დაუშვებლად იქნა ცნობილი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
24 აპრილი 2026 წელი
№ ას-66-2026 თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ამირან ძაბუნიძე
გოჩა ჯეირანაშვილი
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი - დ.მ–ძე
მოწინააღმდეგე მხარე - თ.ბ–ძე
გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 05 ნოემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი - უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. თ.ბ–ძემ სარჩელით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე - დ.მ–ძის მიმართ, უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის (ქ.ბათუმი, ........, საკადასტრო კოდი №.........) გამოთხოვისა და ქონების თავისუფალ მდგომარეობაში გადაცემის შესახებ. მოსარჩელემ იშუამდგომლა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევაც.
2. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
3. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 03 ივნისის გადაწყვეტილებით, სარჩელი დაკმაყოფილდა. მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილი იქნა უძრავი ქონება, მდებარე: ქ. ბათუმი, ..........., საკადასტრო კოდი №........ და თავისუფალ მდგომარეობაში გადაეცა მოსარჩელეს. გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის თაობაზე მოსარჩელის შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა.
4. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 05 ნოემბრის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება, შემდეგ ფაქტობრივ-სამართლებრივ საფუძვლებზე მითითებით:
5.1. საქმეში განთავსებული საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, მოსარჩელის საკუთრებად ირიცხება უძრავი ქონება, რომლის მისამართია: ქ.ბათუმი, ............., ს/კ №.......... აღნიშნულ უძრავ ქონებაზე მოსარჩელის საკუთრების უფლება რეგისტრირებულია 2020 წლის 22 ივლისიდან. უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად მითითებულია ნასყიდობის ხელშეკრულება, დამოწმების თარიღი: 22/07/2020წ.
5.2. მიუხედავად არაერთი მოთხოვნისა, მოპასუხე, მესაკუთრის ნების საწინააღმდეგოდ, არ ათავისუფლებს მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ საცხოვრებელ სახლს.
5.3. სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ დავის სწორად გადაწყვეტის, მხარეთა პრეტენზიების მართებულების შესამოწმებლად და არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისთვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: ა) მოსარჩელე უნდა იყოს მესაკუთრე, ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება. შესაბამისად, განსახილველ შემთხვევაში, სასამართლოს მსჯელობის საგანს წარმოადგენდა იმ საკითხის გარკვევა, იყო თუ არა მოპასუხე მფლობელი, გააჩნდა თუ არა სადავო უძრავი ქონების მართლზომიერი ფლობის უფლება და არსებობდა თუ არა რეგისტრირებული მესაკუთრის, მოსარჩელის ვინდიკაციური მოთხოვნის გამომრიცხველი გარემოება.
5.4. სადავო უძრავ ნივთს დავის განხილვის დროისათვის ფაქტობრივად ფლობენ მოპასუხის ოჯახის წევრები (შვილი და შვილიშვილები), ხოლო თავად დროებით იმყოფება საზღვარგარეთ.
5.5. სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 155.1 მუხლზე მიუთითა, რომლის თანახმად, მფლობელობა წარმოიშობა ნივთზე ფაქტობრივი ბატონობის ნებითი მოპოვებით. მითითებული ნორმის თანახმად, მფლობელობის ცნება არსებითად ორ ნიშანზე დაიყვანება: პირველი ესაა ნივთზე ფაქტობრივი ბატონობის შესაძლებლობა, რაც ამ ნივთის მიმართ იურიდიული ბატონობაა და არ შეიძლება იგი დაყვანილი იქნეს მის მიმართ ფიზიკურ შემხებლობამდე. მფლობელობა არ შეიძლება გაიზომოს ნივთთან სივრცობრივი კავშირურთიერთობით. ამ ძალაუფლების განხორციელება სულაც არაა დამოკიდებული ნივთის ხელთპყრობასთან. ამდენად, ფაქტობრივი ბატონობა არ არის იდენტური ფიზიკური ბატონობისა. მეორე ნიშანი, ესაა ფაქტობრივი ბატონობის ნებითი მოპოვება, რაც მფლობელის ნების/სურვილის გამოვლინებაა, იყოს მფლობელი (იხ. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი მეორე, მუხლი 155, ბესარიონ ზოიძე, გვ. 41-49, გამომცემლობა სამართალი, 1999 წ.).
5.6. ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხეს სადავოდ არ გაუხდია, რომ ფიზიკურად ფლობდა მოსარჩელის საკუთრებად რეგისტრირებულ უძრავ ქონებას - საცხოვრებელ სახლს, ის გარემოება, რომ ამჟამად იმყოფება საზღვარგარეთ, ხოლო სადავო ბინაში ცხოვრებას აგრძელებენ მისი ოჯახის წევრები (შვილი და შვილიშვილები), არ გამორიცხავდა სადავო ნივთზე მისი ფაქტობრივი მფლობელობის ფაქტს.
5.7. ამრიგად, სადავო უძრავი ნივთი წარმოადგენს რა მოსარჩელის საკუთრებად რეგისტრირებულ საცხოვრებელ სახლს, ხოლო მოპასუხეს ამ ქონების მართლზომიერი ფლობის უფლება არ დაუდასტურებია, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე, 172-ე მუხლების თანახმად, სარჩელი მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის შესახებ საფუძვლიანი იყო და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და სარჩელის უარყოფის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძველი არ ვლინდებოდა.
6. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა მისი გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. კასატორის მითითებით, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა დაუსაბუთებლად მიიჩნიეს, რომ იგი სადავო უძრავი ნივთის მფლობელია. კასატორი აღნიშნავს, რომ იმყოფება საზღვარგარეთ და უშუალოდ არ ფლობს სადავო ნივთს, ხოლო აღნიშნულის საწინააღმდეგო სათანადო მტკიცებულება საქმეში არ მოიპოვება. ის გარემოება, რომ სადავო საცხოვრებელ სახლში ცხოვრობენ მისი ოჯახის წევრები, თავისთავად არ ადასტურებს მის მფლობელობას. ამასთან, სადავო ბინაში მცხოვრებ პირებს ჰქონდათ და აქვთ ნივთის ფლობის უფლება, რის გამოც, კასატორს მიაჩნია, რომ არასათანადო მოპასუხეა.
7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:
8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
9. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.
10. უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის თაობაზე მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილი. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა ყველა ის ფაქტობრივი წანამძღვარი, რომელიც მითითებული ნორმით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელია. სავინდიკაციო სარჩელი ეფუძნება იმ მოცემულობას, რომ მესაკუთრეს, რომელსაც ჩამოერთვა მფლობელობა, შეუძლია ნივთი მოითხოვოს მფლობელისაგან, რომელიც არაკეთილსინდისიერად აკავებს ნივთს. საკუთრების უფლებამ ნივთზე სრული ბატონობა უნდა უზრუნველყოს, მათ შორის ფაქტობრივი ბატონობა - მფლობელობის სახით. ცხადია, მესაკუთრეს სხვა უფლებამოსილებებთან ერთად აქვს მფლობელობის უფლებაც და თუკი მოხდება საკუთრების მფლობელობის ჩამორთმევა, მას შეუძლია არაუფლებამოსილ მფლობელს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება (იხ. თამარ ზარანდია, სანივთო სამართალი, გამომცემლობა „მერიდიანი“, მეორე შევსებული გამოცემა, 2019წ., გვ. 245; ს.უ.ს.გ. №ას-457-2021, 05.10.2021წ.).
11. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას. ამავე კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით, მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება.
შესაბამისად, მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისთვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: ა) მოსარჩელე უნდა იყოს მესაკუთრე, ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება (ს.უ.ს.გ. Nას-914-2019, 25.07.2019წ.; ს.უ.ს.გ. Nას-246-246-2018; 20.03.2018წ.).
12. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა.
13. განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი საჯარო რეესტრის ამონაწერით დადგენილია, რომ მოსარჩელე სადავო უძრავი ნივთის მესაკუთრეა, ასევე, დადგენილია მოპასუხის მიერ სადავო ქონების მფლობელობის ფაქტი.
14. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რომელიც ადგენს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციფიკურ წესს, მოსარჩელეს ევალება სასარჩელო განცხადებაში ასახული ფაქტების მტკიცება, ხოლო მოპასუხე მოვალეა, სარჩელისაგან თავდაცვის მიზნით, ქმედითად უარყოს მოსარჩელის არგუმენტები, წარადგინოს იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც გააქარწყლებს მოსარჩელის მიერ დასახელებულ ფაქტებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მხოლოდ მოპასუხის ზეპირი განმარტება მოსარჩელის პოზიციას ვერ გადაწონის და მხარისათვის არახელსაყრელ მატერიალურსამართლებრივ შედეგს გამოიწვევს (ს.უ.ს.გ. Nას-1579-2019, 17.12.2019წ.).
15. განსახილველ შემთხვევაში, კასატორმა სათანადო მტკიცებულებებზე მითითებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლების შესაბამისად, ვერ შეძლო იმ გარემოების დამტკიცება, რომ ის მართლზომიერად ფლობს სადავო უძრავ ქონებას.
16. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 168-ე მუხლის თანახმად, მესაკუთრის პრეტენზიის გამო, ნივთის მფლობელობა წყდება, თუ მესაკუთრე მფლობელს წაუყენებს დასაბუთებულ პრეტენზიას. რადგან განხორციელებულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ყველა ფაქტობრივი წინაპირობა, მოსარჩელეს უფლება აქვს, მფლობელობის შეწყვეტა და ნივთის გადაცემა მოითხოვოს (ს.უ.ს.გ. Nას-887-2019, 27.12.2019წ.).
17. საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის მითითებას, რომ იგი არ წარმოადგენს სადავო უძრავი ნივთის მფლობელს და, შესაბამისად, არასათანადო მოპასუხეა. ის გარემოება, რომ კასატორი დროებით იმყოფება საზღვარგარეთ, თავისთავად არ გამორიცხავს მის მფლობელობას, იმ პირობებში, როდესაც სადავო ქონებას ფაქტობრივად ფლობენ მისი ოჯახის წევრები. ამასთან, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 155-ე მუხლის შესაბამისად, მფლობელობის არსებობა არ არის დამოკიდებული პირის მიერ ნივთის უშუალოდ ფლობაზე. ამ გარემოებების გათვალისწინებით, მოპასუხის მიერ სადავო ქონების მფლობელობის ფაქტის არსებობა სწორად იქნა დადგენილი ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ. ამასთან, კასატორმა ვერ წარმოადგინა მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ სადავო ქონების ფლობა ეფუძნება კანონით გათვალისწინებულ სამართლებრივ საფუძველს, მათ შორის, არც იმ პირთა მხრიდან, რომლებიც ფაქტობრივად იყენებენ ქონებას. აღნიშნულ პირობებში, მისი არასათანადო მოპასუხედ მიჩნევის სამართლებრივი საფუძველი არ იკვეთება.
18. ასევე, გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველს არ ქმნის კასატორის მითითება იმ გარემოებაზე, რომ სადავო ქონებას ფაქტობრივად იყენებენ მისი ოჯახის წევრები. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მოპასუხის მიმართ გამოტანილი გადაწყვეტილების აღსრულება ვრცელდება მასთან მყოფ პირებზეც, რაც არ გამორიცხავს სავინდიკაციო სარჩელის დაკმაყოფილებას. საკასაციო სასამართლომ არაერთხელ განმარტა, რომ უძრავი ქონებიდან მოვალის გამოსახლება ხდება მასთან მყოფ პირებთან ერთად (იხ. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 84-ე მუხლის მე-2 პუნქტი; ს.უ.ს.გ. №ას-881-2019, 25.07.2019).
19. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტების ფარგლებში, რაც სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლი), კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლო მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი მიუთითებს.
20. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.
21. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401.4 მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ვინაიდან, საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 150 ლარის 70% – 105 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დ.მ–ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.
2. დ.მ–ძეს (პ/ნ .........) დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის -150 ლარის (საგადახდო დავალება 31851579316, გადახდის თარიღი: 09.02.2026წ, გადამხდელი: გ. გ. (პ/ნ .........), გადამხდელის ბანკი: ს.ს. „საქართველოს ბანკი“) 70% – 105 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი
ამირან ძაბუნიძე
გოჩა ჯეირანაშვილი