დაუშვებლად იქნა ცნობილი

სამოქალაქო 05.03.2026
საქმის ნომერი
ას-1497-2025
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
05.03.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

05 მარტი 2026 წელი №ას-1497-2025 თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: ნიკოლოზ მარსაგიშვილი (თავმჯდომარე)

ლაშა ქოჩიაშვილი (მომხსენებელი)

გოჩა ჯეირანაშვილი

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი - მ.მ–ძე

მოწინააღმდეგე მხარე - ა.გ–ძე

გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 14 მარტის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი - უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. ა.გ–ძემ სარჩელით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს, მოპასუხე მ.მ–ძის მიმართ, უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის, მისი თავისუფალ მდგომარეობაში გადაცემის, სადავო ბინიდან მოპასუხისა და მასთან მყოფი პირების გამოსახლებისა და მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ ბინაზე მფლობელობის, სარგებლობისა და განკარგვის ხელშეშლის აღკვეთის მოთხოვნით.

2. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

3. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილებით, სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილი იქნა უძრავი ქონება, რომლის მისამართია: ქ. ბათუმი, ............, ს/კ .........., აღიკვეთა მოპასუხის უკანონო ხელშეშლა მოსარჩელის საკუთრებაში არსებული ბინის მფლობელობაზე, სარგებლობასა და განკარგვაზე და თავისუფალ მდგომარეობაში გადაეცა მოსარჩელეს. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა ამ უკანასკნელის მიერ გაწეული იურიდიული მომსახურების ხარჯის - 200 ლარის გადახდა.

4. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. მანვე მოითხოვა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის ა/რ პოლიციის დეპარტამენტის ქ. ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მეორე განყოფილებიდან 2024 წლის 13 სექტემბრის N910515 შეტყობინებასთან დაკავშირებული მასალების გამოთხოვაზე უარის თქმის თაობაზე ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის საოქმო განჩინების გაუქმება და აღნიშნული შუამდგომლობის დაკმაყოფილება; ასევე, მესამე პირებად მოპასუხის მხარეს დამოუკიდებელი მოთხოვნის გარეშე დ.მ–ძისა და ნ.ა–ძის ჩართვაზე უარის თქმის შესახებ ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის შუალედური განჩინების გაუქმება და შუამდგომლობის დაკმაყოფილება.

5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 14 მარტის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 13 ნოემბრის საოქმო განჩინებებიც, რომლითაც უარი ეთქვა მოპასუხეს საქმეში მესამე პირებად დ.მ–ძისა და ნ.ა–ძის ჩაბმას, აგრეთვე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის (ა.რ) პოლიციის დეპარტამენტის ქ. ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მეორე განყოფილებიდან 2024 წლის 13 სექტემბრის N910515 შეტყობინებასთან დაკავშირებული მასალების გამოთხოვას. განჩინება დაეფუძნა შემდეგ ფაქტობრივ და სამართლებრივ დასაბუთებას:

5.1. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის შესაბამისად, საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზით, სწორად დაადგინა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები, ასევე, დავის გადაწყვეტისას, სწორად გამოიყენა და განმარტა განსახილველი სამართალურთიერთობის მომწესრიგებელი ნორმები, სამოქალაქო კოდექსის 170-ე-172-ე მუხლები.

5.2. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით, მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილი იქნა ს/კ N ........... უძრავი ქონება და დადგინდა თავისუფალ მდგომარეობაში მისი მოსარჩელისათვის ჩაბარება. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს მსჯელობის საგანი იყო იმ საკითხის გარკვევა და შეფასება, ჰქონდა თუ არა მოპასუხეს სადავო უძრავი ქონების მართლზომიერი ფლობის უფლება და არსებობდა თუ არა რეგისტრირებული მესაკუთრის - მოსარჩელის ვინდიკაციური მოთხოვნის გამომრიცხველი გარემოება.

5.3. სააპელაციო საჩივრის პრეტენზია ძირითადად დაემყარა იმ არგუმენტს, რომ სადავო უძრავი ქონების ერთ-ერთი თანამესაკუთრის მხრიდან მოპასუხის მიმართ ხელშეშლის აღკვეთისა და ქონების გამოთხოვის მოთხოვნა არ ყოფილა წარდგენილი, რაც აპელანტის პოზიციით, გამორიცხავდა სარჩელის დაკმაყოფილებას.

5.4. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ სადავო უძრავი ნივთის მესაკუთრეა მოსარჩელე, ხოლო მოპასუხე მას სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, მესაკუთრის ნების საწინააღმდეგოდ ფლობს.

5.5. საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, სადავო ნივთზე თანასაკუთრების უფლება მოსარჩელემ მოიპოვა სამკვიდრო მოწმობის (N2-23, დამოწმების თარიღი: 07/12/2001) საფუძველზე და იგი რეგისტრირებულია მოსარჩელის თანასაკუთრებად. მოპასუხეს არ წარმოუდგენია იმ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ უძრავ ქონებას კანონიერად ფლობს. ამასთან, მხარეთა შორის არ არსებობს არც რაიმე სახელშეკრულებო ურთიერთობა და არც კანონისმიერი საფუძველი, რითაც მოსარჩელე (მესაკუთრე) შეიძლება შეზღუდულიყო მოპასუხესთან მიმართებით. შესაბამისად, მოსარჩელე უფლებამოსილია სრულყოფილად განახორციელოს საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე კანონით გარანტირებული უფლებები.

5.6. სააპელაციო პალატის განსჯით, აპელანტის მიერ მითითებული გარემოებები, რომ 2004 წლიდან ცხოვრობს სადავო ფართში, როგორც ერთ-ერთი თანამესაკუთრის, ა.კ–ძის (მოსარჩელის აწ გარდაცვლილი ძმის) მამის არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი მეუღლე და ა.კ–ძეს სიცოცხლეში მის მიმართ ხელშეშლის აღკვეთაზე პრეტენზია არ განუცხადებია, არ წარმოადგენს საჯარო რეესტრში რეგისტრირებული საკუთრების უფლების შემზღუდველ გარემოებას და ვერ გახდება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი, მითუმეტეს, რომ საქმეში წარმოდგენილი მასალებით, ა.კ–ძის საკუთრების უფლების რეგისტრაცია სადავო ქონებაზე არ დასტურდება.

5.7. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, სადავო უძრავი ქონება საჯარო რეესტრში მთლიანად რეგისტრირებულია მოსარჩელის თანასაკუთრებად (მოსარჩელესთან ერთად თანამესაკუთრის ვინაობა განსაზღვრული არ არის), რაც ვინდიკაციური სარჩელის დაკმაყოფილების აუცილებელი წინაპირობაა. პალატამ დამატებით აღნიშნა, რომ სადავო ქონებაზე მოპასუხის ან სხვა მესამე პირის საკუთრების უფლების დადგენა/აღიარება სცილდებოდა განსახილველი სარჩელის ფარგლებს.

5.8. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე, 172-ე მუხლების ანალიზი ცხადყოფს, რომ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის უფლება მესაკუთრის ერთ-ერთი უფლებაა და მისი უზრუნველყოფა სავინდიკაციო სარჩელის შეტანის გზით ხდება. მოთხოვნა დაკმაყოფილდება სამი წინაპირობის არსებობის შემთხვევაში: უნდა არსებობდეს ნივთის მესაკუთრე, უნდა არსებობდეს ნივთის მფლობელი და მფლობელს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება.

5.9. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ საჯარო რეესტრის მონაცემებზე დაყრდნობით, დადგენილად მიიჩნია, რომ სადავო უძრავ ქონებაზე რეგისტრირებულია მოსარჩელის საკუთრების უფლება, ამ ქონებას კანონიერი საფუძვლის გარეშე ფლობს მოპასუხე, რომელსაც მფლობელობის მართლზომიერების დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება არ წარმოუდგენია. სადავო ნივთზე მოსარჩელის საკუთრების უფლება სათანადო წესით შედავებული არ არის; მოპასუხე არ ათავისუფლებს უძრავ ქონებას, რაც მესაკუთრის ნებას ეწინააღმდეგება და ის უძრავ ნივთზე მფლობელობისა და სარგებლობის უფლებას ვერ ახორციელებს.

5.10. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის მესამე ნაწილით, სააპელაციო სასამართლოს განხილვის საგანი შეიძლება იყოს აგრეთვე სასამართლოს ის განჩინებები, რომლებიც გამოტანილია საქმის პირველ ინსტანციაში განხილვასთან დაკავშირებით და რომლებიც წინ უსწრებს სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანას, იმისაგან დამოუკიდებლად, დასაშვებია თუ არა მათ მიმართ კერძო საჩივრის შეტანა.

5.11. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის ა.რ პოლიციის დეპარტამენტის ქ.ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მეორე განყოფილებიდან 2024 წლის 13 სექტემბრის N910515 შეტყობინებასთან დაკავშირებული მასალების გამოთხოვის თაობაზე, გადაწყვეტილების გამოტანის წინმსწრები, 2024 წლის 13 ნოემბრის საოქმო განჩინების გაუქმების შესახებ აპელანტის მოთხოვნასთან დაკავშირებით, სააპელაციო სასამართლო დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 382-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო მიიღებს ახლად წარმოდგენილ მტკიცებულებებს, თუ მათ მნიშვნელობა აქვთ საქმისათვის, 380-ე მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით. განსახილველ შემთხვევაში, პალატამ მიიჩნია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის (ა.რ) პოლიციის დეპარტამენტის ქ. ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მეორე განყოფილებაში 2024 წლის 13 სექტემბერს შესული შეტყობინების ფარგლებში მოკვლეული მასალები (გამოკითხულ პირთა ახსნა-განმარტებები) არ წარმოადგენდა მოცემული დავის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებებს, ვინაიდან სათანადო წესით ვერ დაადასტურებდნენ ან ვერ უარყოფდნენ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებებს. ამის გათვალისწინებით, შუამდგომლობა მართებულად იქნა უარყოფილი, ვინაიდან სადავო უძრავი ნივთის მართლზომიერი ფლობა უნდა დასტურდებოდეს შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლითა და რელევანტური მტკიცებულებებით, ხოლო მხარეთა ახსნა-განმარტებები ამ თვალსაზრისით საკმარისად ვერ მიიჩნეოდა.

5.12. რაც შეეხება, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 89-ე მუხლის შესაბამისად, საქმეში მესამე პირებად ჩართვაზე უარის თქმის შესახებ, გადაწყვეტილების გამოტანის წინმსწრები, 2024 წლის 13 ნოემბრის საოქმო განჩინების გაუქმებაზე აპელანტის მოთხოვნას, სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა საქმეში დამოუკიდებელი მოთხოვნის გარეშე მესამე პირების ჩაბმაზე უარის თქმის თაობაზე გასაჩივრებული განჩინების დასკვნაც. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 89-ე მუხლზე მითითებით, პალატამ განმარტა, რომ აღნიშნული მუხლის მიზნებისთვის, დაინტერესებულ პირად ამა თუ იმ სუბიექტის მიჩნევისათვის საკმარისი არ არის მხოლოდ სუბიექტური ინტერესის არსებობა. ასეთ პირად მიიჩნევა მხოლოდ ის, ვის უფლება-მოვალეობებზეც გავლენას იქონიებს სასამართლოს გადაწყვეტილება. შესაბამისად, არ არსებობდა მითითებული პირების საქმეში ჩაბმის სამართლებრივი საფუძველი.

5.13. გასათვალისწინებელი იყო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 266-ე მუხლით განსაზღვრული გადაწყვეტილების მატერიალური ძალაც, რომელიც მხოლოდ იმ პირის მიმართ ვრცელდება, ვის მიმართაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება. მოცემულ შემთხვევაში, პირველი ინსტანციის სასამართლომ სადავო ქონება გამოითხოვა მხოლოდ მოპასუხის (აპელანტის) უკანონო მფლობელობიდან, ბუნებრივია, გადაწყვეტილებაც მხოლოდ მას შეეხება და სხვა მფლობელების არსებობის პირობებში, იგი მათ უფლებრივ მდგომარეობაზე გავლენას ვერ იქონიებს.

5.14. მოცემულ შემთხვევაში, გასაჩივრებული გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ - მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილი იქნა სადავო უძრავი ქონება. მოსარჩელემ მოითხოვა ქონების უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვა როგორც მოპასუხის, ისე სხვა პირებისგან, თუმცა სასამართლომ არ გაიზიარა სხვა პირებზე აბსტრაქტული მითითება, იმ საფუძვლით, რომ სასარჩელო მოთხოვნა უნდა იყოს განსაზღვრული და მიემართებოდეს კონკრეტულ პირებს. ამდენად, ვინაიდან გადაწყვეტილება ეხება მხოლოდ მოპასუხეს და ეს ნაწილი არ გასაჩივრებულა, არ ვლინდებოდა მესამე პირების საქმეში ჩაბმის საფუძველი.

6. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა მისი გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. კასატორი მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა საკუთრების უფლების დაცვის მომწესრიგებელი ეროვნული და საერთაშორისო სამართლის ნორმები, არ გაითვალისწინა სადავო უძრავი ქონების თანასაკუთრების რეჟიმი და ის გარემოება, რომ ერთ-ერთი თანამესაკუთრის მხრიდან მოპასუხის მიმართ ხელშეშლის აღკვეთისა თუ ქონების გამოთხოვის მოთხოვნა არ ყოფილა წარდგენილი, ასევე, უსაფუძვლოდ მიიჩნია, რომ მოპასუხე ქონებას სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ფლობდა. კასატორის მტკიცებით, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოები გასცდნენ სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებს, როდესაც დაადგინეს ქონების გამოთავისუფლება და მოსარჩელისათვის გადაცემა. კასატორი სადავოდ ხდის ბათუმის საქალაქო სასამართლოს შუალედურ განჩინებებსაც და მიიჩნევს, რომ არასწორად ეთქვა უარი როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოდან შესაბამისი მასალების გამოთხოვაზე, ისე დ.მ–ძისა და ნ.ა––ძის საქმეში მესამე პირებად ჩართვაზე.

7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ საკასაციო საჩივარი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, მიღებულ იქნა დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:

8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

9. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.

10. უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის თაობაზე მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილი. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა ყველა ის ფაქტობრივი წანამძღვარი, რომელიც მითითებული ნორმით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელია. სავინდიკაციო სარჩელი ეფუძნება იმ მოცემულობას, რომ მესაკუთრეს, რომელსაც ჩამოერთვა მფლობელობა, შეუძლია ნივთი მოითხოვოს მფლობელისაგან, რომელიც არაკეთილსინდისიერად აკავებს ნივთს. საკუთრების უფლებამ ნივთზე სრული ბატონობა უნდა უზრუნველყოს, მათ შორის ფაქტობრივი ბატონობა - მფლობელობის სახით. ცხადია, მესაკუთრეს სხვა უფლებამოსილებებთან ერთად აქვს მფლობელობის უფლებაც და თუკი მოხდება საკუთრების მფლობელობის ჩამორთმევა, მას შეუძლია არაუფლებამოსილ მფლობელს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება (იხ. თამარ ზარანდია, სანივთო სამართალი, გამომცემლობა „მერიდიანი“, მეორე შევსებული გამოცემა, 2019წ., გვ. 245; ს.უ.ს.გ. №ას-457-2021, 05.10.2021წ.).

11. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას. ამავე კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით, მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება.

შესაბამისად, მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისთვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: ა) მოსარჩელე უნდა იყოს მესაკუთრე, ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება (ს.უ.ს.გ. Nას-914-2019, 25.07.2019წ.; ს.უ.ს.გ. Nას-246-246-2018; 20.03.2018წ.).

12. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა.

13. განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი საჯარო რეესტრის ამონაწერით დადგენილია, რომ მოსარჩელე სადავო უძრავი ნივთის მესაკუთრეა, ასევე, დადგენილია, რომ კასატორი ფლობს სადავო ქონებას.

14. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რომელიც ადგენს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციფიკურ წესს, მოსარჩელეს ევალება სასარჩელო განცხადებაში ასახული ფაქტების მტკიცება, ხოლო მოპასუხე მოვალეა, სარჩელისაგან თავდაცვის მიზნით, ქმედითად უარყოს მოსარჩელის არგუმენტები, წარადგინოს იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც გააქარწყლებს მოსარჩელის მიერ დასახელებულ ფაქტებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მხოლოდ მოპასუხის ზეპირი განმარტება მოსარჩელის პოზიციას ვერ გადაწონის და მხარისათვის არახელსაყრელ მატერიალურსამართლებრივ შედეგს გამოიწვევს (ს.უ.ს.გ. Nას-1579-2019, 17.12.2019წ.).

15. განსახილველ შემთხვევაში, კასატორმა სათანადო მტკიცებულებებზე მითითებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლების შესაბამისად, ვერ შეძლო იმ გარემოების დამტკიცება, რომ ის მართლზომიერად ფლობს სადავო უძრავ ქონებას.

16. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 168-ე მუხლის თანახმად, მესაკუთრის პრეტენზიის გამო, ნივთის მფლობელობა წყდება, თუ მესაკუთრე მფლობელს წაუყენებს დასაბუთებულ პრეტენზიას. რადგან განხორციელებულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ყველა ფაქტობრივი წინაპირობა, მოსარჩელეს უფლება აქვს, მფლობელობის შეწყვეტა და ნივთის გადაცემა მოითხოვოს (ს.უ.ს.გ. Nას-887-2019, 27.12.2019წ.).

17. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მითითებები თანასაკუთრების არსებობაზე, ერთ-ერთი თანამესაკუთრის მხრიდან პრეტენზიის არქონასა და სადავო ქონებაში მისი ხანგრძლივი ცხოვრების ფაქტზე ვერ ასაბუთებს მოპასუხის მიერ სადავო უძრავი ნივთის ფლობის სამართლებრივ საფუძველს. როდესაც მოსარჩელის საკუთრების უფლება სადავო ქონებაზე საჯარო რეესტრშია რეგისტრირებული და, ამ ჩანაწერის უზუსტობა დადგენილი არ არის, ხოლო მოპასუხემ ვერ წარმოადგინა მისი ფლობის დამადასტურებელი სამართლებრივი საფუძველი, ამ გარემოებებზე მითითება ვერ დააყენებს ეჭვქვეშ დასკვნას, რომ მოპასუხე ქონებას მესაკუთრის ნების გარეშე ფლობს.

18. ამასთან, უსაფუძვლოა კასატორის მითითება, თითქოს სასამართლო გასცდა სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებს, როდესაც სადავო უძრავი ქონების მოსარჩელისათვის თავისუფალ მდგომარეობაში გადაცემა დაადგინა, ვინაიდან ვინდიკაციური მოთხოვნის დაკმაყოფილება თავისი შინაარსით მოიცავს მესაკუთრისათვის ნივთზე სრული ფაქტობრივი ბატონობის აღდგენას.

გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველს არ ქმნის კასატორის არც ის პრეტენზია, რომელიც უკავშირდება მასთან ერთად მცხოვრებ სხვა პირთა საკითხზე ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ შესაბამისი მსჯელობის არარსებობას. პალატა მიუთითებს, რომ მოპასუხის მიმართ გამოტანილი გადაწყვეტილების აღსრულება ვრცელდება მასთან მყოფ პირებზეც და აღნიშნული გარემოება არ გამორიცხავს ვინდიკაციური სარჩელის დაკმაყოფილებას. საკასაციო სასამართლომ არაერთხელ განმარტა, რომ მოვალეთა გამოსახლება უძრავი ქონებიდან ხდება მათთან მყოფ პირებთან ერთად (იხ. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 84-ე მუხლის მე-2 პუნქტი; სუსგ №ას-881-2019, 25.07.2019).

19. საკასაციო პალატა ასევე არ იზიარებს 2024 წლის 13 ნოემბრის საოქმო განჩინებების გაუქმების შესახებ კასატორის პრეტენზიას. აღნიშნული პრეტენზია უკავშირდება, ერთი მხრივ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის ა/რ პოლიციის დეპარტამენტის ქ. ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მეორე განყოფილებიდან 2024 წლის 13 სექტემბრის N910515 შეტყობინებასთან დაკავშირებული მასალების გამოთხოვაზე უარის თქმას, ხოლო, მეორე მხრივ, დ.მ–ძისა და ნ.ა–ძის საქმეში მესამე პირებად ჩართვაზე უარს. საკასაციო სასამართლოს განსჯით, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა მართებულად მიიჩნიეს, რომ მოთხოვნილი მასალები არ წარმოადგენდა საქმის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების დამადასტურებელ საშუალებებს და, შესაბამისად, მათი გამოთხოვის საფუძველი არ ვლინდებოდა. ამასთან, სწორად იქნა შეფასებული, რომ კონკრეტულ შემთხვევაში, არ იკვეთებოდა მესამე პირების საქმეში ჩართვის სამართლებრივი წინაპირობები.

20. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტების ფარგლებში, რაც სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლი), კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლო მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი მიუთითებს.

21. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.

22. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401.4 მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ვინაიდან, საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 150 ლარის 70% - 105 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მ.მ–ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.

2. მ.მ–ძეს (პ/ნ ........) დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის -150 ლარის (საგადასახადო დავალება № 231, გადახდის თარიღი: 24.12.2025წ, გადამხდელი: ვ. ლ–ია (პ/ნ ..........), გადამხდელის ბანკი: ს.ს. „თიბისი ბანკი“) 70% – 105 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე: ნიკოლოზ მარსაგიშვილი

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

გოჩა ჯეირანაშვილი