საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 200100124009581832
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №51აპ-26 ქ. თბილისი
კ. გ., 51აპ-26 14 ივლისი, 2026 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),მამუკა ვასაძე, ლევან თევზაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 26 სექტემბრის განაჩენზე თელავის რაიონული პროკურატურის პროკურორ ვალერი გიორგაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით, გ. კ–ს – პირადი ნომრით: .........., – ბრალად ედებოდა:
1.1. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსკ-ის) 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ – დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი).
გ. კ–ის მიერ ჩადენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
2024 წლის 23 მაისს, დაახლოებით 15:30 საათზე, ქ. თ–ში, ......ის ქუჩის N..-ში მდებარე საკუთარ საცხოვრებელ სახლში, გ. კ–მა, არასრულწლოვანი შვილების დ. და ს. კ–ების თანდასწრებით, ფიზიკურად იძალადა მეუღლეზე - მ. დ–ზე, კერძოდ, რამდენჯერმე დაარტყა მას გაშლილი ხელი სახის არეში, შედეგად მ. დ–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2024 წლის 24 მაისს, დაახლოებით 11:00 საათზე, ქ. თ–ში, .... ქუჩის N..-ში მდებარე საკუთარ საცხოვრებელ სახლში, გ. კ–მა, არასრულწლოვანი შვილების დ. და ს. კ–ების თანდასწრებით, ფიზიკურად იძალადა მეუღლეზე - მ. დ–ზე, კერძოდ, რამდენჯერმე დაარტყა მას გაშლილი ხელი სახის არეში, შედეგად მ. დ–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
1.2. სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ, – დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის “დ” ქვეპუნქტებით (ორი ეპიზოდი).
გ. კ–ის მიერ ჩადენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
2024 წლის 23 მაისს, დაახლოებით 15:30 საათზე, ქ. თ–ში, .... ქუჩის N..-ში მდებარე საკუთარ საცხოვრებელ სახლში, გ. კ–ი, ცეცხლსასროლი იარაღისმაგვარი საგნის გამოყენებით, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მეუღლეს - მ. დ–ს. აღნიშნული მუქარა მ. დ–მა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
2024 წლის 24 მაისს, დაახლოებით 11:00 საათზე, ქ. თ–ში, .... ქუჩის N..-ში მდებარე საკუთარ საცხოვრებელ სახლში, გ. კ–ი, ცეცხლსასროლი იარაღისმაგვარი საგნის გამოყენებით, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მეუღლეს - მ. დ–ს. აღნიშნული მუქარა მ. დ–მა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
1.3. იძულება, ესე იგი ადამიანისათვის ქმედების თავისუფლების უკანონო შეზღუდვა, ესე იგი მისი ფიზიკური იძულება საკუთარ თავზე განიცადოს თავისი ნება-სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ, – დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 111,150-ე მუხლის პირველი ნაწილით (ოთხი ეპიზოდი).
გ. კ–ის მიერ ჩადენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
2023 წლის ივლისში, ქ. თ–ში, ... ქუჩის N..-ში მდებარე საკუთარ საცხოვრებელ სახლში, გ. კ–მა ფიზიკური იძულება განახორციელა მეუღლის - მ. დ–ის მიმართ. კერძოდ, ძლიერად მოუჭირა მას მარცხენა ხელი მარცხენა მკლავის არეში და გააკავა იგი, რა დროსაც გ. კ–ს მარჯვენა ხელში ეჭირა ერთჯერადი შპრიცი, რომელიც მისი ნების საწინააღმდეგოდ, ნემსით ჩაარჭო მ. დ–ს მარცხენა მხარში და შეიყვანა შპრიცში არსებული სითხე. აღნიშნული ქმედებით მ. დ–მა საკუთარ თავზე განიცადა თავისი ნება-სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება.
2023 წლის ნოემბერში, ქ. თ–ში, .... ქუჩის N2-ში მდებარე საკუთარ საცხოვრებელ სახლში, გ. კ–მა ფიზიკური იძულება განახორციელა მეუღლის - მ. დ–ის მიმართ, კერძოდ, ძლიერად მოუჭირა მას მარცხენა ხელი მარცხენა მკლავის არეში და გააკავა იგი, რა დროსაც გ. კ–ს მარჯვენა ხელში ეჭირა ერთჯერადი შპრიცი, რომელიც მისი ნების საწინააღმდეგოდ, ნემსით ჩაარჭო მ. დ–ს მარცხენა მხარში და შეიყვანა შპრიცში არსებული სითხე. აღნიშნული ქმედებით მ. დ–მა საკუთარ თავზე განიცადა თავისი ნება-სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება.
2024 წლის იანვრის თვეში, ქ. თ–ში, ......... ქუჩის N..-ში მდებარე საკუთარ საცხოვრებელ სახლში, გ. კ–მა ფიზიკური იძულება განახორციელა მეუღლის - მ. დ–ის მიმართ. კერძოდ, ძლიერად მოუჭირა მას მარცხენა ხელი მარცხენა მკლავის არეში და გააკავა იგი, რა დროსაც გ. კ–ს მარჯვენა ხელში ეჭირა ერთჯერადი პრიცი, რომელიც მისი ნების საწინააღმდეგოდ, ნემსით ჩაარჭო მ. დ–ს მარცხენა მხარში და შეიყვანა შპრიცში არსებული სითხე. აღნიშნული ქმედებით მ. დ–მა საკუთარ თავზე განიცადა თავისი ნება-სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება.
2024 წლის 21 მაისს ქ. თ–ში, ... ქუჩის N..-ში მდებარე საკუთარ საცხოვრებელ სახლში გ. კ–მა ფიზიკური იძულება განახორციელა მეუღლის მ. დ–ის მიმართ. კერძოდ, ძლიერად მოუჭირა მას მარცხენა ხელი მარცხენა მკლავში და გააკავა ის. გ. კ–ს მარჯვენა ხელში ეჭირა ერთჯერადი შპრიცი, რომელიც მისი ნების საწინააღმდეგოდ, ნემსით ჩაარჭო მ. დ–ს მარცხენა მხარში და შეიყვანა შპრიცში არსებული სითხე. აღნიშნული ქმედებით მ. დ–მა საკუთარ თავზე განიცადა თავისი ნება-სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება.
1.4. ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა და მოყვანა, – დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 265-ე მუხლის პირველი ნაწილით.
გ. კ–ის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, გ. კ–მა ქ. თ–ში, ...ის ქუჩის N..-ში მდებარე საკუთარი საცხოვრებელი სახლის ეზოში, უკანონოდ დათესა და მოიყვანა 1 ძირი ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარე „კანაფი“, რაც 2024 წლის 24 მაისს ამოიღეს საქართველოს შსს კ–ს პოლიციის დეპარტამენტის .... რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა. ქიმიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად აღნიშნული 1 ძირი მცენარე, წარმოადგენს ნარკოტიკული საშუალების შემცველ მცენარე „კანაფს“ წონით (ფესვის გარეშე) - 13.86 გრამს.
2. თელავის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 10 თებერვლის განაჩენით:
2.1. გ. კ–ი საქართველოს სსკ-ის 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში (2024 წლის 23 მაისის ეპიზოდი) ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა;
2.2. გ. კ–ი საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში (2024 წლის 24 მაისის ეპიზოდი) ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა;
2.3. გ. კ–ი საქართველოს სსკ-ის 111,150-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში (2023 წლის ივლისის ეპიზოდი) ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა;
2.4. გ. კ–ი საქართველოს სსკ-ის 111,150-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში (2023 წლის ნოემბრის ეპიზოდი) ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა;
2.5. გ. კ–ი საქართველოს სსკ-ის 111,150-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში (2024 წლის იანვრის ეპიზოდი) ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა;
2.6. გ. კ–ი საქართველოს სსკ-ის 111,150-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში (2024 წლის 21 მაისის ეპიზოდი) ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა;
2.7. გ. კ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში (2024 წლის 23 მაისის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ,,ამნისტიის შესახებ’’ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი ნაწილით შეუმცირდა 1/6-ით და განესაზღვრა – 10 თვით თავისუფლების აღკვეთა;
2.8. გ. კ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში (2024 წლის 24 მაისის ეპიზოდი) და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ,,ამნისტიის შესახებ’’ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი ნაწილით შეუმცირდა 1/6-ით და განესაზღვრა – 10 თვით თავისუფლების აღკვეთა;
2.9. გ. კ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 265-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა. ,,ამნისტიის შესახებ’’ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, გ. კ–ი გათავისუფლდა საქართველოს სსკ-ის 265-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისთვის დანიშნული სასჯელის მოხდისგან;
2.10. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2024 წლის 23 მაისის ეპიზოდი) განსაზღვრულმა სასჯელმა შთანთქა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისთვის (2024 წლის 24 მაისის ეპიზოდი) დანიშნული სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ გ. კ–ს განესაზღვრა – 10 თვით თავისუფლების აღკვეთა;
2.11. გ. კ–ს სასჯელის მოხდის ვადა აეთვალა ფაქტობრივი დაკავებიდან – 2024 წლის 25 მაისიდან.
2.12. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-12 მუხლის მე-7 პუნქტისა და „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, გამოიცა დამცავი ორდერი, კერძოდ,ა) გ. კ–ს აეკრძალა დაზარალებულ მ. დ–თან ნებისმიერი კომუნიკაციის დამყარება, ნებისმიერი სახის ელექტრონული მოწყობილობის გამოყენებით, როგორც ვერბალურად ასევე მიმოწერის გზით, სოციალური ქსელების ან სხვა ნებისმიერი საშუალების გამოყენებით;
ბ) გ. კ–ს აეკრძალა მესამე პირების მეშვეობით დაზარალებულ მ. დ–თან ნებისმიერი სახით კომუნიკაციის დამყარება, ნებისმიერი სახის ელექტრონული მოწყობილობის გამოყენებით, როგორც ვერბალურად, ასევე მიმოწერის გზით, სოციალური ქსელების ან სხვა ნებისმიერი საშუალების გამოყენებით;
გ) გ. კ–ს აეკრძალა დაზარალებულ მ. დ–ის საცხოვრებელ, სამუშაო ან სხვა ადგილთან მიახლოება, სადაც დაზარალებული იმყოფება და პირადად დაზარალებულთან მიახლოება;
დ) დამცავი ორდერი გამოიცა 2 თვით;
ე) დამცავი ორდერი ძალაში შედის გამოცემისთანავე და მოქმედების ვადის ათვლა დაიწყება გ. კ–ის მიერ პენიტენციური დაწესებულების დატოვებისთანავე;
ვ) გ. კ–ის მიერ დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობა იწვევს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას საქართველოს სსკ-ით დადგენილი წესით;
3. თელავის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 10 თებერვლის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თელავის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ვალერი გიორგაშვილმა. აპელანტი ითხოვდა გ. კ–ის დამნაშავედ ცნობას მისთვის ბრალადწარდგენილი ყველა დანაშაულის ჩადენაში და სამართლიანი სასჯელის განსაზღვრას, რაც დაკავშირებული იქნება უფრო მეტი ვადით თავისუფლების აღკვეთასთან, საპატიმრო დაწესებულებაში მოხდით.
3.1. ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი წარადგინა მსჯავრდებულ გ. კ–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ი. ო–მა და მოითხოვა თელავის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 10 თებერვლის განაჩენის უცვლელად დატოვება.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 26 სექტემბრის განაჩენით, თელავის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 10 თებერვლის განაჩენი დარჩა უცვლელად.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2026 წლის 23 ივნისის განჩინებით აღმოიფხვრა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 26 სექტემბრის განაჩენში არსებული ბუნდოვანება-უზუსტობა და განაჩენის სარეზოლუციო ნაწილის მე-19 პუნქტში მიეთითა:
„ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-9 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, გ. კ–ს საქართველოს სსკ-ის 265-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე 5 წლით ჩამოერთვა იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვის და ტარების უფლება“.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 26 სექტემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა თელავის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ვალერი გიორგაშვილმა. კასატორი ითხოვს ცვლილებას გასაჩივრებულ (ნაწილობრივ გამამართლებელ) განაჩენში, გ. კ–ის დამნაშავედ ცნობას მისთვის ბრალადწარდგენილი ყველა დანაშაულის ჩადენაში და სამართლიანი სასჯელის განსაზღვრას, რაც დაკავშირებული იქნება უფრო ხანგრძლივი ვადით თავისუფლების აღკვეთასთან საპატიმრო დაწესებულებაში მოხდით.
7. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსსკ-ის) 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კასატორი დაასაბუთებს ამავე ნაწილით ამომწურავად განსაზღვრული რომელიმე წინაპირობის/ების არსებობას. ამავე მუხლის მე-31 ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლოს ევალება, შეამოწმოს დასაშვებია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილ მოთხოვნათა შესაბამისად და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საკასაციო საჩივარი აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, იგი ცნობილ უნდა იქნეს დასაშვებად (იხ.: მაგალითად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს შემდეგი განჩინებები: 2025 წლის 20 ნოემბრის N751აპ-25, 2025 წლის 12 ნოემბრის N737აპ-25, 2025 წლის 28 ივლისის N193აპ-25).
7.1. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7.2. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-32 ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობა.
8. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, par.30, ECtHR, 25/12/2001); იმ გარემოებას, რომ გადაწყვეტილების დასაბუთების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no. 36755/06, par. 31, ECtHR,11/11/2011) და ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ.,Gorou v. Greece (No.2) no. 12686/03, paras. 37, 41, ECtHR, 20/03/2009).
9. საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში.
9.1. კასატორი ითხოვს გ. კ–ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა (ორი ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 111,150-ე მუხლის პირველი ნაწილით (ოთხი ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებებში და მისთვის სამართლიანი სასჯელის განსაზღვრას;
9.2. კასატორი ასევე ითხოვს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 265-ე მუხლის პირველი ნაწილით გ. კ–ისათვის მსჯავრადშერაცხილი დანაშაულებისათვის ობიექტური და სამართლიანი სასჯელის განსაზღვრას, რაც დაკავშირებული იქნება უფრო მეტი ვადით თავისუფლების აღკვეთასთან პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით.
9.2.1. საკასაციო სასამართლო, ერთი მხრივ, ითვალისწინებს, რომ კასატორმა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოთხოვნის მკაფიოდ ფორმულირებასთან ერთად უნდა დაასაბუთოს თავისი მოთხოვნა. ანალოგიურად, საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილიც საკასაციო საჩივრის დასაშვეობას უკავშირებს ამავე ნაწილში მითითებული საფუძვლების დასაბუთებას რაც გულისხმობს, რომ მკაფიოდ უნდა იყოს იდენტიფიცირებული საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში მითითებული რომელი საფუძვლით ასაჩივრებს და კონკრეტულად რითი ასაბუთებს კასატორი საკუთარ პოზიციას. ამდენად, კასატორმა უნდა განსაზღვროს არა მხოლოდ განაჩენის გასაჩივრების კონკრეტული საფუძველი, არამედ მკაფიოდ მიუთითოს ის არგუმენტებიც, რომლებიც ადასტურებენ კასატორის პოზიციას და შესაბამისად - გასაჩივრებული განაჩენის უკანონობას (იხ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2024 წლის 15 თებერვლის N933აპ-23 განჩინება).
9.2.2. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო საჩივარში კასატორი გ. კ–ისათვის სასჯელის გამკაცრების მოთხოვნაზე თავისი პოზიციის დასაბუთებისათვის არ უთითებს არც ერთ არგუმენტს. შესაბამისად ამ ნაწილში მოთხოვნა დაუსაბუთებელია.
10. უსაფუძვლოა კასატორის მტკიცება, რომ სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება გ. კ–ის მიერ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა (ორი ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 111,150-ე მუხლის პირველი ნაწილით (ოთხი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა.
11. სასამართლო ითვალისწინებს, რომ უტყუარობის კონსტიტუციური პრინციპი მოითხოვს არა მხოლოდ იმას, რომ გამამტყუნებელი განაჩენი უტყუარ (სანდო, გაუყალბებელ) მტკიცებულებებს ეფუძნებოდეს, არამედ იმასაც, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით ეჭვგარეშე დასტურდებოდეს პირის ბრალეულობა დანაშაულის ჩადენაში (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 25 დეკემბრის N 2/2/1276 გადაწყვეტილება „გიორგი ქებურია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-77).
12. დაზარალებულმა მ. დ–მა და მოწმე დ. კ–მა ისარგებლეს საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მინიჭებული უფლებით და უარი თქვეს ჩვენების მიცემაზე გ. კ–ის წინააღმდეგ.
13. მოწმეთა: თ. ჯ–სა და მ. ბ–ს ჩვენებები არის ირიბი, რადგან ისინი ინციდენტის – გ. კ–ის მიერ მ. დ–ის მიმართ მუქარის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) – შემსწრენი არ არიან და მომხდარის შესახებ გადმოცემით იციან დაზარალებულისაგან. შესაბამისად, მათი ირიბი ჩვენების გამოყენება „შეიძლება დასაშვები იყოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში და არა მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესით“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-52). ამასთან, მოწმეთა ჩვენებები არაინფორმატიულია გ. კ–ის მიერ მ. დ–ის მიმართ ჩადენილი იძულების (ასეთის არსებობის შემთვევაში) ეპიზოდებთან მიმართებით.
14. ც. ლ–ს მიერ სასამართლოსათვის მიცემული ჩვენება არ შეიცავს ინფორმაციას გ. კ–ის მიერ მ. დ–ის მიმართ ჩადენილი მუქარისა და იძულების ფაქტების შესახებ, მოწმემ მხოლოდ იმ ფაქტობრივ გარემოებაზე მიუთითა, რომ 2024 წლის 23 მაისს მ. დ–ს სახეზე ეტყობოდა სიწითლე, 24 მაისს კი თვალი ჰქონდა ჩალურჯებული.
15. თელავის რაიონული საავადმყოფოს ექიმმა ფ. კ–მა განმარტა, რომ მ. დ–მა მას უთხრა მეუღლის მხრიდან 2024 წლის 24 მაისს ჩადენილი ფიზიკური ძალადობის შესახებ (რისთვისაც მსჯავრდებულია გ. კ–ი).
15.1. სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით დგინდება, რომ მ. დ–ისათვის დაზიანებები მიყენებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით, მიეკუთვნება დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად და ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში აღნიშნულ თარიღს 24.05.2014 წელს, რომლისთვისაც მსჯავრდებულია გ. კ–ი საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.
16. გამომძიებელმა ა. რ-მა დაადასტურა მის მიერ ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის კანონთან შესაბამისობა და მიუთითა იმ ფაქტობრივ გარემოებებზე, რაზეც დაზარალებული უთითებდა საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარების დროს.
17. საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმთან დაკავშირებით, სასამართლო ითვალისწინებს, რომ მოცემულ შემთხვევაში, არ შეიძლება, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი საფუძვლად დაედოს გამამტყუნებელ განაჩენს, ვინაიდან საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს პრაქტიკულად ადგილზე შემოწმდა დაზარალებულის ჩვენება, ხოლო არსებით სასამართლო სხდომაზე დაზარალებულმა უარი თქვა ჩვენების მიცემაზე.
17.1. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი და, მოცემულ შემთხვევაში, დაზარალებულის ჩვენება ერთი წყაროდან მოპოვებული მტკიცებულებებია (იხ.: მაგალითისთვის, საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინებები: 2023 წლის 2 ოქტომბრის N496აპ-23 და 2023 წლის 30 მაისის N158აპ-23). მოცემული მტკიცებულების პირველწყაროს წარმოადგენს დაზარალებული, რომელმაც ისარგებლა საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლებით და უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე ახლო ნათესავის (მეუღლის) – გ. კ–ის წინააღმდეგ.
17.2. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მე-3 პარაგრაფის ,,დ’’ პუნქტი განამტკიცებს პრინციპს, რომ სანამ ბრალდებულს მსჯავრი დაედება, მის წინააღმდეგ ყველა მტკიცებულება წარმოდგენილი უნდა იქნეს მისი თანდასწრებით საჯარო განხილვის დროს, რათა უზრუნველყოფილ იქნეს შეჯიბრებითობის პრინციპი (იხ.: Al-Khawaja and Tahery v UK [GC], nos. 26766/05, 22228/06, paras. 119-147, ECtHR, 15/12/2011 2011; Schatschachwili v Germany [GC], no. 9154/10, par. 103, ECtHR, 15/12/2015; Seton v. UK, no. 55287/10, par. 75, ECtHR, 31/03/2016). მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული საქმე განსხვავდება წინამდებარე საქმეებისგან იმ კუთხით, რომ ის არ ეხება „დაუსწრებელ“ მოწმეს, რომელიც ჯვარედინი დაკითხვის მიზნებისთვის არ ესწრებოდა პროცესს, სასამართლო მოცემულ საქმეში სამართალწარმოების სამართლიანობის შეფასების თვალსაზრისით, ზემოხსენებულ პრეცედენტულ სამართალში განვითარებულ პრინციპებს მაინც რელევანტურად მიიჩნევს“( Kikalishvili v. Georgia, N 51772/08, par. 48,ECtHR, 20/12/2018).
17.3. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ ვინაიდან დაცვის მხარეს არ მიეცა საქართველოს სსსკ-ის მე-9 მუხლის მე-2 ნაწილით (მხარეს უფლება აქვს მათ შორის გამოიკვლიოს ყველა შესაბამისი მტკიცებულება) და ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი წესით აღნიშნული მტკიცებულების გამოკვლევის - მტკიცებულებაში ასახული ინფორმაციის სარწმუნოობისა და ინფორმაციის მიმწოდებლის სანდოობის გამოკვლევის, ინფორმაციის პირველწყაროს დაკითხვის შესაძლებლობა (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2023 წლის 31 ოქტომბრის N855აპ-23 განჩინება), დაუშვებელია აღნიშნული მტკიცებულებების გამოყენება მსჯავრდებისათვის (მაგალითისთვის იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 7 ივლისის №315აპ-20, 2020 წლის 1 ივნისის №49აპ-20, 2024 წლის 16 იანვრის №948აპ-23 განჩინებები).
18. ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით დგინდება, რომ ექსპერტიზაზე წარდგენილ „მ. დ–ის სისხლის ნიმუშში" აღმოჩნდა ნარკოტიკული საშუალება ,,ალფა პევეპე“ და ფსიქოტროპული ნივთიერება. აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნა ადასტურებს მ. დ–ის ბიოლოგიურ მასალაში ნარკოტიკული საშუალების არსებობას (მოხმარების ფაქტს), მაგრამ ობიექტურად ვერ განსაზღვრავს აღნიშნული ნივთიერების მ. დ–ის სისხლში აღმოჩენის ხერხს, ვითარებას (ნებაყოფლობით/იძულებით).
18.1. შესაბამისად, დაზარალებულის ჩვენების არარსებობის პირობებში, ვინაიდან სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი არც ერთი მტკიცებულებით არ დგინდება ზემოაღნიშნული ნივთიერების მ. დ–ის სხეულში მისი ნების საწინააღმდეგოდ შეყვანა, ასევე არ დგინდება რომ აღნიშნული (ზემოაღნიშნული ნარკოტიკული საშუალების მ. დ–ის სხეულში შეყვანა) განხორციელდა გ. კ–ის მიერ, – სასამართლო, მოკლებულია ბრალდების მხარე კასატორის მოთხოვნის დაკმაყოფილების და გ. კ–ის, საქართველოს სსკ-ის 111,150-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულში მსჯავრდების სამართლებრივ საფუძველს.
19. სისხლის სამართლის საქმის მასალებით დგინდება, რომ 2024 წლის 24 მაისს გ. კ–ის საცხოვრებელ სახლში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად ამოღებული იქნა, მათ შორის, ხმოვანი პისტოლეტი.
19.1. მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილი ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზის N..... დასკვნის თანახმად გენეტიკური კვლევისა და სტატისტიკური ანალიზის საფუძველზე დადგინდა: პაკეტში, წარწერით: „...ანაწმენდები პისტოლეტიდან, მჭიდიდან და 11 (თერთმეტი) ცალი ვაზნიდან...“ მოთავსებულ ანაწმენდებზე არსებული ბიომასალის (ობ N..) გენეტიკური პროფილები შერეულია: ობ. ..-ის (წარწერით: „... ანაწმენდები პისტოლეტის ჩარჩოდან, ჩამკეტის გარსაცმიდან, ჩახმახიდან“ და „...ანაწმენდები მჭიდიდან“) გენეტიკური პროფილის ერთი წილი ეკუთვნის გ. კ–ს (ობ. N..; პაკეტი, წარწერით: „...გ. კ–ისგან აღებული ნერწყვის ნიმუში...“).
19.2. გ. კ–ის სახლის ჩხრეკისას ამოღებულ ხმოვან პისტოლეტზე აღმოჩენილი მსჯავრებულის ბიოლოგიური მასალა ადასტურებს მსჯავრდებულ გ. კ–ის შემხებლობას ხმოვან პისტოლეტთან, მაგრამ ობიექტურად ვერ ადასტურებს იმ ფაქტს, რომ გ. კ–ი ნამდვილად დაემუქრა მ. დ–ს და ამ უკანასკნელმა მუქარა აღიქვა რეალურად.
20. მიუხედავად იმისა, რომ მტკიცებულებების შეგროვება წარმოადგენს გამოწვევას როდესაც ძალადობას ადგილი აქვს კერძო გარემოში, მოწმეების გარეშე და ზოგჯერ არ რჩება რაიმე ხელშესახები ნიშანი (Volodina v. Russia, no.41261/170, par.82, ECtHR, 9/07/2019), მოქმედი კანონმდებლობა ადგენს ერთნაირ მტკიცებით სტანდარტს გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად ყველა კატეგორიის საქმისათვის.
21. სასამართლო ითვალისწინებს საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის იმპერატიულ დანაწესს, საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის, საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილისა და საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და მიიჩნევს, რომ სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ ადასტურებენ გ. კ–ის მიერ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა (ორი ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 111,150-ე მუხლის პირველი ნაწილით (ოთხი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენას.
22. სისხლის სამართლის საქმის მასალებით დგინდება, რომ გ. კ–ი მსჯავრდებულია, მათ შორის, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი), არასრულწლოვნის თანდასწრებით მეუღლის მიმართ ფიზიკური ძალადობის ჩადენაში; არასრულწლოვნები – დ. და ს. კ–ები ცნობილნი არიან დაზარალებულად (იხ.: ს. კ–ს დაზარალებულად ცნობის დადგენილება და უფლებების განმარტების ოქმი (ტ.1, ს.ფ. 310-313), დ. კ–ს დაზარალებულად ცნობის დადგენილება და უფლებების განმარტების ოქმი (ტ.1, ს.ფ. 200-203)).
22.1. არც პირველი და არც სააპელაციო ინსტანციის სასამართლოების განაჩენებში არასრულწლოვანი დაზარალებულების და მათი კანონიერი წარმომადგენლისათვის განმარტებული არ არის არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 25-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურებისა და კომპენსაციის მოთხოვნის უფლება.
22.2. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 25-ე მუხლი იმპერატიული ნორმაა, რომელიც ცალსახად ადგენს სასამართლოს ვალდებულებას განაჩენის გამოცხადების შემდეგ არასრულწლოვან დაზარალებულს და მის კანონიერ წარმომადგენელს აცნობოს საქმის სასამართლოში განხილვის შედეგები და განუმარტოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ზიანის ანაზღაურების/კომპენსაციის მოთხოვნის უფლება.
23. გასაჩივრებული განაჩენით, გ. კ–ისათვის უფლებების ჩამორთმევასთან მიმართებით, სასამართლო ითვალისწინებს:
23.1. გ. კ–ი მსჯავრდებულია საქართველოს სსკ-ის 265-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, მაგრამ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტით გათავისუფლდა დანიშნული სასჯელის – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა – მოხდისაგან.
23.2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2026 წლის 23 ივნისის განჩინებით აღმოიფხვრა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 26 სექტემბრის განაჩენში დაშვებული ბუნდოვანება-უზუსტობა და მიეთითა, რომ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-9 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, გ. კ–ს საქართველოს სსკ-ის 265-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე 5 წლით ჩამოერთვა იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვის და ტარების უფლება“.
23.3. „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე მათ შორის, ნარკოტიკული საქმიანობის ხელშემწყობს (ამავე კანონის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტით ნარკოტიკული საქმიანობის ხელშემწყობი არის პირი, რომელმაც ჩაიდინა მათ შორის საქართველოს სსკ-ის 265-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით (საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება) გათვალისწინებული უფლება ჩამოერთმევა 10 წლით, ხოლო „ა“(სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება) და „გ“−„ზ“ (საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; საჯარო სამსახურში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება) ქვეპუნქტებით გათვალისწინებული უფლებები − 5 წლით.
23.3.1. ამდენად, „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე, სასამართლო სავალდებულო წესით, იმპერატიულად ჩამოართმევს შესაბამის უფლებებს საქართველოს სსკ-ის 265-ე მუხლის პირველი ნაწილით მსჯავრდებულ პირს.
23.4. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-9 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, პირს, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის XXXIII თავით გათვალისწინებული ნარკოტიკული დანაშაული და რომელზედაც ვრცელდება ამ კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის მოქმედება, სასჯელისგან გათავისუფლებასთან ერთად, სასამართლოს გადაწყვეტილებით აღუდგება „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებები (გარდა იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებისა).
23.5.სასამართლო ითვალისწინებს, რომ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-9 მუხლის მე-6 პუნქტი ითვალისწინებს ჩამორთმეული უფლებების აღდგენას და არ ითვალისწინებს მოცემული მუხლის საფუძველზე უფლებების ჩამორთმევის შესაძლებლობას. ამასთან, აღნიშნული დანაწესი ეხება სასამართლოს განაჩენით უკვე დანიშნულ სასჯელს.
23.6. შესაბამისად, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის და „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა გათვალისწინებით, გასაჩივრებული განაჩენით გ. კ–ს საქართველოს სსკ-ის 265-ე მუხლის პირველი ნაწილით დამნაშავედ ცნობასთან და სასჯელის განსაზღვრასთან ერთად სავალდებულო წესით უნდა ჩამორთმეოდა „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული უფლებები, და შემდეგ, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის საფუძველზე უნდა გათავისუფლებულიყო საქართველოს სსკ-ის 265-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის განსაზღვრული სასჯელისაგან და აღდგენოდა „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით ჩამორთმეული უფლებები (გარდა იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებისა).
23.6.1.ზემოაღნიშნულის მიუხედავად, გასაჩივრებული განაჩენის სარეზოლუციო ნაწილის ფორმულირება არ წარმოადგენს ისეთი არსებითი ხასიათის დარღვევას, რასაც, მოცემულ შემთხვევაში, შეუძლია არსებითად იმოქმედოს საქმის განხილვის შედეგზე.
24. „საკასაციო ინსტანციის სასამართლოების მიერ დასაშვებობის კრიტერიუმის გამოყენება ემსახურება მართლმსაჯულების ჯეროვნად განხორციელების კანონიერ მიზანს“ (იხ. Tchaghiashvili v. Georgia, no. 19312/07, par. 34, ECtHR, 2/09/2014; Borisenko and Yerevanyan Bazalt Ltd v. Armenia, no. 18297/08, ECtHR,14/04/2009, Kuparadze v. Georgia, no.30743/09, par.76, ECtHR, 21/09/2017).
25. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33 და მე-4 ნაწილებით, საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი თელავის რაიონული პროკურატურის პროკურორ ვალერი გიორგაშვილის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 26 სექტემბრის განაჩენზე გ. კ–ის მიმართ;
2. არასრულწლოვან დაზარალებულებს: დ. და ს. კ–ების და მათ კანონიერ წარმომადგენლებს განემარტოთ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 25-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურებისა და კომპენსაციის მოთხოვნის უფლების შესახებ;
3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: მ. ვასაძე
ლ. თევზაძე