დაკმაყოფილდა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
№ას-241-2026 19 ივნისი, 2026 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ამირან ძაბუნიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი,გოჩა ჯეირანაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – თ.მ–ნი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – გ.მ–ნი, მ.მ–ნი (მოპასუხეები)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 8 იანვრის განჩინება
საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი - ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა და სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულების გაუქმება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. თ.მ–ნმა სარჩელი აღძრა სასამართლოში გ.მ–ნისა და მ.მ–ნის მიმართ, რომლითაც მოითხოვა ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა და სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულების გაუქმება.
2. სარჩელის საფუძვლები:
2.1. 2020 წლის 04 სექტემბერს, თ.მ–ნმა გააფორმა სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულება გ.მ–ნთან და თ.მ–ნთან, რომელიც დამოწმდა სანოტარო წესით. აღნიშნული ხელშეკრულების დარეგისტრირების მიზნით, მხარეებმა მიმართეს რეესტრს, სადაც მოსარჩელემ ხელი მოაწერა დოკუმენტებს, რომელიც ეგონა, რომ სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულების დარეგისტრირება იყო. თუმცა, მოგვიანებით აღმოაჩინა, რომ თურმე მოტყუებით ნასყიდობის ხელშეკრულებას მოაწერინეს ხელი.
2.2. ამ ხელშეკრულების თანახმად, მოსარჩელეს მოტყუებით მოაწერინეს ხელი გარიგებაზე, რომლითაც თითქოს უძრავი ქონება გაყიდა 5 000 ლარად, რომელიც რა თქმა უნდა მას არ მიუღია.
2.3. მოსარჩელე ონკოლოგიური პაციენტია, სმენა დაქვეითებული, მხედველობა დაქვეითებული, პენსიონერი. სამისდღეშიო რჩენის ვალდებულების მქონე პირებმა არამარტო გაძარცვეს, არ ზრუნავენ მასზე არანაირი ფორმით. უფრო მეტიც, მძიმე შეურაცხყოფებს აყენებენ იმგვარად, რომ მოსარჩელე ვარდება მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში, რაც ექიმის მიერ კატეგორიულად აკრძალული აქვს.
3.მოპასუხის პოზიცია:
3.1. მოპასუხეებმა წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნეს და არც 2025 წლის 20 იანვარს გამართულ სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადებულან.
4. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
4.1. სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 20 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით თ.მ–ნის სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი 2020 წლის 4 სექტემბრის უძრავი ქონების ს/კ ......... ნასყიდობის ხელშეკრულება და ქონების მესაკუთრისთვის დაბრუნების ვალდებულება დადგინდა. ამავე დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, ასევე, გაუქმდა 2020 წლის 4 სექტემბრის სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულება სარჩენ თ.მ–ნსა და მარჩენლებს გ.მ–ნსა და მ.მ–ნს შორის. სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 16 მაისისა და 2024 წლის 4 ივლისის განჩინებებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება დარჩა უცვლელი.
4.2. 2025 წლის 31 იანვარს, სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 20 იანვრის დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე, მისი გაუქმების მოთხოვნით საჩივარი წარადგინეს გ.მ–ნმა და მ.მ–მა. საჩივარი განსახილველად იქნა მიღებული.
4.3. სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 3 ივნისის განჩინებით მოპასუხეების - გ.მ–ნის და მ.მ–ის საჩივარი სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 20 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ, არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება დარჩა ძალაში.
4.4. აღნიშნული დაუსწრებელი გადაწყვეტილება და მისი ძალაში დატოვების შესახებ განჩინება, სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრეს გ.მ–ნმა და მ.მ–მა.
5. სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:
5.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 8 იანვრის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა და გაუქმდა გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება და მისი ძალაში დატოვების შესახებ განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა სამტრედიის რაიონულ სასამართლოს.
5.2. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ 2025 წლის 20 იანვრის სასამართლო სხდომაზე მოპასუხე მხარის გამოუცხადებლობა იყო საპატიო. პალატამ ყურადღება მიაპყრო საქმეზე წარმოდგენილ მტკიცებულებებს და განმარტა, რომ წარმოდგენილი მასალების თანახმად, 2025 წლის 20 იანვარს 15:00 საათზე, დანიშნული სასამართლო სხდომის შესახებ ინფორმირებული იყო მოპასუხეების მ. და გ.მ–ნების წარმომადგენელი ს.გ–ი (იხ. ს.ფ. 148-166), რომელმაც 2025 წლის 20 იანვარს 12:30 საათზე, განცხადებით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა დანიშნული სასამართლო სხდომის გადადება. მისი განმარტებით, ის იმყოფებოდა საზღვარგარეთ და ვერ ახერხებდა სასამართლო სხდომაში მონაწილეობას. ამის გამო, ითხოვა მისი გადადება (იხ. ს.ფ. 167-168). სააპელაციო სასამართლომ ამ ნაწილში გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრება, რომ წარმომადგენლის მიერ მითითებული გარემოება ვერ ჩაითვლებოდა პროცესზე გამოუცხადებლობის საპატიო გარემოებად, რადგან მან წინასწარ, კანონით დადგენილი წესით, იცოდა დანიშნული სასამართლო სხდომის შესახებ, ხოლო ის გარემოება, რომ სასამართლო სხდომის დროისათვის მისი საზღვარგარეთ წასვლა განპირობებული იყო რაიმე აუცილებელი, გადაუდებელი მიზეზით, საქმის მასალებით არ დასტურდებოდა, თავისთავად ქვეყნის ფარგლებს გარეთ ყოფნა კი, სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზი ვერ გახდებოდა.
5.3. აღნიშნულის მიუხედავად, სააპელაციო პალატამ ასევე ყურადღება მიაპყრო საქმის მასალებში არსებულ გ.მ–ნის სამედიცინო დოკუმენტაციას, მათ შორის, 2025 წლის 20 იანვრით დათარიღებულ ცნობას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (იხ. ს.ფ. 211-222), საიდანაც იკვეთებოდა, რომ ის სტაციონარში გაიგზავნა სწორედ 2025 წლის 20 იანვარს, მისი დიაგნოზი იყო კი, იყო საკმაოდ სერიოზული - თავის ტვინის ინფარქტი. სასამართლომ ასევე ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ ამავე ცნობის თანახმად, პაციენტმა გადაიტანა თავის ტვინის ინფარქტი, ტვინის სისხლძარღვების თრომბოზის გამო, იმკურნალა სტაციონარულად, რამდენჯერმე ჰქონდა გარდამავალი იშემიური შეტევები, ეპიზოდური გონების დაკარგვით, მეტყველების შეფერხებით, ძალის დაქვეითებით. ავადმყოფობა ქრონიკული იყო და პაციენტს ესაჭიროებოდა დაკვირვება და მკურნალობის გაგრძელება. მოხმობილი მტკიცებულებების გათვალისწინებით, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოპასუხე გ.მ–ნის დიაგნოზისა და მისი მიმდინარეობის გათვალისწინებით, მოპასუხე მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები სარწმუნოდ ადასტურებდა იმ გარემოებას, რომ მოპასუხე გ.მ–ნს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ობიექტურად არ შეეძლო სასამართლო სხდომაზე გამოცხადება და არც მისი ინფორმირება, ვინაიდან ის ზემოთ აღნიშნული დიაგნოზით კლინიკაში მოთავსდა სწორედ სასამართლო სხდომის დღეს.
5.4. აღნიშნული გარემოება სააპელაციო პალატამ მიიჩნია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ საპატიო გარემოებად, რაც გამორიცხავდა მოპასუხე მხარის სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის გამო, დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებას.
5.5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 8 იანვრის განჩინება საკასაციო წესით, გაასაჩივრა თ.მ–ნმა, რომლითაც ითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას, დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და მისი ძალაში დატოვების შესახებ განჩინების უცვლელად დატოვებას.
6. საკასაციო საჩივრის მოთხოვნა და საფუძვლები:
6.1. კასატორის მტკიცებით, მოპასუხეები არასდროს გამოცხადებულან სხდომაზე და არც დასწრების თაობაზე ინტერესი გამოუხატავთ ოდესმე, რადგან ჰყავდათ წარმომადგენელი, შესაბამისად, გ.მ–ნის ჯანმრთელობის მდგომარეობა, როგორი მძიმეც არ უნდა ყოფილიყო იგი, არ შეიძლებოდა გამხდარიყო დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და მისი ძალაში დატოვების შესახებ განჩინების გაუქმების საფუძველი.
6.2. კასატორი აცხადებს, რომ გ.მ–ნის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ნახსენებიც კი არ ყოფილა წარმომადგენლის მიერ წარდგენილ საჩივარში, მეტიც, დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე წარდგენილი საჩივრის ზეპირ განხილვისასაც არ გამოცხადებულან მოპასუხეები, რაც ადასტურებს საქმისადმი მათ ინდიფერენტულ განწყობას.
6.3. კასატორი ამტკიცებს, რომ წარმოდგენილ სამედიცინო დოკუმენტაციაში არ იყო მითითებული, რომ გ.მ–ნს არ შეეძლო სხდომაზე გამოცხადება, ამ მხრივ, სააპელაციო პალატამ ფაქტობრივად სამედიცინო ექსპერტიზის კომპეტენცია შეითავსა, დაეყრდნო მის მიერ მოძიებულ სამედიცინო ლიტერატურას და ამგვარად დაასკვნა, რომ თითქოს მხარე პროცესზე ვერ გამოცხადდებოდა.
6.4. კასატორი უთითებს მოპასუხის მიერ წარმოდგენილ სამედიცინო დოკუმენტაციაზე და აცხადებს, რომ სამედიცინო დოკუმენტაციით არ დგინდება 2025 წლის 20 იანვარს რომელ საათზე მიმართა პაციენტმა კლინიკას და რა ჩივილებით, ირკვევა ისიც, რომ პაციენტი სტაციონარში არ მოუთავსებია და იმ დღესვე დატოვა კლინიკა. კასატორი ასევე, აცხადებს, რომ წარმოდგენილ ცნობაში არ წერია, რომ პაციენტი ტვინის ინფარქტით შევიდა კლინიკაში ან/და ის, რომ იმავე დღეს მას ჰქონდა იშემიური შეტევითი ეპიზოდები გონების დაკარგვით. დოკუმენტაციაში მხოლოდ ანამნეზია მითითებული, რაც ბადებს ეჭვს, რომ პაციენტმა ამ დღეს შეიძლება რიგითი გადამოწმების მიზნით მიმართა ექიმს და მისი მდგომარეობა, სხდომის განხილვის დღეს შეიძლება სრულიადაც არ იყო მძიმე. ის რომ გ.მ–ნი ქრონიკულად მძიმე ავადმყოფია, კასატორის აზრით, სულაც არ ნიშნავს, რომ მას არ შეეძლო სხდომაზე გამოცხადება, ვინაიდან ქრონიკული დაავადება ნიშნავს, იმას რომ პაციენტები ცხოვრობენ მძიმე დაავადებებთან ერთად.
6.5. კასატორი ამტკიცებს, რომ სასამართლოს არ გააჩნია სპეციალური სამედიცინო ცოდნა და იმ პირობებში როდესაც არ იყო ცნობაში მითითებული მოპასუხის სხდომაზე გამოუცხადებლობის შესახებ, სასამართლოს ამგვარი დასკვნა არ უნდა გაეკეთებინა სამედიცინო ლიტერატურაზე დაყრდნობით და იმ შემთხვევაშიც კი, თუ ამგვარი ცნობა იარსებებდა იგი მაინც ვერ გახდებოდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი ვინაიდან მოპასუხეები არ დასწრებიან საქმეზე გამართულ არცერთ სხდომას და არც ამგვარი ინტერესი გამოუხატავთ ოდესმე.
6.6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 9 მარტის განჩინებით, თ.მ–ნის საკასაციო საჩივარი, მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
6.7. საკასაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 5 ივნისის განჩინებით საკასაციო საჩივარი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების საფუძველზე დასაშვებად იქნა ცნობილი და მიღებულ იქნა არსებითად განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, მხარეთა ახსნა-განმარტებების შეფასების და საკასაციო საჩივრის სამართლებრივი დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად, მიიჩნევს, რომ მოსარჩელის საკასაციო განაცხადი დასაბუთებულია და უნდა დაკმაყოფილდეს.
7. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში, ამავე კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლო გადაწყვეტილებებში და სხდომის ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
8. საკასაციო სასამართლო, უწინარეს ყოვლისა, იმას განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, მხოლოდ ერთი საპროცესოსამართლებრივი საკითხია შესაფასებელი, იყო თუ არა მოპასუხის გამოუცხადებლობა საპატიო მიზეზით გამოწვეული.
9. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებისათვის უნდა არსებობდეს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის შემადგენლობის ყველა ელემენტი: ა) მოპასუხისათვის საქმის განხილვის შესახებ ინფორმაციის შეტყობინება გონივრულ ვადაში; ბ) მოპასუხის საქმის განხილვაზე გამოუცხადებლობა; გ) გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის არარსებობა; დ) მოსარჩელის შუამდგომლობა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ. აღნიშნული საფუძვლების კუმულაციურად არსებობა ქმნის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის ფორმალურ წინაპირობას (იხ.: სუსგ №ას-152-148-2016, 03.06.2016წ.; №ას-1508-2023, 31.01.2024წ.). თუმცა იმისათვის, რათა სასამართლომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის გზით დააკმაყოფილოს სარჩელი, მოსამართლე ვალდებულია, გამოარკვიოს კანონის ძალით დადგენილად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები ამართლებს თუ არა იურიდიული თვალსაზრისით მოთხოვნას. მოთხოვნის იურიდიული მართებულობის კვლევა მოიაზრებს სასამართლოს მხრიდან დამფუძნებელი ნორმების სწორად მოძიებას, რომლებიც დავის გადაწყვეტის ფუნდამენტს წარმოადგენს და ქმნის ამა თუ იმ ურთიერთობის რეგულირების აბსტრაქტულ შემადგენლობას. ნორმის მოძიების შემდგომ სასამართლო ადგენს, სარჩელში მითითებული იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტები დამფუძნებელი ნორმის აბსტრაქტულ აღწერილობას აკმაყოფილებს თუ არა, რაც დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის გზით სარჩელის წარმატების საფუძველია (იხ.: სუსგ №ას-1468-1388-2017, 11.05.2018წ.; №ას-563-2023, 20.07.2023წ.; №ას-1405-2024, 26.12.2024წ.).
10. ამასთან, სასამართლო ყოველთვის არის ვალდებული, შეამოწმოს, ხომ არ არსებობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დამაბრკოლებელი გარემოებები, კერძოდ: ა) გამოუცხადებელი მხარე მოწვეული არ იყო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით; ბ) სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენებს, რომელსაც (რომლებსაც) შეეძლო ხელი შეეშალა სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის; გ) გამოუცხადებელ მხარეს დროულად არ ეცნობა საქმის ფაქტობრივი გარემოებები; დ) არ არსებობს სარჩელის აღძვრის წინაპირობები.
11. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ შესაძლებლობას სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლი განსაზღვრავს (დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს ამავე კოდექსის 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები ან, თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო, თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის), საპატიო გარემოებათა სამართლებრივ წრეს კი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილი ადგენს (რომლის შესატყვისად, საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. ავადმყოფობა უნდა დადასტურდეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე).
12. იმისათვის, რომ სასამართლომ პროცესზე მხარის გამოუცხადებლობა საპატიოდ მიიჩნიოს, უნდა არსებობდეს ორი წინაპირობა: 1. გამოუცხადებლობა გამოწვეული უნდა იყოს განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით და 2. აღნიშნული განსაკუთრებული ობიექტური გარემოება მხარისაგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს უნდა ხდიდეს მხარის პროცესზე გამოცხადებას ან/და გამოცხადების შეუძლებლობის შესახებ სასამართლოსთვის შეტყობინებას. სასამართლომ რომ მხარის მიერ მითითებული მიზეზი გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად მიიჩნიოს, უნდა შეექმნას მხარის გამოცხადების ობიექტური შეუძლებლობის მყარი შინაგანი რწმენა (იხ.: სუსგ №ას-780-780-2018, 22.10.2019წ; №ას-484-2023, 16.05.2023წ; №ას-1527-2023, 26.01.2024წ.).
13. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოება მხარეთა შეჯიბრებითობაზეა დამყარებული და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლი თითოეულ მხარეს უდგენს ვალდებულებას, სათანადო მტკიცებულებით დაასაბუთოს მოთხოვნა. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით კი განსაზღვრულია მხარის აბსოლუტური შესაძლებლობა, თავადვე განსაზღვროს სადავო გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები და წარუდგინოს ისინი სასამართლოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ფაქტობრივი გარემოებები, რომლებიც დამტკიცებას საჭიროებს, მხოლოდ მხარის განმარტებით ვერ დადგინდება. ამდენად, სათანადო მტკიცებულებით დადასტურებას საჭიროებს საპროცესო ვალდებულების შეუსრულებლობის მიზეზად დასახელებული ნებისმიერი გარემოება, რომელზეც მხარე მიუთითებს.
14. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საჩივარი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის განახლების შესახებ (საჩივარი დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე) თავისი შინაარსით განსხვავდება როგორც სააპელაციო, ისე საკასაციო და კერძო საჩივრისაგან. მთავარი განსხვავება მდგომარეობს იმაში, რომ საჩივარი დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე შეიძლება ემყარებოდეს მხოლოდ და მხოლოდ იმას, რომ სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო საპატიო მიზეზებით. ამრიგად, საჩივარი დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე არ შეიძლება ემყარებოდეს გარემოებებს, რომლებიც ასაბუთებენ მის უსწორობას არსებითად, მის შეუსაბამობას საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან, რადგან დაუსწრებელი გადაწყვეტილება მიიღება არა საქმის მასალების საფუძველზე, არამედ მხარის გამოუცხადებლობის გამო. ამიტომ გამართლებული და ახსნილი უნდა იქნეს ის, რასაც ეს გადაწყვეტილება ეფუძნება - გამოუცხადებლობა, კერძოდ გამოუცხადებლობის საპატიობა (იხ. დამატებით: ზ. ძლიერიშვილი, დაუსწრებელი გადაწყვეტილება ( თეორია და პრაქტიკა), თბილისი, 2022, გვ. 181).
15. მაშასადამე, გამოუცხადებელ მხარეს, რომლის წინააღმდეგაც გამოტანილია დაუსწრებელი გადაწყვეტილება, შეუძლია გააქარწყლოს ამგვარი გადაწყვეტილების საფუძვლად მიჩნეული ვარაუდი, თუ დაამტკიცებს, რომ არსებობდა იმგვარი მოვლენა, რომელიც, სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში, გონივრული შეფასებიდან გამომდინარე, ქმნის პრეზუმფციას არა მარტო დაინტერესებული მხარის ინტერესის შესახებ განსახილველი საქმის მიმართ, არამედ გამოუცხადებლობის ობიექტურ ან/და ადამიანურ ფაქტორებზეც. მხოლოდ ამ გარემოებათა ერთობლივად შეჯერებითა და შეფასებით არის შესაძლებელი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება. კასატორის მთავარი პრეტენზიაა ის, რომ გ.მ–ნის ავადმყოფობა, რაც დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებას დაედო საფუძვლად არ ყოფილა ნახსენები და გამოკვლეული დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე წარდგენილი საჩივრის განხილვის დროს. კასატორი ასევე ამტკიცებს, რომ წარდგენილი დოკუმენტაციით არ დგინდება გ.მ–ნის სხდომის დღეს სტაციონარში ტვინის ინფარქტით მოთავსების ფაქტი, და რომც დგინდებოდეს, იგი მაინც არ უნდა გამხდარიყო დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი ვინაიდან მოპასუხეებს დავის განხილვის არცერთ ეტაპზე არ გამოუხატავს დავის მიმართ ინტერესი და არ გამოცხადებულან სასამართლო სხდომაზე. კასატორი დასძენს, რომ სასამართლოს თავისი ინციატივით არ უნდა განევრცო და შეეფასებინა სამედიცინო დოკუმენტაციაში მითითებული დიაგნოზი. ამასთან კასატორი მიიჩნევს, რომ ადვკატის პროცესზე ხემეორედ გამოუცხადებლობა არ ყოფილა გამოწვეული რაიმე გარდაუვალი აუცილებლობით.
16. მოხმობილ საკასაციო საჩივრის არგუმენტებს საკასაციო პალატა დასაბუთებულად მიიჩნევს და ადგენს რომ არსებობს მათი გაზიარების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები. საკასაციო სასამართლო აქვე განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 93-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ აგრეთვე საქმე აწარმოონ სასამართლოში წარმომადგენლის მეშვეობით. საქმის წარმოება წარმომადგენლის მეშვეობით არ ართმევს უფლებას მხარეებს თვითონაც პირადად მიიღონ მონაწილეობა საქმეში.
17. შესაბამისად, საკასაციო საჩივრის დასაბუთებულობის შემოწმება უწინარესად საქმეზე მოპასუხეთა წარმომადგენლის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის კვლევის შემდეგ უნდა განხორციელდეს. დადგენილია, რომ 2025 წლის 20 იანვარს, 12:30 საათზე (სხდომის დაწყებამდე 2 საათით ადრე), მოპასუხეების წარმომადგენელმა ს.გ–მა ელექტრონული ფოსტის მეშვეობით გადმოაგზავნა განცხადება და ითხოვა მასთან შეთანხმებით, ჩანიშნული სასამართლოს სხდომის განხილვის კვლავ (მანამდე ჩანიშნული სხდომაც ადვოკატის ინიციატივით გადაიდო) გადადება, რადგან იმყოფებოდა საზღვარგარეთ და ვერ ახერხებდა სხდომაში მონაწილეობის მიღებას. საკასაციო პალატა, ამ მიმართებით, სრულად იზიარებს გასაჩივრებულ განჩინებაში ასახულ იმ მსჯელობას, რომ მართალია მოპასუხე მხარის წარმომადგენელმა საჩივარს თან დაურთო მისი ბილეთი და პასპორტის ასლი (იხ. ს.ფ. 185-188), რომლის მიხედვით ის გაემგზავრა ქუთაისის აეროპორტიდან 2025 წლის 4 იანვარს, თუმცა დოკუმენტაცია არ შეიცავს მონაცემებს საქართველოს მიმართულებით გამოფრენის თარიღის შესახებ, შესაბამისად არა მხოლოდ ის არ დასტურდება, რომ ადვოკატის ქვეყნის ფარგლებს გარეთ ყოფნა გამოწვეული იყო რაიმე გადაუდებელი, სასწრაფო და პატივსადები მიზეზით, არამედ რაც უმნიშვნელოვანესია არ დასტურდება ის ფაქტი, რომ ის ნამდვილად 2025 წლის 20 იანვარს არ იმყოფებოდა საქართველოში, რაც ვერ ჩაითვლება პროცესზე გამოუცხადებლობის საპატიო გარემოებად, მით უფრო კი, იმ პირობებში, როდესაც ხელმეორედ დანიშნული სხდომის საკითხი პირადად იყო წარმომადგენელთან შეთანხმებული. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ვინაიდან მხარის წარმომადგენელმა წინასწარ, კანონით დადგენილი წესით, იცოდა დანიშნული სასამართლო სხდომის შესახებ, ამასთან, ხაზგასასმელია, რომ პირადად მასთან სასამართლო სხდომის თარიღი შეთანხმდა 2024 წლის 20 დეკემბერს (სხდომამადე ერთი თვით ადრე), შესაბამისად, მისი გამოუცხადებლობის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლით დადგენილი სტანდარტით შეფასების მიზნებისთვის, მას ან საქართველოს ფარგლებს გარეთ სხდომის დღეს გადაუდებელი საჭიროებისთვის გასვლის ფაქტი უნდა დაედასტურებინა, ან ის თუ გეგმური მოგზაურობის შემთხვევაში, ადვოკატმა სასამართლო მოხელის მიერ სხდომის თარიღის შეთანხმების დროს, რატომ არ განაცხადა შეთავაზებულ დღეს სასამართლო სხდომაზე გამოცხადების შეუძლებლობის შესახებ. არცერთი მათგანი ადვოკატს არ განუხორციელებია, რაც მის სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობას არასაპატიოდ აქცევს.
18. რაც შეეხება გასაჩივრებული განჩინების კანონიერებისა და შესაბამისად საკასაციო საჩივრის დასაბუთებულობის მიჩნევის შემდგომ არგუმენტს, მასზედ, რომ მარწმუნებელი გ.მ–ნი სასამართლოში სხდომის გამართვის დღეს მძიმედ ავად იყო, პალატის აზრით, ვერცერთ შემთხვევაში გამოდგება დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების სამართლებრივ საფუძვლად ვინაიდან, სხდომის თარიღი არაერთგზის შეთანხმებული იყო ადვოკატთან, რომელზეც მხარეს, კანონით დადგენილი წესით, გაცემული ჰქონდა მინდობილობა, მას არასდროს უცნობებია სასამართლოსთვის, რომ მისი სხდომაზე გამოუცხადებლობის გამო, თავად მარწმუნებელი აპირებდა სხდომაზე გამოცხადებას, რომელიც მოგვიანებით ავად გახდა. შესაბამისად, ამგვარი გარემოებების მხედველობაში მიღებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სხდომის გამართვის დღეს, მარწმუნებლის ავადმყოფობა, რომელსაც ჰყავდა წარმომადგენელი და რომელთანაც, პირადად, კანონით დადგენილი წესით, იყო შეთანხმებული სხდომის თარიღი, ვერ ჩაითვლება სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად.
20. საკასაციო პალატა განმეორებით აღნიშნავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მესამე ნაწილი განსაზღვრავს ამა თუ იმ საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობის საპატიოდ მიჩნევის წანამძღვრებს და ასეთად მიიჩნევს ავადმყოფობას, ახლო ნათესავის გარდაცვალებას ან სხვა განსაკუთრებულ ობიექტურ გარემოებას, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის საპროცესო მოქმედების შესრულებას. ავადმყოფობა დადასტურებული უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე. მითითებული ნორმის დანაწესი ადგენს, რომ სასამართლო უფლებამოსილია, მხარის მიერ კონკრეტული საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობა ჩათვალოს საპატიოდ, თუკი აღნიშნული მოქმედება მან ვერ შეასრულა ავადმყოფობის გამო. ამ შემთხვევაში ისევე, როგორც ზოგადად სამოქალაქო სამართალწარმოებისას, მხარეს ეკისრება სადავო გარემოების მტკიცების ტვირთი.
21. კანონმდებელი ავალდებულებს მხარეს, წინასწარ აცნობოს სასამართლოს სხდომაზე მისი გამოცხადების შეუძლებლობის და მიზეზების შესახებ, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ასეთი შეტყობინება სხდომამდე შეუძლებელია. იმ გარემოებათა მტკიცების ტვირთი, რომლებზეც მიუთითებს მხარე თავის საჩივარში, როგორც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზზე და ამ გარემოების წინასწარ სასამართლოსათვის შეტყობინების შეუძლებლობაზე, ეკისრება მომჩივანს, ხოლო ამ გარემოებათა შეფასება იმ თვალსაზრისით, თუ რამდენად საპატიოა მხარის გამოუცხადებლობა, სასამართლოს უფლებამოსილებაა. (შდრ. სუსგ საქმე №ას-1270-2018, 02 ნოემბერი, 2018). საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ საჩივარში მოპასუხის წარმომადგენელმა ვერ დაადასტურა, რომ მან ობიექტური მიზეზებიდან გამომდინარე, ვერ მოახერხა პროცესზე გამოცხადება, რის გამოც არ არსებობდა დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და მისი ძალაში დატოვების შესახებ განჩინების გაუქმების პროცესუალურსამართლებრივი საფუძვლები.
22. განსახილველ შემთხვევაში, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება და მისი უცვლელად დატოვების შესახებ იმავე სასამართლოს განჩინება სავსებით დასაბუთებულია საპროცესოსამართლებრივი თვალსაზრისით. საკასაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება კი, დაუსაბუთებელია, რის გამოც იგი უნდა გაუქმდეს.
23. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო საქმეზე გადაწყვეტილებას თვითონ მიიღებს, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის ხელახლა განსახილველად სააპელაციო სასამართლოში დაბრუნების საფუძვლები. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველი, ვინაიდან საჭირო არაა მტკიცებულებათა დამატებით გამოკვლევა, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია, თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება საქმეზე.
24. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ამავე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების თანახმად, აღნიშნული წესები შეეხება, აგრეთვე, სასამართლო ხარჯების განაწილებას, რომლებიც გასწიეს მხარეებმა საქმის სააპელაციო და საკასაციო ინსტანციებში წარმოებისას. თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, ქვეპუნქტით, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 411-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. თ.მ–ნის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 8 იანვრის განჩინება და მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება;
3. უცვლელად დარჩეს სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 20 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2025 წლის 3 ივნისის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ;
4. გ.მ–ნსა და მ.მ–ნს თ.მ–ნის სასარგებლოდ დაეკისროთ, საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის ანაზღაურება;
5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ამირან ძაბუნიძე
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი
გოჩა ჯეირანაშვილი