გაუქმდა და მიღებულია ახალი გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №ას-737-2025
12 თებერვალი, 2026 წელი ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
შემადგენლობა:
თეა ძიმისტარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: მირანდა ერემაძე,არჩილ კოჭლამაზაშვილი
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი - ზ.უ–ა (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე - მ.გ–ი (მოპასუხე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილება
დავის საგანი - თანხის დაკისრება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება
საკითხი, რომელზეც მიღებულია გადაწყვეტილება – საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1.ზ.უ–ამ (შემდეგში: მოსარჩელე ან კასატორი) თბილისის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა მ.გ–ის (შემდეგში: მოპასუხე ან აპელანტი) წინააღმდეგ და მოითხოვა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ 41 813 ლარის გადახდა დაეკისროს.
2. მოპასუხის შესაგებელი
2.1.მოპასუხემ წერილობით წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ სცნო.
3. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი
3.1.თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 2 თებერვლის გადაწყვეტილებით მოსარჩელის სარჩელი დაკმაყოფილდა და მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ 41 813 ლარის გადახდა დაეკისრა.
4. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები
4.1.თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 2 თებერვლის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; მოსარჩელის სარჩელი არ დკმაყოფილდა.
4.2.მოსარჩელე 2020 წლის 6 აგვისტოს დასრულებულ იძულებით საჯარო აუქციონზე №A19015541-002/001, გახდა მოვალის (მოპასუხე) საკუთრებაში რიცხული ქონების, მდებარე: ქ. თბილისი, ......... „ქ–ა’’, ს/კ ........ მესაკუთრე. მოსარჩელემ უძრავი ქონება შეიძინა 43 400.00 ლარად და სრულად გადაიხადა მითითებული თანხა.
4.3.იძულებით საჯარო აუქციონზე მოსარჩელის მიერ ქონების შეძენისას მასზე რეგისტრირებული იყო 2013 წლის 13 სექტემბრის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ბ.ა.ა.ბ–ის (შემდეგში: გამსესხებელი ან იპოთეკარი) იპოთეკის უფლება.
4.4.2013 წლის 13 სექტემბერს, ერთი მხრივ - იპოთეკარსა, ხოლო მეორე მხრივ მოპასუხეს (მსესხებელს) შორის დაიდო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება №130964030, რომლის მიხედვითაც მოპასუხის მიერ სესხის სახით მიღებულმა თანხამ შეადგინა 14 000.00 აშშ დოლარი. ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 2014 წლის 31 დეკემბრამდე. ამავე ხელშეკრულებით მხარეებმა დაადასტურეს, რომ გამსესხებელმა მსესხებელს გადასცა 14 000.00 დოლარი, ხოლო მსესხებელმა მიიღო აღნიშნული თანხა.
4.5.2013 წლის 13 სექტემბრის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად, იპოთეკით დაიტვირთა მსესხებლის საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონება მდებარე: ქალაქი თბილისი, ......, „ქ–ა’’, ს/კოდი ........
4.6.2016 წლის 2 თებერვალს კრედიტორის - გამსესხებლის მიმართვის საფუძველზე ნოტარიუს ი.შ–ძის მიერ გაიცა სააღსრულებო ფურცელი №160123556, რომლის საფუძველზეც აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობის 14 000.00 აშშ დოლარის, აგრეთვე სააღსრულებო ფურცლის გაცემის ხარჯის - 124.36 ლარის აღსასრულებლად უნდა მომხდარიყო უძრავი ქონების, მდებარე: თბილისი, ......., ქ–ა, ს/კოდი .......... რეალიზაცია.
4.7.მოვალეებს - მოსარჩელესა და მოპასუხეს 2021 წლის 15 თებერვალს გაეგზავნა წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ. მათ განემარტათ, რომ მსესხებელს გააჩნდა შესასრულებელი ფულადი ვალდებულება კრედიტორის - გამსესხებლის მიმართ. სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე უნდა მომხდარიყო იპოთეკის საგნის რეალიზაცია.
4.8.საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს ინფორმაციით დგინდება, რომ თბილისის სააღსრულებო ბიუროს წარმოებაში იყო №A20109191 სააღსრულებო საქმე, ნოტარიუსის მიერ 12.02.2016 წელს გაცემული №160123556 სააღსრულებო ფურცელი, სადაც კრედიტორს წარმოადგენდა გამსესხებელი, ხოლო მოვალეს - მსესხებელი. სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე მოთხოვნა იყო 14 000.00 აშშ დოლარი და 124.36 ლარი.
4.9.2023 წლის 17 ივლისს მოსარჩელის მიერ სააღსრულებო წარმოების №A20109191 ფარგლებში ჩარიცხულია 36 928.00 ლარი, საიდანაც 34 512.14 ლარი გადაირიცხა კრედიტორთან, ხოლო 2 415.86 ლარი - აღსრულების ეროვნული ბიუროს ანგარიშზე საფასურის სახით. 2023 წლის 17 ოქტომბერს მოსარჩელის მიერ სააღსრულებო წარმოების №A20109191 ფარგლებში ჩარიცხულია 1 894.73 ლარი, საიდანაც 1 770.77 ლარი გადაირიცხა კრედიტორთან, ხოლო 123.96 ლარი - აღსრულების ეროვნული ბიუროს ანგარიშზე საფასურის სახით.
4.10. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 3 ივნისის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით მოსარჩელის სარჩელი იპოთეკარის მიმართ უძრავი ქონების იპოთეკისაგან გათავისუფლებისა და სააღსრულებო ფურცლის ბათილად ცნობის მოთხოვნით არ დაკმაყოფილდა. ზემოაღნიშნული დავის ფარგლებში მოსარჩელის მიერ ჯამში გადახდილია 2 990.00 ლარი.
4.11. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ წინამდებარე საქმეში, სარჩელი დაფუძნებულია იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ მოსარჩელემ მის საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონების იპოთეკისაგან გათავისუფლების მიზნით შეასრულა №A20109191 სააღსრულებო წარმოების ფარგლებში პირადი მოვალის - მოპასუხის ვალდებულება იპოთეკარის (გამსესხებლის) მიმართ და ჯამში სესხის თანხისა და სააღსრულებო საფასურის სახით გადაიხადა - 38 822.73 ლარი, ხოლო სახელმწიფო ბაჟის სახით - 2 990 ლარი.
4.12. საკასაციო პალატის არაერთ განჩინებაში ასახული განმარტების მიხედვით, ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის არსი მდგომარეობს იმაში, რომ თუ მოვალე არ ასრულებს, ანდა არაჯეროვნად ასრულებს ვალდებულებას, კრედიტორს აქვს იმის შესაძლებლობა, რომ სხვადასხვა ზომის გამოყენებით აიძულოს მოვალე შეასრულოს მასზე დაკისრებული ვალდებულება. ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის საშუალებები შეიძლება გათვალისწინებული იქნეს როგორც კანონით, ისე ხელშეკრულებით. ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის საშუალებათა არსებობა დამოკიდებულია რაიმე ვალდებულების არსებობაზე, რომლის შესრულების უზრუნველსაყოფადაც ისინი არსებობენ. ვალდებულება, რომლის უზრუნველყოფაც ხდება, წარმოადგენს მთავარ (ძირითად) ვალდებულებას, ხოლო მისი შესრულების უზრუნველყოფის საშუალებები დამატებით (აქცესორულ) ვალდებულებებს (იხ. სუსგ №ას-559-2019, 4.12.2019 წ.).
4.13. საქართველოს სამოქალაქო კოდექსით (შემდეგში: სსკ) გათვალისწინებული მოთხოვნის უზრუნველყოფის გავრცელებულ საშუალებებს წარმოადგენს გირავნობა და იპოთეკა. იპოთეკის დეფინიცია მოცემულია სსკ-ის 286-ე მუხლში (უძრავი ნივთი შეიძლება მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად ისე იქნეს გამოყენებული (დატვირთული), რომ უზრუნველყოფილ კრედიტორს მიეცეს უფლება, სხვა კრედიტორებთან შედარებით პირველ რიგში მიიღოს თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილება ამ ნივთის რეალიზაციით ან მის საკუთრებაში გადაცემით (იპოთეკა)). იპოთეკის შემთხვევაში, მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებას წარმოადგენს განსაზღვრული ნივთი. იპოთეკა, როგორც სანივთო უფლება, ადგენს სანივთო პასუხისმგებლობას, რომელიც დგება კრედიტორის მიმართ ვალდებულების არაჯეროვნად შესრულებისას. ამასთან, სსკ-ის 286-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული იპოთეკა წარმოადგენს რეგისტრირებულ სანივთო უფლებას ინდივიდუალიზებულ და კონკრეტულ უძრავ ნივთზე და იგი აფუძნებს სანივთო პასუხისმგებლობას, რომელიც დგება მესაკუთრის ბრალის მიუხედავად (შდრ. ლ. ჭანტურია, კრედიტის უზრუნველყოფის სამართალი, თბილისი, 2012, გვ.63. Lüke, Sachenrecht, 2.Aufl.,2010, §18,Rn. 674).
4.14. სააღსრულებო წარმოებათა შესახებ კანონის 75.4-ე მუხლის შესაბამისად, თუ იძულებით აღსრულებას ახორციელებს კრედიტორი, რომლის მოთხოვნაც არ არის უზრუნველყოფილი, საკუთრების გადასვლის მიუხედავად, ქონებაზე საჯარო რეესტრში რეგისტრირებული უფლებები უცვლელი რჩება. თუ იძულებით აღსრულებას ახორციელებს იპოთეკარი/მოგირავნე, საკუთრების გადასვლის შედეგად უქმდება ყველა სანივთო უფლება (გარდა საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლებისა), რომლებიც ქონებაზე რეგისტრირებულია იძულებითი აღსრულების განმახორციელებელი კრედიტორის იპოთეკის შემდეგ. თუ იძულებითი აღსრულების განმახორციელებელი იპოთეკარები არიან საქართველოში ლიცენზირებული/რეგისტრირებული კომერციული ბანკი, მიკრობანკი, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია, სადაზღვევო ორგანიზაცია, საერთაშორისო კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ საქართველოს კანონის პირველი მუხლის „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრული განვითარებული ქვეყნების ფინანსური ინსტიტუტები, საკუთრების გადასვლის შედეგად უქმდება ქონებაზე ასეთი კრედიტორის იპოთეკის შემდეგ რეგისტრირებული საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლებაც. ქონებაზე ადრე რეგისტრირებული უფლებები (მათ შორის, საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება) ყველა შემთხვევაში უცვლელი რჩება. ამდენად, საქმეზე დადგენილია, რომ მოსარჩელის/მოწინააღმდეგე მხარის მიერ შეძენილ მიწის ნაკვეთს 2013 წლის 13 სექტემბრის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე იპოთეკარის მოთხოვნის უფლება სწორედ სააღსრულებო წარმოებათა შესახებ კანონის 75.4-ე მუხლის საფუძველზე გადაყვა. მოსარჩელე არც უარყოფს, რომ მისთვის ქონების შეძენისას ქონებაზე რეგისტრირებული იპოთეკის უფლება ცნობილი იყო.
4.15. საქმეში წარმოდგენილია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს ვებ.გვერდიდან ამონარიდი, სადაც აღნიშნულია, რომ №A20109191 სააღსრულებო წარმოების ფარგლებში სარეალიზაციო უძრავ ქონებაზე რეგისტრირებული იყო გარდამავალი უფლება, იპოთეკა. სესხის ძირითადი თანხა 14 000.00 აშშ დოლარი (ს.ფ. 120). ქონება კი შეფასებული იყო 124 000.00 ლარად.
4.16. აპელანტის განმარტებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, სსკ-ის 292-ე მუხლი. დადგენილია, რომ მოპასუხემ 2013 წელს ისესხა 14 000 აშშ დოლარი, რომლის უზრუნველსაყოფადაც იპოთეკით დაიტვირთა უძრავი ქონება. ვინაიდან მოპასუხემ ვერ შეძლო ვალდებულების შესრულება, ამით ახალ მესაკუთრეს მოსარჩელეს არ უზარალია (ზიანი არ მიდგომია) მატერიალურად, რადგან მან 124 000 ლარიანი ქონება შეიძინა 43 000 ლარად, რასაც დაემატა 14 000 აშშ დოლარი, ჯამში 80 000 ლარამდე (საბოლოოდ).
4.17. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა აპელანტის პოზიცია იმის თაობაზე, რომ აუცილებელია, ერთმანეთისგან განვასხვავოთ 2 (ორი) შემთხვევა - (1). როდესაც მესაკუთრე თავად აცხადებს თანხმობას იპოთეკით დატვირთოს თავისი კუთვნილი უძრავი ნივთი (იპოთეკის ხელშეკრულების მხარეა), ხოლო მსესხებელი სხვა პირია და (2). როდესაც უკვე იპოთეკით დატვირთულ უძრავ ქონებას ყიდულობს გარეშე პირი საჯარო იძულებით აუქციონზე. უკანასკნელ შემთხვევაში, მყიდველმა წინასწარ იცის, რომ ყიდულობს ნაკლიან ნივთს და გარდამავალი იპოთეკის უზრუნველყოფის საშუალება სწორედ ის ქონება იქნება, რომელსაც შეიძენს. სსკ-ის 292-ე მუხლის გამოყენება მოცემულ შემთხვევაში უსაფუძვლოა, რადგან ეს დანაწესი გამოიყენება მაშინ, როდესაც უძრავი ნივთის მესაკუთრე ნებაყოფლობით ახდენს თავისი საკუთრების იპოთეკით დატვირთვას (იპოთეკის ხელშეკრულების მხარეა), ხოლო მსესხებელი წარმოადგენს სხვა პირს, ხოლო მსესხებელმა თუ კი ვალი არ გადაიხადა და ეს მოუწია მესაკუთრეს, ცხადია, მას წარმოეშობა უფლება მოსთხოვოს მსესხებელს თანხის უკან დაბრუნება (იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე).
4.18. მოცემულ შემთხვევაში უდავო გარემოებაა, რომ მოწინააღმდეგე მხარემ/მოსარჩელემ წინასწარი განზრახვით შეიძინა უფლებრივი ნაკლის მქონე ნივთი, მან იცოდა, რომ მასზე გარდამავალი იპოთეკა იყო რეგისტრირებული, შესაბამისად, მას/მის უძრავ ქონებას მოუწევდა გადახდა/ვალდებულების შესრულება კრედიტორის წინაშე. მოპასუხე აღარ არის უძრავი ნივთის მესაკუთრე, მან იპოთეკის საგნით იკისრა/უზრუნველეყო ვალდებულება გადაუხდელობის შემთხვევაში, აენაზღაურებინა გაცემული სესხი კრედიტორისთვის, ხოლო მოწინააღმდეგე მხარემ წინასწარი განზრახვით (დაბალ ფასში) შეიძინა უძრავი ნივთი (მასზე გარდამავალი იპოთეკა რეგისტრირებული რომ არ ყოფილიყო უფრო ძვირად შეფასდებოდა, ცხადია).
4.19. ამდენად, გასაზიარებელია აპელანტის განმარტება იმის თაობაზე, რომ იპოთეკა წარმოადგენს რეგისტრირებულ უფლებას უძრავ ნივთზე, ანუ სწორედ უძრავი ქონებაა პასუხისმგებელი კრედიტორის წინაშე არსებული ვალდებულების უზრუნველსაყოფად. ახალ მესაკუთრეზე გადადის პასუხისმგებლობა და ვალდებულებებიც. შესაბამისად, აუქციონზე რეალიზაციის შემდგომ, სწორედ მოსარჩელის კუთვნილი უძრავი ნივთი იყო იმ მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალება, რაც შეასრულა კიდეც იძულების წესით.
4.20. როგორც ზემოთ აღინიშნა, მოსარჩელისთვის ცნობილი იყო, რომ უძრავი ქონება სარგებლიანი სესხის უზრუნველსაყოფად დატვირთული იყო იპოთეკით. მოსარჩელემ გასწია რისკი და შეიძინა უფლებრივი ნაკლის მქონე ნივთი. შესაბამისად, არ არსებობს ზიანის ანაზღაურების/თანხის დაკისრების საფუძველი.
4.21. როდესაც მოსარჩელემ შეიძინა უფლებრივი ნაკლის მქონე ქონება, მან საკუთარი ნებით იტვირთა ყველა ის ვალდებულება, რაც დაკავშირებული იყო იპოთეკით დატვირთულ ქონებასთან. საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, რომლის მიმართაც მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, მოსარჩელისათვის ცნობილი იყო უძრავი ქონების სამართლებრივი მდგომარეობა;
4.22. სსკ-ის 992-ე მუხლი არასახელშეკრულებო ზიანის ცენტრალური ნორმაა, რომელიც განამტკიცებს ბრალეული პასუხისმგებლობის პრინციპს და დაზარალებულს (კრედიტორს) ვალდებული პირის მიმართ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას ანიჭებს. აღნიშნული მუხლის გამოყენების წინაპირობებია: ზიანი; ქმედების მართლწინააღმდეგობა; მიზეზობრივი კავშირი და ბრალი (ე.წ. „გენერალური დელიქტი“).
4.23. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ზიანი მართლსაწინააღმდეგო ქმედებით უნდა იყოს მიყენებული. წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორც წესი, ზიანის ანაზღაურების საკითხი არ დადგება. მართლსაწინააღმდეგოდ მოქმედებს ის, ვინც არღვევს სამართლებრივ დანაწესებს, სამართლის ნორმათა მოთხოვნებს. მართლწინააღმდეგობა სამართალდარღვევის ობიექტური ნიშანია და მისი არსებობა არ არის დამოკიდებული მოვალის ცნობიერების ხასიათზე ანუ აცნობიერებდა თუ არა მოვალე თავისი ქმედების სამართლებრივ ხასიათს. მთავარია, რომ მოვალის ქმედება არ შეესაბამება კანონის მოთხოვნებს. სამოქალაქო სამართალში მართლსაწინააღმდეგოდ მიიჩნევა სხვა პირთა დაცული ინტერესის ხელყოფა. მართლწინააღმდეგობა მოიცავს როგორც კანონით დადგენილი წესების, ისე ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დარღვევას.
4.24. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხის ქმედების კანონსაწინაღმდეგოობა, არამართლზომიერება ან/და უფლების კეთილსინდისიერად განხორციელების სტანდარტის დარღვევა საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდებოდა. სასამართლოს განმარტებით, მტკიცების ტვირთის ობიექტური და სამართლიანი განაწილების სტანდარტის გათვალისწინებით, ზიანის არსებობის ფაქტისა და ამ ზიანის სწორედ მოპასუხის ქმედებით გამოწვევის მტკიცების ტვირთი პროცესუალურად მოსარჩელე მხარეს ეკისრება. ამასთან, ზიანი უნდა შეფასდეს ობიექტური მოცემულობით და არა - სუბიექტური დამოკიდებულებით.
4.25. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი, რადგან მასში მითითებული ფაქტები იურიდიულად არ ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, არ არსებობს მიზეზობრივი კავშირი აღსრულებას (2016 წლის 02 თებერვალს კრედიტორის - ბ.ა.ა.ბ–ის მიმართვის საფუძველზე ნოტარიუს ი.შ–ძის მიერ გაიცა სააღსრულებო ფურცელი №160123556, რომლის საფუძველზეც აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობის 14 000.00 აშშ დოლარის, აგრეთვე სააღსრულებო ფურცლის გაცემის ხარჯის - 124.36 ლარის აღსასრულებლად უნდა მომხდარიყო უძრავი ქონების, მდებარე: თბილისი, ........., ქ–ა, ს/კოდი ......... რეალიზაცია. მოვალეებს - მ.გ–სა და ზ.უ–ას 2021 წლის 15 თებერვალს გაეგზავნა წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ. მათ განემარტათ, რომ მოვალე მ.გ–ს გააჩნდა შესასრულებელი ფულადი ვალდებულება კრედიტორის - ბ.ა.ა.ბ–ის მიმართ. სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე უნდა მომხდარიყო იპოთეკის საგნის რეალიზაცია) და მოსარჩელეს განცდილ ე.წ. ზიანს (2023 წლის 17 ივლისს მოვალე ზ.უ–ას მიერ სააღსრულებო წარმოების №A20109191 ფარგლებში ჩარიცხულია 36 928.00 ლარი, საიდანაც 34 512.14 ლარი გადაირიცხა კრედიტორთან, ხოლო 2 415.86 ლარი - აღსრულების ეროვნული ბიუროს ანგარიშზე საფასურის სახით) შორის.
4.26. ამდენად, ნათელია, რომ მოვალის მიერ ვალის გადაუხდელობის გამო, განხორციელებული აღსრულებიდან გამომდინარე, ახალი მესაკუთრე (რომელმაც გათვითცნობიერებულად შეიძინა იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონება დაბალ ფასში და უარზეა დაუბრუნოს ძველ მესაკუთრეს ნაყიდი ქონება და ამ გზით, აინაზღაუროს/დაიბრუნოს გადახდილი/დახარჯული თანხა სრულად), იმ მიზნით, რომ შეინარჩუნოს ნაყიდი ქონება, დაფარავს/შეასრულებს ვალდებულებას და გაათავისულებს იპოთეკისაგან მის მიერ შეძენილ უძრავ ნივთს, ვერ მოითხოვს იპოთეკისაგან გათავისუფლებაში გადახდილი თანხის ანაზღაურებას ძველი მესაკუთრისაგან/მოვალისაგან, რამეთუ მასთან მას არ აკავშირებს სახელშეკრულებო ურთიერთობა (სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების ფარგლებში) და ამასთან, მან, როგორც მყიდველმა, წინასწარვე იცოდა, რომ იპოთეკით დატვირთულ უძრავ ქონებას ყიდულობდა და შესაბამისად, მას არ მიდგომია ზიანი; სახეზე არ გვაქვს ზარალი - უძრავი ნივთის იპოთეკისაგან გათავისუფლებისათვის გადახდილი თანხის სახით.
4.27. ყოველივე ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე, გასაჩივრებული გადაწყვეტილებით მოპასუხისათვის 41 813 ლარის დაკისრება, არ არის დასაბუთებული და ამდენად, პირველი ინსტანციის სასამართლოს სარჩელი არ უნდა დაეკმაყოფილებინა.
5. მოსარჩელის საკასაციო საჩივრის საფუძვლები
5.1.მოსარჩელემ საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
5.2.კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა სსკ-ის 292-ე მუხლი.
5.3.კასატორი მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ერთგვაროვანი პრაქტიკისაგან განსხვავდება (იხ. სუსგ #ას-363-339-2017, 16.06.2017 წ.; #ას-1155-2021, 27.06.2023 წ.; #ას-730-2019, 26.01.2022 წ.). ამასთან, არ არსებობდა სსკ-ის 992-ე მუხლის გამოყენების წინაპირობები.
6. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
6.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 6 ივნისის განჩინებით მოსარჩელის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.
6.2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 18 დეკემბრის განჩინებით მოსარჩელის საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნა დასაშვებად სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტების საფუძველზე და მიღებულ იქნა არსებითად განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლები, შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების იურიდიული დასაბუთება და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დასაბუთებულია, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და მოსარჩელის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
7. სსსკ-ის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში. ამავე კოდექსის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსთვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორმა წარმოადგინა დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
8. სსსკ-ის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო თავად მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველი, ვინაიდან საჭირო არ არის მტკიცებულებათა დამატებით გამოკვლევა, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია, საქმეზე თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება.
9. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, მოსარჩელის საკასაციო პრეტენზია შეეხება იმას, რომ მან შეასრულა პირადი მოვალის ვალდებულება გამსესხებლის წინაშე, რის გამოც სსკ-ის 292-ე მუხლის საფუძველზე უფლებამოსილია, მოპასუხეს გამსესხებლისათვის გადახდილი თანხის ანაზღაურება მოსთხოვოს.
10. საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს საქმეში დადგენილ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
10.1. 2020 წლის 6 აგვისტოს, დასრულებულ იძულებით საჯარო აუქციონზე №A19015541-002/001, მოსარჩელე გახდა მოვალის (მოპასუხე) საკუთრებაში რიცხული ქონების, მდებარე: ქ. თბილისი, ........ „ქ–ა’’, ს/კ ........ მესაკუთრე. მოსარჩელემ უძრავი ქონება შეიძინა 43 400.00 ლარად და სრულად გადაიხადა მითითებული თანხა.
10.2. იძულებით საჯარო აუქციონზე მოსარჩელის მიერ ქონების შეძენისას მასზე რეგისტრირებული იყო 2013 წლის 13 სექტემბრის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე გამსესხებლის იპოთეკის უფლება.
10.3. 2013 წლის 13 სექტემბერს, ერთი მხრივ - იპოთეკარსა, ხოლო მეორე მხრივ მოპასუხეს (მსესხებელს) შორის დაიდო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება №130964030, რომლის მიხედვითაც მოპასუხის მიერ სესხის სახით მიღებულმა თანხამ შეადგინა 14 000.00 აშშ დოლარი. ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 2014 წლის 31 დეკემბრამდე. ამავე ხელშეკრულებით მხარეებმა დაადასტურეს, რომ გამსესხებელმა მსესხებელს გადასცა 14 000.00 დოლარი, ხოლო მსესხებელმა მიიღო აღნიშნული თანხა.
10.4. 2013 წლის 13 სექტემბრის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად, იპოთეკით დაიტვირთა მსესხებლის საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონება მდებარე: ქალაქი თბილისი, ........, „ქ–ა’’, ს/კოდი ........
10.5. 2016 წლის 2 თებერვალს, კრედიტორის - გამსესხებლის მიმართვის საფუძველზე ნოტარიუს ი.შ–ძის მიერ გაიცა სააღსრულებო ფურცელი №160123556, რომლის საფუძველზეც აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობის 14 000.00 აშშ დოლარის, აგრეთვე სააღსრულებო ფურცლის გაცემის ხარჯის - 124.36 ლარის აღსასრულებლად უნდა მომხდარიყო უძრავი ქონების, მდებარე: თბილისი, ........, ქ–ა, ს/კოდი ........ რეალიზაცია.
10.6. მოვალეებს - მოსარჩელესა და მოპასუხეს 2021 წლის 15 თებერვალს დეკემბერს გაეგზავნა წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ. მათ განემარტათ, რომ მსესხებლს გააჩნდა შესასრულებელი ფულადი ვალდებულება კრედიტორის - გამსესხებლის მიმართ. სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე უნდა მომხდარიყო იპოთეკის საგნის რეალიზაცია.
10.7. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს ინფორმაციით დგინდება, რომ თბილისის სააღსრულებო ბიუროს წარმოებაში იყო №A20109191 სააღსრულებო საქმე, ნოტარიუსის მიერ 12.02.2016 წელს გაცემული №160123556 სააღსრულებო ფურცელი, სადაც კრედიტორს წარმოადგენდა გამსესხებელი, ხოლო მოვალეს - მსესხებელი. სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე მოთხოვნა იყო 14 000.00 აშშ დოლარი და 124.36 ლარი.
10.8. 2023 წლის 17 ივლისს მოსარჩელის მიერ სააღსრულებო წარმოების №A20109191 ფარგლებში ჩარიცხულია 36 928.00 ლარი, საიდანაც 34 512.14 ლარი გადაირიცხა კრედიტორთან, ხოლო 2 415.86 ლარი - აღსრულების ეროვნული ბიუროს ანგარიშზე საფასურის სახით. 2023 წლის 17 ოქტომბერს მოსარჩელის მიერ სააღსრულებო წარმოების №A20109191 ფარგლებში ჩარიცხულია 1 894.73 ლარი, საიდანაც 1 770.77 ლარი გადაირიცხა კრედიტორთან, ხოლო 123.96 ლარი - აღსრულების ეროვნული ბიუროს ანგარიშზე საფასურის სახით.
10.9. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 3 ივნისის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით მოსარჩელის სარჩელი იპოთეკარის მიმართ უძრავი ქონების იპოთეკისაგან გათავისუფლებისა და სააღსრულებო ფურცლის ბათილად ცნობის მოთხოვნით არ დაკმაყოფილდა. ზემოაღნიშნული დავის ფარგლებში მოსარჩელის მიერ, სახელმწიფო ბაჟის სახით, გადახდილია 2 990.00 ლარი. დადგენილია, ასევე, რომ მოსარჩელემ, მის საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონების იპოთეკისაგან გათავისუფლების მიზნით, შეასრულა №A20109191 სააღსრულებო წარმოების ფარგლებში პირადი მოვალის - მოპასუხის ვალდებულება იპოთეკარის (გამსესხებლის) მიმართ და ჯამში სესხის თანხისა და სააღსრულებო საფასურის სახით გადაიხადა - 38 822.73 ლარი.
11. საკასაციო პალატა არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს სამართლებრივი შეფასებებსა და დასკვნებს, რომლის თანახმად, სარგებლიანი სესხის უზრუნველმყოფი იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების შეძენით, ახალ მესაკუთრეზე გადადის პასუხისმგებლობა და ვალდებულებები, აანაზღაუროს გაცემული სესხი კრედიტორისთვის; მოსარჩელემ გასწია რისკი და შეიძინა უფლებრივი ნაკლის მქონე ნივთი, შესაბამისად, მას არ წარმოეშობა უძრავი ნივთის იპოთეკისაგან გათავისუფლებისთვის გადახდილი თანხის დაბრუნების მოთხოვნა.
12. საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლზე, რომლის .პირველი ნაწილი ადგენს, რომ ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება, ხოლო 317.1 მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. სამოქალაქო კოდექსის 286.1 მუხლის თანახმად, უძრავი ნივთი შეიძლება ისე იქნეს გამოყენებული (დატვირთული) მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, რომ უზრუნველყოფილ კრედიტორს მიეცეს უფლება, სხვა კრედიტორებთან შედარებით პირველ რიგში მიიღოს თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილება ამ ნივთის რეალიზაციით ან მის საკუთრებაში გადაცემით (იპოთეკა).
13. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ „უძრავი ნივთების გამოყენებას კრედიტის უზრუნველყოფის საშუალებად დიდი მნიშვნელობა აქვს საბაზრო ეკონომიკის პირობებში. უძრავი ნივთი ის ქონებრივი ფასეულობაა, რომელსაც კრედიტორები ყველაზე მეტად ენდობიან. ამიტომაც არ არის შემთხვევითი, რომ დიდი კრედიტები ბანკების მიერ სწორედ უძრავი ნივთების დაგირავების პირობით გაიცემა. უძრავი ნივთების დაგირავებას სამოქალაქო სამართალში იპოთეკა ეწოდება“ (იხ. ჭანტურია, ლ. - საკუთრება, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალება; რედაქტორი; ზოიძე, ბ.; გვ.53; გამომცემლობა “სამართალი“; 1999წ.). კანონმდებელი, თავის მხრივ, იპოთეკის საგნად გამოყენებული უძრავი ქონების მესაკუთრის დაცვის სამართლებრივ მექანიზმს ადგენს. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში, ხელშეკრულების მონაწილე მხარეთა უფლებებისა და მოვალეობების შეფასება სახელშეკრულებო პირობების შემოწმებას და საკანონმდებლო მოწესრიგებას ეფუძნება, რათა დაცული იქნეს კრედიტორისა და მოვალის ინტერესთა ბალანსი.
14. საკასაციო სასამართლო მიუთითებს სსკ-ის 286-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის მიხედვით, უძრავი ნივთი შეიძლება ისე იქნეს გამოყენებული (დატვირთული) მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, რომ უზრუნველყოფილ კრედიტორს მიეცეს უფლება, სხვა კრედიტორებთან შედარებით პირველ რიგში მიიღოს თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილება ამ ნივთის რეალიზაციით ან მის საკუთრებაში გადაცემით (იპოთეკა).
15. ამავე კოდექსის 291.1-ე, (თუ უძრავი ნივთის მესაკუთრე იმავდროულად არ არის იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის პირადი მოვალე, მას მაინც შეუძლია იპოთეკარს წაუყენოს ის შესაგებელი, რომლის უფლებაც მხოლოდ პირად მოვალეს აქვს, მათ შორის, შესაგებლები ფულად ვალდებულებათა გაქვითვისა და მოთხოვნის გასაჩივრების გამო) 292.1-ე (უძრავი ნივთის მესაკუთრე უფლებამოსილია დააკმაყოფილოს კრედიტორი, როცა მოთხოვნის შესრულების ვადა უკვე დადგა, ან როცა პირადი მოვალე უფლებამოსილია შეასრულოს შესაბამისი მოქმედება) მუხლების შინაარსიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ იპოთეკის საგნის მესაკუთრე შეიძლება არც იყოს უზრუნველყოფილი მოთხოვნის პირადი მოვალე, არამედ, ერთი პირის უძრავი ქონებით შეიძლება უზრუნველყოფილ იქნას მეორე პირის ვალდებულება.
16. ამასთან, იმავე კოდექსის 292-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად კი, თუ მესაკუთრე არ არის პირადი მოვალე, მოთხოვნა გადადის მასზე მაშინ, როცა მესაკუთრე კრედიტორს დააკმაყოფილებს. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ დასახელებული ნორმა გამოიყენება იმ შემთხვევაში, როდესაც იპოთეკის საგნის მესაკუთრე არ არის პირადი მოვალე; კრედიტორის მოთხოვნას აკმაყოფილებს ნივთის მესაკუთრე თანხის გადახდის ან იპოთეკის საგნის საკუთრებაში გადაცემით; ასეთ პირობებში, იპოთეკის საგნის მესაკუთრე იკავებს კრედიტორის ადგილს და უფლება აქვს მოსთხოვოს მოვალეს შესრულება (იხ. სუსგ #ას-1155-2021, 27.06.2023 წ.).
17. კანონმდებლობა იპოთეკის საგნის მესაკუთრის უფლების დასაცავად, სსკ-ის 292-ე მუხლით ადგენს, მესაკუთრის უფლებას კრედიტორის დაკმაყოფილებისას, კერძოდ მისი პირველი ნაწილით, რომელიც იმპერატიულია, დადგენილია: „უძრავი ნივთის მესაკუთრე უფლებამოსილია დააკმაყოფილოს კრედიტორი, როცა მოთხოვნის შესრულების ვადა უკვე დადგა, ან, როცა პირადი მოვალე უფლებამოსილია შეასრულოს შესაბამისი მოქმედება“. მხარეებს არ შეუძლიათ, ვალდებულებითსამართლებრივი გარიგებით შეცვალონ ნორმის სანივთოსამართლებრივი შედეგები (რუსიაშვილი, გ., სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი II, თბილისი 2018, მუხლი 292, ველი 2). ამავე ნორმის მეორე ნაწილით დადგენილია: „თუ მესაკუთრე არ არის პირადი მოვალე, მოთხოვნა გადადის მასზე მაშინ, როდესაც მესაკუთრე კრედიტორს დააკმაყოფილებს“. აღნიშნული დებულება კანონისმიერი ცესიის (cessio legis) შემთხვევაა, რომელიც კრედიტორის დაკმაყოფილების სამართლებრივი შედეგია. მესაკუთრე უნდა მოქმედებდეს საკუთარი ნივთის იპოთეკისაგან გამოხსნის განზრახვით (შდრ. ლ. ჭანტურია, კრედიტის უზრუნველყოფის სამართალი, თბილისი, 2012, 91-92; გ.რუსიაშვილი, სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი II, თბილისი 2018, მუხლი 292, ველი 13,14; Lieder, in Muko BGB, 7 Aufl., 2017, §1143, Rn.8.). უძრავი ქონების მესაკუთრეს სწორედ მოვალემ უნდა აუნაზღაუროს ის ფინანსური ხარჯი, რასაც იგი პირადი მოვალის ვალდებულების შესასრულებლად გაიღებს. შესაბამისად, იპოთეკის საგნის მესაკუთრის მიერ კრედიტორის (გამსესხებლის) სასარგებლოდ ამ უკანასკნელის პირადი მოვალის (მსესხებლის) ვალდებულების შესრულების შემთხვევაში იპოთეკის საგნის მესაკუთრეს სწორედ ძირითადი მოვალის მიმართ წარმოუშობს თანხის დაკისრების მოთხოვნის უფლებას (შდრ. სუსგ-ებს: №ას-363-339-2017, 16.06.2017წ; N ას- 1308-2019, 31.01.2020წ; N ას-83-2020, 17.06.2020წ; N ას-623-623-2018, 31.07.2020წ; N ას-546-2020, 26.10. 2021წ; N ას- 730-2019, 26.01.2022წ.).
18. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ იძულებითი აღსრულების შედეგად ქონების აუქციონზე რეალიზაციისას ნივთს გადაჰყვება მხოლოდ სანივთო უფლება - იპოთეკა და არა - სასესხო ურთიერთობიდან წარმოშობილი ვალდებულებები. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ იპოთეკის სანივთო უფლების აქცესორული ბუნება ნიშნავს არა იპოთეკით უზრუნველყოფილი საგნის შეძენის შემთხვევაში ვალდებულების შემძენზე გადასვლას, არამედ იპოთეკის არსებობას მანამ, ვიდრე იარსებებდა უზრუნველყოფილი მოთხოვნა (იხ. სუსგ №ას-363-339-2017, 16.06.2017წ.). თუმცა აღნიშნული არ გულისხმობს იმას, რომ უძრავი ქონების ახალი მესაკუთრე მოკლებულია შესაძლებლობას შეასრულოს თავისი საკუთრებით უზრუნველყოფილი სხვისი ვალდებულება და ამგვარად შეინარჩუნოს ქონებაზე საკუთრების უფლება.
19. საკასაციო პალატა კვლავ მიუთითებს სსკ-ის 292-ე მუხლის დანაწესზე (ნორმის დეფინიცია იხ. წინამდებარე განჩინების მე-13 პუნქტში) და მიუთითებს, რომ აღნიშნული სამართლებრივი ნორმა აწესრიგებს იმ შემთხვევას, როდესაც მესაკუთრე კრედიტორს აკმაყოფილებს. მას შეუძლია სხვა ქონებიდან თავისი ნებით დააკმაყოფილოს კრედიტორი და, შესაბამისად, გამოიხსნას იპოთეკით დატვირთული ქონება. მუხლის მიზანია, დამატებითი დაცვითი მექანიზმი მიანიჭოს მესაკუთრეს იპოთეკის საგანზე საკუთრების დაკარგვის თავიდან ასაცილებლად. კრედიტორის დაკმაყოფილებით მესაკუთრეზე გადადის შესაბამისი ვალდებულებითი მოთხოვნა. ამ შემთხვევაში, მესაკუთრე იძენს მოთხოვნას მოვალის მიმართ კანონის საფუძველზე, ვალდებულებითი ურთიერთობიდან გამომდინარე რეგრესული მოთხოვნისგან დამოუკიდებლად.(იხ. სუსგ N ას-83-2020, 17.06.2020წ; )
20. საკასაციო პალატის შეფასებით, სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა. სახეზეა, სწორედ სსკ-ის 292-ე მუხლით განსაზღვრული შემადგენლობა, რამდენადაც, მოცემულ შემთხვევაში, უდავოა, რომ მოსარჩელემ #A20109191 სააღსრულებო წარმოების ფარგლებში ჯამში 38 822.73 ლარი გადაიხადა, საკუთარი უძრავი ქონების იპოთეკისაგან გამოხსნის მიზნით, ხოლო უძრავ ქონებაზე რეგისტრირებული იპოთეკის უფლების გაუქმების მოთხოვნით წარმოებული დავებისას ჯამში სახელმწიფო ბაჟის სახით 2 990.00 ლარი გადაიხადა. საკასაციო პალატის დასკვნით, იპოთეკის საგნის შემძენის მიერ, ვალდებულების შესრულების გამო, მას წარმოეშვა მოთხოვნის უფლება მოვალის (ვალდებული პირი) მიმართ, შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნა მსესხებლის მიმართ დასაბუთებულია. ამ სამართლებრივ მოცემულობას ვერ შეცვლის ის ფაქტობრივი გარემოება, რომ საჯარო აუქციონზე ქონების შეძენის დროისათვის, მოსარჩელისთვის ცნობილი იყო უძრავ ქონებაზე იპოთეკის რეგისტრაციის ფაქტი, ვინაიდან იპოთეკის სანივთო უფლების აქცესორული ბუნებიდან გამომდინარე, იპოთეკა არსებობს მანამ, ვიდრე არსებობს უზრუნველყოფილი მოთხოვნა. ამდენად, ის ფაქტი, რომ საჯარო აუქციონზე ქონების შეძენის დროისათვის მესაკუთრისათვის ცნობილია შეძენილ ქონებასთან მიმართებით უკვე რეგისტრირებული იპოთეკის უფლება, მას არ უკარგავს შესაძლებლობას ისარგებლოს სამოქალაქო კოდექსის 292-ე მუხლით და თავისი ქონების იპოთეკისაგან გასათავისუფლებლად შეასრულოს პირადი მოვალის მიერ კრედიტორის წინაშე ნაკისრი ვადამოსული ვალდებულება და ვალდებულების შესრულების შემდეგ დაიკავოს იპოთეკარის ადგილი.
21. საკასაციო სასამართლო იზიარებს კასატორის პრეტენზიას, რომ განსახილველ შემთხვევაში არ არსებობდა სსკ-ის 992-ე მუხლის გამოყენების წინაპირობები. განსახილველ შემთხვევაში, სასარჩელო მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმა სსკ-ის 292-ე მუხლია (იხ. ამ განჩინების 15-16 პუნქტები).
22. სსსკ-ის 393-ე მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივარი შეიძლება ეფუძნებოდეს მხოლოდ იმას, რომ გადაწყვეტილება კანონის დარღვევითაა გამოტანილი. სამართლის ნორმები დარღვეულად ითვლება, თუ სასამართლომ: არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა; გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა; არასწორად განმარტა კანონი. საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევა მხოლოდ მაშინ შეიძლება, გახდეს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, თუ ამ დარღვევის შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი.
23. სსსკ-ის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო თავად მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველი, ვინაიდან საჭირო არაა მტკიცებულებათა დამატებით გამოკვლევა, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია, თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება საქმეზე. პალატას მიაჩნია, რომ მოსარჩელის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, კერძოდ, გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და სარჩელი დაკმაყოფილდეს. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ 41 813 ლარის გადახდა უნდა დაეკისროს.
24. საპროცესო ხარჯები
25.1. სსსკ-ის 53-ე მუხლის, პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. ამავე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების თანახმად, აღნიშნული წესები შეეხება, აგრეთვე, სასამართლო ხარჯების განაწილებას, რომლებიც გაწიეს მხარეებმა საქმის სააპელაციო და საკასაციო ინსტანციებში წარმოებისას. თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც.
25.2. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის სარჩელი დაკმაყოფილდა, შესაბამისად, სარჩელზე (41813ლ*3%), ასევე, სარჩელის უზრუნველყოფაზე (50ლ.) და საკასაციო საჩივარზე (41813*5%) მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 3 396 ლარის ანაზღაურება მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრება. მოსარჩელემ საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის სახით 2 156 ლარი გადაიხადა, რაც 65 ლარით მეტია 2090.65 ლარზე (41813*5%). ამიტომ კასატორს ზედმეტად გადახდილი 65 ლარი დაუბრუნდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 411-ე მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. ზ.უ–ას საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. ზ.უ–ას სარჩელი დაკმაყოფილდეს;
4. მ.გ–ს ზ.უ–ას სასარგებლოდ დაეკისროს 41 813 ლარის გადახდა;
5. მ.გ–ს ზ.უ–ას სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 3 396 ლარის გადახდა;
6. ზ.უ–ას (პ/ნ .........) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე ზედმეტად გადახდილი სახელწიფო ბაჟი - 65 ლარი (საგადახდო მოთხოვნა #27372440744, 19.05.2025 წ.);
7. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე თეა ძიმისტარაშვილი
მოსამართლეები: მირანდა ერემაძე
არჩილ კოჭლამაზაშვილი