დაუშვებლად იქნა ცნობილი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №ას-659-2024 15 მაისი, 2026 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ვლადიმერ კაკაბაძე, ბადრი შონია
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – შპს „ს–ი“ (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – სს ს.კ.„პ–ი“ (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 27 სექტემბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – სადაზღვევო თანხის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. შპს „ს–იმ“ (შემდგომში - მოსარჩელე) კერძო საჩივარი შეიტანა სს ს.კ.„პ–ის“ (შემდგომში - მოპასუხე) წინააღმდეგ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 27 სექტემბრის განჩინებაზე, რომლითაც მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი განუხილველად დარჩა, და მოითხოვა აღნიშნული განჩინების გაუქმება.
2. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, მისი სააპელაციო საჩივარი უკანონოდ დარჩა განუხილველად. მისი მითითებით, სარჩელის მიზანს წარმოადგენდა თანხის ანაზღაურება, რაც წინასწარი (შუალედური) გადაწყვეტილებით არ განხორციელებულა. შესაბამისად, სააპელაციო პალატამ არასწორად მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მოსარჩელის ინტერესების სასარგებლოდ იყო მიღებული და, ამდენად, მხარეს მისი გასაჩივრების საპროცესო შესაძლებლობა არ გააჩნდა. ამასთან, კერძო საჩივრის ავტორი მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატამ გაიზიარა გასაჩივრებულ წინასწარ გადაწყვეტილებაში მოცემული არასწორი შეფასება, თითქოს მოცემულ საქმეზე სადავო იყო როგორც მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძველი, ისე მისი ოდენობა. საქმეში წარმოდგენილია მხოლოდ მოსარჩელის მიერ სარჩელზე დართული გაანგარიშება, ხოლო მოპასუხეს საწინააღმდეგო კალკულაცია არ წარუდგენია. შესაბამისად, იმ პირობებში, როდესაც პირველი ინსტანციის სასამართლომ მტკიცებულებითი ძალა არ მიანიჭა საქმეში სადავო სადაზღვევო თანხის ოდენობის განმსაზღვრელ ერთადერთ გაანგარიშებას, სააპელაციო პალატის მიერ მოსარჩელის სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება უსაფუძვლოა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
3. საკასაციო სასამართლო, კერძო საჩივრის საფუძვლებისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად, მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება და საქმე იმავე სასამართლოს დაუბრუნდეს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის ხელახლა შესამოწმებლად შემდეგ გარემოებათა გამო:
4. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს სააპელაციო პალატის მიერ სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების მართლზომიერება, კერძოდ, რამდენად სწორად იქნა მიჩნეული, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს წინასწარი (შუალედური) გადაწყვეტილება არ წარმოშობდა მოსარჩელის მხრიდან მისი გასაჩივრების საპროცესო ინტერესს იმ საფუძვლით, რომ იგი არ შეიცავდა მოსარჩელის მოთხოვნის საწინააღმდეგო სარეზოლუციო დებულებას.
5. აღნიშნული საკითხის გადაწყვეტა მოითხოვს წინასწარი (შუალედური) გადაწყვეტილების სამართლებრივი ბუნების, მისი პროცესუალური თავისებურებების, ფორმირების, სააპელაციო ინტერესის არსებობის კრიტერიუმებისა და სააპელაციო საჩივრის უფლების, როგორც სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის კონსტიტუციური გარანტიის, ურთიერთკავშირში შეფასებას.
6. გასაჩივრებულ განჩინებაში სააპელაციო პალატამ მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებაზე, რომლის თანახმადაც, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (სსსკ-ის) 364-ე მუხლი (სასამართლოს პირველი ინსტანციით გამოტანილი გადაწყვეტილება მხარეებმა და მესამე პირებმა დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით შეიძლება კანონით დადგენილ ვადაში გაასაჩივრონ სააპელაციო სასამართლოში) გულისხმობს გასაჩივრების მსურველი მხარის შესაძლებლობას, ზემდგომი ინსტანციის წესით იდავოს მხოლოდ გადაწყვეტილების იმ ნაწილზე, რომლითაც მის მოთხოვნას უარი ეთქვა დაკმაყოფილებაზე (იხ. სუსგ №ას-169-159-2014, 27.03.2014წ.).
7. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სსსკ-ის 364-ე მუხლი ეფუძნება პრინციპს, რომლის თანახმადაც გასაჩივრების უფლება არსებობს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც გადაწყვეტილება მხარისათვის არახელსაყრელ სამართლებრივ შედეგს წარმოშობს. თუ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მხარის კანონიერი ინტერესი სრულად არის დაკმაყოფილებული და მისი უფლებრივი მდგომარეობა არ უარესდება, მას აღარ გააჩნია არც მატერიალური და არც საპროცესო ინტერესი გადაწყვეტილების გასაჩივრებისათვის. შესაბამისად, გასაჩივრების უფლება დაკავშირებულია არა აბსტრაქტული სამართლებრივი პოზიციის გამოხატვასთან, არამედ ისეთი გადაწყვეტილების გადახედვის საჭიროებასთან, რომელიც პირდაპირ ან ირიბად ზღუდავს მხარის უფლებებსა და კანონიერ ინტერესებს.
8. პალატა განმარტავს, რომ აღნიშნული პრინციპი ყველა სახის სასამართლო გადაწყვეტილებაზე ერთნაირი შინაარსით ვერ გავრცელდება და მისი გამოყენების ფარგლები დამოკიდებულია კონკრეტული დავის პროცესუალურ თავისებურებებსა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამართლებრივ ბუნებაზე. შესაბამისად, სააპელაციო ინტერესის არსებობის შეფასებისას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება სწორედ იმ გარემოებას, თუ რა ტიპის და რა სამართლებრივი შედეგის მქონე გადაწყვეტილებაა გასაჩივრებული, რათა უზრუნველყოფილი იქნეს საქართველოს კონსტიტუციითა და ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციით გარანტირებული სამართლიანი სასამართლოს უფლების ეფექტიანი განხორციელება.
9. ამასთან დაკავშირებით უნდა აღინიშნოს, რომ სამოქალაქო საპროცესო სამართალი სასამართლო გადაწყვეტილებებს ერთმანეთისაგან განასხვავებს როგორც სასარჩელო მოთხოვნის ხასიათის, ისე დავის გადაწყვეტის მოცულობის მიხედვით. საგულისხმოა, რომ დავის გადაწყვეტის მოცულობის მიხედვით გამოიყოფა საბოლოო (სსსკ-ის 243-ე მუხლი), ნაწილობრივი (სსსკ-ის 245-ე მუხლი) და წინასწარი (შუალედური) გადაწყვეტილება (სსსკ-ის 246-ე მუხლი). საბოლოო გადაწყვეტილება სრულად და ამომწურავად წყვეტს სასარჩელო მოთხოვნას; ნაწილობრივი გადაწყვეტილება წყვეტს დავის მხოლოდ ნაწილს, ხოლო წინასწარი (შუალედური) გადაწყვეტილება მიიღება სარჩელის ერთ-ერთი ელემენტის - მისი საფუძვლის მიმართ და ადგენს იმ ფაქტობრივ გარემოებებს, რომლებზეც მოთხოვნაა დაფუძნებული (იხ. თ. ლილუაშვილი, სამოქალაქო საპროცესო სამართალი, თბილისი, 2005, გვ. 262-264; ასევე: თ. ლილუაშვილი, გ. ლილუაშვილი, ვ. ხრუსტალი, ზ. ძლიერიშვილი, სამოქალაქო საპროცესო სამართალი, ნაწილი II, თბილისი, 2023, გვ. 166-169).
10. საკასაციო სასამართლო ნაწილობრივ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას და აღნიშნავს, რომ პროცესუალური ინტერესის არარსებობა მართლაც გამორიცხავს გასაჩივრების შესაძლებლობას იმ შემთხვევაში, როდესაც დავა სრულად დასრულებულია და მხარის მოთხოვნა მთლიანად დაკმაყოფილებულია. თუმცა განსახილველი დავის სპეციფიკა განსხვავებულია, რაც განპირობებულია ორი გარემოებით: ერთი მხრივ, დავის პროცესუალური თავისებურებით, ხოლო მეორე მხრივ იმით, რომ საქმე შეეხება წინასწარ (შუალედურ) გადაწყვეტილებას, რომელიც თავისი სამართლებრივი ბუნებით არ წარმოადგენს დავის საბოლოო გადაწყვეტას და, შესაბამისად, არ ამოწურავს სასარჩელო მოთხოვნას.
11. სსსკ-ის 246-ე მუხლით გათვალისწინებული წინასწარი (შუალედური) გადაწყვეტილება წარმოადგენს განსაკუთრებულ საპროცესო ინსტიტუტს, რომელიც გამოიყენება იმ შემთხვევებში, როდესაც სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლისა და მოცულობის საკითხები დამოუკიდებელ შეფასებას საჭიროებს. მისი დანიშნულებაა თავდაპირველად გადაწყდეს მოთხოვნის საფუძვლის არსებობის საკითხი, ხოლო მოთხოვნის მოცულობის განსაზღვრა შემდგომი განხილვის საგნად დარჩეს. როგორც იურიდიულ ლიტერატურაშია განმარტებული, აღნიშნული ინსტიტუტი საპროცესო ეკონომიის მიზნებიდან გამომდინარეობს და მისი გამოყენებისას, უწინარეს ყოვლისა, გასათვალისწინებელია სწორედ საპროცესო ეკონომიის მოთხოვნები (იხ. ულრიხ ჰაგენლოხი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის კომენტარი, რჩეული მუხლები, მუხლი 246, გვ. 946-947). ამდენად, წინასწარი გადაწყვეტილების ინსტიტუტი ემსახურება სამართალწარმოების ეფექტიანობისა და პროცესის რაციონალური წარმართვის უზრუნველყოფას.
12. სასამართლო განმარტავს, რომ შუალედური გადაწყვეტილების ინსტიტუტი ეფუძნება დავის ორეტაპიან განხილვას, როდესაც პირველ ეტაპზე წყდება მოთხოვნის საფუძვლის არსებობის საკითხი, ხოლო მეორე ეტაპზე -მოთხოვნის მოცულობა. შესაბამისად, წინასწარი გადაწყვეტილების შემთხვევაში სააპელაციო ინტერესის არსებობა ვერ შეფასდება მხოლოდ იმის მიხედვით, შეიცავს თუ არა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი მხარის მოთხოვნის პირდაპირ უარყოფას. აუცილებელია შეფასდეს, ახდენს თუ არა აღნიშნული გადაწყვეტილება გავლენას მხარის სამართლებრივ მდგომარეობაზე და მის შესაძლებლობაზე, შემდგომ ეტაპზე ეფექტიანად და სრულფასოვნად დაიცვას საკუთარი პოზიცია.
13. ამ კონსტრუქციით კანონმდებელი ქმნის პროცესის იმგვარ სისტემას, სადაც თითოეული ეტაპი ცალკე სამართლებრივი მნიშვნელობის მატარებელია, თუმცა ერთმანეთთან იურიდიულად დაკავშირებულია. მოთხოვნის საფუძვლის შესახებ მიღებული წინასწარი (შუალედური) გადაწყვეტილება არ ამოწურავს თავის მნიშვნელობას მისი გამოტანით, ვინაიდან კანონიერ ძალაში შესვლის შემთხვევაში იგი იძენს პრეიუდიციულ მნიშვნელობას მოთხოვნის მოცულობის შესახებ შემდგომი განხილვისა და გადაწყვეტისათვის (სსსკ-ის 246.2 მუხლი). სწორედ აღნიშნული განაპირობებს პროცესის პირველ ეტაპზე გაკეთებული დასკვნებისა და შეფასებების განსაკუთრებულ სამართლებრივ მნიშვნელობას.
14. სსსკ-ის 246-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 249-ე მუხლის მე-5 ნაწილის სისტემური განმარტებიდან გამომდინარეობს, რომ კანონმდებელი ერთმანეთისაგან განასხვავებს წინასწარ (შუალედურ) და საბოლოო გადაწყვეტილებას არა მხოლოდ მათი სამართლებრივი შედეგების, არამედ სარეზოლუციო ნაწილის შინაარსის თვალსაზრისითაც. კერძოდ, სსსკ-ის 249-ე მუხლის მე-5 ნაწილით განსაზღვრული სარეზოლუციო ნაწილი მიმართულია სარჩელის დაკმაყოფილების ან მასზე უარის თქმის შესახებ საბოლოო დასკვნის ფორმირებისაკენ, მაშინ როდესაც სსსკ-ის 246-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილება შემოიფარგლება მხოლოდ მოთხოვნის საფუძვლის დადგენით, ოდენობის საკითხის გადაწყვეტის გარეშე.
15. ამდენად, საბოლოო და წინასწარი (შუალედური) გადაწყვეტილება განსხვავდება არა მხოლოდ საგნითა და დანიშნულებით, არამედ მათი სამართლებრივი ეფექტითაც. საბოლოო გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი წარმოადგენს სასარჩელო მოთხოვნაზე სასამართლოს საბოლოო და აღსასრულებელ პასუხს, რომელიც განსაზღვრავს მხარეთა უფლებებსა და ვალდებულებებს. ამისგან განსხვავებით, წინასწარი გადაწყვეტილება დავას საბოლოოდ არ წყვეტს და არ ადგენს მოთხოვნის ოდენობას, თუმცა მის საფუძველზე დადგენილი გარემოებები კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ იძენს პრეიუდიციულ მნიშვნელობას შემდგომი განხილვისათვის.
16. ამასთან, აღნიშნული განსხვავება კიდევ უფრო მკაფიოდ იკვეთება გადაწყვეტილების კანონიერ ძალასთან დაკავშირებული სუბიექტური და ობიექტური ფარგლების ჭრილში. სუბიექტური ფარგლები უკავშირდება გადაწყვეტილებისადმი დაქვემდებარებულ პირთა წრეს, მაშინ როდესაც ობიექტური ფარგლები სწორედ ის ელემენტია, სადაც საბოლოო და წინასწარი (შუალედური) გადაწყვეტილებები მკვეთრად განსხვავდება, ვინაიდან საბოლოო გადაწყვეტილების შემთხვევაში იგი მოიცავს სასარჩელო მოთხოვნის საბოლოო გადაწყვეტას, ხოლო წინასწარი გადაწყვეტილებისას მოთხოვნის საფუძვლის შესახებ გარემოებებს.
17. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 4 ოქტომბრის წინასწარი (შუალედური) გადაწყვეტილებით დადგენილ იქნა სადაზღვევო შემთხვევის არსებობა და მოპასუხე მზღვეველის პასუხისმგებლობის ფაქტობრივი საფუძველი. სასამართლომ მიიჩნია, რომ მეწყერის შედეგად დაზღვეული ქონების დაზიანება წარმოადგენდა სადაზღვევო შემთხვევას და არ არსებობდა პასუხისმგებლობის გამომრიცხველი გარემოებები. ამგვარად, წინასწარი გადაწყვეტილებით გადაწყდა სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლის საკითხი და დადგინდა მოპასუხის პასუხისმგებლობის მატერიალურ-სამართლებრივი წინაპირობები.
18. საქალაქო სასამართლომ ამავე გადაწყვეტილებაში მიუთითა, რომ საქმეში მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ზიანის ოდენობის ანგარიშგებას ვერ განიხილავს ზიანის ოდენობის განმსაზღვრელ სათანადო მტკიცებულებად, რადგან არ დგინდება თუ ვის მიერ იქნა ის შედგენილი და რას დაეყრდნო ეს უკანასკნელი მისი შედგენისას.
19. საქმის მასალებით ასევე ირკვევა, რომ მოპასუხე არ ეთანხმებოდა მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ ზიანის ოდენობის გაანგარიშებას და ითხოვდა დამატებითი ვადის მიცემას ალტერნატიული შეფასების (კალკულაციის) წარსადგენად, თუმცა, აღნიშნული შეფასება სასამართლოსთვის არ წარუდგენია.
20. ამასთან, სასამართლოს მიერ დანიშნული საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზის ჩატარება შეუძლებელი აღმოჩნდა. სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ მიერ წარმოდგენილი აქტის თანახმად, ტექნიკურად შეუძლებელი იყო 2020 წლის 18 აპრილის მდგომარეობით სადავო ობიექტის აღდგენითი ღირებულების განსაზღვრა.
21. სასამართლომ საოქმო განჩინებით არ დაურთო საქმეს მოსარჩელის მიერ წარდგენილი დოკუმენტი, რომლითაც ზუსტდებოდა ზიანის გაანგარიშების ავტორი და რომლის თანახმად აღნიშნული გაანგარიშება შედგენილი იყო შპს „ე–ის“ დირექტორის მიერ.
22. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 4 ოქტომბრის წინასწარი (შუალედური) გადაწყვეტილება გასაჩივრებული იყო როგორც მოსარჩელის, ისე მოპასუხის მიერ. ორივე აპელანტი მიუთითებდა, რომ მოცემულ საქმეში არ არსებობდა წინასწარი (შუალედური) გადაწყვეტილების მიღების აუცილებლობა, ვინაიდან საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები იძლეოდა დავის არსებითად გადაწყვეტისა და საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას. მართალია, მხარეთა პოზიციები საბოლოო შედეგთან დაკავშირებით განსხვავებული იყო, თუმცა ორივე მათგანი მიიჩნევდა, რომ საქმე უკვე მზად იყო საბოლოოდ გადასაწყვეტად.
23. საკასაციო სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ წინასწარი (შუალედური) გადაწყვეტილების სამართლებრივი მნიშვნელობა არ ამოიწურება მხოლოდ სარეზოლუციო ნაწილით, არამედ მნიშვნელოვან სამართლებრივ შედეგებს წარმოშობს საქმის შემდგომი განხილვისათვის. „მისი მავალდებულებელი ეფექტი, იმავდროულად, ხაზს უსვამს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, საფუძვლის შესახებ შუალედურ გადაწყვეტილებაში არაორაზროვნად ჩამოყალიბდეს, რაზეა მიღებული გადაწყვეტილება და რაზე - არა. თუ საფუძვლის შესახებ შუალედური გადაწყვეტილება მოსარჩელისთვის არახელსაყრელ მითითებებსაც შეიცავს მოთხოვნის ოდენობის განსაზღვრის მხრივ, მოსარჩელე ასეთი გადაწყვეტილებით იმ შემთხვევაშიც შეიძლება იყოს დამძიმებული, როდესაც მისი ტექსტის მიხედვით, სასარჩელო მოთხოვნა არსებითად დასაბუთებულად მიიჩნევა“ (იხ. ულრიხ ჰაგენლოხი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის კომენტარი, რჩეული მუხლები, მუხლი 246, გვ. 950-951).
24. საკასაციო სასამართლოს აზრით, განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელის ინტერესი ვერ შეიზღუდება მხოლოდ მოთხოვნის საფუძვლის დადგენით. მისი სასარჩელო მოთხოვნის უმთავრეს მიზანს წარმოადგენდა ანაზღაურების რეალური მიღების უზრუნველყოფა და არა მხოლოდ სადაზღვევო შემთხვევის არსებობის დადასტურება. ამიტომ, როდესაც მხარე სადავოდ ხდის სასამართლოს იმ სამართლებრივ შეფასებებსა და საპროცესო მოქმედებებს, რომლებმაც შესაძლოა გავლენა მოახდინოს მოთხოვნის მოცულობის განსაზღვრასა და საბოლოო შედეგზე, მისი სააპელაციო ინტერესი ვერ გამოირიცხება მხოლოდ იმ საფუძვლით, რომ წინასწარი გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი ფორმალურად მის სასარგებლოდაა მიღებული. მოცემულ საქმეში მოსარჩელის პრეტენზია სწორედ იმ საკითხებს შეეხებოდა, რომლებიც არსებითად იყო დაკავშირებული ზიანის ოდენობის შემდგომ განსაზღვრასთან.
25. სააპელაციო წესით საქმის არსებითად განხილვისას სააპელაციო სასამართლომ მოსარჩელის სააპელაციო ინტერესის არსებობა დაუკავშირა მხოლოდ იმ გარემოებას, შეიცავდა თუ არა შუალედური გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი მისთვის არახელსაყრელ დებულებას. თუმცა, დავის თავისებურებისა და წინასწარი გადაწყვეტილების სამართლებრივი ბუნების გათვალისწინებით, გასაჩივრების ინტერესის არსებობის შეფასება ვერ დაეფუძნება მხოლოდ გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შინაარსს. განსახილველ საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლომ, ერთი მხრივ, დაადგინა მოპასუხის პასუხისმგებლობის საფუძველი, ხოლო, მეორე მხრივ, მოთხოვნის ოდენობის დასადგენად წარმოდგენილი გაანგარიშება არასათანადო მტკიცებულებად მიიჩნია, არ დაურთო საქმეს მოსარჩელის მიერ წარდგენილი დამატებითი განმარტების შემცველი დოკუმენტი და, ამასთან, ექსპერტიზის ჩატარებაც შეუძლებელი აღმოჩნდა. შესაბამისად, ასეთ ვითარებაში სააპელაციო ინტერესი შეიძლება განპირობებული იყოს არა მხოლოდ გადაწყვეტილების სარეზოლუციო შედეგით, არამედ იმითაც, აქვს თუ არა აღნიშნულ შეფასებებს მნიშვნელობა საქმის შემდგომი განხილვისა და მოთხოვნის ოდენობის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისათვის, რაც არსებითად შეესაბამება კერძო საჩივრის ავტორის პოზიციას.
26. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არსებობს სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი, რის გამოც წარმოდგენილი კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი გაუქმდეს და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის ხელახლა შესამოწმებლად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „ს–ის“ კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 27 სექტემბრის განჩინება და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის ხელახლა შესამოწმებლად.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე
ვლადიმერ კაკაბაძე
ბადრი შონია