დაუშვებლად იქნა ცნობილი

სამოქალაქო 01.04.2026
საქმის ნომერი
ას-1467-2025
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
01.04.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №ას-1467-2025

1 აპრილი, 2026 წელი ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბადრი შონია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ვლადიმერ კაკაბაძე, ლევან მიქაბერიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - შპს ,,ვ.კ–ია" (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - სს „ს.რ–ა“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 25 სექტემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. 2023 წლის 22 მაისს რუსთავის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა სს ,,ს.რ–ის’’ წარმომადგენელმა მოპასუხე შპს ,,ვ.კ–იის" მიმართ ზიანის ანაზღაურების შესახებ მოთხოვნით და მოითხოვა:

1.1. მოპასუხე შპს ,,ვ.კ–იას" ს/ნ ........ მოსარჩელე სს ,,ს.რ–ის'' ს/ნ ......... სასარგებლოდ დაეკისროს ზიანის ანაზღაურება 62 500 აშშ დოლარის, 39 615.48 შვეიცარიული ფრანკისა და 8 531. 80 ლარის ოდენობით.

1.2. მოპასუხე შპს ,,ვ.კ–იას'' ს/ნ .......... მოსარჩელე სს ,,ს.რ–ის'' ს/ნ .......... სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის - 5 000 ლარის გადახდა;

2. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.

3. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 22 აპრილის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, სხდომაზე მოპასუხის გამოუცხადებლობის გამო დაკმაყოფილდა სარჩელი და მოპასუხე შპს ,,ვ.კ–იას" ს/ნ ........., მოსარჩელე სს "ს.რ–ის’’ ს/ნ ......... სასარგებლოდ დაეკისრა ზიანის ანაზღაურება - 62 500 აშშ დოლარის, 39 615.48 შვეიცარიული ფრანკისა და 8 531.80 ლარის ოდენობით; მოპასუხე შპს ,,ვ.კ–იას’’ ს/ნ .........., მოსარჩელე სს ,,ს.რ–ის’’ ს/ნ ........ სასარგებლოდ დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის - 5 000 ლარის გადახდა.

4. ამავე სასამართლოს 2024 წლის 19 ივნისის განჩინებით შპს ,,ვ.კ–იის'' საჩივარი ზემოაღნიშნულ დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე არ დაკმაყოფილდა, რაც ამ უკანასკნელმა გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 25 სექტემბრის განჩინებით, შპს ,,ვ.კ–იის’’ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 22 აპრილის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2024 წლის 19 ივნისის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ.

6. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, სადავო დაუსწრებელი გადაწყვეტილება გასაჩივრებულია სასამართლო სხდომაზე მოპასუხე მხარის (წარმომადგენლის) გამოუცხადებლობის საპატიო გარემოების არსებობის საფუძვლით, საპატიო გარემოებად კი, დასახელებულია ავადმყოფობა.

7. პალატამ შეფასა მოპასუხე მხარის მიერ წარმოდგენილი 2024 წლის 22 აპრილის ცნობა, მოპასუხის წარმომადგენლის გ.წ–ის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ და აღნიშნა, რომ მოცემული დოკუმენტი არ არის ხელმოწერილი სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელი პირის მიერ და არ შეიცავს ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ გ.წ–ისათვის 2024 წლის 22 აპრილს დანიშნულ სასამართლო სხდომაზე გამოცხადება იყო შეუძლებელი. სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ მოპასუხის წარმომადგენელი, შესაბამისი სამედიცინო დახმარების თუ კვლევის ჩატარების მიზნით, თავად გამოცხადდა სამედიცინო დაწესებულებაში და განმარტა, რომ გ.წ–ს იმ მომენტისთვის შესწევდა გადაადგილებისა და კომუნიკაციის დამყარების ძალა და შეეძლო დაჰკავშირებოდა სასამართლოს აპარატს და შეეტყობინებინა სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის შესახებ.

8. პალატამ ყურადღება მიაქცია ასევე იმ ფაქტს, რომ მხარეს სასამართლოსთან კომუნიკაცია არ დაუმყარებია არც 22 აპრილს გამართული სხდომის დაწყების წინ და არც მის შემდგომ, რაც მიუთითებდა მისი პროცესუალურად კეთილსინდისიერი ქცევის სტანდარტის დარღვევაზე. აპელანტს ასევე არ მიუთითებია მის მიერ სასამართლოსათვის შეტყობინების განხორციელების შეუძლებლობაზე, ამ მიმართებით რაიმე მტკიცება არ წარმოუდგენია. შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 22 აპრილის დაუსწრებელი გადაწყვეტილება მიღებული იყო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მოთხოვნათა შესაბამისად და მისი გაუქმებისა და საქმის განახლების საფუძელი არ არსებობდა.

9. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს "ვ.კ–იამ".

10. კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:

10.1. კასატორის განმარტებით, საქმეში არსებული ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ NIV – 100 ცნობის თანახმად, კასატორის წარმომადგენელს გ.წ–ს, 2024 წლის 22 აპრილს აღენიშნებოდა საერთო სისუსტე, სურდო, ცხელება, სველი ხველა, რის გამოც მიეცა ძლიერი დამზოგველი რეჟიმის თვითიზოლაციის რეკომენდაცია სახლის პირობებში, ანუ აღნიშნული ჩანაწერის თანახმად, ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, გ.წ–ს უნდა დაეცვა თვითიზოლაციის რეჟიმი, რაც გულისხმობს ხსენებული პირის საჯარო სივრცეში, მათ შორის სასამართლო სხდომაზე გამოცხადების დაუშვებლობას. წარმოდგენილი დოკუმენტი პირდაპირ შეიცავს იმ ჩანაწერს, რომელიც სსსკ-ის 215-ე მუხლის მესამე ნაწილით არის დადგენილი. მოცემული დოკუმენტი ხელმოწერილია დაწესებულების ხელმძღვანელი პირის, საწარმოს დირექტორის მიერ, რასაც ადასტურებს როგორც თავად ეს დოკუმენტი, ასევე - საკასაციო საჩივარზე თანდართული ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან. რაც შეეხება წარმომადგენლის მიერ სასამართლო სხდომამდე გამოუცხადებლობის თაობაზე სასამართლოს შეუტყობინებლობის ფაქტს, აღნიშნული არ შეიძლება გახდეს დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების გამამართლებელი გარემოება. სასამართლო სხდომაზე პირის გამოუცხადებლობა საპატიოობის თვალსაზრისით ფასდება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის და არა სასამართლოსათვის შეტყობინების განხორციელება-განუხორციელებლობის კუთხით.

11. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 12 იანვრის განჩინებით შპს ,,ვ.კ–იის’’ საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

12. საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც საკასაციო საჩივარი დაუშვებელია: 13. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

14. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). 15. საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს სააპელაციო პალატის მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოში მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და მისი ძალაში დატოვების შესახებ განჩინების კანონიერება.

16. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მართლმსაჯულების სისტემის ეფექტურობა სამართლებრივი წესრიგის განმტკიცებისა და სამართლებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის ფუნდამენტური წინაპირობაა. მართლმსაჯულების ეფექტურობა დამოუკიდებელ, მიუკერძოებულ, სამართლიან და დროულ სამართალწარმოებაში პოვებს გამოხატულებას (იხ. შ.შმიდტი, ჰ.რიჰტერი., მოსამართლის მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცესი სამოქალაქო სამართალში, GIZ, 2013, გვ.3.).

17. სამოქალაქო პროცესში (სასარჩელო წარმოებაში) ყოველთვის მონაწილეობს ორი ურთიერთდაპირისპირებული ინტერესის მქონე მხარე – მოსარჩელე და მოპასუხე. ამ ორი მხარის აქტიური მონაწილეობა საქმის განხილვაში უზრუნველყოფილია მათი ინტერესით: მოსარჩელის ინტერესი მდგომარეობს იმაში, რომ სასამართლომ დააკმაყოფილოს სარჩელი, გამოიტანოს მისთვის სასურველი გადაწყვეტილება, ხოლო მოპასუხის ინტერესი – ესაა სასამართლოს მიერ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. ამ ინტერესების რეალიზაციისათვის მხარეებს მინიჭებული აქვთ შესაბამისი საპროცესო უფლებები. სამოქალაქო პროცესის ერთ–ერთი თავისებურება მდგომარეობს იმაში, რომ საპროცესო უფლებების გამოუყენებლობას შეიძლება მოყვეს არახელსაყრელი შედეგი იმ მხარისათვის, რომელმაც ეს უფლება არ გამოიყენა. ორივე მხარის მონაწილეობას პროცესში აქვს მრავალმხრივი მნიშვნელობა, მათ შორის იმ თვალსაზრისითაც, რომ სასამართლოს საშუალებას აძლევს შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვით, დაადგინოს საქმის ფაქტობრივი გარემოებები. მაგრამ, რა უნდა მოიმოქმედოს სასამართლომ, როცა საქმის განხილვაზე არ ცხადდება ერთ-ერთი მხარე (რომელსაც კანონით დადგენილი წესით ეცნობა საქმის განხილვის დროისა და ადგილის შესახებ)? საქმის განხილვა და ამ საქმეზე მრთლმსაჯულების განხორციელება არ შეიძლება დამოკიდებული იყოს ერთ-ერთი მხარის ნება - სურვილზე.

18. დაუსწრებელი გადაწყვეტილება, ესაა სასამართლო სხდომაზე (როგორც მოსამზადებელ სხდომაზე, ასევე მთავარ სხდომაზე) გამოუცხადებელი მხარის წინააღმდეგ გამოტანილი გადაწყვეტილება, რომელიც ემყარება მხოლოდ გამოუცხადებლობას და არა საქმის მასალებს. დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას საფუძვლად უდევს ვარაუდი იმის შესახებ, რომ გამოუცხადებელი მხარე უარს ამბობს თავის მოთხოვნაზე მოწინააღმდეგე მხარის მიმართ (როცა მოსარჩელე არ გამოცხადდა) ან აღიარებს (ცნობს) ფაქტობრივ გარემოებებს, რომლებიც საფუძვლად უდევს სასარჩელო მოთხოვნას (როცა არ ცხადდება მოპასუხე).

19. მხარის სასამართლო სხდომაზე არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობა აღიქმება, როგორც სასამართლოს უპატივცემულობა, რომლის დროსაც მხარის მიერ უგულებელყოფილია სასამართლოს დროის რესურსი და მართლმსაჯულების დროული განხორციელების მიზნები, რაც თავისთავში გულისხმობს, სასამართლოს მიერ მინიმალური საპროცესო მექანიზმების დაზოგვასა და რიგი პროცედურების თავიდან აცილებას, ასევე უკავშირდება მხარეთა ფუნდამენტური უფლების დაცვას – მართლმსაჯულების დროულ და სწრაფ განხორციელებას. სწორედ მხარის დავალდებულება, რომ მან სასამართლო სხდომის დაწყებამდე გონივრულ ვადაში აცნობოს სასამართლოს მისი სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზი, რაც უნდა დასტურდებოდეს შესაბამისი მტკიცებულებით, წარმოადგენს სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელების საშუალებას, რომლითაც აცილებული იქნება დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა და იმ დროის რესურსისა თუ საპროცესო მექანიზმების დაზოგვა, რაც გამოუცხადებელი მხარის ბრალით იქნა გამოწვეული (იხ. სუსგ №ას-6-2023, 4 მაისი, 2023 წელი).

20. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე, მოპასუხის გამოუცხადებლობის გამო, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის საკითხი მოწესრიგებულია სსსკ-ის 230-ე მუხლით, რომლის თანახმად, თუ სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდება მოპასუხე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით, და მოსარჩელე შუამდგომლობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე, მაშინ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება. თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, სარჩელი დაკმაყოფილდება. წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო უარს ეტყვის მოსარჩელეს მის დაკმაყოფილებაზე.

21. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სასამართლო ყოველთვის არის ვალდებული შეამოწმოს, ხომ არ არსებობს სსსკ-ის 233-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დამაბრკოლებელი გარემოებები, კერძოდ, მხარის გამოუცხადებლობის შემთხვევაში, სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია, თუ: ა) გამოუცხადებელი მხარე მოწვეული არ იყო ამ კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით; ბ) სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ არსებობდა დაუძლეველ ძალა ან სხვა მოვლენები, რომელსაც (რომლებსაც) შეეძლო ხელი შეეშალა სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის; გ) გამოუცხადებელ მხარეს დროულად არ ეცნობა საქმის ფაქტობრივი გარემოებები; დ) არ არსებობს სარჩელის აღძვრის წინაპირობები (სსსკ-ის 233.1. მუხლი).

22. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გასაჩივრების შესაძლებლობას. მხარეს, რომლის წინააღმდეგაც გამოტანილია დაუსწრებელი გადაწყვეტილება, შეუძლია გააქარწყლოს ვარაუდი, რომელიც საფუძვლად უდევს ამ გადაწყვეტილებას, მოითხოვოს მისი გაუქმება და საქმის განახლება, თუ დაამტკიცებს, რომ არ არსებობდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის წინაპირობები.

23. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სსსკ-ის 241-ე მუხლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის. ამრიგად, კანონმდებელი ავალდებულებს მხარეს, წინასწარ აცნობოს სასამართლოს სხდომაზე მისი გამოცხადების შეუძლებლობისა და მიზეზის შესახებ, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ასეთი შეტყობინება სხდომამდე შეუძლებელია. იმ გარემოებათა დამტკიცების ტვირთი, რომლებზეც მიუთითებს მხარე თავის საჩივარში, როგორც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზზე, ეკისრება მომჩივანს, ხოლო ამ გარემოებათა შეფასება იმ თვალსაზრისით, თუ რამდენად საპატიოა მხარის გამოუცხადებლობა - სასამართლოს უფლებამოსილებაა (შდრ. სუსგ -ები: №ას-803-803-2018, 27 სექტემბერი, 2018 წელი; №ას-1445-1459-2011, 31 ოქტომბერი, 2011 წელი; №ას-1410-1330-2017, 30 იანვარი, 2018 წელი).

24. განსახილველ შემთხვევაში სადავო დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე შეტანილ საჩივარში მოპასუხე მხარემ საქმის განხილვაზე მისი გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად მიუთითა იმ ფაქტზე, რომ სხდომის დღეს მოპასუხის წარმომადგენელს შეექმნა ჯანმრთელობის პრობლემა, რის გამოც ვერ გამოცხადდა სასამართლო სხდომაზე. ასევე მოპასუხის წარმომადგენელი მოკლებული იყო შესაძლებლობას, სასამართლო ჩაეყენებინა საქმის კურსში, იმასთან დაკავშირებით, რომ 2024 წლის 22 აპრილს დანიშნულ სასამართლოს მოსამზადებლ სხდომაზე ვერ გამოცხადდებოდა, ვინაიდან თავს გრძნობდა შეუძლოდ.

25. სსსკ-ის 215-ე მუხლის მესამე ნაწილი განსაზღვრავს ამა თუ იმ საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობის საპატიოდ მიჩნევის წანამძღვრებს და ასეთად მიიჩნევს ავადმყოფობას, ახლო ნათესავის გარდაცვალებას ან სხვა განსაკუთრებულ ობიექტურ გარემოებას, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის საპროცესო მოქმედების შესრულებას.

26. კანონის მითითებული დანაწესის თანახმად, საპატიოდ ჩაითვლება ისეთი გარემოების არსებობის სარწმუნოდ დადასტურება, რომელიც ობიექტურად შეუძლებელს ხდის მხარის მიერ საპროცესო მოქმედების შესრულებას, მოცემულ შემთხვევაში კი – სასამართლო პროცესზე გამოცხადებას. ამასთან, ამგვარი საპატიო გარემოების დადასტურების ვალდებულებასთან დაკავშირებულ მტკიცების სტანდარტს აწესებს სსსკ-ის 102-ე მუხლი, რომლის თანახმად თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამავე კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით კი, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.

27. ამდენად, სათანადო მტკიცებულებით დადასტურებას საჭიროებს საპროცესო ვალდებულების შეუსრულებლობის მიზეზად დასახელებული ნებისმიერი გარემოება, რომელზეც მხარე აპელირებს. ამასთან, აღნიშნული მიზეზი უნდა ადასტურებდეს სადავო საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობის ობიექტურ შეუძლებლობას (იხ. სუსგ №ას-6-2023, 4 მაისი, 2023 წელი).

28. კანონის ზემოაღნიშნული დანაწესი პირდაპირ განსაზღვრავს, თუ რა მტკიცებულებით უნდა დადასტურდეს მხარის ავადმყოფობის ფაქტი და ასეთად მიიჩნევს სამედიცინო დოკუმენტს, რომელიც: ა) ხელმოწერილია სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ; ბ) პირდაპირ მიუთითებს მხარის შეუძლოდ ყოფნაზე კონკრეტული დროის მონაკვეთში (რომლის განმავლობაშიც უნდა შესრულებულიყო სადავო საპროცესო მოქმედება); გ) ასახავს პაციენტის ჯანმრთელობის იმგვარ გაუარესებას, რაც გამორიცხავს საპროცესო მოქმედების შესრულების შესაძლებლობას.

29. საკასაციო სასამართლო მნიშვნელოვნად მიიჩნევს, განიმარტოს კანონმდებლის დათქმა – „პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე“. აღნიშნული დანაწესი გულისხმობს, რომ სამედიცინო ცნობაში გასაგებად უნდა იკითხებოდეს მხარის ჯანმრთელობის ისეთი მძიმე მდგომარეობის არსებობა, რომელიც რეალურად შეუშლის ხელს მხარეს გადაადგილებასა და სასამართლოსთან კომუნიკაციაში. აღნიშნული ეჭვს არ იწვევს, როდესაც დგინდება მხარისათვის სტაციონარული სამედიცინო მომსახურების გაწევის ფაქტი ან მკურნალი ექიმის რეკომენდაცია წოლითი რეჟიმის დაცვის თაობაზე, თუმცა გასათვალისწინებელია ისეთი შემთხვევაც, როდესაც სამედიცინო დოკუმენტი შეიცავს მხოლოდ პაციენტისათვის დასმულ დიაგნოზს. ეს დიაგნოზი კი, თავისთავად მეტყველებს პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის სიმძიმეზე.

30. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა სწორედ იმ მიზნით აწესებს ამა თუ იმ საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობის მიზეზის შეფასების ზემოთ მოყვანილ წესს, რომ მხარეებმა საპროცესო ვალდებულებების შესრულებისადმი განსაკუთრებული ყურადღება გამოიჩინონ და მხოლოდ ობიექტურად გამოუვალი მდგომარეობა იქნეს მიჩნეული დასახელებული მოვალეობების შეუსრულებლობის საპატიო მიზეზად (იხ. საქმე №ას-455-2024, 14 ივნისი, 2024).

31. იმისათვის, რომ სასამართლომ პროცესზე მხარის გამოუცხადებლობა ან სასამართლოსთვის შუამდგომლობისა და განცხადების წარუდგენლობა საპატიოდ მიიჩნიოს, უნდა არსებობდეს ორი წინაპირობა: 1. გამოუცხადებლობა გამოწვეული უნდა იყოს განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით და 2. აღნიშნული განსაკუთრებული ობიექტური გარემოება მხარისაგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს უნდა ხდიდეს მხარის პროცესზე გამოცხადებას ან/და გამოცხადების შეუძლებლობის შესახებ სასამართლოსთვის შეტყობინებას. იმისათვის, რათა სასამართლომ მხარის მიერ მითითებული მიზეზი გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად მიიჩნიოს, მას უნდა შეექმნას მხარის გამოცხადების ობიექტური შეუძლებლობის მყარი შინაგანი რწმენა. ამ შემთხვევაშიც, ისევე როგორც, ზოგადად, სამოქალაქო სამართალწარმოებისას, მხარეს ეკისრება სადავო გარემოების მტკიცების ტვირთი. ამასთან, სასამართლო სხდომაზე მხარის გამოუცხადებლობის ყოველი კონკრეტული შემთხვევა უნდა შეფასდეს ინდივიდუალურად, საქმეში არსებული მტკიცებულებების ურთიერთშეჯერებით (იხ. საქმე №ას-183-2023, 31 მაისი, 2023 წელი).

32. კანონმდებელი ავალდებულებს მხარეს, წინასწარ აცნობოს სასამართლოს შესაბამისი საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობის შეუძლებლობის მიზეზების შესახებ, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ასეთი შეტყობინება სხდომამდე შეუძლებელია. იმ გარემოებათა მტკიცების ტვირთი, რომლებზეც მიუთითებს მხარე თავის საჩივარში, როგორც შესაბამისი საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობის შეუძლებლობის საპატიო მიზეზზე და ამ გარემოების წინასწარ სასამართლოსათვის შეტყობინების შეუძლებლობაზე, ეკისრება მომჩივანს, ხოლო ამ გარემოებათა შეფასება იმ თვალსაზრისით, თუ რამდენად საპატიოა მხარის მიერ მითითებული საფუძველი სასამართლოს უფლებამოსილებაა (შდრ. სუსგ საქმე №ას-1270-2018, 2 ნოემბერი, 2018).

33. განსახილველ შემთხვევაში საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს რამდენიმე გარემოებას. საქმეში წარმოდგენილია 2024 წლის 22 აპრილით დათარიღებული ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ფორმა №IV-100ა, რომლითაც დგინდება, რომ მოსარჩელის წარმომადგენელმა გ.წ–მა სამედიცინო დაწესებულებას მიმართა 2024 წლის 22 აპრილს, დიაგნოზი იყო ქვედა სასუნთქი გზების მწვავე რესპირაციული ინფექციები, ბრონქიტი. მოკლე ანამნეზი: დაავადება დაეწყო შემცივნებით, ზოგადი საერთო სისუსტით, მაღალი სიცხეებით, t – 37.5-38.30C; სურდოს მოვლენებით, სველი ხველით, ნახველის გამოყოფით. დაენიშნა მკურნალობა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო და სიცხის დამწევი საშუალებებით სიმპტომურად, ძლიერი დამზოგველი რეჟიმი თვითიზოლაციის დაცვით სახლის პირობებში ცხელების პერიოდში. გაიცა სამკურნალო და შრომითი რეკომენდაციები - რეკომენდებულია დამზოგველი რეჟიმის დაცვა. ცხელების გაგრძელების შემთხვევაში თვითიზოლაციის დაცვა სახლის პირობებში და თერაპევტის განმეორებით კონსულტაცია. ცნობა ხელმოწერილია მკურნალი ექიმისა და დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ. ცნობის გაცემის თარიღი - 22.04.2024 წ.

34. საკასაციო პალატა მითითებულ მტკიცებულებას აფასებს რა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილი წესით, მიიჩნევს, რომ წარმომადგენლის მხრიდან არ არის დაცული კეთილსინდისიერი ქცევის სტანდარტი და წარმოდგენილი მტკიცებულება არარელევანტურია, მას სასამართლოსათვის წინასწარ არ შეუტყობინებია, რომ კონკრეტულ საპროცესო მოქმედებას ვერ ასრულებდა არსებული ან წარმოშობილი ობიექტური საფუძვლების გამო, ამასთან, მხარე ვერც იმ გარემოებას ვერ ადასტურებს, რომ ასეთი შეტყობინება წინასწარ შეუძლებელი იყო. საჩივრის ავტორის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებით არ დასტურდება სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის შესახებ სასამართლოსათვის შეტყობინების შეუძლებლობა, რაც დაუსწრებელი გადაწყვეტილების მართებულად მიღების წინაპირობებს ქმნის.

35. ამასთან, საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ მოპასუხე (კასატორი) იურიდიული პირია, რომელსაც მისი სტატუსიდან გამომდინარე, ფიზიკური პირისგან განსხვავებული პასუხისმგებლობითა და სტანდარტით მოეთხოვება იმ რისკების მაქსიმალურ დონემდე შემცირება, რომლის გაუთვალისწინებლობამაც შესაძლოა გარკვეული პრობლემების წინაშე დააყენოს კომპანია. პალატის განმარტებით, იმ შემთხვევაში, თუ გამოვლენილი იყო ის გარემოებები, რომელსაც შეეძლო, ხელი შეეშალა წარმომადგენლის სასამართლო სხდომაზე გამოცხადებაში, კომპანია ვალდებული იყო გონივრული წინდახედულობის ფარგლებში არახელსაყრელი შედეგის თავიდან ასაცილებლად, სათანადოდ უზრუნველეყო პროცესში საკუთარი მონაწილეობა. შესაბამისად, წარმომადგენლის სასამართლო პროცესზე გამოუცხადებლობა, იურიდიული პირისათვის სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად ვერ ჩაითვლება (შდრ. საქმე №ას-780-780-2018, 2019 წლის 22 ოქტომბრის განჩინება).

36. პალატა მიიჩნევს, რომ შპს ,,ვ.კ–ას", რომლისთვისაც ცნობილი უნდა ყოფილიყო მისი წარმომადგენლის მდგომარეობის შესახებ, შეეძლო უზრუნველეყო სასამართლო სხდომაზე სხვა წარმომადგენლის მეშვეობით მონაწილეობა ან წინასწარ ეცნობებინა სასამართლოსთვის წარმომადგენლის გამოცხადების შეუძლებლობის შესახებ და დაეყენებინა შუამდგომლობა სხდომის გადადების თაობაზე.

37. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მხარემ ვერ წარადგინა დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, რაც დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმისწარმოების განახლების წინაპირობა გახდებოდა. შესაბამისად, ზემოხსენებული მოწმობს, რომ სააპელაციო პალატამ მართებულად შეაფასა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება, როდესაც იგი ძალაში დატოვა.

38. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტების ფარგლებში, რაც სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლი), კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლო მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი მიუთითებს.

39. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.

40. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი .

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე მუხლებით

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს ,,ვ.კ–იას" საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო;

2. შპს ,,ვ.კ–იას" (ს/ნ ........) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150, საგასახდო დავალება #31381264168, გადახდის თარიღი 12.01.2026);

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები : ბადრი შონია

ლევან მიქაბერიძე

ვლადიმერ კაკაბაძე