საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 15.07.2026
საქმის ნომერი
2კ-184აპ.-26
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
15.07.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №330100125011972971

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №184აპ-26 ქ. თბილისი

ს. დ. 184აპ-26 15 ივლისი, 2026 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),მამუკა ვასაძე, ლევან თევზაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2026 წლის 16 თებერვლის განაჩენზე თბილისის პროკურატურის არასრულწლოვნების საქმეთა სამმართველოს პროკურორ ნათია ქომოშვილისა და მსჯავრდებულ დ. ს–ის (D. S.) ინტერესების დამცველი ადვოკატის – მ. გ–ის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით, – დ. ს–ს (D. S.), უ–ს მოქალაქე, პასპორტის ნომერი: ........, – ბრალად ედებოდა: ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსკ-ის) 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, – დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.

1.1. დ. ს–ის (D. S.) მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

2025 წლის 9 ნოემბერს, საღამოს საათებში, თ–ში, .... გამზირის №..- ში მდებარე „..... პარკში“, დ. ს–მა (D. S.) არასრულწლოვან ნ. მ. დ–ს ხელი მოუჭირა კისრის არეში, ერთხელ დაარტყა ხელი კისრის არეში და ორჯერ – თავის მიდამოში, რის შედეგადაც ნ. მ. დ–უმ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 29 დეკემბრის განაჩენით დ. ს–ი (D. S.) ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 6 თვით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 1 წელი და 6 თვე.

2.1. დ. ს–ს (D. S.) სასჯელის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის პერიოდი – 2025 წლის 14 ნოემბრიდან 2025 წლის 17 ნოემბრის ჩათვლით.

2.2. საქართველოს სსკ-ის 65-ე-66-ე მუხლების საფუძველზე, მსჯავრდებულ დ. ს–ს (D. S.) დაეკისრა მოვალეობა – დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, ამასთან, დაევალა ძალადობრივი დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლაზე ორიენტირებული სავალდებულო სწავლების კურსის გავლა.

3. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის პროკურატურის არასრულწლოვნების საქმეთა სამმართველოს პროკურორმა ნათია ქომოშვილმა, აგრეთვე, მსჯავრდებულმა დ. ს–მა (D. S.) და მისმა ინტერესების დამცველმა ადვოკატმა – მ. გ–მა. ბრალდების მხარემ მოითხოვა დ. ს–ის (D. S.) მიმართ თავისუფლების აღკვეთის შეფარდება, პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით. დაცვის მხარემ მოითხოვა მსჯავრდებულის მიმართ დანიშნული სასჯელის შეცვლა ჯარიმით ან პირობითი მსჯავრის ვადის შემცირება 6 თვემდე.

3.1. მსჯავრდებულმა დ. ს–მა (D. S.) და მისმა ინტერესების დამცველმა ადვოკატმა – მ. გ–მა ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარზე წარადგინეს შესაგებელი და მოითხოვეს პროკურორის საჩივრის არდაკმაყოფილება.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2026 წლის 16 თებერვლის განაჩენით მხარეთა სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 29 დეკემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად, თუმცა, სააპელაციო სასამართლომ განაჩენის სარეზოლუციო ნაწილში არ მიუთითა დ. ს–ის (D. S.) მიერ ძალადობრივი დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლაზე ორიენტირებული სავალდებულო სწავლების კურსის გავლის შესახებ.

4.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2026 წლის 13 ივლისის განჩინებით აღმოიფხვრა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2026 წლის 16 თებერვლის განაჩენში დაშვებული უზუსტობა და მსჯავრდებულ დ. ს–ს (D. S.) დაევალა ძალადობრივი დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლაზე ორიენტირებული სავალდებულო სწავლების კურსის გავლა.

5. აღნიშნული განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის პროკურატურის არასრულწლოვნების საქმეთა სამმართველოს პროკურორმა ნათია ქომოშვილმა და მსჯავრდებულ დ. ს–ის (D. S.) ინტერესების დამცველმა ადვოკატმა – მ. გ–მა. ბრალდების მხარე ითხოვს დ. ს–ის (D. S.) მიმართ მკაცრი სასჯელის შეფარდებას, რაც დაკავშირებული იქნება თავისუფლების აღკვეთასთან, ხოლო დაცვის მხარე – დანიშნული სასჯელის შეცვლას ჯარიმით ან პირობითი მსჯავრის ვადის 6 თვემდე შემცირებას.

5.1. მსჯავრდებულ დ. ს–ის (D. S.) ინტერესების დამცველმა ადვოკატმა – მ. გ–მა ბრალდების მხარის საკასაციო საჩივარზე წარმოადგინა შესაგებელი და მოითხოვა, არ დაკმაყოფილდეს პროკურორის საჩივარი.

6. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კასატორი დაასაბუთებს ამავე ნაწილით ამომწურავად განსაზღვრული, რომელიმე წინაპირობის/წინაპირობების არსებობას. ამავე მუხლის მე-31 ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლოს ევალება, შეამოწმოს, დასაშვებია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილ მოთხოვნათა შესაბამისად და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საკასაციო საჩივარი აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, იგი ცნობილ უნდა იქნეს დასაშვებად (იხ.: მაგალითად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს შემდეგი განჩინებები: 2025 წლის 20 ნოემბრის N751აპ-25, 2025 წლის 12 ნოემბრის N737აპ-25, 2025 წლის 28 ივლისის N193აპ-25).

6.1. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

6.2. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-32 ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობა.

7. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, par.30, ECtHR, 25/12/2001); იმ გარემოებას, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no. 36755/06, par. 31, ECtHR,11/11/2011) და ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ.,Gorou v. Greece (No.2) no. 12686/03, paras. 37, 41, ECtHR, 20/03/2009).

8. საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გაასაჩივრეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა სასჯელის ნაწილში. შესაბამისად, სასამართლოს შეფასების საგანია მსჯავრდებულისთვის შეფარდებული სასჯელის კანონიერება.

9. საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11 ნაწილი სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს: ჯარიმას ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ას ოთხმოციდან ორას ორმოც საათამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით ორ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

10. საქართველოს სსსკ-ის მე-300 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო წესით შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი, რომელიც კასატორის აზრით უკანონოა, ხოლო განაჩენი უკანონოდ ითვლება, მათ შორის, იმ შემთხვევაში, თუ „გამოყენებულია სასჯელის ისეთი სახე ან ზომა რომელიც აშკარად არ შეესაბამება მსჯავრდებულის ქმედების ხასიათსა და პიროვნებას“ (საქართველოს სსსკ-ის მე-300 მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი).

11. მოცემულ შემთხვევაში, სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დგინდება გასაჩივრებული განაჩენით განსაზღვრული სასჯელის უკანონობა, მსჯავრდებულისთვის დანიშნული სასჯელი არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას, შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებს, სასჯელის მიზნებს (სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია) და შესაბამისი მუხლით გათვალისწინებულ სანქციას.

12. სააპელაციო სასამართლომ გაითვალისწინა, რომ: მსჯავრდებულმა აღიარა და მოინანია მის მიერ ჩადენილი დანაშაული, უდავო გახადა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები და ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას; წარსულში არ არის ნასამართლევი; ასევე, გაითვალისწინა ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, დანაშაულის ჩადენის მოტივი, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი, არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი ძალადობრივი ქმედებების რაოდენობა, ინტენსივობა და დ. ს–ს (D. S.) განუსაზღვრა საქართველოს სსკ-ის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით განსაზღვრული სასჯელი – თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაუთვალა პირობითად.

13. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ სასჯელის პირობითად ჩათვლისა და გამოსაცდელი ვადის დაწესების მიზანი არ არის დანაშაულის ჩამდენი პირის სისხლისსამართლებრივი ზემოქმედებისგან გათავისუფლება. გამოსაცდელი ვადა ის პირობაა, რომლის განმავლობაშიც მსჯავრდებულმა არ უნდა ჩაიდინოს ახალი დანაშაული და უნდა შეასრულოს მასზე დაკისრებული მოვალეობა, რაც სასჯელის მიზნების მიღწევის დამატებით გარანტიას წარმოადგენს. შესაბამისად, მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის – თავისუფლების აღკვეთის – პირობითად ჩათვლა, არ გულისხმობს სასჯელის უსამართლობას და ვერ უგულებელყოფს მის როლს სასჯელის მიზნების მიღწევაში (იხ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2024 წლის 4 დეკემბრის N1218აპ-24 განაჩენი).

14. ბრალდების მხარე სასჯელის დამძიმების დასაბუთებისათვის უთითებს დაზარალებულის არასრულწლოვანებაზე, ასევე, იმ გარემოებაზე, რომ მსჯავრდებული უცხო ქვეყნის მოქალაქეა, არ გააჩნია საქართველოში მუდმივი საცხოვრებელი ადგილი და შესაძლოა, დატოვოს საქართველოს ტერიტორია.

14.1. სასამართლო ითვალისწინებს, რომ დ. ს–ი (D. S.) მსჯავრდებულია არასრულწლოვნის მიმართ ძალადობის ჩადენისთვის. შესაბამისად, დაზარალებულის არასრულწლოვანება დ. ს–ისათვის (D. S.) მსჯავრადშერაცხილი დანაშაულის მაკვალიფიცირებელი გარემოებაა, რის გამოც, მისი დამატებით გათვალისწინება სასჯელის გამკაცრების დასაბუთებისთვის, დაუშვებელია. ამასთან, არასრულწლოვნის მიმართ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა არ წარმოადგენს საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე სასჯელის დანიშვნის დამაბრკოლებელ გარემოებას. უსაფუძლოა, ასევე, პროკურორის მოთხოვნა პირობითი მსჯავრის გაუქმების ნაწილში დ. ს–ის (D. S.) მოქალაქეობის საფუძვლით, ვინაიდან „დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის პირველი პუნქტი მსჯავრდებულის საზღვარგარეთ გამგზავრების შესაძლებლობას ითვალისწინებს მხოლოდ პრობაციის ბიუროს უფროსის მიერ, სააგენტოს უფროსთან წერილობითი შეთანხმებით, გაცემული ნებართვის საფუძველზე. მსჯავრდებულის მიერ საზღვარგარეთ გამგზავრების ნებართვის გარეშე საქართველოს საზღვრის გადაკვეთა ან მისი გადაკვეთის მცდელობა, მათ შორის, გამოიწვევს ამავე კანონის მე-14 მუხლის მე-11-111 პუნქტების საფუძველზე, მსჯავრდებულის დაჯარიმებას (პირველ შემთხვევაში – 1000 ლარის ოდენობით; პირველი შემთხვევიდან ერთი წლის განმავლობაში იმავე ქმედების განმეორებით ჩადენისას (მეორედ და მის შემდეგ ყოველი მომდევნო ჩადენისას) – 2000 ლარის ოდენობით), ხოლო განმეორებით ჩადენა – პირობითი მსჯავრის გაუქმებისა და განაჩენით დანიშნული სასჯელის აღსრულების შესახებ სასამართლოსათვის წარდგინებით მიმართვას.

15. დაცვის მხარე კასატორი მოთხოვნის დასაბუთებისათვის უთითებს, რომ უკრაინაში ომის შედეგად განადგურდა მსჯავრდებულის საცხოვრებელი სახლი, მსჯავრდებულის მიერ დანაშაულის ჩადენა განაპირობა დაზარალებულის სიცელქემ. სასამართლო ითვალისწინებს, რომ აღნიშნული გარემოებები არ წარმოადგენს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის/სასჯელის შემამსუბუქებელ გარემოებებს, ხოლო ჩადენილი ქმედების ხასიათის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, ქმედების განხორციელების სახის, ხერხის, დანაშაულის ჩადენის მოტივის, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, მართლსაწინააღმდეგო შედეგის, საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით განსაზღვრული სასჯელის მიზნების, ასევე, მათ შორის, დაცვის მხარე კასატორის მიერ მითითებული გარემოებების (უკრაინაში ომის შედეგად განადგურდა მსჯავრდებულის საცხოვრებელი სახლი) გათვალისწინებით, მიზანშეუწონლად მიაჩნია ჯარიმის გამოყენება. პირობითი მსჯავრის ხანგრძლივობასთან მიმართებით, სასამართლო ითვალისწინებს საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის პირველ ნაწილს (გამოსაცდელი ვადა თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას უნდა იყოს არანაკლებ ერთი წელი), ასევე, ითვალისწინებს საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლით გამოსაცდელი ვადის შემცირებისა და გამოსაცდელი ვადის არანაკლებ ნახევრის გასვლის შემდეგ, პირობითი მსჯავრის გაუქმების შესაძლებლობას.

15.1. კასატორებს სასამართლოსთვის არ წარუდგენიათ მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა სასჯელის უსამართლობას, სასჯელის მიზნებთან შეუსაბამობას, რის საფუძველზეც, შესაძლებელი იქნებოდა მსჯავრდებულისათვის სასჯელის შეცვლა.

16. წარმოდგენილი მასალებით არ დგინდება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე წინაპირობის არსებობა, რის გამოც, არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.

17. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი თბილისის პროკურატურის არასრულწლოვნების საქმეთა სამმართველოს პროკურორ ნათია ქომოშვილისა და მსჯავრდებულ დ. ს–ის (D. S.) ინტერესების დამცველი ადვოკატის – მ. გ–ის საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2026 წლის 16 თებერვლის განაჩენზე;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: მ. ვასაძე

ლ. თევზაძე