დაუშვებლად იქნა ცნობილი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №ას-292-2025
18 დეკემბერი 2025 წელი ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
შემადგენლობა:
თეა ძიმისტარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: მირანდა ერემაძე
არჩილ კოჭლამაზაშვილი
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი - შპს „რ–ო“ (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 02 ოქტომბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი - ქონების უმკვიდროდ ცნობა
საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება – საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სასარჩელო მოთხოვნა:
შპს ,,რ–ომ“, (შემდეგში ტექსტში ხსენებული, როგორც „მოსარჩელე", აპელანტი“, „კასატორი“), სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს (შემდეგში ტექსტში ხსენებული, როგორც „მოპასუხე", „მოწინააღმდეგე მხარე“), მიმართ, შპს „რ–ოს“ პარტნიორის ა.კ–ის 0.5% წილის უმკვიდროდ ცნობისა და საზოგადოების პარტნიორებზე - ლ.გ–ზე, დ.გ–ზე და შ.გ–ზე წილის თანაბრად გადანაწილების მოთხოვნით.
2. მოპასუხის პოზიცია:
მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
3.1 თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილებით, შპს „რ–ოს“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
3.2 პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება მოითხოვა.
4. სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:
4.1 თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 2 ოქტომბრის განჩინებით, შპს „რ–ოს“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილება.
4.2 სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
4.2.1 შპს „რ–ოს“ 0.5% წილის მესაკუთრეა ა.კ–ი;
4.2.2 ა.კ–ი გარდაიცვალა 2003 წელს;
4.2.3 სსიპ საქართველოს ნოტარიუსთა პალატიდან წარმოდგენილი ინფორმაციის შესაბამისად, ერთიან ელექტრონულ სამემკვიდრეო რეესტრში არ არის რეგისტრირებული ჩანაწერი 2003 წელს გარდაცვლილი ა.კ–ის სამკვიდრო ქონების შესახებ სამემკვიდრეო საქმის წარმოების მიმდინარეობის თაობაზე. ანალოგიური გარემოება დგინდება ანდერძების ერთიანი ელექტრონული რეესტრიდან წარმოდგენილი ინფორმაციის საფუძველზე.
4.2.4 ნოტარიუსთა პალატიდან წარმოდგენილი ცნობების საფუძველზე სააპელაციო
პალატას დადგენილად მიაჩნია ის გარემოება, რომ ა.კ–ის მემკვიდრეთა წრიდან სანოტარო ბიუროსთვის მემკვიდრეობის მისაღებად არავის მიუმართავს.
4.3 სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ ა.კ–ის მემკვიდრეთა არარსებობის თაობაზე სარჩელში მითითებული გარემოების მიუხედავად, პირველ ინსტანციაში სასამართლოს სხდომაზე მიცემული განმარტებით, აგრეთვე, სააპელაციო საჩივარში, აპელანტი სადავოდ აღარ ხდის პირველი რიგის მემკვიდრეების (შვილების) არსებობის თაობაზე მოპასუხის მიერ მითითებულ ფაქტობრივ გარემოებას. შესაბამისად, სააპელაციო პალატამ დადგენილად მიაჩნია ის გარემოება, რომ გარდაცვლილ ა.კ–ს ჰყავს პირველი რიგის მემკვიდრეები.
4.4 სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ იმ პირობებში, როდესაც აპელანტი (მოსარჩელე) ადასტურებს ა.კ–ის პირველი რიგის მემკვიდრეთა არსებობის ფაქტს, მემკვიდრეების მიერ, მიუხედავად სამკვიდროს მიუღებლობისა, მოთხოვნის ადრესატი სახელმწიფო ორგანოსთან ერთად არის ის პირი, ვინც არ მიიღო სამკვიდრო.
4.5 სააპელაციო პალატამ, დამატებით მიუთითა, რომ სანოტარო საქმის წარმოების არარსებობა, არ გამორიცხავს მემკვიდრეთა მხრიდან სამკვიდროს ფაქტობრივად დაუფლების გარემოებას, შესაბამისად, პალატამ არ გაიზიარა აპელანტის პოზიცია,საზოგადოებაში პარტნიორის წილის გარდა სხვა ქონების არარსებობისა და მემკვიდრეთა მიერ სამკვიდროს მიუღებლობის თაობაზე და განმარტა, რომ ზემოაღნიშნული გარემოებები უნდა დადგინდეს სარჩელზე სათანადო მოპასუხის მონაწილეობის პირობებში.
4.6 სააპელაციო პალატამ, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 22 იანვრის სხდომაზე, ა.კ–ის მემკვიდრეების დაინტერესებულ პირებად ჩართვაზე შუამდგომლობის უპასუხოდ დატოვების თაობაზე, აპელანტის პრეტენზიის პასუხად, განმარტა, რომ არ არსებობდა ზემოაღნიშნულ სხდომაზე დაინტერესებული პირის სტატუსით, საქმეში მემკვიდრეების ჩართვის თაობაზე, მოსარჩელის წარმომადგენლის შუამდგომლობის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი, რის გამოც, აპელანტის მიერ მითითებული პროცესუალური დარღვევა გავლენას ვერ მოახდენდა დავის საბოლოო შედეგზე, შესაბამისად, გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლად ვერ იქნებოდა გაზიარებული.
5. კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:
5.1 თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 24 დეკემბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს „რ–ომ“, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილების მოთხოვნით.
5.2 კასატორის განმარტებით, გარდაცვლილი ა.კ–ის სამკვიდროს მიღების თავის არიდება სამკვიდროს მიღებაზე უარის ტოლფას ქმედებად უნდა იქნეს მიჩნეული. აწ გარდაცვლილი მამკვიდრებლის მემკვიდრეებმა საკუთარი ქმედებით ფაქტობრივად გამოხატეს სამკვიდროს მიღებაზე უარი, რის გამოც მათ აღარ აქვთ შესაძლებლობა, ჩაერთონ სამემკვიდრეოსამართლებრივ ურთიერთობებში. აქედან გამომდინარე, სსკ-ის 1343-ე მუხლის საფუძველზე, მოპასუხე არის სახელმწიფო.
5.3 კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლოს განჩინებით, არ იქნა გაზიარებული დაინტერესებული პირების სტატუსით, მემკვიდრის საქმეში ჩაბმის შუამდგომლობა. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაში მითითებულია, რომ მოთხოვნის ადრესატი სახელმწიფოსთან ერთად არის მემკვიდრე, ანუ სამკვიდროს მიღებაზე (არმიღებაზე) უფლებამოსილი პირი. აღნიშნული სააპელაციო სასამართლომ არასწორად დაადგინა, ვინაიდან დაინტერესებული პირი უნდა იყოს ჩართული მესამე პირად და არა მოპასუხედ, ვინაიდან დავის საგანს წარმოადგენს წილის უმკვიდროდ ცნობა. როდესაც პირი მითითებულია მოპასუხედ, მოსარჩელეს ამ პირის მიმართ უნდა გააჩნდეს მოთხოვნა. განსახილველ შემთხვევაში, სარჩელით მოთხოვნილია წილის უმკვიდროდ ცნობა და აღნიშნული მოთხოვნის ადრესატი სწორედ სახელმწიფოა.
6. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 17 აპრილის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნას წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
7. საკასაციო სასამართლომ საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზებისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად დაასკვნა, რომ საკასაციო განაცხადი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, ამიტომ ის დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:
8. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
9. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.
10. სსსკ-ის 404-ე მუხლის პირველი პუნქტით, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში, ამავე კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396 - ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები; ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება); საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კასატორს არ წარმოუდგენია დასაბუთებული პრეტენზია (შედავება), რაც საშუალებას მისცემდა სასამართლოს, არსებითად განსახილველად დაეშვა საკასაციო განაცხადი.
11. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატის შეფასების საგანს წარმოადგენს, შპს ,,რ–ოში“, ა.კ–ის 0.5%-იანი წილის უმკვიდროდ ცნობისა და საზოგადოების პარტნიორებზე გადანაწილების შესახებ მოთხოვნის კანონიერება.
12. კასატორის პრეტენზია ეფუძნება იმ გარემოებას, რომ გარდაცვლილი ა.კ–ის მემკვიდრეებმა სამკვიდროს მიღებაზე თავის არიდებით, ფაქტობრივად გამოხატეს სამკვიდროს მიღებაზე უარი, რის გამოც მათ აღარ აქვთ შესაძლებლობა, ჩაერთონ სამემკვიდრეოსამართლებრივ ურთიერთობებში. აქედან გამომდინარე, სსკ-ის 1343-ე მუხლის საფუძველზე, მოპასუხე არის სახელმწიფო.
13. საკასაციო სასამართლო არაერთ გადაწყვეტილებაში/განჩინებაში უთითებს, რომ სასამართლოს უპირველესი ამოცანაა, დაადგინოს, თუ რას ითხოვს მოსარჩელე მოპასუხისაგან და რის საფუძველზე, ანუ რომელ ფაქტობრივ გარემოებებზე ამყარებს თავის მოთხოვნას. სასამართლომ მხარის მიერ მითითებული მოთხოვნის ფარგლებში უნდა მოძებნოს ის სამართლებრივი ნორმა (ნორმები), რომელიც იმ შედეგს ითვალისწინებს, რისი მიღწევაც მხარეს სურს. ამასთან, მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად განხილული ნორმა (ან ნორმები) შეიცავს იმ აღწერილობას (ფაქტობრივ შემადგენლობას), რომლის შემოწმებაც სასამართლოს ვალდებულებაა და რომელიც უნდა განხორციელდეს ლოგიკური მეთოდების გამოყენების გზით, ანუ სასამართლომ უნდა დაადგინოს, ნორმაში მოყვანილი აბსტრაქტული აღწერილობა რამდენად შეესაბამება კონკრეტულ ცხოვრებისეულ სიტუაციას და გამოიტანოს შესაბამისი დასკვნები. ის მხარე, რომელსაც აქვს მოთხოვნა მეორე მხარისადმი, სულ მცირე, უნდა უთითებდეს იმ ფაქტობრივ შემადგენლობაზე, რომელსაც სამართლის ნორმა გვთავაზობს. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის რომელიმე ფაქტობრივი წანამძღვრის (სამართლებრივი წინაპირობის) არარსებობა გამორიცხავს მხარისათვის სასურველი სამართლებრივი შედეგის დადგომას (იხ. სუსგ. საქმე №ას-124-116-2017 23.07.2020წ).
14. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მოთხოვნა პირის ნებას დაქვემდებარებული და სხვა პირზე მიმართული უფლებაა, რომელიც მისი პროცესუალური განხორციელებისაგან მკვეთრად იმიჯნება. მოთხოვნა ძირითადად მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობის მატარებელია. მოთხოვნა საპროცესო-სამართლებრივი გაგებით, ყოველთვის მიმართულია სასამართლო გადაწყვეტილების დადგომისაკენ.
15. საკასაციო პალატა ასევე მიუთითებს, რომ სსსკ-ის მე-3 მუხლით განმტკიცებულია საპროცესო სამართლის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანესი პრინციპი - დისპოზიციურობა, რომლის თანახმადაც, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. დისპოზიციურობის პრინციპის თანახმად, თვითონ მოსარჩელე იღებს გადაწყვეტილებას, მიმართოს თუ არა სასამართლოს სარჩელით. ამიტომ, საქმის აღსაძვრელად აუცილებელია სარჩელის (განცხადების) შეტანა პირადად ან წარმომადგენლის მეშვეობით („ვერ შედგება სასამართლო მოსარჩელის გარეშე“ – „nemo judex sine actore” ან „nemo invitus agree cogitur“ – „სურვილის წინააღმდეგ ვერავინ მიიჩნევა მომჩივნად.)“ სასამართლო სარჩელს იხილავს და გამოაქვს გადაწყვეტილება სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებში იმ პირის წინააღმდეგ, რომლის მიმართაცაა სარჩელი აღძრული. შესაბამისად, მოპასუხედ მითითებული პირი აუცილებელია, რომ იყოს ,,პასუხისმგებელი”. მას უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა სასარჩელო მოთხოვნის ნაწილობრივ თუ სრულად დაკმაყოფილების შემთხვევაში, აღადგინოს მოსარჩელის დარღვეული სამოქალაქო უფლება (იხ. სუსგ. Nას-95-11.03.2024წ.).
16. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქმის განმხილველი სასამართლო შეზღუდულია მხოლოდ მხარის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებებით, რაც შეეხება სამართლის ნორმების გამოყენებას, სასამართლო, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით, ადგენს თუ რა სამართლებრივი ურთიერთობა არსებობს მხარეთა შორის და ამ ურთიერთობის მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმების საფუძველზე აკმაყოფილებს ან არ აკმაყოფილებს სარჩელს. მხარეთა შორის არსებული ურთიერთობის შეფასება შედის სასამართლოს კომპეტენციაში, თუმცა საქმეზე გადაწყვეტილება მიღებულ უნდა იქნეს შეჯიბრებითობის პრინციპის სრულად რეალიზაციის პირობებში.
17. საკასაციო პალატა განმარტავს, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1343-ე მუხლის დეფინიციის თანახმად, „1. თუ არც კანონით და არც ანდერძით მემკვიდრეები არ არიან, ან არც ერთმა მემკვიდრემ არ მიიღო სამკვიდრო, ანდა, როცა ყველა მემკვიდრეს ჩამოერთვა მემკვიდრეობის უფლება, უმკვიდრო ქონება გადადის სახელმწიფოზე; ხოლო თუ მამკვიდრებელი მოხუცთა, ინვალიდთა, სამკურნალო, აღმზრდელობით და სოციალური დაცვის სხვა დაწესებულებათა რჩენაზე იმყოფებოდა, მაშინ – მათ საკუთრებაში. 2. უმკვიდრო ქონება სამეწარმეო საზოგადოებაში ან კოოპერატივში წილის, აქციის ან პაის სახით გადადის მათ ხელში, თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული“. დასახელებული ნორმის პირველი ნაწილის პირველი წინადადებით დადგენილია უმკვიდრო ქონების სახელმწიფოზე გადასვლის რამდენიმე დამოუკიდებელი წინაპირობა, რაც იმას ნიშნავს, რომ ერთ-ერთი რომელიმე წინაპირობის არსებობის შემთხვევაში ქონება უმკვიდროა და გადადის სახელმწიფოზე, შესაბამისად, სხვა შესაძლო მემკვიდრეთა მსგავსად, კანონი არ იძლევა შესაძლებლობას, რომ სახელმწიფომ, საკუთარი სურვილისამებრ მიიღოს ან არ მიიღოს უმკვიდრო ქონება; უმკვიდრო ქონება სახელმწიფოზე გადადის. 1343-ე მუხლის, მე-2 ნაწილი კი განსაზღვრავს კონკრეტულ შემთხვევებს, როდესაც ამავე მუხლის პირველი ნაწილის პირველ წინადადებაში მითითებული ერთ-ერთი რომელიმე დამოუკიდებელი წინაპირობის არსებობისას, უმკვიდრო ქონება გადადის სამეწარმეო საზოგადოებაში ან კოოპერატივში ან კანონით დადგენილ შემთხვევებში, შესაძლებელია გადავიდეს სახელმწიფოზე.
18. განსახილველ შემთხვევაში, სარჩელით მოთხოვნილია საწარმოს წილის უმკვიდროდ ცნობა, იმ საფუძვლით, რომ არცერთი სახის მემკვიდრე არ არსებობს. მოპასუხე მხარედ კი დასახელებულია სახელმწიფოს შესაბამისი ორგანო.
19. როგორც საქმის მასალებით დგინდება, სადავო არ არის გარემოება, რომ გარდაცვლილ ა.კ–ს ჰყავს პირველი რიგის მემკვიდრეები.
20. სამოქალაქო საპროცესო კოდექსი იცნობს სათანადო მოპასუხის ინსტიტუტს და ადგენს ქცევის შემდეგ წესს: თუ საქმის განხილვისას სასამართლო დაადგენს, რომ სარჩელი აღძრულია არა იმ პირის წინააღმდეგ, რომელმაც პასუხი უნდა აგოს სარჩელზე, მას შეუძლია მოსარჩელის თანხმობით შეცვალოს თავდაპირველი მოპასუხე სათანადო მოპასუხით. თუ მოსარჩელე არ არის თანახმა თავდაპირველი მოპასუხის სათანადო მოპასუხით შეცვლაზე, სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით უარს ეტყვის მოსარჩელეს სარჩელის დაკმაყოფილებაზე (სსსკ-ის 85-ე მუხლი).
21.ზემოაღნიშნული ნორმა სასამართლოს ავალდებულებს გამოარკვიოს სამართლებრივი თვალსაზრისით სწორად აირჩია თუ არა მოსარჩელემ ის პირი (მოპასუხე), რომელსაც თავისი დარღვეული უფლების აღდგენა უნდა მოსთხოვოს, რათა დავაში ჩაბმული არ აღმოჩნდეს და მოპასუხის საპროცესო მოვალეობანი არ დაეკისროს ისეთ პირს, რომელსაც მოსარჩელის კანონიერ უფლებებთან კავშირი არ გააჩნია.
22. საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ 2024 წლის 22 იანვარს, გამართულ სასამართლოს სხდომაზე, მოსარჩელის წარმომადგენელმა უარი განაცხადა შპს „რ–ოს“ 0.5% წილის მესაკუთრე ა.კ–ის მემკვიდრეების მოპასუხის სახით ჩართვაზე (იხ. თბილისის საქალაქო სასამართლოს 22.01.2024წ. სხდომის ოქმი, 13:39:41სთ.)
23. კასატორის მოსაზრებების საპირისპიროდ, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატამ, მართებულად გაიზიარა ქვემდგომი ინსტანციის დასკვნა მასზედ, რომ იმ პირობებში, როდესაც დადგენილია პირველი რიგის მემკვიდრეთა არსებობა, და ქონების (საზოგადოებაში წილის) უმკვიდროდ ცნობის მოთხოვნის საფუძვლად მოსარჩელე უთითებს მემკვიდრეთა მიერ სამკვიდროს არმიღების საფუძველს, აღნიშნული მოთხოვნის ადრესატი სახელმწიფო ორგანოსთან ერთად არიან ის პირები, ვინც არ მიიღეს სამკვიდრო.
24. რაც შეეხება კასატორის პრეტენზიას, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 22 იანვრის სხდომაზე, სასამართლომ საერთოდ არ იმსჯელა ა.კ–ის მემკვიდრეების დაინტერესებულ პირებად ჩართვის შესახებ შუამდგომლობაზე, საკასაციო პალატა მიუთითებს, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 89-ე მუხლის დანაწესზე, რომლის თანახმად, ყოველ დაინტერესებულ პირს, რომელიც არ აცხადებს დამოუკიდებელ მოთხოვნას დავის საგანზე ან მის ნაწილზე, შეუძლია მიმართოს სასამართლოს განცხადებით, რათა დაუშვას იგი საქმეში მესამე პირად მოსარჩელის ან მოპასუხის მხარეზე, რადგან სასამართლო გადაწყვეტილებას ამ საქმეზე შეუძლია შემდგომში გავლენა მოახდინოს მის უფლებებსა და მოვალეობებზე ერთ-ერთი მხარის მიმართ. მესამე პირად დაშვების საკითხს მხარეთა მოსაზრებების გათვალისწინებით წყვეტს სასამართლო.
25. ამავე კოდექსის 90-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესამე პირი დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე შეიძლება ჩაბმულ იქნეს საქმეში ერთ-ერთი მხარის ინიციატივით, რისთვისაც იგი მიმართავს სასამართლოს მოტივირებული განცხადებით. ასეთი განცხადება სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანამდე შეიძლება გაკეთდეს როგორც წერილობით, ისე ზეპირი ფორმით. ზეპირი განცხადება შეიტანება სასამართლო სხდომის ოქმში. მხარეთა მოსაზრებების გათვალისწინებით სასამართლო გამოიტანს განჩინებას მესამე პირის საქმეში მონაწილეობისათვის ჩაბმის ან ასეთ ჩაბმაზე უარის თქმის თაობაზე.
26. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ერთ-ერთი მხარის სუბიექტური დაინტერესება დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე მესამე პირის ჩართვაზე საკმარისი არაა. იმისათვის, რომ ეს შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს, სასამართლომ უნდა დაადგინოს, რომ ამ საქმეზე გამოტანილი გადაწყვეტილება გავლენას იქონიებს მესამე პირის უფლებებსა და მოვალეობებზე ერთ-ერთი მხარის მიმართ, ამასთან მისი პროცესში ჩაბმის მიზანი შესაძლოა იყოს ის, რომ დაეხმაროს მხარეს საქმის მის სასარგებლოდ გადაწყვეტაში. განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან მოსარჩელე არ დაეთანხმა სათანადო მოპასუხეების ჩაბმის შუამდგომლობას, პალატას მიაჩნია, რომ დავაში დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე მესამე პირების ჩაბმის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობდა. რის გამოც, აპელანტის მიერ მითითებული პროცესუალური დარღვევა (შუამდგომლობის განუხილველობა) გავლენას ვერ მოახდენს დავის საბოლოო შედეგზე, შესაბამისად, გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლად ვერ იქნება გაზიარებული.
27. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
28. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
29. კასატორმა ვერ დაასაბუთეს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან/ოქმებთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობაში მოდის.
30. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
31. პროცესის ხარჯები:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. კასატორს, სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე, სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 300 ლარიდან 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, ასევე 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
შპს „რ–ოს“ საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად; კასატორს, სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს თ.კ–ის მიერ, საკასაციო საჩივარზე, სახელმწიფო ბაჟის სახით, სს „ლიბერთი ბანკში“, 10.04.2025წ., N57064763 საგადახდო დავალებით გადახდილი 300 ლარის 70% - 210 ლარი; საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე თეა ძიმისტარაშვილი
მოსამართლეები: მირანდა ერემაძე
არჩილ კოჭლამაზაშვილი