დატოვებულია განუხილველად

სამოქალაქო 07.05.2026
საქმის ნომერი
ა-2030-შ-72-2026
კატეგორია
დავის ტიპი
შუამდგომლობა
თარიღი
07.05.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №ა-2030-შ-72-2026

7 მაისი, 2026 წელი ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

მოსამართლე მიხეილ ჯინჯოლია

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – ვ.რ–ი

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას შუამდგომლობის ავტორი მოითხოვს - ამერიკის შეერთებული შტატების, ნიუ იორკის შტატის უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 18 ოქტომბრის გადაწყვეტილება (საქმის ინდექსი N716474/2020)

დავის საგანი – განქორწინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა ვ.რ–ის წარმომადგენელმა და მოითხოვა ამერიკის შეერთებული შტატების, ნიუ იორკის შტატის უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 18 ოქტომბრის გადაწყვეტილების (საქმის ინდექსი N716474/2020) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.

შუამდგომლობის ავტორის განმარტებით ამერიკის შეერთებული შტატების, ნიუ იორკის შტატის უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 18 ოქტომბრის გადაწყვეტილებით შეწყდა ქორწინება ვ.რ–სა და რ.დ–ს შორის. შუამდგომლობის ავტორმა მიმართა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს განქორწინების რეგისტრაციის მოთხოვნით, სადაც მოსთხოვეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის თაობაზე.

საცნობი გადაწყვეტილების თანახმად, იგი კანონიერ ძალაშია შესული 2021 წლის 18 ოქტომბერს.

შუამდგომლობის ავტორი ვ.რ–ი არის როგორც საქართველოს მოქალაქე, ასევე ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები და მიიჩნევს, რომ შუამდგომლობა უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო.

საქართველოს ფარგლებს გარეთ გამოტანილი გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულების შესახებ შუამდგომლობის დასაშვებობას საქართველოს უზენაესი სასამართლო იხილავს საკასაციო ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვის წესებით.

„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 63-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნების სასამართლოების შუამდგომლობა სამართლებრივი დახმარებისათვის ცალკეულ საპროცესო მოქმედებათა შესრულების შესახებ ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 178-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, სარჩელს ხელს აწერს მოსარჩელე ან მისი უფლებამოსილი წარმომადგენელი.

სსსკ-ის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტის შესაბამისად საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს საკასაციო საჩივრის შემტანი პირის ხელმოწერას, ხოლო იმავე მუხლის მეორე ნაწილის მოხმობით წარმომადგენლის მიერ შეტანილ საკასაციო საჩივარს უნდა დაერთოს მინდობილობა, რომელიც ადასტურებს წარმომადგენლის უფლებამოსილებას საკასაციო საჩივრის შეტანაზე, თუ ასეთი უფლებამოსილების დამადასტურებელი საბუთი არ არის საქმეში.

სსსკ-ის 93-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით მხარეებს შეუძლიათ აგრეთვე საქმე აწარმოონ სასამართლოში წარმომადგენლის მეშვეობით. საქმის წარმოება წარმომადგენლის მეშვეობით არ ართმევს უფლებას მხარეებს თვითონაც პირადად მიიღონ მონაწილეობა საქმეში. იმავე კოდექსის 94-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად სასამართლოში მხარეების წარმომადგენლებად შეიძლება იყვნენ ადვოკატები. სსსკ-ის 96-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად ადვოკატის უფლებამოსილება დასტურდება „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონით. სსსკ-ის 98-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად უფლებამოსილება სასამართლოში საქმის წარმოების შესახებ უფლებას აძლევს წარმომადგენელს, მარწმუნებლის სახელით შეასრულოს ყველა საპროცესო მოქმედება, გარდა სარჩელის აღძვრისა, არბიტრაჟისათვის საქმის გადაცემისა, სასარჩელო მოთხოვნაზე მთლიანად ან ნაწილობრივ უარის თქმისა, სარჩელის ცნობისა, სარჩელის საგნის შეცვლისა, მორიგებისა, სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრებისა, სააღსრულებო ფურცლის გადასახდევინებლად წარდგენისა, მიკუთვნებული ქონების ან ფულის მიღებისა. წარმომადგენლის უფლებამოსილება ამ მუხლში აღნიშნული თითოეული მოქმედების შესრულებისათვის სპეციალურად უნდა იქნეს აღნიშნული მარწმუნებლის მიერ გაცემულ მინდობილობაში.

სსსკ-ის 440-ე მუხლის მიხედვით, პირს, რომელსაც არ ჩაუბარებია ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა და არ გაწევრებულა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში, ეკრძალება წარმომადგენლის უფლებამოსილების განხორციელება სააპელაციო და საკასაციო ინსტანციების სასამართლოებში.

ადვოკატთა შესახებ, საქართველოს კანონის მე-11 მუხლის, მე-8 პუნქტის მიხედვით, ადვოკატს, რომელსაც ჩაბარებული აქვს, ადვოკატთა, მოსამართლეობის, პროკურატურის საკვალიფიკაციო გამოცდა სპეციალიზაციის მიხედვით, უფლება ეძლევა, სააადვოკატო საქმიანობა შესაბამის დარგში განახორციელოს. საკონსტიტუციო სამართალწარმოებისისა და ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში ადვოკატად მონაწილეობის უფლება აქვს ნებისმიერ ადვოკატს.

მოცემულ შემთხვევაში შუამდგომლობის ავტორის წარმომადგენელია ხათუნა გირგვლიანი, რომელიც არის სისხლის სამართლის სპეციალიზაციით. შესაბამისად ხათუნა გირგვლიანს მოცემულ საქმეში არ აქვს უფლებამოსილება საკასაციო სასამართლოში განახორციელოს საპროცესო მოქმედებები შუამდგომლობის ავტორის წარმომადგენლის სტატუსით.

სსსკ-ის 187-ე მუხლის მეორე ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის შესახებ მოსამართლის განჩინება ჩაბარდება მოსარჩელეს/შუამდგომლობის ავტორს, რომელსაც იმავდროულად უბრუნდება მის მიერ შეტანილი დოკუმენტები.

საკასაციო სასამართლო განუმარტავს შუამდგომლობის ავტორს, რომ იმ გარემოების აღმოფხვრის შემთხვევაში, რომელიც საფუძვლად დაედო შუამდგომლობის განუხილველად დატოვებას, დაინტერესებულ პირს უფლება აქვს კვლავ მიმართოს სასამართლოს იგივე შუამდგომლობით საერთო წესის დაცვით (შდრ. სუსგ №ა-1190-შ-31-2024, 11.03.2024წ.; №ა-5643-შ-173-2023, 17.11.2023წ.).

სსსკ-ის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს, ხოლო სსსკ-ის 372-ე მუხლის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვა იმ წესების დაცვით წარმოებს, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, სსსკ-ის 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ვ.რ–ის შუამდგომლობა ამერიკის შეერთებული შტატების, ნიუ იორკის შტატის უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 18 ოქტომბრის გადაწყვეტილების (საქმის ინდექსი N716474/2020) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის თაობაზე დარჩეს განუხილველად.

2. განემარტოს შუამდგომლობის ავტორს, რომ არ კარგავს უფლებას ამავე შუამდგომლობით კვლავ მომართოს საკასაციო სასამართლოს.

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლე: მიხეილ ჯინჯოლია