გაუქმდა და მიღებულია ახალი გადაწყვეტილება

სამოქალაქო 22.06.2026
საქმის ნომერი
ას-1315-2025
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
22.06.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №ას-1315-2025 22 ივნისი, 2026 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

არჩილ კოჭლამაზაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ლევან ნემსაძე, მიხეილ ჯინჯოლია

კასატორი – შპს „ო.მ–ი“ (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „თ...“ (მოპასუხე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – სასაქონლო ნიშნის გამოყენების აკრძალვა, ერთჯერადი ფულადი კომპენსაციის დაკისრება

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. სარჩელის მოთხოვნა

1.1. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართა შპს „ო.მ–მა“ შპს „თ...“-ის წინააღმდეგ, მოითხოვა მოპასუხისთვის მოსარჩელის კუთვნილი სასაქონლო ნიშნის - „ბავშვთა სამყარო - Baby Universe“, იდენტური ნიშნის, ასლის, იმიტაციის „ბავშვთა სამყაროს“- უკანონო გამოყენების აკრძალვა ნებისმიერი ფორმით, მათ შორის, როგორც სახელწოდება/ბანერზე, ასევე მისი გამოყენება სოციალური ქსელების მეშვეობით, თავისი გვერდის სახელწოდებად და რეკლამირებისთვის, ასევე მოპასუხისათვის ერთჯერადი ფულადი კომპენსაციის დაკისრება 5 000 ლარის ოდენობით.

2. მოპასუხის პოზიცია

2.1. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.

3. მოპასუხის შეგებებული სარჩელი

3.1. შეგებებული სარჩელი წარადგინა მოპასუხემ, მოითხოვა, ბათილად იქნეს ცნობილი შპს „ო.მ–ის“ სახელზე ს–ში დარეგისტრირებული სასაქონლო ნიშნის „ბავშვთა სამყარო - Baby Universe“-ის N31970 2019-11-12, რეგისტრაცია, მოსარჩელის კანონიერი ინტერესის დაცვის მიზნით (დაზუსტებული).

4. მოსარჩელის შესაგებელი შეგებებულ სარჩელზე

4.1. მოსარჩელემ შესაგებელი წარადგინა შეგებებულ სარჩელზე, რომლითაც შეგებებული სარჩელი არ ცნო.

5. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება

5.1. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 10 სექტემბრის გადაწყვეტილებით შპს „ო-მ–ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა; აეკრძალა მოპასუხე შპს „თ...“-ს შპს „ო.მ–ის“ კუთვნილი სასაქონლო ნიშნის - „ბავშვთა სამყარო - Baby Universe“, იდენტური ნიშნის - „ბავშვთა სამყაროს“ - უკანონო გამოყენება ნებისმიერი ფორმით, მათ შორის, როგორც სახელწოდება/ბანერზე, ასევე მისი გამოყენება სოციალური ქსელების მეშვეობით, თავისი გვერდის სახელწოდებად და რეკლამირებისთვის; მოპასუხე შპს „თ...“-ს დაეკისრა შპს „ო-მ–ის“ სასარგებლოდ ერთჯერადი ფულადი კომპენსაციის სახით 5 000 ლარის გადახდა შპს „თ...“-ის შეგებებული სარჩელი შპს „ო.მ–ის“ მიმართ არ დაკმაყოფილდა.

6. მოპასუხის სააპელაციო საჩივარი

6.1. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 10 სექტემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, რომლითაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

7. ქუთაისისი სააპელაციო სასამართლოს განჩინება და დასკვნები

7.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 10 სექტემბრის გადაწყვეტილება შპს „ო.მ–ის“ სარჩელის დაკმაყოფილებისა და საპროცესო ხარჯების განაწილების ნაწილებში (გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის პირველი (1.1 და 1.2), მე-3 და 3.1 პუნქტები) და ამ ნაწილებში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; 3. შპს „ო.მ–ის“ სარჩელი, შპს „თ...“-ის მიმართ, არ დაკმაყოფილდა;

7.2. სააპელაციო სასამართლომ ნაწილობრივ გაიზიარა პირველი ინსტანციის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, დამატებით საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებებზე მიუთითა.

7.3. 2019 წლის 29 ნოემბერს, შპს „ო.მ–მა“ განცხადებით მიმართა სასაქონლო ნიშნების, გეოგრაფიული აღნიშვნებისა და დიზაინის დეპარტამენტს სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის მოთხოვნით. შედეგად, ჩატარდა ძიება ნიშნის სიტყვიერ ნაწილზე „ბავშვთა სამყარო Baby Universe“ სასაქონლო ნიშნების, დიზაინების, გეოგრაფიული აღნიშვნებისა და საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებების მონაცემთა ბაზასა და სამრეწველო საკუთრების დაცვის პარიზის კონვენციის 6ter მუხლით დაცულ სიმბოლოთა ბაზაში, საქართველოსა და ევროკავშირს შორის ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე საქართველოში დაცული გეოგრაფიული აღნიშვნების ჩამონათვალში. ძიების ანგარიშის ანალიზმა იდენტური ან მსგავსი დაპირისპირებული სიტყვიერი ნიშანი, გეოგრაფიული აღნიშვნა და/ან პარიზის კონვენციის 6ter მუხლით დაცული სიმბოლო არ გამოავლინა. აღნიშნული ანგარიშის საფუძველზე, სიტყვიერი სასაქონლო ნიშანი, შესრულებული ინგლისური და ქართული ანბანით - „ბავშვთა სამყარო-Baby Universe“, ნიშნის სიტყვის ნაწილის ტრანსლიტერაცია - bavshvta samkaro-Baby Universe საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის „ს–ის“ (შემდგომში „ს–ი“) მიერ, 2019 წლის 11 ნოემბერს, დარეგისტრირდა მოსარჩელე შპს „ო.მ–ის“ სახელზე, ნიცის საერთაშორისო კლასიფიკაციის 35-ე კლასში მითითებულ ინტელექტუალურ საკუთრებას, ბავშვთა პროდუქციით ვაჭრობა, ამ საქონელზე - რეკლამა; მართვა საქმიან სფეროში; ადმინისტრირება საქმიან სფეროში; საოფისე სამსახური. საიდენტიფიკაციო ნომერი 105555/3, რეგისტრაციის ნომერი 31970. რეგისტრაციის ვადის გასვლის თარიღი - 2029 წლის 12 ნოემბერი. მისამართი: თბილისი, ......../......... N49/29, ბ.N6.

7.4. შპს „ო.მ–ი“ რეგისტრირებულია სამეწარმეო რეესტრში 04/09/2017 წლიდან. დაცული ნიშნის ფარგლებში ის შეიმუშავებს მისი ეტიკეტის დიზაინს, ირჩევს მწარმოებელს, პროდუქციის იმ ტერიტორიაზე მიწოდების მიზნით, სადაც სავაჭრო ნიშანზე ვრცელდება სამართლებრივი დაცვა, მათ შორის, ქ.ქუთაისში (იხ. ს.ფ. 28-32, 78 79, 212-213).

7.5. მოპასუხე შპს „თ...“ სამეწარმეო რეესტრში რეგისტრირებულია 2016 წლის 24 თებერვლიდან. იგი ახდენს სხვადასხვა დასახელების პროდუქტის, მათ შორის, საბავშვო საგნების რეალიზაციას მაღაზიის მეშვეობით, რომელზეც განთავსებულია აბრა - „ბავშვთა სამყარო - ქუთაისი“. მას სასაქონლო ნიშანი „ს–ში“ არ აქვს რეგისტირებული (იხ. ს.ფ. 28-29).

7.6. 2020 წლის 14 ოქტომბერს, თავდაპირველმა მოსარჩელემ გამაფრთხილებელი შეტყობინება გაუგზავნა მოპასუხეს შპს „თ...“-ს დაცული სასაქონლო ნიშნის გამოყენების შეწყვეტის თაობაზე. ალტერნატივად შესთავაზა ნიშნის გამოყენება ლიცენზირების მეშვეობით, თუმცა უშედეგოდ. მოპასუხეს წარდგენილი პრეტენზია მიაჩნია უსაფუძვლოდ, რადგან ის ამ პროდუქციით საქმიანობას ეწეოდა მოსარჩელის მიერ სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციამდე (იხ. ს.ფ. 26-27).

7.7. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, განსახილველ შემთხვევაში, შპს „ო.მ–ი“ არის სასაქონლო ნიშანზე „ბავშვთა სამყარო - Baby Universe“ განსაკუთრებული უფლების მქონე პირი. „ს–ში“ ამ ნიშნის რეგისტრაცია მოხდა 2019 წლის 12 ნოემბერს (ს/ნ .........). ნიშანი რეგისტრირებულია ნიცის კლასიფიკაციის 35-ე კლასში (რეკლამა, მართვა საქმიან სფეროში, ადმინისტრირება საქმიან სფეროში; საოფისე სამსახური). ამდენად, „სასაქონლო ნიშნების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის საფუძველზე, დადასტურებულად უნდა ჩაითვალოს შპს „ო.მ–ის“ მიერ სასაქონლო ნიშანზე განსაკუთრებული უფლების მოპოვების ფაქტი.

7.8. სააპელაციო სასამართლომ უდავოდ მიიჩნია, რომ მოპასუხე შპს „თ...“ არის სამეწარმეო საზოგადოება, რომელიც, სხვა საქონელთან ერთად, ახდენს საბავშვო საქონლის რეალიზაციას, აბრევიატურით - „ბავშვთა სამყარო - ქუთაისი“. აღნიშნული სასაქონლო ნიშანი მას „ს–ში“ რეგისტრირებული არ აქვს.

7.9. მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ წარმოდგენილი ფოტომასალისა და ვიდეომასალის ურთიერთშედარების შედეგად, მოპასუხის მიერ გამოყენებული სასაქონლო ნიშანი იდენტური ან/და მსგავსი არ არის, არ ჩნდება ამ ნიშნების აღრევის, მათ შორის, ასოცირების შედეგად აღრევის შესაძლებლობა. (აღსანიშნავია, რომ შპს „ო.მ–ის“ სასაქონლო ნიშანი ასევე ინგლისურენოვან ჩანაწერს შეიცავს). სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, მართალია ორივე მეწარმე სუბიექტს მისი ობიექტის აბრაზე გამოყენებული აქვს წარწერა „ბავშვთა სამყარო“, თუმცა ისინი არის სხვადასხვა ზომის, ფორმის, ფერის, გაფორმების და ამ გარემოებების გამო, მათი აღრევა შეუძლებელია.

7.10. სააპელაციო სასამართლომ შეგებებული სარჩელის ნაწილში განმარტა, რომ „სასაქონლო ნიშნების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ი“ ქვეპუნქტით, სასაქონლო ნიშნად არ დარეგისტრირდება სიმბოლო ან სიმბოლოთა ერთობლიობა, რომელიც მთლიანად ან რომელიმე შემადგენელი ელემენტით ემთხვევა საქართველოს ან მისი ტერიტორიული ერთეულის არსებულ ან ისტორიულ დასახელებას. ასეთი სიმბოლოები სასაქონლო ნიშანში შედის დაუცველი ნაწილის სახით, თუ არსებობს საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს თანხმობა მათი გამოყენების თაობაზე.

7.11. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, საქმეში წარდგენილი მტკიცებულებებით ირკვევა, რომ მოპასუხის სასაქონლო ნიშნის რეგისტრაცია მოხდა საექსპერტო დასკვნის საფუძველზე, კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით. მოსარჩელე მოპასუხის სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის ბათილად ცნობას მოითხოვს არაკეთილსინდისიერების პრინციპით მისი რეგისტრაციის გამო, რაც საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება. ამის საწინააღმდეგოდ, უდავოა, რომ შპს „ო.მ–ი“ წარმოადგენს არაერთი სავაჭრო ობიექტისაგან შემდგარ, ქართულ ბაზარზე ცნობილ, წლების მანძილზე ოპერირებულ კომპანიას, აქვს ამ მიმართულების სავაჭრო ქსელი თითქმის საქართველოს მთელ ტერიტორიაზე და მისი ინტერესი არ შეიძლებოდა ყოფილიყო ერთ რომელიმე ქალაქში (მათ შორის, ქუთაისში) არსებული ერთ-ერთი მაღაზიის სავაჭრო სახელის გამოყენება, კომერციული სარგებლის მიღებისათვის, ან მის მფლობელობაში არსებული ნიშნის რეგისტრაცია, მისთვის ამ ნიშნის გამოყენების აკრძალვისათვის.

8. მოსარჩელის საკასაციო საჩივარი

8.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, გასაჩივრებული გადაწყვეტლების ნაწილობრივ გაუქმება, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

9. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

9.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 14 ნოემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი წარმოებაშია მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად, ხოლო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 15 ივნისის განჩინებით დასაშვებადაა ცნობილი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

10. საკასაციო პალატამ შეისწავლა წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლები, შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების იურიდიული დასაბუთება და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დასაბუთებულია, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება ნაწილობრივ უნდა გაუქმდეს და ახალი გადაწყვეტილებით საკასაციო საჩივრის ავტორის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

11. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორმა ნაწილობრივ წარმოადგინა დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

12. საკასაციო სასამართლო უპირველესად განმარტავს, რომ სასაქონლო ნიშანი საქართველოს კონსტიტუციით დაცული საკუთრების უფლების ობიექტია. სასაქონლო ნიშანი წარმოადგენს ინტელექტუალური საკუთრების ობიექტს, რომლის რეგისტრაციის, სარგებლობის და დაცვის პირობები რეგლამენტირებულია „სასაქონლო ნიშნების შესახებ“ საქართველოს კანონით, ასევე ამ სფეროს მომწესრიგებელი საერთაშორისო აქტებით.

13. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 36325-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტით, ინტელექტუალური საკუთრების ობიექტი არის საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დაცული სასაქონლო ნიშანი, მომსახურების ნიშანი ან კოლექტიური ნიშანი, რეგისტრირებული დიზაინი, პატენტით დაცული გამოგონება ან სასარგებლო მოდელი, საავტორო უფლებით ან მომიჯნავე უფლებებით დაცული ობიექტი.

14. ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (ისმოს) დამფუძნებელი კონვენციის მე-2 (VIII) მუხლით, ინტელექტუალური საკუთრების ობიექტებს (სხვა ობიექტებთან ერთად) მიეკუთვნება სასაქონლო და მომსახურების ნიშნები, საფირმო სახელწოდებები და სხვა კომერციული აღნიშვნები.

15. „სამრეწველო საკუთრების დაცვის“ პარიზის კონვენციის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით, სამრეწველო საკუთრების დაცვის ობიექტებია პატენტები, სასარგებლო მოდელები, სამრეწველო დიზაინები, სასაქონლო ნიშნები, მომსახურების ნიშნები, საფირმო სახელწოდებები, წარმოშობის აღნიშვნები და წარმოშობის აღნიშვნები და ადგილწარმოშობის დასახელებები, აგრეთვე არაკეთილსინდისიერი კონკურენციის აღკვეთა, ხოლო მე-6 მუხლით, სასაქონლო ნიშნებზე განსაკუთრებული უფლებების მოპოვებისა და დამცავი დოკუმენტების ძალაში შენარჩუნების წესებს არეგულირებს მხოლოდ ეროვნული კანონმდებლობა.

16. სასაქონლო ნიშნის სარგებლობასთან დაკავშირებული სამართლებრივი ურთიერთობები რეგლამენტირებულია ასევე 1994 წლის 14 აპრილს დადებული საერთაშორისო შეთანხმებით `ინტელექტუალური საკუთრების უფლების ვაჭრობასთან დაკავშირებული ასპექტების შესახებ” (TRIPS), რომლის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, რეგისტრირებული სასაქონლო ნიშნის მფლობელს აქვს განსაკუთრებული უფლება აუკრძალოს ყველა მესამე პირს მისი თანხმობის გარეშე ვაჭრობის პროცესში იდენტური ამ მსგავსი ნიშნის გამოყენება ისეთი საქონელთან ან მომსახურებასთან დაკავშირებით, რომელთა მიმართაც რეგისტრირებულია სასაქონლო ნიშანი და როდესაც ასეთმა გამოყენებამ შეიძლება წარმოქმნას არევ-დარევის ალბათობა. არევ-დარევის ალბათობა მტკიცდება მაშინ, როდესაც აღრევამდე მსგავსი ნიშნის გამოყენება ხდება საქონელთან ან მომსახურებასთან დაკავშირებით. ინტელექტუალური საკუთრების დაცვა მოიცავს არაკეთილსინდისიერი კონკურენციისგან დაცვას, როგორც ეს სამრეწველო საკუთრების დაცვის პარიზის კონვენციის (1967) 10bis მუხლითაა დარეგულირებული (პარიზის კონვენცია).

17. საკასაციო სასამართლო „სასაქონლო ნიშნების შესახებ“ საქართველოს კანონზე (შემდეგში: სპეციალური კანონი) მიუთითებს, რომლის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სასაქონლო ნიშანი არის სიმბოლო ან სიმბოლოთა ერთობლიობა, რომელიც გამოისახება გრაფიკულად და განასხვავებს ერთი საწარმოს საქონელს ან/და მომსახურებას მეორე საწარმოს საქონლისა ან/და მომსახურებისაგან (შემდგომ - საქონელი). ამავე მუხლის მესამე პუნქტით, სასაქონლო ნიშანი დაცულია „ს–ში“ მისი რეგისტრაციის ან საერთაშორისო შეთანხმების საფუძველზე.

18. „სასაქონლო ნიშნების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის თანახმად, რეგისტრაციით დაცულ სასაქონლო ნიშანზე მფლობელის განსაკუთრებული უფლება წარმოიშობა ამ ნიშნის რეგისტრაციის დღიდან. განსაკუთრებული უფლების მქონე პირს შეუძლია აუკრძალოს მესამე პირს, მისი თანხმობის გარეშე სამოქალაქო ბრუნვაში გამოიყენოს ისეთი ნიშანი, რომელიც იდენტურია და საქონელიც იდენტურია, ხოლო საქონელი იმდენად მსგავსია, რომ ჩნდება ამ ნიშნების აღრევის, მათ შორის, ასოცირების შედეგად აღრევის შესაძლებლობა, ხოლო საქონელი იდენტური ან იმდენად მსგავსია, რომ ჩნდება ამ ნიშნების აღრევის, მათ შორის, ასოცირების შედეგად აღრევის შესაძლებლობა. იდენტური ან მსგავსია და დაცულია სასაქონლო ნიშნის საქართველოში კარგი რეპუტაციის გამო, ამ ნიშნის გამოყენება მესამე პირს დაუმსახურებლად უქმნის ხელსაყრელ პირობებს, ან ზიანს აყენებს სასაქონლო ნიშნის რეპუტაციას ან მის განმასხვავებელუნარიანობას. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, იკრძალება სასაქონლო ნიშნის დატანა საქონელზე ან მის შეფუთვაზე. ისეთი საქონლის შეთავაზება, სამოქალაქო ბრუნვაში შეტანა ან საწყობში ამ მიზნით შენახვა, იმპორტი ან ექსპორტი, რომელიც ნიშანდებულია ამ ნიშნით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს ქმედება ხორციელდება სასაქონლო ნიშანზე განსაკუთრებული უფლების მქონე პირის მიერ ნიშანდებული საქონლით. სასაქონლო ნიშნის გამოყენებით მომსახურების შეთავაზება ან გაწევა. სასაქონლო ნიშნის გამოყენება რეკლამისათვის ან საქმიან ქაღალდებზე. სასაქონლო ნიშნის მფლობელის ნებართვის გარეშე მესამე პირს ეკრძალება: ამ სასაქონლო ნიშნის იდენტური ან მსგავსი ნიშნის დატანა შესაფუთ საშუალებაზე, ეტიკეტზე, აბრაზე და ა.შ. ამ სასაქონლო ნიშნის იდენტური ან მსგავსი ნიშნით ნიშანდებული შესაფუთი მასალის ან შეფუთვის შეთავაზება, მიმოქცევაში შეტანა, გასაღება ან გასაღებისათვის მომზადება, მათი იმპორტი ან ექსპორტი.

19. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ერთ-ერთ საქმეზე დაადგინა, რომ ევროპული კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლი (საკუთრების უფლება) ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებით გამოყენებადი იყო (იხ: Eur. Court H.R.: Melnychuk v. Ukraine, Judgment 7 july, 2005). ევროსასამართლომ ასევე განმარტა, რომ ინტელექტუალური საკუთრება პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლის დაცვის ქვეშაა. დიდმა პალატამ მიიჩნია, რომ სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის მოთხოვნაც ამავე ნორმის მოქმედების ქვეშ არის, რადგანაც ის ქონებრივი ხასიათის ინტერესებს წარმოშობს (იხ. Eur. Court H.R. Grand Chamber: Anheuser-Busch Inc. v. Portugal, Judgment of 11 january, 2007).

20. „სასაქონლო ნიშანი, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლით (საკუთრების დაცვა) დაცულ ქონებას წარმოადგენს. რეგისტრაციის დასრულების შემდეგ სასაქონლო ნიშანი ხდება საკუთრების ობიექტი და მასზე ვრცელდება საკუთრების დაცვის ყველა სამართლებრივი რეგულაცია. ზოგიერთ შემთხვევაში არამხოლოდ სასაქონლო ნიშნის რეგისტრაცია, არამედ თავად რეგისტრაციის განაცხადი და სასაქონლო ნიშანზე განსაკუთრებული უფლების მაძიებლის სამართლებრივი სტატუსიც უკვე შესაძლებელია წარმოშობდეს ისეთ ქონებრივ უფლებებს, რომლებიც ექცევა პირველი ოქმის პირველი მუხლით გათვალისწინებული „ქონების“ ცნებაში“. /Anheuser-Busch Inc. v. Portugal [GC], no. 73049/01, §§ 73-78, ECHR 2007-I/ (შდრ: სუსგ Nას-1285-1223-2014).

21. საკასაციო პალატა საკასაციო სასამართლოს პრაქტიკაზე მიუთითებს, რომლის მიხედვითაც - „რეგისტრაციით ხდება დაცვის ობიექტის ნამდვილი არსობრივი ფარგლების დაფიქსირება; ამასთან ერთად, რეგისტრაციით აღინუსხება საქონლის ის წრე, რომელთა მიმართ გამოსაყენებლდაც არის განკუთვნილი სასაქონლო ნიშანი. რეგისტრაციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფუნქციაა „ს–ის“ მიერ ყველა რეგისტრირებული ნიშნის თაობაზე ინფორმაციის გამოქვეყნება, რაც ნიშნის მფლობელის კონკურენტებისათვის გაფრთხილებას წარმოადგენს“ (იხ. სუსგ Nას-472-453-2016, 30/08/2016 წელი). „რეგისტრაციის ფაქტი უკვე საკმარისია იმისათვის, რომ რეგისტრირებული უფლების მქონე პირს წარმოეშვას საკუთარი „ქონების“ დაცვის უფლება „სასაქონლო ნიშნების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 და 45-ე მუხლებისა და „ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებულ სასაზღვრო ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის საფუძველზე“ (იხ. სუსგ. Nას-1285-1223 2014, 1 დეკემბერი, 2015 წელი).

22. სპეციალური კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სასაქონლო ნიშნის გამოყენებად ითვლება საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებული ისეთი ქმედებები, როგორიცაა მისი აღბეჭდვა იმ საქონელზე, რომლის მიმართაც ის რეგისტრირებულია, ასევე ამ საქონლის შეფუთვაზე, გამოფენასა და ბაზრობაზე წარმოდგენილ ექსპონატებზე, აბრაზე, ოფიციალურ ბლანკზე, ეტიკეტზე, რეკლამაში, ბეჭდვით გამოცემაში, აგრეთვე სასაქონლო ნიშნის სხვაგვარი გამოყენება მფლობელის, ლიცენზიატის ან მესამე პირის მიერ მფლობელისაგან მინიჭებული უფლების საფუძველზე. სასაქონლო ნიშნის გამოყენებად ითვლება რეგისტრირებული სასაქონლო ნიშნის ნაცვლად მისგან უმნიშვნელოდ განსხვავებული ნიშნის გამოყენებაც.

23. სსიპ საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის „ს–ის“ თავმჯდომარის 2014 წლის 19 აგვისტოს N05 ბრძანებით დამტკიცებული, „სასაქონლო ნიშანზე განაცხადის წარდგენისა და რეგისტრაციასთან დაკავშირებული პროცედურების შესახებ“ ინსტრუქციის მე-15 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად „შედარების დროს სიმბოლოების მსგავსების დადგენის ძირითადი კრიტერიუმი შეიძლება იყოს სიმბოლოების სმენითი (ფონეტიკა, მუსიკალური ჟღერადობა), მხედველობითი (გრაფიკა, ფერთა შეხამება), აზრობრივი (სემანტიკა, არსი) მსგავსება. სიმბოლოების შედარებისას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება საერთო შთაბეჭდილებას“. ასევე, საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის ს–ის სააპელაციო პალატის არაერთი გადაწყვეტილებით დადგინდა, რომ ნიშნების შედარებისას მხედველობაში მიიღება ნიშნის დაცვისუნარიანი და დომინანტი ელემენტები (იხ. საქპატენთან არსებული სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება N72-3/2020, 28.09.2020).

24. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ქართული კანონმდებლობის მიხედვით, სასაქონლო ნიშანზე განსაკუთრებული უფლებების მოპოვება საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრში „ს–ში“ მათი რეგისტრაციის ფაქტს უკავშირდება. რეგისტრაციით ხდება დაცვის ობიექტის ნამდვილი არსობრივი ფარგლების დაფიქსირება; ამასთან ერთად, რეგისტრაციით აღინუსხება საქონლის ის წრე, რომელთა მიმართ გამოსაყენებლადაც არის განკუთვნილი სასაქონლო ნიშანი. რეგისტრაციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფუნქციაა „ს–ის“ მიერ ყველა რეგისტრირებული სასაქონლო ნიშნის თაობაზე ინფორმაციის გამოქვეყნება, რაც წარმოადგენს ნიშნის მფლობელის კონკურენტებისათვის გაფრთხილებას. რეგისტრაციით დაცულ სასაქონლო ნიშანზე მფლობელის განსაკუთრებული უფლება წარმოიშობა ამ ნიშნის რეგისტრაციის დღიდან.

25. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქმეზე დადგენილი უდავო გარემოებების მიხედვით, მოსარჩელ სადავო სასაქონლო ნიშნის „ბავშვთა სამყარო- Baby Universe“ განსაკუთრებული უფლების მქონე პირია. „ს–ში“ ამ ნიშნის რეგისტრაცია მოხდა 2019 წლის 12 ნოემბერს (ს/ნ .........). ნიშანი რეგისტრირებულია ნიცის კლასიფიკაციის 35-ე კლასში (რეკლამა, მართვა საქმიან სფეროში, ადმინისტრირება საქმიან სფეროში; საოფისე სამსახური). გარდა ამისა, სსიპ საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის ს–ის ოფიციალურ ვებგვერდზე (s..gov.ge) საჯაროდ ხელმისაწვდომია ინფორმაცია სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის თაობაზე. მოპასუხე არის სამეწარმეო საზოგადოება, რომელიც სხვა საქონელთან ერთად ახდენს საბავშვო საქონლის რეალიზაციას, აბრევიატურით „ბავშვთა სამყარო-ქუთაისი“ და არ არის „ს–ში“ რეგისტრირებული ნიშანი. სადავო არაა, რომ „ს–ისათვის“ მოპასუხე შპს „თ...“-ს სასაქონლო ნიშნის „ბავშვთა სამყარო-ქუთაისი“, რეგისტრაციის მოთხოვნით არ მიუმართავს. შესაბამისად, აღნიშნული ნიშანი მოპასუხეს საქართველოს ტერიტორიაზე რეგისტრირებული არ აქვს.

26. სადავო შემთხვევისთვის, საკასაციო პალატა, საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკაზე მიუთითებს, რომლის მიხედვითაც, „ნიშნის გამოყენებისას, განმსაზღვრელი ფაქტორია პროდუქციის ინდივიდუალიზაცია, ანუ უკავშირებს თუ არა მომხმარებელი წარმოებულ პროდუქციას კონკრეტულ საწარმოს. მომხმარებელს აქვს საშუალება, თავად აირჩიოს სასურველი პროდუქცია, რომელსაც იცნობს და ენდობა, ამდენად, სასაქონლო ნიშნის გამოყენების მიზანი სწორედ ისაა, რომ მომხმარებელს ჰქონდეს უტყუარი ინფორმაცია, კონკრეტული პროდუქციის წარმოშობის, მისი მწარმოებლისა და სხვა სპეციფიკური ნიშან-თვისებების შესახებ, რის გამოც, ირჩევს პროდუქტს. სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის მიზანი არა მხოლოდ კერძო პირთა საკუთრების უფლების დაცვის უზრუნველყოფაში გამოიხატება, არამედ საჯარო ინტერესშიც, რომ მომხმარებელთა არა მხოლოდ კონკრეტული წრე, არამედ პოტენციური მომხმარებელიც დაცული იყოს საქონლის თვისების, ხარისხის, გეოგრაფიული წარმოშობის ან სხვა მახასიათებლების შესახებ შეცდომაში შემყვანი, არასწორი ინფორმაციისაგან“ (სუსგ 22/09/2017წ. Nას-825-772-2017).

27. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის მტკიცების ტვირთი იყო დაედასტურებინა ის გარემოება, რომ მოპასუხე საქართველოს ტერიტორიაზე სამოქალაქო ბრუნვაში იყენებს: იდენტურ სასაქონლო ნიშანს იდენტური საქონლის მიმართ, იდენტურ ნიშანს მსგავსი საქონლის, ან იმდენად მსგავსი საქონლის მიმართ, რომ ჩნდება ნიშნების აღრევის, მათ შორის ასოცირების შედეგად აღრევის შესაძლებლობა, მსგავს სასაქონლო ნიშანს იდენტური საქონლის ან იმდენად მსგავსი საქონლის მიმართ, რომ ჩნდება მათი აღრევის, მათ შორის ასოცირების შედეგად აღრევის შესაძლებლობა.

28. საკასაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოში დადგენილ გარემოებებს, კერძოდ, უდავოა, რომ მოპასუხეს სოციალურ ქსელში საკუთარ გვერდზე საჯაროდ განთავსებული აქვს ფოტოსურათები საბავშვო პროდუქციისა, ნიშანდებული სასაქონლო ნიშნით „ბავშვთა სამყარო“. ანალოგიური სახელწოდების აბრა განთავსებული აქვს მაღაზიის შესასვლელში. სოციალური ქსელის მოცემული პლატფორმა და აბრა განკუთვნილია იმისათვის რომ, მომხმარებელი გაეცნოს და დაინტერესდეს ამ პროდუქციით. დადგენილია, ასევე, რომ სასამართლო სხდომაზე მოპასუხემ დაადასტურა, რომ ზემოაღნიშნული ინფორმაცია ინტერნეტსივრცეში საჯაროდ გავრცელებულია უწყვეტად, რომ მსგავსი პროდუქცია საყოველთაოდ ცნობილია და სხვადასხვა პირების მიერაც ხდება მისი გავრცელება.

29. ,,სასაქონლო ნიშნების შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლი დეტალურად განსაზღვრავს იმ ქმედებების ჩამონათვალს, რაც ნიშნის გამოყენებად კვალიფიცირდება. კერძოდ, სასაქონლო ნიშნის გამოყენებად ითვლება საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებული ისეთი ქმედებები, როგორიცაა მისი აღბეჭდვა იმ საქონელზე, რომლის მიმართაც ის რეგისტრირებულია, ასევე ამ საქონლის შეფუთვაზე, გამოფენასა და ბაზრობაზე წარმოდგენილ ექსპონატებზე, აბრაზე, ოფიციალურ ბლანკზე, ეტიკეტზე, რეკლამაში, ბეჭდვით გამოცემაში, აგრეთვე სასაქონლო ნიშნის სხვაგვარი გამოყენება მფლობელის, ლიცენზიანტის ან მესამე პირის მიერ მფლობელისაგან მინიჭებული უფლების საფუძველზე. სასაქონლო ნიშნის გამოყენებად ითვლება რეგისტრირებული სასაქონლო ნიშნის ნაცვლად მისგან უმნიშვნელოდ განსხვავებული ნიშნის გამოყენებაც. ამავე კანონის მე-6 მუხლის მესამე პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, იკრძალება ისეთი საქონლის ექსპორტი/რეალიზაცია, რომელიც ნიშანდებულია განსაკუთრებული უფლების მქონე პირის სასაქონლო ნიშნით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. იმ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. ამავე კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კი მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. სასამართლოს შეუძლია შესთავაზოს მხარეებს წარმოადგინონ დამატებითი მტკიცებულებები. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო და საპროცესო სამართალში არსებობს მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტი. მტკიცების ტვირთი განაწილებული უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცების ტვირთი, რომელთა მტკიცება მათთვის უფრო მარტივი და ობიექტურად შესაძლებელია. კერძოდ, მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს სასარჩელო მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ კი ის გარემოებები, რომლებსაც შესაგებელი ეფუძნება. მტკიცების ტვირთის გადანაწილებას არამარტო საპროცესო-სამართლებრივი მნიშვნელობა აქვს, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ საპროცესო მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისათვის უარყოფითი- არახელსაყრელი შედეგი. საკასაციო სასამართლომ არაერთ საქმეზე განმარტა, რომ „სამოქალაქო სამართალში მოქმედებს პრინციპი „Affirmanti non negate, incumbit probation“ – მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, ვინც ამტკიცებს და არა მას, ვინც უარყოფს“.

30. ამდენად, ზემოაღნიშნული ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთებით, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მხარეები ერთმანეთის კონკურენტები არიან, სადაც მოსარჩელეს საკუთრებაში გააჩნია სასაქონლო ნიშანი, რომელსაც მოპასუხე იმავე ტიპის საქონელზე იყენებს მოსარჩელის უფლებების უხეში დარღვევით. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო ასკვნის, რომ მოპასუხემ ხელყო სასაქონლო ნიშანზე „ბავშვთა სამყარო - Baby Universe“ - შპს „ო.მ–ის“ განსაკუთრებული უფლება. შესაბამისად, მოპასუხეს მართებულად აეკრძალა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით ამ სასაქონლო ნიშნის ნებისმიერი სახით გამოყენება საქართველოში (მათ შორის, სასაქონლო ნიშნით „ბავშვთა სამყარო - ნებისმიერი ფორმით, მათ შორის, როგორც სახელწოდება/ბანერზე, ასევე მისი გამოყენება სოციალური ქსელების მეშვეობით, თავისი გვერდის სახელწოდებად და რეკლამირებისთვის.

31. საკასაციო სასამართლო, შემდეგ სასარჩელო მოთხოვნაზე გაამახვილებს ყურადღებას და განმარტავს, რომ სასაქონლო ნიშანზე განსაკუთრებული უფლების დარღვევის გამო მოპასუხისათვის ერთჯერადი კომპენსაციის სახით 5 000 ლარის დაკისრება, რომელიც გამოთვლილია მოსარჩელის ერთი მაღაზიის სავაჭრო ბრუნვის მინიმალური სტანდარტით, საპირისპიროს მტკიცების ტვირთის დაუძლევლობის პირობებში, წარმოადგენს გონივრულ ოდენობას დარღვეული უფლების კომპენსირებისთვის და სრულ შესაბამისობაშია სპეციალური კანონის 45-ე მუხლის მოთხოვნებთან.

32. საკასაციო სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ წინამდებარე შემთხვევაში პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეს აეკრძალა „ო.მ–ის“ კუთვნილი სასაქონლო ნიშნის - „ბავშვთა სამყარო - Baby Universe“, იდენტური ნიშნის - „ბავშვთა სამყაროს“ - უკანონო გამოყენება ნებისმიერი ფორმით, მათ შორის, როგორც სახელწოდება/ბანერზე, ასევე მისი გამოყენება სოციალური ქსელების მეშვეობით, თავისი გვერდის სახელწოდებად და რეკლამირებისთვის; მოპასუხე შპს „თ...“-ს დაეკისრა შპს „ო-მ–ის“ სასარგებლოდ ერთჯერადი ფულადი კომპენსაციის სახით 5 000 ლარის გადახდა. შპს „თ...“-ის შეგებებული სარჩელი შპს „ო.მ–ის“ მიმართ არ დაკმაყოფილდა. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილებით, შეიცვალა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, არც სარჩელი და არც შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა. საკასაციო სასამართლოს მომართა, მხოლოდ მოსარჩელემ და მოითხოვა სარჩელის დაკმაყოფილება, ხოლო, შეგებებული სარჩელი საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით უცვლელადაა დატოვებული, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების შედეგად, სარჩელის დაკმაყოფილების პირობებში, შეგებებული სარჩელის სამართლებრივ საფუძვლებზე აღარ იმსჯელებს.

33. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები.

34. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ამავე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების თანახმად, აღნიშნული წესები შეეხება, აგრეთვე, სასამართლო ხარჯების განაწილებას, რომლებიც გაწიეს მხარეებმა საქმის სააპელაციო და საკასაციო ინსტანციებში წარმოებისას. თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 408.3-ე, 411-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. შპს „ო.მ–ის“ საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. ნაწილობრივ გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

3. შპს „ო.მ–ის“ სარჩელი დაკმაყოფილდეს. შპს „თ...“-ს აეკრძალოს შპს „ო.მ–ის“ კუთვნილი სასაქონლო ნიშნის - „ბავშვთა სამყარო - Baby Universe“, იდენტური ნიშნის - „ბავშვთა სამყაროს“ - უკანონო გამოყენება ნებისმიერი ფორმით, მათ შორის, როგორც სახელწოდება/ბანერზე, ასევე მისი გამოყენება სოციალური ქსელების მეშვეობით, თავისი გვერდის სახელწოდებად და რეკლამირებისთვის;

4. მოპასუხე შპს „თ...“-ს დაეკისროს შპს „ო-მ–ის“ სასარგებლოდ ერთჯერადი ფულადი კომპენსაციის სახით 5 000 ლარის გადახდა.

5. შპს „თ...“-ს შპს „ო.მ–ის“ სასარგებლოდ დაეკისროს, ამ უკანასკნელის მიერ საქალაქო და საკასაციო სასამართლოებში გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 450 ლარი;

6. შპს „ო.მ–ის“ შუამდგომლობა იურიდიული მომსახურების ხარჯის მოწინააღმდეგე მხარისათვის დაკისრების თაობაზე დაკმყოფილდეს ნაწილობრივ, შპს „თ...“-ს შპს „ო.მ–ის“ სასარგებლოდ დაეკისროს საკასაციო სასამართლოში იურიდიული მომსახურების ხარჯის ნაწილი - 1 000 ლარი;

7. გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ა. კოჭლამაზაშვილი

მოსამართლეები: ლ. ნემსაძე

მ. ჯინჯოლია