საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 13.07.2026
საქმის ნომერი
2კ-245აპ.-26
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
13.07.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 010100123007973528

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №245აპ-26 13 ივლისი, 2026 წელი

მ. ა. ჯ. მ., №245აპ-26 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის

საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, ლევან თევზაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2026 წლის 12 თებერვლის განაჩენზე მსჯავრდებულების – მ. ჯ. მ–სა და ჯ. ფ. უ. ა. ა–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის – გ. ფ–ას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

1.1. მ. ჯ. (M. J.) მ–ი (M.) (დაბადებული .....) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსკ-ის) 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებითა (თაღლითობა, ესე იგი, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით – ორი ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ყალბი ოფიციალური დოკუმენტის გამოყენება, რამაც მნიშნელოვანი ზიანი გამოიწვია – ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის.

1.2. ჯ. ფ. ი. (J. F. Y.) აბუ ალასმარი (A.A.) (დაბადებული .....) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (თაღლითობა, ესე იგი, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით – ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის.

1.3. მ. ჯ. მ–სა და ჯ. ფ. უ. ა. ა–სათვის ბრალად წარდგენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგით:

ჰ. მ. მ–იმ, 18.10.2018 წელს, შეიძინა ქ. თ–ში, .... ვ–ს ქუჩის N..-ში მდებარე N.. ბინა (ს/კ .......). 2022 წელს გადაწყვიტა ბინის გაყიდვა. მას, ბინის შეძენის სურვილით, ე–ს მოქალაქე ა. ნ. ა. ი–ის სახელით, დაუკავშირდა მისთვის უცნობი პიროვნება და სთხოვა პასპორტის სურათისა და საბანკო რეკვიზიტების გადაგზავნა. ჰ. მ. მ–იმ აღნიშნულ პიროვნებას გაუგზავნა მონაცემები. მ. ჯ. მ–სა და ჯ. ფ. ი. ა. ა–ვის ცნობილი იყო, რომ ჰ. მ. მ–ის საკუთრებაში იყო ქ. თ–ში, .....ში, ვ–ს ქუჩის N..-ში მდებარე N..... ბინა (ს/კ ..........) მათ განიზრახეს აღნიშნული უძრავი ქონების მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დაუფლება და მისი შემდგომი რეალიზაციის მეშვეობით ფინანსური სარგებლის მიღება. განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, დაუდგენელ ვითარებაში, შეიქმნა 2022 წლის 19 დეკემბრით დათარიღებული ყალბი მინდობილობა N....., რომლის მიხედვითაც, თითქოსდა, 2022 წლის 19 დეკემბერს, თ–ში, ქალაქ ს–ში, ნოტარიუსთან გამოცხადდა ჰ. მ. მ–ი, რომელმაც, თითქოს, მ. ჯ. მ–ს მიანიჭა უფლებამოსილება, განეკარგა მის საკუთრებაში არსებული ქ. თ–ში, .....ში, ვ–ს ქუჩის N...-ში მდებარე N..... ბინა (ს/კ ..............). აღნიშნული ყალბი მინდობილობის გამოყენებით, ქ. თ–ში, .....ში, ვ–ს ქუჩის N6-ში მდებარე N..... (ს/კ ............), ჰ. მ. მ–ის კუთვნილი უძრავი ქონება, 2022 წლის 23 დეკემბერს, ქ. ბ–ში, .... ქუჩის N..-ში მდებარე საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში, ფიქტიური ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, აღრიცხა ჯ. ფ. ი. ა. ა–ის სახელზე, რომელმაც აღნიშნული უძრავი ქონება 2022 წლის 28 დეკემბერს გასხვისა ნ. დ–ზე. დანაშაულის შედეგად მ. ჰ–ს მიადგა დიდი ოდენობით – 165000 ლარის ქონებრივი ზიანი. ასევე, მ. ჯ. მ–ს მიერ ყალბი დოკუმენტის გამოყენებამ გამოიწვია მნიშვნელოვანი ზიანი.

რა ე. ღ. ხ–მა, 2020 წლის 4 იანვარს, შეიძინა ქ. თ–ში, .....ში, .....ს ქუჩის N..-ში მდებარე N.. ბინა (ს/კ ............). მ. ჯ. მ–ს და ჯ. ფ. ი. ა. ა–ვის ცნობილი იყო, რომ რა ე. ღ. ხ–ის საკუთრებაში იყო ქ. თ–ში, .....ში, .... ქუჩის N..-ში მდებარე N.. ბინა (ს/კ .............). მათ განიზრახეს აღნიშნული უძრავი ქონების მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დაუფლება და მისი შემდგომი რეალიზაციის მეშვეობით, ფინანსური სარგებლის მიღება. განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, დაუდგენელ ვითარებაში შეიქმნა 2023 წლის 4 იანვრით დათარიღებული ყალბი მინდობილობა, რომლის მიხედვითაც, თითქოსდა, 2023 წლის 4 იანვარს, თ–ში, ქალაქ ს–ში, ნოტარიუსთან გამოცხადდა რა ე. ღ. ხ–ი, რომელმაც მ. ჯ. მ–ს, თითქოს, მიანიჭა უფლებამოსილება, განეკარგა ქ. თ–ში, .....ში, .... ქუჩის N..-ში მდებარე, მის საკუთრებაში არსებული N.. ბინა (ს/კ ..........). აღნიშნული ყალბი მინდობილობის გამოყენებით, მ. ჯ. მ–მ, რა ე. ღ. ხ–ის უძრავი ქონება, 2023 წლის 9 იანვარს ქ. ბ–ში, .... ქუჩის N..-ში მდებარე საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში, ფიქტიური ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, აღრიცხა ჯ. ფ. უ. ა. ა–ს სახელზე, რომელმაც აღნიშნული უძრავი ქონება 2023 წლის 24 თებერვალს გაასხვისა სალომე წულუკიძეზე. აღნიშნული დანაშაულის შედეგად რა ე. ღ. ხ–ს მიადგა დიდი ოდენობით – 280000 ლარის ქონებრივი ზიანი. ასევე, მ. ჯ. მ–ს მიერ ყალბი დოკუმენტის გამოყენებამ გამოიწვია მნიშვნელოვანი ზიანი.

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

2.1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 5 დეკემბრის განაჩენით:

მ. ჯ. მ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის (მ. ჰ–ის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლით, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, შეუმცირდა ერთი მეექვსედით და განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 წლით.

მ. ჯ. მ– ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის (მ. ჰ–ის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 წლით, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, შეუმცირდა ერთი მეექვსედით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 წლითა და 6 თვით.

მ. ჯ. მ. ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის (რა ე. ღ. ხ–ის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლით, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, შეუმცირდა ერთი მეექვსედით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 წლით.

მ. ჯ. მ– ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის (რა ე. ღ. ხ–ის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 წლით, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, შეუმცირდა ერთი მეექვსედით და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 წლითა და 6 თვით.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი/თანაბარი სასჯელები და დანაშაულთა ერთობლიობით მ. ჯ. მ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლით, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, შეუმცირდა ერთი მეექვსედით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 წლით.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 და მე-4 ნაწილების თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა წინა – ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 2 ნოემბრის განაჩენით დანაშაულთა ერთობლიობითა და საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე დანიშნული და ამავე სასამართლოს 2024 წლის 15 ნოემბრის განჩინებით, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის საფუძველზე შემცირებული სასჯელი – თავისუფლების აღკვეთა 5 წლით (საიდანაც, საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, 3 წლითა და 4 თვით თავისუფლების აღკვეთა განსაზღვრული ჰქონდა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 1 წლითა და 8 თვით თავისუფლების აღკვეთა ჩათვლილი ჰქონდა პირობითად, 1 წლისა და 8 თვის გამოსაცდელი ვადით) და საბოლოოდ მ. ჯ. მ–ს, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლით, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, შეუმცირდა ერთი მეექვსედით და განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 წლით.

ჯ. ფ. უ. ა. ა. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის (მ. ჰ–ის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლით, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, შეუმცირდა ერთი მეექვსედით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 წლით.

ჯ. ფ. უ. ა. ა. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის (რა ე. ღ. ხ–ის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლით, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, შეუმცირდა ერთი მეექვსედით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 წლით.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე ერთმა სასჯელმა შთანთქა მეორე თანაბარი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით ჯ. ფ. ი. ა. ა–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლით, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, შეუმცირდა ერთი მეექვსედით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 წლით.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 და მე-4 ნაწილების თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა წინა – ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 29 ნოემბრის განაჩენით დანაშაულთა ერთობლიობით დანიშნული უფრო მსუბუქი სასჯელი – თავისუფლების აღკვეთა 3 წლით, ასევე, შთანთქა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 2 ნოემბრის განაჩენით დანაშაულთა ერთობლიობით, საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით დანიშნული და ამავე სასამართლოს 2024 წლის 12 ნოემბრის განჩინებით „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის საფუძველზე შემცირებული უფრო მსუბუქი სასჯელი – თავისუფლების აღკვეთა 3 წლით (საიდანაც 2 წლით თავისუფლების აღკვეთა განსაზღვრული ჰქონდა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 1 წლით თავისუფლების აღკვეთა ჩათვლილი ჰქონდა პირობითად 1 წლის გამოსაცდელი ვადით) და საბოლოოდ, ჯ. ფ. ი. აბუ ალასმარს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლით, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, შეუმცირდა ერთი მეექვსედით და განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 წლით.

2.2. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 5 დეკემბრის განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა მსჯავრდებულების – მ. ჯ. მ–სა და ჯ. ფ. უ. ა. ა–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა – გ. ფ–ამ. დაცვის მხარემ მოითხოვა მსჯავრდებულთათვის სასჯელის შეფარდება საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით და მათ მიმართ ამნისტიის გავრცელება.

3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:

3.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2026 წლის 12 თებერვლის განაჩენით დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 5 დეკემბრის განაჩენში, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის საფუძველზე (სააპელაციო სასამართლოში წარდგენილ იქნა დაზარალებულ რ. ე. ღ. ხ ა–ის თანხმობა მსჯავრდებულთა მიმართ ამნისტიის გამოყენების თაობაზე), შევიდა ცვლილება:

მ. ჯ. მ– ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის (მ. ჰ–ის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლით, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, შეუმცირდა ერთი მეექვსედით და განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 წლით.

მ. ჯ. მ– ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის (მ. ჰ–ის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 წლით, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, შეუმცირდა ერთი მეექვსედით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 წლითა და 6 თვით.

მ. ჯ. მ– ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის (რა ე. ღ. ხ–ის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლით, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, გაუნახევრდა და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 წლით.

მ. ჯ. მ. ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის (რა ე. ღ. ხ–ის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 წლით, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, შეუმცირდა ერთი მეექვსედით და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 წლითა და 6 თვით.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და დანაშაულთა ერთობლიობით მ. ჯ. მ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 წლით.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 და მე-4 ნაწილების თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა წინა – ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 2 ნოემბრის განაჩენით დანაშაულთა ერთობლიობითა და საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე დანიშნული და ამავე სასამართლოს 2024 წლის 12 ნოემბრის განჩინებით, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის საფუძველზე, შემცირებული სასჯელი – თავისუფლების აღკვეთა 3 წლით (საიდანაც, საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, 2 წლით თავისუფლების აღკვეთა განსაზღვრული ჰქონდა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი ნაწილი 1 წლით თავისუფლების აღკვეთა ჩათვლილი ჰქონდა პირობითად, 1 წლის გამოსაცდელი ვადით) და საბოლოოდ მ. ჯ. მ–ს, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 წლით.

ჯ. ფ. უ. ა. ა– ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის (მ. ჰ–ის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლით, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, შეუმცირდა ერთი მეექვსედით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 წლით.

ჯ. ფ. უ. ა. ა– ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის (რა ე. ღ. ხ–ის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლით, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, გაუნახევრდა და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 წლით.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით ჯ. ფ. ი. ა. ა–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 წლით.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 და მე-4 ნაწილების თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა წინა – ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 29 ნოემბრის განაჩენით დანაშაულთა ერთობლიობით დანიშნული უფრო მსუბუქი სასჯელი – თავისუფლების აღკვეთა 3 წლით, ასევე, შთანთქა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 2 ნოემბრის განაჩენით დანაშაულთა ერთობლიობით, საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით დანიშნული და ამავე სასამართლოს 2024 წლის 15 ნოემბრის განჩინებით „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის საფუძველზე შემცირებული უფრო მსუბუქი სასჯელი – თავისუფლების აღკვეთა 5 წლით (საიდანაც 3 წლითა და 4 თვით თავისუფლების აღკვეთა განსაზღვრული ჰქონდა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 1 წლითა და 8 თვით თავისუფლების აღკვეთა ჩათვლილი ჰქონდა პირობითად 1 წლისა და 8 თვის გამოსაცდელი ვადით) და საბოლოოდ, ჯ. ფ. ი. ა. ა–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 წლით.

3.2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2026 წლის 12 თებერვლის განაჩენი საქართველოს უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრა მსჯავრდებულების – მ. ჯ. მ–სა და ჯ. ფ. უ. ა. ა–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა – გ. ფ–ამ. დაცვის მხარემ მოითხოვა მსჯავრდებულთა მიმართ სასჯელის დანიშვნა საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით.

4. კასატორის არგუმენტები:

4.1. დაცვის მხარის განმარტებით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი უსამართლოა, რადგან სასამართლომ არ გაითვალისწინა მსჯავრდებულთა მიერ დანაშაულების აღიარება, მტკიცებულებათა უდავოდ ცნობა, გამოძიებასთან თანამშრომლობა, დაზარალებულებთან შეთანხმების მიღწევის მცდელობა და ერთ-ერთი დაზარალებულისათვის ზიანის ანაზღაურების ფაქტი. ადვოკატის განმარტებით, გასაჩივრებული განაჩენი ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას, კერძოდ, იმ საქმეებს, რომლებშიც სასამართლომ გამოიყენა საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილი მიუხედავად იმისა, რომ ჩადენილი იყო განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაული და დაზარალებულისთვის ზიანიც არ ყოფილა ანაზღაურებული.

5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

5.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსსკ-ის) 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ ასაბუთებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ვერცერთ საფუძველს, რის გამოც, საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

5.2. საკასაციო სასამართლო, უპირველეს ყოვლისა, აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში, სადავო გარემოებას არ წარმოადგენს მ. ჯ. მ–ს საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებითა (ორი ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი), ხოლო ჯ. ფ. უ. ა. ა–ს – საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (ორი ეპიზოდი) – მსჯავრდება. საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს მსჯავრდებულთათვის შეფარდებული სასჯელის სამართლიანობა, კერძოდ, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოუყენებლობის სისწორე.

5.3. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის პოზიციას დანიშნული სასჯელის შემსუბუქებასთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში მითითებულია იმ მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც სასამართლომ არ გაიზიარა დაცვის მხარის არგუმენტები და უცვლელად დატოვა მსჯავრდებულთათვის შეფარდებული სასჯელი, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.

5.4. საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას სასამართლო უფლებამოსილია, განაჩენით დაადგინოს სასჯელის ნაწილის მოხდა, ხოლო დანარჩენი ნაწილის პირობით მსჯავრად ჩათვლა, თუ ბრალდებული (მსჯავრდებული) აღიარებს დანაშაულს (თუ პირს არ წაასწრეს დანაშაულის ჩადენისას ან ჩადენისთანავე), ასახელებს დანაშაულის ჩადენაში თანამონაწილეებს და თანამშრომლობს გამოძიებასთან. საკასაციო სასამართლო კვლავაც განმარტავს, რომ ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით შეფარდებული სასჯელის ნაწილის პირობითად ჩათვლა, აღნიშნულ ნორმაში მითითებული პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაშიც კი, სასამართლოს უფლებამოსილებაა და არა – ვალდებულება, რა დროსაც, სასამართლო ყოველი კონკრეტული საქმის ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით, ხელმძღვანელობს მიზანშეწონილობის კრიტერიუმით.

5.5. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ მსჯავრდებულებს ჩადენილი აქვთ მსგავსი კატეგორიის არაერთი დანაშუალი. კერძოდ, სისხლის სამართლის საქმის მასალებით დასტურდება, რომ ჯ. ფ. ი. ა. ა–ს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 2 ნოემბრის განაჩენით მსჯავრი დაედო საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (ორი ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 19,180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით, საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილითა (ორი ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 344-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის, მასვე, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 29 ნოემბრის განაჩენით მსჯავრი დაედო საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის. რაც შეეხება მ. ჯ. მ–ს, იგი ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 2 ნოემბრის განაჩენით მსჯავრდებულია საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით, აგრეთვე, საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს მსჯავრდებულთა მიერ ჩადენილი დანაშაულების სიმრავლეს (დანაშაულთა ერთობლიობა – ყველა დანაშაული ჩადენილია პირველი განაჩენის გამოტანამდე), მათ მიდრეკილებას ეკონომიკური და მმართველობის წესის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულების ჩადენისაკენ, მათ პიროვნებას (გამოირჩევიან სხვათა უფლებებისადმი უპატივცემულო და კანონის წინაშე უპასუხისმგებლო დამოკიდებულებით), რის გამოც, საკასაციო სასამართლო მიზანშეწონილად არ მიიჩნევს მსჯავრდებულთა მიმართ კანონით გათვალისწინებული შეღავათის გამოყენებას და საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე დანიშნული სასჯელის ნაწილის პირობით მსჯავრად ჩათვლას. რაც შეეხება ადვოკატის მიერ საკასაციო საჩივარში მითითებულ პრაქტიკას, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სასამართლოს მიერ კონკრეტულ საქმეში მსჯავრდებული პირის მიმართ საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენება გარდაუვლად არ განაპირობებს იმავე შეღავათის გავრცელებას სხვა საქმეში – სხვა მსჯავრდებულთა მიმართ, თუ არ არსებობს ფაქტობრივ გარემოებათა აბსოლუტური სიზუსტით თანხვდენა. საგულისხმოა, რომ დაცვის მხარის მიერ საკასაციო საჩივარში მოხმობილი სასამართლოს პრაქტიკა მიემართება განსახილველი საქმისაგან განსხვავებულ შემთხვევას, რომლის ინდივიდუალურმა ფაქტობრივმა გარემოებებმა განაპირობა სასამართლოს მიერ საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენება.

5.6. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა სასჯელის დანიშვნისას გასათვალისწინებელი გარემოებები, ჩადენილი ქმედებების ხასიათი და სიმძიმე, მსჯავრდებულთა ინდივიდუალური მახასიათებლები, სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობანი და საქართველოს სსკ-ის 39-ე, 53-ე და 59-ე მუხლების მოთხოვნათა გათვალისწინებით, მსჯავრდებულებას შეუფარდა კანონიერი და სამართლიანი სასჯელი, რომელიც აკმაყოფილებს პროპორციულობის მოთხოვნას, უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების მიღწევას და არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას.

5.7. იმავდროულად, საკასაციო სასამართლო არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას მსჯავრდებულთათვის საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (რა ე. ღ. ხ–ის ეპიზოდი) დანიშნული სასჯელის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის საფუძველზე განახევრების შესახებ. მართალია, განსახილველ შემთხვევაში, წარმოდგენილი იყო დაზარალებულის თანხმობები მსჯავრდებულთა მიმართ ამნისტიის გამოყენების თაობაზე, თუმცა, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი, შესაბამისი პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში, სასჯელის განახევრებას ითვალისწინებს თუ ჩადენილია, მათ შორის, საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული. ვინაიდან მ. ჯ. მ–სა და ჯ. ფ. ი. ა. ა–ს მსჯავრი დაედოთ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, მათ მიმართ არ უნდა გავრცელებულიყო „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის მოქმედება. მიუხედავად აღნიშნულისა, ბრალდების მხარის საკასაციო საჩივრის არარსებობის პირობებში, საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილისა და 308-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნათა გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მოკლებულია მსჯავრდებულთა სამართლებრივი მდგომარეობის გაუარესების შესაძლებლობას.

5.8. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009).

5.9. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ, როდესაც საკასაციო სასამართლო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლების არარსებობის გამო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).

5.10. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულების – მ. ჯ. მ–სა და ჯ. ფ. უ. ა. ა–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის – გ. ფ–ას საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნინო სანდოძე

მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი

ლევან თევზაძე