საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100124008917155
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №67აპ-26 ქ. თბილისი
ა. რ., 67აპ-26 6 ივლისი, 2026 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),მამუკა ვასაძე, ლევან თევზაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 1 დეკემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ რ. ა–ას ინტერესების დამცველი ადვოკატის – ხ. კ–ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით: რ. ა–ას, – პირადი ნომერი: ................., – ბრალად ედებოდა:
1.1. თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, დიდი ოდენობით, იმის მიერ, ვინც ორზე მეტჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის, – დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსკ-ის) 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ქვეპუნქტითა და მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.
1.1.1. რ. ა–ას მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 29 ივლისის განაჩენით რ. ა–ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 185-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 29 მაისის განაჩენით რ. ა–ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა,“ „ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებითა და საქართველოს სსკ-ის 185-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 6 ნოემბრის განაჩენით რ. ა–ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „გ“ ქვეპუნქტებითა და მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-3 ნაწილის „ა“ და მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით, საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-3 ნაწილის „ა“, „გ“ და მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში.
2023 წლის 8 ნოემბერს, ქ. თ–ში, ... გამზირის №..-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, გ. გ–ი მისი კუთვნილი „RANGE ROVER SPORT-ის“ მარკის ავტომანქანის, სახელმწიფო ნომრით: ....., გაქირავების მიზნით, შეხვდა რ. ა–ას. სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის სამჯერ ნასამართლევი რ. ა–ა, რომელსაც თავიდანვე განზრახული ჰქონდა გ. გ–ის კუთვნილი ავტომანქანის მოტყუებით დაუფლება, მას გაეცნო სხვა პიროვნების – ი. ა–ის სახელით და ამავე დღეს, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მოტყუებით დაეუფლა გ. გ–ის ავტომანქანას, მასთან კი დადო პირობა, რომ ავტომანქანას დაიქირავებდა დღიურად. ასევე, გ. გ–ის ნდობის მოპოვების მიზნით, რ. ა–ამ ადგილზე გადაუხადა თანხა – 900 ლარი. ვინაიდან, ნაკისრი ვალდებულების დროულად შესრულების გზით, რ. ა–ას მოპოვებული ჰქონდა გ. გ–ის ნდობა, მან კვლავ განაგრძო ავტომანქანის დაქირავება თვიურად. აღნიშნულის შემდგომ, გ. გ–ის კუთვნილი, 35 000 ლარად ღირებული „RANGE ROVER SPORT-ის“ მარკის ავტომანქანა, 2023 წლის 21-22 დეკემბერს, უნებართვოდ მიჰყიდა რ. ბ–ს. რ. ა–ას მართლსაწინააღმდეგო ქმედების შედეგად, გ. გ–ს მიადგა დიდი ოდენობით – 35 000 ლარის ქონებრივი ზიანი.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 11 ივლისის განაჩენით:
2.1. რ. ა–ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 წლითა და 6 თვით, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, შეუმცირდა 1/6-ით და განესაზღვრა 6 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა.
2.2. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის საფუძველზე, გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 6 ნოემბრის განაჩენითა და 2024 წლის 1 ნოემბრის განჩინებით განსაზღვრული პირობითი მსჯავრი და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 6 ნოემბრის განაჩენითა და ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 1 ნოემბრის განჩინებით განსაზღვრული სასჯელი – პირობითად ჩათვლილი 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, 2 წლის გამოსაცდელი ვადით.
2.3. საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, რ. ა–ას სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 წლითა და 6 თვით, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, შეუმცირდა 1/6-ით და განესაზღვრა 6 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა. რ. ა–ას სასჯელის მოხდის ვადა აეთვალა განაჩენის გამოტანიდან – 2025 წლის 11 ივლისიდან.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 11 ივლისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულ რ. ა–ას ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა – დ. ბ–ემ და ხ. კ–ემ. დაცვის მხარემ მოითხოვა გასაჩივრებული გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენა.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 1 დეკემბრის განაჩენით დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 11 ივლისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 1 დეკემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა რ. ა–ას ინტერესების დამცველმა ადვოკატმა – ხ. კ–ემ. დაცვის მხარემ მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და რ. ა–ას მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა.
6. სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კასატორი დაასაბუთებს ამავე ნაწილით ამომწურავად განსაზღვრული, რომელიმე წინაპირობის/წინაპირობების არსებობას. ამავე მუხლის მე-31 ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლოს ევალება, შეამოწმოს, დასაშვებია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილ მოთხოვნათა შესაბამისად და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საკასაციო საჩივარი აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, იგი ცნობილ უნდა იქნეს დასაშვებად (იხ.: მაგალითად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს შემდეგი განჩინებები: 2025 წლის 20 ნოემბრის N751აპ-25, 2025 წლის 12 ნოემბრის N737აპ-25, 2025 წლის 28 ივლისის N193აპ-25).
6.1. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
6.2. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-32 ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო უფლებამოსი–ა ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობა.
7. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, par.30, ECtHR, 25/12/2001); ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ.Gorou v. Greece (No.2) no. 12686/03, paras. 37, 41, ECtHR, 20/03/2009).
8. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსსკ-ის) 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს რ. ა–ას მიერ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.
9. საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლით ისჯება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება ან ქონებრივი უფლების მიღება მოტყუებით. თაღლითობის თავისებურება მისი ჩადენის ხერხში მდგომარეობს. „მოტყუება ეს არის ჭეშმარიტების განზრახ დამახინჯება ან გარკვეულ გარემოებათა განზრახ დაფარვა ქონების მესაკუთრის შეცდომაში შეყვანის მიზნით. არსებობს მოტყუების ორი სახე – აქტიური და პასიური. ასევე მოტყუება შეიძლება გამოიხატოს როგორც ზეპირი, ისე წერილობითი ფორმით“ (იხ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2023 წლის 12 ივნისის N262აპ-23 განჩინება).
10. „თაღლითობისას პირს უნდა ამოძრავებდეს სურვილი დაზარალებული შეიყვანოს შეცდომაში და დაზარალებულს სჯეროდეს იმ ინფორმაციის, რასაც აწვდის თაღლითობის ჩამდენი პირი“ (იხ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2025 წლის 27 ოქტომბრის N432აპ-25 განჩინება). ამასთან, დანაშაულებრივი განზრახვა წინ უნდა უსწრებდეს ქმედების განხორციელებას (იხ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2025 წლის 18 დეკემბრის N694აპ-25 განჩინება).
11. დაზარალებულ გ. გ–ის ჩვენებით დასტურდება, რომ მისი კუთვნილი „RANGE ROVER SPORT-ის“ მარკის ავტომანქანის, სახელმწიფო ნომრით – ......, დაქირავების მიზნით, შუამავლის მეშვეობით დაუკავშირდა ვინმე ი. ა–ი (როგორც შემდეგ გაირკვა, იგივე – რ. ა–ა), რომელიც 2023 წლის 8 ნოემბერს, რამდენიმე პირთან ერთად, მივიდა ქ. თ–ში, .... გამზირის N..-ში მდებარე გ. გ–ის საცხოვრებელ სახლთან და იქირავა მისი კუთვნილი ავტომანქანა. ვინაიდან რ. ა–ას არ ჰქონდა პირადობის მოწმობა, წარუდგინა ერთ- ერთი თანმხლები პირის – ლ. მ–ას პირადობა. ი. ა–მა ადგილზე გადაუხადა მანქანის დაქირავების თანხა – 900 ლარი. ი. ა–ი მას კვლავ დაუკავშირდა და სთხოვა დაქირავების დღეების დამატება. შემდეგ, ი. ა–მა შესთავაზა მანქანის თვიურად დაქირავება, რისთვისაც გადაუხდიდა 3000 ლარს. ამის შემდგომ კი, შესთავაზა ავტომანქანის 6 თვით დაქირავება. თანხა სს „....ს ბანკის“ ანგარიშზე ნაწილ-ნაწილ ერიცხებოდა. ვინაიდან ავტომანქანა კვლავ გაფუჭდა, ი. ა–მა შესთავაზა, რომ ჰყავდა ხელოსანი, რომელიც მოკლე დროში უფრო ბიუჯეტურად გააკეთებდა ავტომანქანას. მან ი. ა–ს მოსთხოვა პირადობის მოწმობა, რომელიც არ ჰქონდა. ამიტომ მისმა მეგობარმა – ს. ა–ემ რ. ა–ას გადაუღო სურათი. რ. ა–ამ ავტომანქანა გასაკეთებლად წაიყვანა მ–ში ამასთან, უთხრა, რომ შეისყიდდა მანქანას, თანხის ნაწილს მისცემდა 28 დეკემბერს, ხოლო დანარჩენს – მოგვიანებით. ვინაიდან მას ეჭვი გაუჩნდა, ი. ა–ს სთხოვა თბილისში ავტომანქანით ჩამოსვლა და შეხვედრა, ისიც ჰპირდებოდა, რომ მალე ჩამოვიდოდა, მაგრამ ამის შემდეგ ვეღარ დაუკავშირდა. მოწმის განმარტებით, ფოტოს მეშვეობით გაიგო, რომ ეს პიროვნება ყოფილა რ. ა–ა და არა – ი. ა–ი. ასევე გაარკვია, რომ მისი კუთვნილი ავტომანქანა რ. ა–ამ 3500 დოლარად მ– მიჰყიდა რ. ბ–ს, რომელსაც სთხოვა ავტომანქანის დაბრუნება, რის სანაცვლოდაც, რ. ბ–მა თანხის გადახდა მოსთხოვა, რაზეც უარი განუცხადა.
12. დაზარალებულ გ. გ–ის ჩვენება თანხვდენი–ა მისი მეგობრების – გ. ზ–ისა და ს. ა–ის გამოკითხვის ოქმებთან (უდავო მტკიცებულებები), რომლებითაც დგინდება, რომ მათაც ჰქონდათ კომუნიკაცია რ. ა–ასთან და ეს უკანასკნელი მათაც „ი–ს“ სახელით გაეცნო.
13. გ. ზ–ის გამოკითხვის ოქმის (უდავო მტკიცებულება) თანახმად, გ. გ–ის თხოვნით, მის საკუთრებაში არსებული „RANGE ROVER SPORT-ის“ მარკის ავტომანქანის დღიურად გაქირავების შესახებ განცხადება განათავსა ვებ-გვერდზე – „.....ge,“ და მიუთითა ფასი – 300 ლარი. 8 ან 7 ნოემბერს, ტელეფონის ნომერზე დაუკავშირდა მამაკაცი, რომელიც გაეცნო „ი–ს“ სახელით. მოწმე მას გაესაუბრა ავტომანქანის შესახებ, გააცნო პირობები, რაზეც ამ პიროვნებამ თანხმობა განაცხადა. როგორც აღმოჩნდა, აღნიშნულმა პირმა გ–ს ავტომანქანა გაყიდა.
14. ს. ა–ის გამოკითხვის ოქმის (უდავო მტკიცებულება) თანახმად, გ. გ–მა მის საკუთრებაში არსებული ავტომანქანა გააქირავა გ. ზ–ის დახმარებით. ვინაიდან ავტომანქანა დამქირავებელს გაუფუჭდა, გ. გ–ის თხოვნით, მივიდა და ნახა, თუ რა სჭირდა მანქანას. ადგილზე დახვდა გ. გ–ი, ავტომანქანა და მანქანის დამქირავებელი – დაახლოებით, 30 წლამდე მამაკაცი, რომელიც გაეცნო როგორც „ი–ა“. როდესაც ავტომანქანა შეამოწმა, აღმოჩნდა, რომ სავარაუდოდ, დაზიანებული უნდა ყოფილიყო ძრავი, რომლის შეკეთების ღირებულებაც დაახლოებით, 3000 ლარამდე იქნებოდა. გ–მ ი–ს უთხრა, რომ მანქანა მის ხელში გაფუჭდა, შესაბამისად, მისი შესაკეთებელი იყო, რაზეც ი–ა დასთანხმდა. მოწმეს არ მოეწონა ი–ს ქცევა, მას საერთოდ არაფერი უთქვამს, არც ის, რომ ზოგადად, ავტომანქანის პრობლემა შეიძლება ყოფილიყო ან რაიმე მსგავსი, ამასთან, მისი ქცევა ძალიან ყალბი იყო და ისე საუბრობდა, თითქოს, მათი თავიდან მოშორება სურდა. გ. გ–ს ჰკითხა ჰქონდა თუ არა მისი დემოგრაფიული მონაცემები, რაზეც გ–მ უარყოფითი პასუხი გასცა. შესაბამისად, ი–ს ჩუმად გადაუღო ფოტოსურათი, მისი ვიზუალის დამახსოვრების მიზნით.
15. რ. ბ–ის გამოკითხვის ოქმის თანახმად, რ. ა–ამ შესთავაზა „RANGE ROVER SPORT-ის“ მარკის ავტომანქანის ყიდვა 3500 აშშ დოლარად, რაზეც თანხმობა განაცხადა. რ. ა–ამ განუცხადა, რომ ავტომანქანა ეკუთვნოდა მას, თუმცა გადაფორმებული ჰქონდა ბიძაშვილზე, რომელიც იმყოფებოდა ი–ში, 2023 წლის 27 დეკემბერს ჩამოვიდოდა საქართველოში და ავტომანქანას გააფორმებდნენ მის სახელზე, მანამდე კი „ბეს“ სახით უნდა გადაეხადა 1500 აშშ დოლარი, რაზეც დასთანხმდა და იქვე მისცა თანხა. რ. ბ–ის განმარტებით, ამის შემდეგ რ. ა–ა აღარ გამოჩნდა. 2024 წლის 6 იანვარს, მობილურ ტელეფონზე დაურეკა უცნობმა მამაკაცმა, რომელმაც უთხრა, რომ იყო გ. გ–ი, ავტომანქანა იყო მისი საკუთრება და სურდა მისი დაბრუნება.
16. ფოტოსურათით ამოცნობის ოქმების თანახმად, გ. გ–მა და ს. ა–ემ ამოიცნეს რ. ა–ა, როგორც ის პირი, რომელმაც გ. გ–ისგან იქირავა ავტომანქანა (იხ.: ტომი 2, ს.ფ. 4-15). თავის მხრივ, რ. ბ–მაც ამოიცნო რ. ა–ა, როგორც ის პირი, რომელმაც მიჰყიდა ავტომობილი (იხ.: ტომი 2, ს.ფ. 28-33).
17. სასაქონლო ექსპერტიზის 2024 წლის 30 იანვრის N........ დასკვნის თანახმად, ავტომანქანის – „LAND ROVER RANGE ROVER SPORT“, სახელმწიფო ნომრით: ......, საბაზრო ღირებულება 2023 წლის 8 ნოემბრისა და დასკვნის გაცემის დროისათვის შეადგენდა 35 000 ლარს. დასკვნის სისწორე დაადასტურა ექსპერტმა ნ. კ–ემ.
18. ამდენად, საქმეში არსებული ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებებით, გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ რ. ა–ას წინასწარ ჰქონდა განზრახული დაზარალებულის კუთვნილი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრება და სწორედ ამ მიზნით, გამოიყენა თაღლითობის ჩადენისათვის დამახასიათებელი ხერხი – მოტყუება, რაც, მათ შორის, გამოიხატა იმით, რომ დამალა საკუთარი ვინაობა და როგორც გ. გ–ს, ისე – გ. ზ–ესა და ს. ა–ეს გაეცნო სრულიად სხვა პირის სახელით. ამასთან, დაზარალებულის ნდობა მოიპოვა ავტომობილის ქირავნობის თანხის გადახდით, ხოლო მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაუფლებული ავტომობილი მიჰყიდა რ. ბ–ს, რითაც დაზარალებულს მიადგა დიდი ოდენობით ზიანი.
19. სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი დოკუმენტაციით დგინდება შემდეგი:
20. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 29 მაისის განაჩენით რ. ა–ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა,“ „ბ“, მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებითა და საქართველოს სსკ-ის 185-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა: საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა,“ „ბ“, მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით – თავისუფლების აღკვეთა 5 წლით; საქართველოს სსკ-ის 185-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით – თავისუფლების აღკვეთა 2 წლით. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, რ. ა–ას სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 წლით.
21. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 29 ივლისის განაჩენით რ. ა–ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 185-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში. სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა: საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით – ჯარიმა 10 000 ლარი; საქართველოს სსკ-ის 185-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, დანიშნული სასჯელები შეიკრიბა მთლიანად და რ. ა–ას განესაზღვრა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, ასევე ჯარიმა – 10 000 ლარი. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის საფუძველზე, გაუქმდა ფოთის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 29 დეკემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 185-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის დანიშნული პირობითი მსჯავრი. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა ფოთის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 29 დეკემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ, რ. ა–ას, განაჩენთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 წლით, ასევე ჯარიმა – 10 000 ლარი.
22. განაჩენების მიხედვით სასჯელის განსაზღვრის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 30 მარტის განჩინებით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 29 მაისის განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 29 ივლისის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ, რ. ა–ას სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 წლით.
22.1. რ. ა–ამ ზემოაღნიშნული განჩინებით განსაზღვრული სასჯელი მოიხადა 2020 წლის 30 იანვარს და გათავისუფლდა პენიტენციური დაწესებულებიდან.
23. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 6 ნოემბრის განაჩენით რ. ა–ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „გ“ ქვეპუნქტებით, მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „ა“, „გ“ ქვეპუნქტებითა და მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
23.1. საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „გ“ ქვეპუნქტებით, მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით – საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით, თავისუფლების აღკვეთა 5 წლით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, 3 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 2 წლით თავისუფლების აღკვეთა ჩაეთვალა პირობითად; საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით – თავისუფლების აღკვეთა 6 წლით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, 3 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 3 წლით თავისუფლების აღკვეთა ჩაეთვალა პირობითად; საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „ა“, „გ“ ქვეპუნქტებითა და მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით – თავისუფლების აღკვეთა 6 წლით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, 3 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 3 წლით თავისუფლების აღკვეთა ჩაეთვალა პირობითად; მასვე, საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე, დამატებით სასჯელად შეეფარდა ჯარიმა – 3000 ლარი.
23.2. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი/თანაბარი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, რ. ა–ას სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, 3 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 3 წლით თავისუფლების აღკვეთა ჩაეთვალა პირობითად 3 წლის გამოსაცდელი ვადით; მასვე, საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე, დამატებით სასჯელად შეეფარდა ჯარიმა – 3000 ლარი.
23.3. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს მთლიანად დაემატა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 29 ივლისის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – ჯარიმა 10 000 ლარი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, რ. ა–ას სასჯელის სახედ და ზომად შეეფარდა თავისუფლების აღკვეთა 6 წლით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, 3 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 3 წლით თავისუფლების აღკვეთა ჩაეთვალა პირობითად 3 წლის გამოსაცდელი ვადით და ჯარიმა 10 000 ლარი. მასვე, საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე, დამატებით სასჯელად შეეფარდა ჯარიმა – 3000 ლარი.
24. ადგილობრივი საბჭოს 2022 წლის 6 ივნისის N04/22-0479 გადაწყვეტილებით რ. ა–ა გათავისუფლდა პირობით ვადამდე 9 თვითა და 20 დღით ადრე, 2022 წლის 7 ივნისს.
24.1. თბილისის პრობაციის ბიუროს 2024 წლის 17 იანვრის წერილის თანახმად, რ. ა–ას მიმართ მიმდინარეობს სააღსრულებო წარმოება ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 6 ნოემბრის განაჩენის საფუძველზე. გამოსაცდელი ვადის დასაწყისი – 2022 წლის 7 ივნისი, გამოსაცდელი ვადის დასასრული – 2026 წლის 26 მარტი.
25. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 1 ნოემბრის განჩინებით, რ. ა–ას „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 6 ნოემბრის განაჩენით განსაზღვრული პირობითი მსჯავრი – 3 წლით თავისუფლების აღკვეთა 3 წლის გამოსაცდელი ვადით შეუმცირდა 1 წლით და განესაზღვრა პირობითად ჩათვლილი 2 წლით თავისუფლების აღკვეთა 2 წლის გამოსაცდელი ვადით.
26. სამეგრელოსა და ზემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს 2024 წლის 17 იანვრის წერილის თანახმად, რ. ა–ამ ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ დაკისრებული ჯარიმა (2020 წლის 2 დეკემბრის სააღსრულებო ფურცელი) – 13 000 ლარი გადაიხადა 2022 წლის 16 დეკემბერს.
27. ამდენად, რ. ა–ა დანაშაულის ჩადენის დროს – 2023 წლის 8 ნოემბერს იყო ნასამართლევი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 29 მაისის განაჩენით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 29 ივლისის განაჩენითა და ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 6 ნოემბრის განაჩენით მსჯავრადშერაცხილი დანაშაულებისათვის – სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის.
28. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 6 ნოემბრის განაჩენით ამავე განაჩენით დანიშნულ სასჯელს მთლიანად დაემატა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 29 ივლისის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – ჯარიმა 10 000 ლარი, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 30 მარტის განაჩენების მიხედვით შთანთქა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 29 მაისის განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა. მიუხედავად ამისა, საკასაციო სასამართლო, მოცემული სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში, მოკლებულია შესაძლებლობას იმსჯელოს იმ განაჩენის (ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 6 ნოემბრის განაჩენის) მართებულობის შესახებ, რომელიც ამჟამად საკასაციო სასამართლოში არ არის გასაჩივრებული, კანონიერ ძალაშია და საბოლოოა.
29. რაც შეეხება კასატორის პრეტენზიას პირველ ინსტანციაში საქმის განმხილველი მოსამართლის მიერ 2025 წლის 11 ივლისის სხდომაზე ბრალდებულისათვის დასკვნითი და საბოლოო სიტყვებით მიმართვის უფლების შეზღუდვის შესახებ, რ. ა–ამ 2025 წლის 10 ივლისსა და 11 ივლისს განცხადებებით მიმართა სასამართლოს, გამოთქვა სასამართლო პროცესზე დასწრების სურვილი და ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ითხოვა საქმის განხილვის გადადება (იხ.: ტომი 4, ს.ფ. 42-43, 73-74, 76-77). რ. ა–ას ინტერესების დამცველი ადვოკატის – დ. ბ–ის (რომელიც საპროცესო შეთანხმების მიღწევის მიზნით, ბრალდებულს დაენიშნა სავალდებულო წესით – იხ.: ტომი 3, ს.ფ. 112) 2025 წლის 11 ივლისის განცხადებით სასამართლოს ეცნობა, რომ ადვოკატთან სატელეფონო საუბრისას, რ. ა–ას განმარტებით, იგი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ მიიღებდა სასამართლო პროცესში მონაწილეობას, თუმცა, სურდა კანონით მინიჭებული უფლებით სარგებლობა და პროცესზე დასწრება. ამასთან, არც ადვოკატს ანიჭებდა მის გარეშე პროცესში მონაწილეობის უფლებას. გარდა ამისა, სურდა ბრალდების მხარესთან ეწარმოებინა მოლაპარაკება საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით. ამ გარემოებების გათვალისწინებით, ადვოკატმა მოითხოვა საქმის განხილვის გადადება. N.. პენიტენციური დაწესებულების ოპერატიული მორიგე მ. ჯ–სა და ამავე დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების ინსპექტორ დ. ჩ–ს მიერ, დაწესებულების მორიგე ექიმის – ს. დ–ს თანდასწრებით, 2025 წლის 11 ივლისს შედგენილი ოქმით დგინდება, რომ რ. ა–ამ უარი განაცხადა თბილისის საქალაქო სასამართლოში გასვლაზე, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო. ამავე ოქმის თანახმად, ბრალდებული კონსულტირებულ იქნა ამავე დაწესებულების მორიგე ექიმის მიერ, ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით. ავადმყოფობის დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემა, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოუცხადებლობის შეუძლებლობას, მორიგე ექიმის მიერ მიზანშეწონილად არ იქნა მიჩნეული. ოქმი ხელმოწერი–ა, მათ შორის, მორიგე ექიმისა და რ. ა–ას მიერ (იხ.: ტომი 4, ს.ფ. 44). 2025 წლის 11 ივლისს გამართულ სასამართლო სხდომაზე, რ. ა–ას ინტერესების დამცველი ადვოკატის განმარტებით, სატელეფონო კომუნიკაციისას, ბრალდებულმა განუცხადა, რომ მას სურდა პროცესზე დასწრება და კატეგორიულ უარს აცხადებდა, ადვოკატისათვის მიენიჭებინა მისი ინტერესების დაცვის უფლება, მისი დასწრების გარეშე. ასევე, გამოხატავდა, საჭიროების შემთხვევაში, პროცესზე ჩართვის მზაობას პოზიციის დაფიქსირების მიზნით (იხ. 2025 წლის 11 ივლისის სასამართლო სხდომის ოქმი, 13:34:12-13:35:08). ადვოკატმა, მსჯავრდებულის ნების შესაბამისად, ასევე, ითხოვა, შეცვლილი პირობებით საპროცესო შეთანხმების მიღწევის მიზნით, ბრალდების მხარესთან მოლაპარაკების წარმოების შესაძლებლობის მიცემა, რაზეც სასამართლომ უარი განუცხადა, ვინაიდან ხანგრძლივი დროის განმავლობაში, საპროცესო შეთანხმება არ იქნა მიღწეული (13:36:12-13:36:48), რაც ბრალდების მხარემაც დაადასტურა და განმარტა, რომ საპროცესო შეთანხმება არ გაფორმდებოდა(13:36:48-13:37:15). დასკვნითი სიტყვის წარმოთქმისას, ადვოკატმა განმარტა, რომ მისთვის უცნობი იყო რ. ა–ას პოზიცია, ცნობდა თუ არა თავს დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში, რის გამოც, მოკლებული იყო შესაძლებლობას, სასამართლოსათვის წარედგინა ბრალდებულთან შეთანხმებული პოზიცია. შესაბამისად, ითხოვა გარკვეული დრო პოზიციის შესათანხმებლად, თუმცა, სასამართლომ დაცვის მხარის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა (იხ. 2025 წლის 11 ივლისის სასამართლო სხდომის ოქმი, 14:03:12-14:04:45). 2025 წლის 11 ივლისის სასამართლო სხდომაზე, სხდომის თავმჯდომარემ განმარტა, რომ სასამართლოს სურვილი იყო 2025 წლის 11 ივლისის სხდომაზე ბრალდებულის მონაწილეობა (ჩართვა). ამ მიზნით, სხდომის მდივანი დაუკავშირდა პენიტენციურ დაწესებულებას, თუმცა, თავად ბრალდებულმა უარი განაცხადა ჩართვაზე (იხ. 2025 წლის 11 ივლისის სასამართლო სხდომის ოქმი, 13:35:12-13:35:38).
29.1. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ სასამართლოს მიერ ბრალდებულისთვის სასამართლო სხდომაზე დისტანციურად მონაწილეობის შეთავაზებისა და ბრალდებულის მიერ ამ უფლებით სარგებლობაზე უარის დამადასტურებელი შესაბამისი ოქმი/დოკუმენტი სისხლის სამართლის საქმის მასალებში არ მოიპოვება.
30. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს იმ გარემოებასაც, რომ სისხლის სამართლის საქმეში არსებული დოკუმენტაციის თანახმად, რ. ა–ა, რიგ შემთხვევებში, უარს აცხადებდა სასამართლო პროცესზე გამოცხადებაზე (იხ.: ტომი 3, ს.ფ. 3, 15), ხოლო რიგ შემთხვევებში, ითხოვდა დისტანციურად მონაწილეობას, მათ შორის, სააპელაციო სასამართლოშიც (იხ.: ტომი 3, ს.ფ. 25-26; ტომი 5, ს.ფ. 24). თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 14 ივნისის სასამართლო სხდომის ოქმიდან ამონაწერით დასტურდება, რომ რ. ა–ას სავალდებულო წესით დაენიშნა ადვოკატი სწორედ სხდომაზე გამოუცხადებლობის მოტივით (იხ.: ტომი 3, ს.ფ. 28).
31. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ სამართლიანი სისხლის სამართალწარმოებისათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბრალდებულის დასწრება მის მიმართ წარმოებულ სასამართლო განხილვაზე (Lala v. the Netherlands, no. 14861/89, par. 33, ECtHR, 22/09/1994; Poitrimol v. France, no. 14032/88, par. 35, ECtHR, 23/11/1993). სასამართლო სხდომაზე ბრალდებულის დასწრების უფლების უზრუნველყოფა – თავდაპირველი სასამართლო განხილვის თუ განაჩენის გადასინჯვისას – მე-6 მუხლის ერთ-ერთ არსებით მოთხოვნას მიეკუთვნება (Hermi v. Italy [GC], no. 18114/02, par. 58, ECtHR, 18/10/2006; Stoichkov v. Bulgaria, no. 9808/02, par. 56, ECtHR, 24/03/2005).
31.1. საკასაციო სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ საქმის სააპელაციო სასამართლოში განხილვის სხდომებს, ადვოკატთან ერთად, ესწრებოდა მსჯავრდებული რ. ა–ა. სააპელაციო სასამართლოში მსჯავრდებულმა სრულფასოვნად ისარგებლა როგორც შესავალი, ისე – დასკვნითი და საბოლოო სიტყვებით მიმართვის უფლებით (იხ.: 2025 წლის 10 ნოემბრისა და 1 დეკემბრის სასამართლო სხდომის ოქმები), ასევე, პირველი ინსტანციის სასამართლოში მონაწილეობდა მტკიცებულებათა გამოკვლევაში და ჰქონდა მტკიცებულებათა წარმოდგენის, ბრალდების მხარის მტკიცებულებებთან მიმართებით პოზიციის გამოთქმისა და შედავების შესაძლებლობა (იხ.: 2024 წლის 1 ივლისის, 15 ივლისის, 9 აგვისტოს, 18 დეკემბრის სასამართლო სხდომის ოქმები). სისხლის სამართლის საქმის მასალებით არ დგინდება, რომ დაცვის მხარეს შეეზღუდა მისთვის მნიშვნელოვანი რომელიმე მტკიცებულების გამოკვლევის ან/და წარმოდგენის უფლება. ამასთან, იმ შემთხვევაში, თუ დაცვის მხარეს მიაჩნია, რომ მოსამართლის ქმედებაში არსებობს შესაძლო დისციპლინური გადაცდომის ნიშნები, მას უფლება აქვს საჩივრით მიმართოს საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს.
31.2. ამდენად, სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას მსჯავრდებულის მონაწილეობის, პირველი ინსტანციის სასამართლოში მტკიცებულებების გამოკვლევის შესაძლებლობისა და გამოკვლეული მტკიცებულებების, ასევე, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ კასატორი გასაჩივრებული განაჩენის გაუქმებას არ ითხოვს პირველი ინსტანციის სასამართლოში მსჯავრდებულის ზემოაღნიშნული უფლების (მტკიცებულებათა გამოკვლევის/წარდგენის) შეზღუდვის გამო, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.
32. „ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს შიდასახელმწიფოებრივ სასამართლოებს საკმარისი სიზუსტით აჩვენონ თავიანთი გადაწყვეტილებების მიზეზები (იხ. Taxquet v. Belgium [GC],no. 926/05, par. 91, ECtHR,16/11/2010, Nikolay Genov v. Bulgaria, no.7202/09, par. 27, ECtHR,13/07/2017). გადაწყვეტილების მიზეზების წარმოდგენის ვალდებულების მოცულობა განსხვავდება გადაწყვეტილების ბუნების მიხედვით და უნდა განისაზღვროს საქმის გარემოებებიდან გამომდინარე“ (Rostomashvili v. Georgia, no.13185/07, par. 55, ECtHR, 8/11/2018; იხ. Ruiz Torija v. Spain, no. 18390/91, par. 29, ECtHR, 9/12/1994; Moreira Ferreira v. Portugal (no. 2) [GC], no.19867/12, par. 84, ECtHR,11/07/2017).
33. „როდესაც საკასაციო სასამართლო დაუშვებლად ცნობს საქმეს სამართლებრივი საფუძვლების არარსებობის გამო, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები" (Kuparadze v. Georgia, no. 30743/09, par. 76, ECtHR, 21/09/2017; იხ. Jaczkó v. Hungary, no. 40109/03, par. 29, ECtHR 18/07/2006; ).
34. მოცემულ შემთხვევაში, არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის არც ერთი საფუძვლის არსებობა, რის გამოც, საკასაციო სასამართლო მოკლებულია საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.
35. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33 და მე-4 ნაწილებით, საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ რ. ა–ას ინტერესების დამცველი ადვოკატის – ხ. კ–ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 1 დეკემბრის განაჩენზე;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: მ. ვასაძე
ლ. თევზაძე