საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 14.07.2026
საქმის ნომერი
2კ-148აპ.-26
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
14.07.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №148აპ-26 თბილისი

ჯ. დ., 148აპ-26 14 ივლისი, 2026 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),ნინო სანდოძე, ლევან თევზაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2026 წლის 21 იანვრის განაჩენზე მსჯავრდებულ დ. ჯ-ას ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი. ბ-ას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 17 ნოემბრის განაჩენით დ. ჯ-ა ნასამართლევი, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც აეთვალა 2025 წლის 7 მარტიდან.

2. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ დ. ჯ-ამ ჩაიდინა ყაჩაღობა, ე. ი. თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობით და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით, ჩადენილი დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით. აღნიშნული დანაშაული გამოიხატა შემდეგით:

· 2024 წლის 8 დეკემბერს, დღის საათებში, თ-ის მოქალაქე ნ. ი-ი მოპედით გადაადგილდებოდა თ-ში, პ-ის გამზირის N--ის მიმდებარე ტერიტორიაზე, რა დროსაც, დ. ჯ-ა დანის დემონსტრირებით, ფულადი თანხის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, თავს დაესხა ნ. ი-ს და სიცოცხლისთვის საშიში ძალადობის მუქარით, კერძოდ, დანის დემონსტრირებით, დანით სხეულის სხვადასხვა არეში დაზიანების მიყენებითა და მოპედიდან გადმოსმით, შეიყვანა პ-ის გამზირის N--ის კორპუსის ეზოში, სადაც დაეუფლა მის ჩანთაში არსებულ 99 394 (ოთხმოცდაცხრამეტი ათას სამას ოთხმოცდათოთხმეტი) ლარის ოდენობით ფულად თანხას, მის კუთვნილ მობილურ ტელეფონს, “ფ. ბ-ს“ და პლასტიკურ ბარათებს, რითაც დაზარალებულს მიაყენა 99 749 (ოთხმოცდაცხრამეტი ათას შვიდას ორმოცდაცხრა) ლარის დიდი ოდენობით მატერიალური, მორალური და ფიზიკური ზიანი.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2026 წლის 21 იანვრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 17 ნოემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

4. კასატორი – მსჯავრდებულ დ. ჯ-ას ინტერესების დამცველი, ადვოკატი ი. ბ-ა საკასაციო საჩივრით ითხოვს, შემამსუბუქებელი გარემოებების (გულწრფელად აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, თვითონ გამოცხადდა პოლიციაში, ხელი შეუწყო გამოძიებას, უდავოდ ცნო ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რითიც ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას, დაზარალებულისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებისათვის მზადყოფნა, ოჯახის ერთადერთი მარჩენალია) გათვალისწინებით, დ. ჯ-ასათვის სასჯელის შემსუბუქებას.

5. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც, არ უნდა დაიშვას განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი დასაშვებად მიიჩნევა, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

6. მსჯავრდებულ დ. ჯ-ას მიერ მისთვის მსჯავრად შერაცხილი ქმედების ჩადენა დადგენილია ერთმანეთთან შეთანხმებულ, მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: ბრალდებულის აღიარებით, დაზარალებულ ნ. ი-ის, მოწმეთა – ბ. ჭ-ის, თ. ტ-ის, ს. ჩ-ის, მ. ე-ის, დ. ს-ას, ე. ნ-ის, მ. ბ-ას, ნ. დ-ისა და სხვათა გამოკითხვის ოქმებით, ვიდეოსამეთვალყურეო კამერების ჩანაწერებითა და მათი გახსნა-დათვალიერების ოქმით, ფოტოსურათით ამოცნობის ოქმებით, ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებებით, ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზის №- დასკვნითა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით, რომლებსაც სადავოდ არც კასატორი ხდის.

7. მოცემულ შემთხვევაში, დაცვის მხარე ითხოვს მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელის შემსუბუქებას.

8. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.

9. საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მოსამართლე თანაბრად აფასებს როგორც პასუხისმგებლობის დამამძიმებელ, ისე – შემამსუბუქებელ გარემოებებს. მნიშვნელოვანია, რომ საბოლოოდ დანიშნული სასჯელი ემსახურებოდეს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას.

10. საკასაციო სასამართლო, მიაჩნია რა, რომ ქვედა ინსტანციების სასამართლოებმა თანაბრად იხელმძღვანელეს დ. ჯ-ას სისხლის სამართლის საქმის მასალებში წარმოდგენილი პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებებით, აფასებს, საბოლოოდ დანიშნული სასჯელის სახე და ზომა რამდენად პროპორციულია მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი ქმედების სიმძიმესთან. დაცვის მხარის საკასაციო საჩივრის მოსაზრებას, რომ დ. ჯ-ასათვის შეფარდებული სასჯელი ძალიან მკაცრია, საკასაციო სასამართლო არ იზიარებს და აღნიშნავს შემდეგს: იმისთვის, რათა შესაძლებელი იყოს სასჯელის უკანონობაზე მსჯელობა, მსჯავრდებულის მიმართ გამოყენებული უნდა იყოს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რომელიც აშკარად არ შეესაბამება მისი ქმედების ხასიათსა და პიროვნებას. შესაბამისად, განსახილველ შემთხვევაში, სასამართლო, სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით, ამოწმებს, არსებობს თუ არა აშკარა არაპროპორციულობა შეფარდებულ სასჯელს, ჩადენილი დანაშაულის ხასიათსა და მსჯავრდებულის პიროვნულ მახასიათებლებს შორის.

11. საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილი სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს 8-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას. დ. ჯ-ა ნასამართლევია განსაკუთრებით მძიმე განზრახი დანაშაულის ჩადენისათვის, რომლისათვის დანიშნული სასჯელის მოხდისაგან გათავისუფლდა 2020 წლის 21 ოქტომბერს. საქართველოს სსკ-ის 79-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის მსჯავრდებულ პირს ნასამართლობა გაუქარწყლდება სასჯელის მოხდიდან 8 წლის შემდეგ. შესაბამისად, დ. ჯ-ას ნასამართლობა გაუქარწყლდებოდა 2028 წლის 21 ოქტომბერს, რაც იმას ნიშნავს, რომ დანაშაულის ჩადენის დროს (2024 წლის 8 დეკემბერს) ის იყო ნასამართლევი.

12. საქართველოს სსკ-ის 58-ე მუხლის 1-ელი ნაწილით დადგენილია, რომ დანაშაულის რეციდივის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა, სულ მცირე, 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას.

13. ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრული სასჯელის სახე და ზომა – 9 წლით თავისუფლების აღკვეთა – შეესაბამება სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს, კანონიერი და სამართლიანია. სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა სასჯელის დანიშვნის როგორც ზოგადსავალდებულო გარემოებები და პირის ინდივიდუალური მახასიათებლები, ისე – პასუხისმგებლობის დამამძიმებელი და შემამსუბუქებელი გარემოებები, ასევე – საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობანი და მსჯავრდებულ დ. ჯ-ას, სწორედ საკასაციო საჩივარში მითითებულ შემამსუბუქებელ გარემოებებზე დაყრდნობით, განუსაზღვრა სამართლიანი, საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის სანქციით დაწესებული სასჯელი, რომლის შემსუბუქების სამართლებრივ შესაძლებლობას სასამართლო მოკლებულია.

14. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009). ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ, როდესაც საკასაციო სასამართლო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლების არარსებობის გამო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).

15. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საქმის მასალებიდან და საკასაციო საჩივრის შინაარსიდან არ იკვეთება საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი.

16. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ დ. ჯ-ას ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი. ბ-ას საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: ნ. სანდოძე

ლ. თევზაძე