შეიცვალა სასჯელი

სისხლის სამართლის 02.07.2026
საქმის ნომერი
2კ-66აპ.-26
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
02.07.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განაჩენი

საქართველოს სახელით

საქმე №66აპ-26 ქ. თბილისი

ხ. ჯ., 66აპ-26 2 ივლისი, 2026 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),მამუკა ვასაძე, ლევან თევზაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ჯ. ხ-ის ინტერესების დამცველი ადვოკატის – ჯ. მ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 9 დეკემბრის განაჩენზე.

I. ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით: ჯ. ხ-ს, – - – ბრალად ედებოდა:

1.1. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა, – დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსკ-ის) 344-ე მუხლის პირველი ნაწილით;

1.1.1. ჯ. ხ-ის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში: ა-ის რესპუბლიკის მოქალაქე ჯ. ხ-მა ტ. შ-ის სახელზე გაცემული ყალბი პასპორტის გამოყენებით 2022 წლის 16 დეკემბერს, სასაზღვრო გამშვები პუნქტი – ს--ს გავლით, უკანონოდ გადაკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი და თ-ის რესპუბლიკიდან შემოვიდა ს-.

1.2. ყალბი პირადობის მოწმობის და სხვა ოფიციალური დოკუმენტის შენახვა გამოყენების მიზნით – დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით;

1.2.1. ჯ. ხ-ის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში: ა--ის რესპუბლიკის მოქალაქე ჯ. ხ-ი მის საცხოვრებელ სახლში, მდებარე ქ. რ---, გამოყენების მიზნით ინახავდა ტ. შ-ის სახელზე გაცემულ ყალბ პასპორტსა და პირადობის მოწმობას, რაც 2025 წლის 1 მაისს ამოიღეს ჩხრეკის შედეგად.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 22 აგვისტოს განაჩენით ჯ. ხ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

2.1. საქართველოს სსკ-ის 344-ე მუხლის პირველი ნაწილით – თავისუფლების აღკვეთა 3 წლითა და 6 თვით;

2.2. საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით – თავისუფლების აღკვეთა 1 წლით;

2.3. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ჯ. ხ-ს განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 3 წლითა და 6 თვით;

2.4. ჯ. ხ-ს სასჯელის ვადა აეთვალა ფაქტობრივი დაკავების დღიდან – 2025 წლის 1 მაისიდან.

3. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ჯ. ხ-ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა – ჯ. მ-მა. აპელანტმა მოითხოვა ჯ. ხ-ის მიმართ არასაპატიმრო სასჯელის განსაზღვრა.

3.1. დაცვის მხარის საკასაციო საჩივარზე შესაგებელი წარმოადგინა საქართველოს გენერალური პროკურატურის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტში, კონტრტერორისტულ ცენტრში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – ეროვნულ სადაზვერვო სააგენტოში, შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს სასაზღვრო პოლიციაში და სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობისა და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე ზედამხედველობის სამმართველოს უფროსმა პროკურორმა ელიზბარ გოზალიშვილმა. ბრალდების მხარემ მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 9 დეკემბრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 22 აგვისტოს განაჩენი დარჩა უცვლელად.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ჯ. ხ-ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა – ჯ. მ-მა. კასატორი ითხოვს ჯ. ხ-ის მიმართ განსაზღვრული სასჯელის შემსუბუქებას, კერძოდ, არასაპატიმრო სასჯელის – ჯარიმის – გამოყენებას ან დანიშნული თავისუფლების აღკვეთის პირობითად ჩათვლას.

5.1. დაცვის მხარის საკასაციო საჩივარზე შესაგებელი წარმოადგინა საქართველოს გენერალური პროკურატურის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტში, კონტრტერორისტულ ცენტრში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – ეროვნულ სადაზვერვო სააგენტოში, შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს სასაზღვრო პოლიციაში და სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობისა და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე ზედამხედველობის სამმართველოს უფროსმა პროკურორმა ელიზბარ გოზალიშვილმა. ბრალდების მხარე ითხოვს გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვებას.

II. ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, par. 30, ECtHR, 25/12/2001); იმ გარემოებას, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no. 36755/06, par. 31, ECtHR,11/11/2011) და ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ.,Gorou v. Greece (No.2) no. 12686/03, paras. 37, 41, ECtHR, 20/03/2009).

2. საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მხოლოდ დაცვის მხარემ. ადვოკატი ითხოვს ჯ. ხ-ის მიმართ სასჯელის სახით ჯარიმის განსაზღვრას ან დანიშნული სასჯელის პირობითად ჩათვლას, ხოლო ბრალდების მხარე, შესაგებლით, გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვებას.

2.1. საკასაციო საჩივრის შინაარსიდან გამომდინარე კასატორი დაცვის მხარის მოთხოვნა არაერთგვაროვანია, კერძოდ, ერთი მხრივ, იგი ითხოვს ჯ. ხ-ისათვის ჯარიმის განსაზღვრას ან დანიშნული თავისუფლების აღკვეთის პირობითად ჩათვლას, მიუთითებს, რომ შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებით მსჯავრდებულს უნდა განესაზღვროს უფრო მსუბუქი სასჯელი ან შეუმცირდეს დანიშნული სასჯელი, ხოლო საჩივრის საბოლოო მოთხოვნა ჯ. ხ-ის მიმართ არასაპატიმრო სასჯელის დანიშვნას შეეხება.

2.1.1. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ პროკურორ ელიზბარ გოზალიშვილის შესაგებელი დაუსაბუთებელია, ვინაიდან იგი ყოველგვარი არგუმენტაციის/სამართლებრივი დასაბუთების და ფაქტობრივი ანალიზის გარეშე, ზოგადად უთითებს, პირველი და სააპელაციო სასამართლოების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს, განმარტავს, რომ გასაჩივრებული განაჩენი გამოტანილია ,,კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით”, – ქვემდგომმა სასამართლოებმა სრულად გაითვალისწინეს მსჯავრდებულის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები (არ ახდენს მათ მითითებას/კონკრეტიზაციას, ასეთის არსებობის შემთხვევაში) და ითხოვს გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვებას.

2.2. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში, მხარეებს შორის დავის საგანი არ არის ჯ. ხ-ის მიერ მისთვის მსჯავრადშერაცხილი დანაშაულების ჩადენა და დავის საგანია – დანიშნული სასჯელის კანონიერება.

3. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, წარმოდგენილი საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ ჯ. ხ-ის ინტერესების დამცველი ადვოკატის – ჯ. მ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. კერძოდ, ჯ. ხ-ს უნდა შეუმცირდეს გასაჩივრებული განაჩენით განსაზღვრული სასჯელების ხანგრძლივობა და თავისუფლების აღკვეთა განესაზღვროს საქართველოს სსკ-ის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლების სანქციებით განსაზღვრული მინიმალური ხანგრძლივობით.

3.1. საქართველოს სსკ-ის 344-ე მუხლის პირველი ნაწილი სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს: ჯარიმას ან უცხოელის საქართველოდან გაძევებას და ს-- შემოსვლის აკრძალვას ორიდან ათ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას სამიდან ხუთ წლამდე, ხოლო საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილი – ჯარიმას ან თავისუფლების აღკვეთას სამ წლამდე;

3.2. საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლიანობა კი უნდა შეფასდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. „სასჯელი, ერთი მხრივ, უნდა იყოს ქმედებით გამოწვევად საფრთხეებთან გონივრულ პროპორციაში, ხოლო, მეორე მხრივ ....ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის დაკისრება უნდა მოხდეს დანაშაულის ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-38), უნდა ეფუძნებოდეს საქმის სირთულეს, ქმედებიდან მომდინარე საფრთხეებს, ქმედების ჩადენის წინაპირობებს, მოტივებს, შედეგებს, დამნაშავის პიროვნების თავისებურებებს, სასჯელის ზემოქმედებას დამნაშავის მომავალ ცხოვრებაზე (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება N1/7/851 „საქართველოს მოქალაქე იმედა ხახუტაიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, 2017 წლის 11 ივლისი, II-10).

3.3. კანონმდებელი საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლით გათვალისწინებული შეღავათის გამოყენებისათვის აწესებს კონკრეტულ სავალდებულო წინაპირობებს, თუმცა აღნიშნულის (პირობების) არსებობის/დაკმაყოფილების შემთხვევაშიც, პირობითი მსჯავრის გამოყენების მიზანშეწონილობა შესაფასებელია ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის მხედველობაში მიღებით.

4. კასატორი მოთხოვნის დასაბუთებისთვის უთითებს, რომ ჯ. ხ-მა ჩაიდინა ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულები, რომლების ჩადენაც აღიარა, უდავოდ გახადა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები და ხელი შეუწყო სწრაფ და ეფექტურ მართლმსაჯულებას, ასევე კმაყოფაზე ჰყავს პენსიონერი დედა, ავადმყოფი მეუღლე და, მათ შორის, არასრულწლოვანი შვილები, არ არის ნასამართლევი.

4.1. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2025 წლის 24 ივნისის სხდომის ოქმის თანახმად, ჯ. ხ-მა გამოიყენა მისთვის კანონით მინიჭებული დუმილის უფლება, იმავდროულად, ბრალდების და დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები დასაშვებად იქნა ცნობილი და დამტკიცდა როგორც, სადავო მტკიცებულებები (ტ. N3; ს.ფ. 62-70);

4.1.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 8 ივლისის სასამართლო სხდომის ოქმის (საქმის არსებითი განხილვის პირველი სხდომა) თანახმად, ჯ. ხ-მა სრულად ცნო თავი დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებებში (ტ. N4; ს.ფ. 81-87; სასამართლო სხდომის ოქმი: 12:45:44); შემდეგ – 2025 წლის 24 ივლისის – სასამართლო სხდომაზე დაიკითხნენ ბრალდების მხრის მოწმეები: ე. ყ., ს. პ. ი. კ., ზ. ქ. და ა. ბ.; შემდეგ – 2025 წლის 11 აგვისტოს – სასამართლო სხდომაზე დაიკითხნენ მოწმეები: ნ. თ., ლ. კ., ვ. მ. და ნ. ბ-ი; შემდეგ – 2025 წლის 15 აგვისტოს – სასამართლო სხდომაზე დაიკითხა მოწმე – თ. გ-ე, ხოლო შემდეგ – 2025 წლის 20 აგვისტოს – ადვოკატმა ჯ. მ-მა და მსჯავრდებულმა ჯ. ხ-მა უდავოდ ცნეს ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება, მათ შორის, მოწმეები (რომლებიც იმ დროისათვის – 2025 წლის 20 აგვისტო – არ იქნენ დაკითხული სასამართლო სხდომაზე) და წერილობითი მტკიცებულებები, სასამართლოს რესურსის დაზოგვისა და სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელების მიზნით (16:26:40).

4.1.2. ამდენად, არასწორია დაცვის მხარე კასატორის მტკიცება, რომ დაცვის მხარემ ბრალდების მხარის ყველა მტკიცებულება სცნო უდავოდ, რითაც ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას, რადგან დაცვის მხარემ მხოლოდ არსებითი განხილვის ეტაპზე სცნო უდავოდ მტკიცებულებების ნაწილი და მხოლოდ მას შემდეგ, რაც სასამართლოში წარსადგენ მტკიცებულებათა ნუსხაში სასამართლოში დასაკითხ პირთა სიაში მითითებული თოთხმეტი მოწმიდან ათი მოწმე უკვე იყო დაკითხული სასამართლო სხდომაზე.

4.2. დასკვნით სიტყვაში ჯ. ხ-მა განმარტა, რომ 2014 წელს ოჯახთან ერთად თ-ის რესპუბლიკაში გადავიდა საცხოვრებლად, 2017 წელს ოჯახის წევრები გაგზავნა ა----ში, იმავდროულად, მოხდა მათი დეპორტაცია. 2022 წლამდე ელოდებოდა დეპორტაციის გაუქმებას, რათა უკან დაებრუნებინა ოჯახის წევრები. ვინაიდან 8 წლის მანძილზე ვერ ნახულობდა ოჯახის წევრებს, გადაწყვიტა/იძულებული გახდა ა--ის მეზობელ ქვეყანაში – ს--–- – ჩამოსულიყვნენ და ეცხოვრათ, როგორც მას ასევე მისი ოჯახის წევრებს და ამ გზით გადაეჭრათ პრობლემა. თავად ჩამოვიდა ს--, თუმცა ვერ მოახერხა ოჯახის წევრების ჩამოყვანა. ჰყავს ოთხი შვილი, რომელთაგან ორმა, რომლებიც გახდნენ სრულწლოვნები, შეძლეს ს-- ჩამოსვლა და მამის ნახვა. შესაბამისად, 2017 წლიდან ვერ ნახულობს ორ შვილს, მეუღლეს და დედას. ვინაიდან, ა-ის მოქალაქეობა ჩამოართვეს, იგი იძულებული იყო კანონის გვერდის ავლით ჩამოსულიყო ს., რისთვისაც იხდის ბოდიშს. ვინაიდან ოჯახის წევრები არიან მის კმაყოფაზე, ითხოვს მსუბუქ სასჯელს (16:52:32)

5. მოცემულ შემთხვევაში, ჩადენილ დანაშაულთა ხასიათის, მათი საზოგადოებრივი საფრთხისა და დანაშაულებრივ ქმედებებში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხის (ყალბი პასპორტის გამოყენებით გადაკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი), დანაშაულის ჩადენის შემდეგ მსჯავრდებულის ქცევის, ასევე იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ „სასჯელი არ უნდა იყოს არც ზედმეტად მკაცრი და არც ზედმეტად ლმობიერი იმისათვის, რომ მიღწეული იქნეს სასჯელის მიზნები“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილება N 1/7/851 „საქართველოს მოქალაქე იმედა ხახუტაიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II- 7), სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მოთხოვნას ჯ. ხ-ის მიმართ არასაპატიმრო სასჯელის გამოყენების შესახებ.

5.1. იმავდროულად, მსჯავრდებულის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებების (დანაშაულის აღიარება და მონანიება, ბრალდების მხარის მტკიცებულებების ნაწილის უდავოდ ცნობა), ჩადენილი ქმედების სიმძიმის (ნაკლებად მძიმე განზრახი დანაშაულები), დანაშაულის ჩადენის მიზეზის და მოტივის, მსჯავრდებულის პიროვნების (ნასამართლობის არქონა), აგრეთვე იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ჯ. ხ-ის მიმართ არ იკვეთება არც ერთი დამამძიმებელი გარემოება, სასჯელის მიზნებისა და საქართველოს სსკ-ის 39-ე და 53-ე მუხლების გათვალისწინებით, ჯ. ხ-ს სასჯელის სახედ უნდა განესაზღვროს საქართველოს სსკ-ის 344-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ყველაზე მკაცრი სახის სასჯელი – თავისუფლების აღკვეთა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ამავე მუხლების სანქციებით გათვალისწინებული მინიმალური ხანგრძლივობით, კერძოდ: საქართველოს სსკ-ის 344-ე მუხლის პირველი ნაწილით – თავისუფლების აღკვეთა 3 წლით, საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით – თავისუფლების აღკვეთა 6 თვით. საბოლოოდ, საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე, დანაშაულთა ერთობლიობით, ჯ. ხ-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს – თავისუფლების აღკვეთა 3 წლით.

III. ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მსჯავრდებულ ჯ. ხ-ის ინტერესების დამცველი ადვოკატის – ჯ. მ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. ცვლილება შევიდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 9 დეკემბრის განაჩენში:

3. ჯ. ხ-ი ცნობილ იქნას დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

3.1. საქართველოს სსკ-ის 344-ე მუხლის პირველი ნაწილით – თავისუფლების აღკვეთა 3 წლით;

3.2. საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით – თავისუფლების აღკვეთა 6 თვით;

3.3. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქას ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ჯ. ხ-ს განესაზღვროს – თავისუფლების აღკვეთა 3 წლით;

4. ჯ. ხ-ს სასჯელის ვადა აეთვალოს დაკავების მომენტიდან – 2025 წლის 1 მაისიდან;

5. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად;

6. განაჩენი საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: მ. ვასაძე

ლ. თევზაძე