დაუშვებლად იქნა ცნობილი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
№ას-1532-2025 19 ივნისი, 2026 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ამირან ძაბუნიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი,გოჩა ჯეირანაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორები – ი.თ–ი, მ.თ–ი (მოსარჩელეები)
მოწინააღმდეგე მხარე – მ.ს.ნ–ი (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 26 სექტემბრის განჩინება
კასატორების მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – უღირს მემკვიდრედ ცნობა, სამკვიდროს 1/3 წილზე მემკვიდრეებად ცნობა
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. ი.თ–მა და მ.თ–მა (შემდგომში - „მოსარჩელეები“, „კასატორები“) სარჩელი აღძრეს სასამართლოში მ.ს.ნ–ის (შემდგომში - „მოპასუხე“) მიმართ, რომლითაც მოითხოვეს მის უღირს მემკვიდრედ აღიარება და სამკვიდროს 1/3 წილზე, მემკვიდრეებად ცნობა.
2. სარჩელის საფუძვლები:
2.1. ი. და მ.თ–ები და მოპასუხე არიან დები. 2022 წლის 6 ივლისს, მოსარჩელეებისა და მოპასუხის საერთო მშობელი (დედა) გარდაიცვალა ხანგრძლივი ავადმყოფობის შედეგად, რის გამოც მოსარჩელეებმა და მოპასუხემ მიმართეს ნოტარიუსს მ.ჯ–ს (ქ. ქუთაისში, .......... ქუჩაზე მდებარე სანოტარო ბიუროში) და მოითხოვეს სამკვიდროს მიღება. მოსარჩელეებმა ნოტარიუსს განუმარტეს, რომ მათ ჰყავდათ კიდევ ერთი დედმამიშვილი, მოპასუხე მ.ს.ნ–ი, თუმცა, ვინაიდან მას ფაქტობრივად დედასთან კომუნიკაცია არ ჰქონდა წლების განმავლობაში, მოპასუხე არ იმსახურებდა სამკვიდრო წილის მიღებას, თუმცა ნოტარიუსმა განუმარტა მოსარჩელეებს, რომ აღნიშნული წარმოადგენდა სასამართლო დავის საგანს.
2.2. სარჩელის თანახმად, გარდაცვლილი მამკვიდრებელი ბოლო წლების განმავლობაში ავადმყოფობდა, გადიოდა ინტენსიურ მკურნალობას, იღებდა ძვირადღირებულ მედიკამენტებს, ასევე გაიკეთა რამდენიმე ოპერაცია, რის გამოც ბოლო პერიოდში განსაკუთრებით ესაჭიროებოდა მოვლა-პატრონობა, რაშიც მონაწილეობას იღებდნენ მხოლოდ და მხოლოდ მოსარჩელეები ირმა და მ.თ–ები, ხოლო მოპასუხე - მ.ს.ნ–ს მონაწილეობა არ მიუღია დედის მოვლა-პატრონობაში, მეტიც მას დედა არც კი მოუკითხავს.
2.3. მოსარჩელეთა მითითებით, გარდაცვლილ ც.ლ–ძეს მოპასუხესთან არ ჰქონდა კარგი ურთიერთობა, რისი თვალსაჩინო მაგალითიც იყო ერთ-ერთი ფაქტი, როდესაც მ.ს.ნ–ი საკუთარმა დედამ მისი საცხოვრებელი სახლიდან გარეთ გააგდო ერთ-ერთ დღეს იმის გამო, რომ იგი ჩამოსული იყო საზღვარგარეთიდან და დედასთან, ანუ მამკვიდრებელთან სახლში მიიყვანა არაფხიზელ მდგომარეობაში რამდენიმე მამაკაცი, ასევე არაფხიზელ მდგომარეობაში იყო თავად მოპასუხეც, რომელიც სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა საკუთარ დედას. მ.ს.ნ–ს არასოდეს მოუკითხავს საკუთარი დედა ბოლო წლების განმავლობაში, არ დაინტერესებულა საკუთარი დედის ჯანმრთელობის მდგომარეობით, არ ჰქონია მასთან რაიმე სახის კომუნიკაცია, არასოდეს დახმარებია მას ფულადი ან სხვა საშუალებით.
2.4. მოსარჩელე ი.თ–ი წლების განმავლობაში, იმყოფება საზღვარგარეთ, საიდანაც იგი თავისი ოჯახის წევრებს სისტემატურად უგზავნიდა სოლიდურ თანხებს, რომელიც ასევე განკუთვნილი იყო მამკვიდრებლის ც.ლ–ძის მოვლა-პატრონობაზე, მკურნალობაზე, საოპერაციო და სხვა ხარჯებზე, ხოლო მოპასუხე მ.ს.ნ–ს არასოდეს არავითარი მონაწილეობა არ მიუღია მამკვიდრებლის მოვლა-პატრონობაში. მამკვიდრებლის გარდაცვალებამდე, დაახლოებით ბოლო 2 წელი ც.ლ–ძის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა იმ კუთხით, რომ მას უკვე სისტემატურად ესაჭიროებოდა აქტიური ყურადღება და „ხელით მოვლა“, რის გამოც მ.თ–ი ახორციელებდა ც.ლ–ძეზე ყურადღების ზედამხედველობას და მოვლა-პატრონობას, ხოლო ი.თ–ი უზრუნველყოფდა დედას ყველა საჭირო ფინანსური თვალსაზრისით, რაშიც მონაწილეობა არასოდეს მიუღია მოპასუხეს.
2.5. დედის გარდაცვალების შემდეგ, მიუხედავად ყველაფრისა, მოსარჩელეებმა მაინც შეატყობინეს მოპასუხეს დედის გარდაცვალების ამბავი, რომელიც მხოლოდ გასვენების პერიოდში მივიდა. დედის გარდაცვალების შემდეგ. მოსარჩელეებმა, უფრო მეტად, ი.თ–მა, საკუთარი ხარჯებით გაასვენა დედა, რომელიც დაკრძალულია სურამში, ასევე სურამშივე გადაუხადა 120 კაციანი გასვენების სუფრა, რაც დაჯდა დაახლოებით 6000 ლარამდე. ასევე ი.თ–ის ფინანსური სახსრებით გაკეთდა სასაფლაო და დაიდგა გარდაცვლილის ქვა.
2.6. მოსარჩელეთა მტკიცებით, მოპასუხე დედის დაკრძალვის შემდეგ საერთოდ არ გამოჩენილა, არ დაინტერესებულა გასვენების ხარჯებზე, არ დაინტერესებულა გაკეთდა თუ არა დედის საფლავი, არ დაინტერესებულა გადახდილი იქნა თუ არა მართლმადიდებლური ტრადიციების შესაბამისად გარდაცვლილისათვის ორმოცის დღე და ზოგადად მას შემდეგაც, ისევე როგორც დედის სიცოცხლეში, არავითარი კომუნიკაცია მოსარჩელეებთან არ ჰქონია.
2.7. ი.თ–მა დედის კუთვნილ უძრავ ქონებებში, მდებარე ქ. ქუთაისი, .......... და ხაშური, .......... ქუჩა #6/10 ბინაში ჩაატარა გარკვეული სახის სარემონტო სამუშაოები, მათ შორის ქუთაისში მდებარე უძრავ ქონებაზე გააკეთეს მიშენება, რომელიც არის 46.71 კვ.მ. და რომლის მიშენებამაც საცხოვრებელ ბინას მნიშვნელოვნად გაუზარდა საბაზრო ღირებულება (მიშენება დასრულდა 2019 წელს, თუმცა მასში მიმდინარეობს რემონტი დღესაც, რადგან მიშენებული ფართი მოუწესრიგებელია დღემდე).
2.8. მოსარჩელეების აზრით, მოპასუხე მემკვიდრის მიმართ იყო არაკეთილსინდისიერი, უპასუხისმგებლო და გულგრილი, რაც გამოიხატებოდა დედისადმი, როგორც სიცოცხლეში ასევე გარდაცვალების შემდეგ, აშკარა უპატივცემულობაში, რის გამოც იგი აღიარებულ უნდა ყოფილიყო უღირს მემკვიდრედ.
3.მოპასუხის პოზიცია:
3.1. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.
3.2. მოპასუხემ უარყო დედასთან უთანხმოების არსებობის ფაქტი და განმარტა, რომ მას სისტემატურ ყურადღებას აქცევდა. შესაგებლის თანახმად, მოსარჩელეებს მისთვის არასოდეს უცნობებიათ დედის ავადმყოფობის შესახებ, ასევე მათ არ შეუტყობინებიათ დედის გარდაცვალების თაობაზე ინფორმაციაც, რაც მოპასუხემ მისი მეგობრებისგან შეიტყო და დაუყოვნებლივ ჩამოვიდა საბერძნეთიდან.
3.3. შესაგებლის თანახმად, დედა გასვენებულ იქნა ერთობლივი ხარჯებით და მოსარჩელეთა მიერ სამკვიდროს ქონებაზე არანაირი სარემონტო სამუშაოების ჩატარების ფაქტი არ დგინდებოდა.
4. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
4.1. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 05 სექტემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, ი.თ–ისა და მ.თ–ის სარჩელი მოპასუხე მ.ს.ნ–ის მიმართ, უღირს მემკვიდრედ ცნობისა და სამკვიდროს 1/3 წილზე მემკვიდრეებად ცნობის შესახებ, არ დაკმაყოფილდა.
4.2. 2024 წლის 30 სექტემბერს მოსარჩელეების: ი.თ–ის და მ.თ–ის წარმომადგენელ ც.ბ–ის მიერ სასამართლოში წარდგენილი იქნა საჩივარი, აღნიშნული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით.
4.3. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 16 იანვრის განჩინებით, მოსარჩელეების: ი.თ–ისა და მ.თ–ის წარმომადგენლის, ც.ბ–ის, საჩივარი, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ, არ დაკმაყოფილდა, ძალაში დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 05 სექტემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
4.2. აღნიშნული დაუსწრებელი გადაწყვეტილება და მისი ძალაში დატოვების შესახებ განჩინება, სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა ი.თ–მა და მ.თ–ის წარმომადგენელმა.
5. სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:
5.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 26 სექტემბრის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.
5.2. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ, საქმის მომზადების მიზნით, მოპასუხეს სარჩელი თანდართულ დოკუმენტებთან ერთად გაეგზავნა სარჩელში მითითებულ მისამართზე, სადაც ჩაბარდა გზავნილი. მოპასუხემ წარმოადგინა შესაგებელი, რომლითაც არ ცნო სარჩელი. საქმეზე მოსამზადებელი სხდომა ჩატარდა 2024 წლის 15 ივლისს, რომელიც მხარეთა მორიგების მიზნით გადაიდო 05 სექტემბერს 16:00 საათზე. 2024 წლის 05 სექტემბერს გამართულ სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე, გამოცხადდა მოპასუხე მ.ს.ნ–ის წარმომადგენელი რ.ხ–ვა თუმცა, სხდომაზე არ გამოცხადდნენ მოსარჩელეები და მათი წარმომადგენელი და არც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზების შესახებ უცნობებიათ სასამართლოსთვის. მოსარჩელის წარმომადგენელი ც.ბ–ი პროცესის შესახებ გაფრთხილდა კანონით დადგენილი წესით, წინა სასამართლო სხდომაზე, რომელიც გაიმართა 2024 წლის 15 ივლისს. პალატამ მიუთითა, რომ იგი გაფრთხილებულ იქნა სხდომის თარიღის შესახებ, ასევე არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის შესაძლო შედეგების შესახებ, რაზედაც ჩამოერთვა შესაბამისი ხელწერილი.
5.3. მოპასუხემ მხარემ იშუამდგომლა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ, რის საფუძველზეც, სასამართლომ მიიღო დაუსწრებელი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. პალატამ მიიჩნია, რომ აპელანტებმა ვერ დაადასტურეს სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზი. საჩივარში მხარეთა წარმომადგენელი უთითებდა, რომ მისი სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით, კერძოდ მწვავედ სტკიოდა ხერხემალი და წელი და დიდი რაონებოდით გამაყუჩებელი მედიკამენტი ჰქონდა მიღებული, რომელმაც არ უშველა. ტკივილის გამო, მან ვერ შეძლო ფეხზე ადგომა და სასამართლოში გამოცხადება. მოსარჩელეების წარმომადგენელმა საჩივართან ერთად წარმოადგინა სამედიცინო ცნობა მისი ავადმყოფობის შესახებ.
5.4. მოხმობილი არგუმენტები სააპელაციო პალატამ არ მიიჩნია დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლად და მიუთითა, რომ საჩივარზე დართული ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ სადავო გახადა მეორე მხარემ, ვინაიდან ცნობა არ შეიცავდა მონაცემებს, თუ როდის (რომელ საათზე) მიმართა ონლაინ ვიზიტით ექიმს, რა კვლევები ჩაუტარდა, რა მკურნალობა დაენიშნა, რატომ გაიცა ცნობა 30 სექტემბრით და ა.შ. მეტიც, სასამართლოს მიერ შპს „ქუთაისის N1 პირველადი ჯანდაცვის ცენტრიდან“ გამოთხოვილ იქნა მტკიცებულებები, რომელთა მიხედვით, ც.ბ–ი 2024 წლის 05 სექტემბერს ოჯახის ექიმთან იმყოფებოდა ონლაინ ვიზიტზე, ორდერის N66789, ხოლო 2024 წლის 30 სექტემბერს იმყოფებოდა კონსულტაციაზე ოჯახის ექიმთან, ორდერის N66788. ორდერების ნუმერაცია (ანუ თუ ორდერების ნუმერაციას დავეყრდნობით, 30 სექტემბრის ორდერის ამოწერის შემდეგ ამოიწერა 5 სექტემბრის ორდერი). სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოსარჩელეების წარმომადგენლის განმარტება სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზების შესახებ (რომ პირადად იყო ექიმთან მისული 05 სექტემბერს თერთმეტიდან 12 საათამდე პერიოდში) და საქმეში არსებული მტკიცებულებები წინააღმდეგობაში მოდიოდა ერთმანეთთან. ასევე დადგინდა, რომ ავადმყოფის რეგისტრაციის ჟურნალში მხოლოდ 2024 წლის 30 სექტემბრის ვიზიტი იყო დაფიქსირებული. რის გამოც, სასამართლომ არ გაიზიარა საჩივრის ავტორის განმარტება, მასზედ, რომ ტკივილების გამო, ვერ შეძლო მოსამართლის თანაშემწესთან დაკავშირება, ჯანმრთელობის შესახებ მდგომარეობის შეტყობინება, რადგან მისი განმარტებით, ტელეფონით ჰქონდა ონლაინ ვიზიტი ექიმთან, პროცესზე კი განმარტა, რომ პირადად იყო ექიმთან ვიზიტზე. წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და განმარტებების შეჯერებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის წარმომადგენელს მისი ჯანმრთელობის შესახებ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის. ხოლო წარმოდგენილი ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, გაცემული იყო 2024 წლის 30 სექტემბერს, ზემოაღნიშნული გარემოებების გამო ვერ მიიჩნეოდა უტყუარ მტკიცებულებად, რის გამოც, მოსარჩელეთა გამოუცხადებლობა ჩაითვალა არასაპატიოდ.
5.5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 26 სექტემბრის განჩინება, საკასაციო წესით, გაასაჩივრეს ი.თ–მა და მ.თ–მა.
6. საკასაციო საჩივრის მოთხოვნა და საფუძვლები:
6.1. კასატორები მოითხოვენ გასაჩივრებული განჩინების გაუქმებასა, და საქმის ხელახლა განხილვის მიზნით, საქმის ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოსთვის დაბრუნებას.
6.2. კასატორები აცხადებენ, რომ დაირღვა მისი სამართლიანი სასამართლოს უფლება, ვინაიდან მათმა წარმომადგენელმა თავი მოაჩვენა, როგორც ადვოკატი, მაშინ როდესაც იგი არ ყოფილა ადვოკატის ასოციაციის წევრი, რაც წარმოადგენს ფალსიფიკაციას. ისინი ამტკიცებენ, რომ პირადად მოსარჩელეებს არანაირი ინფორმაცია ჰქონდათ საქმის განხილვის თაობაზე, რომელზეც წარმომადგენელი არ გამოცხადდა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების შესახებ მხოლოდ სააპელაციო სასამართლოში შეიტყვეს, რა დროსაც უკვე შეზღუდული ჰქონდათ მომხმდარ ფაქტზე რეაგირების საშუალება.
6.3. კასატორები მიიჩნევენ, რომ საქმეზე დგინდება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლით განმტკიცებული „სხვა საპატიო მიზეზის“ არსებობა, ვინაიდან გამოირიცხება მოსარჩელეთა ინფორმირებულობა პროცესის შესახებ, მათ არ შეეძლოთ სცოდნოდათ თუ რამდენად კეთილსინდისიერი იყო წარმომადგენელი.
6.4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 21 დეკემბრის განჩინებით, ი.თ–ისა და მ.თ–ის საკასაციო საჩივარი, მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
7. საკასაციო სასამართლომ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:
8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
9. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
10. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება - დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.
11. საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს კასატორის იმ პრეტენზიაზე, რომელიც სასამართლო სხდომაზე მოპასუხე მხარის გამოუცხადებლობის საპატიობას შეეხება და განმარტავს, რომ მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა არეგულირებს საქმის განხილვაზე მხარეთა გამოუცხადებლობის სამართლებრივ შედეგებს, კერძოდ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე არ გამოცხადდება მოპასუხე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით და მოსარჩელე შუამდგომლობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე, მაშინ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად მიიჩნევა, ხოლო ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, სარჩელი დაკმაყოფილდება. წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო უარს ეტყვის მოსარჩელეს მის დაკმაყოფილებაზე.
12. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებისათვის უნდა არსებობდეს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის შემადგენლობის ყველა ელემენტი: ა) მოპასუხისათვის საქმის განხილვის შესახებ ინფორმაციის შეტყობინება გონივრულ ვადაში; ბ) მოპასუხის საქმის განხილვაზე გამოუცხადებლობა; გ) გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის არარსებობა; დ) მოსარჩელის შუამდგომლობა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ. აღნიშნული საფუძვლების კუმულაციურად არსებობა ქმნის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის ფორმალურ წინაპირობას (იხ.: სუსგ №ას-152-148-2016, 03.06.2016წ.; №ას-1508-2023, 31.01.2024წ.). თუმცა იმისათვის, რათა სასამართლომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის გზით დააკმაყოფილოს სარჩელი, მოსამართლე ვალდებულია, გამოარკვიოს კანონის ძალით დადგენილად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები ამართლებს თუ არა იურიდიული თვალსაზრისით მოთხოვნას. მოთხოვნის იურიდიული მართებულობის კვლევა მოიაზრებს სასამართლოს მხრიდან დამფუძნებელი ნორმების სწორად მოძიებას, რომლებიც დავის გადაწყვეტის ფუნდამენტს წარმოადგენს და ქმნის ამა თუ იმ ურთიერთობის რეგულირების აბსტრაქტულ შემადგენლობას. ნორმის მოძიების შემდგომ სასამართლო ადგენს, სარჩელში მითითებული იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტები დამფუძნებელი ნორმის აბსტრაქტულ აღწერილობას აკმაყოფილებს თუ არა, რაც დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის გზით სარჩელის წარმატების საფუძველია (იხ.: სუსგ №ას-1468-1388-2017, 11.05.2018წ.; №ას-563-2023, 20.07.2023წ.; №ას-1405-2024, 26.12.2024წ.).
13. ამასთან, სასამართლო ყოველთვის არის ვალდებული, შეამოწმოს, ხომ არ არსებობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დამაბრკოლებელი გარემოებები, კერძოდ: ა) გამოუცხადებელი მხარე მოწვეული არ იყო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით; ბ) სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენებს, რომელსაც (რომლებსაც) შეეძლო ხელი შეეშალა სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის; გ) გამოუცხადებელ მხარეს დროულად არ ეცნობა საქმის ფაქტობრივი გარემოებები; დ) არ არსებობს სარჩელის აღძვრის წინაპირობები.
14. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში, არსებობდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის შემადგენლობის ყველა ელემენტი. ასევე აღსანიშნავია, რომ საქმეზე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლით გათვალისწინებული, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დამაბრკოლებელი არცერთი გარემოება არ დადგენილა.
15. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია მოსარჩელეთა სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის ფაქტი. დასახელებული გარემოება, თავის მხრივ, მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის მიზეზი გახდა. ამასთან, პალატა ყურადღებას ამახვილებს კასატორის საკასაციო პრეტენზიებზე და განმარტავს, რომ საქმეში წარდგენილი მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზის შედეგად არ დასტურდება საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების წინაპირობები.
16. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ შესაძლებლობას სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლი განსაზღვრავს (დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს ამავე კოდექსის 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები ან, თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო, თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის), საპატიო გარემოებათა სამართლებრივ წრეს კი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილი ადგენს.
17. იმისათვის, რომ სასამართლომ პროცესზე მხარის გამოუცხადებლობა საპატიოდ მიიჩნიოს, უნდა არსებობდეს ორი წინაპირობა: 1. გამოუცხადებლობა გამოწვეული უნდა იყოს განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით და 2. აღნიშნული განსაკუთრებული ობიექტური გარემოება მხარისაგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს უნდა ხდიდეს მხარის პროცესზე გამოცხადებას ან/და გამოცხადების შეუძლებლობის შესახებ სასამართლოსთვის შეტყობინებას. სასამართლომ რომ მხარის მიერ მითითებული მიზეზი გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად მიიჩნიოს, უნდა შეექმნას მხარის გამოცხადების ობიექტური შეუძლებლობის მყარი შინაგანი რწმენა (იხ.: სუსგ №ას-780-780-2018, 22.10.2019წ; №ას-484-2023, 16.05.2023წ; №ას-1527-2023, 26.01.2024წ.).
18. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოება მხარეთა შეჯიბრებითობაზეა დამყარებული და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლი თითოეულ მხარეს უდგენს ვალდებულებას, სათანადო მტკიცებულებით დაასაბუთოს მოთხოვნა. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით კი განსაზღვრულია მხარის აბსოლუტური შესაძლებლობა, თავადვე განსაზღვროს სადავო გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები და წარუდგინოს ისინი სასამართლოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ფაქტობრივი გარემოებები, რომლებიც დამტკიცებას საჭიროებს, მხოლოდ მხარის განმარტებით ვერ დადგინდება. ამდენად, სათანადო მტკიცებულებით დადასტურებას საჭიროებს საპროცესო ვალდებულების შეუსრულებლობის მიზეზად დასახელებული ნებისმიერი გარემოება, რომელზეც მხარე მიუთითებს.
19. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საჩივარი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის განახლების შესახებ (საჩივარი დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე) თავისი შინაარსით განსხვავდება როგორც სააპელაციო, ისე საკასაციო და კერძო საჩივრისაგან. მთავარი განსხვავება მდგომარეობს იმაში, რომ საჩივარი დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე შეიძლება ემყარებოდეს მხოლოდ და მხოლოდ იმას, რომ სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო საპატიო მიზეზებით. ამრიგად, საჩივარი დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე არ შეიძლება ემყარებოდეს გარემოებებს, რომლებიც ასაბუთებენ მის უსწორობას არსებითად, მის შეუსაბამობას საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან, რადგან დაუსწრებელი გადაწყვეტილება მიიღება არა საქმის მასალების საფუძველზე, არამედ მხარის გამოუცხადებლობის გამო. ამიტომ გამართლებული და ახსნილი უნდა იქნეს ის, რასაც ეს გადაწყვეტილება ეფუძნება - გამოუცხადებლობა, კერძოდ გამოუცხადებლობის საპატიობა. (იხ. დამატებით: ზ. ძლიერიშვილი, დაუსწრებელი გადაწყვეტილება (თეორია და პრაქტიკა), თბილისი, 2022, გვ. 181).
20. განსახილველ შემთხვევაში, კასატორები აცხადებენ, რომ გახდენენ ადვოკატის არაკეთილსინდისიერ ქმედებების მსხვერპლნი, რადგან იგი თავს აჩვენებდა კვალიფიციურ ადვოკატად, თუმცა დადგინდა, რომ საერთოდ არ ყოფილა ადვოკატთა ასოციაციაში გაწევრიანებული. აგრეთვე, კასატორები უთითებენ, რომ სხდომის ჩატარების, მისი გადადების თუ წარმომადგენლის სხდომაზე გამოუცხადებლობის შესახებ არ იყვნენ ინფორმირებული და დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების შესახებ მხოლოდ სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში შეიტყვეს. კასატორთა მტკიცებით, მათ არანაირი გავლენა არ აქვთ წარმომადგენლის კეთილსინდისიერების ფაქტზე, ასევე იმაზე თუ როგორ წარუძღვება ის პროცესს, ამიტომ მისი პროცესზე გამოუცხადებლობა ნეგატიურ შედეგს მხარეებს არ უნდა წარმოუშობდეს, ვინაიდან ეს იწვევს მათთვის კონსტიტუციითა და ევროპული კონვენციით გარანტირებული სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევას.
21. მოხმობილ საკასაციო საჩივრის არგუმენტებს საკასაციო პალატა დაუსაბუთებლად მიიჩნევს და ადგენს, რომ არ არსებობს მათი გაზიარების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები. საკასაციო სასამართლო აქვე განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 93-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ აგრეთვე საქმე აწარმოონ სასამართლოში წარმომადგენლის მეშვეობით. საქმის წარმოება წარმომადგენლის მეშვეობით არ ართმევს უფლებას მხარეებს თვითონაც პირადად მიიღონ მონაწილეობა საქმეში. ამასთან, მხარისა და წარმომადგენლის ურთიერთობის გათვალისწინებით, როდესაც მხარე მისი უფლების დაცვის შესაძლებლობას წარმომადგენელს მიანიჭებს, მათ შორის არსებული დამოკიდებულების განსაკუთრებული ნდობის გათვალისწინებით, თუ წარმომადგენელი მინიჭებულ უფლებამოსილებას არაკეთილსინდისიერად არ ახორციელებს, წარმომადგენლის საპატიო მიზეზით გამოუცხადებლობა მხარისათვის არახელსაყრელი შედეგის წინაპირობა არ შეიძლება გახდეს, რადგანაც მას ამ ურთიერთობის მიმართ კანონიერი ნდობა აქვს და ორიენტირებულია ადვოკატის მიერ მისი უფლების კვალიფიციურად დაცვაზე (შდრ. იხ. სუსგ. საქმეზე №ას-750-2024, 23 ივლისი 2024 წელი).
22. შესაბამისად, საკასაციო საჩივრის დასაბუთებულობის შემოწმება უწინარესად საქმეზე მოსარჩელეთა წარმომადგენლის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის კვლევის შემდეგ უნდა განხორციელდეს. დადგენილია, რომ 2024 წლის 30 სექტემბერს, მოსარჩელეების ი.თ–ისა და მ.თ–ის წარმომადგენელმა - ც.ბ–მა საჩივარი წარადგინა სასამართლოში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნით, იმ გარემოებაზე მითითებით, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა იმდენად მძიმე იყო, რომ ვერ შეძლო სასამართლოსთვის ამის შეტყობინება. ამ გარემოების დასტურად სასამართლოს წარუდგინა სამედიცინო ცნობა, რომელიც გაცემული იყო იმავე დღეს - 2024 წლის 30 სექტემბერს და არ წარმოადგენდა უტყუარ მტკიცებულებას, რაც დადასტურდა სამედიცინო დაწესებულებიდან მოპასუხის წარმომადგენლის შუამდგომლობის საფუძველზე გამოთხოვილი მტკიცებულებებით (ს.ფ. 114-125). სახელდობრ, შპს „ქუთაისის N1 პირველადი ჯანდაცვის ცენტრიდან“ გამოთხოვილ იქნა მტკიცებულებები, რომელთა მიხედვით, ც.ბ–ი 2024 წლის 05 სექტემბერს ოჯახის ექიმთან იმყოფებოდა ონლაინ ვიზიტზე, ორდერის N66789, ხოლო 2024 წლის 30 სექტემბერს იმყოფებოდა კონსულტაციაზე ოჯახის ექიმთან, ორდერის N66788. ორდერების ნუმერაცია (ანუ თუ ორდერების ნუმერაციას დავეყრდნობით, 30 სექტემბრის ორდერის ამოწერის შემდეგ ამოიწერა 05 სექტემბრის ორდერი). პალატის გასნჯით, მოსარჩელეების წარმომადგენლის განმარტება სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზების შესახებ (რომ პირადად იყო ექიმთან მისული 05 სექტემბერს თერთმეტიდან 12 საათამდე პერიოდში) და საქმეში არსებული მტკიცებულებები მართლაც წინააღმდეგობრივია. ამასთან, საგულისხმოა, რომ ავადმყოფის რეგისტრაციის ჟურნალში მხოლოდ 2024 წლის 30 სექტემბრის ვიზიტი იყო დაფიქსირებული. რის გამოც, პალატა ეთანხმება გასაჩივრებული განჩინების მსჯელობას, რომ არადამაჯერებელია წარმომადგენლის ის მითითება, თითქოს ტკივილების გამო, ვერ შეძლო მოსამართლის თანაშემწესთან დაკავშირება და ჯანმრთელობის შესახებ მდგომარეობის შეტყობინება, რადგან მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არ იყო მძიმე.
23. გარდა ზემოაღნიშნულისა, საკასაციო პალატა, განსაკუთრებულ ყურადღებას მიაპყრობს მოსარჩელეთა წარმომადგენლის სხდომაზე არასაპატიოდ გამოცხადების მიჩნევისთვის სხვა რელევანტურ გარემოებებსაც, სახელდობრ, საქმის მასალებით დადასტურებულია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში, მოსამზადებელი სხდომის ჩატარების შესახებ უწყება გაეგზავნათ თავად მოსარჩელეებსაც, რომლებსაც იგი კანონით დადგენილი წესით ჩაჰბარდათ (იხ. ტომი 2, ს.ფ. 4, 6). რაც ადასტურებს იმ ფაქტს, რომ თავად მოსარჩელეებიც ინფორმირებული იყვნენ საქმეზე მოსამზადებელი სხდომის დანიშვნის შესახებ, თუმცა 2024 წლის 15 თებერვლის სხდომას, არც მოსარჩელეები და, არც მათი წარმომადგენლები არ დასწრებიან და საქმის მოსმენა გადაიდო 2024 წლის 11 მარტს (იხ. ტომი 2, ს.ფ. 15-16). საგულისხმოა, რომ სხდომის გადადების შესახებ ინფორმაცია ეცნობა ადვოკატ ლ.ჭ– (ტომი 2, ს.ფ. 20), რომლის მიმართაც ა(ა)იპ „იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე ც.ბ–ს წარმომადგენლობის უფლება ჰქონდა გადანდობილი სხვადასხვა ადვოკატებისთვის, მათ შორის ლ.ჭ–თვის (იხ. ტომი 1., ს.ფ. 23). საქმის მასალებით დასტურდება, რომ მოსარჩელეთა უფლებების დასაცავად ქუთაისის საქალაქო სასამართლოში 2024 წლის 11 მარტს გამართულ მოსამზადებელ სხდომას სწორედ ლ.ჭ–ძე ესწრებოდა (ტომი 2., ს.ფ. 21-27). ამასთან, მართალია კასატორები დუმან, და არც სააპელაციო პალატის განჩინება შეიცავს ამ მსჯელობას, თუმცა საქმის მასალებით დასტურდება, რომ მოსარჩელეთა მიერ რწმუნებულება გაცემულია არა ფიზიკურ პირ ც.ბ–ზე, არამედ ა(ა)იპ „იურისტთა ასოციაციაზე“, რომელზეც მოქმედებს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკა, მასზედ, რომ იურიდიული პირის სტატუსიდან გამომდინარე, მას ფიზიკური პირისგან განსხვავებული პასუხისმგებლობითა და სტანდარტით მოეთხოვება იმ რისკების მაქსიმალურ დონემდე შემცირება, რომლის გაუთვალისწინებლობამაც შესაძლოა, გარკვეული პრობლემების წინაშე დააყენოს კომპანია. იმ შემთხვევაში, თუ გამოვლენილი იყო ის გარემოებები, რომელსაც შეეძლო, ხელი შეეშალა წარმომადგენლის სასამართლო სხდომაზე გამოცხადებაში, სააგენტო ვალდებული იყო გონივრული წინდახედულობის ფარგლებში არახელსაყრელი შედეგის თავიდან ასაცილებლად, სათანადოდ უზრუნველეყო პროცესში საკუთარი მონაწილეობა. შესაბამისად, წარმომადგენლის სასამართლო პროცესზე გამოუცხადებლობა, იურიდიული პირისათვის სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად ვერ ჩაითვლება (შდრ. საქმე №ას-780-780-2018, 2019 წლის 22 ოქტომბრის განჩინება). ამდენად, ვინაიდან საქმის მასალებით დადასტურებულია, რომ ა(ა)იპ „იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე ც.ბ–ს წარმომადგენლობის უფლება ჰქონდა გადანდობილი სხვადასხვა 7 ადვოკატისთვის მათ შორის ლ.ჭ–თვის (იხ. ტომი 1., ს.ფ. 23), პალატა სრულებით არარელევანტურად მიიჩნევს საქმეზე წარმოდგენილ ც.ბ–ის ჯანმრთელობის ცნობებს და ასკვნის, რომ მას ჰქონდა შესაძლებლობა მისი გამოუცხადებლობის თაობზე ეცნობებინა სასამართლოსთვის და ამასთანავე საქმეზე გამოცხადება უზრუნველეყო რომელიმე სხვა ადვოკატის მეშვეობით, რაც არ განუხორციელებია.
24. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის. ამრიგად, კანონმდებელი ავალდებულებს მხარეს, წინასწარ აცნობოს სასამართლოს სხდომაზე მისი გამოცხადების შეუძლებლობისა და მიზეზის შესახებ, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ასეთი შეტყობინება სხდომამდე შეუძლებელია. იმ გარემოებათა დამტკიცების ტვირთი, რომლებზეც მიუთითებს მხარე თავის საჩივარში, როგორც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზზე, ეკისრება მომჩივანს, ხოლო ამ გარემოებათა შეფასება იმ თვალსაზრისით, თუ რამდენად საპატიოა მხარის გამოუცხადებლობა – სასამართლოს უფლებამოსილებაა (შდრ. სუსგ -ები: №ას-803-803-2018, 27 სექტემბერი, 2018 წელი; №ას-1445-1459-2011, 31 ოქტომბერი, 2011 წელი; №ას-1410-1330-2017, 30 იანვარი, 2018 წელი).
25. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მოსარჩელეებისა და მისი წარმომადგენლის სასამართლო პროცესზე გამოუცხადებლობას საპატიოდ ვერ შეაფასებს, რადგან საქმის მასალებიდან არ დგინდება, რომ წარმომადგენელმა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებული საფუძვლით, სასამართლოს წინაშე იშუამდგომლა საქმის განხილვის გადადების შესახებ, ასევე არც ის გარემოება დასტურდება, რომ მან გამოუცხადებლობის შესახებ დროულად მიაწოდა ინფორმაცია სააპელაციო პალატას. გარდა ამისა, ირკვევა, რომ წარმომადგენლისა და სასამართლოს მიერ გამოთხოვილი მტკიცებულებები შეუსაბამოა, რაც სულ მცირე იძლევა იმგვარი დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას, რომ წარმომადგენლის მდგომარეობა არ იყო კრიტიკული, კეთილსინდისიერი ქცევისა და სათანადო წინდახედულობის გამოჩენის შემთხვევაში, მას ექნებოდა შესაძლებლობა გამოუცხადებლობის თაობაზე ეცნობებინა სასამართლოსთვის ან უზრუნველეყო პროცესზე სხვა ადვოკატის გამოცხადება, რაც არ გაუკეთებია.
26. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის ყველა ელემენტი, კერძოდ: 1. მხარეები სასამართლო სხდომაზე მიწვეულ იქნა კანონის მოთხოვნათა დაცვით (აღნიშნული გარემოება მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ); 2. მოსარჩელეთა/მათი წარმომადგენლის გამოუცხადებლობა არ იქნა მიჩნეული საპატიოდ.
27. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საპროცესო კოდექსით დადგენილი მოწესრიგება, რომელიც იმპერატიულად ადგენს ფორმალურ წესებს, სავალდებულოა არა მხოლოდ მხარეებისათვის, არამედ სასამართლოსათვისაც და ამ რეგულაციების შეცვლა ან განსხვავებული ინტერპრეტაცია მხარეთა ნებაზე ან სასამართლოს მიხედულებაზე ვერ იქნება დამოკიდებული.
28. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა სწორედ იმ მიზნით აწესებს ამა თუ იმ საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობის მიზეზის შეფასების ზემოთ მოყვანილ წესს, რომ მხარეებმა საპროცესო ვალდებულებების შესრულებისადმი განსაკუთრებული ყურადღება გამოიჩინონ და მხოლოდ ობიექტურად გამოუვალი მდგომარეობა იქნეს მიჩნეული დასახელებული მოვალეობების შეუსრულებლობის საპატიო მიზეზად (იხ. საქმე №ას-455-2024, 14 ივნისი, 2024).
29. კასატორებმა ვერ დაასაბუთეს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს ეწინააღმდეგება.
30. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
31. ამავდროულად, გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან (იხ.: სუსგ №ას-750-2024, 23 ივლისი 2024 წელი, №ას-219-2025 28.03.2025, №ას-604-2020, 21.09.2021წ.; №ას-1078-998-2017, 25.11.2017წ.).
32. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, კასატორს დაუბრუნდება 1995 ლარის 70% – 1396,5 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ი.თ–ისა და მ.თ–ი საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. ი.თ–სა და მ.თ–ს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეთ რ.ბ–ის მიერ 17.11.2025წ №8581 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან - 1995 ლარის 70% – 1396,5 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ამირან ძაბუნიძე
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი
გოჩა ჯეირანაშვილი