დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № ას-98-2025 4 ივნისი, 2026 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები: თეა ძიმისტარაშვილი
არჩილ კოჭლამაზაშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი - შპს „მ.ა–ი“, ნ.გ–ია (აპელანტი, მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - ი.ხ–ი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 09 დეკემბრის განჩინება
საკასაციო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – პატივის, ღირსების, საქმიანი რეპუტაციის შემლახველი ცნობების უარყოფა, ზიანის ანაზღაურება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის არსებითი განხილვა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. მოსარჩელე ი.ხ–ი 2015-2019 წლებში იყო იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის მოადგილე, 2019 წელს სექტემბრიდან 2020 წლის სექტემბრამდე - იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე, ხოლო 2020 წლის ოქტომბრიდან არჩეულ იქნა ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერად. საკრებულოს და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის 2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნებისათვის მოსარჩელე დარეგისტრირდა საარჩევნო სუბიექტის „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ქუთაისის ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატად.
2. შპს „მ.ა–ის“ ეთერში 2021 წლის 12 სექტემბერს, 23:29 წუთზე, გადაცემაში „მ.ა–ბში“ წამყვანმა ჟურნალისტმა ნ.გ–იამ განაცხადა: „იმერეთი, ქუთაისი, ი.ხ–ი, გადმობირებულია უშიშროების სამინისტროს მიერ ძის დროს, 1994 წელს, აგენტურული ფსევდონიმი „ბოცა“.
3. 2021 წლის 9 ოქტომბერს, შპს „მ.ა–ის“ ეთერში, მ.ს–ის გადაცემაში „მ.შ–ს“ სიუჟეტში „ქუთაისი მეორე ტურის მოლოდინში“, 23:23:23 სთ-დან 23:33:00 სთ-მდე დროის მონაკვეთში, ჟურნალისტმა ე.გ–ამ, რომელიც დგას ქ. ქუთაისში განთავსებული ერთ-ერთი, მოსარჩელის, როგორც მერობის კანდიდატის სარეკლამო ბანერის სიახლოვეს, მინის ბოცით ხელში, განაცხადა: „ი.ხ–ის მეტსახელი ჩვენ არ მოგვიგონებია, ამ ფსევდონიმით მოიხსენიებენ მას სუსში, სადაც ის 1994 წლიდან წარმატებით მუშაობს. გადმობირებულია უშიშროების სამინისტროს მიერ, ი.გ–ძის დროს, 1994 წელს, აგენტურული ფსევდონიმი „ბოცა“.
4. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, ი.ხ–ს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში არასდროს უმუშავია; ი.ხ–თან დაკავშირებით ინფორმაციის მოთხოვნით საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისთვის არც ერთ საინფორმაციო საშუალებას და ჟურნალისტს არ მიუმართავს; ამავე ცნობით, სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის უზრუნველსაყოფად სამსახური უფლებამოსილი არ არის უარყოს ან დაადასტუროს ცნობები, როგორც პირის სამსახურთან რაიმე ფორმით შესაძლო ურთიერთობის, ასევე ასეთი ფაქტის არარსებობის შესახებ.
5. შპს „მ.ა–ის“ ეთერში 2021 წლის 12 სექტემბერს, ნ.გ–იას საავტორო გადაცემაში „მ.ა–ბი“ სადავო სიუჟეტის გასვლამდე მოპასუხე მხარეს ი.ხ–თან რაიმე ფორმით კომუნიკაცია არ ჰქონია, არც გადაცემასთან დაკავშირებით მოსაზრებებისა თუ კომენტარების გასაკეთებლად მოსარჩელისთვის არ მიუმართავთ.
6. სასარჩელო მოთხოვნა:
6.1. ი.ხ–მა სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „მ.ა–ის“, ნ.გ–იასა და ე.გ–ას წინააღმდეგ პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შემლახველი ცნობების უარყოფისა და მოპასუხეთათვის მორალური ზიანის სახით სოლიდარულად 55 555 ლარის დაკისრების მოთხოვნით.
6.2. „მოპასუხეებს შპს „მ.ა–ს“ და ნ.გ–იას დაევალოთ ტელეკომპანია „მ.ა–ის“ ეთერით გადაცემა „მ.ა–ბში“, ამ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 10 (ათი) კალენდარული დღის ვადაში გამოაქვეყნონ ცნობა მოცემულ სამოქალაქო საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილების შესახებ, შემდეგი ფორმით: მოპასუხეების: შპს „მ.ა–ის“ და ნ.გ–იას მიერ შპს „მ.ა–ის“ ეთერით, გადაცემა „მ.ა–ბის“ მიმდინარეობისას 2021 წლის 12 სექტემბერს მოსარჩელე ი.ხ–ის შესახებ გავრცელებული ცნობები: „ი.ხ–ი, გადმობირებულია უშიშროების სამინისტროს მიერ ი.გ–ძის დროს, 1994 წელს, აგენტურული ფსევდონიმი „ბოცა“ - არის არსებითად მცდარი ფაქტის შემცველი და ცილისწამება;
6.3. მოპასუხეებს: შპს „მ.ა–ს“ და ე.გ–ას დაევალოთ ტელეკომპანია „მ.ა–ის“ ეთერით გადაცემა „მ.შ–ში“, ამ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 10 (ათი) კალენდარული დღის ვადაში გამოაქვეყნონ ცნობა მოცემულ სამოქალაქო საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილების შესახებ, შემდეგი ფორმით: მოპასუხეების შპს „მ.ა–ის“ და ე.გ–ას მიერ შპს „მ.ა–ის“ ეთერით, გადაცემა „მ.შ–ს“ მიმდინარეობისას, სიუჟეტში „ქუთაისი მეორე ტურის მოლოდინში“, 2021 წლის 09 ოქტომბერს მოსარჩელე ი.ხ–ის შესახებ გავრცელებული ცნობები: „ი.ხ–ის მეტსახელი ჩვენ არ მოგვიგონებია, ამ ფსევდონიმით მოიხსენიებენ მას სუსში, სადაც ის მთავარის ინფორმაციით, 1994 წლიდან წარმატებით მუშაობს. გადმობირებულია უშიშროების სამინისტროს მიერ ი.გ–ძის დროს, 1994 წელს, აგენტურული ფსევდონიმი „ბოცა“ - არის არსებითად მცდარი ფაქტის შემცველი და ცილისწამება.“
6.4. მოსარჩელის მტკიცებით, შპს „მ.ა–ი“ ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით, სამჯერ დაესხა თავს მოსარჩელეს და მის შესახებ საჯაროდ გაავრცელა არსებითად მცდარი ფაქტის შემცველი და ზიანის მიმყენებელი, სახელის გამტეხი განცხადებები. 2021 წლის 12 სექტემბერს, შპს „მ.ა–ის“ ეთერში, 23:29 წუთზე, ნ.გ–იამ, გადაცემაში „მ.ა–ბი“, მპგ „ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს“ მიერ დასახელებული მერობის რამდენიმე სხვა კანდიდატთან ერთად მოიხსენია უშიშროების სამსახურის აგენტად, 2021 წლის 9 ოქტომბერს, შპს „მ.ა–ის“ ეთერში, 21:00 საათზე, მ.ს–ის გადაცემაში „მ.შ–ს“ სიუჟეტში „ქუთაისი მეორე ტურის მოლოდინში“, 23:23:23სთ-დან 23:33:00 სთ-მდე დროის მონაკვეთში, მოსარჩელის, როგორც მერობის კანდიდატის სარეკლამო ბანერის სიახლოვეს, მინის ბოცით ხელში მდგომმა ჟურნალისტმა ე.გ–ამ,, განაცხადა: „ი.ხ–ის მეტსახელი ჩვენ არ მოგვიგონებია, ამ ფსევდონიმით მოიხსენიებენ მას სუსში, სადაც ის 1994 წლიდან წარმატებით მუშაობს. გადმობირებულია უშიშროების სამინისტროს მიერ, ი.გ–ძის დროს, 1994 წელს, აგენტურული ფსევდონიმი „ბოცა“. გარდა ამისა, მეორე ტურამდე, სარჩელის სასამართლოში შემოტანის შემდეგ, 2021 წლის 25 ოქტომბერს, შპს „მ.ა–ის“ ეთერში, 23:29 წუთზე, ნ.გ–იამ, გადაცემაში „მ.ა–ბი“ მოახდინა მოსარჩელის, როგორც კანდიდატის დისკრედიტაცია. მოსარჩელის მითითებით, მას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან რაიმე ფორმით არასოდეს უთანამშრომლია. მოპასუხეთა მიერ გავრცელებულია სინამდვილის შეუსაბამო, არსებითად მცდარი ფაქტები. მოსარჩელის შესახებ ნეგატიური ინფორმაცია გავრცელდა საქართველოს (და არამარტო) მასშტაბით, რამაც შელახა მოსარჩელის ღირსება, პატივი, საქმიანი რეპუტაცია და მოსარჩელეს მიადგა მორალური ზიანი.
7. მოპასუხეების პოზიცია
7.1. მოპასუხეებმა - შპს „მ.ა–მა“ და ნ.გ–იამ სარჩელი არ ცნეს და განმარტეს, რომ მათ მოსარჩელის წინააღმდეგ არ გაუვრცელებიათ არსებითად მცდარი ფაქტის შემცველი, ზიანის მიმყენებელი და სახელის გამტეხი ინფორმაცია. 2021 წლის 12 სექტემბერს ნ.გ–იას საავტორო გადაცემა „მ.ა–ში“ მოსარჩელის მიერ მითითებული სადავო ფრაზა არ ეკუთვნოდა უშუალოდ ნ.გ–იას, არამედ ეს იყო წყარო-დოკუმენტიდან ამონარიდი. გადაცემა მიზნად ისახავდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გამოჟონილი კონფიდენციალური წყაროს მიერ მოწოდებული მაღალი საზოგადოებრივ-პოლიტიკური მნიშვნელობის ინფორმაციის საზოგადოებისთვის მიწოდებას. არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე მედია- საშუალების ეთერით მოსახლეობას, ამომრჩევლებს მიეწოდათ მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომელიც მედია საშუალებისთვის ცნობილი გახდა ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით. საზოგადოების ინტერესი მიმართული იყო საარჩევნო სუბიექტებისკენ, მერობის კანდიდატებისკენ, რომლებსაც შესაძლოა დაეკავებინათ მერის პოზიცია. ეს მაღალი პოლიტიკური სტატუსია და საზოგადოებას სრული უფლება ჰქონდა ინფორმირებული ყოფილიყო კანდიდატების წარსული კარიერის შესახებ, რათა ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით მიეღო გადაწყვეტილებები.
7.2. რაც შეეხება ჟურნალისტ ე.გ–ას მიერ გაკეთებულ სადავო განცხადებას, მოპასუხეთა მტკიცებით, „მ.ა–ის“ ეთერში, ჟურნალისტი ციტირებდა იმ ინფორმაციას, რომელიც არხის ეთერში გავრცელდა გადაცემაში „მ.ა–ბი“. მოსარჩელის მიერ მოშველიებული ციტატების ნაწილი ჟურნალისტის მოსაზრებას წარმოადგენდა, ნაწილი კი ინფორმაციას - რომელიც წყაროზე დაყრდნობით გავრცელდა, შესაბამისად ჟურნალისტის გამოხატვის შეზღუდვის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობდა.
7.3. მოპასუხეებმა სარჩელის ხანდაზმულობაზეც მიუთითეს. მათი მტკიცებით, მოსარჩელემ სასამართლოს მიმართა ალტერნატიული სასარჩელო მოთხოვნებით, კერძოდ, თავდაპირველი სარჩელის (20.10.2021წ.), შესაბამისად, მომჩივანი მოითხოვდა მოპასუხეთა მიერ გავრცელებული ცნობების უარყოფას, ხოლო 19.02.2024 წელს წარდგენილი სასარჩელო მოთხოვნის დაზუსტების შუამდგომლობაში, მოსარჩელემ მოითხოვა კონკრეტული ფორმით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილების შესახებ ცნობების გამოქვეყნება.
7.4. მოპასუხე ე.გ–ას დავაზე შესაგებელი არ წარმოუდგენია.
8. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 16 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; მოპასუხეებს შპს „მ.ა–ს“ და ნ.გ–იას დაევალა ტელეკომპანია „მ.ა–ის“ ეთერით გადაცემა „მ.ა–ში“, ამ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 10 (ათი) კალენდარული დღის ვადაში ცნობის გამოაქვეყნება მოცემულ სამოქალაქო საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილების შესახებ, შემდეგი ფორმით: მოპასუხეების შპს ,,მ.ა–ის“ და ნ.გ–იას მიერ შპს „მ.ა–ის“ ეთერით, გადაცემა „მ.ა–ბის“ მიმდინარეობისას 2021 წლის 12 სექტემბერს მოსარჩელე ი.ხ–ის შესახებ გავრცელებული ცნობები: „ი.ხ–ი, გადმობირებულია უშიშროების სამინისტროს მიერ ი.გ–ძის დროს, 1994 წელს, აგენტურული ფსევდონიმი „ბოცა“ - არის არსებითად მცდარი ფაქტის შემცველი და ცილისწამება; მოპასუხეებს შპს „მ.ა–ს“ და ე.გ–ას დაევალა ტელეკომპანია „მ.ა–ის“ ეთერით გადაცემა „მ.შ–ში“, ამ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 10 (ათი) კალენდარული დღის ვადაში ცნობის გამოქვეყნება მოცემულ სამოქალაქო საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილების შესახებ, შემდეგი ფორმით: მოპასუხეების შპს „მ.ა–ის“ და ე.გ–ას მიერ შპს „მ.ა–ის“ ეთერით, გადაცემა „მ.შ–ის“ მიმდინარეობისას, სიუჟეტში „ქუთაისი მეორე ტურის მოლოდინში“, 2021 წლის 09 ოქტომბერს მოსარჩელე ი.ხ–ის შესახებ გავრცელებული ცნობები: „ი.ხ–ის მეტსახელი ჩვენ არ მოგვიგონებია, ამ ფსევდონიმით მოიხსენიებენ მას სუსში, სადაც ის მთავარის ინფორმაციით, 1994 წლიდან წარმატებით მუშაობს. გადმობირებულია უშიშროების სამინისტროს მიერ ი.გ–ძის დროს, 1994 წელს, აგენტურული; მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ მორალური ზიანის - 10 000 (ათი ათასი) ლარის გადახდა.
9. სააპელაციო საჩივარი:
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა - შპს „მ.ა–მა“ და ნ.გ–იამ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის მოთხოვნით.
10. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება.
10.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 29 დეკემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
10.2. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა შემდეგი: გადაცემა „მ.ა–სა“ და გადაცემაში „მ.შ–ი“ - ჟურნალისტ ე.გ–ას სადავო სიუჟეტში გაკეთებული განცხადებების შეფასებით მსჯელობად ან დადასტურებად/უარყოფად ფაქტებად მიჩნევისათვის სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს დავის სწორად გადაწყვეტისათვის საკვანძო მნიშვნელობის გარემოებებზე, კერძოდ: „მ.ა–ბის“ სადავო გადაცემა, ისევე როგორც ჟურნალისტ ე.გ–ას სიუჟეტი ეთერში გავიდა ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნების პერიოდში, რომლის ფარგლებში მოსარჩელე ინიცირებული იყო მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატად ქუთაისის მუნიციპალიტეტში. გადაცემის მსვლელობისას, ორივე შემთხვევაში გადაცემის წამყვანიც და სადავო სიუჟეტის ჟურნალისტიც მკაფიოდ და ცალსახად აფიქსირებდა საკუთარ პოზიციას, იზიარებდა და მხარს უჭერდა გავრცელებულ ინფორმაციას მასზედ, რომ ქუთაისის მერობის კანდიდატი გადაბირებული იყო უშიშროების სამსახურის მიერ. დადგენილია, რომ სადავო გადაცემის ეთერში გასვლამდე სიუჟეტში მოყვანილი ინფორმაციის გადამოწმების მიზნით, მოპასუხეებს შესაბამისი სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოებისათვის მოსარჩელის შესახებ ინფორმაციის გამოთხოვის/მიღების მოთხოვნით არ მიუმართავთ, არც გადაცემის მიმდინარეობისას და არც შემდგომში, როგორც ნ.გ–იას, ისე ე.გ–ას მოსარჩელის შესახებ გადაცემაში გავრცელებული ინფორმაციის წყარო არ დაუსახელებიათ. მოპასუხეთა განმარტებით, აღნიშნული ინფორმაცია მათ სანდო და კონფიდენციალური წყაროსგან მიიღეს, რომელიც თავის მხრივ გამომდინარეობს სახელმწიფო უშიშროების სამსახურებიდან გამოჟონილი ინფორმაციებიდან - „კრებსებიდან“. საგულისხმოა, რომ სადავო ინფორმაციის გავრცელებამდე მედია საშუალებას, მის ჟურნალისტებს მოსარჩელისთვის კომენტარის, პოზიციის გამოხატვის შესაძლებლობა არ მიუციათ, ხოლო მთლიანად სადავო გადაცემის წამყვანის მონოლოგსა თუ სიუჟეტს ჰქონდა ნეგატიური კონტექსტი და მოსარჩელის დისკრედიტაციის ხარჯზე მიზანმიმართულად ემსახურებოდა საზოგადოების უარყოფითი წინასწარი განწყობის შექმნას საარჩევნო სუბიექტის წინააღმდეგ. საქართველოს, როგორც პოსტსაბჭოთა ქვეყნის ისტორიული წარსულის გათვალისწინებით, როდესაც უშიშროების სამსახურში ყოფნა ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ მტრულ საქმიანობად, მოღალატეობად, ჯაშუშობად თუ ხალხის მტრობად განიხილებოდა, პირის უსაფრთხოების სამსახურის აგენტად მოხსენიება იმ კონოტაციის გათვალისწინებით, რაც მას ხანგრძლივი დროის განმავლობაში ჰქონდა საზოგადოებას გავრცელებული განცხადებების ადრესატის წინააღმდეგ, როგორც არასანდო პირის მიმართ განაწყობს. ამასთანავე, აგენტი განიმარტება როგორც ვისიმე დავალებით მოქმედი პირი და ცხადია, რომ ეს სტატუსი ლახავს პირის იმიჯს, რენომეს, რომ მას შესწვეს უნარი დამოუკიდებლად გადაწყვიტოს მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხები.
10.3. ნიშანდობლივია, რომ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, ი.ხ–ს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში არასდროს უმუშავია; ი.ხ–თან დაკავშირებით ინფორმაციის მოთხოვნით საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისთვის არც ერთ საინფორმაციო საშუალებას და ჟურნალისტს არ მიუმართავს; ამავე ცნობით, სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის უზრუნველსაყოფად სამსახური უფლებამოსილი არ არის უარყოს ან დაადასტუროს ცნობები, როგორც პირის სამსახურთან რაიმე ფორმით შესაძლო ურთიერთობის, ასევე ასეთი ფაქტის არარსებობის შესახებ.
10.4. მითითებული დოკუმენტი, ერთი მხრივ, ცხადყოფს, რომ სადავო შემთხვევაში ტელეკომპანიას და მის წარმომდგენ ჟურნალისტებს მინიმალური სტანდარტის დაცვითაც არ უსარგებლიათ მოსარჩელის უფლებრივი მდგომარეობის დარღვევის თავიდან ასაცილებლად, ხოლო, მეორე მხრივ, სახელმწიფო საიდუმლოებას მიკუთვნებული ინფორმაცია დაცულია გამხელისაგან. ცნობა მტკიცებით ფორმაში მიუთითებს, რომ ი.ხ–ს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში არასდროს უმუშავია. თავისთავად აქ მოიაზრება ის სამსახურებრივი პოზიციები, რომელიც სახელმწიფო საიდუმლოებას არ მიეკუთვნება და არა უსაფრთხოების სამსახურთან თანამშრომლობის შემთხვევები. მოცემულ შემთხვევაში, სადავო გამონათქვამებში მოსარჩელე მოხსენიებულია როგორც გადაბირებულ აგენტად, საქმიანობის ამგვარი ფორმა კი, სწორედ სახელმწიფო საიდუმლოებას განეკუთვნება. სახელმწიფო საიდუმლოებად მიჩნეული ინფორმაციის გასაიდუმლოება ხდება მისთვის შესაბამისი საიდუმლოობის გრიფის მინიჭებით. შესაბამისად, სასამართლოს განსჯით, მოსარჩელე რომც ყოფილიყო სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში საქართველოს შესაბამის სამსახურებთან დაკავშირებული პირი, მის საქმიანობაზე საიდუმლო გრიფის მოხსნამდე ეკრძალება ასეთი თანამშრომლობის შესახებ ინფორმაციის გასაჯაროება. გამომდინარე აღნიშნულიდან, სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა მასზედ, რომ მოსარჩელე, რომელიც შეზღუდვის ინიციატორია მტკიცების ტვირთს, რომ ის არ ყოფილა უშიშროების სამსახურის აგენტი ობიექტური საფუძვლებიდან გამომდინარე ვერ გასწევდა. ასეთ შემთხვევაში მტკიცების ტვირთი უნდა დაეკისროს დიფამაციური შინაარსის ცნობების გამავრცელებელს. ამავდროულად, აღსანიშნავია, რომ მოსარჩელემ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გაცემული შესაბამისი დოკუმენტის წარმოდგენით სასამართლოს წინაშე სულ მცირე ის ფაქტი დაადასტურა, რომ ინფორმაციის გამავრცელებლებს შესაბამისი უწყებისათვის ინფორმაციის გამოთხოვის მოთხოვნით, არ მიუმართავთ. ცხადია, ასეთი მიმართვა, ვითარებას ზუსტი ინფორმაციის მოპოვების კუთხით ვერ შეცვლიდა, თუმცა მოპასუხეთა ამ წესით მოქმედება და შემდგომ უწყებიდან მიღებული პასუხის საზოგადოებისთვის წარდგენა სასამართლოს შეუქმნიდა რწმენას მოპასუხეთა მართლზომიერად მოქმედების შესახებ, მითუმეტეს, რომ განცხადების გავრცელების პერიოდის, მისი მთლიანი კონტექსტის გათვალისწინებით, ცხადია არსებობდა მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი გავრცელებულ ინფორმაციასთან და მის სისწორესთან მიმართებით.
11. შპს „მ.ა–ისა“ და ნ.გ–იას საკასაციო საჩივარი:
11.1. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა შპს „მ.ა–მა“ და ნ.გ–იამ, რომლებმაც გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
11.2. კასატორის მტკიცებით, სასამართლომ არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოება, რომ თითქოს მათ არ უცდიათ მოსარჩელესთან დაკავშირება და პოზიციის მოსმენა. კასატორების განმარტებით, მმართველი პარტია და საარჩევნო სუბიექტები სამაუწყებლო ტელეკომპანია „მ.ა–თან“ თანამშრომლობაზე უარს აცხადებდნენ და არ აძლევდნენ კომენტარს ამ არხის ჟურნალისტებს. სწორედ ამ მიზეზით ვერ ხერხდებოდა კომუნიკაციის დამყარება მერობის კანდიდატებთან მცდელობის მიუხედავად.
11.3. კასატორის მითითებით, აგენტების შესახებ ინფორმაცია წარმოადგენს სახელმწიფო საიდუმლოებას და მას უსაფრთხოების სამსახური არ გასცემს. ამ საკითხზე თავად სასამართლომაც მიუთითა გადაწყვეტილებაში. შესაბამისად, ინფორმაციის გამოთხოვის ნებისმიერი მცდელობა მოპასუხეთა მხრიდან უშედეგო იქნებოდა, მედიას არ ჰქონდა რა უფლება სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი დოკუმენტი გამოეთხოვა უშიშროების სამსახურიდან, მოქმედებდა მოპოვებული ინფორმაციის ფარგლებში.
11.4. კასატორი მიუთითებს, რომ მოპასუხეებმა გავრცელებული ინფორმაციის წყარო ვერ დაასახელეს კონფიდენციალურობის პრინციპის დაცვის შესაბამისად, რომელიც დაცულია კანონით და მაუწყებელს არცერთ შემთხვევაში არ ავალდებულებს მის გამჟღავნებას. გარდა ამისა, წყაროს სანდოობას აამაღლებდა გადაცემის ეთერში გასვლის დროს არსებული კონტექსტი, კერძოდ სადავო პერიოდში საზოგადოებისათვის ცნობილი გახდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მხრიდან მასშტაბური და სისტემური ხასიათის მოსმენების თაობაზე, რაც ე.წ. „კრებსებში“ მოხსენიებულმა არაერთმა პირმა დაადასტურა. კასატორების მოსაზრებით, საკითხი მაღალი საზოგადოებრივი მნიშვნელობის იყო და მედია არა მხოლოდ უფლებამოსილი, არამედ ვალდებულიც იყო გაევრცელებინა ეს ინფორმაცია.
11.5. კასატორის მტკიცებით, მოსარჩელეს არც მატერიალური და არც მორალური ზიანი არ მიდგომია. მოსარჩელეს ამ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება სასამართლოსთვის არ წარმოუდგენია. ასევე, დაუსაბუთებელია ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა, რამდენადაც სადავო განცხადებებს გავლენა არ მოუხდენია არჩევნების შედეგებზე და მოსარჩელე ქუთაისის მერი გახდა.
11.6. კასატორები მიიჩნევენ, რომ გავრცელებული განცხადებები იყო შეფასებები/დასკვნები, რომელიც ეყრდნობოდა წყაროს მიერ მოწოდებულ ინფორმაციას და ე.წ. „კრებსებს“. შესაბამისად, სადავო განცხადებები უნდა შეფასდეს არა ფაქტებად, არამედ მოსაზრებებად.
11.7. კასატორი მიუთითებს, რომ სასამართლომ არასწორად გადაწყვიტა სარჩელის ხანდაზმულობის საკითხიც, კერძოდ, თავდაპირველი სარჩელი რომელიც ითვალისწინებდა გავრცელებული ცნობების უარყოფას გამომდინარეობდა სსკ-ის 18.3. მუხლიდან, ხოლო შემდგომ წარდგენილი დაზუსტებული სარჩელი სასამართლო გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნების მოთხოვნით ეფუძნებოდა სპეციალური კანონის 17.1. მუხლს, რაც ამ მოთხოვნათა ალტერნატიულ ბუნებაზე და, აქედან გამომდინარე, დაზუსტებული სარჩელის ხანდაზმულობაზე მიუთითებდა.
11.8. იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო გავრცელებულ განცხადებებს მიიჩნევს ფაქტად, ამ შემთხვევაშიც გასათვალისწინებელია მტკიცების ტვირთის განაწილების წესი, რაც დაარღვია სასამართლომ და ნაცვლად შეზღუდვის ინიციატორისა ინფორმაციის გამავრცელებელს დააკისრა იმ ფაქტის მტკიცების მოვალეობა, რომ მან გადაამოწმა გავრცელებული ინფორმაციის ნამდვილობა/სისწორე ან/და მიიღო საამისოდ გონივრული ზომები.
11.9. სასამართლოს დამატებით უნდა გამოეკვლია მოპასუხეებმა განზრახ გაავრცელეს სადავო განცხადებები თუ გამოიჩინეს უხეში დაუდევრობა, რამაც გამოიწვია არსებითად მცდარი ფაქტის გავრცელება. კასატორის შეფასებით, ეთერში გასული ცნობების კონტექსტი სრულად გამორიცხავს მოპასუხეთა მართლსაწინააღმდეგო მოქმედებას.
11.10. კასატორების განმარტებით, სასამართლოს მიერ მოპასუხეთათვის დაკისრებული ზიანის ოდენობა არის არაპროპორციული.
11.11. საკასაციო საჩივრის ერთ-ერთი მოთხოვნაა გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 28 მაისის განჩინება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მოპასუხე მხარის შუამდგომლობა ნ.გ–იას არასათანადო მოპასუხედ ცნობის თაობაზე. მომჩივანთა მოსაზრებით, სასამართლომ „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე არასათანადო მოპასუხედ უნდა ცნოს ნ.გ–ია. სპეციალური კანონის მე-6 მუხლი ცალსახად მიუთითებს, რომ ცილისწამების დავებზე მოპასუხეა მედია. შესაბამისად, მოსარჩელის უარი არასათანადო მოპასუხის სათანადოთი შეცვლაზე გავლენას ვერ მოახდენს მოპასუხეთა წრის განსაზღვრაზე. აპელანტების მოსაზრებით, მოხმობილი ნორმის მიზანი, ცილისწამების დავებზე ჟურნალისტების სამოქალაქოსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან დაცვაა, წინააღმდეგ შემთხვევაში პასუხისმგებლობის დაკისრების მსუსხავი ეფექტი შეასუსტებდა ან შეუძლებელს გახდიდა ჟურნალისტების პროფესიული საქმიანობის განხორციელებას. სამაუწყებლო მედიაკომპანია იღებს პასუხისმგებლობას, რაც მათ ჟურნალისტებს აძლევს შესაძლებლობას, პროფესიული ეთიკის დაცვით თავისუფლად განახორციელონ ჟურნალისტური საქმიანობა. ამასთან, აპელანტის მოსაზრებით, იმ შემთხვევაშიც, თუ ჟურნალისტი მხარს დაუჭერს მის მიერ გაჟღერებულ ინფორმაციას, სპეციალური კანონის მე-6 მუხლის მე-2 და მე-5 პუნქტების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე ცილისწამების დავაზე მოპასუხე უნდა იყოს არა კონკრეტული ჟურნალისტი, არამედ მედია. აპელანტები მიიჩევენ, რომ კანონის ამგვარი განმარტებით, არც მოსარჩელის ინტერესი იზღუდება და არც სპეციალური კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი კარგავს მნიშვნელობას.
12. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 4 მარტისა და 7 აპრილის განჩინებით, ნ.გ–იასა და შპს „მ.ა–ის“ საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული.
13. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 7 ივლისის განჩინებით, საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნა ცნობილი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
14. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, მხარეთა ახსნა-განმარტებების შემოწმებისა და მოსარჩელის საკასაციო საჩივრის სამართლებრივი დასაბუთებულობის არსებითად განხილვის შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი არგუმენტაციით:
15. სსსკ-ის 404-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში, ამავე კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლო გადაწყვეტილებებსა და სხდომის ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები; ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). საკასაციო სასამართლოს შეფასებით კასატორს ასეთი დასაბუთებული საკასაციო შედავება არ აქვს წარმოდგენილი.
16. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81). საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობასა და დასკვნებს, რაც საკასაციო პრეტენზიის არსებითად განხილვის ეტაპზე, საკასაციო საჩივრის უარყოფისა და გასაჩივრებული განჩინების უცვლელად დატოვების საფუძველია.
17. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და სწორედ ამ ფარგლებში არსებითად განიხილავს და ამოწმებს საკასაციო პრეტენზიების დასაბუთებულობას (სსსკ-ის 407-ე მუხლი), ამასთან, მიაჩნია, რომ არ ვლინდება სააპელაციო სასამართლოსათვის საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველი (სსსკ-ის 412-ე მუხლი).
18. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საქმის განმხილველი სასამართლო შეზღუდულია მხოლოდ მხარის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებებით, რაც შეეხება სამართლის ნორმების გამოყენებას, სასამართლო, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით, ადგენს თუ რა სამართლებრივი ურთიერთობა არსებობს მხარეთა შორის და ამ ურთიერთობის მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმების საფუძველზე აკმაყოფილებს ან არ აკმაყოფილებს სარჩელს. მხარეთა შორის არსებული ურთიერთობის შეფასება შედის სასამართლოს კომპეტენციაში, თუმცა, საქმეზე გადაწყვეტილება მიღებულ უნდა იქნეს შეჯიბრებითობის პრინციპის სრულად რეალიზაციის პირობებში. სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა აგებულია რა დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის პრინციპებზე, პირის დარღვეული ან სადავოდ ქცეული უფლების დაცვა ამავე პირის ნებაზეა დამოკიდებული. მხარეები სამოქალაქო სამართალწარმოებაში თვითონვე განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის შეტანის შესახებ (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3-4-ე მუხლები), რაც კანონის მოთხოვნათა დაცვით (ამავე კოდექსის 178-ე მუხლი) უნდა აისახოს მხარეთა მიერ სასამართლოში წარდგენილ სარჩელში (იხ.: სუსგ საქმეებზე: Nას-1163-2018, 08.02.2019 წ.; Nას-495-2020, 23.10.2020 წ).
19. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო სასამართლოს არ შეუძლია, თავისი ინიციატივით შეამოწმოს საპროცესო დარღვევები, გარდა 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტებისა. შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერებას პალატა სწორედ კასატორების პრეტენზიის ფარგლებში შეამოწმებს.
20. პირველ რიგში საკასაციო პალატა იმსჯელებს ხანდაზმულობის შედავებაზე, რადგან მისი დაკმაყოფილება გამორიცხავს საქმეზე არსებითი მსჯელობის საფუძველს.
21. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის თანახმად, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა. სპეციალური კანონის მე-19 მუხლით დაწესებულია ხანდაზმულობის სპეციალური ვადა. კერძოდ, კანონი ცილისწამების შესახებ სარჩელის სასამართლოში წარდგენის ვადად განსაზღვრავს 100 დღეს, მას შემდეგ, რაც პირი გაეცნო ან შეეძლო, რომ გასცნობოდა განცხადებას.
22. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს შეფასებით, ვერ იქნება გაზიარებული კასატორის მსჯელობა რომლის თანახმად, პირველი სასარჩელო მოთხოვნა მე-18 მუხლიდან, ხოლო დაზუსტებული - სპეციალური კანონიდან გამომდინარეობს. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლი არ არის მარტოოდენ დამფუძნებელი ნორმა აღნიშნული დავის მიზნებისთვის, არამედ ის ზოგადი მოწესრიგების ხასიათისაა და მოთხოვნის დამაფუძნებელი ნორმის ხასიათი ცილისწამების მომწესრიგებელი შესაბამისი ნორმებია. ამავდროულად, დაზუსტებული სარჩელით მოსარჩელემ არა თუ შეცვალა მოთხოვნები, არამედ წარმოადგინა დამატებითი გარემოებები, დავის საგანი კი დარჩა იგივე, შესაბამისად, სარჩელის წარმოდგენის დრო ექცევა სპეციალური კანონის მე-19 მუხლით დადგენილ ხანდაზმულობის ვადაში.
23. საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების თანახმად, აზრისა და მისი გამოხატვის თავისუფლება დაცულია. დაუშვებელია ადამიანის დევნა აზრისა და მისი გამოხატვის გამო. ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავისუფლად მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია. ამავე მუხლის მე-5 პუნქტით, ამ უფლებების შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ კანონის შესაბამისად, დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების ან ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველსაყოფად, სხვათა უფლებების დასაცავად, კონფიდენციალურად აღიარებული ინფორმაციის გამჟღავნების თავიდან ასაცილებლად ან სასამართლოს დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის უზრუნველსაყოფად.
24. საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლის თანახმად, ადამიანის პირადი და ოჯახური ცხოვრება ხელშეუხებელია. ამ უფლების შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ კანონის შესაბამისად, დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის ან სხვათა უფლებების დაცვის მიზნით.
25. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის (შემდეგში - „კონვენციის“) მე-10 მუხლით, ყველას აქვს უფლება გამოხატვის თავისუფლებისა. ეს უფლება მოიცავს პირის თავისუფლებას, ჰქონდეს შეხედულებები, მიიღოს ან გაავრცელოს ინფორმაცია თუ მოსაზრებები საჯარო ხელისუფლების ჩაურევლად და სახელმწიფო საზღვრების მიუხედავად. ამ თავისუფლებათა განხორციელება, რამდენადაც ის განუყოფელია შესაბამისი ვალდებულებისა და პასუხისმგებლობისაგან, შეიძლება დაექვემდებაროს ისეთ წესებს, პირობებს, შეზღუდვებს ან სანქციებს, რომლებიც გათვალისწინებულია კანონით და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში ეროვნული უშიშროების, ტერიტორიული მთლიანობის ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესებისათვის, უწესრიგობისა თუ დანაშაულის აღსაკვეთად, ჯანმრთელობის ან მორალის დაცვის მიზნით, სხვათა რეპუტაციის ან უფლებების დასაცავად, საიდუმლოდ მიღებული ინფორმაციის გამჟღავნების თავიდან ასაცილებლად ან სასამართლო ხელისუფლების ავტორიტეტისა და მიუკერძოებლობის უზრუნველსაყოფად.
26. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის 1-ლი მუხლის მიხედვით, მაღალი ხელშემკვრელი მხარეები ყველასათვის თავიანთი იურისდიქციის ფარგლებში უზრუნველყოფენ ამ კონვენციის I კარში განსაზღვრულ უფლებებსა და ვალდებულებებს. სიტყვაში - „უზრუნველყოფენ“, პრეცედენტული სამართლის მიხედვით განიმარტება არა მხოლოდ სახელმწიფოს ნეგატიური ვალდებულებანი, არ ხელყოს კონვენციური უფლებანი, არამედ ასევე, პოზიტიური ვალდებულებანი, დაიცვას უფლებანი და თავისუფლებანი, მათ შორის მესამე პირების მიერ დარღვევის შემთხვევაში. დაცვაში იგულისხმება რეალური, ეფექტური დაცვა შესაბამისი ინსტიტუტებისა და პროცედურების საშუალებით. სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულების ერთ-ერთი ასპექტია, უზრუნველყოს საკანონმდებლო და ადმინისტრაციული საფუძველი მე-8 მუხლით დაცული უფლების რეალიზაციისათვის.
27. პრეცედენტული სამართლის თანახმად, გამოხატვის თავისუფლება წარმოადგენს დემოკრატიული საზოგადოების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საფუძველს და ერთ-ერთ ძირითად პირობას მისი პროგრესისა და თითოეული ინდივიდის თვითრეალიზაციისათვის. მე-10 მუხლის შესაბამისად, გამოხატვის თავისუფლება ექვემდებარება გამონაკლისებს, რომლებიც უნდა განიმარტოს მკაცრად, თუმცა რაიმე სახის შეზღუდვის საჭიროება დამაჯერებლად უნდა დასაბუთდეს. ზედსართავი სახელი „აუცილებელი“, 10.2 მუხლის მნიშვნელობით, გულისხმობს „გადაუდებელი სოციალური საჭიროების“ არსებობას. ხელშემკვრელ სახელმწიფოებს გააჩნიათ დისკრეციული უფლებამოსილების გარკვეული ფარგლები ამგვარი საჭიროების არსებობის შესაფასებლად, თუმცა ეს მჭიდროდ არის დაკავშირებული ევროპულ ზედამხედველობასთან, რომელიც ეხება როგორც კანონმდებლობას, ისე კანონმდებლობის საფუძველზე მიღებულ გადაწყვეტილებებს, თუნდაც ისინი დამოუკიდებელი სასამართლოს მიერ იყოს გამოტანილი. სასამართლომ უნდა განიხილოს სადავო ჩარევა მთლიანი საქმის კონტექსტის ჭრილში და დაადგინოს, იყო თუ არა ის „ლეგიტიმური მიზნის თანაზომიერი“ და რამდენად „სათანადო და საკმარისია“ ეროვნული ხელისუფლების ორგანოების მიერ აღნიშნული ჩარევის დასაბუთებისათვის მოყვანილი მიზეზები. სასამართლომ უნდა გადაამოწმოს და დარწმუნდეს, რომ ეროვნული ხელისუფლების ორგანოებმა გამოიყენეს სტანდარტები, რომლებიც შეესაბამებოდა მე-10 მუხლით განსაზღვრულ პრინციპებს და დაეყრდნენ შესაბამისი ფაქტების მისაღებ შეფასებას („ჰენდისაიდი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“ (1976 წლის 7 დეკემბერი, სერია A, N24), „სტოლი შვეიცარიის წინააღმდეგ“ ([დიდი პალატა] N 69698/01, § 101, ECHR 2007-V), „ცხოველთა უფლებების დამცველები გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“ [დიდი პალატა] N 48876/08, §100, ECHR 2013).
28. იმისათვის, რომ გამოყენებული იქნეს კონვენციის მე-8 მუხლი, პირის რეპუტაციაზე თავდასხმა უნდა ატარებდეს სიმძიმის გარკვეულ ხარისხს და განხორციელებული უნდა იყოს პირის პირადი ცხოვრების პატივისცემის უფლებაზე წინასწარ შექმნილი განწყობით გავლენის მოხდენის მიზნით (იხ. „Delfi AS v. Estonia“ [GC], no. 64569/09, § 137, ECHR 2015 და „Medžlis Islamske Zajednice Brčko and Others v. Bosnia and Herzegovina“ [დიდი პალატა], N 17224/11, § 76, 27 ივნისი 2017). იმ საშუალების ზომა, რომლის ფარგლებშიც ჩაითვლება დაცულად კონვენციის მე-8 მუხლი, ხელშემკვრელი სახელმწიფოების თავისუფალი შეფასების ფარგლებში ექცევა, პოზიტიურია სახელმწიფოს ეს ვალდებულება თუ ნეგატიური. ასევე კონვენციის მე-10 მუხლის ფარგლებში, ხელშემკვრელ სახელმწიფოებს აქვთ გარკვეული თავისუფლება იმის შეფასებისას, თუ რამდენად და რა მოცულობით ჩაითვლება აუცილებლად ჩარევა ამ მუხლით დაცულ გამოხატვის თავისუფლებაში (იხ. „Satakunnan Markkinapörssi Oy and Satamedia Oy v. Finland“ [დიდი პალატა], N 931/13, § 162, 27 ივნისი 2017 და „Couderc and Hachette Filipacchi Associés v. France“ [დიდი პალატა], N 40454/07, § 90, ECHR 2015).
29. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლის მე-2 ნაწილი განსაზღვრავს, რომ პირს უფლება აქვს სასამართლოს მეშვეობით, კანონით დადგენილი წესით დაიცვას საკუთარი პატივი, ღირსება, პირადი ცხოვრების საიდუმლოება, პირადი ხელშეუხებლობა ან საქმიანი რეპუტაცია შელახვისაგან. შესაბამისად, სადავო საკითხის გადასაწყვეტად, პატივისა და ღირსების შელახვის ფაქტობრივი გარემოებების გამოსარკვევად და დასადგენად, სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლის მე-2 ნაწილის სამართლებრივი დანაწესიდან გამომდინარე, გამოყენებულ უნდა იქნეს „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონი, რომელიც წარმოადგენს პატივისა და ღირსების სამოქალაქო რეგულირების შემავსებელ ნორმატიულ აქტს და საბოლოოდ ქმნის საკითხის სამართლებრივად გადაწყვეტის წინაპირობას.
30. სპეციალური კანონის მე-3 მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების თანახმად, სახელმწიფო ცნობს და იცავს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას, როგორც წარუვალ და უზენაეს ადამიანურ ფასეულობებს. ხელისუფლების განხორციელებისას ხალხი და სახელმწიფო შეზღუდულნი არიან ამ უფლებებითა და თავისუფლებით, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლით. ყველას, ადმინისტრაციული ორგანოს გარდა, აქვს გამოხატვის თავისუფლება.
31. სპეციალური კანონის მე-13 მუხლის თანახმად, პირს ეკისრება სამოქალაქოსამართლებრივი პასუხისმგებლობა კერძო პირის ცილისწამებისათვის, თუ მოსარჩელე სასამართლოში დაამტკიცებს, რომ მოპასუხის განცხადება შეიცავს არსებითად მცდარ ფაქტს უშუალოდ მოსარჩელის შესახებ და ამ განცხადებით მოსარჩელეს ზიანი მიადგა. მითითებული ნორმა მტკიცების ტვირთს მოსარჩელეს აკისრებს, რაც იმას ნიშნავს, რომ სასამართლოში სარჩელის წარდგენისას, ვალდებული მოსარჩელეა, ამტკიცოს, რომ შესრულებულია ნორმით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ყველა წინაპირობა, კერძოდ: ა)მოპასუხემ მის შესახებ გაავრცელა სადავო განცხადება; ბ) სადავო განცხადება არ შეესაბამება სინამდვილეს, ანუ იგი მცდარი ფაქტების შემცველია; გ) სადავო განცხადება ზიანს აყენებს მის პატივს, ღირსებასა ან/და საქმიან რეპუტაციას.
32. აღნიშნული კანონის პირველი მუხლის „ი“ და „კ“ ქვეპუნქტების მიხედვით, საჯარო პირი არის - „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლით განსაზღვრული თანამდებობის პირი; პირი, რომლის გადაწყვეტილება ან აზრი მნიშვნელოვან გავლენას ახდენს საზოგადოებრივ ცხოვრებაზე; პირი, რომლისკენაც მისი გარკვეული ქმედების შედეგად ცალკეულ საკითხებთან დაკავშირებით მიმართულია საზოგადოებრივი ყურადღება (სპეციალური კანონის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია), ხოლო, კერძო პირი არის - ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც არ არის საჯარო პირი ან ადმინისტრაციული ორგანო. ამავე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტით, საზოგადოებრივ ყურადღებად განიმარტება - საზოგადოების ინტერესი (და არა ცალკეულ პირთა უბრალო ცნობისმოყვარეობა) იმ მოვლენისადმი, რომელიც დაკავშირებულია დემოკრატიულ სახელმწიფოში საზოგადოებრივი თვითმმართველობის განხორციელებასთან.
33. „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონი, ამ ნორმატიული აქტის მიზნებისათვის, შემდეგნაირად განმარტავს ტერმინებს: „აზრი – შეფასებითი მსჯელობა, თვალსაზრისი, კომენტარი, აგრეთვე ნებისმიერი სახით ისეთი შეხედულების გამოხატვაა, რომელიც ასახავს რომელიმე პიროვნების, მოვლენის ან საგნის მიმართ დამოკიდებულებას და არ შეიცავს დადასტურებად ან უარყოფად ფაქტს“ (პირველი მუხლის ‘ბ“ ქვეპუნქტი), ხოლო ცილისწამება – არსებითად მცდარი ფაქტის შემცველი და პირისთვის ზიანის მიმყენებელი, მისი სახელის გამტეხი განცხადებაა“ (პ–ი მუხლის „ე“ ქვეპუნქტი). ამავე კანონის მე-7 მუხლის თანახმად: „ამ კანონით აღიარებული და დაცული უფლებების ნებისმიერი შეზღუდვა უნდა ემყარებოდეს უტყუარ მტკიცებულებებს“ (2); „ამ კანონით აღიარებული და დაცული უფლებების შეზღუდვისას ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ამ უფლებების შეზღუდვის საწინააღმდეგოდ“ (5); „აზრის ან ფაქტის სტატუსის მინიჭების საკითხის განხილვისას ყოველგვარი გონივრული ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს განცხადებაში მოყვანილი ცნობებისათვის აზრის სტატუსის მინიჭების სასარგებლოდ“ (6); „სიტყვის თავისუფლების შეზღუდვისას მტკიცების ტვირთი ეკისრება შეზღუდვის ინიციატორს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის საწინააღმდეგოდ“.
34. საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკის შესაბამისად, სიტყვა „აზრი“ ფართოდ განმარტებისას გულისხმობს განსჯას, დამოკიდებულებასა თუ შეფასებას, რომლის სისწორე თუ მცდარობა დამოკიდებულია მთლიანად ინდივიდზე, მის სუბიექტურ დამოკიდებულებაზე. ფაქტები კი, როგორც წესი, მოკლებულია სუბიექტურ დამოკიდებულებას, იგი ობიექტური გარემოებებიდან გამომდინარეობს, ანუ ფაქტის გადამოწმება და დადგენა, რეალურად არსებობდა თუ არა ის, შესაძლებელია. უმეტეს შემთხვევაში აზრები და ფაქტები ერთმანეთთან მჭიდროდაა დაკავშირებული და მათი გამიჯვნა არცთუ ისე ადვილია. რეალურად გამოხატვის (გამოთქმის) ორივე ფორმა იშვიათად გვხვდება ე.წ. „სუფთა სახით“. უმთავრესად, სჭარბობს სწორედ ისეთი გამონათქვამები, რომლებშიც თავს იყრის, როგორც შეფასებითი, ასევე - ფაქტობრივი ელემენტები. აზრი ხშირად ეყრდნობა და ეხება ფაქტებს, ფაქტები კი, თავის მხრივ, აზრის საფუძველია, რომელიც ადასტურებს ან უარყოფს მათ, ამიტომაც ხშირად საკამათო გამონათქვამის, როგორც შეხედულების ან, როგორც ფაქტის გადმოცემის, სამართლებრივი კვალიფიკაციის დროს, შესაძლებელია გამოთქმის კონტექსტის მიხედვით მისი ცალკეული ნაწილების იზოლირება, მაგრამ ეს მეთოდი გამართლებულია მხოლოდ მაშინ, როდესაც ამით არ იკარგება ან არ ყალბდება გამონათქვამის შინაარსი და ნამდვილი აზრი. თუკი ასეთი იზოლირება შეუძლებელია გამონათქვამის შინაარსის გაყალბების გარეშე, მაშინ ეს გამონათქვამი უნდა ჩაითვალოს მთლიანად აზრის გამოთქმად, ანუ შეხედულებად, შეფასებით მსჯელობად და, შესაბამისად, მთლიანად უნდა იქნეს შეყვანილი ძირითადი უფლებით დაცულ სფეროში (სუსგ-ები: №ას-1278-1298-2011, 20.02.2012წ; №ას-790-739-2017, 17.01.2018წ; №ას-928-868-2017, 17.01.2018წ; №ას-989-2019, 28.06.2022წ.). სადავო გამონათქვამის სწორი კვალიფიკაციისათვის უნდა შემოწმდეს მისი შინაარსი, გამოთქმის ფორმა და გამოთქმის კონტექსტი, რა ფაქტობრივი ელემენტებისაგან შედგება გამონათქვამი (იხ. სუსგ-ები №ას-1477-1489-2011, 3.04.2012წ.; №ას-569-540-2014, 11.03.2016წ.; №ას-1366-2019, 06.04.2020წ.).
35. ერთ-ერთ საქმეზე საკასაციო სასამართლომ განმარტა: „ფაქტის მტკიცებას ახასიათებს - მტკიცებულებით დადასტურებადი - ობიექტური კავშირი გამოთქმულსა და სინამდვილეს შორის, მაშინ, როდესაც, აზრის/მოსაზრების მაკვალიფიცირებელია პოზიციის ან რწმენის ელემენტი (იხ. სუსგ საქმეზე №ას-547-2020, 14.12.2021 წ.).
36. ევროსასამართლომ აზრის თავისუფლების დაცვის სტანდარტის ხაზგასასმელად, თავის გადაწყვეტილებებში საქმეებზე: ლინგენსი ავსტრიის წინააღმდეგ (Lingens v. Austria, 8 July 1986, §46, Series A no. 10) და ობერშლიკი ავსტრიის წინააღმდეგ (Obershlik v. Austria (Application no. 11662/85 (N1), 1991 23.05.1991) გამიჯნა განცხადებები ფაქტებთან დაკავშირებით და შეფასებითი მსჯელობა. ფაქტების არსებობა შეიძლება დადასტურდეს, ხოლო შეფასებითი მსჯელობის ჭეშმარიტების დამტკიცება შეუძლებელია. შეფასებითი მსჯელობის ჭეშმარიტების დამტკიცების შესახებ მოთხოვნის შესრულება შეუძლებელია და არღვევს თავად გამოხატვის თავისუფლებას, რაც წარმოადგენს მე-10 მუხლით დაცული უფლების ძირითად ნაწილს (იხ. დე ჰაესი და გიჯსელსი ბელგიის წინააღმდეგ, 1997 წლის 24 თებერვალი, §42, ანგარიშები 1997-I- De Haes and Gijsels, §42.), თუმცა, როდესაც განცხადება უტოლდება შეფასებით მსჯელობას, ჩარევის თანაზომიერება შეიძლება დამოკიდებული იყოს იმაზე, არსებობს თუ არა საკმარისი „ფაქტობრივი საფუძველი“ გასაჩივრებული განცხადებისათვის; თუ არ არსებობს, ასეთი შეფასებითი მსჯელობა შეიძლება დადგინდეს, როგორც გადაჭარბებული (De Haes and Gijsels v. Belgium, §47; ობერშლიკი ავსტრიის წინააღმდეგ (N2), 1997 წლის 1 ივლისი, §33, ანგარიშები 1997-IV (Oberschlick v. Austria (no. 2), 1 July 1997, § 33, Reports 1997-IV); ბრასილიერი საფრანგეთის წინააღმდეგ, N71343/01, § 36, 11/04/2006 (Brasilier v. France, no. 71343/01, § 36, 11 April 2006) და ლინდონი, ოჩაკოვსკი-ლაურენსი და ჟული, §55- Lindon, Otchakovsky-Laurens and July, § 55). ფაქტობრივი ბრალდებისა და შეფასებითი მსჯელობის გასამიჯნად აუცილებელია საქმის გარემოებებისა და გამონათქვამების ზოგადი ტონის გათვალისწინება. მხედველობაშია მისაღები აგრეთვე, რომ განცხადებები საზოგადოებრივი ინტერესის საკითხების თაობაზე, შესაძლოა, წარმოადგენდეს შეფასებით მსჯელობას და არა ფაქტის დაფიქსირებას (იხ. Morice v. France [GC], no. 29369/10, §126, ECHR 2015).
37. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ევროსასამართლოს განმარტებით, რამდენადაც სერიოზულია ბრალდება, იმდენად სერიოზული უნდა იყოს ფაქტობრივი საფუძველი (Abeberry v France). განსახილველ შემთხვევაში, ეჭვგარეშეა, რომ მოპასუხეთა მიერ გავრცელებული განცხადებების კონტექსტისა და შინაარსის გათვალისწინებით, ისინი ერთობლიობაში განაპირობებდა მოსარჩელისათვის შერაცხული ქცევის განსაკუთრებულად შეუსაბამოდ მიჩნევას, როგორც მორალური, ისე სოციალური თვალსაზრისით, ე.ი. ბრალდება მეტად სერიოზულს წარმოადგენდა, ვინაიდან განმცხადებლები მოსარჩელეს დანაშაულის ჩადენაში სდებდნენ ბრალს, თუმცა, საკასაციო პალატის მოსაზრებით, ის მტკიცებულებები, რომლებიც მოსარჩელე მხარემ წარმოადგინა, საკმარისია იმ შეფასების გასაკეთებლად, რომ დადასტურებული შეუსაბამობა არსებობს სინამდვილესა და განცხადებაში გადმოცემულ ფაქტებს შორის. ამდენად, პალატა მიიჩნევს, რომ მოსარჩელემ წარმოადგინა კანონით გათვალისწინებული მტკიცებულებები, რომლითაც დადასტურდა მის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის მცდარობა. იმ პირობებში კი, როდესაც მოსარჩელემ წარმოადგინა მტკიცებულებები, რომელიც უარყოფს მოპასუხის მიერ საჯაროდ გავრცელებული განცხადებების შინაარსს, სამოქალაქო პროცესში არსებული მტკიცების ტვირთი ბრუნდება და სწორედ მოპასუხეს (კასატორს) ეკისრება ვალდებულება, მითითებული ფაქტის სინამდვილის დამადასტურებელი რელევანტური მტკიცებულებები წარმოადგინოს. აღნიშნულის საპირისპიროდ, მოპასუხემ ვერ წარმოადგინა რაიმე რელევანტური მტკიცებულება, რომელიც სასამართლოს ფაქტების სისწორეში დაარწმუნებდა.
38. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ დავის საგანი წარმოადგენს მოპასუხეთა მიერ, საჯარო სივრცეში გაკეთებული განცხადებების ცილისწამებად აღიარებას, გავრცელებული ცილისმწამებლური ინფორმაციის უარყოფასა და მორალური ზიანის ანაზღაურებას, შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნის მატერიალურ-სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლი, რომელიც ბლანკეტური შინაარსისაა და აქვს მიმთითებლური ხასიათი - „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონზე. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მოსარჩელე მოითხოვს პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვის გამო მორალური ზიანის ანაზღაურებას.
39. სსკ-ის 413.1 მუხლის მიხედვით, არაქონებრივი ზიანისათვის ფულადი ანაზღაურება შეიძლება მოთხოვნილ იქნეს მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში. ფიზიკური პირის დაცულ არაქონებრივ უფლებას წარმოადგენს პატივი, ღირსება და საქმიანი რეპუტაცია, რომლის ბრალეული შელახვის გამო, მორალური ზიანის დაკისრება სსკ-ის მე-18.6 მუხლიდან და სპეციალური კანონის მე-13 მუხლიდან (პირს ეკისრება სამოქალაქოსამართლებრივი პასუხისმგებლობა კერძო პირის ცილისწამებისათვის, თუ მოსარჩელე სასამართლოში დაამტკიცებს, რომ მოპასუხის განცხადება შეიცავს არსებითად მცდარ ფაქტს უშუალოდ მოსარჩელის შესახებ და ამ განცხადებით მოსარჩელეს ზიანი მიადგა) გამომდინარეობს.
40. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სადავო გამონათქვამები ჩამოყალიბებულია იმდაგვარად, რომ მსმენელზე მხოლოდ მოსარჩელის მიმართ მოპასუხის პირადი განწყობისა და დამოკიდებულების შთაბეჭდილებას არ დატოვებდა, ისინი მიმართული იყო არა მხოლოდ მოსარჩელის პიროვნული დისკრედიტაციისაკენ, არამედ საქმიანი რეპუტაციის შელახვისაკენაც. საკასაციო სასამართლოს განმარტებით, საქმიანი რეპუტაცია გულისხმობს საზოგადოების მიერ პირის პროფესიული თუ სხვა საქმიანი თვისებების შეფასებას. პროფესია არის ხელობა, საქმიანობა, სპეციალობა, რომელსაც გარკვეული მომზადება სჭირდება და, რომლითაც ადამიანი თავს ირჩენს, ხოლო საქმიანი რეპუტაცია შესაბამისად გულისხმობს ადამიანის კეთილსინდისიერებისა და პროფესიონალიზმის სტანდარტს, რომელიც მაგალითად, პროფესიული საქმიანობის შედეგად ყალიბდება. აქედან გამომდინარე, საქმიანი რეპუტაციის შელახვა, რასაც სსკ-ის მე-18 მუხლი ითვალისწინებს, მიმართული უნდა იყოს პირის მიერ განხორციელებული (ან განსახორციელებელი) საქმიანი ოპერაციებისათვის. საქმიანი რეპუტაციის შელახვას კი, პირის ზემოაღნიშნული თვისებების დისკრედიტაცია წარმოადგენს (შდრ. სუსგ-ები №ას-1084-1034-2014, 11 მაისი, 2015წელი; №3/კ376-01, 18 ივლისი, 2001 წელი). მოცემულ შემთხვევაში, გამოხატვა განხორციელდა იმგვარი ფორმით, რომ მოსარჩელე წარმოჩინდა საქმიანი ურთიერთობის აშკარა შელახვით.
41. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მოსარჩელე წარმოადგენს საჯარო პირს. მოპასუხის მიერ გავრცელებული განცხადებებიდან სადავოდაა გამხდარი შემდეგი წინადადებები: „ი.ხ–ი, გადმობირებულია უშიშროების სამინისტროს მიერ ი.გ–ძის დროს, 1994 წელს, აგენტურული ფსევდონიმი „ბოცა“ (გავრცელების თარიღი - 12.09.2021 წელი); - „ი.ხ–ის მეტსახელი ჩვენ არ მოგვიგონებია, ამ ფსევდონიმით მოიხსენიებენ მას სუსში, სადაც ის მთავარის ინფორმაციით, 1994 წლიდან წარმატებით მუშაობს. გადმობირებულია უშიშროების სამინისტროს მიერ ი.გ–ძის დროს, 1994 წელს, აგენტურული ფსევდონიმი „ბოცა“ (გავრცელების თარიღი - 09.10.2021 წელი).
42. საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომლის თანახმად, აღნიშნული სადავო განცხადებები წარმოადგენს არა აზრს, არამედ არსებითად მცდარ ფაქტს, რომლის ნაწილშიც გამოხატვის თავისუფლება არააბსოლუტურ სახეს იძენს.
43. წინამდებარე შემთხვევაში გადაცემა „მ.ა–სა“ და გადაცემაში „მ.შ–ი“ - ჟურნალისტ ე.გ–ას სადავო სიუჟეტში გაკეთებული განცხადებების შეფასებით მსჯელობად ან დადასტურებად/უარყოფად ფაქტებად მიჩნევისათვის საკასაციო პალატა მიუთითებს სააპელაციო სასამართლოს მართლზომიერ მსჯელობაზე, რომ „მ.ა–ბის“ სადავო გადაცემა, ისევე როგორც ჟურნალისტ ე.გ–ას სიუჟეტი ეთერში გავიდა ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნების პერიოდში, რომლის ფარგლებში მოსარჩელე ინიცირებული იყო მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატად ქუთაისის მუნიციპალიტეტში. გადაცემის მსვლელობისას, ორივე შემთხვევაში გადაცემის წამყვანიც და სადავო სიუჟეტის ჟურნალისტიც მკაფიოდ და ცალსახად აფიქსირებდა საკუთარ პოზიციას, იზიარებდა და მხარს უჭერდა გავრცელებულ ინფორმაციას მასზედ, რომ ქუთაისის მერობის კანდიდატი გადაბირებული იყო უშიშროების სამსახურის მიერ. დადგენილია, რომ სადავო გადაცემის ეთერში გასვლამდე სიუჟეტში მოყვანილი ინფორმაციის გადამოწმების მიზნით, მოპასუხეებს შესაბამისი სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოებისათვის მოსარჩელის შესახებ ინფორმაციის გამოთხოვის/მიღების მოთხოვნით არ მიუმართავთ, არც გადაცემის მიმდინარეობისას და არც შემდგომში, როგორც ნ.გ–იას, ისე ე.გ–ას მოსარჩელის შესახებ გადაცემაში გავრცელებული ინფორმაციის წყარო არ დაუსახელებიათ. მოპასუხეთა განმარტებით, აღნიშნული ინფორმაცია მათ სანდო და კონფიდენციალური წყაროსგან მიიღეს, რომელიც თავის მხრივ გამომდინარეობს სახელმწიფო უშიშროების სამსახურებიდან გამოჟონილი ინფორმაციებიდან „კრებსებიდან“. საგულისხმოა, რომ სადავო ინფორმაციის გავრცელებამდე მედია საშუალებას, მის ჟურნალისტებს მოსარჩელისთვის კომენტარის, პოზიციის გამოხატვის შესაძლებლობა არ მიუციათ, ხოლო მთლიანად სადავო გადაცემის წამყვანის მონოლოგსა თუ სიუჟეტს ჰქონდა ნეგატიური კონტექსტი და მოსარჩელის დისკრედიტაციის ხარჯზე მიზანმიმართულად ემსახურებოდა საზოგადოების უარყოფითი წინასწარი განწყობის შექმნას საარჩევნო სუბიექტის წინააღმდეგ.
44. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, დადასტურებულია, რომ ი.ხ–ს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში არასდროს უმუშავია; ი.ხ–თან დაკავშირებით ინფორმაციის მოთხოვნით საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისთვის არც ერთ საინფორმაციო საშუალებას და ჟურნალისტს არ მიუმართავს; ამავე ცნობით, სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის უზრუნველსაყოფად სამსახური უფლებამოსილი არ არის უარყოს ან დაადასტუროს ცნობები, როგორც პირის სამსახურთან რაიმე ფორმით შესაძლო ურთიერთობის, ასევე ასეთი ფაქტის არარსებობის შესახებ.
45. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოპასუხეებს არ ჰქონდათ ვალდებულება მტკიცებით ფორმაში გადაუმოწმებელი ინფორმაცია საჯაროდ გაევრცელებინათ, შესაბამისად, ჟურნალისტებს მინიმალური სტანდარტის დაცვითაც არ უსარგებლიათ მოსარჩელის უფლებრივი მდგომარეობის დარღვევის თავიდან აცილების მინით.
46. დადგენილია, რომ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ცნობით მტკიცებით ფორმაში დადასტურებულია ფაქტი, რომ ი.ხ–ს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში არასდროს უმუშავია, რაშიც თავისთავად მოიაზრება ის სამსახურებრივი პოზიციები, რომელიც სახელმწიფო საიდუმლოებას არ მიეკუთვნება და არა უსაფრთხოების სამსახურთან თანამშრომლობის შემთხვევები. მოცემულ შემთხვევაში, სადავო გამონათქვამებში მოსარჩელე მოხსენიებულია როგორც გადაბირებული აგენტი, საქმიანობის ამგვარი ფორმა კი, სწორედ სახელმწიფო საიდუმლოებას განეკუთვნება.
47. რადგან სახელმწიფო საიდუმლოდ მიჩნეული ინფორმაცია გრიფირებულია, მისი გასაჯაროვება დაუშვებელია, შესაბამისად, მოსარჩელე თუნდაც სამართლებრივ ურთიერთობაში იმყოფებოდეს შესაბამის უწყებასთან, არ არის უფლებამოსილი აღნიშნული ინფორმაციის შესახებ საჯაროდ წარადგინოს მტკიცებულებები სარჩელის დადასტურების მიზნით. აქედან გამომდინარე, ცალსახაა, რომ მოსარჩელის მხარეს არსებული ცილისწამების უარყოფის მტკიცების ტვირთი მისთვის შეუძლებელია იქნეს დაკმაყოფილებული, რაც აბრუნებს მტკიცების ტვირთს მოპასუხის მხარეს, რომელიც ვალდებული ხდება დაასაბუთოს მის მიერ გავრცელებული ცნობების სისწორე. რაც შეეხება მოპასუხეს, დადასტურებულია, რომ მან მტკიცების თუნდაც მინიმალური სტანდარტი - შესაბამისი უწყებისთვის ინფორმაციის გამოთხოვის მიზნით მიმართვის ვალდებულებაც კი არ დაიცვა, რაც მიუთითებს მოპასუხეთა არაკეთილსინდისიერებაზე გადაემოწმებინათ ინფორმაცია.
48. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ზემოაღნიშნულზე მოპასუხეთა შედავება, რომლის თანახმად, ისინი, როგორც ჟურნალისტები უფლებამოსილი არიან არ გასცენ წყაროს ინფორმაცია ვერ იქნება გაზიარებული, რადგან კონფიდენციალური წყაროსგან მიღებული ინფორმაციის ავთენტურობაზე მარტოოდენ აპელირება ვერ გახდება საკმარისი საფუძველი გასაჯაროებული დაუდასტურებელი ფაქტის გამართლებად.
49. ამ კუთხით საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ არ არის წარმოდგენილი მტკიცებულებები პასუხისმგებელ სუბიექტთა მხრიდან (ჟურნალისტის / გადაცემის წამყვანის / განცხადების ავტორის / მაუწყებლის) ინფორმაციის გადამოწმების, ან გადამოწმების შეუძლებლობის ან მისი სწრაფად გავრცელების გარდაუვალობასთან დაკავშირებით. არ არის წარმოდგენილი, რა ზომებია მიღებული, რა ღონისძიებებია გატარებული სადავო ფაქტების გავრცელებამდე, რაც გამორიცხავს მოპასუხეთა კვალიფიციურ პრივილეგიას ცილისმწამებლური ინფორმაციის გავრცელების გამო. გარდა იმისა, რომ მოპასუხეებს არ შეუჯერებიათ ინფორმაცია სხვადასხვა წყაროსთან, არ იყო გათვალისწინებული თავად მოსარჩელის პოზიციაც, მოპასუხე მხარემ არ მიიღო ზომები იმისათვის, რომ აღნიშნული ინფორმაცია სათანადოდ გადაემოწმებინა მოსარჩელესთან ან მისთვის კომენტარის გაკეთების შესაძლებლობა მიეცა ინფორმაციის ეთერში გასვლამდე და ამ ცნობების საჯაროდ გავრცელებამდე. მოპასუხის ის სედავება, რომ თითქოს მოსარჩელე ისედაც არ ითანამშრომლებდა მათთან, არარელევანტურია, რადგან ასეთი სენსიტიური თემის გაშუქებისას, ჟურნალისტი თითოეულ შემთხვევაში ვალდებულია ეცადოს მაინც პიროვნებასთან დაკავშირება, რათა კონკრეტული მტკიცებულება ჰქონდეს კონკრეტული შემთხვევისას დაადასტუროს როგორ რეაგირებს ადრესატი. ზოგადი, ჰიპოთეტური მსჯელობა კი ვერ ჩაითვლება არგუმენტირებად. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხეებმა ვერ უზრუნველყვეს მათი წილი მტკიცების ტვირთის რეალიზება, რაც მიუთითებს გამოხატვის თავისუფლების სტანდარტის დარღვევაზე.
50. საკასაციო პალატა დამატებით აღნიშნავს, საქმეში დადასტურებულია, რომ მოპასუხეებმა გაავრცელეს დაუდასტურებელი ინფორმაცია მასზე გადამოწმების მინიმალური, გონივრული სტანდარტის გარეშე. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხეებისთვის სავარაუდო უნდა ყოფილიყო ინფორმაციის არასანდოობის, უზუსტობის ფაქტი და მათ არ გააჩნდათ მოსარჩელის მიმართ სადავო ინფორმაციის გავრცელების საკმარისი ფაქტობრივი საფუძვლები. აქედან გამომდინარე, ცალსახაა, რომ მოპასუხეთა მხრიდან ორივე სადავო განცხადების გავრცელებით (12.09.2021 წელს და 09.10.2021 წელს) მოხდა არსებითად არასწორი - მცდარი და საზოგადოების შეცდომაში შემყვანი ინფორმაციის შემცველი ფაქტების გასაჯაროება, რაც უნდა იქნეს მიჩნეული ისეთ ცილისწამებად, რომელიც ლახავს მოსარჩელის ღირსებას, პატივსა და საქმიან რეპუტაციას.
51. საკასაციო პალატა ერთ-ერთ საქმეში (სუსგ.№ას-1373-2022, 30 მარტი, 2023 წელი) განმარტავს, რომ კონვენციის მე-10 მუხლიდან გამომდინარე, აზრის გამოხატვის თავისუფლება ყოველთვის სარგებლობს უპირატესობით სხვა ფუნდამენტურ უფლებებსა ან საზოგადოებრივ ინტერესებთან დაპირისპირებისას. ასეთი მიდგომა გამოხატვის თავისუფლებას აბსოლუტურ უფლებად აქცევდა, თუმცა პიროვნების შეურაცხყოფის საქმეების განხილვის დროს სასამართლოს წინაშეა მთავარი კითხვა: იყო თუ არა აღნიშნული განცხადება „გადაჭარბებული“? ევროსასამართლოს განმარტებით, განცხადების შეფასებისას მნიშვნელოვანი ელემენტია, რამდენად შეიცავს იგი შეურაცხმყოფელ ტერმინებს, ასევე, მათი შინაარსი და გავლენა საზოგადოებაზე (Chauvy and others v. France (საჩივარი №64915/01), 29.06.2004წ.).
52. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მძიმე ფაქტობრივი ბრალდება შეუძლებელია მიჩნეულ იქნეს შეფასებით მსჯელობად. აქვე, საკასაციო პალატა მოიშველიებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებას მასზედ, რომ „იმ შემთხვევაშიც კი, თუ სასამართლო მოსარჩელის წინააღმდეგ გამოთქმულ ბრალდებებს შეაფასებდა, როგორც შეფასებით მსჯელობას და არა ფაქტს, სასამართლო მხედველობაში მიიღებდა ევროსასამართლოს მიერ ჩამოყალიბებულ პრეცედენტულ პრაქტიკას, რომლის მიხედვით, თუნდაც განცხადება წარმოადგენდეს შეფასებით მსჯელობას, უნდა არსებობდეს საკმარისი ფაქტობრივი საფუძველი მის გასამყარებლად, წინააღმდეგ შემთხვევაში, ის ჩაითვლება არასათანადოდ“ (იხ. ეგილ ეინარსონი ისლანდიის წინააღმდეგ (Egill Einarsson v. Iceland), N 24703/15, §52, 7 ნოემბერი 2017) პფაიფერი ავსტრიის წინააღმდეგ (Pfeifer v. Austria), N 12556/03, §46, 15 ნოემბერი 2007). ევროსასამართლოს დასახელებული განმარტებებიდან გამომდინარე, ნათელია, რომ შეფასებითი მსჯელობაც კი, გარკვეულ ფაქტობრივ საფუძველს უნდა ეყრდნობოდეს, რათა ეს შეფასებითი მსჯელობა სათანადოდ ჩაითვალოს. განსახილველი საქმის ფაქტობრივი გარემოებების მიხედვით კი, უტყუარად დადგინდა, რომ მოპასუხეთა მიერ გავრცელებული საკმაოდ სერიოზული ბრალდებები, მოკლებული იყო სათანადო ფაქტობრივ საფუძვლებს.
53. პალატა მიუთითებს ევროსასამართლოს ერთ-ერთ გადაწყვეტილებაზე (Medžlis Islamske Zajednice Brčko and Others v. Bosnia and Herzegovina) [დიდი პალატა] - 17224/11, 27.6.2017), სადაც სასამართლომ განმარტა, რომ პრესის საქმიანობა შეიძლება დახასიათდეს, როგორც სოციალური მოდარაჯე. პრესის თავისუფლების სფეროში, გამოხატვის თავისუფლებით სარგებლობის თანდაყოლილი ვალდებულებებისა და პასუხისმგებლობების საფუძველზე დაყრდნობით მე-10 მუხლით ჟურნალისტისთვის დადგენილი გარანტიები საზოგადო ინტერესის საკითხებზე საზოგადოების ინფორმირებისას, დამოკიდებულია იმაზე, ჟურნალისტი მოქმედებდა თუ არა კეთილსინდისიერად ჟურნალისტის ეთიკის ნორმებთან შესაბამისობაში ზუსტი და სანდო ინფორმაციის მისაწოდებლად. როდესაც ის სოციალური მოდარაჯის ფუნქციას ახორციელებს. კონკურენტული ინტერესების დაბალანსებისას აუცილებელია იმ კრიტერიუმის გათვალისწინება, რომელიც ზოგადად მოქმედებს მედიის მიერ თავისი საზოგადოებრივი მოდარაჯის ფუნქციის განხორციელებისას ცილისმწამებლური განცხადებების გავრცელებაზე: (a) რამდენად ცნობილი იყო სამიზნე პირი და რა წარმოადგენდა ბრალდების საგანს; (b) მიწოდებული ინფორმაციის შინაარსი, ფორმა და შედეგები; (c) გამხელილი ინფორმაციის ავთენტურობა.
54. საკასაციო პალატამ თითოეულ ზემოაღნიშნულ კრიტერიუმთან მიმართებაში სრულად იზიარებს სააპელაციო პალატის მიერ განვითარებულ მსჯელობებს, რომ მოპასუხეებმა ინფორმაცია გაავრცელეს საჯარო პირის შესახებ; გავრცელებული ინფორმაცია დაუდასტურებელი ფაქტის შემცველი და ცილისმწამებლურია; მოპასუხეებმა ვერ შეძლეს მტკიცების ტვირთის დაძლევა, ასეთი ინფორმაცია კი, ზიანს აყენებს ადრესატის პატივს, ღირსებასა და რეპუტაციას.
55. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ჟურნალისტები თავისუფლდებიან პასუხისმგებლობისაგან, თუკი დაამტკიცებენ რომ ინფორმაცია ოფიციალური წყაროდან მიიღეს, ჟურნალისტი დარწმუნებული იყო გავრცელებული ინფორმაციის ჭეშმარიტებაში, ჟურნალისტმა გონივრულ ფარგლებში გადაამოწმა გავრცელებული ინფორმაციის ჭეშმარიტება. სხვა შემთხვევაში, ასევე უნდა დაადასტუროს ინფორმაციის გადამოწმება რა დაუძლეველ სირთულეებთან იყო დაკავშირებული (ბლეიდი ტრომსო და სტენსაასი ნორვეგიის წინააღმდეგ). ჟურნალისტების „მოვალეობები და პასუხისმგებლობების“ წარმოშობა გამოწვეულია იმ საფუძვლით, რომ გამოხატვის თავისუფლების საპირწონედ დაცული იყოს კერძო და საჯარო პირების პატივი, ღირსება და საქმიანი რეპუტაცია. (იხ. Von Hannover v Germany). განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხეებმა ვერ შეძლეს აღნიშნული გარემოებების დადასტურება, რაც ცალსახად მიუთითებს აღნიშნული ვალდებულების შეუსრულებლობაზეც.
56. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო პალატა ცალსახად მიიჩნევს, რომ მოსარჩელემ დაძლია „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი მტკიცების ტვირთი. კერძოდ, წარმოადგინა კანონით გათვალისწინებული მტკიცებულებები და დაადასტურა მოპასუხეთა მიერ, მის შესახებ გავრცელებული განცხადებების ცილისმწამებლური შინაარსი, ხოლო, მოპასუხემ ვერ წარმოადგინა საპირწონე მტკიცებულება, რომელიც მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ არგუმენტაციას ეჭვქვეშ დააყენებდა. პალატა მიიჩნევს, რომ მოპასუხეთა მიერ გავრცელებული ცილისმწამებლური გამონათქვამები, თავისი შინაარსის გათვალისწინებით, წარმოადგენდა მოსარჩელის პირად უფლებებზე თავდასხმას, შესაბამისად, სახეზეა მოსარჩელის კანონიერი ინტერესების მიზანმიმართული დაზიანება. ასევე, პალატა ასკვნის, რომ გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევა მოსარჩელის პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის დაცვის მიზნით აუცილებელია და კანონიერ მიზანს ემსახურება. უფლებაში ჩარევის საშუალება ჩარევის მიზანთან - ხელყოფილი უფლების დაცვასთან პროპორციულია. ამასთან, სასამართლო გადაწყვეტილებით დადგენილი ჩარევა მინიმალური, თანაზომიერი, ეფექტიანი, ეკონომიური და აღსრულებადია.
57. ამრიგად, მიუხედავად იმისა, რომ გამოხატვის თავისუფლებას გააჩნია უდიდესი მნიშვნელობა დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს არსებობისა და ადამიანის თვითრეალიზაციის უზრუნველყოფის თვალსაზრისით, ის შეიძლება დაექვემდებაროს შეზღუდვას კანონმდებლობით გათვალისწინებული წესითა და ლეგიტიმური მიზნით. კერძოდ, „არც ერთი ადამიანის თავისუფლება არ შეიძლება ეფუძნებოდეს სხვისი თავისუფლების ხელყოფას. ამიტომ გამოხატვის თავისუფლების ზღვარიც სხვათა უფლებებია. ის არ სარგებლობს თავისთავადი უპირატესობით რომელიმე სხვა კონსტიტუციურ სიკეთესთან მიმართებით. მაშინ როდესაც ამ უფლებით შეუზღუდავად სარგებლობამ რეალური დარღვევის საფრთხე შეიძლება შეუქმნას ამა თუ იმ უფლებას, გამოხატვის თავისუფლებაც შეიძლება შეიზღუდოს და ესეც დემოკრატიის ერთ-ერთი მთავარი წესია“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 30 სექტემბრის №1/6/561,568 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე იური ვაზაგაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-44).
58. რაც შეეხება მორალური ზიანის ანაზღაურების საკითხს, მოსარჩელემ მოითხოვა პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვის გამო მორალური ზიანის ანაზღაურება. სსკ-ის 413.1 მუხლის მიხედვით, არაქონებრივი ზიანისათვის ფულადი ანაზღაურება შეიძლება მოთხოვნილ იქნეს მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში. ფიზიკური პირის დაცულ არაქონებრივ უფლებას წარმოადგენს პატივი, ღირსება და საქმიანი რეპუტაცია, რომლის ბრალეული შელახვის გამო, მორალური ზიანის დაკისრება სსკ-ის მე-18 მუხლიდან და სპეციალური კანონის მე-14 მუხლიდან გამომდინარეობს.
59. მორალური ზიანის ოდენობასთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სპეციალური კანონი არ ითვალისწინებს მორალური ზიანის გამოთვლის წესს. არაქონებრივი ზიანის ანაზღაურების წესს განსაზღვრავს სსკ-ის 413-ე მუხლი (რომელიც ადგენს ზოგად წესს). აღნიშნული მუხლის შესაბამისად, სასამართლო ადამიანის პიროვნული ღირებულებების ხელყოფის ფაქტის შემთხვევაში, მორალური ზიანის შინაარსსა და მოცულობას (რომელსაც არ გააჩნია მატერიალური გამოხატულება) განსაზღვრავს გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით. ეს საკითხი სასამართლოს შეფასებითი მსჯელობის საგანია და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, თავად შემთხვევის ინდივიდუალობისა და თავისებურების გათვალისწინებით უნდა გადაწყდეს (იხ. სუსგ №ას-645-2019, 26 ივლისი 2019 წელი).
60. მორალური ზიანის ანაზღაურებას აკისრია სამი ფუნქცია: პირველი - დააკმაყოფილოს დაზარალებული; მეორე - ზემოქმედება მოახდინოს ზიანის მიმყენებელზე; მესამე - თავიდან აიცილოს პიროვნული უფლებების ხელყოფა სხვა პირების მიერ. არაქონებრივი ზიანის ანაზღაურება მიზნად არ ისახავს მიყენებული ზიანის სრულ რესტიტუციას, რადგან მიყენებულ ზიანს ფულადი ეკვივალენტი არ გააჩნია და შეუძლებელია მისი სრული კომპენსაცია. მორალური ზიანის ანაზღაურების ოდენობა უნდა იყოს გონივრული და სამართლიანი. მორალური ზიანის ანაზღაურების ოდენობის განსაზღვრა ხდება ზიანის მიმყენებლის ქონებრივი მდგომარეობის, დაზარალებულის ბრალის ხარისხის და სხვა კონკრეტულ გარემოებათა გათვალისწინებით. მორალური ზიანისათვის ფულადი კომპენსაციის ოდენობა არ უნდა იყოს უზომოდ გაზრდილი და არ უნდა მოწყდეს რეალობას, მისი მიზანი არ უნდა იყოს მოპასუხის დასჯა. მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ხელყოფის ხასიათი, მისი გავლენა პირის არამატერიალურ სიკეთეზე (იხ. სუსგ №ას-660-660-2018, 20 ივლისი 2018 წელი; №ას-1040-2018, 26 ივლისი 2019 წელი).
61. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ რადგან მოპასუხეების მიერ საჯაროდ გავრცელებული ინფორმაცია აღმოჩნდა არასწორი, დაუსაბუთებელი, შესაბამისად ცილისმწამებლური, ასევე, დადგინდა, რომ მოპასუხეებმა ვერ დაასაბუთეს მათ მიერ ფაქტის გადამოწმების მინიმალური სტანდარტის ვალდებულება. ამავდროულად, ცალსახაა, რომ განცხადება მოსარჩელისათვის იყო ზიანის მიმყენებელი - მისი პიროვნების მადისკრედიტირებელი, პატივისა და ღირსების შემლახველი. შესაბამისად, პროპორციულობისა და თანაზომიერების პრინციპის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა იზიარებს დაკისრებული თანხის ოდენობას და მიიჩნევს, რომ ის დარღვეული უფლების დაცვის მიზნის პროპორციულია.
62. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო არ აკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს „მ.ა–ისა“ და ნ.გ–იას საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 09 დეკემბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: მ. ერემაძე
მოსამართლეები: თ. ძიმისტარაშვილი
ა. კოჭლამაზაშვილი