საშტატო იარაღის) შენახვის, ტარებისა და გამოყენების უფლება.

1.3. ტ. გ-ია, - დაბადებული .... წლის ... თებერვალს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით და მიესაჯა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2022 წლის 6 აპრილიდან;

2. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ კ. მ-მა ჩაიდინა განზრახ მკვლელობის მცდელობა, ჩადენილი პირთა ჯგუფის მიერ, ხოლო ტ. გ-მ - ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა და

შენახვა, რაც გამოიხატა შემდეგში:

· 2022 წლის 2 აპრილს, დაახლოებით 21:00 საათზე, ქ.თ-ში, კ-ას პირველი შესახვევის N...-ში მდებარე სს „ს-ის“ ოფისის მეოთხე სართულზე არსებულ ოთახში, საზოგადოების დირექტორ გ. ქ-ის მეგობარ კ. ქ-ან სასაუბროდ მივიდნენ მისი ნაცნობები - მ. მ-ძე, ო. რ-ძე, ხ. ც-ია, დ. მ-ძე, ვ. მ-ძე, გ. გ-იძე, გ. ა-ი, ო. ბ-ია და გ. გ-ნი, ასევე მათი მეგობრები - ა. ბ-ძე, ლ. კ-ი, გ. მ-ი და შ. გ-ნი. შეხვედრის დროს მ. მ-ს ახლდნენ ე.წ. პირადი დაცვის წევრები - კ. მ-ი და გ. ა-ი, ო. რ-ს - ე.წ. პირადი დაცვის წევრები - ლ. გ-ძე და დ. ც-ი, დ. და ვ. მ-ს - ე.წ. პირადი დაცვის წევრი - გ. პ-ო. ამავე საუბარს, ასევე, ესწრებოდნენ კ. ქ-იას მეგობარი ვ. გ-ძე და გ. ქ-ი. შეხვედრის მიმდინარეობისას მხარეებს შორის მოხდა შეკამათება და ფიზიკური დაპირისპირება. კონფლიქტის დროს კ. მ-მა თანამზრახველთან ერთად, ჯგუფურად, მათ ხელთარსებული ცეცხლსასროლი იარაღებიდან გასროლებით, კ. ქ-ას მიაყენეს ჯანმრთელობის დაზიანებები, რითიც კ. მ-მა, თანამზრახველთან ერთად, ჩაიდინა კ. ქ-ას განზრახ მკვლელობის მცდელობა ჯგუფურად.

· დაუდგენელ დროსა და ვითარებაში ტ. გ-ამ მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა ცეცხლსასროლი იარაღი - BLOW MINI MOD 2003 მოდელის 8 მმ ნომინალური კალიბრიანი პისტოლეტი და საბრძოლო მასალა, სამი ცალი ქარხნული წესით დამზადებული 1906 წლის ნიმუშის, 6.35 კალიბრიანი ვაზნა და 22 ცალი ქარხნული წესით დამზადებული 1974 წლის ნიმუშის, 5.45 კალიბრიანი ვაზნა, რომლებიც მართლსაწინააღმდეგოდ შეინახა ქ. თ-ში, რ-ის გზატკეცილის N..-ის მოპირდაპირე მხარეს მდებარე ნაკვეთში. აღნიშნული ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა 2022 წლის 3 აპრილს ამოღებულ იქნა გამოძიების მიერ ქ. თ-ში, რ-ის გზატკეცილის N..-ის მოპირდაპირე მხარეს მდებარე ნაკვეთში ჩხრეკისას.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 30 სექტემბრის განაჩენით:

3.1. დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 30 დეკემბრის განაჩენში შევიდა ცვლილება, კერძოდ:

3.2. კ. მ-ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდება (2022 წლის 24 მაისის, N1580-VIIIმს-Xმპ კანონის ძალაში შესვლამდე მოქმედი რედაქცია - 2022 წლის 21 ივნისამდე მდგომარეობით) გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 19,108-ე მუხლზე (2022 წლის 24 მაისის, N1580-VIIIმს-Xმპ კანონის ძალაში შესვლამდე მოქმედი რედაქცია - 2022 წლის 21 ივნისამდე მდგომარეობით).

3.3. კ. მ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით (2022 წლის 24 მაისის, N1580-VIIIმს-Xმპ კანონის ძალაში შესვლამდე მოქმედი რედაქცია - 2022 წლის 21 ივნისამდე მდგომარეობით) და მიესაჯა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2022 წლის 3 აპრილიდან.

3.4. მასვე, საქართველოს სსკ-ის 521-ე მუხლის თანახმად, 5 წლით აეკრძალა იარაღის დამზადების, შეძენის, იარაღის (მათ შორის, სამსახურებრივი საშტატო იარაღის) შენახვის, ტარებისა და გამოყენების უფლება.

3.5. ტ. გ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით და მიესაჯა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2022 წლის 6 აპრილიდან.

4. კასატორმა - თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორმა გია შაიშმელაშვილმა საკასაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 30 სექტემბრის განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ: კ. მ-ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (2022 წლის 24 მაისამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და მკაცრი სასჯელის შეფარდება.

4.1. კასატორმა - მსჯავრდებულ კ. მ-ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ტ. კ-მ საკასაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 30 სექტემბრის განაჩენის გაუქმება და კ. მ-ის გამართლება.

5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

5.1. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მხარის საჩივარს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა ფარგლებში განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია იგი.

6. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის საკასაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულ კ. მ-ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანის, ხოლო ბრალდების მხარის მოთხოვნას მსჯავრდებულის საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნობის შესახებ, ვინაიდან მიაჩნია, რომ სააპელაციო პალატამ სამართლებრივად სწორად და ობიექტურად შეაფასა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის გადაწყვეტილებას, კ. მ-ის მიმართ წარდგენილი ბრალდების, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით, სსკ-ის 19,108-ე მუხლზე გადაკვალიფიცირების შესახებ.

7. სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისათვის განსაზღვრული გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი გულისხმობს მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში, რაც არ გულისხმობს მტკიცებულებათა მხოლოდ რაოდენობრივ მახასიათებელს (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 27 ოქტომბრის განჩინება საქმეზე N 400აპ-21). შესაბამისად, საკითხი იმის შესახებ, თუ რა სახის და რა რაოდენობის მამხილებელი მტკიცებულების ერთობლიობაა საკმარისი გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად, წყდება ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით.

8. მოცემულ შემთხვევაში, ის ფაქტობრივი გარემოებანი, რომ კ. მ-მა ცეცხლსასროლი იარაღიდან გაისროლა, არ წარმოადგენს სადავო გარემოებას. დაცვის მხარე ამტკიცებს, რომ კ. მ-ი მოქმედებდა აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში და სწორედ ეს გარემოებაა მისი გამართლების საფუძველი.

9. საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ შეკრებილ პირთა რაოდენობა, აღჭურვილობა (ჯავშანჟილეტის ჩაცმა თუ ჯავშანფილების ფლობა) და შეიარაღება უტყუარად ადასტურებს, რომ ორივე მხარე, დიდი ალბათობით, უშვებდა მოვლენების იმგვარ განვითარებას, როგორი შედეგიც საბოლოოდ დადგა. აშკარაა, რომ მ. მ-ძე, კ. მ-ი და მისი თანმხლები პირები მზად იყვნენ მოწინააღმდეგეზე შეიარაღებული თავდასხმისათვის. ამის დასტურია თუნდაც მ. მ-ის მიერ შეხვედრამდე ჯავშანჟილეტის ჩაცმა, კ. მ-ის შეიარაღებული მზადყოფნა შემთხვევის ადგილზე მაშინ, როდესაც „კერძო დაცვითი საქმიანობის შესახებ“ კანონი არ ითვალისწინებს ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით დაცვას. მართალია „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, კ. მ-ს, ზოგადად, დართული ჰქონდა უფლება ეტარებინა ის ცეცხლსასროლი იარაღები, რომელსაც შემთხვევის ადგილზე ფლობდა, მაგრამ ამავე კანონის მეცხრე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, იგივე უფლება მას კერძო დაცვითი საქმიანობის პერიოდში და, შესაბამისად, ამ შემთხვევის დროს, არ გააჩნდა. კ. მ-მა ჩვენების მიცემისას აღნიშნა, რომ იგი ფლობდა ორ ცეცხლსასროლ იარაღ ,,გლოკ 45-ს“, საიდანაც ერთი აჩუქა მ. მ-მ, ხოლო მეორე - მისმა ძმამ. მისივე განმარტებით, შემთხვევის ადგილზე თან ჰქონდა ორივე ცეცხლსასროლი იარაღი, რომელთაგან ერთ-ერთი, ,,გლოკ 45“, გაურკვეველ ვითარებაში დაკარგა. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სახეზეა წინასწარ დაგეგმილი ე.წ. ,,გარჩევა“, რა დროსაც ძალიან მაღალია ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით ურთიერთდაპირისპირების ალბათობა; მიუხედავად ამისა, კ. მ-ი შეიარაღებული გაემართა შემთხვევის ადგილისაკენ. ასევე ნათელია, რომ ურთიერთდაპირისპირების ან ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების შესაძლებლობა გაცნობიერებული ჰქონდათ შემთხვევის ადგილზე მყოფ პირებს, მათ შორის კ. მ-საც. მის ეჭვებს შესაძლო დაპირისპირების შესახებ ამყარებს შენობაში სხვა ოთახში იატაკზე გაშლილი პოლიეთილენის პარკი, რაც მსჯავრდებულმა დაადასტურა ჩვენების მიცემისას. შესაბამისად, იგი უფრო მეტად დარწმუნდა მათზე თავდასხმის რეალურობაში. წინასწარ მომზადება, ცეცხლსასროლი იარაღებით აღჭურვა და წარმოდგენილი გარემოებები კიდევ უფრო ამტკიცებს იმ ფაქტს, რომ შემთხვევის ადგილას მყოფნი კარგად აცნობიერებდნენ საფრთხესა და მოვლენების ამგვარი განვითარების საშიშროებას.

10. საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, აშკარაა, რომ არსებობდა შესაბამისი ეჭვები, ვითარება და საკმარისი დრო, რათა, სურვილის არსებობის შემთხვევაში, თუნდაც კ. მ-ს, მიეღო შესაბამისი ზომები თავდასხმის, ურთიერთდაპირისპირების თავიდან ასარიდებლად. მიუხედავად ამისა, მას არ მიუმართავს რაიმე კანონიერი ზომისათვის შესაძლო დაპირისპირების თავიდან ასაცილებლად (მაგალითად, პოლიციის გამოძახება, თანმხლები პირებისათვის მოწოდება დაეტოვებინათ ადგილი და სხვა) და ეს მაშინ, როდესაც თავდასხმა ჯერ არც კი დაწყებულიყო. მსჯავრდებულმა კ. მ-მა ჩვენებაში მიუთითა, რომ როდესაც შეხვედრის ოთახი დატოვა გ. ა-მა, ოთახში ატყდა სროლა, მან საბრძოლო მდგომარეობაში მოიყვანა მისი ცეცხლსასროლი იარაღი. შესაბამისად, კ. მ-მა იცოდა მოსალოდნელი თავდასხმის შესახებ და არათუ რაიმე ზომა მიიღო ამ დაპირისპირების თავიდან ასაცილებლად, არამედ ჩაერთო მოვლენებში, რაც მალევე გადაიზარდა შეიარაღებულ დაპირისპირებაში. შესაბამისად, ზემომითითებული გარემოებები ვერ აკმაყოფილებს აუცილებელი მოგერიების შეფასებისათვის არსებულ კრიტერიუმებს, როგორიც არის კონფლიქტის წარმოშობის საფუძვლის, მიზეზის, ინტენსივობის შესაბამისობა ქმედების საშიშროებასა და ხასიათთან. დასახელებული გარემოებები კი კატეგორიულად გამორიცხავს აუცილებელი მოგერიების მდგომარეობას.

11. საკასაციო სასამართლო, სააპელაციო პალატის მსგავსად, ყურადღებას გაამახვილებს აუცილებელი მოგერიების შეფასების კრიტერიუმებზე, კ. მ-ის უშუალო მოქმედებასა და მის მიმართ მომდინარე საფრთხის რეალურობასთან მიმართებით. აუცილებელი მოგერიების დროს, პირი უნდა იმყოფებოდეს თავდასხმის მდგომარეობაში და ეს თავდასხმა უნდა იყოს იმწუთიერი, ანუ პირზე თავდასხმა უნდა ხორცილდებოდეს იმწუთიერად და, არა ზოგადად, გარდაცვლილის მხრიდან წარსულში დაზარალებულისადმი რაიმე კანონსაწინააღმდეგო ქმედებისას. თუ პირის მიმართ ადგილი აქვს არაკანონიერ ქმედებას, არა იმწუთიერად და იგი ცდილობს აღკვეთოს მის მიმართ წარსულში მომხდარი ქმედებანი, აღნიშნული წარმოადგენს პირის განზრახვას პასუხი აგებინოს მეორე პირს ჩადენილი არაკანონიერი ქმედებების გამო. მართალია, მოცემულ შემთხვევაში, დადასტურებულია, რომ კ. მ-მა გაიგო იარაღის გასროლის ხმა, დაზარალებულების ყვირილი, რომლებიც შველას ითხოვდნენ, მაგრამ იგი უშუალოდ არ შესწრებია აღნიშნულ მოვლენებს, რადგან არ იმყოფებოდა იმ ოთახში, რომელშიც იყვნენ მ. მ-ძე და კ. ქ-ია. კ. მ-მა ჩვენებაში აღნიშნა, რომ როდესაც შეხვედრის ოთახი დატოვა გ. ა-მა, ოთახში ატყდა სროლა, მან საბრძოლო მდგომარეობაში მოიყვანა მისი ცეცხლსასროლი იარაღი. ოთახის კარიდან გამოსული პირები გარბოდნენ სხვადასხვა მიმართულებით. შეხვედრის ოთახიდან მ. მ-სა და მისი მეგობრების ხმები ისმოდა, რომლებიც ითხოვდნენ დახმარებას.

12. ასევე ყურადსაღებია კ. ქ-ასა და კ. მ-ის უშუალო შეხვედრის ეპიზოდი. მათი უშუალო დაპირისპირების ეპიზოდი აჩენს კითხვებს, რომელიც არ ქმნის იმ გარემოებების ლოგიკურ ჯაჭვს, რაც, სინამდვილეში, შესაძლოა განვითარებულიყო შემთხვევის ადგილზე, კერძოდ:

13. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადასტურებულია, რომ კ. ქ-ამ თავდაპირველად სროლა დაიწყო იმ ოთახში, სადაც დაპირისპირებული მხარეები იმყოფებოდნენ. ამის შემდგომ გადაადგილდებოდა იგი ოთახიდან დერეფნის მიმართულებით. სანამ კ. ქ-ია შეხვედრის ოთახს დატოვებდა და დაიწყებდა დერეფნის მიმართულებით გადაადგილებას, ოთახიდან გამოვიდნენ გ. პ-კო და გ. გ-იძე, რომლებმაც დაინახეს უკუსვლით, იარაღმომარჯვებული მიმავალი კ. მ-ი. ამავდროულად, მან დაინახა კ. ქ-ია, რომელიც შეხვედრის ოთახიდან გავიდა, გ. პ-ომ კ. მ-ს გვერდით ჩაუარა და ცენტრალული გასასვლელიდან დატოვა დერეფანი. მან აღნიშნა, რომ სროლის ხმები ესმოდა დერეფნის დატოვებისა და კიბეზე ჩასვლის დროსაც. გ. პ-ომ ეზოში ნახა, რომ გ. ა-ს დაჭრილი მ. მ-იძე მიჰყავდა. შესაბამისად, მოწმეთა ჩვენებებიდან აშკარაა, რომ კ. მ-ს დერეფნის ნაწილი გავლილი უნდა ჰქონოდა და იგი (მისი აღქმით) ცენტრალური გასასვლელისკენ მიემართებოდა, რა დროსაც გამოდის შეხვედრის ოთახიდან კ. ქ-ია. კ. მ-ის ჩვენებით, იგი გადაადგილდებოდა ცენტრალური გასასვლელის მიმართულებით უკუსვლით სახით შეხვედრის ოთახის კარისკენ, რა დროსაც მას ჩაურბინეს გ. პ-ომ და გ. გ-მ, რის შემდგომაც მან დაინახა შეხვედრის ოთახიდან გამოსული კ. ქ-ია, რომელიც გადაადგილდებოდა ჩქარა, მარჯვენა ხელში მომარჯვებული პისტოლეტით. კ. მ-ის განმარტებით, როდესაც მას მიუახლოვდა იარაღმომარჯვებული კ. ქ-ია, მან კ. ქ-იას რამდენჯერმე ესროლა ფეხებში. მისივე ჩვენების თანახმად, კ. მ-ი უნდა ყოფილიყო დერეფნის ერთ ბოლოს, ხოლო კ. ქ-ია - მეორე მხარეს შეხვედრის ოთახთან (პატარა დერეფანში). თუ კ. ქ-ამ, მართლაც, რომ სწრაფი ნაბიჯებით დაიწყო კ. მ-ენ გადაადგილება, გაუგებარია, საბოლოოდ, კ. ქ-იას ცხედარი როგორ აღმოჩნდა შეხვედრის ოთახის მიმდებარედ (პატარა დერეფანში). შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს, ისევე როგორც სააპელაციო პალატას, მიაჩნია, რომ კ. მ-ის მონათხრობი ბადებს კითხვებს, რომელიც ლოგიკურ ახსნას არ ექვემდებარება. თუ ჰიპოთეტურად დავუშვებთ, რომ კ. ქ-ამ სწრაფი ნაბიჯებით დაიწყო კ. მ-ის მიმართულებით გადაადგილება, რომელსაც დროის გარკვეული პერიოდის მანძილზე უკუსვლით დაწყებული ჰქონდა გასასვლელისკენ მოძრაობა, მაშინ კ. ქ-იას ცხედარი როგორ აღმოჩნდა შეხვედრის ოთახის მიმდებარედ. კ. მ-ის ჩვენებაზე დაყრდნობით, კ. ქ-იას ცხედარი უნდა ყოფილიყო არა შეხვედრის ოთახთან (პატარა დერეფანში), არამედ დერეფნის იმ მონაკვეთში, სადაც იმყოფებოდა კ. მ-ი (დერეფნის შუა ნაწილიდან, დერეფნის ბოლო, ცენტრალური გასასვლელის მიმართულებით). ასევე საყურადღებოა, კ. ქ-ას გვამის დების ადგილისა და კ. მ-ის იარაღიდან გასროლილი ტყვიის გულას (ობიექტი N11, რომელზეც აღმოჩნდა კ. ქ-ას სისხლი) აღმოჩენის ადგილის გათვალისწინებით, დგინდება, რომ კ. მ-ი კ. ქ-ის ერთ-ერთი სროლის მომენტში იდგა არა ოფისის შესასვლელ დერეფანში და უკუსვლით გადიოდა კარში, არამედ ის იმყოფებოდა მე-6 ოთახის კარების მიმდებარე ტერიტორიაზე, საიდანაც ესროლა კ. ქ-ას. აშკარაა, რომ კ. მ-ისა და კ. ქ-ას უშუალო დაპირისპირების ეპიზოდში კ. მ-ის მხრიდან აღწერილი მოვლენები არ შეესაბამება რეალობას.

14. ყურადსაღებია საგამოძიებო მოქმედებების შედეგად შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ვაზნების ოდენობა, ტრაექტორია, გარდაცვლილის ჭრილობათა არე, ექსპერტიზის დასკვნები და, აღნიშნულთან მიმართებით, მსჯავრდებულის ჩვენება, კერძოდ:

15. კ. მ-მა ჩვენების მიცემისას აღნიშნა, რომ მან კ. ქ-ას მიმართულებით სამ-ოთხჯერ გაისროლა, ხოლო შემდგომ კიდევ რამდენჯერმე - გ. ქ-ის მიმართულებით, რომელიც კედელს იყო ამოფარებული. საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, ამ შემთხვევაში, გასათვალისწინებელია კ. ქ-იას სხეულზე არსებული ჭრილობების რაოდენობა - მას მიყენებული აქვს 12 ცეცხლნასროლი ჭრილობა. კ. ქ-იას არ მოხვედრია ასხლეტილი და უკვე დაზიანებული ტყვიები, რაზეც მეტყველებს საქართველოს შს სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ბალისტიკური ექსპერტიზის N... დასკვნა, რომ სროლის დროს იარაღის ლულა სხეულიდან დაშორებული იყო 80-150 სმ-ით. ანასხლეტი ტყვიის მოხვედრის შემთხვევაში სროლისას თანმდევი ფაქტორები არ იქნებოდა ასახული ტანსაცმელზე. ამავე დასკვნის თანახმად, 14 ცალი მასრა გასროლილია ექსპერტიზაზე წარმოდგენილ „Glock 45“ მოდელის 9 მმ კალიბრიანი №AFXV039 პისტოლეტში; ასევე 2 ცალი ტყვია გასროლილია ექსპერტიზაზე წარმოდგენილი „Glock 45“ მოდელის 9 მმ კალიბრიანი №AFXV039 პისტოლეტის ლულიდან (აღნიშნული იარაღი ეკუთვნის კ. მ-ს). ამდენად, უტყუარი მტკიცებულებაა, რომ კ. მ-მა შემთხვევის ადგილზე ცეცხლსასროლი იარაღიდან განახორციელა 14 გასროლა, მათ შორის, კ. ქ-ას მისამართით გაისროლა. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ბიოლოგიური (გენეტიკური, სეროლოგიური) ექსპერტიზის N... დასკვნით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის მიხედვით შესასვლელი კარის იატაკზე ამოღებული ტყვიის გულა ობ. N11-ზე აღებული ანაწმენდები და ასევე შესასვლელი რკინის კარიდან ხელმარჯვნივ, შიდა მხარეს კედლის ზედაპირიდან ამოღებული ტყვიის გულა ეკუთვნის კ. ქ-იას, რომელიც გასროლილია კ. მ-ის ცეცხლსასროლი იარაღიდან. მნიშვნელოვანი გარემოებაა, რომ კ. მ-ს შემთხვევის ადგილას ჰქონდა ორი ცეცხლსასროლი იარაღი, რომელთაგანაც ერთ-ერთი შემთხვევის დროს გაურკვეველ ვითარებაში დაკარგა. შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ ოთახი N6-ს წინ, ნანახი იქნა დეფორმირებული ლითონის ფრაგმენტი - ობიექტი N19. ბალისტიკური ექსპერტიზის N.... დასკვნის თანახმად ლითონის ფრაგმენტი არის ტყვიის გულას შემადგენელი ნაწილი. ბიოლოგიური (გენეტიკური, სეროლოგიური) ექსპერტიზის N... დასკვნის თანახმად აღნიშნულ ტყვიის გულაზე აღმოჩნდა კ. ქ-ას ბიოლოგიური მასალა. შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ ე.წ. დირექტორის ოთახის შესასვლელის კართან ნანახი იქნა მეტალის ფრაგმენტი - ობიექტი N33. ბალისტიკური ექსპერტიზის N... დასკვნის თანახმად, ლითონის ფრაგმენტი არის ტყვიის გულის შემადგენელი ნაწილი. ბიოლოგიური (გენეტიკური, სეროლოგიური) ექსპერტიზის N... დასკვნის თანახმად აღნიშნულ ტყვიის გულაზე აღმოჩნდა კ. ქ-ას ბიოლოგიური მასალა. შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ ფოიეში შესასვლელი კარის მარჯვენა მხარეს, კედელში, იატაკის ზედაპირიდან 130 სმ-ის სიმაღლეზე, ნანახი იქნა ტყვიის გულა. ბალისტიკური ექსპერტიზის N... დასკვნის თანახმად, ტყვიის გულა არის ქარხნული წესით დამზადებული 1906 წლის ნიმუშის 6.35 მმ კალიბრის ვაზნის, შემადგენელი ნაწილის ტყვიის გულა. ბიოლოგიური (გენეტიკური, სეროლოგიური) ექსპერტიზის N... დასკვნის თანახმად აღნიშნულ ტყვიის გულაზე აღმოჩნდა კ. ქ-ას ბიოლოგიური მასალა. დადგენილია ის გარემოება, რომ კ. ქ-ია შეხვედრის N5 ოთახიდან გამოვიდა უვნებელი. ასევე მნიშვნელოვანია, რომ კ. მ-მა კ. ქ-იას მიმართულებით განახორციელა 3-4 გასროლაზე მეტი. ასევე დადგენილია, რომ კ. ქ-იას დერეფანში მიაყენეს 12 ცეცხლსასროლი ჭრილობა რამდენიმე ცეცხლსასროლი იარაღიდან, ჭრილობები მიყენებულია როგორც გვერდიდან, ასევე წინიდან და უკნიდან, კ. ქ-ია მიყენებული ცეცხლსასროლი ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა.

16. საკასაციო სასამართლო კვლავ აღნიშნავს, რომ აუცილებელი მოგერიება შესაძლებელია როგორც საკუთარი, ასევე სხვისი სამართლებრივი სიკეთის დასაცავად. აუცილებელი მოგერიების დროს თავდასხმა უნდა იყოს ობიექტურად, რეალურად საშიში და მომგერიებელს სუბიექტურად უნდა ჰქონდეს თავდაცვის მიზანი. აღნიშნული სტრუქტურულად გამოიხატება უკიდურესი მდგომარეობით, უკიდურესობით გამოწვეულო მოქმედებითა და თავდაცვის სურვილით. ხელყოფა, გარდა იმისა, რომ უნდა იყოს რეალური, იგი უნდა იყოს მართლსაწინააღმდეგო, იმწუთიერი, ასევე რელევანტური, ანუ სოციალურად მნიშვნელოვანი და სამართლებრივი სიკეთის დაცვის სურვილით განხორციელებული.

17. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ კ. მ-ის განმარტებები არ შეესაბამებოდა იმ ობიექტურ რეალობას, რომელშიც იგი 2022 წლის 2 აპრილს იმყოფებოდა. შესაბამისად, აღნიშნული გამორიცხავს აუცილებელ მოგერიებას. დერეფანში მყოფ კ. ქ-ას მიმართ განხორციელდა არაერთი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლა, მათ შორის GLOK 45 მოდელის N AFXV039 პისტოლეტიდან რამდენჯერმე გაისროლა კ. მ-მა, გასროლილი ტყვიები მოხვდა კ. ქ-იას, რის შედეგადაც იგი ძირს დაეცა.

18. სააპელაციო სასამართლო მართებულად აღნიშნავს: კონფლიქტი დაიწყო შეიარაღებული დაპირისპირების დაწყებამდე ადრე და გადაიზარდა ეგრეთ წოდებულ „გარჩევაში“. საქმის „გარჩევის“ მიზნით შეკრებილი ორივე მხარე კი წინასწარ მოემზადა დაპირისპირებისათვის და შეიარაღდნენ ცეცხლსასროლი იარაღებით; მათ შორის კ. მ-იც.

19. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მსჯავრდებულ კ. მ-ის მიერ ჩადენილი დანაშაული ეხება ადამიანის სიცოცხლეს, მის შემდგომ არსებობას. ზოგადად, სიცოცხლის უფლება საქართველოს კონსტიტუციითა და მრავალი საერთაშორისო აქტით გარანტირებული უფლებაა და მისი შელახვის ყოველი მცდელობა მკაცრად უნდა იქნეს პასუხგაცემული როგორც სახელმწიფოს, ასევე - საზოგადოების მხრიდან.

20. ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად იხელმძღვანელა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსითა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი მტკიცების სტანდარტით - გონივრულ ეჭვს მიღმა და ისე მიიღო გადაწყვეტილება.

21. კ. მ-ს ბრალი ედება იმაში, რომ კ. ქ-იას მკვლელობის მცდელობა ჩაიდინა ჯგუფურად და, კონკრეტულად, დ. ც-ან ერთად. განსახილველ შემთხვევაში, სახელმწიფო ბრალმდებელი გია შაიშმელაშვილი საკასაციო საჩივრით მიიჩნევს, რომ კ. ქ-ას მიმართ კ. მ-ი და დ. ც-ი ერთობლივად ახორციელებდნენ გასროლებს, ამასთან, თითოეული მათგანი ხედავდა მეორის მოქმედებას და თავის მოქმედებით მხარს უჭერდა მას, რის გამოც სახეზეა კ. ქ-ას მკვლელობის მცდელობა ჯგუფურად. პროკურორის მოსაზრებით, აღნიშნული ფაქტობრივი გარემოება დადასტურებულია შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმითა და შესაბამისი ექსპერტიზების დასკვნებით.

22. კასატორის - ბრალდების მხარის მიერ საჩივარში წარმოდგენილ პოზიციას საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს შემდეგ გარემოებათა გამო:

23. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 27-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დანაშაული ჯგუფის მიერაა ჩადენილი, თუ მის განხორციელებაში წინასწარ შეუთანხმებლად ერთობლივად მონაწილეობდა ორი ან მეტი ამსრულებელი.

24. საკასაციო სასამართლო ეთანხმება და იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის მსჯელობას და მიუთითებს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ დაადასტურა ის ფაქტობრივი გარემოება, რომ შემთხვევის ადგილზე ნანახი კვლებისა და ნივთების განლაგების, ასევე მათი საექსპერტო კვლევის შედეგად ზუსტად დადგინდეს კონკრეტულად რა ადგილიდან ისროდნენ კ. მ-ი, დ. ც-ი და დაუდგენელი პირი იმ დროს, როდესაც გარდაცვლილ კ. ქ-ას მოხვდა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლილი ტყვიები და იგი დაეცა დერეფანში. ასევე, ისინი ერთმანეთს ხედავდნენ და ერთდროულად ისროდნენ.

25. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია ფაქტობრივი გარემოებები, რომლის თანახმადაც, როგორც კ. მ-ი, ისე დ. ც-ი იყვნენ პირადი დაცვის წევრები (როგორც ისინი მათ საქმიანობას მოიხსენიებენ). შესაბამისად, არაფრით დასტურდება, რომ უშუალოდ მათ მიერ დასაცავი პირების შემთხვევის ადგილზე მისვლამდე, კ. მ-ისა და დ. ც-ის ცნობილი იყო მათი მოსალოდნელი შეხვედრის შესახებ. დადგენილია ისიც, რომ მათ მსგავსად, ადგილზე კიდევ იმყოფებოდა რამდენიმე პირი, ვინც ასევე იქვე მყოფი სხვადასხვა პირების პირადი დაცვის ფუნქციას ასრულებდა, ასევე შეიარაღებული იყვნენ ცეცხლსასროლი იარაღით. თუმცა ეს პირები კონფლიქტში, იარაღის გამოყენებით, არ ჩართულან. აღნიშნული კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, კ. მ-ი შეცდომით ფიქრობდა რა, რომ აღნიშნული მის უფლებამოსილებას წარმოადგენდა, მოქმედებდა დამოუკიდებლად და სპონტანურად.

26. ამდენად, ბრალდების მხარის მიერ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები ვერ აკმაყოფილებს საქართველოს კონსტიტუციითა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი მტკიცებულებათა ერთობლიობის სტანდარტს, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა, რომ კ. მ-მა დანაშაული ჩაიდინა ჯგუფურად.

27. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კ. მ-ის მსჯავრდება საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით (2022 წლის 24 მაისის, N1580-VIIIმს-Xმპ კანონის ძალაში შესვლამდე მოქმედი რედაქცია - 2022 წლის 21 ივნისამდე მდგომარეობით) კანონიერი და დასაბუთებულია.

28. მოცემულ შემთხვევაში საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

29. რაც შეეხება სააპელაციო სასამართლოს მიერ შეფარდებულ სასჯელს, საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულყოფილად, ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა, გაითვალისწინა მსჯავრდებულის ინდივიდუალური მახასიათებლები და კ. მ-ს საბოლოოდ განუსაზღვრა ისეთი სასჯელი, რომელიც არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას, შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებს, სასჯელის მიზნებს და შესაბამისი მუხლით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებშია. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ „სასჯელი, ერთი მხრივ, უნდა იყოს ქმედებით გამოწვევად საფრთხეებთან გონივრულ პროპორციაში, ხოლო, მეორე მხრივ ....ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის დაკისრება მოხდეს დანაშაულის ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-38). შესაბამისად, სასჯელის მიზნის რეალიზაციას სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდაუვალობა განაპირობებს.

30. სასამართლო ითვალისწინებს, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლება სასამართლოებს ავალდებულებს, ნათლად მიუთითონ საფუძვლები, რომლებსაც დაეყრდნენ გადაწყვეტილების მიღებისას (იხ. Taxquet v. Belgium [GC], ECtHR, no. 926/05, § 91, ECtHR 2010, და Nikolay Genov v. Bulgaria, no. 7202/09, §27, 13/07/2017). იმავდროულად, დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no. 36755/06, § 31, ECtHR, 11/11/2011); ზედა ინსტანციის სასამართლოებს უფლება აქვთ დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, ECtHR, N49684/99, §30, 25/12/2001).

31. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძველი, საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

32. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ გია შაიშმელაშვილისა და მსჯავრდებულ კ. მ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ტ. კ-ის საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 30 სექტემბრის განაჩენზე;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ქოჩიაშვილი

მოსამართლეები: ა. ძაბუნიძე

თ. ზამბახიძე