დაუშვებლად იქნა ცნობილი

სამოქალაქო 27.04.2026
საქმის ნომერი
ას-49-2026
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
27.04.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

27 აპრილი 2026 წელი

№ას-49-2026 თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ამირან ძაბუნიძე

გოჩა ჯეირანაშვილი

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი - ნ.დ–ი (ლ.გ–ის უფლებამონაცვლე)

მოწინააღმდეგე მხარე - ნ.გ–ი

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 07 მაისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

დავის საგანი - უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. ლ.გ–მა (რომლის უფლებამონაცვლე მოგვიანებით ნ.დ–ი გახდა) სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე ნ.გ–ის მიმართ უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის (ქ. თბილისში, ........ მდებარე არასაცხოვრებელი ფართი 1-172 კვ.მ, ს/კ N.........) გამოთხოვის შესახებ.

2. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილებით, სარჩელი არ დაკმაყოფილდა. მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის გადახდა 900 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ოდენობით, გადახდის დღეს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი გაცვლითი კურსის შესაბამისად, მაგრამ არაუმეტეს 3000 ლარისა. მოსარჩელეს მოპასუხის სასარგებლოდ დაეკისრა ადვოკატის დახმარებისათვის საქმეზე გაღებული ხარჯის ანაზღაურება 1500 ლარის ოდენობით. მოპასუხეს დაუბრუნდა 2022 წლის 09 სექტემბერს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 60 ლარი.

4. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილება.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 03 აპრილის განჩინებით, მოსარჩელის უფლებამონაცვლედ ცნობილი იქნა ნ.დ–ი.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 07 მაისის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტი, რომლითაც მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის გადახდა 900 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ოდენობით, გადახდის დღეს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი გაცვლითი კურსის შესაბამისად, მაგრამ არაუმეტეს 3000 ლარისა. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-3, მე-4 პუნქტების შეცვლით, ამ ნაწილში მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება და მოსარჩელეს მოპასუხის სასარგებლოდ დაეკისრა მოპასუხის მიერ წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურება 160 ლარის ოდენობით. მოსარჩელის წარმომადგენლის, გ.კ–ას მიერ სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 60 ლარი დარჩა სახელმწიფო ბიუჯეტში. დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი. განჩინება დაეფუძნა შემდეგ ფაქტობრივ და სამართლებრივ დასაბუთებას:

6.1. საქმეში წარმოდგენილი საჯარო რეესტრის ამონაწერით, დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ ქ. თბილისში, ......... მდებარე არასაცხოვრებელი ფართი (ს/კ №......) საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია მოსარჩელის (უფლებამონაცვლის) სახელზე. სადავო ფართი მდებარეობს აღნიშნული მისამართის საცხოვრებელი სახლის სარდაფში.

6.2. სააპელაციო პალატის განმარტებით, უძრავი ნივთის მესაკუთრეს კანონი ანიჭებს სასამართლოსათვის ვინდიკაციური სარჩელით მიმართვის შესაძლებლობას, რათა აღდგენილი იქნას ნივთზე მისი მფლობელობის შელახული უფლება. შესაბამისად, სარჩელის საფუძვლიანობის შესამოწმებლად უნდა დადგინდეს შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: 1. მოსარჩელე უნდა იყოს ნივთის მესაკუთრე; 2. მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი; 3. მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება. იმ შემთხვევაში, თუ დადგინდება სამივე გარემოების არსებობა, სარჩელი საფუძვლიანია.

6.3. სადავო ფართში ჩასასვლელი ასახულია მოსარჩელის მიერ საქმის მასალებში წარმოდგენილ ფოტოსურათებზე.

6.4. მოპასუხის ახსნა-განმარტებით, დადგენილად იქნა მიჩნეული და მოსარჩელეს სადავოდ არ გაუხდია, რომ ცხოვრობს თბილისში, ........ მდებარე საცხოვრებელი სახლის ერთ-ერთ ბინაში. მოპასუხის სახლის სადარბაზოს კარი ასახულია მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ ფოტოსურათზე.

6.5. სააპელაციო პალატის განმარტებით, მოცემულ შემთხვევაში, შესაფასებლი იყო, არსებობდა თუ არა უკანონო მფლობელობიდან სადავო უძრავი ნივთის გამოთხოვის საფუძვლები.

6.6. აპელანტი მიუთითებდა მოწმის ჩვენებაზე, ვიდეოჩანაწერსა და ექსპერტიზის ბიუროს 2023 წლის 28 ივნისის წერილზე, რომელთა მიხედვით, მისი შეფასებით, დასტურდებოდა მოპასუხის მიერ სადავო ფართის ფლობა და მოსარჩელისათვის სარგებლობაში ხელშეშლა. თუმცა, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნული მტკიცებულებები არ გაიზიარა.

6.7. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოსარჩელის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის მოპასუხის მიერ ფლობის (უკანონოდ ფლობის) ფაქტობრივი გარემოება საქმის მასალებით არ დგინდებოდა. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის დასამტკიცებელი გარემოება იყო, რომ სადავო უძრავი ნივთი მისი საკუთრებაა და რომ მოპასუხე ხელს უშლის საკუთრებით სარგებლობაში. სააპელაციო სასამართლოს განსჯით, საქმის მასალებში არ მოიპოვება სადავო უძრავ ნივთზე მოპასუხის მფლობელობის ან/და მისი მხრიდან მოსარჩელისათვის ნივთით სარგებლობაში ხელშეშლის დამადასტურებელი მტკიცებულება. შესაბამისად, არ ვლინდებოდა სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

6.8. სააპელაციო სასამართლომ ს.ს.ი.პ. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 28.06.2023 წლის წერილის შეფასებისას აღნიშნა, რომ ექსპერტის მიერ განხორციელდა საკვლევი ობიექტის სარდაფის ნაწილობრივი დათვალიერება, აღნიშნული ფართი მონიშნულია საინვენტარიზაციო გეგმაზე (140.48 კვ.მ), თუმცა საკვლევი არასაცხოვრებელი N1-ის (172 კვ.მ) ფართის ზუსტი ადგილმდებარეობის (საზღვრების) დადგენა შეუძლებელი იყო, შესაბამისი საიდენტიფიკაციო ინფორმაციის, მათ შორის, ნახაზის არარსებობის გამო. ასევე, დათვალიერდა მხოლოდ ნაწილი, ხოლო დარჩენილი ნაწილის შესწავლა ვერ განხორციელდა. აღნიშნული გარემოებები, პალატის მოსაზრებით, არ იყო საკმარისი მოპასუხის მიერ სადავო ფართის ფლობის ან მოსარჩელისათვის სარგებლობაში ხელშეშლის დასადგენად. ამრიგად, სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა ამ მტკიცებულების საფუძველზე, მოპასუხის მიერ სადავო ფართის ფლობის ან მოსარჩელისათვის სარგებლობაში ხელშეშლის შესახებ აპელანტის მითითება.

6.9. რაც შეეხება აპელანტის მიერ მითითებულ სხვა მტკიცებულებებს, სააპელაციო პალატა დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებას, რომ საქმეში წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებებით (მათ შორის, ფოტო-ვიდეო მასალითა და მოწმის ჩვენებით) არ დგინდებოდა მოპასუხის მიერ სადავო ფართის ფლობის ან გამოყენებაში ხელშეშლის გარემოებები. შესაბამისად, აპელანტის მითითებები აღნიშნულ მტკიცებულებებზე, სარჩელის მოთხოვნის დასასაბუთებლად, ვერ იქნებოდა გაზიარებული. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ საქმის მასალებში არ იყო წარმოდგენილი სათანადო მტკიცებულებები სადავო უძრავ ნივთზე მოპასუხის მიერ ფლობის, აგრეთვე, მესაკუთრისათვის ნივთით სარგებლობაში ხელშეშლის დასადასტურებლად, პალატის მოსაზრებით, არ არსებობდა მატერიალურ-სამართლებრივი წინაპირობები, რაც მოსარჩელის კუთვნილი უძრავი ნივთის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველს განაპირობებდა.

6.10. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელემ/აპელანტმა ვერ უზრუნველყო თავისი წილი მტკიცების ტვირთის რეალიზება და ვერ წარადგინა იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებდა სადავო უძრავ ნივთზე მოპასუხის მხრიდან ფლობის (უკანონო მფლობელობის) გარემოებას. შესაბამისად, არ არსებობდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ყველა წინაპირობა, რის გამოც გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელად უნდა დარჩენილიყო.

6.11. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, გასაჩივრებული გადაწყვეტილებით არასწორად განისაზღვრა განსახილველი დავის კატეგორიისთვის სარჩელზე გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის ოდენობა. კერძოდ, საქმის განმხილველმა სასამართლომ არასწორად გამოიყენა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი, ნაცვლად ამავე მუხლის პირველი ნაწილის „კ“ ქვეპუნქტისა. შესაბამისად, გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 და მე-4 პუნქტები, ხოლო მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი დარჩა სახელმწიფო ბიუჯეტში.

6.12. რაც შეეხება მოპასუხის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯის მოსარჩელისათვის დაკისრების მართლზომიერებას, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში, დავის საგნის ღირებულება განისაზღვრება 4000 ლარით, გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტი უნდა შეცვლილიყო და მოპასუხის შუამდგომლობის ნაწილობრივ დაკმაყოფილებით, მოსარჩელეს მოპასუხის სასარგებლოდ გაწეული საადვოკატო მომსახურების ანაზღაურება უნდა დაკისრებოდა 4000 ლარის 4%-ის, 160 ლარის ოდენობით.

7. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ნ.დ–მა, მოითხოვა მისი გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილება. კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები. კერძოდ, მოწმე ნ.გ–ის ჩვენებით დასტურდებოდა მოპასუხის მიერ სადავო ფართში შეჭრისა და მოსარჩელისათვის მისი გაქირავების შესაძლებლობის შეზღუდვის ფაქტი, რაც სასამართლომ სათანადოდ არ გაითვალისწინა. ამასთან, საქმეში წარმოდგენილი ვიდეოჩანაწერი (CD დისკი) ადასტურებს მოპასუხის მიერ სადავო ფართით სარგებლობას, თუმცა აღნიშნული მტკიცებულება სრულად არ იქნა გამოკვლეული და შეფასებული. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის მიხედვით, სარდაფის სრული დათვალიერება ვერ განხორციელდა, რაც მიუთითებს ფართზე ფაქტობრივი კონტროლის არსებობაზე. აღსანიშნავია, რომ მოპასუხემ მიუთითა სარდაფის არსებობაზე, თუმცა ვერ დააკონკრეტა მისი მდებარეობა, რაც, კასატორის პოზიციით, ადასტურებს სადავო ფართით მის მიერ სარგებლობას. შესაბამისად, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა მტკიცებულებები არასწორად შეაფასეს და საქმის ფაქტობრივი გარემოებები არასწორად დაადგინეს.

8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ საკასაციო საჩივარი მიღებული იქნა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:

9. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

10. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

11. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატის მსჯელობის საგანია, მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან სადავო უძრავი ქონების გამოთხოვისა და მისი მოსარჩელისათვის დაბრუნების შესახებ სარჩელის უარყოფის კანონიერება.

12. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას. ამავე კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება.

13. პალატა აღნიშნავს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოება დაფუძნებულია მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპზე. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეული მხარე ვალდებულია, სათანადო მტკიცებულებებით დაასაბუთოს თავისი მოთხოვნა. ამასთან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლი ადგენს, რომ მხარეს აქვს შესაძლებლობა განსაზღვროს სადავო გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები და წარუდგინოს ისინი სასამართლოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ის ფაქტობრივი გარემოებები, რომლებიც მტკიცებას საჭიროებს, მხოლოდ მხარის განმარტებით ვერ დადგინდება.

14. განსახილველ შემთხვევაში, კასატორმა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლების შესაბამისად, სათანადო მტკიცებულებებზე მითითებით ვერ შეძლო იმ გარემოების დამტკიცება, რომ მოპასუხე ფლობს სადავო უძრავ ნივთს და ხელს უშლის მოსარჩელეს საკუთრებით სარგებლობაში.

15. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის პოზიციას მტკიცებულებათა არასწორი შეფასების შესახებ. კასატორის პრეტენზიები ეფუძნება მოწმის ჩვენებას, ვიდეოჩანაწერსა და ექსპერტიზის დასკვნას, თუმცა მითითებული მტკიცებულებები, თავისი შინაარსის გათვალისწინებით, არ ქმნის საკმარის საფუძველს მოპასუხის მიერ სადავო უძრავი ნივთის ფლობის დასადასტურებლად. კასატორმა ვერ წარმოადგინა ისეთი დასაბუთებული პრეტენზია, რომელიც მიუთითებდა პროცესუალურ დარღვევებზე ან მტკიცებულებათა შეფასების ისეთ ხარვეზზე, რომელიც გამოიწვევდა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად დადგენას. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ მართებულად დაასკვნა, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება მოპასუხის მიერ სადავო უძრავი ნივთის ფლობის ან მოსარჩელისათვის სარგებლობაში ხელშეშლის გარემოებები.

16. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 168-ე მუხლის თანახმად, მესაკუთრის პრეტენზიის გამო, ნივთის მფლობელობა წყდება, თუ მესაკუთრე მფლობელს წაუყენებს დასაბუთებულ პრეტენზიას. რადგან განხორციელებული არ არის საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ყველა ფაქტობრივი წინაპირობა, მოსარჩელეს უფლება არ აქვს, მფლობელობის შეწყვეტა და ნივთის გადაცემა მოითხოვოს.

17. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტების ფარგლებში, რაც სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლი), კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლო მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი მიუთითებს. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით. გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.

18. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401.4 მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ვინაიდან, საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 150 ლარის 70% – 105 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ნ.დ–ის (ლ.გ–ის უფლებამონაცვლე) საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.

2. ნ.დ–ს (პ/ნ ..........) დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 150 ლარის (საგადახდო დავალება 32009830739, გადახდის თარიღი: 18.02.2026წ., გადამხდელი: კ. გ. (პ/ნ ...........), გადამხდელის ბანკი: ს.ს. „საქართველოს ბანკი“) 70% - 105 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

ამირან ძაბუნიძე

გოჩა ჯეირანაშვილი