დაუშვებლად იქნა ცნობილი

სამოქალაქო 24.06.2025
საქმის ნომერი
ას-446-2024
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
24.06.2025

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

24 ივნისი 2025 წელი

საქმე №ას-446-2024 თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ამირან ძაბუნიძე

გოჩა ჯეირანაშვილი

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი - საქართველოს ფინანსთა სამინისტრო

მოწინააღმდეგე მხარე - ე.ბ–ძე

მოპასუხე - რ.ტ–ძე

მესამე პირი - აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიურო

გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 17 იანვრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი - ავტოსატრანსპორტო საშუალების მესაკუთრედ ცნობა (აღიარება), ქონების ყადაღისაგან გათავისუფლება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. ე.ბ–ძემ სარჩელით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს, მოპასუხეების - რ.ტ–ძისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, მესამე პირის - აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროს მიმართ, ავტოსატრანსპორტო საშუალების მესაკუთრედ ცნობისა და ქონების ყადაღისაგან გათავისუფლების მოთხოვნით.

2. მოპასუხე საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ არასათანადო მოპასუხეა. მოპასუხე რ.ტ–ძემ სარჩელი ცნო და სრულად დაეთანხმა სარჩელში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს. მესამე პირს - აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროს შესაგებელი არ წარმოუდგენია.

3. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 19 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, სარჩელი დაკმაყოფილდა. ,,მერსედეს ბენცი" 19OEKAT მარკის ავტოსატრანსპორტო საშუალება, სახ. ნომრით ......, ტრანსპორტის საიდენტიფიკაციო ნომერი ......, აღიარებული იქნა ე.ბ–ძის (პ/ნ ......) საკუთრებად (აღნიშნული წარმოადგენდა ს.ს.ი.პ. მომსახურების სააგენტოში ავტომანქანის ე.ბ–ძის სახელზე რეგისტრაციის საფუძველს); ,,მერსედეს ბენცი" 19OEKAT მარკის ავტოსატრანსპორტო საშუალება, სახ. ნომრით ......, ტრანსპორტის საიდენტიფიკაციო ნომერი ......, გათავისუფლდა ყადაღისაგან და ამოირიცხა მოვალეთა რეესტრიდან; ძალაში დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 12 თებერვლის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც შეჩერდა აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროს წარმოებაში არსებულ სააღსრულებო საქმეზე, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ 2019 წლის 04 ნოემბერს გაცემული №1-775/19 სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, მოვალე რ.ტ–ძის საკუთრებაში არსებული აღნიშნული ავტომანქანის აუქციონზე რეალიზაცია.

4. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, მოითხოვა მისი გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 17 იანვრის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება, შემდეგ ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძვლებზე მითითებით:

5.1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 27 სექტემბრის განაჩენით (საქმე №1-775/19), რ.ტ–ძე ცნობილი იქნა დამნაშავედ სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ განესაზღვრა ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით. აღნიშნული განაჩენის საფუძველზე, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ, 2019 წლის 04 ნოემბერს, გაიცა სააღსრულებო ფურცელი და გადაეგზავნა აღსასრულებლად ს.ს.ი.პ. აღსრულების ეროვნულ ბიუროს.

5.2. ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ, 2019 წლის 04 ნოემბერს, გაცემული და გადაგზავნილი სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე, რ.ტ–ძის მიმართ დაიწყო სააღსრულებო წარმოება.

5.3. ,,მერსედეს ბენცი“ 19OEKAT მარკის ავტოსატრანსპორტო საშუალება, სახელმწიფო ნომრით ......, ტრანსპორტის საიდენტიფიკაციო ნომერი: ......, ს.ს.ი.პ. მომსახურების სააგენტოში დღემდე რეგისტრირებულია რ.ტ–ძის სახელზე.

5.4. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 27 სექტემბრის განაჩენის აღსრულების მიზნით, ს.ს.ი.პ. აღსრულების ეროვნული ბიუროს აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის ი. ორაგველიძის მიერ რ.ტ–ძის სახელზე ს.ს.ი.პ. მომსახურების სააგენტოში რიცხულ ავტომანქანას (,,მერსედეს ბენცი“ 19OEKAT მარკის, სახელმწიფო ნომრით ......, ტრანსპორტის საიდენტიფიკაციო ნომერი ......) დაედო ყადაღა. რ.ტ–ძე რეგისტრირებულია მოვალეთა რეესტრშიც.

5.5. 2019 წლის 30 მარტსა და 2021 წლის 14 თებერვალს მოსარჩელემ ავტოსატრანსპორტო საშუალება „მერსედეს ბენცი“-ს (სახელმწიფო ნომრით ......) მართვისას ჩაიდინა ადმინისტრაციული სამართალდარღვევები, რის გამოც დაედო ადმინისტრაციული სახდელები.

5.6. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, სასარჩელო მოთხოვნის სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე, 158-ე, 186-ე მუხლები და „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლი.

5.7. მოცემული დავის ფარგლებში სადავო იყო მოსარჩელის საკუთრების უფლება სადავო მოძრავ ნივთზე (,,მერსედეს ბენცი“ 19OEKAT მარკის ავტოსატრანსპორტო საშუალება, სახელმწიფო ნომრით ......, ტრანსპორტის საიდენტიფიკაციო ნომერი ......).

5.8. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ საკუთრების უფლების წარმოშობის საფუძვლები ამომწურავადაა დადგენილი საქართველოს სამოქალაქო კოდექსით, რომელიც ერთმანეთისაგან განასხვავებს მოძრავ და უძრავ ნივთებზე საკუთრების შეძენის სამართლებრივ რეჟიმს. ამავე კოდექსის 186-ე-187-ე მუხლებით განსაზღვრულია რა მოძრავ ნივთებზე საკუთრების შეძენის საფუძვლები, ეს წესები თანაბრად ვრცელდება ყველა მოძრავ ნივთზე და იგი არ ადგენს მოძრავ ნივთზე საკუთრების შესაძენად სავალდებულო რეგისტრაციას (ს.უ.ს.გ: №ას-914-954-2011, 27 ოქტომბერი, 2011წ.; №ას-658-625-2014, 5 დეკემბერი, 2014წ.).

5.9. სააპელაციო პალატამ მიუთითა „საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველ მუხლზე, რომლის თანახმად, აღნიშნული კანონი განსაზღვრავს საქართველოს ტერიტორიაზე საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების სამართლებრივ საფუძვლებს. ამავე კანონით იმპერატიულად დადგენილია სატრანსპორტო საშუალებათა სავალდებულო რეგისტრაცია, რაც თავისთავად არ წარმოადგენს ნივთზე საკუთრების წარმოშობის საფუძველს. რეგისტრაციის განხორციელება არ წარმოადგენს სამოქალაქო-სამართლებრივ აქტს, იგი მხოლოდ საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის სამართლებრივ საფუძველს ქმნის და თავისი არსით ადმინისტრაციული სამართლის სფეროს განეკუთვნება.

5.10. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, მოცემულ შემთხვევაში, სადავო ავტოსატრანსპორტო საშუალება მოსარჩელის სახელზე კანონით განსაზღვრული წესით რეგისტრირებული არ არის, შესაბამისად, მოსარჩელისათვის მისი კუთვნილება მხარეთა მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე უნდა დადგენილიყო.

5.11. სააპელაციო პალატამ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-4, 102-ე და 105-ე მუხლებზე დაყრდნობით მიუთითა, რომ სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებული არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ თავიანთი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებები. კანონით გათვალისწინებული გამონაკლისი შემთხვევების გარდა, როდესაც მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციალური წესი მოქმედებს, მოსარჩელეს ეკისრება სასარჩელო განცხადებაში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ტვირთი, ხოლო მოპასუხე ვალდებულია, სარჩელისაგან თავდაცვის მიზნით, წარადგინოს იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც გააქარწყლებს მოსარჩელის მიერ მითითებულ გარემოებებს.

5.12. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე მიუთითებდა, რომ 01.05.2007წ. მოპასუხე რ.ტ–ძისაგან 3000 ლარად შეიძინა სადავო ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომელიც შეძენის შემდგომ მის მფლობელობაშია. მოსარჩელემ აღნიშნული ფაქტობრივი გარემოების დასადასტურებლად წარმოადგინა შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მიერ გაცემული ცნობა, საიდანაც გამოირკვა, რომ 30.03.2019წ. და 14.02.2021წ. იგი დაჯარიმდა ადმინისტრაციული წესით სადავო ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვის დროს. ის გარემოება, რომ მოსარჩელე დიდი ხნის განმავლობაში ფლობდა სადავო ავტოსატრანსპორტო საშუალებას, დაადასტურა პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულმა მოსარჩელის მეზობელმა და ახლობელმა ზ.დ–ძემ. ამასთანავე, მოპასუხე რ.ტ–ძემ (გამყიდველმა) სარჩელი ცნო და სრულად დაეთანხმა მასში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს.

5.13. ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასება და მიუთითა, რომ მიუხედავად იმისა, რომ მოსარჩელეს „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ კანონის შესაბამისად სავალდებულო რეგისტრაცია არ გაუვლია, ეს არ ნიშნავს, რომ მას სადავო ავტომანქანაზე საკუთრება არ შეუძენია. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, მოძრავ ნივთზე საკუთრების გადასაცემად აუცილებელია, რომ მესაკუთრემ ნამდვილი უფლების საფუძველზე გადასცეს შემძენს ნივთი (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 186.1-ე მუხლი), რაც მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელემ დაამტკიცა. აღნიშნულიდან გამომდინარე, იგი, როგორც სადავო ავტოსატრანსპორტო საშუალების მესაკუთრე, უფლებამოსილია, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის საფუძველზე, მოითხოვოს სადავო ნივთის ყადაღისაგან გათავისუფლება.

5.14. წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით, აპელანტი მიუთითებდა, რომ იგი წინამდებარე საქმეში არასათანადო მოპასუხეა, ვინაიდან აღსრულება არ მიმდინარეობს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს გადაწყვეტილების საფუძველზე და არც მისი მიმართვის საფუძველზეა გამოტანილი სასამართლოს აღსასრულებელი გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ სადავო ავტოსატრანსპორტო საშუალება მოვალე რ.ტ–ძეს არ ეკუთვნის და იგი მოსარჩელის საკუთრებას წარმოადგენს, ხოლო აღნიშნული ფაქტობრივი გარემოების მიმართ აპელანტს პრეტენზია არ წარუდგენია. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტის პრეტენზია მის არასათანადო მოპასუხეობასთან დაკავშირებით და მიუთითა, რომ „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების თანახმად, მესამე პირს უფლება აქვს, მოვალისა და კრედიტორის წინააღმდეგ აღძრას სარჩელი ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების შესახებ.

5.15. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს სადავო ავტოსატრანსპორტო საშუალების ყადაღისაგან გათავისუფლება და მის მესაკუთრედ ცნობა. ამასთან, დადგენილია, რომ აღნიშნული ავტოსატრანსპორტო საშუალება დაყადაღებულია ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის აღსრულების მიზნით, რომლის თანახმად, მოპასუხე რ.ტ–ძეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა 1000 ლარის ოდენობით ჯარიმის გადახდა. შესაბამისად, განსახილველ საქმეში მოვალეს წარმოადგენს რ.ტ–ძე, ხოლო კრედიტორს - სახელმწიფო ბიუჯეტი. სააპელაციო პალატამ ასევე მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკაზე, რომლის თანახმად, მოძრავი ქონების ყადაღისაგან გათავისუფლების შესახებ სარჩელის განხილვისას, როდესაც კრედიტორია სახელმწიფო, მნიშვნელობა ენიჭება იმის განსაზღვრას, თუ რომელი სახელმწიფო ორგანო ახორციელებს სახელმწიფო მმართველობას საფინანსო-საბიუჯეტო სფეროში და ამ ფუნქციის განხორციელებისას წარმოადგენს სახელმწიფოს. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, საქართველოს მთავრობის 2017 წლის 31 მარტის დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების მიხედვით, ფინანსთა სამინისტრო წარმოადგენს სახელმწიფოს საფინანსო-საბიუჯეტო სფეროში, რის გამოც სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ჯარიმის სახაზინო ანგარიშზე განთავსებასთან დაკავშირებულ დავებში იგი სათანადო მოპასუხედ უნდა ჩაითვალოს (შდრ. ს.უ.ს.გ. საქმე №ას-779-994-08, 23 თებერვალი, 2009 წელი; №ას-722-675-2017, 31 ივლისი, 2017 წელი; №ას-1951-2018, 21 მაისი, 2020 წელი).

5.16. აპელანტის მიერ მითითებულ საქმესთან (საქმე №ას-168-162-2011, 16.06.2011წ.) დაკავშირებით სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ ამ საქმეზე საკასაციო სასამართლოს არ დაუდგენია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს არასათანადო მოპასუხეობა, არამედ საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს იმის დასადგენად, წარმოადგენდა თუ არა საქართველოს ფინანსთა სამინისტრო სათანადო მოპასუხეს.

5.17. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ სარჩელი მართებულად დაკმაყოფილდა და, შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი არ ვლინდებოდა.

6. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინება საკასაციო წესით საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ გაასაჩივრა, მოითხოვა მისი გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. კასატორის ძირითადი პრეტენზია უკავშირდება მის არასათანადო მოპასუხედ მიჩნევას. კასატორი მიუთითებს, რომ „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 18¹ მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, როდესაც აღსასრულებელ გადაწყვეტილებაში კრედიტორად მითითებულია სახელმწიფო ან სახელმწიფო ბიუჯეტი, აღსრულებისას სახელმწიფოს წარმოადგენს ის სახელმწიფო ორგანო/პირი, რომლის გადაწყვეტილების საფუძველზედაც წარმოებს აღსრულება ან/და რომლის მიმართვის საფუძველზედაც სასამართლომ მიიღო აღსასრულებელი გადაწყვეტილება. კასატორის განმარტებით, მოცემულ შემთხვევაში, აღსრულება არ მიმდინარეობს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს გადაწყვეტილების საფუძველზე და არც სასამართლოს აღსასრულებელი გადაწყვეტილება ყოფილა მიღებული მისი მიმართვით. ამასთან, სადავო ყადაღა დადებულია სისხლის სამართლის საქმეზე გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე, რომელშიც ფინანსთა სამინისტრო სამართალურთიერთობის მონაწილეს არ წარმოადგენდა. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ დაუსაბუთებლად დატოვა იგი მოპასუხედ, არასწორად არ გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 85-ე მუხლი და უგულებელყო საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა, მათ შორის, საქმე №ას-168-162-2011, 16.06.2011წ.

7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:

8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

9. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.

10. კასატორის ძირითადი პრეტენზია მდგომარეობს იმაში, რომ წინამდებარე საქმეში საქართველოს ფინანსთა სამინისტრო არასათანადო მოპასუხეა. საკასაციო საჩივრის თანახმად, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 18¹ მუხლის მე-2 პუნქტიდან გამომდინარე, როდესაც აღსასრულებელ გადაწყვეტილებაში კრედიტორად მითითებულია სახელმწიფო ან სახელმწიფო ბიუჯეტი, სახელმწიფოს წარმოადგენს ის სახელმწიფო ორგანო/პირი, რომლის გადაწყვეტილების საფუძველზედაც მიმდინარეობს აღსრულება ან/და რომლის მიმართვის საფუძველზედაც სასამართლომ მიიღო აღსასრულებელი გადაწყვეტილება. კასატორი მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში, აღსრულება არ მიმდინარეობს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს გადაწყვეტილების საფუძველზე და არც აღსასრულებელი გადაწყვეტილებაა მიღებული მისი მიმართვის შედეგად, რის გამოც, ფინანსთა სამინისტრო მოცემულ დავაში სათანადო მოპასუხეს არ წარმოადგენს.

11. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების თანახმად, თუ მესამე პირი ამტკიცებს, რომ მას აღსრულების საგანზე გააჩნია უფლება, მას შეუძლია მოვალისა და კრედიტორის წინააღმდეგ აღძრას სარჩელი ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების შესახებ. აღნიშნული დანაწესი მიზნად ისახავს იმ პირთა უფლებების დაცვას, რომელთა საკუთრების ობიექტი შეცდომით მიიჩნევა მოვალის ქონებად და ექცევა აღსრულების ფარგლებში. ასეთ ვითარებაში, აღსრულების საგანზე უფლების მქონე მესამე პირი უფლებამოსილია, მოვალისა და კრედიტორის წინააღმდეგ მოითხოვოს ქონების ყადაღისაგან გათავისუფლება.

12. განსახილველ შემთხვევაში, სადავო არ არის ის გარემოება, რომ დაყადაღებული ავტოსატრანსპორტო საშუალება წარმოადგენს მოსარჩელის საკუთრებას. კასატორი სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ამ ფაქტობრივ გარემოებას არ შედავებია და გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძვლად მხოლოდ მის არასათანადო მოპასუხეობაზე მიუთითებს. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხოლოდ კასატორის არგუმენტზე, რომ იგი მოცემულ დავაში არასათანადო მოპასუხეა.

13. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მითითებას, რომ გასაჩივრებული განჩინება ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს დამკვიდრებულ პრაქტიკას, მათ შორის, საქმეზე №ას-168-162-2011, 16.06.2011წ. მიღებულ განჩინებას. მითითებულ საქმეში საკასაციო სასამართლოს არ დაუდგენია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს არასათანადო მოპასუხეობა, არამედ საქმე ხელახლა განსახილველად დაბრუნდა იმის გამოსარკვევად, კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, წარმოადგენდა თუ არა ფინანსთა სამინისტრო სათანადო მოპასუხეს დავაში.

14. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის შესაბამისად, სარჩელი ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების შესახებ წარედგინება მოვალესა და კრედიტორს, ხოლო მოცემულ შემთხვევაში, კრედიტორს სახელმწიფო ბიუჯეტი წარმოადგენს, რომლის სასარგებლოდაც უნდა განხორციელდეს აღსრულება. ამასთან, ვინაიდან სახელმწიფოს საფინანსო-საბიუჯეტო სფეროში წარმომადგენლობას საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ახორციელებს, მისი დავაში მოპასუხედ მონაწილეობა კანონთან შესაბამისობაშია.

15. მსგავს საქმეებში კასატორის სათანადო მოპასუხეობასთან დაკავშირებით არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა, რომლის თანახმად, მოძრავი ქონების ყადაღისაგან გათავისუფლების შესახებ სარჩელის განხილვისას, როდესაც კრედიტორია სახელმწიფო, არსებითია იმის განსაზღვრა, თუ კონკრეტულად რომელი სახელმწიფო ორგანო ახორციელებს სახელმწიფო მმართველობას საფინანსო-საბიუჯეტო სფეროში და ამ ფუნქციის განხორციელებისას ვინ წარმოადგენს სახელმწიფოს. საქართველოს მთავრობის 2017 წლის 31 მარტის დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების პირველი მუხლის მიხედვით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრო არის საქართველოს კონსტიტუციისა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად შექმნილი აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანო, რომელიც ახორციელებს სახელმწიფო მმართველობას საფინანსო-საბიუჯეტო, საგადასახადო და საბაჟო სფეროში; უზრუნველყოფს საქართველოს ტერიტორიაზე საბიუჯეტო, საგადასახადო და საბაჟო კანონმდებლობის დაცვასა და შესრულების კონტროლს. ამავე დებულების მე-3 მუხლის „თ“ ქვეპუნქტის მიხედვით, სამინისტროს ერთ-ერთი ფუნქციაა სახაზინო სამსახურის ანგარიშებზე ფულადი სახსრების მოძრაობის პროგნოზირება და მათი ფინანსურ ინსტრუმენტებში განთავსება. ხოლო, დებულების პირველი მუხლის მე-3 პუნქტი კი ადგენს, რომ თავისი ფუნქციების განხორციელებისას სამინისტრო წარმოადგენს სახელმწიფოს. ამდენად, ნათელია, რომ სახელმწიფო ბიუჯეტის სახაზინო ანგარიშზე ფულადი სახსრების მოძრაობის პროგნოზირება და მათი ფინანსურ ინსტრუმენტებში განთავსება სწორედ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფუნქციაა (შდრ. ს.უ.ს.გ. საქმე №ას-779-994-08, 23 თებერვალი, 2009 წელი; №ას-722-675-2017, 31 ივლისი, 2017 წელი; №ას-1951-2018, 21 მაისი, 2020 წელი; №ას-1614-2018, 14 ივლისი, 2020 წელი).

16. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან კონკრეტულ შემთხვევაში, სააღსრულებო ფურცლის მიხედვით, კრედიტორს სახელმწიფო ბიუჯეტი წარმოადგენს, ხოლო სახელმწიფოს საფინანსო-საბიუჯეტო სფეროში წარმომადგენლობას საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ახორციელებს, სააპელაციო სასამართლომ კასატორი მართებულად მიიჩნია სათანადო მოპასუხედ, ხოლო კასატორმა აღნიშნული დასკვნა ვერ გააქარწყლა სათანადო არგუმენტაციით.

17. კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლო მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი მიუთითებს. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით. გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.

18. კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან კანონის საფუძველზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

ამირან ძაბუნიძე

გოჩა ჯეირანაშვილი